მთავარი,სიახლეები

„უფსკრულამდე ვერ გავყვები „ოცნებას“ – რას ამბობენ სოცდაუცველები, რომლებიც საარჩევნო კომისიებში დაასაქმეს

04.10.2024 •
„უფსკრულამდე ვერ გავყვები „ოცნებას“ – რას ამბობენ სოცდაუცველები, რომლებიც საარჩევნო კომისიებში დაასაქმეს

„სადაც მთავრობაა და საიდანაც დასაქმებული ხარ, არ უნდა უღალატო…“ – სიღარიბეში მცხოვრები მარინა ცეცხლაძე გვიყვება, რომ „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერ აქციაზე თბილისში  ვერ წავედი, მაგრამ ჩემი მეუღლე წავიდაო.

დასაქმებულ სოციალურად დაუცველს უჭირს საუბარი, რის გამო მოუნდა ხულოდან თბილისში სახელისუფლებო პარტიის აქციაზე წასვლა, თუმცა დასძენს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ვალშია, რადგანაც დაასაქმეს.

ახლახან ცესკომ მარინას ქმარი ხულოში, სოფელ ჩაოს საუბნო კომისაში, ნეიტრაულრ [პროფესიულ] წევრად  დასაქმა.

მარინას ხელისუფლებასთან ის დამოკიდებულება აქვს, რის მიღწევასაც „ქართული ოცნება“ ცდილობს: ანგარიშვალდებულება სახელისუფლებო პარტიასთან, რომელიც ბიუჯეტის ფულით რეალურად სიღარიბის დაძლევაზე კი არ არის ორიენტირებული, არამედ იმაზე, რომ წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის ნებაზე გავლენა მოახდინოს.

სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამა 2024 წლის არჩევნებიდან რამდენიმე თვეში – 2025 წლის აპრილში სრულდება. დასაქმებული სოცდაუცველების ზოგიერთი ოჯახის წევრი კი, საარჩევნო ადმინისტრაციაში დაასაქმეს.

რამდენად ცდილობს „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ დასაქმებულ სოცდაუცველებისა და მათი ოჯახის წევრების ნებაზე გავლენის მოხდენას? გვაქვს საქმე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან?

მარინა ცეცხლაძე

მარინა ცეცხლაძე ხულოში, სოფელ ჩაოში ცხოვრობს. ამ პატარა სოფელში სულ 65 კომლია. ძალიან დიდი კრიზისია, იცლება სოფელიო, გვიყვება მარინა და სახლის ეზოში ჩერდება, სამეზობლოს გაჰყურებს, დაცარიელებულ სახლებს ითვლის: ჩემს კუთხეში 20 სახლიდან სამში ცხოვრობენ მხოლოდო…

დაცარიელებულ სოფელში 12 სოცდაუცველი დაუსაქმებიათ. მათი დიდი ნაწილი სოფლის გზას ალაგებს, მათ შორისაა მარინაც.

„გზაზე დავდივარ ნაგვის ყუთებთან, 3-4 ურნასთან ვარ, თუ რამე დავარდნილია, ასევე ხის ტანები დაცვენილი, იმას ვიღებ და ვყრი ნაგვის ყუთებში…

დილით რომ გავდივარ, ასე 2-3 საათი მჭირდება ავლა-ჩამოვლას, რომ არ დანაგვიანდეს სოფელი. სოფელში გადასახედი გაკეთდა, დადიან ტურისტები, სუფთად რომ იყოს, ამიტომ დავდივარ,“- გვიყვება მარინა ცეცხლაძე.

გადასახედი სოფელ ჩაოში, ხულო

დაცარიელებული სოფელი ჩაო

მარინა ცეცხლაძეს სოცდაუცველების დასაქმების პროგრამაზე ვესაუბრებით, რომლის მიზანი რეალურად სიღარიბის დაძლევა იყო. რას ფიქრობენ დასაქმებულები, რომ არჩევნებიდან რამდენიმე თვეში პროგრამა დასრულდება?

„არაა მისაღები, თუ ჩერდება. სოფელში არაა ისეთი შემოსავალი, რომ ადამიანმა თავი ირჩინო,“ – სოციალურად დაუცველი გვიხსნის, რომ სოფლის დაცლის ტენდენცია ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გაძლიერდა. მარინა ცეცხლაძე გვიყვება იმასაც, რომ სოფელში ამ დრომდე საბავშვო ბაღიც არაა და ბიჭი, რომელიც საუბრის დროს აივნიდან გვიყურებს, საბავშვო ბაღის გარეშე დარჩა.

„ჩემი ბიჭი ბაღის გარეშე მყავს, ახლა აშენდა და იმედია, მოესწრება… 5 თვეც რომ მოასწროს, კარგი იქნება… სხვა სოფელში რომ გვეტარებია, დიდი მანძილია, ვერ მოვახერხეთ, ავტომანქანა არ გვყავს.

გვაქვს სიმინდი, იმასაც ნადირი გვიჭამს, თუ სადმე არ წახვედი და არ იმუშავე, ვერანაირად თავს ვერ ირჩენ.  ახალგაზრდობა მიდის… თუ ასე გაგრძელდა, სკოლაც დაიხურება, სად უნდა ვასწავლოთ ბავშვებს?“ – კითხულობს სოფელ ჩაოში მცხოვრები ქალი.

მარინა ცეცხლაძე ანგარიშვალდებულად თავს „ქართულ ოცნებასთან“ გრძნობს.

რატომ არის მისაღები „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, თუ ის ჩვენს ქვეყანას აშორებს ევროპას, გვიკეტავს გზას ევროპისკენ და გვაახლოებს რუსეთს? – ვეკითხებით დასაქმებულ სოცდაუცველს.

„რა ვიცი, პოლიტიკაში მაგდენს ვერ ვერკვევი, ნამდვილად ვერ შევერევი“, –  გვპასუხობს ის და პაუზის შემდეგ ამატებს, ეს 300 ლარი რომ არა, თავადაც მომიწევდა სოფლის დატოვება და სახლის გამოკეტვაო.

  • „მთხოვეს პარტიიდან“ – საუბნო კომისიის „ნეიტრალური“ წევრი

ხულოში დასაქმებულა მარინა ცეცხლაძის მეუღლეც – რამაზ ცეცხლაძე ხულოს მერიის ერთ-ერთ ააიპ-ში მუშაობს გარეგანათებაზე. წელს რამაზ ცეცხლაძე ჩაოს საარჩევნო უბანშიც აირჩიეს ე.წ. ნეიტრალურ წევრად, თუმცა ისიც ამბობს „ქართულ ოცნებასთან“ გრძნობს ანგარიშვალდებულებას.

„დიახ, სამთავრობოა ეს [დასაქმება], მოქმედი მთავრობა ეგაა,“ – დასაქმებულ სოცდაუცველს უკვირს, როცა ვეკითხები: რატომ ემადლიერება „ქართულ ოცნებასთან“, როცა ის ხალხის ფულს, საბიუჯეტო რესურსებს ხარჯავს, სახელმწიფო და პარტია კი, სხვადასხვა რამეა.

„მე დღეს ვხედავ, როგორი სვლა მიდის, იმ სვლას მივყვები,“ – გაღიმებას ცდილობს რამაზ ცეცხლაძე.

რამაზ ცეცხლაძე

საუბნო კომისიის წევრს ვუხსნით, რომ ის „ნეიტრალური წევრია“ და არა რომელიმე პარტიის მხარდამჭერი.

„მე ახლა იმის უფლება არ მაქვს, რომ ვაჟღერო, ნეიტრალურია ჩემი არჩევანი… ჯერ არ ვიცი, ვის დავუჭერ მხარს,“ – განმარტავს რამაზ ცეცხლაძე.

როცა „ქართული ოცნების“ გამო ევროინტეგრაციის პროცესი გაჩერდა, თქვენ რის გამო დაუჭირეთ მხარი „ქართულ ოცნებას“, როცა ამ პარტიის აქციას თბილისში დაესწარით? – ვკითხეთ სოცდაუცველს.

„მთხოვეს პარტიიდან… თხოვნა იყო, ახლა დამეხმარეო,“ – უხერხულობა დაეტყო რამაზ ცეცხლაძეს.

„მაგრამ თუ ამ პარტიას უფსკრულისკენ მიჰყავს ქვეყანა, რუსეთისკენაც გაჰყვებით?“ – ვკითხეთ ისევ საარჩევნო კომისიის წევრს.

„არა, ბოლომდე ვერ გავყვები, თუ უფსკრულამდე მიდის, უფსკრულამდე მე ვერ გავყვები, შეიცვლება ალბათ რაღაც ნიუანსები,“ – უთხრა „ბათუმელებს“ რამაზ ცეცხლაძემ.

40 ათას სოციალურად დაუცველს, ქვეყნის მასშტაბით, 2023 წელს სხვადასხვა სამუშაო გამოუძებნეს. მათი ჯამაგირი თვეში 300 ლარია. ხშირ შემთხვევაში დასაქმებულთა სამუშაოს აღწერა აჩვენებს, რომ მათი დასაქმება ფორმალურია. მაგალითად, საბჭოთა დროინდელ ტანკს ქედაში, წონიარისის ცენტრში, ორი კაცი ალაგებს, სოფელ გულებში კი, ქალი ალაგებს ოთახს, რომელიც სოფლის ცენტრში მოუწყვიათ და იქ შეკრებილი ბიჭები ჯოკერს თამაშობენ.

ჩვენს ტვინში ჩაბეჭდილია, რა მოხდება, თუ ოცნების წინაშე არასწორად მოვიქცევით“ – ეს ხელვაჩაურის სოფელ ჯოჭოში გვითხრა სოცდაუცველმა, რომელიც ასევე ნაგვის ურნებთან მუშაობს. აქ და სხვა სოფლებში დასაქმებული სოცდაუცველებმა „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ ზოგიერთი მათგანი „ქართული ოცნების“ კოორდინატორია, ასევე, თბილისში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ აქციაზე წაიყვანეს. 

სხვადასხვა სოფელში დასაქმებულ სოცდაუცველებთან გასაუბრება აჩვენებს, რომ მათ რა უნდა გააკეთონ, ეს ხელშეკრულებით კი არ არის განსაზღვრული, არამედ სოფლის თავკაცი განსაზღვრავს. მის ხელშია სოცდაუცველის ისევ უმუშევრად დარჩენაც, როგორც ეს მაგალითად, ხულოში, სოფელ კვატიაში შადიმან ხოზრევანიძის შემთხვევაში მოხდა – კაცი, რომელიც სოფლის ცენტრში ნაგვის ურნას ალაგებდა და იმავდროულად ხელისუფლების კრიტიკით დაკავდა, სოფლის თავკაცმა გაათავისუფლა. 

დასაქმების სააგენტო, რომელიც სოცდაუცველების დასაქმებაზე პასუხისმგებელი ორგანოა, კანონს არღვევს და საჯარო ინფორმაციას სოციალურად დაუცველი ადამიანების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის დეტალების შესახებ არ გასცემს. მაგალითად, რამდენი სოცდაუცველი დასაქმდა სულ ამ პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით? 40 ათასი სოცდაუცველის დასაქმების შესახებ დასაქმების სააგენტო 2023 წლის საპარლამენტო ანგარიშში წერდა. 

თუ აქამდე ეს უწყება საჯარო ინფორმაციას პროგრამის დეტალებზე არ გასცემდა, ამჯერად დასაქმების სააგენტოს პრესცენტრმა საერთოდ აღარ უპასუხა „ბათუმელების“ სატელეფონო შეტყობინებებს. ამ საჯარო დაწესებულების ოფიციალურ გვერდზე დაგვპირდნენ, დაგიკავშირდებითო, მაგრამ ეს დაპირებაც არ შესრულდა. 

  • საუბნო კომისიის ე.წ. ნეიტრალური წევრი: კომისიაში „ოცნებიდან“ ვარ… სახლთან მისასვლელი გზა თებერვლიდან არ გვაქვს

„თებერვალში ჩამოიშალა ეს გზა, ვიცი, რომ დამეხმარებიან,“ – სახლისკენ მიმავალ ბილიკზე ჩერდება და იხსენებს, როგორ გადაურჩა მეწყერს როინ შავაძე. ისიც ხულოს სოფელ ჩაოში ცხოვრობს და ჩაოს საუბნო კომისიის ე.წ. ნეიტრალური წევრია. თუმცა თავად კომისიის წევრი ამბობს, რომ კომისიაში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს.

მეწყერს მთლიანად ჩამოუშლია გზა, რომლითაც სოფელ ჩაოში ორი ოჯახი სარგებლობდა. 8 თვის გასვლის მიუხედავად, ამ ოჯახებისთვის ხელისუფლებას არც არაფერი შეუთავაზებია. არც საავტომობილო გზა აღუდგენია ვინმეს.

როინ შავაძე

„უიმედოდ არ ვარ, ვიცი, რომ დამეხმარებიან. დიდი იმედი მაქვს ბატონ ანზორის [ანზორ ბოლქვაძე – პარლამენტის წევრი], ასე მითხრა, მაგ საქმეს არ დაგიტოვებ, მაგ სამსახურშიც რომ არ ვიყოო.

უგზოობამ ძალიან გაგვირთულა ყველაფერი, იყვნენ მოსულები, მაგრამ ჯერ უნდა დადგინდეს, აქ ცხოვრება შეიძლება თუ არაო. თუ განსახლება მოხდება, გზას აღარც გამიკეთებენ. ბევრსაც ვერ ვლაპარაკობ, ზოგი დაიღუპა ამ მეწყრის გამო, მე გავასწარი და ცოცხალი ვარ. ბევრჯერ მქონდა შეხვედრა გამგეობაში, 80 პროცენტი მაქვს იმედი, რომ დამაკმაყოფილებენ“, – გვიყვება როინ შავაძე.

ამ ოჯახის შემთხვევაც აჩვენებს, რა დამოკიდებულება აქვს „ოცნების“ ხელისუფლებას მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების მიმართ: მეწყერს გადარჩენილი, საფრთხეში მიტოვებული და 8 თვე უგზოდ დარჩენილი მოქალაქე ისევ „ოცნების“ იმედადაა.

როინ შავაძე ხულოს მერიის ერთ-ერთ ააიპ-ში მუშაობს გარეგანათების ბოძებზე. მისივე თქმით, მისი ცოლი – ნანული შავაძე ააიპმა დაასაქმა სოფელ ჩაოში მოწყობილი ტურისტული ატრაქციის – გადასახედის დამლაგებლად. ნანული შავაძე შინ არ დაგვხვდა. მის შესახებ როინ შავაძე გვესაუბრა:

„300 ლარია მისი ხელფასი, ჩემი ცოტა მეტი… წელიწადში ორი ქორწილი რომ გამოიარო, 300 ლარი ჩაცმაში არ გეყოფა, შვილები მუშაობენ, ისინი ბათუმში არიან.

ნანული 5 თვე იქნება, რაც დაასაქმეს. დღეში ორი საათით ადის გადასახედზე და ასუფთავებს იქაურობას.

მე პირველად ვარ საუბნო კომისიის წევრი. ადრე დამკვირვებელი ვიყავ „ქართული ოცნებიდან“, ახლაც „ოცნებიდან“ ვარ, სწავლება გავიარე, გამოცდებიც ჩავაბარე და 15 ქულა ავიღე,“  – გვიყვება როინ შავაძე.

„ქართული ოცნებიდან“ ხართ, თუ საოლქოდან აგირჩიეს პროფესიული ნიშნით, როგორც ნეიტრალური წევრი? – ჩავეკითხეთ ჩაოში მცხოვრებ მოქალაქეს. ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, ის საუბნო საარჩევნო კომისიაში საოლქოდან არჩეული წევრია და არ წარმოადგენს რომელიმე პარტიას.

„დასაქმებული რომ ვარ, მე ისევ ჩემს გუნდში უნდა ვიყო, „ოცნებაში“, – გვიპასუხა კომისიის ე.წ. ნეიტრალურმა წევრმა.

მაშინ ნეიტრალური როგორ გამოდიხართ? – ვეკითხებით როინ შავაძეს და დამეწყრილი ეზოს კუთხეში ხის ჩრდილში ვსხდებით.

„სხვა რამე რომ დავიწყო, შეიძლება გზა და ყველაფერი, აღარ მომაქცევენ ყურადღებას, მე იმედი მაქვს მაგისა, რომ კიდევ რაღაცას გამიკეთებენ და ფეხზე დავდგები,“ – გულწრფელობა ეტყობა საარჩევნო კომისიის წევრს.

საარჩევნო კომისიის წევრს ასევე ვკითხეთ, როდის ისწავლა სარჩევნო კანონმდებლობა. „დამკვირვებელი რომ ვიყავ, ვხედავდი, ახლაც ანალოგიურია, დიდი განსხვავება არაფერი არაა,“ – გვიპასუხა როინ შავაძემ.

როინ შავაძის სახლი

ხედი როინ შავაძის ეზოდან

  • „ეს სჭირდება მთავრობას, ხმას მიაცემიებს, ხმას“ – რას ჰყვებიან ხულოში სოცდაუცველების დასაქმებაზე? 

რამდენად სჭირდებოდა სოფელს იმ სამუშაო ადგილების შექმნა წინასაარჩევნოდ, სადაც სოციალურად დაუცველი ადამიანები დაასაქმეს? – ეს სოფელ ჩაოსკენ მიმავალ გზაზე შემხვედრ გურამ გოგოლაძეს ვკითხეთ.

„მთავრობას სჭირდება, რომ ახლა გამეიყენიოს… რაში და ხმას მიაცემიებს, ხმას“ – თითით წრეს ხაზავს ჰაერში მოქალაქე და დასძენს, ამ დაცლილი სოფელში 10-15 კაცი დაასაქმესო.

გურამ გოგოლაძე

„პროგრამაში არიან, ხელფასს ღებულობენ და საქმეზე ვინმე არ არის, გაიგეთ ქართული? ხელისუფლებას ჰყავს ჩადებული ჯიბეში, მეორე მხარეს ფული აქვს, მისცემენ ამ ფულს და ესაა,“ – სოცდაუცველების დასაქმების პროგრამაზე ხულოს სოფელ დიაკონიძეებში გიორგი სოლომონიძეც გვესაუბრა.

გიორგი სოლომონიძე

გიორგი სოლომონიძე სიმსივნითაა დაავადებული. წუხს, რომ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების მხარდაჭერის ნაცვლად, ბიუჯეტის ფული არამიზნობრივად იხარჯება.

ეს მოქალაქე ყურადღებას ამახვილებს სოფლის კონკრეტულ პრობლემაზეც, რაზეც შესაძლოა სოფლად დასაქმებულმა სოცდაუცველებმა იმუშაონ.

„გზაზე რომ კაცს დანიშნავ, რათ უნდა გზას ამდენი მომსახურება? ორი კაცი მოატრიალე და გაუშვი წყლის არხზე, წყალი არ გვაქვს სოფელში… ამ სოფელში 9 – 10 არიან დასაქმებული, რას მუშაობენ, არ ვიცი, თქვენ ხედავთ რამეს? მოსაცდელს უვლიან ვითომ, რომ გაწვიმდება, იქ ვერ გაჩერდები,“ – უკმაყოფილებას არ მალავს გიორგი სოლომონიძე.

ამ სოფელში დასაქმებული სოცდაუცველები „ბათუმელებს“ იალაღებსა და ჭალებში დახვდა წასული. ერთ-ერთ მათგანს, გია სოლომონიძეს ტელეფონით დავუკავშირდით, მან გვითხრა, რომ ბეშუმშია საქმეზე და მოუცლელობის გამო ვერ გვიპასუხებს.

„გზაზე მუშაობს ჩემი მეუღლე, სხვებიც გზას ალაგებენ, მე ასე ვიცი, რასაც დაავალებს სოფლის გამგებელი, იმას აკეთებს…

რასაც ხელფასს იღებს, ის ისევ ბავშვებს სჭირდება – მეზობელ სოფელში დაგვყავს საბავშვო ბაღში, ჩვენს სოფელში საბავშვო ბაღი არაა,“ – დაგველაპარაკა დასაქმებული სოცდაუცველის მეუღლე, ცირა ცეცხლაძე.

ცირა ცეცხლაძე, სოფელი დიაკონიძეები

შინ არც ამირან სოლომონიძე დაგვხვდა. ისიც სოცდაუცველია და დიაკონიძეების საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად აურჩევიათ პროფესიული ნიშნით. ამირან სოლომონიძემ ტელეფონზე გვიპასუხა:

„წინა არჩევნებზეც ვიყავი საოლქოდან, პენსიაში ვარ და სხვაგან აღარ ვმუშაობ, რძალი მუშაობდა და ახლა ველოდები ისევ დაასაქმებენ…

ინდივიდუალურად სიმპათია გამაჩნია ხელისუფლებაზე, მაგრამ აგიტაცია-პროპაგანდა არა, ნეიტრალური ვიქნები მე. სოციალურზე კი არაა, რომ სარგებელს ვიღებთ, მთავარია ის, რომ ხელისუფლება სწორად იქცევა. მე, მაგალითად, დადებითი შეფასება მაქვს ამ ხელისუფლებაზე,“ – ნეიტრალურობის მიუხედავად, კომისიის წევრი ცდილობს „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალური დამოკიდებულება ღიად დააფიქსიროს.

„ოცნების კოორდინატორი ადრე შეიძლება ვიყავი, აღარ მახსოვს, ბოლო დროებში საოლქოდან ვარ კომისიის წევრი,“ – დაგვემშვიდობა ამირან სოლომონიძე.

ირმა პავლიაშვილი: მე შენ საარსებო საშუალებას გაძლევ, შენ ის გადაწყვეტილება უნდა მიიღო, რაც მე მომიტანს სარგებელს

„საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენება ხდება იმ თვალსაზრისით, რომ სწორედ მუნიციპალურ სერვისებში დასაქმებული პირების კეთილგანწყობის მიღებას ცდილობენ: მე შენ გარკვეულ საარსებო საშუალებას გაძლევ, საბიუჯეტო დაწესებულებაში გასაქმებ,  შენ საარჩევნო პროცესში ის გადაწყვეტილება უნდა მიიღო, რაც მე მომიტანს სარგებელს“, – ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენის მცდელობის რისკებს ხედავს იურისტი ირმა პავლიაშვილი, მას საარჩევნო გარემოს კვლევის და დაკვირვების დიდი გამოცდილება აქვს. ირმა პავლიაშვილი სამოქალაქო ორგანიზაციის „ღია სივრცე კავკასიის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია.

ირმა პავლიაშვილი მიიჩნევს, რომ ეს საკითხი შესასწავლია ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდოდ გამოყენების კუთხითაც. იურისტი განმარტავს, რომ კონკრეტულად წინასაარჩევნო პერიოდში თუ დაფიქსირდება ის, რომ იგივე დასაქმებული სოცდაუცველი იმავდროულად „ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობს – საკითხი საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა შეისწავლოს.

ირმა პავლიაშვილისთვის ცხადია ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკა: ხელისუფლება ბიუჯეტის რესურსებით ცდილობს წაშალოს ზღვარი სახელმწიფოს და პოლიტიკურ პარტიას შორის.

„უნდა გაესვას ხაზი საერთაშორისო სტანდარტებს და კოპენჰაგენის დოკუმენტის პრინციპებს, რომლითაც სახელმწიფოს და პოლიტიკური პარტიის საქმიანობა მკვეთრად გამიჯნული უნდა იყოს ერთმანეთისგან. მართალია, სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს მოქალაქეებზე, სოციალური საკითხები უნდა მოაგვაროს, თუმცა მათი გამოყენება არ უნდა ხდებოდეს საარჩევნო მიზნით.

ვხედავთ რისკებს, რომ ერთი მხრივ ადმინისტრაციული რესურსის სახით იყენებენ საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს საარჩევნოდ. საინტერესოა ისიც, რომ ამ სწორედ დაკავშირებული პირები არიან საუბნო საარჩევნო კომისიებში წარმოდგენილი,“ – გვიყვება ირმა პავლიაშვილი. იგი ყურადღებას ამახვილებს საუბარია კომისიის იმ წევრებზე, რომლებსაც საოლქო კომისიები პროფესიული ნიშნით ირჩევენ.

ირმა პავლიაშვილი

„საარჩევნო ადმინისტრაცია პასუხისმგებელია არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე, ერთგვაროვანი პრაქტიკის გამართვაზე და კანონმდებლობის სტანდარტებთან შესაბამისობაზე. მისი წევრები კი, ვალდებული არიან დაიცვან ის პრინციპები, რომელსაც ადგენს, როგორც საარჩევნო კოდექსი, ასევე საჯარო სამსახურის შესახებ კანონი და საარჩევნო ადმინისტრაციის ეთიკის კოდექსი, რომელიც საუბრობს აპარტიულ და ნეიტრალურ გადაწყვეტილებებზე.

მიუხედავად ამ ადამიანების აღქმებისა, ისინი კანონს უნდა ემორჩილებოდნენ, კანონის უზენაესობას უნდა აღიარებდნენ და არა მათი დამნიშნავი სუბიექტების. თუ მათ გადაწყვეტილებებში გამოიხატება ის, რომ არღვევენ ამ პრინციპებს, შესაბამისი პასუხისმგებლობაც უნდა დაეკისროთ. შესაძლოა, მათ დაეკისროთ პასუხისმგებლობა, რომ აეკრძალოთ საარჩევნო ადმინისტრაციაში დასაქმება.

საარჩევნო ადმინისტრაციაში დასაქმებულებმა ასევე უნდა იცოდნენ, რომ ამომრჩევლის ნების კონტროლი აკრძალული, ამომრჩევლის და მათ შორის მათი ნება თავისუფალი. მათი ნების გაკონტროლების უფლება არავის აქვს,“ – გვითხრა ირმა პავლიაშვილმა.

საოლქო კომისიებს არამხოლოდ ხულოში, ქვეყნის მასშტაბით არსად გამოურკვევიათ ე.წ. ნეიტრალური წევრების ღია კავშირები პოლიტიკურ პარტიებთან. პირიქით, საოლქო კომისიებმა ხშირ შემთხვევაში ნეიტრალურ წევრებად „ქართულ ოცნებასთან“ ღიად დაკავშირებული პირები აირჩიეს. ამ კუთხით ხელვაჩაურის საუბნო კომისიების შემთხვევაზე „ბათუმელების“ სტატია შეგიძლიათ ნახოთ აქ: „ოცნების წევრი ვარ, შეხმატკბილებულად ვიმუშავებთ“ 

  • „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“: ეს, პირველ რიგში, ამ ადამიანების ღირსებას ლახავს 

„ეს მოცემულობა, პირველ რიგში, ამ ადამიანების ღირსების ლახავს, ვინც დაასაქმეს ამ პირობებში, როცა განჭვრეტადი ისიც კი არაა, რამდენ ხანს იმუშავებენ. მათ საქმიანობას ხელშეკრულება კი არა, არამედ სოფლის გამგებელი განსაზღვრავს,“ – გვესაუბრება სალომე შუბლაძე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი.

კვლევაზე დაყრდნობით ამ ორგანიზაციაში სოცდაუცველების დასაქმების პროგრამაზე მკაფიო შეფასება აქვთ. „ეს არის სახელმწიფო რესურსების, საჯარო რესურსების გამოყენება პარტიული მიზნებისთვის. სინამდვილეში ეს რესურსი უნდა ხმარდებოდეს სიღარიბის რეალურ დაძლევას. პარტიული მოხელეების ხელშია ამ ადამიანებისთვის ინსტრუქციების მიცემა და შესაძლებელი ხდება პროგრამის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება.

აბსოლუტურად საფუძვლიანია ეს ეჭვები, რადგან ამ პროგრამის მიხედვით დასაქმებული ადამიანები ღიად გამოხატავენ ლოიალურობას, მადლიერებას „ქართული ოცნების“ მიმართ. მათ აქვთ განცდა, რომ „ქართული ოცნება“ ეხმარება. შესაბამისად, ძალიან მაღალია პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების რისკები,“ – გვითხრა სალომე შუბლაძემ.

სალომე შუბლაძე

სალომე შუბლაძე შენიშნავს, რომ იგივე სოცდაუცველებისთვის შემწეობის მიცემა ბევრად დაზღვეულია რისკებისგან, ვიდრე სოცდაუცველების დასაქმება, რაც 2022 წელს ამოქმედდა იმ პირობით, რომ სახელმწიფო სიღარიბის დაძლევას ეცდებოდა.

„შემწეობის მიცემა დამოკიდებულია აგენტის ოჯახში მისვლაზე, ქულების მინიჭებაზე და პროცედურაზე, რაც ამ პროგრამაში არ გვაქვს. რისკების სრულად დაზღვევა შესაძლოა ვერ მომხდარიყო, მაგრამ ამ შემთხვევაში ვხედავთ არა იმას, რომ, მაგალითად, ამ ადამიანების მომზადება მოხდეს დასაქმების ღია ბაზარზე გასასვლელად, რასაც მთავრობა თავის დროზე გვპირდებოდა, არამედ იმას, რომ ეს გახდა ფორმალური დასაქმება, დამატებითი გასაცემლის შესაძლებლობა სახელმწიფოსთვის, რაც ასე ემთხვევა 2024 წლის არჩევნებს.

მაშინ, როცა ადამიანი შემწეობის სახით იღებს 60 ლარს, ამ დროს 300 ლარი მისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსია. ეს ქმნის საფუძველს, რომ ხელისუფლებამ ეს დასაქმება გამოიყენოს არა იმისთვის, რომ ამ ადამიანების კვალიფიკაცია გაიზარდოს, მათ თავად შეძლონ დასაქმება და გაძლიერება, არამედ გამოიყენოს პოლიტიკური მორჩილებისთვის,“ – განმარტავს სალომე შუბლაძე.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი ღირსების საკითხს უბრუნდება ისევ:

„პრობლემა ის კი არ არის, რომ ისინი იღებენ 300 ლარს, მეტსაც უნდა იღებდნენ, მაგრამ პროგრამა უნდა იყოს სამართლიანი, თავად ამ დასაქმებულებისთვის ეს არ არის სამართლიანი მოპყრობა: რადგან სოცდაუცველია, ესე იგი, მას პოლიტიკური არჩევანი შეზღუდული აქვს?

ეს არ არის საჩუქარი და არ არის ვალი, რომელიც უნდა დააბრუნონ. ბიუჯეტიდან გასული ფული უნდა ხმარდებოდეს იმას, რომ მათი სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. დღეს ეს რესურსი გამოიყენება უკანონოდ და უსამართლოდ კონკრეტული პარტიის საარჩევნო მიზნებისთვის“.

___

მასალა მომზადებულია „სოციალური სამართლიანობის ცენტრთან“ თანამშრომლობის ფარგლებში

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: