მთავარი,სიახლეები

„ოცნების“ მილიონერების სია საპარლამენტო არჩევნებისთვის

01.10.2024 •
„ოცნების“ მილიონერების სია საპარლამენტო არჩევნებისთვის

„ოცნების“ სია მილიარდერი ექსპრემიერით, ბიძინა ივანიშვილით იწყება, სიის ნახევარზე მეტი კი მილიონერია, რომლებიც ბიზნესში უფრო წარმატებულნი არიან, ვიდრე პოლიტიკაში. მოქმედი პარლამენტარებიდან უმეტესობა, რომლებიც პოლიტიკაში ბიზნესიდან მივიდნენ, სხდომებს არ ესწრებოდნენ, თუ ესწრებოდნენ, არ აქტიურობდნენ.

„ოცნების“ ახალი სახეები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სიის მიხედვით პოპულარული სპორტსმენები და ხელოვანებიც არიან, მეტწილად კი ბიზნესიდან მოსული პოლიტიკოსები. მათგან უმეტესობა მილიონერია.

„ოცნების“ სიაშია მილიონერი ბიზნესმენი შოთა ბერეკაშვილი. BK constraction-ის დამფუძნებელი მე-16 ნომრად ჩაწერეს. მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს და რუსეთის მოქალაქეც არის. ბერეკაშვილი კიდევ რამდენიმე კომპანიის დამფუძნებელი და თანამფლობელია. სამშენებლო ბიზნესშია 2017 წლიდან, 2003-2009 წლებში მუშაობდა „ბიქეი კაპიტალის“ აღმასრულებელ დირექტორად მოსკოვში, 1999 წლიდან 2003 წლამდე კი საინვესტიციო საბანკო სექტორში ნიუ იორკსა და ლონდონშიც უმუშავია.

პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვიდა და მილიონერია ზაალ დუგლაძეც. ზაალ დუგლაძე ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის ბიზნესპარტნიორია. აქვს ღვინის ბიზნესი. „გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრ, ზაალ დუგლაძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 8 მილიონზე მეტი ლარი მიიღეს.

„ოცნების“ სიაშია მოქმედი პარლამენტარი გოჩა ენუქიძე. ის ორჯერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ორჯერ „ქართული ოცნების“  წარდგენით გახდა ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატი. გოჩა ენუქიძე მილიონერია. ის რამდენიმე კომპანიის მფლობელი და თანამფლობელია. მისი ერთ-ერთი კომპანია ბათუმში, ზღვასთან ახლოს, ცათამბჯენებს აშენებს.

გოჩა ენუქიძე და მისი ოჯახი რამდენიმე კომპანიისა და დიდძალი უძრავი ქონების მფლობელები არიან. მისივე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ენუქიძე ასევე ფლობდა „ტესლას“ აქციებსაც.

ილია ინჯია მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატის და ბიზნესმენ ფრიდონ ინჯიას ვაჟია. მამა, ფრიდონ ინჯია, მილიონერია. ფრიდონ ინჯია და მისი მეუღლე ფლობენ უძრავ ქონებას თბილისში, ბათუმში, კასპში, მარტვილში. მისივე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ინჯიას დანაზოგი რუსულ ბანკებშიც აქვს. მართვაში გადაცემული წილებიდან გასულ წელს ფრიდონ ინჯიას მეუღლემ მილიონზე მეტი ლარი მიიღო შემოსავლის სახით.

სიაშია ბიზნესმენი ვასილ ჩიგოგიძეც, ისიც მილიონერია. ის ერთ-ერთია მილიონერ დეპუტატებს შორის, რომელიც 2020 წელს, როცა პარლამენტის წევრი გახდა, უკვე ფლობდა არაერთ უძრავ ქონებას თბილისში, ბაკურიანსა და საგურამოში.

გიორგი ჭყონია და მისი პარტნიორები წლებია „ოცნების“ შემწირველები არიან. ის ერთ-ერთია იმ ბიზნესმენებს შორის, ვინც 2022 წელს, აჭარის მთავრობასთან ერთად იმყოფებოდა კუნძულ მალიორკაზე. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ეს ვიზიტი სწორედ ბათუმელმა ბიზნესმენებმა დააფინანსეს.

გიორგი ჭყონიას კომპანიები: შპს „გზა“, შპს „ბათუმი ცენტრალი“ და შპს „შატო კვირიკე“ აქტიურად მონაწილეობენ სახელმწიფო შესყიდვებში, საიდანაც 2011-2023 წლებში, შემოსავლის სახით, მიიღეს 335 მილიონ 638 ათას 719 ლარი.

გიორგი ჭყონიამ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა მმართველ პარტიას და საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, ჯამში 1 394 000 ლარი შესწირეს. ბიზნესმენის საქმიანობაზე დეტალურად წაიკითხეთ აქ. 

2016 წლიდან 2023 წლის ჩათვლით პირადად გიორგი ჭყონიამ „ქართულ ოცნებას“ ჯამში 400 000-ზე მეტი ლარი შესწირა.

კორუფციის მკვლევრები დიდი ხანია მისი მხრიდან სახელმწიფო რესურსების საეჭვო გამოყენების ფაქტებზე წერენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის მიხედვით, გიორგი ჭყონია ფლობს 20 კომპანიის წილს და ხელმძღვანელობს 3 კომპანიას. ეს კომპანიები, თავის მხრივ, ფლობენ სხვა კომპანიების წილებს.

გიორგი ხახუბია მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი 2023 წელს გახდა, შუალედური არჩევნების შედეგად, როგორც ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი. ამ ოლქში არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გიორგი ხახუბიას მამა, დეპუტატი ირაკლი ხახუბია სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

პარლამენტში  შესვლამდე გიორგი ხახუბია მუშაობდა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში და საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში. ხახუბია ერთ-ერთია მილიონერ დეპუტატებს შორის – მისი და მისი მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული არაერთი უძრავი ქონება თბილისში, ბაკურიანში, ფოთში, ჩოხატაურში, ბათუმში.

„ოცნების“ სიაში არიან მილიონერები:

  • ისკო დასენი,
  • გოდერძი ჩანქსელიანი,
  • გიორგი ბარვენაშვილი,
  • ანზორ ბოლქვაძე და სხვები.

ანზორ ბოლქვაძე არაერთხელ მოხვდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევაში, როგორც სავარაუდო კორუფციასთან დაკავშირებული პირი. მაგალითად, 2021 წელს „გამჭვირვალობამ“ გამოაქვეყნა კვლევა „მაჟორიტარობის 13 წელი და 13 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო შესყიდვებიდან ანზორ ბოლქვაძის ოჯახს და ახლობლებს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: