მთავარი,სიახლეები

აშშ-სთან პარტნიორობა გადამწყვეტია საქართველოში აუტისტური სპექტრის ბავშვებისა და ოჯახებისთვის  

06.10.2024 •
აშშ-სთან პარტნიორობა გადამწყვეტია საქართველოში აუტისტური სპექტრის ბავშვებისა და ოჯახებისთვის  

ავტორი: ნათია კაპანაძე

___

თამარ ბიბილაშვილი სპეციალური განათლების მასწავლებელია, უკვე 21 წელია ამერიკაში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს სოციალიზაციისთვის საჭირო უნარების გამომუშავებაში ეხმარება, ასევე ასწავლის მშობლებს არჩევანის გაკეთებას ბავშვების სასარგებლოდ.  

რა როლი აქვს სახელმწიფო პოლიტიკას აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების და ოჯახების ცხოვრებაში? – გთავაზობთ ინტერვიუს თამარ ბიბილაშვილთან ამერიკული გამოცდილების და მოქმედი კარგი პრაქტიკის შესახებ. 

  • ქალბატონო თამარ, გვიამბეთ თქვენზე, რას საქმიანობთ ამერიკაში?

მე სპეციალური განათლების მასწავლებელი ვარ და უკვე 21 წელია ამერიკაში აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს ვეხმარები საზოგადოებასთან ინტეგრაციაში. საქართველოში  ფიზიკოსი ვიყავი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი და ამერიკაში მწვანე ბარათიც სწორედ ჩემი ძირითადი საქმიანობით მივიღე, როგორც ექსტრაორდინარმა მეცნიერმა. მოხდა ისე, რომ ამ განსაკუთრებული ბავშვების გამო სპეციალურ განათლებაშიც გავაკეთე მასტერის (მაგისტრის) სამეცნიერო ხარისხი და პროფილი შევიცვალე.

2003 წლიდან ვმუშაობ საჯარო განათლების სპეციალურ სკოლაში სპეციალური განათლების მასწავლებლად 5-12 წლის ასაკის ბავშვებთან, ხოლო 2005 წლიდან პარალელურად ადრეული ჩარევის სააგენტოებში (Early Intervention) სპეციალური განათლების ინსტრუქტორად 0-3 წლის ბავშვებთან. 

ინტერესი ამ ბავშვების მიმართ აღმეძრა ჯერ კიდევ 80-იან წლებში, როდესაც გავიგე, რომ ცნობილი ამერიკელი მსახიობის, სილვესტერ სტალონეს შვილს სპექტრი დაუდგინდა. მაშინ პირველად გავიგე ეს ტერმინი. ჩემი ინტერესი კი გაღრმავებული იყო იმით, რომ მეორად ფაკულტეტზე ფსიქოლოგიის საგანი მქონდა არჩეული.

ადრეულ წლებში საქართველოში აუტიზმის სპექტრის ბავშვებზე ინფორმაცია ნაკლებად იყო გავრცელებული. ამ ბავშვებს ამა თუ იმ მიზეზის გამო ძირითადად სახლებში ამყოფებდნენ და საზოგადოებრივ ადგილებში ნაკლებად აჩენდნენ. მინდა აღვნიშნო, რომ დღეს, მიუხედავად  ამ სფეროში წინ გადადგმული დიდი ნაბიჯებისა, სამწუხაროდ, ეს დამოკიდებულება სპექტრის ბავშვებთან მეტ-ნაკლებად ისევ აღინიშნება. ამის მიზეზი კი საზოგადოებაში არსებული მცდარი შეხედულებებია. 

ძალიან ვბრაზდები, როცა აუტიზმის სპექტრის ბავშვებს ავადმყოფებს უწოდებენ. სინამდვილეში ისინი არიან კომუნიკაციის განსხვავებული უნარების მქონე ბავშვები. ჩემი მიზანია, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები, რომელთაც მე „ვარსკვლავებად“ ვთვლი, გავხადო დამოუკიდებელი ბავშვები და ცხოვრებისთვის წარმატებულ გზაზე დავაყენო. 

  • შეგიძლიათ ჩვენ მკითხველებს გააცნოთ, რა როლს ასრულებს ამერიკა, როგორც სახელმწიფო განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების და მათი ოჯახების ცხოვრებაში? 

აუტიზმის სპექტრის ქოლგაში შედიან ბავშვები, ვისაც აქვთ ასპერგერის სინდრომი (Asperger’s syndrome), ქენერის სინდრომი (Kanner’s syndrome), რეთის სინდრომი (Rett syndrome, ბავშვთა დეზინტეგრაციული დარღვევა (Childhood Disintegrative Disorder CDD), ტიპური განვითარების დარღვევა (Pervasive Developmental Disorder Not Otherwise Specified PDD-NOS). აღნიშნული სპექტრები იყოფიან სამ ჯგუფად: მაღალფუნქციური, დაბალფუნქციური და კლასიკური აუტიზმის სპექტრის  ბავშვები.  

ამერიკის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ სახელმწიფო მთავარ როლს ასრულებს ამ ბავშვების განვითარების პროცესში. ბავშვთა სრული სოციალიზაციისთვის ბრძოლა აქ არ არის დაკავშირებული მშობლების სამედიცინო ცოდნასა, თუ მათ ფინანსურ შესაძლებლობებთან (განსხვავებით საქართველოსგან).

მართალია, საქართველოში არის უფასო სახელმწიფო პროგრამები, მაგრამ მოიცავს მხოლოდ ასეთი ბავშვების მცირე რაოდენობას. სახელმწიფო პროგრამების მიღმა დარჩენილი ბავშვები დამოკიდებული არიან მშობლების ფინანსურ მდგომარეობაზე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ყველა შტატს თავისი რეგულაცია აქვს – წარმატებული პროგრამების რაოდენობით ნიუ ორკის და კალიფორნიის შტატები ლიდერები არიან.

ამერიკაში აუტიზმის სპექტრის ბავშვების განათლებას ასაკის მიხედვით ემსახურება სხვადასხვა ორგანიზაცია და სააგენტო. კერძოდ: 0-3 წლის ასაკში ადრეული ჩარევის სააგენტოები (early Intervention), 3-5 წლის ასაკში სკოლამდელი სპეციალური სააგენტოები (CPSE), 5-21 ასაკში სპეციალური განათლების საჯარო სკოლები. ეს ყველაფერი უფასოა მშობლებისთვის და სწავლება ფინანსდება სახელმწიფო დაზღვევისა და სახელმწიფო განათლების სისტემის მიერ.

21 წლის ზემოთ, არსებობენ შესაბამისი დაწესებულება-ორგანიზაციები, რომლებიც ბავშვებს ეხმარებიან კოლეჯში ჩაბარებას ან მათ განაწილებას სხვადასხვა სამუშაო ადგილებში. 

ბავშვთან ადრეული ჩარევის სააგენტო (Early Intervention) იწყებს მყისიერ მუშაობას მშობლების მიმართვის შემდეგ, როდესაც მშობელი შეამჩნევს რომ მისი ბავშვი არ ფუნქციონირებს ტიპური განვითარების შესაბამისად, ან  ვითარდებოდა და მერე  უცბად დაიწყო უკუქცევა, ან თუ პედიატრი აძლევს რეკომენდაციას მიმართოს სააგენტოს. 

აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვის შემდგომი განვითარებისათვის ადრეულ ჩარევას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. 

სააგენტოსთვის მიმართვის შემდეგ ბავშვის მდგომარეობის შეფასებას იწყებს მულტიდისციპლინური გუნდი. გადაფასების შემდეგ ბავშვს მისი საჭიროების მიხედვით ენიშნება:

  • სპეციალური განათლების ლიცენზირებული ინსტრუქტორის მიერ ჩატარებული გაკვეთილები (სპეცგანათლების ლიცენზირებული მასწავლებელი) კვირაში 1-20 საათის რაოდენობით.  გამონაკლის შემთხვევაში, ეს შეიძლება 35 საათსაც კი აღწევდეს.
  • ოკუპაციური და ფიზიკური თერაპევტების მიერ ჩატარებული კვირაში 30-წუთიანი 1-3 თერაპიები
  • ლოგოპედის სერვისები კვირაში 30 წუთიანი 1-5 თერაპიები. მასწავლებლები  ბავშვს თერაპიებს უტარებენ მშობლის სურვილის მიხედვით ან სახლში ან საბავშვო ბაღში. ეს ყველაფერი არის უფასო, რომელსაც სახელმწიფო ჯანდაცვა აფინანსებს.

მინდა ხაზი გაუსვა, რომ აუტიზმის სპექტრის ბავშვებში თუ ჩარევა მოხდება ადრეულ, „ოქროს“ 0-3 წლის დიაპაზონის ასაკში, ჩემი პირადი გამოცდილებით შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ბავშვების 95-97% ახერხებს კომუნიკაციის სირთულეების გადალახვას და მდგომარეობიდან გამოსვლას. ასეთი ადრეული ჩარევა მაღალი შესაძლებლობაა ბავშვი გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.

სამი წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, თუ საჭიროა, რომ ბავშვს გაუგრძელდეს სერვისები, მაშინ ბავშვთან მუშაობას განაგრძობენ სახელმწიფო განათლების სისტემის მიერ დაფინანსებული სკოლამდელი სპეციალური სააგენტოები (CPSE) და ასევე სახელმწიფო დაზღვევა.

სსგ სააგენტოებში თავიდან გადაფასების შემდეგ ბავშვს უდგება ინდივიდუალური სასწავლო/განათლების პროგრამა (IEP), რომელიც ზუსტად ასახავს ბავშვის მდგომარეობას და სასწავლო გეგმას, რომლის მიხედვითაც უნდა იმუშაოს მასწავლებელმა. პროგრამის შედგენისას მშობელს აქვს უფლება მოითხოვოს იმ უნარ-ჩვევების სწავლების დამატება, რომელსაც თვითონ თვლის მნიშვნელოვნად ბავშვის კეთილდღეობისთვის. 

ბავშვთან ამჯერად უკვე კვირაში 7-10 საათის მუშაობენ.ასევე ოკუპაციური, ფიზიკური და ლოგოპედის სერვისები – კვირაში არაუმეტეს 5 თერაპია 30 წუთით. ამის პარალელურად, ბავშვს დამატებით ენიშნება განათლების სერვისები კვირაში 35-40 საათი.

ამ შემთხვევაში ბავშვებთან მუშაობენ არა სახელმწიფო განათლების მიერ სპეციალური განათლების ლიცენზირებული მასწავლებლები, არამედ მასწავლებლის დამხმარე ასისტენტი ან პიროვნება, რომელსაც მხოლოდ სკოლის დიპლომი აქვს, თუმცა გავლილი აქვს შესაბამისი ტრენინგები.

დაზღვევა ასევე უზრუნველყოფს პირადად მშობლის დახმარების სერვისს კვირაში 30-40 საათით, საშინაო საქმეებში, შოპინგში თუ სხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში. სურვილის შემთხვევაში მშობელს შეიძლება ჰყავდეს სოცმუშაკი და ფსიქოლოგი. ყველა ეს სერვისიც უფასოა. 

5 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, თუ ბავშვს კვლავ სჭირდება სერვისები, ის ამჯერად სწავლას აგრძელებს სპეციალური განათლების სკოლაში, განახლებული ინდივიდუალური განათლების პროგრამით და ჯდება მისი განვითარების შესაბამის კლასში, სადაც რჩება 21-22 წლამდე.

  • როგორ შეადარებდით აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების და მათი ოჯახების მხარდაჭერის ამერიკულ და ქართულ სახელმწიფო პოლიტიკას?  

ვწუხვარ, რომ ამერიკული გამოცდილების გაზიარებასთან დაკავშირებით ცუდი გამოცდილება მაქვს. 2010 წელს საქართველოში გაიხსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული აუტიზმის ცენტრი არაჩვეულებრივი ადამიანის, ქალბატონ  სოფიო კერესელიძის მეთაურობით. ეს ცენტრი გარკვეული პერიოდი მეტად პროდუქტიული აღმოჩნდა სპექტრის ბავშვებისთვის.

სამწუხაროდ, შემდგომში სახელმწიფოს მიერ არასათანადო ხელშეწყობის გამო მოვლენები სხვანაირად განვითარდა. ქალბატონი სოფიო დღესაც ცდილობს შეუქმნას აუტიზმის სპექტრის ბავშვებს განვითარებისთვის სათანადო გარემოებები. იმედია, ამჯერად სახელმწიფო ხელს შეუწყობს მის წამოწყებებს.

2012 წლის დასაწყისში საქართველოს განათლების სამინისტროს გავუგზავნე წერილი, რომ მე და ჩემი კოლეგები ამერიკიდან მზად ვიყავით უსასყიდლოდ ჩავსულიყავით საქართველოში და  ჩაგვეტარებინა ტრენინგები ამერიკული სასკოლო სისტემის გამოყენების და დანერგვის შესახებ. წერილში მითითებული მქონდა საკონტაქტო ტელეფონები და ელექტრონული ფოსტები. გული მწყდებოდა, რომ გადიოდა დრო და არავითარი გამოხმაურება ჩემს წერილს არ ყოფილა.

ქალბატონ სოფიოს ენთუზიაზმითა და წარმატებებით ინსპირირებული, იმავე წელს, გვიან შემოდგომაზე ვეწვიე თბილისს. შეხვედრები მქონდა განათლების სამინისტროში ძალიან მაღალი რანგის პირებთან, სადაც ისევ გამოვთქვი ჩემი და ჩემი კოლეგების მზადყოფნა უსასყიდლოდ დახმარებაზე.

სამწუხაროდ, მივიღე მეტად არასერიოზული პასუხი. კერძოდ: წერილი განიხილებოდა შეყოვნებით იმიტომ, რომ თურმე ეს შემოთავაზება ხუმრობა ეგონათ.

მიუხედავად ასეთი პასუხისა, შეხვედრაზე მაინც გავაცანი ამერიკაში სპეცგანათლების სკოლების სწავლების სისტემა და განვუმარტე სპეცკლასების ტიპები/კლასიფიკაცია. რადგან იმ დროს  საქართველოში აქცენტი ძირითადად ინკლუზიური ტიპის კლასების გახსნაზე იყო გაკეთებული, ვეცადე ამეხსნა, როგორი ტიპის ბავშვებისთვის იქნებოდა ეს კლასები წარმატებული და ვისთვის პირიქით – დამღუპველი. 

მოგვიანებით გავიგე, რომ კლასების შექმნისას ჩემი არანაირი რჩევები არ გაითვალისწინეს, რამაც შემდეგში გამოიწვია სპექტრის ბავშვების უკუსვლა. ამ შეხვედრით დამთავრდა ჩემი ურთიერთობა იმ დროს განათლების სამინისტროს თანამშრომლებთან. სამწუხაროდ, საქართველოში დღესაც არ არსებობს ცალკე სპეციალური განათლების სკოლა, რომელიც სხვადასხვა ტიპის აუტიზმის კლასებით იქნებოდა დაკომპლექსებული.

ამერიკაში არსებობს რამდენიმე სახის სპეციალური განათლების კლასები. ეს კლასები კომპლექსდება ბავშვების აუტიზმის სპექტრის სიმძიმის და ფიზიკური განვითარების მიხედვით. 

  1. 12:1:4 ანუ 12 ბავშვი: 1 მასწავლებელი: 1 მასწავლებლის ასისტენტი, (მაღალ ფუნქციონალური ბავშვები, ვისაც ქცევითი პრობლემები აქვთ);
  2. 12:1:1 ანუ 12 ბავშვი: 1 მასწავლებელი: 4 მასწავლებლის ასისტენტი. (დაბალფუნქციური ბავშვები ფიზიკური შეზღუდვების დამატებით);
  3. 6:1:1 ანუ 6 ბავშვი: 1 მასწავლებელი: 1 მასწავლებლის ასისტენტი (კლასიკური აუტიზმის სპექტრის ბავშვები);
  4. 8:1:1 ანუ 8 ბავშვი: 1 მასწავლებელი: 1 მასწავლებლის ასისტენტი. (მაღალ ფუნქციონალური  ბავშვები  უფრო მეტი ქცევითი პრობლემებით, ვიდრე 12:1:1 ის ბავშვებს აქვთ);
  5. 8:1:2 ანუ ბავშვი:1 მასწავლებელი: 2 მასწავლებლის ასისტენტი. (ბავშვები, ვისაც სერიოზული ქცევითი და ემოციური დარღვევები აქვთ);
  1. 15:1:1  ანუ  15 ბავშვი:1 მასწავლებელი :1 მასწავლებლის ასისტენტი. [მაღალფუნქციური ბავშვები ვისაც მცირეოდენი ქცევითი დარღვევები აქვთ]
  2. ინტეგრირებული კლასი სადაც ორი მასწავლებელი, სპეცგანათლების და  რეგულარული განათლების ერთდროულად იმყოფებიან კლასში, და  ამავე დროს სპეცბავშვების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს  კლასის 40% ან არ უნდა იყოს 12 ბავშვზე მეტი. (მაღალფუნქციური ბავშვები)
  3. ინკლუზიური კლასი სადაც სპეცბავშვი ესწრება რეგულარულ კლასის გაკვეთილებს დამხმარე ასისტენტით  ან  მის გარეშე და ამავდროულად ცალკე ჰყავს სპეცმასწავლებელი, კლასის გარეთ. (მაღალფუნქციური ბავშვები).

ამერიკის საჯარო სპეციალურ სკოლებში ბავშვების კვება უფასოა. ბავშვებს ეძლევათ საუზმე და ლანჩი. ზაფხულში კი, თუ ეს სკოლა 12 თვიანი სწავლების არაა, მაშინ ეძლევათ უფასო კვების ვაუჩერები და ასევე საცხოვრებლის მიხედვით შეუძლიათ მიაკითხონ გარკვეულ სკოლას უფასო საუზმისა და ლანჩისთვის.

ამერიკაში მომუშავე მასწავლებლებისგან განსხვავებით, ქართველ მასწავლებლებს უძნელდებათ აუტისტური სპექტრის ბავშვებთან მუშაობა, რადგანაც არ არსებობს არც ზემოთ ჩამოთვლილი კლასის ტიპები და არც სათანადო ოდენობის მასწავლებლის ასისტენტები, რომლებიც უდიდეს როლს ასრულებენ სასწავლო პროცესში. 

მაქვს კარგი ამბებიც. გაზაფხულზე საქართველოდან მეწვივნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან არსებული ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემიის დირექტორი, ქალბატონი ნინო ოქროსაშვილი და მისი ორი თანამშრომელი – ქეთი დიაკონიძე და მარიამ კოხრეიძე. სამი არაჩვეულებრივი სპეციალისტ – სპეცპედაგოგები, რომლებიც მუშაობენ აუტიზმის სპექტრის ბავშვებთან აღნიშნულ აკადემიაში. 

ნიუ ორკის სპეციალური განათლების მინისტრის თანხმობის შემდეგ მომეცა საშუალება სტუმრებისთვის გამეცნო ნიუ ორკის სპეცსკოლებში სწავლების ტექნიკა/მეთოდები. ისინი პირადად დაესწრნენ  თითქმის ყველა ტიპის კლასის მუშაობას. სტუმრებს გავაცანით ისეთი სკოლის მუშაობის პროგრამაც, სადაც ბავშვები  სპეციალისტდებიან გარკვეულ სამუშაო უნარ-ჩვევებში და სკოლის დამთავრების შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, გარანტირებული აქვთ სამუშაო ადგილები.

სპეცბავშვები სკოლაში 21-22 წლამდე რჩებიან. 21 წლიდან კი არსებობს დასაქმების პროგრამები აუტისტური სპექტრის ადამიანებისთვის, რომლებიც ეხმარებიან ან კოლეჯებში სწავლის გაგრძელებაში ან იმ სამუშაოების მოძებნაში, რომლებიც მათ შესაძლებლობასა და ინტერესებზე მორგებული.

  • შეგიძლიათ გვიამბოთ უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის შესახებ ამერიკაში?

სპეციალური განათლების ბავშვებს აქვთ წვდომა განათლების რესურსებზე – არსებობენ დაწესებულება/პროგრამები, რომლებიც ეხმარებიან ბავშვებს კოლეჯის მოძებნასა თუ სამსახურის დაწყებაში. სულ ახლახან კი გამოვიდა რეგულაცია, რომ განათლების 75-ე დისტრიქტის ბავშვებს (აუტიზმზე და მულტი შეზღუდვებიან ბავშვებზე ორიენტირებული განათლების განყოფილება) ეძლევათ კოლეჯში მოხვედრის საშუალება, თუნდაც მხოლოდ აპლიკაციის შევსების საფუძველზე, განსხვავებით სხვა მოსწავლეებისაგან, ვინც კოლეჯში მისაღებად კონკურსში იღებენ მონაწილეობას. 

კოლეჯებში განათლების მიღება უფასო არაა, მაგრამ არსებობს უამრავი ფონდები, რომლებიც უზრუნველყოფენ განათლების მიღებას მინიმალურ ფასებში. 

  • ასისტენტის როლზე რას გვეტყვით?

მათ მასწავლებელთან ერთად უნდა დაგეგმონ გაკვეთილები, შეარჩიონ სწავლების მეთოდი თუ ტექნიკა თითოეული ბავშვისთვის, განსაზღვრონ სწავლის საუკეთესო ფიზიკური გარემოება და ასე შემდეგ. მასწავლებლის ასისტენტი ასევე ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში ბავშვს გაუწიოს დახმარება გადაადგილებაში, კვებასა თუ პირადი ჰიგიენის მოგვარებაში. მასწავლებელი სწავლის დროს ასისტენტს აძლევს ზუსტ მითითებას და აკონტროლებს მის შესრულებას.

ბავშვის წარმატებისათვის აუცილებელი პირობაა, რომ სახლში მშობელმა და სხვადასხვა პროგრამის მასწავლებლებმა გააგრძელონ მოთხოვნების და სწავლების იგივე ტაქტიკა. მშობლების როლი ბავშვის ცხოვრებისთვის საჭირო უნარების გამომუშავებაში აქაც გადამწყვეტია. ბავშვის წარმატებით განვითარებისათვის მშობელი, მასწავლებელი და ასისტენტი უნდა შეადგენდნენ ერთ მყარ გუნდს. 

  • დამხმარე სპეციალისტის ანაზღაურების შესახებ გკითხავთ ქალბატონო თამარ, რამდენად მნიშვნელოვანია მისი კვალიფიკაცია და ანაზღაურება?

სპეციალურ საჯარო სკოლებში მასწავლებლის ასისტენტებს საკმარისია ჰქონდეთ სკოლის ატესტატი და ასევე ჩაბარებული ჰქონდეთ ორი, ზეპირსიტყვიერი და წერილობითი გამოცდა ზოგად, ელემენტარულ უნარ-ჩვევებში. შტატიანი თანამშრომლების ხელფასი ვარირებს განათლების და  სკოლაში მუშაობის სტაჟის მიხედვით, წელიწადში $29700-$36000 ოდენობით.

ასევე არსებობენ მასწავლებლის ასისტენტის შემცვლელები – მათი დღიური ანაზღაურება $177-ია.  ისევე, როგორც სკოლის მასწავლებლის ასისტენტებს, ასევე დაზღვევით დაფარული პროგრამების (3-5 წლის პროგრამები) დამხმარე პირებსაც საკმარისია ჰქონდეთ მხოლოდ სკოლის ატესტატი და განვლილი სათანადო ტრენინგები. მათი ანაზღაურება ვარირებს საათში $19-$30 ფარგლებში.

დამხმარის როლი დასაფასებელი, ერთ-ერთი ძირითადი რგოლია სწავლების პროცესში. მე, პირადად, მყოლია 12-ბავშვიანი კლასები, სადაც 12 დამხმარე მყავდა. მინდა აღვნიშნო, რომ ეს სპეციფიკური სამუშაოა. 

  • სახელმწიფო როგორ ზრუნავს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებზე, როგორ ახერხებენ ოჯახები ცხოვრების ჩვეული რეჟიმის შენარჩუნებას?

ამერიკაში  მშობლები ითვალისწინებენ მასწავლებლების რჩევებს, ჰყავთ დამხმარეები ბავშვის სასწავლო თუ  საოჯახო საქმეებში. ჰყავთ სოციალური დამხმარეები, რომლებიც ეხმარებიან მშობლებს გამოწვევების გააზრებაში და თუ საჭიროა ფსიქოლოგიური კონსულტანტებიც ერთვებიან საქმეში. ყველა ეს ხალხი მშობელს ეხმარება ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნებაში.

  • გაჯეტების გამოყენებაზეც გკითხავთ – ეს საკმაოდ დიდი გამოწვევაა საქართველოსთვისაც.  

ჩემი უდიდესი თხოვნა და რეკომენდაციაა მშობლებისათვის, რომ აუტიზმის სპექტრის ბავშვებს შეეზღუდოთ ელექტრონულ საშუალებებზე უსასრულო წვდომა. ეკრანის შეუზღუდავად ყურებამ შეიძლება ბავშვი აგრესიული და ჰიპერაქტიური გახადოს. სასურველია ეს დრო დავიყვანოთ დღეში 5 – 10 წუთზე და მოიცავდეს ძირითად შემეცნებით გადაცემებს.

  • როგორ ხედავთ ამერიკასთან, როგორ პარტნიორ ქვეყანასთან თანამშრომლობის საჭიროებას აუტისტური სპექტრის ადამიანების კეთილდღეობისთვის? 

ეს პარტნიორობა არის გადამწყვეტი საქართველოში აუტისტური სპექტრის ბავშვების და ოჯახების კეთილდღეობისთვის. როცა ვამბობთ კი ევროპას და არა რუსეთს, აუტისტი ბავშვების ბედითაც უნდა განვსაზღვროთ ჩვენი არჩევანი. ერთ მხარესაა რუსეთი, რომელიც აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანებს „ავადმყოფებად“ მიიჩნევს და მეორე მხარესაა ამერიკული და ევროპული სპეციალური სკოლები, რომლებსაც ადრეული ასაკის ჩარევიდან დაწყებული ადამიანზე ზრუნვის და მხარდაჭერის უდიდესი გამოცდილება აქვს. 

სწორედ ამერიკული ცოდნის გააზრებით, ჩვენი ამერიკული სპეციალისტების გუნდი ქალბატონ ნინო ოქროსაშვილის გუნდთან ერთად ვგეგმავთ საქართველოში პირველი სპეციალიზებული სკოლის აშენება-გახსნას. იმედია, სახელმწიფო ამჯერად  გაითვალისწინებს ამ წამოწყების უდიდეს მნიშვნელობას და მხარში ამოუდგება ინიციატორებს. ასევე გამოწვევაა აუტიზმის სპექტრის ბავშვების გადაადგილება, არ არის დანიშნული მათთვის უფასო სასკოლო ავტობუსები და სხვა. 

  • საქართველოში ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე გვინდა გკითხოთ, მონაწილეობთ არჩევნებში? რა წყდება ამ არჩევნებით განსაკუთრებული საჭიროების ბავშვებისთვის?  

არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებ, თუ საკონსულო ამის შესაძლებლობას მომცემს, რადგან აღმოვაჩინე, რომ მოხსნილი ვარ რეგისტრაციიდან მეტად უცნაური და მცდარი მიზეზის გამო. კერძოდ: თურმე საქართველოში დავრჩენილვარ 6 თვეზე მეტი, რაც აბსურდია (სიცილი). ამჟამად  ვცდილობ რეგისტრაციის აღდგენას.  

საქართველოში ადამიანებმა უნდა გაიაზრონ, რომ აუტიზმის სპექტრის ბავშვები საზოგადოების ისეთივე სრულყოფილი წევრები უნდა გახდნენ, როგორც სხვები. ამ ბავშვებს პოლიტიკის დონეზე უნდა მიენიჭოთ პრიორიტეტი. აუცილებელია შეიქმნას ადრეული ჩარევის სააგენტოები სახელმწიფო დაფინანსებით, უნდა არსებობდეს სპეციალიზებული სკოლები აუტიზმის  სპექტრის მოზარდებისთვის და დაწესებულებები, რომელიც მათ უზრუნველყოფს სამუშაო ადგილებით თუ კოლეჯებით სკოლის დამთავრების შემდეგ. 

უნდა მიექცეს ყურადღება ამ ბავშვების გადაადგილების სატრანსპორტო საშუალებებს და ასევე ადაპტირებული იქნეს საჯარო სივრცეები. სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანების ბედი, მათი ცხოვრების და სიცოცხლის ხარისხი სახელმწიფოზეა დამოკიდებული. 

  • კვების საკითხზე გკითხავთ – იცით, რომ საქართველოში საჯარო სკოლებში ბავშვებს არ კვებავენ. აქ როგორ წყდება კვების საკითხი?

ამერიკის სკოლებში კვება უფასოა. ბავშვებს დილით ეძლევა ორი ტიპის ცივი თუ ცხელი საუზმე. ეს საუზმე შეიძლება იყოს მყარი იმ ბავშვებისთვის, ვისაც ყლაპვის პრობლემა არა აქვთ და ფაფა, ვისაც   ყლაპვის პრობლემა აქვთ. 12 საათზე არის ცივი/ცხელი ლანჩი, ბავშვზე მორგებული რაციონით. აკრძალულია მიწის თხილის კარაქი ალერგიულობის გამო და ასევე რელიგიის პატივისცემის გამო, აკრძალულია ღორის ხორცი.

  • ყველა აღფრთოვანებული ვართ ერთი ცნობილი ვიდეოთი, როცა აუტისტი სტუდენტი ამთავრებს სკოლას. მართლა ასეთი ტოლერანტულია საზოგადოება ამერიკაში?

დიახ, ამერიკაში ნამდვილად ტოლერანტულია საზოგადოება აუტიზმის სპექტრის ადამიანების მიმართ. მსგავსი ამბები რეალობაა. ვისურვებდი ყველამ ნახოს ბეისბოლის სტადიონზე აუტისტი ბიჭის გამხნევების ვიდეოც, როგორ უსმენს საზოგადოება მას, როგორ ამხნევებს და ეხმარება ინტეგრაციაში. სინამდვილეში ეს საზოგადოების თითოეული წევრის მაღალ შეგნებასა და პასუხისმგებლობაზე მეტყველებს. 

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მშობლებს მივმართო: ნუ შეგეშინდებათ, თუ რაიმეს დაინახავთ ბავშვში უცნაურს. თუ თქვენი შვილი არ საუბრობს, ნუ იფიქრებთ: „გაიზრდება და ილაპარაკებს“, ნუ დააყოვნებთ ბავშვის განვითარებაში ჩარევას. ყველას გთხოვთ, ბავშვებს მიეხმაროთ გამოწვევის გათავისებაში. ესენი არიან საოცარი ბავშვები, თავიანთი სამყარო აქვთ, ჩვენ ძალიან ხშირად ვერ ვხედავთ ამ ვარსკვლავების ნათებას. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: