მთავარი,სიახლეები

1 მილიარდის დაკვეთა „ანაგს“ მთავრობისგან – მფლობელი რუსულ კანონს მხარს უჭერს

22.05.2024 •
1 მილიარდის დაკვეთა „ანაგს“ მთავრობისგან – მფლობელი რუსულ კანონს მხარს უჭერს

„გარემომ, სადაც მნიშვნელოვანი პროცესები გამჭვირვალე არ არის, შესაძლოა ძალიან დიდი უარყოფითი გავლენა იქონიოს ქვეყნის სტაბილურობაზე და საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროპულ მომავალს, დასავლურ მომავალს, სადაც სტაბილურობა და გამჭვირვალობა ერთ-ერთი მთავარი ფასეულობებია“, – ასე ასრულებს შპს „ანაგის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ზაზა გოგოტიშვილი განცხადებას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ეს განცხადება ევროპაზე, გამჭვირვალობასა და სტაბილურობაზე ბიზნესმენმა 29 აპრილს, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

სწორედ გამჭვირვალობის კანონს უწოდებს „ოცნება“ რუსულ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე მიიღო. ამ კანონით ხელისუფლებას სურს უცხო ქვეყნის ინტერესის გამტარის იარლიყი მიაკრას დამოუკიდებელ მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

რუსულ კანონთან დაკავშირებით პოზიციების დაფიქსირება ბიზნესმენებმა 28 აპრილს საღამოს საათებში დაიწყეს, როცა რუსული კანონის მოწინააღმდეგეები რუსთაველზე ხალხმრავალ აქციას მართავდნენ. ერთ-ერთი პირველი „ვისოლის“ დამფუძნებელი სოსო ფხაკაძე იყო.

მოგვიანებით მსგავსი შინაარსის სტატუსები სხვა ბიზნესმენებმაც დაწერეს. რუსული კანონის მხარდაჭერის პარალელურად ბიზნესმენები წერენ, რომ „ევროპა უნდათ“.

„ჩემთვის, როგორც ქართველი ბიზნესმენისთვის, რომელიც 35 წელია სტაბილურად ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე, ევროპა და ევროპული ღირებულებები ყოველთვის იყო და იქნება უალტერნატივო არჩევანი. შესაბამისად, კარგად მესმის მშვიდობის და სტაბილურობის ფასი, რაც დროთა განმავლობაში მოიპოვა საქართველომ.
მიმაჩნია, რომ ევროპული, თანამედროვე, დემოკრატიულ და სამართლის პრინციპებზე დამყარებული სახელმწიფო მაშინ შეძლებს განვითარებას, თუ მეტი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი ხალხისთვის. იმ შემთხვევაში თუ უფრო ინფორმირებული გახდება საზოგადოება, თითოეულ მხარეს ექნება შესაძლებლობა ჩაერთოს ამა თუ იმ პროცესში და გაზიარებული ინფორმაციის საფუძველზე შეძლოს გადაწყვეტილებების გააზრებულად მიღება. გარემომ, სადაც მნიშვნელოვანი პროცესები გამჭვირვალე არ არის, შესაძლოა ძალიან დიდი უარყოფითი გავლენა იქონიოს ქვეყნის სტაბილურობაზე და საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროპულ მომავალს, დასავლურ მომავალს, სადაც სტაბილურობა და გამჭვირვალობა ერთ-ერთი მთავარი ფასეულობებია“, – წერს ზაზა გოგოტიშვილი.

სქრინი ფეისბუქიდან

ბიზნესმენისთვის გვინდოდა გვეკითხა, ნიშნავს თუ არა მისი ეს სტატუსი იმას, რომ რუსული კანონის მომხრეა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს და არც ტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა. მას ასევე მივწერეთ, რომ დუმილს თანხმობად განვიხილავთ. თუმცა, არც ამ შეტყობენებაზე მიგვღია პასუხი.
ზაზა გოგოტიშვილი რამდენიმე ათეული წელია სამშენებლო ბიზნესშია. „ისიც ყოფილი ნაცია“. წინა ხელისუფლების დროს მან ძალები პოლიტიკაში მოსინჯა, იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.
ზაზა გოგოტიშვილის კომპანია „ანაგი“ სახელმწიფოსგან კონტრაქტებს აქტიურად იღებს. ამ კომპანიამ ააშენა ბათუმის ცენტრალური სტადიონი, მონაწილეობს ავარიული სახლების პროგრამაში. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს 78 მილიონიან ტენდერში შპს „ანაგმა“ გაიმარჯვა.
კომპანიას რამდენიმე ათეულ მილიონიანი მოქმედი კონტრაქტი აქვს. 2012 წლიდან დღემდე კი ჯამში 1 მილიარდზე მეტი ლარის ღირებულების დაკვეთა აქვს მიღებული სახელმწიფო სტრუქტურებისგან ტენდერის საშუალებით. „ანაგთან“ სახელმწიფო სტრუქტურებს ჯამში 112 მილიონზე მეტი ლარის კონტრაქტები აქვთ გაფორმებული ტენდერის გარეშე – პირდაპირი შესყიდვის გზით.

ანაგი იყო კანადური კომპანიის ქვეკონტრაქტორი, რომელსაც ბათუმში ყინულის სასახლე უნდა აეშენებინა. შეთანხმების თანახმად „ანაგმა“ ააშენა დარბაზი, სადაც საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდა. მშენებლობა კვლავ „ანაგს“ უნდა გაეგრძელებინა, თუმცა კანადურმა კომპანიამ ვალდებულება ვერ შეასრულა, შემდეგ კი მას ხელშეკრულება შეუწყვიტეს. ამ შემთხვევაში „ანაგის“ პასუხისმგებლობაზე საუბარი არ ყოფილა.

ყინულის სასახლის მშენებლობის დასრულებაზე აჭარის ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად „ანაგია“ გამოცხადებული. შესყიდვების პორტალზე გამოვეყნებული ინფორმაციის მიხედვით მზადდება ხელშეკრულება. სახელშეკრულებო თანხა 53 მილიონ 943 489 ლარი იქნება.

„ანაგი“ , როგორც მშენებელი კომპანია მონაწილეობს კიდევ ერთ გახმაურებულ პროექტში, რომელსაც ბათუმში მოსახლეობა ეწინააღმდეგებოდა და არაერთი საპროტესტო აქციაც გაიმართა. დაწყებულია სამართლებრივი დავაც. ანაგი შპს „ამბასადორმა“ ბათუმის ბულვაში სასტუმროს მშენებლობისთვის დაიქირავა.

ამბასადორი ბათუმის საინფორმაციო დაფა

აქცია ბულვარში

შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები ბოიკოტს უცხადებენ იმ ბიზნესმენებსა და მათ დაფუძნებულ ყველა იმ კომპანიას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუსულ კანონს. ამ ჩამონათვალშია „ანაგიც“.

რა ხდება?

საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უკვე დაადო ვეტო. გუშინ, 21 მარტს კი, ვენეციის კომისიამ სასწრაფო წესით გამოაქვეყნა მკვეთრად უარყოფითი დასკვნა, სადაც „ოცნებას“ მისი გაწვევისკენ მოუწოდებს, რადგან მის ფუნდამენტურ ხარვეზებს ექნება ნეგატიური შედეგები გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებზე, საჯარო ასპარეზზე საქმიანობის უფლებაზე და ასევე დისკრიმინაციის აკრძალვაზე. საბოლოო ჯამში, ეს კანონი გავლენას მოახდენს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.

თუმცა „ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიას პროფესიულ მსჯელობას უწუნებს და მიკერძოებაში ადანაშაულებს.

რამდენიმე კვირაა, მოქალაქეები რუსულ კანონს უწყვეტად, ფართომასშტაბიანი აქციებით აპროტესტებენ.

პოლიციამ აქცია არაერთხელ დაშალა და ათობით ადამიანი დააკავეს კიდეც. გარდა ამისა, უცნობი პირები თავს დაესხნენ მომიტინგეებს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.

დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ ეს კანონი ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.

მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: