ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტური მოძრაობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
სტუდენტები აცხადებენ, რომ გაფიცვას წყვეტენ, ბრუნდებიან აუდიტორიებში, მაგრამ ბრძოლას არ აჩერებენ.
„ვბრუნდებით აუდიტორიებში, მაგრამ აუდიტორიებში დაბრუნება არ ნიშნავს, რომ გაფიცვამ შედეგებს ვერ მიაღწია, რომ ვნებდებით და ბრძოლა ჩერდება.
პირიქით, ჩვენ არა მარტო ქუჩიდან, პირველ რიგში, აუდიტორიებიდან ვიბრძოლებთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის.
ბრძოლა გაგრძელდება დერეფნებში, ფეხბურთის მოედანზე თუ მეგობართან ერთად კაფეში ყოფნისას. იმ ყოველდღიური დისკუსიებით, რომელთა დანიშნულებაც ჩვენი მეგობრებისთვის, ნათესავებისთვის თუ უცხო ადამიანებისთვის ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის ახსნა-განმარტება იქნება. ამ ბრძოლაში ყველას შეგვიძლია მცირე, მაგრამ საერთო შედეგისთვის აუცილებელი წვლილის შეტანა. ძალა ერთობაშია“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
სტუდენტები მიიჩნევენ, რომ ახლა სხვა ბერკეტების, გამოხატვის სხვა ფორმების გამოყენებაა საჭირო, რათა კიდევ უფრო მეტმა მოქალაქემ გააცნობიეროს ის მძიმე სიტუაცია, რაც ქვეყანაშია შექმნილი:
„საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს ის დიდი საფრთხე, რის წინაშეც ჩვენი სამშობლო დგას და რას შეიძლება შეგვაჯახოს ხელისუფლების ანტიევროპულმა, ანუ რუსულმა პოლიტიკამ“.
ამავე განცხადებაში ბათუმელი სტუდენტები წერენ, რომ მათმა გაფიცვამ რამდენიმე შედეგი გამოიღო:
- „აჩვენა, რომ პოლიტიკა და განათლება ერთმანეთისგან არ იმიჯნება და ხელისუფლების გადაწყვეტილებებში ორმაგი სტანდარტია განათლების სფეროში;
- ნათლად აჩვენა მთელ საქართველოს, რომ სტუდენტები ევროპას ირჩევენ და არა – რუსეთს. ნათლად აჩვენა ისიც, რომ ხელისუფლება სტუდენტების მოთხოვნებს არ პასუხობს;
- აჩვენა, რომ სტუდენტები მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რაც დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის ნაწილია და ამის ჩახშობას მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმი ცდილობს;
- გამოჩნდა, რომ საზოგადოების ნაწილს ზუსტი პოზიცია არ აქვს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და მოქალაქეთა პოლიტიკური განათლებისთვის ჩვენგან მეტი ძალისხმევაა საჭირო“.
ბათუმში სტუდენტური მოძრაობა რუსული კანონის გამო 13 მაისს გაიფიცა. გაფიცვის შესახებ განაცხადეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საზღვაო აკადემიის, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა.
რა ხდება
საქართველოში მიმდინარე მრავალათასიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა.
შეგახსენებთ, რომ რუსული კანონი 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შემდეგ „ოცნებამ“ უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასოდეს დაუბრუნდებოდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ „ოცნებამ“ კანონპროექტი უკან დააბრუნა.
ანალოგიურმა კანონმა რუსეთში გააქრო ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და გაამყარა პუტინის რეჟიმი.