მთავარი,სიახლეები

არჩევნებს წელს უბნიდან 100 მეტრის რადიუსშიც დააკვირდებიან

07.10.2024
არჩევნებს წელს უბნიდან 100 მეტრის რადიუსშიც დააკვირდებიან

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლები არამხოლოდ საუბნო კომისიებში მიმდინარე პროცესს დააკვირდებიან, არამედ უბნიდან 100 მეტრის რადიუსშიც გაკონტროლებენ ვითარებას, როგორც ამას საარჩევნო კოდექსი ითხოვს. ყველას არა, თუმცა რამდენიმე ორგანიზაციას და პოლიტიკურ გაერთიანებას დამკვირვებელი უბანთან 100 მეტრის რადიუსშიც ეყოლება.

როგორც გვეუბნებიან, გარე პერიმეტრის დამკვირვებლები შესაბამისი ტექნიკითაც აღჭურვეს, რომ დარღვევების შემთხვევაში მათი დაფიქსირება შეძლონ, გადიან ტრენინგებსაც. გარდა ამისა, კოალიციები ამზადებენ მობილურ ჯგუფებს, რომლებიც პერიოდულად მივლენ უბნებზე ვითარების გასაკონტროლებლად.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ან შენობიდან 100 მეტრის მანძილზე დაუშვებელია ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა. ამ დრომდე არსებული პრაქტიკით, ეს ჩანაწერი კოდექსში ვერ სრულდებოდა, რადგან როგორც კონტროლი, ასევე რეაგირებაც არ იყო ეფექტური.

გარე პერიმეტრთან დაკავშირებით კოდექსი კიდევ ერთ შეზღუდვას აწესებს. კერძოდ, კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე დაუშვებელია სააგიტაციო მასალის განთავსება და მასალა ჩამოხსნას, დემონტაჟს, აღებას ექვემდებარება.

აქამდე არსებული პრაქტიკით, სახელისუფლებო პარტიების წარმომადგენლების მობილიზებას საარჩევნო უბანთან ახლოს, მათ შორის ამომრჩევლის აღრიცხვას ვერც საარჩევნო კომისია და ვერც პოლიცია აკონტროლებდა სათანადოდ. მსგავს შემთხვევებს ადგილი ჰქონდა თითქმის ყველა უბანზე და რეაგირება იმდენად არაეფექტური იყო, რომ დარღვევის დაფიქსირების მიუხედავად, უბანთან ამომრჩეველს კოორდინატორები უბნის დახურვამდე უპრობლემოდ აღრიცხავდნენ. ე.წ. უბნის ბიჭები კი თავის საქმეს აკეთებდნენ.

იყო შემთხვევები, როცა დამკვირვებლებმა უბანთან შეკრების დაშლის მოთხოვნით პოლიციას მიმართეს, ზოგ შემთხვევაზე გამოძიებაც კი დაიწყო, თუმცა რა შედეგი დადგა არ ვიცით.

„სამართლიანი არჩევნების“ ანალიტიკოსის, შოთა ნარსიას ინფორმაციით, ორგანიზაციას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლები უბნების გარე პერიმეტრზეც ეყოლება. კოალიციებს კი ეყოლებათ დამკვირვებლები, რომლებიც გარე პერიმეტრსაც გააკონტროლებენ და მობილური ჯგუფები, რომლებიც კონკრეტულ უბნებზე პერიოდულად და საჭიროების შემთხვევაში, მათივე დამკვირვებლის შეტყობინების საფუძველზე გამოჩნდებიან.

უბნიდან 100 მეტრის რადიუსში პროცესის დაკვირვების გამოცდილება ამ დრომდე მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ აქვს. ვგულისხმობთ ისეთ გამოცდილებას, როცა დამკვირვებლები საარჩევნო დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ პროცესს საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის რადიუსში და შედეგები ანგარიშებში ასახეს:

„გარე დაკვირვება პირველად 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე განვახორციელეთ. ვგულისხმობ მთელი დღის განმავლობაში სტატიკურ დაკვირვებას, გარე პერიმეტრზე გვყავდა დამკვირვებელი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდა მიმდინარე ტენდენციებს და გვაწვდიდა ინფორმაციას.

წელს ვაპირებთ გაზრდილი მასშტაბით დავაკვირდეთ გარე პერიმეტრებს. ვაკვირდებოდით შუალედურ არჩევნებზეც და მიგნებები გვაქვს ამ მხრივ. საარჩევნო კოდექსის თანახმად, აკრძალულია პირთა შეკრება საარჩევნო უბნის შენობიდან 100 მეტრის რადიუსში. ეს, ცხადია, არ ნიშნავს ამომრჩევლის შეკრებას, რომლებიც ხმის მისაცემად არიან მისული – იგულისხმება სხვა პირების შეკრება, რომლებიც აღრიცხავენ ამომრჩეველს ან აგიტაციას ატარებენ.

როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში გამოვავლინეთ, რომ უბნების მნიშვნელოვან ნაწილთან შეინიშნებოდა საეჭვო პირთა შეკრება. საეჭვო შეკრებაში ჩვენ სწორედ ისეთ შეკრებას მოვიაზრებდით, რაც იყო ხანგრძლივი, მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, იყო კოორდინირებული და მიზნად ისახავდა აღრიცხვას, კონტროლს ან მობილიზებას. ამომრჩევლის აღრიცხვას კრძალავს საარჩევნო კანონი და მსგავსი შემთხვევებიც გამოვავლინეთ.

ასევე გამოვავლინეთ უბანთან სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევები და ეს გამოიხატებოდა ე.წ. ტალონების გადაცემით, განსაკუთრებით მეორე ტურისთვის, ასვე ბათუმის საარჩევნო ოლქში შეინიშნებოდა ეს ტენდენცია. სავარაუდო ფულის გადაცემის გარკვეული შემთხვევები, ეს არის ჩვენი მიგნებების ის ნაწილი, რაც სამართალდარღვევებს შეიცავს“, – გვიყვება შოთა ნარსია, „სამართლიანი არჩევნების“ უფროსი მკვლევარი.

ისევე როგორც ყოველ არჩევნებს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“ [საია] დააკვირდება. ამისთვის ორგანიზაცია უკვე ემზადება, თუმცა მთელი დღით უბნიდან ასი მეტრის რადიუსში დამკვირვებელი არ ეყოლება და უბნის დამკვირვებლის ინფორმაციას დაეყრდნობა. საჭიროების შემთხვევაში კი ადგილზე გავა მობილური ჯგუფი.

„დავაკვირდებით ისე, როგორც ამ დრომდე ვაკვირდებოდით, გვეყოლება უბნის დამკვირვებელი, რომელიც ყურადღებას მიაქცევს მიმდებარედ არსებულ პროცესებსაც და საჭიროების შემთხვევაში გამოიძახებს მობილურ ჯგუფს.“

საიას ანალიტიკოსის, ნიკა ოდიკაძის თქმით, უბანთან კონკრეტული პარტიის სასარგებლოდ დაინტერესებული პირების კონტროლს ართულებს ისიც, რომ ხშირად კონკრეტული პარტიის ინტერესების გამტარებლები დამკვირვებლებად არიან რეგისტრირებულები და ბეიჯებით მოძრაობენ უბანთან.

კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას განმარტებით, წელს დამკვირვებლებს განსაკუთრებული როლი ექნებათ, რადგან „განსაკუთრებული არჩევნებია და განსაკუთრებულად იგრძნობა, რომ განსაკუთრებული ზეწოლა ხდება ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოხატვაზე.“

„ზეწოლის ერთ-ერთი მეთოდი არის ის, რომ უბნებთან ყოველთვის არიან კოორდინატორები, თუ გაურკვეველი მენტალობის მქონე ადამიანები, ე.წ. ძველბიჭებს ვისაც ეძახიან, არ ვიცი მათ ნორმატიულ დონეზე რა შეიძლება ვუწოდო. ისინი რეკავენ და აიძულებენ ადამიანებს მოსვლას უბანში ან აკონტროლებენ, რომ ოპოზიციის მომხრეები არ მოვიდნენ.

ბუნებრივია, ნებისმიერ ასეთ ფაქტზე, როდესაც ჩვენი წარმომადგენლები, ოპოზიციის წარმომადგენლები აფიქსირებენ ამას, ჩვენ ვაკეთებთ შეტყობინებას და მოვითხოვთ სათანადო რეაგირებას. 100 მეტრის რადიუსში თუ არის განხორციელებული, ეს, რა თქმა უნდა, სამართალდარღვევაა. 100 მეტრის რადიუსს რომც გასცდეს, თუ ჩვენ დავაფიქსირებთ, რომ არის ამომრჩეველზე ზემოქმედება, ამაზეც მოვახდენთ რეაგირებას – ჩვენ, საქართველოს მასშტაბით, პრაქტიკულად ყველა უბანზე გვეყოლება წარმომადგენელი და ყველას ექნება ინფორმაცია, რომ მსგავსი ქმედებები დააფიქსირონ და ამაზე მოვახდენთ რეაგირებას“.

მობილური ჯგუფები ეყოლება, როგორც კოალიცია „ძლიერ საქართველოს“, ასევე კოალიციას „ცვლილებებისთვის“.

___

ფოტო: „ბათუმელების“ არქივი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: