მთავარი,სიახლეები

რა შემთხვევაში ვერ უშველის არჩევნების გაყალბება „ოცნებას“ – ინტერვიუ

30.09.2024 •
რა შემთხვევაში ვერ უშველის არჩევნების გაყალბება „ოცნებას“ – ინტერვიუ

„შეუძლებელია არჩევნების გაყალბების გარეშე „ოცნებამ“ არჩევნები მოიგოს. არჩევნების გაყალბებაც ვერ უშველით, რადგან ხალხი გამოვა და გადათელავს ამ ხელისუფლებას,“ – ამბობს რომან გოცირიძე, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი და ეკონომისტი.

პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მმართველი პოლიტიკური ძალა არჩევნებს გააყალბებს და ამ გზით შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას, „ოცნება“ ვერ დარჩება ხელისუფლებაში, რადგან ხალხი ამის უფლებას არ მისცემს.

გთავაზობთ ინტერვიუს რომან გოცირიძესთან.

  • ბატონო რომან, რა შემთხვევაში ვერ უშველის არჩევნების გაყალბება „ოცნებას“ ?

შექმნილი ვითარება, გეოპოლიტიკური გარემო, რუსეთის უკრაინაში აგრესია, აქედან გამომდინარე საქართველოს ხელისუფლების პირდაპირ მოღალატეობრივი ქცევა, რუსეთის მეგობარ ქვეყნებში ჩაწერა – იცით, რომ რუსეთმა გამოაქვეყნა არამეგობრული ქვეყნების სია და მათ შორის არაა საქართველო.

ბოლო პერიოდის საშინელი განცხადებები, რომ ბოდიში უნდა მოვუხადოთ ოს და აფხაზ თანამოქალაქეებს, მაგრამ თავიდანვე ჩანდა, რომ ბოდიში უნდა მოგვეხადა რუსეთისთვის. ამას დამატებული წარუმატებლობა ყველა მიმართულებით, ტოტალიტარული რეჟიმის დამყარების მცდელობა რუსული კანონის სახით. ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, წარმოუდგენელია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვოს მნიშვნელოვანი გაყალბების გარეშე.

ერთადერთი, რაც „ქართულ ოცნებას“ შეიძლება დახმარებოდა, ეს იყო ოპოზიციის დაქუცმაცებული გასვლა არჩევნებში, მაგრამ ოპოზიციამ გამოიჩინა კეთილგონიერება და გარდა ერთი-ორი ახირებული პარტიისა, რომლებიც აუცილებლად დარჩებიან გარეთ (1 %-ზე მეტს აიღებენ), ყველამ შეძლო 4 მსხვილ ოპოზიციურ ბლოკში გაერთიანება.

სამწუხაროდ, მეორე მაშველი რგოლი „ოცნებისთვის“ არის წარმატებული პროპაგანდა ომთან დაკავშირებით. დღეისათვის ყურებადი არხი „იმედია“, მოგვწონს თუ არა ეს. შემდეგ მოდის სხვა სამთავრობო არხები – „რუსთავი 2“, „პოსტივი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. ამ პროპაგანდას ვერაფერი დაუპირისპირა ოპოზიციამ. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ოპოზიციური არხები, ეს თემა ვერ გადატეხეს პატარა ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობაში. დიდი ქალაქები ოპოზიციურია, მაგრამ პატარა ქალაქებში პროპაგანდა მძლავრობს.

ყველა დიდ ქალაქში წააგო პროპორციული არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ და შემდეგ მანიპულაციებით მიიწერა გამარჯვება. ახლა გაცილებით დიდი იქნება ოპოზიციის უპირატესობა მსხვილ ქალაქებში. „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ლოგიკით უნდა წააგოს, მიუხედავად ამ ომის საფრხის პედალირებისა, იმდენი დანაშაული და შეცდომა აქვთ ჩადენილ-დაშვებული.

დღეს რომ „ოცნებამ“ მოიგოს არჩევნები, კატასტროფა იქნება, პირდაპირ რუსეთს მიგვიერთებენ.

  • რას ეტყოდით იმ ამომრჩეველს, რომელიც არ აძლევს ხმას „ოცნებას“, ევროკავშირში გაწევრიანება მისთვის პრიორიტეტია, თუმცა აქვს შიში, რომ მაინც „ოცნება დარჩება“, რადგან გააყალბებს?

„ქართული ოცნება“ აყალბებდა ყველა არჩევნებს, მაგრამ „ოცნებას“ ყველა მოგებული არჩევნები არ მოუგია გაყალბების გამო.

„ქართულმა ოცნებამ“ მოიგო ყველა წინა არჩევნები, გვინდა თუ არა ამის აღიარება. ოღონდ გააჩნია გაყალბების ხარისხს და რა უპირატესობას აძლევდა გაყალბებით დამატებული მანდატები.

ისმის კითხვა, თუ გაყალბებული იყო არჩევნები, რატომ არ მოჰყვა მას მასობრივი პროტესტი? მოჰყვა ისეთი პროტესტი, რომელიც სწრაფად ჩაცხრა. ყველაფერი დამოკიდებულია ხალხზე, ამომრჩეველზე. ამომრჩეველი ყოველთვის გრძნობს, სად მოუვიდა ზედმეტი ხელისუფლებას.

ამომრჩეველი აუცილებლად იგრძნობს, რომ არჩევნები მოგებული იქნა გაყალბების ხარჯზე. ანუ გაყალბების ზომამ მიაღწია ისეთ მასშტაბს, რომელმაც ხელისუფლების არ დათმობა გამოიწვია და რომ არა გაყალბება, მოიგებდა ოპოზიცია. ამას ამომრჩეველი ორგანულად გრძნობს და ამ მომენტში იფეთქებს.

წინა წლებში, რამდენი მოწოდებაც არ უნდა გაეკეთებინა ოპოზიციას პროტესტზე, ამ აქციებზე მოდიოდა ოპოზიციის მოყვანილი ხალხი. მთავარი ბარომეტრი ის არის, რომ თბილისი მილიონიანი ქალაქია. პროტესტზე ნაწილი მაინც უნდა გამოდიოდეს. მაგალითად, როგორც მოხდა რუსული კანონის დროს, როდესაც პარტიების როლი იყო უმცირესი და 90 % აქციაზე მიმსვლელი იყო გულწრფელად აღშფოთებული ადამიანი. იქ იყო ევროპული მომავლის წართმევის საფრთხის გამო გამოხატული გულწრფელი პროტესტი.

  • რა შემთხვევაში არ შერჩება „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გაყალბება?

იმ შემთხვევაში, თუ გაყალბებით ისინი დარჩებიან ხელისუფლებაში და არა ის ვარიანტი, რაც დღემდე ხდებოდა – გაყალბებით მეტ მანდატებს იღებდნენ, მაგრამ გაყალბების გარეშეც იგებდნენ არჩევნებს.

მაგრამ თუ ხელისუფლებაში დარჩენის ფაქტორი გახდა გაყალბება, მაშინ, რა თქმა უნდა, ხალხი გამოვა და გადათელავს ამ ხელისუფლებას.

მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო დამკვირვებლების როლი. როგორი სიტყვებით შეაფასებენ ისინი არჩევნებს.

შეაფასებენ ასე – „არჩევნები ჩატარდა დარღვევებით, მაგრამ არსებითად შედეგზე გავლენა არ მოუხდენია“ ან მეორე, რაც დაიწერა შევარდნაძის არჩევნების დროს, რომელმაც ვარდების რევოლუცია გამოიწვია. შევარდნაძის არჩევნები არ ჩათვალეს ლეგიტიმურად, ისე, როგორც არ ითვლება ლეგიტიმურად ბელარუსის და რუსეთის არჩევნები. უდიდესი მნიშვნელობა ექნება მათ მიერ დაწერილი შეფასების ფორმულირებას.

  • ყველაზე მეტი ხმა „ოცნებამ“ მიიღო 2012 წელს -1 181 862-მა (54,97 %) ადამიანმა დაუჭირა მხარი. ამის შემდეგ ყველა არჩევნებზე კარგავდა ამომრჩეველს. მაგალითად, 928 004-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა 2020 წელს, ხოლო 824 755 ხმა მიიღო 2021 წელს. 2024 წლის არჩევნებზე წინა არჩევნების შედეგების გათვალისწინებით და ასევე იმის, თუ როგორ დააზიანა მმართველმა პარტიამ ქვეყნის ევროპული მომავალი, რა შედეგი შეიძლება დადოს „ოცნებამ?“

2012 წლიდან 2024 წლამდე მნიშვნელოვნად შემცირდა აქ ხმის მიმცემი ამომრჩევლის რიცხვი. ეს ადამიანები წავიდნენ უცხოეთში, ასეულ ათასობით. მათი უდიდესი ნაწილი უკმაყოფილო ხალხია და შეგვიძლია ოპოზიციის მომხრედ მივიჩნიოთ. ამან დაასხა „ქართული ოცნების“ წისქვილზე წყალი. ვინაიდან, უცხოეთში წასული ჩვენი მოქალაქეებიდან 2020 წლის არჩევნებში მხოლოდ 12 ათასმა მიიღო მონაწილეობა ანუ უცხოეთში მცხოვრები ჩვენი ემიგრანტების მხოლოდ 1%-მა.

დანარჩენი ხალხი სადაა? ეს ხალხი არის საარჩევნო სიაში, მაგრამ არჩევნებში მოდის 2 მილიონი და რეალურად არის 3,6 მილიონი. სად არის ეს მილიონ ექვსასი ათასი?

მხოლოდ 2023 წელს საქართველოდან გავიდა 164 ათასი ადამიანი. ეს ხომ ამომრჩეველია? ეს არის სამუშაო ძალა, რომელიც დაკარგა საქართველომ და აშშ-ში გადავიდა, ან მექსიკის საზღვრით, ან ევროპაში დარჩა არალეგალურად.

„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში 2012-2023 წლებში 800 ათასმა ჩვენმა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა. აქედან უცხოეთში დარჩა  316 500-ით მეტი მოქალაქე, ვიდრე დაბრუნდა. შედარებისთვის, კახეთის მოსახლეობა არის 303 ათასი. ფაქტობრივად ერთი კახეთი დავკარგეთ ამათი მმართველობის დროს.

„ოცნებას“ აწყობს, რომ უმუშევრები და ოპოზიციურად განწყობილები წავიდნენ. ამასთან, ამ ადამიანებს არ უხსნიან საარჩევნო უბნებს საზღვარგარეთ.

გაცილებით პატარაა მოლდოვა საქართველოსთან შედარებით და მოლდოვამ უცხოეთში 228 საარჩევნო უბანი გახსნა, ხოლო საქართველოს გახსნილი აქვს 60 უბანი, ოთხჯერ ნაკლები, მაშინ როცა ჩვენი მოსახლეობა მეტია, ვიდრე მოლდოვის. რეალურად „ოცნების“ ინტერესია ქვეყანა დაიცალოს, რადგან უკმაყოფილო ხალხი ტოვებს ქვეყანას.

  • თქვენი ვარაუდით და წინა არჩევნებზე დაკვირვებით, გაყალბების გარეშე რა შედეგის მიღება შეუძლია „ოცნებას?“

რეალური არის ის, რომ წარმოუდგენელია ამ ვითარებაში მოიგონ, მიუხედავად იმისა, რომ მათზე მოქმედებს რამდენიმე ფაქტორი – ომი და ომის საფრთხის პროპაგანდა, 800 ათასამდე ჩვენი მოქალაქის უცხოეთში წასვლა, რომელთა დიდი ნაწილი ოპოზიციურადაა განწყობილი და რომელთაც ხმის მიცემის უფლება წაართვეს, რადგან უბნებს არ უხსნიან. და, რა თქმა უნდა, მაღალი საარჩევნო ბარიერი.

მაგრამ არსებული განწყობილებით და საერთაშორისო კლიმატით, ეს ფაქტორებიც კი ვერ უშველის „ქართულ ოცნებას“. ანუ მათი მაშველი არის გაყალბება. გაყალბების გარეშე „ქართული ოცნება“ არჩევნებს ვერ მოიგებს. შექმნილ ვითარებაში არ არის საკმარისი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ მაშველი რგოლებით ისარგებლოს.

  • წინა მოწვევის პარლამენტში „ოცნებას“ ჰყავდა 30 მაჟორიტარი. ახლა ეს გარანტირებული მანდატები გამოეცალა. რა შანსს აძლევს ეს ფაქტორი ოპოზიციას, მეტი ხმა მიიღოს?

რა შეიცვალა 2020 წელთან შედარებით ოპოზიციის სასარგებლოდ? ორი რამ – ერთი ის, რომ პირდაპირ ღალატის გზას დაადგა „ქართული ოცნება“, იმ წარმოუდგენელი ნაბიჯებით, რაც გადადგა დასავლეთის წინააღმდეგ, ამასთან რუსეთს მხარი დაუჭირა და მეორე, 30 მაჟორიტარის, ფეოდალური სისტემის გაუქმება. ეს არის მნიშვნელოვანი დადებითი ფაქტორი, რომ „ქართული ოცნება“ ვერ დარჩეს ხელისუფლებაში.

  • 5 %-იანი ბარიერი რა გავლენას მოახდენს ამ არჩევნების შედეგებზე?

ეს არის ძალიან მძიმე ბარიერი. ორი პარტია, რომელიც 1 %-ზე მეტს აიღებს და პირობითად ახირებულები ვუწოდოთ, ესენი არცერთ ბლოკში არ შევიდნენ და ამ პარტიების ხმები ოპოზიციისთვის პირდაპირ დაკარგულია. არჩევნების შემდეგ ამ ხმებს გადაინაწილებს „ოცნება“ და ოპოზიცია. მაგრამ ეს უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე ის, რომ ესენი რომელიმე ბლოკში შესულიყვნენ.

  • რამდენიმე დღის წინ დაწერეთ, რომ „არ ყოფილა საქართველოს არჩევნების ისტორიაში, მაღალი ბარიერის შემთხვევაში ოთხ ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტს დაეძლიოს ბარიერი“. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ამ 4 ოპოზიციური კოალიციიდან ერთი მაინც ბარიერს მიღმა დარჩება?

საქართველოს არჩევნების ისტორიაში, მაღალი ბარიერის პირობებში როცა ჩატარდა არჩევნები და ასეთი არჩევნები იყო 7, არ ყოფილა შემთხვევა, რომ ოთხ ოპოზიციურ ბლოკს გადაელახოს ბარიერი. უფრო მეტიც, სულ ორჯერ მოხდა, რომ სამი ოპოზიციური ბლოკი შევიდა პარლამენტში. უფრო ჩვეულებრივი სქემა იყო, იმარჯვებდა ერთი პარტია, რომელიც სახელისუფლებო ხდებოდა და მეორე, რომელიც ოპოზიციაში აღმოჩნდებოდა. ბევრჯერ ყოფილა, როცა მხოლოდ ორი სუბიექტით იყო პარლამენტში პოლიტიკური ძალები წარმოდგენილი.

ამიტომ ოთხი ოპოზიციური ბლოკის შემთხვევაში არის რისკი, რომ ერთი რომელიღაცა პარლამენტს გარეთ დარჩეს. ეს ნიშნავს, ამ ხელისუფლების ძალაუფლების შენარჩუნებას.

დიდი ალბათობით, ყველა ოპოზიციური ბლოკი გადალახავს ბარიერს, მაგრამ ფაქტია, რომ რისკები არსებობს.

ბარიერი ძალიან სარისკოა, თუმცა ოპოზიციამ მაინც მოახერხა, იმ რაოდენობით მოეზიდა პოლიტიკური პარტიები, რომ რისკი მინიმუმამდე დასულიყო.

  • თქვენი აზრით, რამდენად აქვთ ეს რისკები გაცნობიერებული ამ ოპოზიციურ დაჯგუფებებს და რისი გაკეთება შეიძლება ამ რისკების დასაზღვევად?   

ეს ყველამ  ძალიან კარგად იცის. ამ რისკების დასაზღვევად იყო ყველას სურვილი, რომ გაერთიანებულიყო „ლელო“ და გახარიას პარტია, მაგრამ ძალიან გვიან დაიწყო პროცესი. ტექნიკურად, სამართლებრივად, პოლიტიკურად, ფინანსურად თუნდაც როცა ამდენია დახარჯული ამა თუ იმ ბლოკის ნომრის ცნობადობის ასამაღლებლად, ეს იყო შეუძლებელი.

გაერთიანებაზე მოლაპარაკებები თუნდაც ერთი თვით ადრე რომ დაწყებულიყო, მეტი დრო რჩებოდა მოლაპარაკებებისთვის. ამიტომ ახლა რომელიმე მხარის დადანაშაულება არ იქნება სწორი.

  • ყველა პოლიტიკური მიმომხილველი ამბობს, რომ ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში „ოცნება“ საქართველოს გადააქცევს იზოლირებულ, ღარიბ, რუსეთზე დამოკიდებულ ქვეყნად. თქვენი აზრით, რამდენად აქვს ეს ამბავი გათავისებული რიგით ამომრჩეველს?  

სამწუხაროდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის რისკები არ აქვს გაცნობიერებული ყველას, თუ რამდენად ცუდი შეიძლება ეს იყოს. „ოცნების“ დარჩენა  იქნება საერთაშორისო იზოლაციის დასაწყისი.

ყველა საერთაშორისო დახმარება შეწყდება. მაგალითად, 800 მილიონი დოლარი ჩაგვირიცხა სავალუტო ფონდმა, რომ ლარი არ განადგურებულიყო. ამის მეშვეობით შეინარჩუნა ლარმა მდგრადობა. მსგავსი რამ არასდროს მოხდება იზოლირებულ ქვეყანაში. მათ შორის შეჩერდება ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც აქამდე ხორციელდებოდა.

იზოლირებულ ქვეყანაში ძალიან გართულდება გზების და გვირაბების გაყვანა. უვიზო მიმოსვლა გაჩერდება. ფაქტობრივად, საქართველოს მოქალაქე ვიზას ვერ მიიღებს. წინათ კი იყო დიდი რიგები ვიზებზე, თვეობით, მაგრამ ის რიგები საოცნებო გაგვიხდება. ვინაიდან ნებისმიერი განაცხადი ვიზის მიღებაზე ამ ქვეყნების საკონსულოების მიერ იქნება აღქმული როგორც იქ დარჩენა და უკან არ დაბრუნება.

ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება ქვეყანა და რუსეთი მძლავრად შემოაბიჯებს საქართველოში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: