მთავარი,სიახლეები

რატომ ვერ იღებს ინტერნეტმედია სასამართლო სხდომას? – დავა საკონსტიტუციოში

29.02.2024 •
რატომ ვერ იღებს ინტერნეტმედია სასამართლო სხდომას? – დავა საკონსტიტუციოში

შეიძლება თუ არა საერთო სასამართლოებში პროცესს ინტერნეტმედია იღებდეს? – ამ საკითხზე მომზადებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 29 თებერვალს განიხილა. „საინფორმაციო ცენტრების ქსელის“ სარჩელში დავის საგანი ის სამართლებრივი ნორმაა, რომელიც ინტერნეტმედიას უზღუდავს საერთო სასამართლოებში სხდომის ვიდეო გადაღებას, ან სასამართლო პროცესის Live-ში ჩართვას.

სასამართლო პროცესზე ვიდეოგადაღების უფლება კანონით საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს, რომელიც ვალდებულია ჩანაწერი გადასცეს მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს მოთხოვნისთანავე. თუ ამ უფლებით საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სარგებლობს, ამ შემთხვევაში პროცესს სხვა საეთერო მაუწყებელი იღებს, ხოლო თუ ასეთი რამდენიმეა, მოსამართლე წილისყრით გამოავლენს მედიასაშუალებას, რომელიც სასამართლო პროცესს გადაიღებს. წილისყრაში ონლაინმედია არ მონაწილეობს.

„სრულყოფილი მასალის შესაქმნელად გვჭირდება სასამართლო პროცესის ამსახველი მთელი ვიდეომასალა, რაზედაც ხელი არ მიგვიწვდება. მე არანაირი ბერკეტი არ მაქვს, ვინმეს მოვთხოვო, ჩავერიო მათ სარედაქციო საქმიანობაში, რომ ბოლომდე დარჩეს პროცესზე და მთელი სხდომა გადაიღოს… როცა პროცესზე საერთოდ არაა მისული რომელიმე მედია, მაშინაც კი არ მრთავენ ნებას, პროცესი გადავიღო,“ – მიმართა მოსამართლეებს ჟურნალისტმა და მედიამენეჯერმა, გელა მთივლიშვილმა.

მის სარჩელს თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლის წერილი ახლავს, როცა ონლაინმედიის ჟურნალისტს სასამართლო სხდომის გაშუქებაზე უარი უთხრეს.

„…ასეთი უფლებამოსილებით სარგებლობა შეუძლია საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ სხვა პირს, სასამართლო სხდომის დაწყების წინ საქმის განმხილველი მოსამართლისათვის წერილობითი განცხადების წარდგენის საფუძველზე. ვინაიდან თქვენ არ წარმოადგენთ არც საზოგადოებრივ მაუწყებელს და არც საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე სხვა მფლობელს, ვერ განახორციელებთ სასამართლო პროცესის ფოტოგადაღებასა და ვიდეოჩაწერას,“ – მიუწერია მოსამართლეს გელა მთივლიშვილისთვის.

გელა მთივლიშვილმა მოსამართლეებს ამ კუთხით არსებული პრაქტიკა გააცნო და განუმარტა, რომ საერთო საეთერო მაუწყებლის სტატუსის მქონე მედიასაშუალებები ყველა სასამართლო პროცესს სრულად არ აშუქებენ, მას კი შესაძლოა, კონკრეტულ საქმეზე სასამართლო სხდომის სრული ჩანაწერი დასჭირდეს. ჟურნალისტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს უთხრა ისიც, რომ გამონაკლისი ბათუმის საქალაქო სასამართლოა, სადაც რამდენიმე შემთხვევაში ცალკეულმა მოსამართლემ, კეთილი ნების საფუძველზე, ონლაინგამოცემას ვიდეოს გადაღების უფლება მისცა.

„იმ შემთხვევაშიც, როცა არცერთი კამერა არ დგას სასამართლოს დარბაზში, რატომ უნდა შევიზღუდო: მხოლოდ იმიტომ, რომ ონლაინმედიას წარმოვადგენ?“ – ჰკითხა მოსამართლეებს ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა.

როგორ აისახება საკანონმდებლო რეგულირებით დაცული საკითხები, მაგალითად, ბავშვთა უფლებები, დაზარალებულის უფლებები ამ დროს, როცა სასამართლო პროცესის შესახებ ვიდეოს ინტერნეტ მედია ავრცელებს და მას საეთერო მაუწყებლის სტატუსი არ აქვს? – ეს ძირითადი საკითხია, რაზეც დისკუსია შედგა.

მოსამართლეებს მოსარჩელის ინტერესების დამცველმა და საიას იურისტმა, გიორგი გოცირიძემ უთხრა, რომ არსებობს „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“, რომლის ხელმომწერი ჟურნალისტები მედიაგაშუქების სტანდარტს იზიარებენ. გელა მთივლიშვილმა კი აღნიშნა, რომ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ საბჭოს წევრია, სადაც მიმართვიანობა მაღალია და ეს ბევრად ეფექტური ორგანოა, ვიდრე კომუნიკაციების კომისიის მიერ დაწესებული თვითრეგულირების მექანიზმი.

„ვინც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრი არ არის, იმათზე როგორი იქნება ეს რეაგირება?“ – დაინტერესდა მოსამართლე მანანა კობახიძე.

„ქარტიამ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გაიზიარა ევროპული ქვეყნების პრაქტიკა და განვიხილავთ განცხადებას იმის მიუხედავად, ჟურნალისტი ქარტიის წევრი არის, თუ არა.

„თქვენ, ბატონო გელა, მეტ ინტრიგაზე, მეტ სკანდალზე ხართ ორიენტირებული, თუ ზოგადად, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ამბებიც გაქვთ?“ – იკითხა მერაბ ტურავამ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ და პაუზის შემდეგ დაამატა – „ორივე ნებადართულია და ლეგიტიმური,“ – დასძინა მერაბ ტურავამ.

გელა მთივლიშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მხოლოდ თანასწორ დამოკიდებულებას ითხოვს – ინტერნეტმედიასაც მიეცეს სასამართლო სხდომების ვიდეოგაშუქების შესაძლებლობა.

საკონსტიტუციო სასამართლო გელა მთივლიშვილის სარჩელს განიხილავს

„მას სურს მიიღოს უფლებები ვალდებულებების გარეშე, რაც მაუწყებლებს გააჩნიათ“, – უთხრა მოსამართლეებს ქრისტინე კუპრავამ, ის საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის ინტერესებს იცავს და „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას“ საერთოდ აუარა გვერდი. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ყველა სახელმწიფო თავად იღებს პასუხისმგებლობას, რა სახით იქნება წვდომა სასამართლო სხდომებზე და ეს საკითხი სახელმწიფოს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო რეგულირების მიღმა ვერ დარჩება.

ქრისტინე კუპრავას თქმით, ვინაიდან კანონმდებლობა „ინტერნეტმედიას“ არ განმარტავს და ონლაინ მედიასაშუალებები არ ექვემდებარებიან ლიცენზიას, ან ავტორიზებას: „მათზე ვერ იქნება დადგენილი წესები და ვალდებულებები, ვერ იქნებიან კომუნიკაციების კომისიის რეგულირების ქვეშ, მათ წესდებაში ეს შეიძლება იყოს ასახული, შეიძლება – არ იყოს“.

„წარმოვიდგინოთ, მოსამართლესთან მიდის ფიზიკური პირი და ეუბნება, რომ აქვს ინტერნეტმედია, ეს პრაქტიკული პრობლემა შეიძლება იყოს მოსამართლისთვის…“ – პარლამენტის წარმომადგენლის აზრით, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსამართლე ვერ გადაამოწმებს, არის თუ არა პასუხისმგებლიანი ონლაინმედია, როცა მას პროცესის გადაღების უფლებას აძლევს.

„მაგრამ თუ მოთხოვნა სწორია, როგორ უნდა გადამოწმდეს და ასე შემდეგ, ეს უფრო ტექნიკური დეტალი ხომ არ არის, რომ სახელმწიფომ ვალდებულება აიღოს, შექმნას რეესტრი და აღრიცხოს? თუ საკონსტიტუციო იტყვის, რომ ისინი არიან თანასწორები თანასწორთა შორის, სახელმწიფო იქნება ვალდებული, ეს ტექნიკური საკითხი გადაწყვიტოს,“ – მიმართა პარლამენტის ინტერესების დამცველს, მოსამართლე მერაბ ტურავამ.

„ინტერესი რომ აქვთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მივიჩნიოთ თანაბარ სუბიექტად,“ – ქრისტინე კუპრავამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ლიცენზირება და კანონით სავალდებულო სხვა რეგულაციებია საჭირო ამ უფლების მოსაპოვებლად.

„სადავო ნორმა ზღუდავს ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების მანერას – სასამართლო პროცესის ფოტო-ვიდეოგადაღებას, სასამართლოდან პირდაპირ ჩართვას, თუკი პროცესს არ ესწრება საზოგადოებრივი მაუწყებელი ან საერთო საეთერო მაუწყებელი, კანონმდებლობა უშვებს ინტერნეტმედიის მიერ საჯარო სასამართლო სხდომიდან ინფორმაციის ზეპირად ან წერილობით მოპოვებისა და გავრცელების შესაძლებლობას.

სადავო ნორმა ინტერნეტმედიას უკრძალავს სხდომის მიმდინარეობის ვიდეოს ჩაწერას, ფოტოს გადაღებას, როცა სხდომას არ ესწრება საზოგადოებრივი მაუწყებელი ან სხვა საერთო საეთერო მაუწყებელი. რაც შეეხება პირდაპირ ჩართვას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ინფორმაცია მომენტალურად მიდის ადრესატამდე – მედიის აუდიტორიამდე. შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილი აკრძალვა – ინტერნეტმედიამ სასამართლოდან პირდაპირი ჩართვა განახორციელოს, უნდა ჩაითვალოს ინფორმაციის გავრცელების უფლების შეზღუდვად, ხოლო ვიდეოჩაწერის და ფოტოგადაღების აკრძალვა – ინფორმაციის მოპოვების უფლების შეზღუდვად,“ – აღნიშნულია სარჩელში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: