ბათუმი,განათლება,მთავარი,სიახლეები

აპირებს თუ არა ბსუ გაფიცული სტუდენტების მოთხოვნების შესრულებას

20.05.2024
აპირებს თუ არა ბსუ გაფიცული სტუდენტების მოთხოვნების შესრულებას

მას შემდეგ რაც ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ხელი მოაწერა 38 უნივერსიტეტის ერთობლივ განცხადებას, სადაც ნათქვამი იყო, რომ პოლიტიკური პროცესები არ უნდა აისახოს უნივერსიტეტების ფუნქციონირებაზე, ბათუმში სტუდენტური მოძრაობის წევრებმა ბსუ-ს რექტორს, მერაბ ხალვაშს ხელმოწერის უკან გამოთხოვა და ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს.

სტუდენტები ასევე მოითხოვდნენ, შეკრებილიყო აკადემიური საბჭო და ემსჯელათ რექტორის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებაზე და მათთვის მიეცათ უფლება, დასწრებოდნენ აკადემიური საბჭოს სხდომას.

„ასევე, მოვითხოვთ გარანტიას, რომ გაფიცულ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, აღადგინონ გაცდენილი ლექციები, სემინარები და გამოცდები“- აცხადებდნენ სტუდენტური მოძრაობის წევრები, რომლებიც რუსული კანონის გამო 13 მაისის შემდეგ გაფიცულები არიან და ამ დრომდე საპროტესტო აქციებს მართავენ ბათუმში.

„ბათუმელები“ ბსუ-ს ადმინისტრაციას დაუკავშირდა და ჰკითხა, აპირებენ თუ არა სტუდენტების მოთხოვნების შესრულებას და რა პროცესშია მოლაპარაკებები.

უნივერსიტეტის პრესსამსახურმა ჩვენს კითხვებს წერილობით ნაწილობრივ უპასუხა.

„ლექცია-სემინარების აღდგენასთან დაკავშირებით, რექტორი შეთანხმდა სტუდენტებთან. აღდგენა მოხდება გონივრულ ვადაში. ველოდებით სტუდენტების განცხადებებს, რის საფუძველზეც დაიწყება აღდგენების გრაფიკისა შედგენა, მათი ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით“ – აცხადებენ უნივერსიტეტში.

რაც შეეხება აკადემიური საბჭოს მოწვევას და მსჯელობას რექტორის ხელმოწერაზე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან ასევე გვიპასუხეს, რომ „მზადდება პასუხი და წერილობით ეცნობება განცხადების ავტორებს“.

_______________

ფოტოზე: „არა რუსულ კანონს“ – აქცია ბსუ-სთან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: