თბილისში მიმდინარე ანტირუსული საპროტესტო აქციების გამო, თბილისის პოლიციის დეპარტამენტი, პოლიციელებისთვის დამატებით 2 ათასი ცალი ჟილეტის შესყიდვას ტენდერის გარეშე გეგმავს. შესყიდვის ღირებულება 140 ათასი ლარია. დეპარტამენტმა გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად შესყიდვების სააგენტოს 21 მაისს მიმართა.
„თბილისში მიმდინარეობს საპროტესტო აქციები და დაანონსებულია აქციების გაგრძელება. აქციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ხორციელდება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა, რა დროსაც მნიშვნელოვანია თანამშრომლებს ეცვათ ერთნაირი მაიდენტიფიცირებელი ჟილეტი შესაბამისი წარწერით და ამრეკლით, რისთვისაც საჭიროა შესყიდული იქნას შესაბამისი დიზაინის ჟილეტი“, – აღნიშნულია შსს-ს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორისადმი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მიერ 2024 წლის 21 მაისს გაგზავნილ წერილში.
ამავე წერილში აღნიშნულია, რომ „შესყიდვის ელექტრონული ტენდერით განხორციელებას სჭირდება კანონით დადგენილი ვადები, ასევე შესყიდვის სირთულიდან გამომდინარე ტენდერის პროცედურები საშუალოდ გრძელდება 40 სამუშაო დღემდე, შესყიდვის ობიექტის მოწოდებას ასევე ესაჭიროება დამატებითი ვადა, მიმდინარეობს საპროტესტო აქციებიდან გამომდინარე კი საჭიროა ჟილეტების გაცემა განხორციელდეს უმოკლეს ვადებში“.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ „ვინაიდან აღნიშნული საქონლის შესყიდვა არ იყო დაგეგმილი მიმდინარე წელს, შესაბამისი მარაგი შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტს არ გააჩნია, აღნიშნული იწვევს შესყიდვის გადაუდებელ აუცილებლობას.“
პოლიციის დეპარტამენტის განაცხადის მიხედვით, „შეუძლებელი იყო შემსყიდველ ორგანიზაციას წინასწარ განესაზღვრა, რომ დაიწყებოდა საპროტესტო აქციების გამართვა“. თუმცა, საპროტესტო აქციები თბილისში ერთ თვეზე მეტია, რაც მიმდინარეობს.
ამავე განაცხადის მიხედვით, „ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გადაუდებელი აუცილებლობით დამდგარი შესყიდვა განხორციელდება მხოლოდ ღონისძიებებში მონაწილე თანამშრომელთა საჭირო მოცულობის შესაბამისად“ და ჟილეტების შესყიდვისთვის საჭიროა 15 სამუშაო დღე.
პოლიციის განაცხადის განხილვის ვადად შესყიდვების სააგენტოში 2024 წლის 24 მაისია ჩანიშნული.
თბილისში ანტირუსული აქციების პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მობილიზებული პოლიციელებისა და სპეცრაზმელების ლანჩისთვის ბიუჯეტიდან დღემდე დაახლოებით 665 244 ლარი დამატებით დაიხარჯა. აქედან ნახევარ მილიონზე მეტი, 515 244 ლარი ტენდერის გარეშე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2019 წლიდან დღემდე პერიოდში გამარტივებული წესით გაფორმებული არცერთი ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე არ იძებნება, შესაბამისად, უცნობია თუ ვისთან აფორმებს შსს შესაბამის ხელშეკრულებებს.
ვრცლად: სპეცრაზმის ლანჩისთვის შსს-მ დამატებით 665 000 დახარჯა – ისინი აქციებს ხშირად არბევენ
მთავარი ფოტო: დავით მძინარიშვილი
საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კანონს ვეტო დაადო. თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.
რუსულ კანონს უარყოფითად აფასებს ვენეციის კომისია და „ოცნებას“ მისი გაწვევისკენ მოუწოდებს
არაერთი კვირაა თბილისში, ბათუმში და სხვა ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, სადაც რიგ შემთხვევებში ათი ათასობით მოქალაქე იღებს მონაწილეობას.
დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს შეუქმნის, რადგან მსგავსი კანონმდებლობის ადგილი ევროპულ სახელმწიფოში არ არის.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.
„ქართულმა ოცნებამ“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ რუსულ კანონში ისეთი ცვლილება უკვე შეიტანა, რომელიც კანონს მონიტორინგის ნაწილში ფიზიკურ პირებსაც შეახებს. ამის შესახებ ჩანაწერი მესამე მოსმენით დამტკიცებულ ვერსიაში გაჩნდა.