მთავარი,სიახლეები

შსს-მ სპეცრაზმის ლანჩისთვის 88,5 ათასი ლარი დახარჯა 28 მაისის აქციის დროს

31.05.2024 •
შსს-მ სპეცრაზმის ლანჩისთვის 88,5 ათასი ლარი დახარჯა 28 მაისის აქციის დროს

თბილისში 28 მაისს ანტირუსული საპროტესტო აქციის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელებისთვის, მათ შორის სპეცრაზმისთვის, 10 000 კომპლექტი ლანჩის ნაკრები ტენდერის გარეშე შეისყიდა.

ლანჩში სამინისტრომ ჯამში 88 500 ლარი დახარჯა, თუმცა, ვის გადაუხადა თანხა, უცნობია. შესაბამისი ხელშეკრულება შესყიდვების პორტალზე არ იძებნება და მას არც სამინისტრო ასაჯაროებს.

„გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ 2024 წლის 28 მაისს ქ. თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვა ევალებოდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს, რომელთა უზრუნველყოფაც ლანჩის ნაკრებით წარმოადგენდა საჭიროებას.

კვებით უზრუნველყოფის გარეშე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები ვერ უზრუნველყოფენ მათზე დაკისრებული მოვალეობის სათანადოდ შესრულებას.“ – წერს შსს შესყიდვების სააგენტოს.

28 მაისს, მოქალაქეთა პროტესტის ფონზე, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. პოლიციის დანაყოფებმა კი ამ დღეს დეპუტატების პარლამენტში შესვლა და მათი იქედან „უსაფრთხოდ“ გამოსვლა უზრუნველყვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს 8 მაისს ტენდერიც ჰქონდა გამოცხადებული 200 ათასი ლარით ლანჩის შესყიდვაზე, თუმცა ეს ტენდერი სამინისტრომ შეწყვიტა.

ვრცლად: სპეცრაზმის ლანჩისთვის 200 ათასი ლარით გამოცხადებული ტენდერი შსს-მ შეწყვიტა

ანტირუსული აქციები თბილისში 2024 წლის აპრილიდან იმართება.

აქციების პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის შენობის მიმდებარედ მობილიზებული პოლიციელებისა და სპეცრაზმელების ლანჩისთვის, 28 მაისის ჩათვლით, ჯამში 753 744 ლარი დახარჯა. აქედან ტენდერით მხოლოდ 150 ათასი ლარი, დანარჩენი კი უტენდეროდ – გამარტივებული წესით.

ლანჩის შესყიდვის დღე, კომპლექტის რაოდენობა და გადახდილი თანხა [დოკუმენტებზე დაყრდნობით]:

  • 15 აპრილს – შესყიდულია 3 200 კომპლექტი ლანჩის ნაკრები – გადახდილია 28 640 ლარი
  • 17 აპრილს – 6 000 კომპლექტი – 53 100 ლარი
  • 19 აპრილს – 200 კომპლექტი – 1 770 ლარი
  • 20 აპრილს – 500 კომპლექტი – 4 425 ლარი
  • 21 აპრილს – 500 კომპლექტი – 4 425 ლარი
  • 28 აპრილს – 2 450 კომპლექტი – 21 682.5 ლარი
  • 1 მაისს – 9 800 კომპლექტი – 82 816 ლარი
  • 2 მაისს – 6 220 კომპლექტი – 52 323 ლარი
  • 11-12 მაისს – 18 400 კომპლექტი – 162 840 ლარი
  • 13 მაისს – 5 500 კომპლექტი – 48 675 ლარი
  • 14-15 მაისს – 15 600 კომპლექტი – 139 950 ლარი
  • 28 მაისს – 10 000 კომპლექტი – 88 500 ლარი

ვრცლად: სპეცრაზმის ლანჩისთვის შსს-მ დამატებით 665 000 დახარჯა – ისინი აქციებს ხშირად არბევენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2019 წლიდან დღემდე პერიოდში გამარტივებული წესით გაფორმებული არცერთი ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე არ იძებნება. შესაბამისად, უცნობია ვისთან გააფორმა შსს-მ ხელშეკრულებები ამ პერიოდში.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ „ბათუმელებს“ ზოგადი პასუხი მოგვწერა, რომ ტექნიკური შეფერხებაა, რის გამოც „ზოგიერთი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადებულ ცალკეულ ხელშეკრულებებზე წვდომა“ შესყიდვების პორტალზე ვერ ხერხდება.

„ხარვეზების იდენტიფიცირების დროიდან ხორციელდება საჭირო ტექნიკური სამუშაოები, რაც მოითხოვს ხანგრძლივი დროის პერიოდს.“ – გვწერს სააგენტო.

გამოდის, რომ „ხანგრძლივი დროის პერიოდის“ გასვლამდე ვისთან გააფორმა/გააფორმებს ხელშეკრულებებს შსს, უცნობი დარჩება, რადგან ხელშეკრულებები არც პორტალზე ჩანს და მათ ასლებს არც შსს იძლევა.

ამასთან, შსს-ს ინფორმაცით სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას წარმოადგენს ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საშტატო ნუსხაც, აქედან გამომდინარე კი, სამინისტრო არ ასაჯაროებს სპეცრაზმელთა რაოდენობას, რომელიც 2023 წლის მარტის მოვლენების შემდეგ გაზარდა.

შს სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ „შეკრების/მანიფესტაციის დროს მუშავდება უსაფრთხოების სამოქმედო გეგმა, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ან მის მიერ უფლებამოსილი პირი სახელმწიფო საიდუმლოების მოთხოვნათა დაცვით. სამოქმედო გეგმაში, სხვა საკითხებთან ერთად, აისახება შემდეგი მონაცემები: სპეციალური ღონისძიების განხორციელების ადგილზე მყოფი ხელმძღვანელი პირების მონაცემები; სპეციალური ღონისძიების პროცესში მონაწილე სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების რაოდენობა, მათი ფუნქციები და მოქმედებათა თანამიმდევრობა; სპეციალური ღონისძიების ჩატარებისთვის სამინისტროს შესაბამისი პასუხისმგებელი პირი/პირები; პირადი შემადგენლობის რაოდენობა; დანაყოფების აღჭურვილობა და სხვა.“

შესაბამისად, შსს ზემოთ აღნიშნულ მონაცემებსაც არ ასაჯაროებს.

  •  რა ხდება?

28 მაისს „ქართულმა ოცნებამ“ დაძლია პრეზიდენტის ვეტო და მიიღო რუსული კანონი, რომელიც საქართველოში დამოუკიდებელ, კრიტიკულ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს გაქრობას უქადის.

კანონის განხილვა-დამტკიცების პერიოდში თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ანტირუსული საპროტესტო აქციები არ შეწყვეტილა. 28 მაისს ორგანიზატორებმა საპროტესტო აქციების გაგრძელება დააანონსეს.

ამ თემაზე:

____________________

მთავარი ფოტო: კადრები პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან / 28.05.2024

გადაბეჭდვის წესი


ასევე: