მთავარი,სიახლეები

„ახლა ჩვენი ბედი წყდება, თაობა შეუჩვეველია რუსულ მმართველობას“ – ახალგაზრდები არჩევნებს აკვირდებიან

02.10.2024 •
„ახლა ჩვენი ბედი წყდება, თაობა შეუჩვეველია რუსულ მმართველობას“ – ახალგაზრდები არჩევნებს აკვირდებიან

სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციური სადამკვირვებლო მისიას, რომელიც 28 ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს მოხალისე დამკვირვებლად რეგისტრაციის თხოვნით.

30 სექტემბრის მონაცემით, კოალიციის სადამკვირვებლო მისიაში 1820 მოქალაქეა რეგისტრირებული.

„ბათუმელები“ სამ მოხალისე დამკვირვებელს ესაუბრა, რომლებიც არჩევნებს აჭარაში დააკვირდებიან და დაიცავენ საქართველოს მოქალაქეების არჩევანს.

მათე კონჯარია პროფესიით ოპერის მომღერალია. ის ამჟამად სხვადასხვა არასამთავრობოსთან თანამშრომლობს ახალგაზრდული მიმართულებით.

„დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ პროცესში, დააკვირდეს არჩევნებს, რათა ამ არჩევნებმა ჩაიაროს სამართლიანად და აღსრულდეს მოქალაქეების ნება. რომ ავირჩიოთ ისეთი მთავრობა, რომელიც დემოკრატიული იქნება და არჩეული მოქალაქეების მიერ,“ – ასე ხსნის მათე მოტივს, თუ რატომ გადაწყვიტა მან მოხალისე დამკვირვებლად რეგისტრაცია.

2024 წლის არჩევნები მათე კონჯარიასთვის მეორე არჩევნები იქნება, რომელსაც დააკვირდება. პირველად 2021 წელს თვითმმართველობის არჩევნებზე იყო დამკვირვებლად.

„ვურჩევდი ყველას, რომ მიიღოს მსგავსი გამოცდილება – ყოველ 4 წელიწადში ტარდება საპარლამენტო არჩევნები და ეს ერთი დღე არის ამ 4 წლის განმავლობაში, რომელიც წყვეტს ქვეყნის ბედს. უხეშად რომ ვთქვა, ერთი დღის გატარება, თუნდაც 24 საათი, ქვეყნის ბედის გადასაწყვეტად, ძალიან მცირე გადასახადია, რომელიც შენი ქვეყნისთვის შეიძლება გაიღო მოქალაქემ,“ – ამბობს მათე კონჯარია.

მათე საუბრობს იმ გამოწვევებზე, რომელიც ახლა დგას საქართველოს წინაშე და ხაზს უსვამს თითოეული მოქალაქის ვალდებულებას, მივიდეს არჩევნებზე და გააკეთოს საკუთარი არჩევანი ქვეყნის სასარგებლოდ.

„პირველ რიგში, მთავარია მივიდეთ არჩევნებზე და ჩვენთვის სასურველი კანდიდატი გავაფერადოთ. ასევე დამკვირვებლობაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან ეს გვაძლევს შესაძლებლობას, დავაკვირდეთ საარჩევნო პროცესს და დავეხმაროთ მოქალაქეებს მათი ხმის დაცვაში.

მინდა ჩემს თანატოლებს მოვუწოდო, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში, იმიტომ, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ საქართველოში ბევრად უფრო დაფასდება დემოკრატიული მმართველობა. მათაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ უფრო დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყანაში იცხოვრონ. არჩევნების შემდეგ მათაც ექნებათ საშუალება იტრაბახონ იმით, რომ მათაც დადეს ერთი აგური ჩვენი დასავლური დემოკრატიის შენებაში,“ – ამბობს მათე კონჯარია.

მესამეჯერ იქნება დამკვირვებლის სტატუსით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე თორნიკე ჯავახაძე. ის აქამდე ორჯერ იყო დამკვირვებელი 2018 საპრეზიდენტო და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. თორნიკე პროფესიით ტურისტული გიდი და მთარგმნელია.

„გარდა იმისა, რომ ისედაც დაინტერესებული ვარ სოციალურ-პოლიტიკური საკითხებით, ახლა ვთვლი, რომ ამ არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე. ჩვენი ქვეყანა ახლა ერთგვარ გზაგასაყარზე დგას. ერთი არის ევროკავშირთან, ცივილიზებულ სამყაროსთან დაახლოების საშუალება, მეორე მხრივ არის ჩარჩენა იმ წუმპეში, სადაც გარკვეული ჯგუფი ამ შემთხვევაში მმართველი პარტიის სახით, ცდილობენ დაგვტოვონ.

ყველა მოქალაქემ, ვისაც მეტ-ნაკლებად აქტიურობა შეუძლია, რაღაც წვლილი მაინც უნდა შეიტანოს, რომ არჩევანი ჩვენი ერის და ჩვენი სახელმწიფოსი იყოს სწორი. ამისათვის საჭიროა არჩევნების სწორად ჩატარება და მინიმუმამდე შემცირება იმ რისკისა, რომ შეძლოს მმართველმა პარტიამ არჩევნების სათავისოდ გამოყენება. უბნებზეც და უბნის გარეთ დაკვირვება ამის პრევენციას მოახდენს,“ – ამბობს თორნიკე ჯავახაძე.

თორნიკე ხაზს უსვამს ახალგაზრდების აქტიურობის მნიშვნელობას და ამბობს, რომ ყველა ახალგაზრდა უნდა მივიდეს არჩევნებზე.

„ახლა თუ ვინმეს ბედი წყდება, წყდება ახალგაზრდების ბედიც. რადგან ჩვენი თაობა შეუჩვეველია რუსულ მმართველობას, ახალ თაობას არ გვაქვს რუსული ტიპის ქვეყანაში ცხოვრების გამოცდილება, ჩვენ ვირჩევთ დასავლეთს. რადგან ჩვენი არჩევანი დასავლეთთან დაახლოებაა, ამისთვის საჭიროა ვიაქტიუროთ და მივიდეთ არჩევნებზე.

ვისთანაც მაქვს საუბარი, ყველას ვეუბნები, რომ მივიდეს არჩევნებზე და დააფიქსიროს თავისი არჩევანი. ჩემი დაკვირვებით ახლა უფრო მეტი ახალგაზრდაა დაინტერესებული პოლიტიკით და არჩევნებით, ვიდრე აქამდე რომელიმე არჩევნებზე იყო. ისეთ საუბრებსაც შევსწრებივარ, სადაც ძალიან ქილიკობენ მმართველ პარტიაზე.

ველოდები, რომ მათი პროტესტი მხოლოდ ქილიკის დონეზე არ დარჩება და ასახვას პოვებს არჩევნების შედეგში,“ – ამბობს თორნიკე ჯავახაძე.

მოხალისე დამკვირვებლებად რეგისტრაცია გრძელდება. მოხალისედ რეგისტრაცია შესაძლებელია ელექტრონულადაც, სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე – wewote.ge

გადაბეჭდვის წესი


ასევე: