მთავარი,სიახლეები

„კლანმა გადაწყვიტა ბოლომდე ჩაკეტოს სისტემა“ – ყოფილი მოსამართლე სასამართლოს გამჭვირვალობაზე

22.05.2024 •
„კლანმა გადაწყვიტა ბოლომდე ჩაკეტოს სისტემა“ – ყოფილი მოსამართლე სასამართლოს გამჭვირვალობაზე

„ამ დარბევების დროსაც ხომ ნათლად გამოჩნდა, რომ სასამართლო არავითარი დამბალანსებლის როლს არ ასრულებს. ის თავიდან ბოლომდე „ოცნების“ პოლიტიკურ ნებას და სურვილს ატარებს. ფორმალური გახდა ხელისუფლების დანაწილება – სასამართლო კლანი და მთავრობა ერთნაირი ლექსიკითაც საუბრობენ, ერთნაირად მოქმედებენ, ერთი იდეის გამტარებლები არიან, ერთ პოლიტიკურ ძალას ემსახურებიან…

ამ პირობებში, რა თქმა უნდა, გამჭვირვალობა არავის აწყობს,“ – გვიყვება უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე თამარ ლალიაშვილი. მას ვკითხეთ, რა მიდგომა აქვს სასამართლოს გამჭვირვალობის კუთხით, როცა რუსულ კანონის მიმღები ხელისუფლება გამჭვირვალობაზე ამოფარებას ცდილობს?

სასამართლო კანონის დაცვის და გამჭვირვალობის საუკეთესო სტანდარტის შექმნის გარანტი უნდა იყოს, თუმცა გამჭვირვალობა სასამართლო კლანისთვის იმდენად მიუღებელია, რომ სასამართლო კანონსაც კი არღვევს: კანონი სასამართლოებს მიღებული გადაწყვეტილებების პროაქტიულად გამოქვეყნებას ავალდებულებს, თუმცა ეს მოთხოვნა არ სრულდება.

სასამართლოები აღარც საჯარო ინფორმაციას გასცემენ, რაც ასევე კანონის დარღვევაა. საუბარია ინფორმაციაზე, რასაც ჟურნალისტები ითხოვენ, მაგალითად, სხვადასხვა მოსამართლის დაუსაბუთებელი ქონების, სასახლეების, ძვირადღირებული ავტომანქანების შესახებ….

ჟურნალისტები გვიყვებიან, რა პრობლემებს აწყდებიან ისინი, როცა სასამართლოდან ინფორმაციის მიღება სურთ, ან სხდომის დარბაზში ცდილობენ პროცესის ჩაწერას.

  • ყოფილი მოსამართლე: კლანმა გადაწყვიტა, მთლიანად ჩაკეტოს სისტემა

„მოსამართლე უნდა ემორჩილებოდეს კონსტიტუციას და კანონს. ბოლო პერიოდში ვაწყდებით შემთხვევებს, როცა კანონი უხეშად ირღვევა“, – გამჭვირვალობის პრობლემაზე საუბარს იწყებს ყოფილი მოსამართლე, პროფესორი თამარ ლალიაშვილი, მას პროკურორად და მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება აქვს.

2001-2006 წლებში თამარ ლალიაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო და იხსენებს, რომ სწორედ ამ პერიოდში იღებდა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა პირველ რჩევებს და რეკომენდაციებს ევროსაბჭოს შესაბამისი უწყებებიდან გადაწყვეტილებების გამოქვეყნების, გამჭვირვალობის სტანდარტის შექმნის შესახებ.

თამარ ლალიაშვილი

„ჩემზე ვერ ამბობენ, რომ ნაციონალი ვარ – ბრძოლის გამო გამომიშვეს სამსახურიდან.

ის, რაც ახლა ხდება სასამართლო სისტემაში, სრული ჩაკეტილობაა, გადაწყვეტილებები იმდენად ხელმიუწვდომელია, რომ ბევრი საქმე სრულდება ყველა ინსტანციაში ისე, რომ გაუგებარია, დაირღვა თუ არა ვინმეს უფლება. სასამართლო სხდომა არის საჯარო კანონით დადგენილი შემთხვევების გარდა, გადაწყვეტილებაც არის საჯარო, მაგრამ მას თუ არ გამოაქვეყნებ, ასევე იგი თუ მედიისთვის, სამეცნიერო წრეებისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი, გამოდის, რომ არ უზრუნველყოფს სასამართლო კანონის და ადამიანის უფლებების დაცვას,“ – ამბობს თამარ ლალიაშვილი და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„ძალიან ხშირად ადგენს დარღვევას სტრასბურგის სასამართლო საქართველოს წინააღმდეგ. ეს გადაწყვეტილებები უნდა ქვეყნდებოდეს ქართულ ენაზე, ეს სავალდებულოა, თუმცა უზენაესი სასამართლო აქვეყნებს შერჩევით მხოლოდ რამდენიმე საქმეს, რაც მათთვის მისაღებია, თანაც სრულად არ თარგმნიან.

ეს პირდაპირ უკავშირდება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემას. დამოუკიდებლობა არის გარანტია იმისა, რომ სასამართლო ხელისუფლების მიერ უშუალოდ განხორციელებული დარღვევები აღმოიფხვრას.

პირადად მქონდა შემთხვევა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში – დაცვის თანამშრომელს ჰქონდა მაგიდაზე ჩამომწკრივებული პირადობის მოწმობების ასლი იმ ადამიანების, ვინც სასამართლო სხდომას ესწრებოდა. ვუთხარი, რომ ეს კანონის დარღვევაა და მექნება რეაგირება. სასამართლო სხდომა არის ღია და მხოლოდ შეიძლება გავიარო უსაფრთხოების კონტროლი. რომელ სხდომაზეც მინდა, იქ უნდა შევძლო თავისუფლად შესვლა, თუმცა პოლიტიკა მიდის სასამართლოს სრული დახურვისკენ, რაც შეიძლება ნაკლები ინფორმაცია გაიცეს, ან არ გაიცეს საერთოდ. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყველანაირ ზღვარს გადადის, რაზე ვილაპარაკოთ?“ – კითხულობს ყოფილი მოსამართლე.

რა როლს ასრულებენ მოსამართლეები, როცა ხელისუფლება რუსულ კანონს იღებს? – თამარ ლალიაშვილი დარწმუნებულია, სასამართლო დამოუკიდებელი რომ ყოფილიყო, ევროპის გზის ჩაკეტვას ვერ გაბედავდა ხელისუფლება. ყოფილი მოსამართლე გვიყვება, ფეისბუქში პოსტი შემომხვდაო:

„ვიღაც წერდა, ჩვენ პოლიცია და სასამართლო არ გვიცავს, ვინც წესით უნდა გვიცავდეს, ამიტომაც, ერთმანეთი უნდა დავიცვათ ახლაო. მართლაც ასეა. სხვა გამოსავალი ამ ეტაპზე არ გვაქვს.

დღეს საფრთხე ექმნება საქართველოს, როგორც სამართლებრივ სახელმწიფოს. აქამდე თუ გვქონდა დისკუსია, კონტინენტური ევროპის სამართალი ჯობია, თუ ანგლო-ამერიკული, ორივე დასავლური მოდელია, დღეს საერთოდ ორბიტის ცვლილებაზეა საუბარი: ხელისუფლებას აშკარად საქართველოს რუსულ ორბიტაზე გადაყვანა სურს. ეს არ იმალება, მაგრამ ამას საქართველო არ დაუშვებს,“ – უთხრა თამარ ლალიაშვილმა „ბათუმელებს“.

ეშინია მოსამართლეს, რომ შემოწმდეს მათი დეკლარაციები“ – სტუდია „მონიტორი“ 

„აბსოლუტურად არაფერს აღარ გვაძლევენ. წლიდან წლამდე უარესდებოდა ეს მონაცემი. ბოლოს როცა დავრეკეთ საერთო სასამართლოების დეპარტამენტში, დაგვიდასტურეს, რომ მიღებულია ჩვენი წერილი, მაგრამ რატომ არ გვაწვდიან ინფორმაციას, საერთოდ არაფერი გვიპასუხეს,“ – გვიყვება მაია მეცხვარიშვილი, საგამოძიებო სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტი.

გამომძიებელი ჟურნალისტი იხსენებს, რომ წლების წინ ფილმი მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძის შესახებ მოამზადა, მაშინ ინფორმაცია სასამართლოდანაც მიიღო და იუსტიციის უმაღლესი საბჭოდანაც. გამჭვირვალობის ეფექტი და საზოგადოების კრიტიკული რეაქცია სასამართლო კლანმა სწრაფადვე „გაითვალისწინა“ და სასამართლოდან ინფორმაციის გაცემა შეწყვიტა.

მაია მეცხვარიშვილი

„ბოლოს გავაკეთეთ ფილმი ლევან მურუსიძის დაუსაბუთებელ ქონებაზე, გამოვითხოვეთ ინფორმაცია სხვა მოსამართლეებზე და არათუ ინფორმაცია მოგვაწოდეს, საოცრება ჩაიდინეს: როდესაც მეთოფიშვილი და მურუსიძე დააჯარიმა საჯარო სამსახურის ბიურომ არასწორად შევსებული დეკლარაციების გამო, სასამართლოს ძალით გააბათილეს ეს ჯარიმა და საერთოდ აქტი ცნეს ბათილად, რომლითაც ეს დეკლარაციები უნდა შესწავლილიყო. წარმოიდგინეთ, ადამიანები გველაპარაკებიან გამჭვირვალობაზე, როცა თვითონ ყველანაირად უწევენ წინააღმდეგობას გამჭვირვალობას.

ეშინია მოსამართლეს, რომელიც სასამართლოს ძალით აბათილებს კომისიის აქტს, რომ შემოწმდეს მათი დეკლარაციები. მათ დეკლარაციებს ახლა აღარავინ შეამოწმებს. მართლა ყველაფერი უკან პლანზე იწევს, რომ, მაგალითად, განაჩენებს, რასაც გვაძლევდნენ დაშტრიხულია და ასე შემდეგ – ვხედავთ, ვის ხელშია სასამართლო სისტემა. დასანქცირებული მოსამართლეები გვყავს სასამართლოში და რეაგირება არის ნული,“ – კატეგორიულია გამომძიებელი ჟურნალისტის პოზიცია სასამართლოს გამჭვირვალობაზე.

მაია მეცხვარიშვილს ვკითხეთ, ბოლოს რის შესახებ ითხოვდა საჯარო ინფორმაციას სასამართლოებიდან, რაზეც პასუხი კანონით გათვალისწინებულ დროში ვერ მიიღო.

„ჩვენ ვიკვლევთ კონკრეტული მოსამართლეების კორუფციულ, დაუსაბუთებელი ქონების შემთხვევებს, არადეკლარირებულ ხარჯებს. ფაქტობრივად არანაირ ინფორმაციას სასამართლო და იუსტიციის უმაღლესი საბჭო აღარ იძლევა.

მაგალითად, გვაინტერესებდა მივლინებაში მყოფი მოსამართლეების შესახებ ინფორმაცია, რაც საჯარო და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ასევე ვითხოვდით ინფორმაციას მოსამართლეების შვებულებების შესახებ. კონკრეტული შეკითხვებით მივმართეთ, რომ მოსამართლე და მისი ოჯახის წევრები იყვნენ სადღაც ევროპაში, ამის ხარჯები დეკლარაციაში არ არის ასახული.

პრობლემაა ინფორმაციის მიღება, მაგალითად, ბიზნესდავებზეც, სადაც შესაძლოა ყველა მხარე ცდილობდეს მიაჩუმათოს საქმე, ამ დროს კი, საბიუჯეტოს სახსრებზეა ლაპარაკი. სასამართლო არის ინსტანცია, რომელიც მოქალაქის ბოლო იმედია, როცა რომელიმე უწყება არ გვაძლევს ინფორმაციას, კანონით დადგენილ სიკეთეზეა საუბარი, ინფორმაციაზე, რომელიც კანონით გვეკუთვნის, ამ დროს კი, სისტემა იმდენად ჩაკეტილია და კლანური პრინციპით იმართება, რომ იქ აღსრულებაზე ზედმეტია საუბარი. სასამართლო თავად არის დახურული სისტემა,“ – გვითხრა მაია მეცხვარიშვილმა.

  • გელა მთივლიშვილი: „ამბროლაურის სასამართლოში გაკვირვებული დარჩნენ, ინფორმაციას ითხოვსო“ 

„სასამართლო ხელს უწყობს პოტენციურ კანონდარღვევას, დანაშაულების განგრძობითად ჩადენას,“ – მიიჩნევს ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, „საქართველოს ამბების“ დამფუძნებელი. ერთია, რომ მას სასამართლო არ აწვდის საჯარო ინფორმაციას, ასევე დროულად არ განიხილავს იმ სახელმწიფო უწყებების ამბავს, რომლებიც საჯარო ინფორმაციას არ გასცემენ, მეორეა სასამართლო სხდომების გაშუქების პრობლემა: სასამართლოს სხდომათა დარბაზში მისულ გამომძიებელ ჟურნალისტს მოსამართლე ეუბნება, რომ ის ონლაინმედიას წარმოადგენს და მხოლოდ ფურცლით და კალმით შეუძლია იმუშაოს.

„ფიზიკურად ვერ ვაშუქებთ სასამართლო პროცესებს, რადგან სრულიად ვარ დამოკიდებული მაუწყებელზე. დღეს მხოლოდ ტექსტი არავის სჭირდება, ყველას სჭირდება ვიზუალური მტკიცებულებები,“ – ამბობს გელა მთივლიშვილი.

სასამართლო პროცესზე ვიდეოგადაღების უფლება კანონით საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს, რომელიც ვალდებულია ჩანაწერი გადასცეს მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს მოთხოვნისთანავე. თუ ამ უფლებით საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სარგებლობს, ამ შემთხვევაში პროცესს სხვა საეთერო მაუწყებელი იღებს, ხოლო თუ ასეთი რამდენიმეა, მოსამართლე წილისყრით გამოავლენს მედიასაშუალებას, რომელიც სასამართლო პროცესს გადაიღებს. წილისყრაში ონლაინმედია არ მონაწილეობს. 

გამონაკლისი ინდივიდუალური შემთხვევებია, მაგალითად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები ამ დრომდე, კეთილი ნების საფუძველზე, ონლაინმედიასაც აძლევენ ფოტოს გადაღების, ზოგიერთ შემთხვევაში კი, ვიდეოს გადაღების უფლებას.

სამართლებრივი ნორმა, რაც ონლაინმედიის წარმომადგენელს სასამართლო პროცესის ფოტოს, ან ვიდეოს გადაღების შესაძლებლობას უზღუდავს, გელა მთივლიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლომ სარჩელი განიხილა, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

გელა მთივლიშვილი

გელა მთივლიშვილი გვიყვება, როგორ რჩება ვიდეო და ფოტომასალის გარეშე სასამართლო სხდომაზე:

„შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე, რაც ჩვენ საგამოძიებო ჟურნალისტიკისთვის გვჭირდება, საერთოდ არ აინტერესებდეს მაუწყებელს, მაგალითად, „ჯორჯიან მარგანეცთან“ დაკავშირებული საქმის განხილვაზე არ მოდის სატელევიზიო მედია. შესაბამისად, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, რამე გადავიღოთ.

ასევე მაუწყებლის ინტერესში არ შედის სასამართლო პროცესის სრულად გადაღება. მე არც კანონი და არც ეთიკა მაძლევს საშუალებას, ვინმეს სარედაქციო შინაარსში შევიჭრა, მათ აქვთ თავიანთი დღის წესრიგი – რამდენიმე კადრს იღებენ საინფორმაციო გამოშვებისთვის. თუ პროცესი იმავე დღეს სრულდება, შესაძლოა, დაელოდონ და სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებაც გადაიღონ. მაგალითად, სხდომაა დღის 2 საათზე, მოდის ჟურნალისტი და 3 საათზე აქვს ჩართვა პირდაპირ ეთერში. როცა ის და ოპერატორი გადიან სხდომათა დარბაზიდან, უკან ვეღარ ბრუნდება. სასამართლო სხდომის დარბაზში კი, ერთ კამერაზე მეტი არ მუშაობს. მე ვრჩები დარბაზში, მაგრამ გადაღებაზე ხელი არ მიმიწვდება.

მე როცა დამაკავეს და ეს საქმე განიხილებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ამ პროცესის გადაღების შესაძლებლობაც არ მომცეს, რადგან ონლაინმედიის სახელით ვითხოვდი ამას,“ – გვითხრა გელა მთივლიშვილმა.

გელა მთივლიშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა ის 2024 წლის იანვარში, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესს აშუქებდა. ჟურნალისტმა მოახერხა გადაეღო ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პოლიციელებმა პროფესიულ საქმიანობის შესრულების საშუალება არ მისცეს და დააკავეს, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით.

ნეიტრალური მტკიცებულების არსებობის მიუხედავად, ჟურნალისტი მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა 2 ათასი ლარით დააჯარიმა.

„გამოვითხოვე საჯარო ინფორმაცია, ამ მოსამართლემ რამდენი სამართალდარღვევის საქმე განიხილა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 166-ე და 173-ე მუხლებით, რამდენი შეწყვიტა, რამდენ შემთხვევაში გამოიყენა სანქცია? თვეზე მეტია გასული და არანაირი ინფორმაცია არ მიმიღია,“ – დასძინა გელა მთივლიშვილმა.

ნებისმიერმა უწყებამ, მათ შორის, სასამართლომ საჯარო ინფორმაცია კანონის მიხედვით დაუყოვნებლივ უნდა გასცეს. თუ ინფორმაცია მოსაძიებელი და მოსამზადებელია, მაქსიმუმ 10 დღე შეიძლება გაგრძელდეს საჭირო ინფორმაციის გაცემა.

„2024 წელს იანვრიდან აპრილის ჩათვლით, სულ 511 საჯარო ინფორმაცია გვაქვს გამოთხოვილი. 253-ზე საერთოდ არ მიგვიღია პასუხი,“- თავისი მედიაორგანიზაციის სტატისტიკას გვაცნობს გელა მთივლიშვილი და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სასამართლოები წელიწად-ნახევარი, ორი წელიც კი, არ განიხილავენ ჟურნალისტის სარჩელებს, როცა ის კონკრეტულ უწყებას უჩივის საჯარო ინფორმაციის გაუცემლობაზე.

კანონი აქაც ადგენს ვადებს – სასამართლომ 2 თვეში, მაქსიმუმ 5 თვეში უნდა განიხილოს შემთხვევა, როცა რომელიმე საჯარო უწყება საჯარო ინფორმაციას არ გასცემს.

რა ინფორმაციას ითხოვდა გელა მთივლიშვილი სახელმწიფო უწყებებიდან, ასევე სასამართლოდან?

„ეს ეხებოდა, მაგალითად, რუსული ჯგუფებისთვის ქონების პრივატიზებას: ვითხოვდით ხელშეკრულებებს, როგორ გადასცეს მათ სახელმწიფო ქონება. ერთ-ერთი წერილი ეხებოდა ალავერდის ტაძართან სასტუმროს უკანონოდ მშენებლობას, რაშიც ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი, გუბერნატორი და დეპუტატები იყვნენ ჩართული. ჩააგდეს კაფსული უნებართვო მშენებლობის და ორი წელია არანაირი დოკუმენტი არ მოგვაწოდეს.

რაც შეეხება სასამართლოებს, იქიდან უკვე მხოლოდ შაბლონურ პასუხს ვიღებთ, რომ ინფორმაციის მოწოდებას დამატებით ადამიანური რესურსი სჭირდება და სასამართლო მოკლებულია ამ შესაძლებლობას. ცენტრალიზებულია, როგორც ჩანს ეს მიდგომა.

ერთი ასეთი შემთხვევა გვქონდა: ამბროლაურის სასამართლოს ტელეფონით დავუკავშირდით, რაჭის ტყეების და დავით ხიდაშელის საქმეზე გვინდოდა სამართალდარღვევის ოქმების გამოთხოვა. ვითხოვე დეტალის დაზუსტება, რომელმა მოსამართლემ განიხილა ეს საქმე და როდის განიხილა. ეს არის ინფორმაცია, რომელიც სასამართლო თავის გვერდზე, სხდომების განრიგში აქვეყნებს. ამის მიუხედავად გაკვირვებული დარჩნენ: ვინ ვიყავი, რომ ინფორმაციას ვითხოვდი.

ბოლო 2 წელია 65-ზე მეტი სარჩელი მაქვს სასამართლო ინსტანციებში საჯარო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით, ეს შეეხება ერთ ლარად სახელმწიფო ქონების პრივატიზებას, საბიუჯეტო რესურსების ხარჯვას, ადამიანის უფლებების დარღვევას… 8 თვეა ვიკვლევთ, მაგალითად, ღარიბაშვილის კორუფციულ ამბებს, მამამისი როგორ გახდა მილიონერი, გვაქვს ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან, მაგრამ დღემდე ვერ ვიღებთ ოფიციალურ ინფორმაციას, დოკუმენტებს,“ – აღნიშნა გელა მთივლიშვილმა „ბათუმელებთან“.

  • ნათია კაპანაძე: „ბათუმელების“ მაგალითი ადასტურებს, როგორ არის სასამართლო გამოხატვის თავისუფლების საპირისპირო მხარეს“ 

„ბათუმელების” მაგალითი ყველაზე ცხადი შემთხვევაა, ეს ადასტურებს, როგორ არის სასამართლო გამოხატვის თავისუფლების საპირისპირო მხარეს“, მიიჩნევს ნათია კაპანაძე, „მედიაომბუდსმენის“ ხელმძღვანელი. ის ჟურნალისტების ინტერესებს სასამართლოში იცავს.

„ბათუმელების“ შემთხვევა თბილისის, ქუთაისის და ბათუმის საქალაქო სასამართლოებიდან რამდენიმე მუხლის მიხედვით განაჩენების გამოთხოვას ეხებოდა სექსუალური და ოჯახში ძალადობის საქმეებზე. 2023 წელს ამ სასამართლოებმა „ბათუმელებს“ უპასუხეს, რომ ინფორმაციის დამუშავების რესურსი არ აქვთ და შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ მხოლოდ რამდენიმე ქეისი მოგვაწოდეს, მათ შორის, იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განხილული საქმე – 12 წლის ბავშვზე სექსუალურ მოძალადეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს.

სხვა მედიასაშუალებებისგან განსხვავებით, „ბათუმელებმა“ სასამართლოებს სასამართლოში უჩივლეს: ბათუმის, ქუთაისის და თბილისის საქალაქო სასამართლოებს ადმინისტრაციული წესით ისევ ბათუმის, ქუთაისის და თბილისის საქალაქო სასამართლოებში ვუჩივლეთ.

ამ სასამართლოებმა „ბათუმელების“ საჩივრები არ დააკმაყოფილა.

„ცხადია, ეს არ არის მხოლოდ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარვეზი. სასამართლომ დაფარა არასრულწლოვანებზე ძალადობის ტენდენცია. ამ გზით სახელმწიფომ მყისიერი საფრთხის წინაშე დატოვა არაერთი მოზარდი,“ – მიიჩნევს ნათია კაპანაძე.

ნათია კაპანაძე

ნათია კაპანაძე ამბობს, რომ სასამართლოსთვის მიმართვა „უიმედო ნაბიჯად“ იქცა, როცა დემოკრატიული ქვეყანა დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლოს გარეშე წარმოუდგენელია:

„მედიაორგანიზაციების საჭიროებებსა და მედიის საკითხების თაობაზე გამოთხოვილი ინფორმაციების მიუწოდებლობისას სასამართლო დავა იქცა ყველაზე უიმედო ნაბიჯად სიტყვის თავისუფლების დაცვის საქმეში. პროცესების წლობით გაწელვა ან პროცესების დაჩქარებული უარის სათქმელად ეს არის ბოლო 5 წლის პრაქტიკა.

როცა სასამართლო არ გასცემს საჯარო ინფორმაციას, ის საჯაროდ ნიღბავს შეცდომებს და დანაშაულებს სახელმწიფოს მართვაში,“ – გვითხრა ნათია კაპანაძემ.

  • რა გამოჩნდა სასამართლოების გამჭვირვალობის შესახებ მომზადებულ კვლევაში? 

„სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა: პროგრესი და საკვანძო გამოწვევები“ – კვლევა 2024 წელს ამ თემაზე „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ IDFI-მ მოამზადა USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. ამ კვლევაში ხაზგასმით წერია, რომ სასამართლოები გამჭვირვალობის კუთხით არათუ ქმნიან რაიმე დადებით სტანდარტს, პირიქით, კანონს არღვევენ.

„საერთო სასამართლოები არ აღასრულებენ 2024 წლის 01 იანვრიდან ძალაში შესულ საკანონმდებლო ცვლილებებს… მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები 2023 წლის 13 ივნისს იქნა მიღებული და ძალაში შესვლის თარიღად 2024 წლის 01 იანვარი განისაზღვრა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საერთო სასამართლოებს არ გადაუდგამთ ქმედითი ნაბიჯები, კანონმდებლობის აღსრულების უზრუნველსაყოფად,“ – ვკითხულობთ კვლევაში.

IDFI-ის დაკვირვებით, ღია სასამართლო სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის კუთხით მდგომარეობა 2015 წლიდან გაუარესდა. 2019 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ამ ორგანიზაციის და „მედიის განვითარების ფონდის“ სარჩელი. თუმცა ახალი საკანონმდებლო რეგულირების დაწესება წლობით გაჭიანურდა, სასამართლოებმა კი, საერთო სასამართლოების პლატფორმაზე გადაწყვეტილებების დაშტრიხული ფორმით გამოქვეყნება 2020 წლის მარტიდან საერთოდ შეწყვიტეს.

„USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, IDFI-ს წარმატებული სტრატეგიული სამართალწარმოებისა და მრავალწლიანი ადვოკატირების შედეგად, 2023 წლის ივნისში პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც ნორმატიულ დონეზე არსებითად გაუმჯობესდა ღია სხდომაზე მიღებული სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის საკითხი და ცვლილებების ამოქმედების თარიღად 2024 წლის 01 იანვარი განისაზღვრა,“ – ვკითხულობთ კვლევაში.

მნიშვნელოვანია, რომ ბოლო საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, სასამართლოებმა გადაწყვეტილებები პროაქტიულად საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა გამოაქვეყნონ, თუმცა ამ დრომდე არც 2020 წლის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებები გამოუქვეყნებიათ, რაც კანონიერ ძალაშია შესული.

„კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებების პროაქტიულ გამოქვეყნებას აწესრიგებს, საკანონმდებლო ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანას საჭიროებს, ახალი რეგულირების ამოქმედების მიუხედავად, ვებგვერდზე ecd.court.ge სასამართლო აქტების გამოქვეყნება არ განახლებულა. საერთო სასამართლოების სისტემიდან მხოლოდ საქართველოს უზენაესი სასამართლო უზრუნველყოფს საკუთარი გადაწყვეტილებების დეპერსონალიზებული ტექსტების პროაქტიულ ხელმისაწვდომობას მისივე ელექტრონულ პლატფორმაზე…

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად კანონმდებლობაში განხორციელებული პოზიტიური ცვლილებებისა და საჯარო ინფორმაციის სახით სასამართლო
აქტების ხელმისაწვდომობის ნორმატიული პრობლემის მოგვარებისა, პრაქტიკაში ეს ცვლილებები საერთო სასამართლოების მიერ რეალურ აღსრულებას არ ექვემდებარება. ფაქტობრივად, საჯარო ინფორმაციის სახით სასამართლო აქტების მიღების თვალსაზრისით ნორმატიული საფუძვლის შეცვლას საერთო სასამართლოების მიერ გადაწყვეტილებების გაცემის პრაქტიკის ცვლილება არ მოჰყოლია.

„საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის მე-13 მუხლის 3¹ პუნქტის ახალი რედაქციის ძალაში შესვლიდან 2 თვის თავზეც, საჯარო ინფორმაციის სახით სასამართლო აქტების რეალური ხელმისაწვდომობა კვლავ მნიშვნელოვან სისტემურ გამოწვევად რჩება,“ – აღნიშნულია IDFI-ის მიერ 2024 წელს მომზადებულ კვლევაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: