მთავარი,სიახლეები

დააფიქსირონ პოზიცია ოკუპაციაზე – 25 წლის მაგისტრანტი რუსეთის მოქალაქეებზე | ვიდეო

21.05.2024 •
დააფიქსირონ პოზიცია ოკუპაციაზე – 25 წლის მაგისტრანტი რუსეთის მოქალაქეებზე | ვიდეო

„რუსებს უნდა გაეგოთ, რომ მე ვარ იმ სახელმწიფოს მხარეს, რომელსაც მათი ქვეყანა თავს დაესხა“, – გვიყვება 25 წლის მაგისტრანტი ნათია ასლანოვა. ნათია სამსახურში ყოველდღე უკრაინის დროშის გულსაბნევით მიდიოდა, სადაც ხშირად ხვდებოდა ბათუმში ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეებს. ნათია იმათ შორის არის, ვინც მათ რუსულად არ ელაპარაკება. ურთიერთობისთვის კი საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაციაზე პოზიციის დაფიქსირებას ითხოვს:

„უნდა თქვან, ეთანხმებიან თუ არა პუტინის პოლიტიკას, აღიარებენ თუ არა საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაციას. ასევე, მნიშვნელოვანია, რას იტყვიან 2008 წლის ომზე“.

ნათია ასლანოვა ოკუპანტ ქვეყანასთან დაკავშირებულ განწყობებზე გვიყვება:

„პირდაპირ იწყებენ რუსული ენით საუბარს და უკვირთ, როცა რუსულად არ პასუხობ. ერთ-ერთ რესტორანში ვმუშაობდი, სადაც ყოველდღე მეკეთა უკრაინის დროშა. მითხრეს, რომ რესტორანი ნეიტრალურია და ეს ჩემგან იყო „პოლიტიკური“, აქ ჩვენ რუსი სტუმრებიც გვყავსო.

კი ბატონო, მე და ჩემი თაობა არ ვაღვივებთ ნაციონალურ შუღლს რუსი ერის მიმართ, ეს ასეა. როცა მე ვემსახურებოდი რუს მომხმარებელს, ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემი პოზიცია, რომ მე ვარ იმ სახელმწიფოს მხარეს, რომელსაც მათი ქვეყანა თავს დაესხა. ჩემს მეგობარს ჰქონდა შემთხვევა, როცა მაღაზიაში პროდუქტის სახელწოდებები ეწერა რუსულად და ეს იმის გამო, რომ რუსებმა არ იციან ქართული, ეს მათ უქმნით კომფორტს.“

ნათია ხელვაჩაურიდანაა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი დაასრულა, იურისტის კვალიფიკაცია მიიღო და ახლა მაგისტრატურას გადის.

ანტირუსულ განწყობებზე საუბრისას ნათია ხშირად ჩერდება და ხაზგასმით გვახსენებს, რომ მას არ სძულს რუსი ერი, არავინ უნდა გაიგოს მისი განწყობები და ქმედებები, როგორც სიძულვილი. მისი მკაფიო პოზიციაა, რომ  საქართველოში მიგრირებულმა რუსებმა უნდა დააფიქსირონ, რომ არ ეთანხმებიან პუტინის პოლიტიკას და აღიარონ, რომ საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია მათი ქვეყნის, რუსეთის მიერ:

„ჩვენ არ გვაქვს მათ მიმართ მტრული შუღლის მომენტი, მაგრამ მნიშვნელოვანია მათი პოზიცია, თუ რას ფიქრობენ ოკუპაციაზე. რა აზრის არიან 2008 წლის ომზე. მათი პოზიციის შესაბამისი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულებაც მათდამი. თუ ისინი ღიად ამბობენ, რომ აფხაზეთში ომი იყო ჩვენი ამბავი და 2008 წელს ჩვენგან პროვოკაცია, ეს უკვე პოზიციაა. ამ რუსთან რა დამოკიდებულება მექნება შემდეგ, ეს უნდა იყოს გაკონტროლებული. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება არც იმას აკონტროლებს, რა კატეგორიის ხალხი შემოდის რუსეთიდან. ასევე არ კონტროლდება რა საქმიანობას ახორციელებენ ისინი აქ.“

მიუხედავად იმისა, რომ ენა კარგად ესმის, ნათია რესტორანში მისულ რუს სტუმრებს, სთხოვდა შეკვეთა ქართულად ან ინგლისურად მიეცათ, თუ არ შეეძლოთ ტელეფონის გამოყენებით ეთარგმნათ და ასე მიეწოდებინათ ინფორმაცია მისთვის. იმ სტუმრებს კ,ი რომლებმაც მენიუ რუსულად მოითხოვეს და გააპროტესტეს კიდეც, რატომ არ იყო ინფორმაცია მათ ენაზე ხელმისაწვდომი: „ვუხსნიდი, რომ აქ ენის პრობლემა კი არ გვაქვს, რომ მათი დამოკიდებულებაა ჩვენთვის პრობლემა“

ნათია გვიყვება, რომ არ გამორჩენია, როგორი იყო მთავრობის რიტორიკა უკრაინაში ომის დაწყების დღიდან:

„ჩვენ ვხედავდით, რომ საქართველოს მთავრობის რიტორიკა გახდა ანტიუკრაინული. ხშირად მსჯელობდნენ იმაზე, რომ ომი არის უკრაინაში და საქართველო ცალკე მდგომი ქვეყანაა, რომელსაც რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს მეგობრული დამოკიდებულება უკრაინის მიმართ, მაგრამ მაინც გამოაკლდა იმ დასავლურ მობილიზაციას, რაც მაშინ იყო.“

რუსული კანონის პარლამენტში დაბრუნების შემდეგ ნათია პროტესტს ჯერ თბილისში შეუერთდა, შემდეგ კი ბათუმში. მას ბათუმში, ევროპის მოედანზე შევხდით, სადაც წინა საღამოს, რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა და სიტყვითაც გამოვიდა.

„დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებობს სამოქალაქო აქტივიზმი, რომელსაც სჭირდება სივრცეები, სადაც ღიად და ხმამაღლა გააკრიტიკებენ ხელისუფლების უარყოფით ქმედებებს. ჩემთვის ასეთი ადგილი გახდა ევროპის მოედანი, სადაც ყოველდღე მოვდივარ. აქედან შევეცდებით მივაწვდინოთ ხელისუფლებას ხმა, რომელიც, სამწუხაროდ, არ გვისმენს და არც გვხედავს“, – გვიყვება ნათია ასლანოვა.

ნათია აქციაზე

ნათია გვიხსნის, რომ აქ მოსვლას ყოველ საღამოს 19:00 საათიდან მოქალაქეობრივი თვითშეგნება კარნახობს: „ახლა მთავარი ადგილი ბათუმში ევროპის მოედანია, ეს ქუჩა და ეს ადგილი არის ჩემი და ჩემი თანამოაზრეების თანაგანცდის, წუხილების, კრიტიკის და  ამ ყველაფრის აკუმულირების საშუალება და წყარო“.

ნათია ბათუმის ევროპის მოედანს თბილისში პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენების გაგრძელების ადგილად განიხილავს.

ნათია აქციაზე

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ წარმომადგენლობით დემოკრატიაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ 3 მილიონ 700 ათასი მოქალაქის მიერ, 150 დეპუტატზე გადაცემული, დელეგირებულია უფლებამოსილება. როდესაც ისინი პარლამენტიდან წყვეტენ საქართველოს მოქალაქეების ბედს, როდესაც ეს ბედი გზაგასაყარზე გადის და ახლა ეს პერიოდია ზუსტად, მნიშვნელოვანია, რომ ამდენი ადამიანი იღებს ხმას შენს წინააღმდეგ – ეს იყოს, მოსმენილი.

მახსენდება გათენებული ღამის შემდეგ, როგორ ჩუმად შეიპარნენ ისინი პარლამენტში, შემდეგ ჩუმად გაიძურწნენ, ეს არის პრობლემა. მათ ძალიან კარგად იციან პროტესტის მართვის გაიდლაინები, დარწმუნებული ვარ…

დემოკრატიულ სახელმწიფოში მნიშვნელოვანია, რომ ერთი ადამიანის, ათი ადამიანის ჯგუფიც კი, რომელიც გამოდის ღიად ქუჩაში და აკრიტიკებს შენს ქმედებას, შენი ვალია, როგორც პარლამენტარის, როგორც ამ ქვეყნის წარმომადგენლის, მათ მოუსმინო, მათ პრობლემა გადაჭრა და არა ის, რაც მოხდა – სრული იგნორი. ეს არის გადახვევა, დემოკრატიის, საერთოდ პროტესტის მიმართ აგდებული დამოკიდებულება. ეს იმის მიმანიშნებელია, თუ როგორ ავტორიტარიზმისკენ იხრება ჩვენი ხელისუფლება.“

ნათია მიიჩნევს, რომ რუსული კანონის მიღებით „ქართული ოცნება“ კონსტიტუციას გასცდა, კონკრეტულად კი 78-ე მუხლს.

„ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ეს კანონი რუსულია იმიტომ, რომ ერთი ერთში ემთხვევა იმ რიტორიკას, რასაც 2012 წელს პუტინი იყენებდა რუსეთში. პუტინიც თავის დროზე ამ კანონის შემოტანისას საუბრობდა უცხო ძალის შესახებ, სხვადასხვა სენსიტიური თემების მანიპულირებით, ეკლესიით და ასე შემდეგ. გარდა იმისა, რომ ეს კანონი აფერხებს ევროინტეგრაციას და ეს არის ფაქტობრივად საბოტაჟი.

ახლა, როცა ჩვენ გვაქვს კანდიდატის სტატუსი, შეკრებისა და მანიფესტაციის შეზღუდვა, პერსონალური მონაცემების დარღვევა და სხვა თანმდევი პროცესები, ძალიან მტკივნეული იქნება – თუ ეს დავუშვით. ვიცით, რომ რუსული კანონიც დროთა განმავლობაში დამძიმდა.

ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრჯერ დადო პირობა, მაგრამ შემდეგ ისევ უკან წაიღო სიტყვა. შესაბამისად, ისინი გაამკაცრებენ ამ კანონს. როდესაც სამჯერ იგებ არჩევნებს და რჩები ხელისუფლებაში, უკვე გიწევს ჭანჭიკების მოჭერა და მსგავსი კანონების შემოღება შენი ხალხის წინააღმდეგ. „ოცნება“ არ ხედავს იმ დემოკრატიულ ბერკეტებს, რასაც ვიყენებთ ჩვენ, ეს არის გაფიცვები, ეს არის დაუმორჩილებლობა – ამ ფონზე უწევთ მათ გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ემსახურება მხოლოდ ვიწრო პარტიულ ინტერესებს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: