განათლება,მთავარი,სიახლეები

ხელისუფლება დავიქირავეთ და აკეთებს საქმეს, არასამთავრობო რისთვის ხარ? – პედაგოგი ღორჯომიდან

03.10.2024 •
ხელისუფლება დავიქირავეთ და აკეთებს საქმეს, არასამთავრობო რისთვის ხარ? – პედაგოგი  ღორჯომიდან

„ბათუმელები“ ხულოში, სოფელ დიდაჭარაში ესაუბრა მოსახლეობას მიმდინარე პროცესებზე და არჩევნებზე, რომელიც წელს, 26 ოქტომბერს, გაიმართება.

გვინდოდა მოგვესმინა მოსახლეობის აზრი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ „ბოდიშზე“, რუსულ კანონსა და ასევე იმ პრობლემებზე, რომლებიც მაღალმთიან სოფლებში აქვს მოსახლეობას.

დიდაჭარაში ვესაუბრეთ თინათინ იაკობაძესაც, რომელმაც გვითხრა, რომ ის ღორჯომის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის.

შესაბამისად, დავინტერესდით, თუ რას ფიქრობდა პედაგოგი რუსულ კანონსა და ქვეყნის ევროინტეგრაციის შეფერხებაზე, რომელიც ამ კანონით არის გამოწვეული.

აღმოჩნდა, რომ სამოქალაქო განათლების პედაგოგის აზრით, რუსული კანონი „საერთოდ არ არის რუსული“.

„მე ვერ დაგეთანხმები, რომ ეგ რუსულია, რადგან კარგად ვიცი, იმ კანონში რა წერია… მოსწავლეებმა გვთხოვეს, განვიხილოთ რა არის ეს რუსული კანონი, ჩვენ განვიხილეთ და რატომღაც  მოსწავლეებიც ვერ ხედავენ ამაში რაიმე საგანგაშოს.

ერთადერთი, საგანგაშოს მე ვხედავ იმაში, რომ პირად მონაცემებზე წვდომა უნდა იყოს შეუზღუდავი“, – ამბობს პედაგოგი თინათინ იაკობაძე.

მას ვკითხეთ, თუ რა მონაცემებს ან ვის შეფასებებს ეყრდნობა, როცა ამბობს, რომ კანონი არ არის რუსული, რადგან კანონების შემფასებელი, მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია ვენეციის კომისია ამბობს, რომ ეს კანონი დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველია.

„ვენეციის კომისია არ ცხოვრობს საქართველოში, არც ის ლატვიის პრეზიდენტი არ ცხოვრობს საქართველოში, არც ევროკომისიის წევრები ცხოვრობენ საქართველოში და არ იცნობენ აქაურ სიტუაციას“, – განაცხადა პედაგოგმა.

თუმცა აქ ცხოვრობს ივანიშვილი და ის ამბობს, რომ მისაღებია ეს კანონი მისთვის, თქვენთვისაც ამიტომ არის მისაღები? – ისევ ვკითხეთ პედაგოგს.

„ივანიშვილი არ ცხოვრობს აქ და არც საქართველოში გამდიდრებულა და თუ ივანიშვილზე უნდა მელაპარაკოთ, მაშინ დავასრულოთ…“

„ჩემი განათლების შეფასება თქვენი საქმე არ არის… რომელ კომპეტენტურობაზე მესაუბრებით, რომელთა დაწესებულმა შეზღუდვებმა ვერ შეაჩერა რუსეთ-უკრაინის ომი…“ – ამბობს თინათინ იაკობაძე.

არ ფიქრობთ, რომ რუსული კანონით ან ანტიდასავლური განცხადებებით ევროპას ვშორდებით? – ისევ დავეკითხეთ მას.

„თუ ევროპისგან დაშორებაში იმას გულისხმობს, რომ ოჯახის სიწმინდეს მეტი ყურადღება ექცევა, ოჯახურ ღირებულებებს მეტი ყურადღება ექცევა, ამაში ვერ დაგეთანხმებით. ოჯახური სიწმინდეების დაცვა, მე ვფიქრობ, უფრო შეგვიყვანს ევროპაში, რადგან ასეთი ოჯახებიდან უფრო ჩამოყალიბებული თაობა იზრდება“, – ამბობს პედაგოგი.

ევროპაში სახელმწიფოებს აქვთ სპეციალური პროგრამები ოჯახების გასაძლიერებლად. მათ შორის მარტოხელა დედების გასაძლიერებლად, ბავშვებს უქმნიან თანაბარ გარემოს განვითარებისთვის, საქართველოში კი ვერ ვხედავთ მსგავს პროგრამებს. ძალიან ბევრი ბავშვი ცხოვრობს სიღარიბეში, სკოლაში დადის მშიერი, სად ხედავთ, რომ ოჯახის სიწმინდეზე მუშაობს ხელისუფლება და მათზე ზრუნავს? – ისევ ჩავეკითხეთ პედაგოგს.

„რაც ჩამოთვალეთ, რა თქმა უნდა, მაგ მხრივ მწვავე პრობლემაა ქვეყანაში, მაგრამ განვითარების ეტაპზე მყოფ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, ასე უცებ ვერ აღმოიფხვრება, ამას დრო სჭირდება.

ევროპაში გრანტებს მიზანმიმართულად ხარჯავენ და საქართველოში, რომ შემოდის სად მიდის? როცა მოქალაქეობის პედაგოგს არ მაქვს სკოლაში ნორმალური პირობები და რესურსები და არასამთავრობო ორგანიზაცია გვეუბნება, რომ 600 ლარი არ აქვს, სსსმ ბავშვებს რაღაცები შევუძინოთ, ვერ გავიგე აქ რა ხდება“, – ამბობს პედაგოგი.

მას ვკითხეთ, თუ რატომ არ უსვამს იმავე კითხვებს ხელისუფლებას? თუმცა ის ამ პრობლემების მოგვარებაში არა ხელისუფლების, არამედ არასამთავრობოების პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

„რატომ არის ხელისუფლებისთვის (ეს კითხვები), არასამთავრობო ორგანიზაცია რისთვის ხარ, რისთვის იღებ იმ გრანტებს… ხელისუფლება აკეთებს მის საქმეს“.

@batumelebi.netgazeti

ხელისუფლება რომ დავიქირავეთ, აკეთებენ საქმეს. არასამთავრობო რისთვის ხარ? – სამოქალაქოს პედაგოგი სოფელ ღორჯომიდან

♬ original sound – Batumelebi | Netgazeti – Batumelebi | Netgazeti

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: