„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის ტელევიზიაში დებატებისთვის ეთერის დათმობას ითხოვს. კოალიციის განმარტებით, საეთერო დროში „ოცნების“ კანდიდატებს დებატებში იწვევენ. ოპოზიცია დებატებში იწვევს აჭარის უმაღლესი საბჭოს „ოცნების“ სიის პირველ ნომერს, თორნიკე რიჟვაძეს და პარლამენტარ ანზორ ბოლქვაძეს, რომელიც ისევ დეპუტატობის კანდიდატია „ოცნებიდან.“
„ახლოვდება 26 ოქტომბერი, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია მოისმინოს ყველა პარტიის პროგრამა. ვინაიდან ცოტა დრო რჩება არჩევნებამდე, მოვუწოდებთ საზოგადოებრივ მაუწყებელს – აჭარის ტელევიზიას, დაიგეგმოს დებატები, როგორც საპარლამენტო, ასევე უმაღლესი საბჭოს კანდიდატების მონაწილეობით ცალ-ცალკე.
დებატებში ვიწვევთ პარლამენტის გაჩუმებულ დეპუტატს, ანზორ ბოლქვაძეს, რომელსაც ბონდო თედორაძე აჩვენებს, როგორი უნდა იყოს პარლამენტარი. ვიწვევთ აჩიკო ბერიძეს, რომელიც დღემდე სადღეგრძელოებით შემოიფარგლება. მას ლევან ანთაძე აუხსნის, რა არის მნიშვნელოვანი ბათუმისთვის, გაგვცეს პასუხი, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას რუსულ კანონზე და მის შედეგებზე. – ასევე მოვუწოდებთ თორნიკე რიჟვაძეს, გაბედოს და დებატებში დაუჯდეს ელგუჯა ბაგრატიონს“, აცხადებენ კოალიციაში.






