„ქართული ოცნების” მოთხოვნით მარეგულირებელმა და სასამართლომ ერთსა და იმავე საკითხის გამო, ორჯერ დასაჯა კრიტიკული ტელევიზიები: „მთავარი არხი“, „ფორმულა“ და „ტელეკომპანია პირველი“. სასამართლო უპირობოდ აკმაყოფილებს კომუნიკაციების კომისიის ყველა მოთხოვნას – აღნიშნულია „მედიამბუდსმენის“ ახალ ანგარიშში.
„მედიაომბუდსმენი“ წინასაარჩევნო პერიოდში, 2024 წლის 5 ოქტომბრის მდგომარეობით, კომუნიკაციების კომისიის მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.
„მედიაომბუდსმენის“ ანგარიშის მთავარი მიგნებაა ასევე:
- მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ ითხოვს „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი“ პოლიტიკური რეკლამის განთავსებას, სამ კრიტიკულ მაუწყებელს არ აქვს შესაძლებლობა კომუნიკაციების კომისიიდან რეკომენდაციები მიიღოს.
- სექტემბრის თვეში გამოქვეყნებული მასალებით კომუნიკაციების კომისიის გამოცემის – „მედიაკრიტიკის“ სარედაქციო პოლიტიკა სრულ თანხვედრაშია მმართველი პარტიის ხედვებთან.
საანგარიშო პერიოდში რამდენჯერმე გამხდარა დავის საგანი მაუწყებლების მხრიდან იმ რეკლამის განთავსებაზე უარი, რომელიც კონკრეტული მაუწყებლების აზრით, სიძულვილის ენას შეიცავს. სამმა ტელევიზიამ – ტვ პირველმა, „ფორმულამ“ და „მთავარმა არხმა“ 5 ოქტომბერსაც უთხრა უარი „ქართულ ოცნებას“ განეთავსებინა წინასაარჩევნო ბანერები და ვიდეორგოლები, სადაც ოკუპანტი რუსებისგან დანგრეული უკრაინის კადრებია გამოყენებული.
საინტერესოა კომუნიკაციების კომისიის რეაგირება წინა შემთხვევაზე:
მაგალითად, „ქართულ ოცნებას“ კომუნიკაციების კომისიისთვის 2024 წლის 12 სექტემბერს მიუმართავს საჩივრით „ტვ პირველის“, „მთავარი არხის“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ იმიტომ, რომ ამ ტელევიზიებმა უფასო პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებაზე მმართველ პოლიტიკურ პარტიას უარი უთხრეს.
მაუწყებლების განმარტებით, სადავო უფასო პოლიტიკური რეკლამა შეიცავს სიძულვილის ან ძალადობის წაქეზებას, ან მოწოდებას ძალადობისკენ. გარდა ამისა, მათ მიმართა რეკლამაში გამოსახულმა ერთ-ერთმა პირმა, ეკა გიგაურმა და მოსთხოვა, ამოეღოთ სადავო რეკლამა, ვინაიდან რეკლამაში მისი გამოსახულება უნებართვოდ იყო გამოყენებული.
კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, საარჩევნო სუბიექტის მიერ დამზადებული ვიდეო-რგოლი ემსახურება პოლიტიკური გაერთიანების წინასაარჩევნო ხედვის წარდგენას. შესაბამისად, არ არღვევს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და მაუწყებლები ვალდებული იყვნენ ის ეთერში განეთავსებინათ.
კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარი და პარტიის პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის მაუწყებლების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა და დასამტკიცებლად გადაუგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
2024 წლის 15 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ოქმის შემდგენი მხარის მოთხოვნა და ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ სამ მაუწყებელს
შეუდგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და დააჯარიმა 5000-5000 ლარით. მაუწყებლებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მიღებული დადგენილებები, სააპელაციო სასამართლომ საჩივრები განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე და უცვლელად დატოვა,“ – აღნიშნულია „მედიაომბუდსმენის“ ანგარიშში.
სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღეში „ქართულ ოცნებას“ ისევ მიუმართავს კომუნიკაციების კომისიისთვის. „ოცნებამ“ სამივე ტელეკომპანიის ხელახლა დაჯარიმება მოითხოვა. მედიაომბუდსმენი შენიშნავს, რომ სასამართლოს წინა გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ იყო შესული, როცა კომისიამ ჩათვალა, რომ მაუწყებლები ვალდებული იყვნენ, ეთერში განეთავსებინათ სადავო, უფასო პოლიტიკური რეკლამა – ტელევიზიები კვლავ 5-5 ათასი ლარით დააჯარიმეს.
ამ შემთხვევაში სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა ოქმის შემდგენი მხარის მოთხოვნა და „მთავარი არხი“ დაავალდებულა ეთერში განათავსოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მისთვის წარდგენილი პოლიტიკური რეკლამა.
ახლა, როცა უკვე „ქართული ოცნება“ კრიტიკული ტელევიზიების ეთერიდან ითხოვს ახალი სარეკლამო მასალის განთავსებას, თუ როგორ ინგრევა უკრაინა და შენდება საქართველო, მაუწყებლებმა „ქართული ოცნების“ ამ კონკრეტული რეკლამის შეფასება კომუნიკაციების კომისიას სთხოვეს. მაუწყებლების აზრით, „ქართული ოცნება“ არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის რეკლამის შესახებ საქართველოს კანონს.
რეკლამის შესახებ საქართველოს კანონში წერია:
- არაეთიკური რეკლამა – რეკლამა, რომელიც ფიზიკურ პირთა ეროვნების, რასის, პროფესიის, სოციალური კუთვნილების, ასაკის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და ფილოსოფიური მრწამსის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს, ხელყოფს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ხელოვნების ობიექტებს, ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს, ბღალავს სახელმწიფო სიმბოლიკას (დროშა, გერბი, ჰიმნი), საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტას, რელიგიურ სიმბოლოებს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, მათ საქმიანობას, პროფესიას ან საქონელს.
2024 წლის 5 ოქტომბერს მარეგულირებელ ორგანოს მაუწყებლებისთვის უპასუხია, რომ „კომისია მოკლებულია შესაძლებლობას წინასწარ, ადმინისტრაციული წარმოების პროცესს მიღმა შეაფასოს კონკრეტული მასალა და გასცეს მისი ეთერში განთავსება/განუთავსებლობის შესახებ რეკომენდაცია.”
მედიის ადვოკატირების კოალიციამ სოლიდარობა გამოუცხადა დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს. კოალიციის შეფასებით, „მედიებზე განხორციელებული მძიმე ზეწოლა ასახავს საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმისა და დემოკრატიული ღირებულებების უგულებელყოფის შემაშფოთებელ ტენდენციას. კოალიცია იზიარებს საქართველოში ევროკავშირის ელჩის შეფასებაში გამოთქმულ განწყობას და ვგმობთ ამ კამპანიას, როგორც „აღმაშფოთებელს, სამარცხვინოს და შემზარავს“.
„მედიაომბუდსმენი“ პოლიტიკური რეკლამის შინაარსის კუთხით პარალელს 2016 წლის შემთხვევასთან ავლებს – 2016 წლის 14 აგვისტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პოლიტიკური პარტიის – „ცენტრისტები ხაჩიშვილი-ბედუკაძე“ წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლი განთავსდა. აღნიშნულ რეკლამაში პოლიტიკური პარტია საქართველოს მოქალაქეებს რუსულ პენსიას, საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების დაკანონებას და ორმაგი მოქალაქეობის შესახებ კანონის მიღებას ჰპირდებოდა. ვიდეოში ჩანდა რუსეთის პრეზიდენტი და რუსული ტანკები. მას შემდეგ, რაც „ცენტრისტების” წინასაარჩევნო რეკლამამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ის ეთერიდან მოხსნა.
მწვავე საჯარო დისკუსიების ფონზე, 2016 წლის 15 აგვისტოს კომუნიკაციების კომისიამ გაავრცელა განცხადება: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლიდან გამომდინარე, მაუწყებელი, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია შეისწავლოს პოლიტიკური პარტიის მიერ განსათავსებლად წარდგენილი სარეკლამო რგოლის კანონთან შესაბამისობა და შემდგომ განათავსოს წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლი ეთერში.
მართალია, წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის შინაარსზე პასუხისმგებელია წინასაარჩევნო რეკლამის დამკვეთი პოლიტიკური სუბიექტი, თუმცა მაუწყებელი უფლებამოსილია სადავო შინაარსის მქონე წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლის თაობაზე მიმართოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს, რაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლის ეთერიდან მოხსნის შემდეგ გააკეთა.
კომისიამ იქვე მიუთითა, რომ აღნიშნული საკითხის შესწავლა, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შეფასება და დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში რეაგირება ცესკოს უფლებამოსილებას წარმოადგენს. ამდენად, ცხადია, რომ მაუწყებლები ერთი მხრივ, რჩებიან პოლიტიკური წნეხის და ფინანსური სანქცირების რეჟიმში, მეორე მხრივ კი ხელი არ მიუწვდებათ ობიექტური რეგულირების სერვისზე, ნათელ, განჭვრეტად და სამართლიან წესებზე,“ – აღნიშნულია „მედიაომბუდსმენის“ მონიტორინგის ანგარიშში.
„2024 წლის საპარლამენტო არჩევნები კომუნიკაციების კომისიის დამოუკიდებლობის შეფასების კიდევ ერთი ტესტია. საანგარიშო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებების ანალიზით, იმ შედეგების მიხედვით, რომლითაც მმართველი პარტიის მოთხოვნით, კომისიამ და შემდეგ სასამართლომ ორჯერ დასაჯეს კრიტიკული მედიასაშუალებები, ამასთან, კომისია არ აძლევს შესაძლებლობას მაუწყებლებს, ხელი მიუწვდებოდეთ ნათელ და განჭვრეტად წესებზე, რეკომენდაციებსა და რჩევებზე კანონმდებლობის შესასრულებლად. ამ გარემოებების გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ ცხადი ხდება, რომ კომისია რჩება ინსტრუმენტად მედიის მოთვინიერებისა და დასჯისათვის.
გარდა ადმინისტრაციული ორგანოსთვის მინიჭებული უფლებამოსილებებისა, კომისია იყენებს კიდევ ერთ ბერკეტს – „მედიაკრიტიკას“ მედიის შინაარსობრივი განხილვისა და ჟურნალისტების მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებების წასახალისებლად,“ – ვკითხულობთ „მედიაომბუდსმენის“ ანგარიშში.