მთავარი,სიახლეები

იმიტირებული სიკვდილით დასჯა – გაეროს ანგარიში უკრაინელი ტყვეების გამოცდილებაზე

02.10.2024 •
იმიტირებული სიკვდილით დასჯა – გაეროს ანგარიში უკრაინელი ტყვეების გამოცდილებაზე

უკრაინის პროკურატურა აცხადებს, რომ პაკროვსკის მიმართულებით რუსმა ოკუპანტებმა 16 უკრაინელი ჯარისკაცი დახვრიტეს. პროკურატურა აცხადებს, რომ დაწყებულია გამოძიება სამხედრო დანაშაულის ფაქტზე.

უკრაინის პროკურატურა მიუთითებს ტელეგრამში გავრცელებულ ვიდეოკადრებზე, სადაც ჩანს, როგორ ესვრიან ავტომატის ჯერით რუსები დაჭრილ უკრაინელ სამხედროებს. პროკურატურა აცხადებს, რომ ეს ქმედება არის ჟენევის კონვენციების უხეში და ცინიკური დარღვევა და კვალიფიცირდება, როგორც მძიმე საერთაშორისო დანაშაული. განცხადება პროკურატურამ პირველ ოქტომბერს გამოაქვეყნა ტელეგრამზე.

ასევე, პირველ ოქტომბერს გამოქვეყნდა გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის ანგარიში, რომელში ნათქვამია, რომ რუსეთში უკრაინელ სამხედრო ტყვეებს სისტემატურ აწამებენ და არასათანადოდ ეპყრობიან.

მისიამ წინა, მსგავსი ანგარიში 2023 წლის მარტში გამოაქვეყნა. მას შემდეგ მისმა სპეციალისტებმა გამოჰკითხეს 169 გათავისუფლებული უკრაინელი სამხედრო, ხუთი გათავისუფლებული უკრაინელი სამედიცინო მუშაკი, და ასევე, 205 რუსი სამხედრო ტყვე უკრაინაში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ტყვეობიდან გათავისუფლებულმა 169 უკრაინელმა გაეროს ექსპერტებს უამბო წამებისა და არასათანადო მოპყრობის გამოცდილების შესახებ.

უკრაინელი სამხედრო ტყვეები აღწერენ სასტიკი ცემის, ელექტროშოკის, სექსუალური ძალადობის, დახრჩობის, იძულებითი გადაჭარბებული ვარჯიშის, ძილის ნაკლებობის, იმიტირებული სიკვდილით დასჯის, ძალადობის, მუქარისა და დამცირების ფაქტებს.

არტილერისტები და გარკვეული ქვედანაყოფების სამხედრო პერსონალი სასტიკ მოპყრობას ექვემდებარებოდნენ.

გაეროს ექსპერტებისთვის ცნობილი გახდა რუსეთის ფედერაციაში და მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სულ მცირე 38 ადგილის შესახებ, სადაც სამხედრო ტყვეებს მასობრივად სცემენ ტყვედ ჩავარდნის პირველივე დღეს, სავარაუდოდ, „სულისკვეთების გატეხის მიზნით“.

ანგარიშში დასახელებულია 69 ადგილი, სადაც დასტურდება უკრაინელი ტყვეების ყოფნა არაადამიანურ პირობებში, სადაც ტყვეებმა დაიკლეს არსებული წონის ნახევრამდე, იყო არასათანადო სამედიცინო მომსახურება, სითბოსა და ტანსაცმლის ნაკლებობა. ჰიგიენურ პირობებთან ერთად, ამ ფაქტორებმა გამოიწვია ჯანმრთელობის ხანგრძლივი პრობლემები, კბილების დაკარგვა, ტუბერკულოზი და სხვა დაავადებები.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ გაერომ ვერ იპოვა რაიმე მტკიცებულება რუსეთის ხელისუფლების მიერ რუსული სამხედროების ან ჩინოვნიკების სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ პატიმრების წამებაზე. მეტიც, რუსი პოლიტიკოსები და სამხედრო პერსონალი, მაგალითად, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი, საჯაროდ ემუქრებიან უკრაინელ სამხედროებს, მათ შორის სიკვდილით დასჯით.

გაეროს ექსპერტები ჯერ კიდევ ვერ შედიან რუსეთში და მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც პატიმრები იმყოფებიან, თუმცა კიევი უზრუნველყოფს ასეთ ხელმისაწვდომობას: ანგარიშის ავტორებს შეეძლოთ ესაუბრათ 205 რუს სამხედრო ტყვესთან უკრაინულ ბანაკებში. მათგან 104 გამოკითხული უჩიოდა წამებას – თითქმის ყველა შემთხვევაში საქმე ეხებოდა ცემას ტყვეობის ადრეულ სტადიაზე ან ოფიციალურ ბანაკებში ტრანზიტის დროს, სადაც დაკავების პირობები „შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს“.

თუმცა გაეროს მისიამ გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ ბანაკში გაგზავნამდე რუსი პატიმრები ხანდახან თვეობით რჩებიან წინასწარი დაკავების იზოლატორებში, ხან კი არაოფიციალურ „სარდაფებში“.

„უკრაინის მთავრობა აგრძელებს პირობებისა და გარანტიების გაუმჯობესებას, მაგალითად, უზრუნველყოფს პატიმრებისთვის სატელეფონო ზარებს [რუსეთში, ოჯახთან]“, – ნათქვამია ანგარიშში.

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ, ანგარიშის ავტორებს, რუსი ტყვეების ძალადობისა და მკვლელობის ფაქტზე დაწყებული ხუთი სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარე გამოძიებაზე აცნობა – 16 აგვისტოს მდგომარეობით. თუმცა, ამ გამოძიების ფარგლებში ოფიციალური ეჭვი არავის მიმართ არ ყოფილა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: