უკრაინის დაზვერვა: რუსეთი 24 თებერვალს უკრაინაზე „გამარჯვების“ გამოცხადებისთვის ემზადება

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, 24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის სამი წლისთავზე, რუსეთი ემზადება უკრაინისა და ნატოს წინააღმდეგ ომში გამარჯვების გამოცხადებისთვის და გეგმავენ ფართომასშტაბიან პროპაგანდისტულ დეზინფორმაციულ კამპანიას.

„რუსეთი ემზადება გამოაცხადოს, თითქოს „გაიმარჯვა“ უკრაინის წინააღმდეგ ომში 2025 წლის 24 თებერვლის „მრგვალი თარიღისთვის“, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მესამე წლისთავისთვის.

უფრო მეტიც, აღნიშნული გეგმები შესაძლოა ასევე მოიცავდეს „რუსეთის გამარჯვებას ნატოზე“, რადგან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოსკოვის პროპაგანდა უკრაინის წინააღმდეგ ომს ალიანსთან ომად აღწერდა“ – წერია უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებაში.

როგორც უკრაინული დაზვერვა აღნიშნავს, რუსეთის პროპაგანდისტული არმია და სპეცსამსახურები, კრემლის ბრძანებით, აძლიერებენ ძალისხმევას უკრაინის საზოგადოებაში კონფლიქტების გაღვივებისა და უიმედობის დასათესად. მათი მიზანია მოახდინოს ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაცია და უკრაინის დისკრედიტაცია იმ პარტნიორების თვალში, რომლებიც კრიტიკულ სამხედრო სამხედრო დახმარებას უწევენ ქვეყანას.

დაზვერვის ცნობით, უახლოეს მომავალში რუსი პროპაგანდისტები უფრო აქტიურად გაავრცელებენ ისეთ ნარატივებს, როგორიცაა: „დასავლეთმა უღალატა უკრაინას“, „ევროპელების და უკრაინელების მოსაზრებები არ ადარდებს არც მოსკოვს და არც ვაშინგტონს“, „აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ ყველაფერზე უკრაინის ზურგს უკან“, „უკრაინის მთავრობა უკანონოა“, „უკრაინის არმია ფრონტზე აგებს“, „კორუმპირებული უკრაინელი ჩინოვნიკები უკრაინაში იპარავენ ამერიკული დახმარების მილიარდობით დოლარს“ და ა.შ.

____________

ფოტო 2022 წლის არქივიდან

ქობულეთის სოფლებში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღწევს

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში თოვლის საფარი 40-50 სანტიმეტრს აღწევს.

დეპარტამენტის ცნობით, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა მიმდინარეობს.

„ამ ეტაპზე შეზღუდულია ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელ გზებზე საავტომობილო მოძრაობა, თუმცა ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდის სამუშაოები. ეტაპობრივად ყველა მიმართულება გაიწმინდება.

ხელვაჩაურის და ქედის მუნიციპალიტეტებში ყველა მიმართულებაზე მიმდინარეობს საავტომობილო გზების გაწმენდა.

ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელ გზებზე მოძრაობა თავისუფალია და გრძელდება მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა“ – წერს დეპარტამენტი.

აჭარაში თოვა გუშინ, 20 თებერვალს დაიწყო. სინოპტიკოსების ცნობით, თოვა კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 თებერვლის 21 საათიდან 22 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით თოვა, ზოგან ძლიერი; მაღალ მთაში შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 1 – 6 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 4 გრადუსი ყინვა – 1 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 2 – 7 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა: 4 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 23 და 24 თებერვალს შენარჩუნებული იქნება თოვა, ზოგან ძლიერი; მოსალოდნელია ქარის გაძლიერება 17-22 მეტრ/წამამდე, ზღვის ღელვა 5-6 ბალი.

 

 

მთავარი ფოტო: ბათუმი, 21 თებერვალი, 2025 წელი

ნარკოდანაშაულისთვის 22 პირია დაკავებული, მათ შორის 12 ნარკორეალიზატორია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 22 პირი დააკავეს, მათ შორის 12 ნარკორეალიზატორია.“

სამინისტროს განცხადებით დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, ბელარუსის, უკრაინის, იორდანიისა და თურქეთის მოქალაქეები: „პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.“

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „ჰეროინი“, „ბუპრენორფინი“, „ექსტაზი“, „სუბოქსინი“, „მეტადონი“, „ამფეტამინი“, „მეფედრონი“, „ალფა-პვპ“ და „მარიხუანა“ ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად არის ამოღებული სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები.“ – აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 261-ე, 18-273-ე პრიმა, 19-273-ე პრიმა და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

 

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 863 860 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 280]
  • ტანკი – 10 146 ერთეული [+12]
  • ჯავშანტექნიკა – 21 130 ერთეული [+18]
  • საარტილერიო სისტემა – 23 462 ერთეული [+52]
  • MLRS – 1 295 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 080 ერთეული [+26]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 26 156 ერთეული [+135]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 064 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 38 104 ერთეული [+143]
  • სპეცტექნიკა – 3 753 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 655 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 44 132 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 596 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 21 688 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 521 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 21 926 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 32 005 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე

ზელენსკის მიმართ ბრალდებები უსინდისობის მწვერვალია – ბორელი ტრამპის განცხადებაზე

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

კოალიცია მედიაზე მიზანმიმართულ ზეწოლად აფასებს ჟურნალისტების დაჯარიმებას

მედიის ადვოკატირების კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიციის მხრიდან ჟურნალისტების წინააღმდეგ გახშირებული უკანონო დაჯარიმებებს ეხმიანება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტებს ბრალად სდებს გზის გადაკეტვას, მაშინ როცა ისინი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ და მიმდინარე მოვლენებს აშუქებდნენ.

კოალიციის ცნობით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გამოვლინდა მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც მედიის წარმომადგენლები დააჯარიმეს აქციების გაშუქებისას. კერძოდ:

  • 2024 წლის 13 დეკემბერს ფოთის ადგილობრივი ტელევიზიის „მეცხრე ტალღის“ დირექტორი და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის თანათავმჯდომარე გერმანე სალია 1000 ლარით დააჯარიმეს ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის გაშუქებისას, მიუხედავად იმისა, რომ მან განუმარტა სამართალდამცავებს თავისი პროფესიული სტატუსი;
  • მედია „აპრილის“ ფოტორეპორტიორ ვახო ქარელს ედავებიან გზის გადაკეტვას 2025 წლის 26 იანვარს, როდესაც იგი რუსთაველის გამზირზე აქციას აშუქებდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ეკეთა პრესის ბარათი, შსს-ს წარმომადგენელმა მოითხოვა, რომ თავად ქარელს დაემტკიცებინა თავისი პროფესიული სტატუსი;
  • გამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტებს ბექა ჯიქურაშვილსა და ნიკოლოზ ჭირაქაძეს ედავებიან გზის გადაკეტვას თებერვლის თვეში, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და ატარებდა პრესის ბარათს;
  • გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტ ბასტი მგალობლიშვილს საპატრულო პოლიციამ აცნობა, რომ მას ჯარიმას აკისრებდნენ 14 თებერვლის აქციაზე გზის გადაკეტვის გამო, მაშინ როდესაც ის მოვლენებს აშუქებდა და ატარებდა პრესის ბარათს.

მედიის ადვოკატირების კოალიცია ჯარიმების დაწესების პრაქტიკას მედიაზე მიზანმიმართულ ზეწოლად აფასებს.

„სამწუხაროდ, ეს შემთხვევები იზოლირებული ინციდენტები არ არის, არამედ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის ნაწილია, რომლის მიზანია დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაშინება და მათი პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა.

გასული წლის 28 ნოემბრიდან დღემდე ასზე მეტ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც მედიის წარმომადგენლებს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხნენ, დაემუქრნენ, ტექნიკა დაუზიანეს თუ უკანონოდ ხელი შეუშალეს.

თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაში იმყოფება სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი. ჟურნალისტებზე მოძალადე არცერთი პირი არ არის იდენტიფიცირებული და პასუხისგებაში მიცემული“ – წერია კოალიციის განცხადებაში.

მედიის ადვოკატირების კოალიცია „ქართული ოცნებისგან“ მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ჟურნალისტების დევნა პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას და დაუყოვნებლივ გააუქმოს გამოწერილი ჯარიმები ჟურნალისტების წინააღმდეგ.

„არ გვაქვს წყალი, სანთლის შუქზე ვცხოვრობთ“- რატომ შესახლდა შორენა ძველ შენობაში

„36 წლის ვარ და მთელი ცხოვრება მიწევს ბრძოლა იმისთვის, რომ გადავირჩინო თავი და გადავარჩინო ჩემი ოჯახის წევრები, რომ არ მყავდნენ მშივრები“ – ამბობს შორენა კონცელიძე.

შორენა ამბობს, რომ მარტოხელა დედაა. ის თავის 16 წლის შვილთან და 68 წლის დედასთან ერთად, ბათუმში, ბონის ტერიტორიაზე, ძველ შენობაში შესახლდა.

„თავმოყვარე ადამიანი იქ არ შევიდოდა, რადგან ნაგვით იყო სავსე, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა“ – ამბობს ის „ბათუმელებთან“.

შორენა საუბრობს სოციალურ უსამართლობაზე, მარტოხელა ქალების მძიმე ყოფაზე საქართველოში და გულგრილობაზე, რომელსაც სახელმწიფო მოწყვლადი ჯგუფების მიმართ იჩენს.

„6 წელია რაც მეუღლეს დავშორდი და დავრჩი საცხოვრებლის გარეშე. ქირაში ვცხოვრობდი. ქირის ფასები კი იცით როგორია ამ ქვეყანაში, 800-900 ლარზე ნაკლებად ვერ იშოვი წესიერ ბინას. მე კი სადაც ვმუშაობ, 800 ლარი მაქვს ანაზღაურება.

600 ლარად ვნახე ოროთახიანი ბინა, სადაც ვცხოვრობდით მე, ჩემი 16 წლის შვილი და დედა. ჩემი ძმის გარდაცვალების შემდეგ დედაზე მე ვზრუნავ.

200 ლარად, ბუნებრივია, თავს ვერ ირჩენ, ამიტომ დედაჩემის პენსიასაც ვიყენებთ ხოლმე. მეც გავდივარ დალაგებებზე და ხან 40 ლარს ვშოულობ, ხან 50-ს და ასე გავდივართ“ – ამბობს შორენა.

მას ვკითხეთ, აქვს თუ არა სოფელი და სცადა თუ არა იქ ცხოვრება.

შორენას თქმით, მისი მშობლებიც დაშორებული იყვნენ, მამის სახლი ქედაში, სოფელ კვაშტაშია, თუმცა იქ ათი წელია არავინ ცხოვრობს და სახლი დაზიანებულია.

„ჩემი ძმაც ქირაში ცხოვრობდა მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად. ძმის გარდაცვალების შემდეგ, რძალი და ძმისშვილები სოციალურ შემწეობას იღებენ, ხანდახან დედაც ეხმარება პენსიიდან“- გვიყვება შორენა.

მისი თქმით, ბინით უზრუნველყოფაზე მერიას არაერთხელ მიმართა, თუმცა ყოველთვის უარს იღებდა:

„4 შვილი უნდა გყავდესო, სოციალურად დაუცველი უნდა იყოო… შვილები იმიტომ ვაჩინო, რომ ბინა მივიღო? ან იმ 4 შვილს რჩენა არ უნდა? თუ არ ვიმუშავე, როგორ გავზარდო შვილები.

მაშინ ნორმალური ანაზღაურება უნდა არსებობდეს ქვეყანაში, რომ ხელფასით ირჩინო თავი ადამიანმა.

800 ლარიდან 600 ლარი თუ ქირაში ვიხადე, როგორ ვიარსებო? 200 ლარით ვირჩინოთ თავი სამმა ადამიანმა?!“

მისი თქმით, სწორედ ეს გახდა მიზეზი მიეღო მიტოვებულ შენობაში შესახლების გადაწყვეტილება:

„ამიტომ გავხდი იძულებული, მიტოვებულ შენობაში შევსახლებულიყავი. 21 ოჯახი შევსახლდით.

შორენა, სხვა უსახლკარო ადამიანებთან ერთად შესახლდა მიტოვებულ შენობაში

ბუნებრივია შენობაში არანაირი საცხოვრებელი პირობა არ არის. ნაგვით იყო გადავსებული, იყო ანტისანიტარია… ჩვენი ძალებით დავალაგეთ, გავიტანეთ ნაგავი. არ არის შუქი, არ არის საპირფარეშო, მაგრამ ვიფიქრე, რომ ქირის თანხას მაინც გადავარჩენდი და ამის გამო შემოვედით.

რადგან ტუალეტი არ გვაქვს, ბაზრის საპირფარეშოში დავდივართ, თუმცა ისიც ფასიანია.

შუქი ახლაც არ გვაქვს. სანთლის შუქზე ვცხოვრობთ, გვაქვს შეშის ჩეფი“- გვიყვება შორენა.

როგორია სახელმწიფოს დამოკიდებულება უსახლკარო ადამიანების მიმართ? მაგალითად. რას გეუბნებიან მერიაში, თუ შეგხვდათ მერი, როცა აქცია გამართეთ და ითხოვდით მასთან შეხვედრას? – ვკითხეთ მას.

შესახლებულები შენობას ალაგებენ

შორენა ამბობს, რომ ბათუმის მერი არასდროს გამოსულა უსახლკარო ადამიანებთან შესახვედრად და სხვა პირების პოზიციაც ზედაპირულია.

„როცა მერიაში მივედით და ვუთხარით, რომ მძიმე პირობებში ვცხოვრობდით, არ გვქონდა შუქი, წყალი, შშმ ბავშვებიც ჰყავთ იქ მშობლებს და ვთხოვეთ, რომ დაედგათ დენის მრიცხველები, პასუხი იყო, – ეს შენობა რკინიგზის ბალანსზეა და ჩვენი საქმე არ არისო. არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებენ.

მერე გვითხრეს, ეკონომიკის სამინისტროს მიმართეთო. იმასაც მივმართეთ, იქაც გვითხრეს, არც ჩვენი საქმეაო.

შემდეგ დავრეკეთ მარეგულირებელ კომისიაში, გავაგზავნეთ განცხადებაც შუქის თაობაზე თუმცა „ენერგო პრო-ჯორჯიამ“ გვითხრა, შუქს ვერ ჩავრთავ, რადგან შენობა რკინიგზის ბალანსზეაო, რკინიგზაში კი საერთოდ არ გვცემენ პასუხს.

იმედია, ერთ მშვენიერ დღესაც ვინმე გადაწყვეტს, რომ მოვიდეს ჩვენთან და დაგველაპარაკოს“ – ამბობს შორენა. მისი თქმით, აღარც განცხადებების წერას აქვს აზრი, რადგან პასუხს არავინ სცემთ.

„გვეუბნებიან, დაწერეთ უსახლკაროებმა განცხადება, მაგრამ რამდენჯერ დავწეროთ?! ვერ დავითვლი, იმდენი განცხადება მაქვს დაწერილი. ჩვენ ვწერთ და ჩვენვე ვკითხულობთ. პასუხი არ არის. მე არ მინახავს ჩემ გვერდით მყოფი რომელიმე უსახლკარო ბინით დაეკმაყოფილებინოთ.

არ ვიქნები წინააღმდეგი, თუ სოციალურ საცხოვრისს შემოგვთავაზებენ, ოღონდ გამოსყიდვის უფლებით. 600 ლარი, რომელსაც ქირაში ვიხდიდი, გადავიხდი სოციალურ საცხოვრისში და წლების შემდეგ, ჩემი ოთახი მაინც მექნება. თუმცა არც ამ პირობაზე მოდის სახელმწიფო.

ხელფასით რომ ირჩინო თავი, მაშინ სულ ცოტა 2000 ლარი მაინც უნდა გქონდეს ხელფასი. 36 წლის ვარ და მთელი ცხოვრება მიწევს ბრძოლა იმისთვის, რომ თავი გადავირჩინო და გადავარჩინო ჩემი ოჯახის წევრები, რომ მშიერი არ მყავდეს.

როცა გვაქვს ამბიციები, რომ გვინდა ევროპაში, მინიმუმ ადამიანები, მოხუცები არ უნდა იქექებოდნენ ნაგავში. დედაჩემი, 68 წლის ქალი, არ უნდა ცხოვრობდეს ასეთ პირობებში. ერთი პენსია აქვს და რამდენზე გაანაწილოს? ობოლი შვილიშვილები ჰყავს, მე ვყავარ და საკუთარი თავისთვის და წამლისთვის არაფერი რჩება.

რატომ უნდა იყოს ამდენი უსახლკარო ქვეყანაში… 4 თვეა ამ შენობაში ვართ შესახლებული და არ ვაპირებთ დატოვებას. სათამაშოდ არ შემოვსულვართ, კბილებით დავიცავთ რაც გვაქვს. თავმოყვარე ადამიანი აქ არც შემოვიდოდა, ისეთი ანტისანიტარია იყო, შიგნითაც ისე წვიმდა, როგორც გარეთ და ახლა, ასე ერთი ხელის მოსმით, ნამდვილად არ გამოვალთ აქედან“ – გვეუბნება შორენა.

„ამ პროტესტს ქალის სახე აქვს“ – ანა ნაცვლიშვილი პროტესტსა და მზია ამაღლობელის საქმეზე

ანა ნაცვლიშვილს, პარტია „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, „ბათუმელები“ საპროტესტო აქციებში ქალების აქტიურობაზე, მათ როლზე და მზია ამაღლობელის საქმეზე ესაუბრა.

  • ბათუმში დაგეგმილია ქალების მარში მზიას მხარდასაჭერად [ინტერვიუ ჩაწერილია 11 თებერვალს]. მინდა გკითხოთ ამ ტიპის მხარდაჭერის შესახებ, თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა აქვს და ასევე, რამდენად ხედავთ საზოგადოების მხარდაჭერას მზია ამაღლობელის საქმეში?

მე ვფიქრობ, რომ სოლიდარობის ყველა აქტი, ერთკაციანიც კი, არა თუ ხალხმრავალი, ისეთ საქმეებთან დაკავშირებით, როგორიცაა მზია ამაღლობელის საქმე, არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ზოგადად ის, რომ ქალები ამ პროტესტში განსაკუთრებულად გამოჩნდნენ, ჩემთვის არის ძალიან მრავლისმთქმელი ფაქტი და ბევრი მიზეზი აქვს ამას. მათ შორის ერთ მიზეზი არის ის, რომ ზოგადად, ქალები ყველა ავტოკრატიულ და დიქტატორულ რეჟიმებში კიდევ უფრო მეტი წნეხის ქვეშ ექცევიან, ამას თავისი ისტორიულ-კულტურული მიზეზები აქვს. ქალები ზოგჯერ მამაკაცებზე უფრო ადრე ვგრძნობთ საფრთხეს თავისუფლების, შეზღუდვის, წნეხის და ამავე დროს არ გვეშინია ან არ გვერიდება ამაზე ხმამაღლა საუბარი.

ამიტომ არ მიკვირს, რომ ქალები არიან ამ პროტესტის წინა ხაზზე და ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს.

ასეთ დროს მახსენდება ხოლმე პარლამენტში როგორი ბინძური და ძალიან მიზანმიმართული კამპანიის სამიზნე ვიყავით ხოლმე ჩვენ, ქალი დეპუტატები და ამის გაგრძელება მგონია და კიდევ უფრო ფართო მასშტაბში მოჩანს ახლა ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ ზოგადად ქალებთან დალაგების გამოცდილება ძალადობრივ წარმონაქმნ „ქართულ ოცნებას“ ნაკლებად აქვს.

თავისუფალ და მართლა თავისით რომ აქვს რაღაც მიღწეული, ასეთ ქალებთან ურთიერთობა მათ თავის პარტიაში ნაკლებად ჰქონდათ. ზოგადად, იქ ვიცით, როგორც ხდებოდა შერჩევა ქალებისაც და კაცებისაც – ერთგულების, ლოიალობისა და მოდრეკვადობის ნიშნით. როდესაც თავისუფალ ქალებთან, თავისუფალ ადამიანებთან უწევთ შეხება, რომლებმაც თავისით მოიპოვეს როლი, ავტორიტეტი საზოგადოებაში და ეს დგას მერიტოკრატიულ საწყისებზე და არა ნეპოტიზმსა და კორუფციაზე, მათთან როგორ უნდა დაალაგონ, ნაკლებად იციან.

მცდელობები კი ჰქონიათ, მაგრამ ნაკლებად გამოსდით.

ამიტომ მე მოურიდებლად ვიტყოდი, რომ ამ პროტესტს ქალის სახე აქვს, დედის სახე აქვს.

პირადად მე ყველაზე დიდ ძალას რაც მაძლევს, მათ შორის უიმედობის მომენტებში, არის ის, რომ მე არ მინდა ჩემი შვილები და მათი თაობა იძულებული იყოს გაიაროს ის, რასაც ჩვენ გავდივართ. ამიტომ მე მირჩევნია ორმაგი ტკივილი მივიღო ახლა, რომ მათ ეს ავაცილო და დარწმუნებული ვარ, ამის გამო გამოდის იქ ყველა, დედაც, მამაც, ბებიაც, ბაბუაც და ახალგაზრდა ადამიანიც… სწორედ ამიტომ დღეს პროტესტს ქალის სახე აქვს და ეს ძალიან ბუნებრივია, არ მიკვირს.

ერთ რამეს ვიტყვი კიდევ. ხშირად ყოფილა და ყოველთვის გული მწყდებოდა, როდესაც ჩვენ გენდერულ საკითხებზე, ქალთა თანასწორობაზე ვმუშაობდით, ვსაუბრობდით და ვცდილობდით ამ თემის პოლიტიკურ დღის წესრიგში ჩასმას, სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების მამაკაცებისგან და ზოგჯერ ქალებისგანაც იყო ამ თემის რაღაც უფრო მსუბუქ თემად, არასათანადოდ სერიოზულ თემად აღქმა.

მაგალითისთვის, ევროკავშირის 12 რეკომენდაციაში ერთ-ერთი იყო გენდერული საკითხები და „უფ, მაგას რა თქმა უნდა შეასრულებენ“ – ასეთი გადაბალახებაც იყო ამ თემაზე კომენტირებისას და ეს იმ ქვეყანაში, სადაც კატასტროფულად მაღალია ფემიციდის მაჩვენებელი. არადა ქალთა უფლებები უმწვავესი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური საკითხებია და ეს არ არის პეპლები და ყვავილები.

  •  2 თებერვალს თბილისში აქციაზე იყო შავნიღბიანების მხრიდან ძალიან ძლიერი აგრესიის ტალღა ქალების მისამართით, წარმოუდგენელი შეურაცხყოფა, გინება. ამას მოჰყვა მდინარაძის განცხადება, რომ პროტესტის მონაწილე ახალგაზრდა ქალები „ამაზრზენი სიტყვებით“ ლაპარაკობენთქვენი აზრით, ეს ხომ არ მიუთითებს იმაზე, რომ ქალებზე ზეწოლა შეიძლება გაძლიერდეს?

ეგ უნდათ ზუსტად.

პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებში ქალები შემოიჭრნენ ძალიან თამამად, ვერ მოძებნეს გასაღები, როგორ გააჩერონ და ახლა მიმდინარეობს შეიმინგი [დარცხვენა]. აი, გუშინაც ვნახე ერთ-ერთი ვიდეო სადაც ეუბნებიან ქალებს – „ქალის სახე გაქვს დაკარგული“… მე ეს ძალიან ხშირად მომისმენია და წამიკითხავს სოციალურ ქსელში ჩემს და სხვის მიმართაც.

ეს გაოცება ქალების ძალის და აქტიურობის მიმართ ჩემთვის ბევრ რამეზე მეტყველებს, მაგრამ ერთს გამოვარჩევდი – ეს არის აბსოლუტური უვიცობა და ვერ გააზრება საკუთარი ქვეყნის ისტორიის, სადაც გვყავდა წმინდა ნინო, ქეთევან წამებული, გყავდა შუშანიკი, თამარ მეფე, მარო მაყაშვილი… ეს არის ძლიერი ქალების ქვეყანა. ის, რომ გიკვირს ქალის ძალა და აქტიურობა ამ პროტესტში, ესე იგი ამ ქვეყნის არაფერი გაგეგება, ამ ქვეყნის არც ისტორია გესმის, არც მაჯისცემა და არც გულისცემა.

როგორ წარმოუდგენიათ, როგორი უნდა იყოს ქალი, რომელსაც ხელში აკვდება საკუთარი შვილების მომავალი?! წყნარი, ნაზი და მდუმარე უნდა იყოს, დაეთანხმოს ამას და წყალს გაატანოს შვილების მომავალი?! ამიტომ ვამბობ, მათ არ ესმით.

ანტი-ქართველი ქალის სახე უნდათ, გაჩუმებული, მონურად მორჩილი, რომელიც მდუმარედ დაეთანხმება შვილების მომავალს წყალში რომ უყრიან. ასეთი არასდროს არ ყოფილა ქართველი დედა, ასეთი არასდროს არ ყოფილა ქართველი ქალი.

ამავე დროს, ეს არის ის ხალხი, რომელსაც წელიწადზე მეტ ხანს დედები სთხოვდნენ შვილების წამლისთვის შეხვედრას და მათ შეხვედრისთვის აიძულეს დღე და ღამე ეთენებინათ სიცივეში.

  • თქვენ იურისტი ხართ და მინდა გკითხოთ როგორც იურისტს, როგორია თქვენი მოსაზრება მზია ამაღლობელის საქმეზე? 

არის რამდენიმე სტანდარტი, რომელსაც ჯერ კიდევ აღიარებს ამ ქვეყნის კანონმდებლობა.

პირველი – ქმედება. არავინ არ ამბობს, რომ სილა არ გაუწნია. ქმედება მან ჩაიდინა, მაგრამ მთავარი კითხვაა – ეს ქმედება არის თუ არა პოლიციელზე თავდასხმა. თავდასხმისას რამდენიმე კომპონენტი უნდა იყოს თანხვედრაში, რომ დანაშაულის შემადგენლობა შექმნას. ეს ქმედება არ ქმნის ისეთი დანაშაულის შემადგენლობას, როგორიც არის პოლიციელზე თავდასხმა.

ჩემი ზეპირი საუბარი რომ არ იყოს, ამ ქვეყნის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც კი არსებობს, რომელიც იარაღით დაჭრასაც, გაცილებით მძიმე შემთხვევას, არ მიიჩნევს თავდასხმად.

ამიტომ, აქ ცალსახად სამართლებრივი პასუხი არის, რომ ეს ქმედება არ არის სისხლის სამართლის დანაშაული და ის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელსაც მზია ამაღლობელს ედავებიან. ძალიან მკაფიოა სასამართლოს პრაქტიკაც და კანონიც.

მეორე – კიდევაც რომ იკვეთებოდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, სტანდარტი, რომელსაც ჯერ კიდევ აღიარებს ამ ქვეყნის კონსტიტუცია და კანონი, განაჩენამდე ადამიანის ციხეში მოთავსება უნდა იყოს უიშვიათესი, უკიდურესი შემთხვევა, მხოლოდ მაშინ, თუკი არსებობს რისკი, რომ ის ან მიიმალება, ან დააშინებს მოწმეებს ან გაიმეორებს ქმედებას.

აქ ვერ საბუთდება განაჩენამდე რა გარდაუვალი აუცილებლობაა, რომ ადამიანი იყოს საპატიმრო დაწესებულებაში.

და მესამე – დანაშაული რომც ჩაიდინოს ადამიანმა, დამნაშავის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება არის პროპორციული ანუ სამართლიანი სასჯელი. აქაც, რა სასჯელითაც უპირებენ მას დასჯას, აბსოლუტურად არაპროპორციულია სილის გაწვნისთვის.

და მეოთხე – კონტექსტი არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ ვლაპარაკობთ მოცემულობაზე, როდესაც ადამიანები, იგივე მზიას კოლეგები, სასიკვდილოდ იყვნენ გამეტებულები. სასიკვდილოდ იყო გამეტებული გურამ როგავა, მაკა ჩიხლაძე და შეწირული. უბრალოდ ღმერთმა გადაარჩინა ისინი, თორემ ამათი ხელიდან ისინი განწირული იყვნენ სიკვდილისთვის. დაკითხულიც კი არ არის ვინმე.

ასობით ადამიანია, რომელიც სიკვდილამდე იქნა ნაწამები, ნაცემი და დღესაც კი, როდესაც ამ ადამიანებს ასამართლებენ, ისინი ჰყვებიან უსასტიკეს მოპყრობაზე და ეს იმ დროს, როდესაც ერთი პოლიციელიც კი არ არის პასუხისგებაში მიცემული. აი, ამ კონტექსტს სად უნდა გაექცე?!

სამართალი არ არსებობს მოწყვეტილი, აბსტრაქტული. სამართლიანობა ამას გულისხმობს, რომ შერჩევითი არ იყოს მართლმსაჯულება.

როცა ვერც ერთ სამართლებრივ ტესტს ვერ აბარებს ეს საქმე და ამას ემატება უმძიმესი კონტექსტი და ამას ემატება მისი პროფესია, რა თქმა უნდა, აქ არის ერთადერთი პასუხი: მზია ისჯება მისი საქმიანობისთვის, სისტემამ ის მოიხელთა და ყველაფრისთვის, რაც მას უკეთებია, ახლა უნდათ „ფასი“ გადაახდევინონ. მაგრამ სისტემა ახლა, ამ მდგომარეობით მასთან არის ასით ნული დამარცხებული.

რას ითხოვენ ისინი, ნახეთ – ბოდიშს ითხოვენ. ანუ მათთვის მნიშვნელოვანია რა?! რომ მოდრიკონ ეს ადამიანი, რომ გატეხონ მისი გაუტეხელი სული. აი, ეს უნდათ. და ეს უნდათ მთელი პროტესტისგან.

ამიტომ არის მზია პროტესტის სახე და ამიტომ იქცა სიმბოლოდ.

ვერაფერს ვერ უხერხებენ ადამიანებს და უნდათ, რომ მორალურად წელში გადატეხონ. ეს არის მათი ამოცანა და განზრახვა, როგორც მთლიან პროტესტთან, ისე მზიასთან მიმართებაში.

საერთოდ, ადამიანური განზომილება არის საწყისი, სამართლისაც, პოლიტიკისაც და ყველაფრის. აქაც მივდივართ ქართულ ტრადიციებთან. სილას როდის აწნავს ქალი მამაკაცს? გადავხედოთ ლიტერატურულ ნაწარმოებებს, ისტორიას… ეს არის ყოველთვის პასუხი შეურაცხყოფაზე ან სიშლეგეზე, რომელსაც მამაკაცი იჩენს და ქალს უნდა მისი გამოფხიზლება. ჩვენი კულტურული კოდი არის ეს და და სხვათა შორის, კულტურული კოდი არის ისიც, რომ როცა მამაკაცი ამ სიგნალს იღებს, ჩერდება.

ვინც ვერ მიიღო ეს სიგნალი და გადავიდა შურისძიებაზე, ის ამ კულტურული კოდისგან გათიშულია. მას არ აქვს ეს კულტურული კოდი, რაღაც სხვა კოდი აქვს, ხოლო რა კოდია ეს, ამას თქვენმა მკითხველმა დაარქვას სახელი.

ბათუმის აქციების მედროშეს, თემურ ქათამაძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ – პეტიცია

ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშეს, თემურ ქათამაძეს [გაფფარ ილმაზი] მოქალაქეები შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

დღეს, 20 თებერვალს, გავრცელდა პეტიციაც, სადაც მოქალაქეები წერენ, რომ „თითოეული თანამებრძოლი სჭირდებათ ცოცხალი და ჯანმრთელი“.

„ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე მისი დაკავების დღიდან შიმშილობს. პეტიცია იქმნება მისი შიმშილობის 35-ე დღეს.

მან ბოლოს გამოქვეყნებული წერილით უარი განაცხადა შიმშილობის შეწყვეტაზე, რადგან მისი თქმით, სიცოცხლის ფასად აპირებს გააგრძელოს ეს ყოველივე, რადგან მისთვის საქართველოსთვის თავის გაწირვა საამაყოა.

ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებას ამ პეტიციით გვსურს ვთხოვოთ მას, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლაში თითოეული თანამებრძოლი ჯანმრთელი და ცოცხალი გვჭირდება.

ასევე, პეტიცია იქნება მიმართული საქართველოს სახალხო დამცველის სამსახურის მიმართაც, რადგან ისინიც იყვნენ საქმის კურსში.

ვინც ეთანხმებით მოწოდებას, გთხოვთ, ხელმოწერით დააფიქსიროთ პოზიცია“- ნათქვამია პეტიციაში.

თემურ ქათამაძე ბათუმში, პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ, 11 ინვარს დააკავეს. ის 5 დღე იყო იზოლატორში, თუმცა მეორედ, თემურ ქათამაძე იზოლატორიდან გამოსვლისთანავე დააკავეს. ის შს სამინისტროს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორშია, სადაც დაკავების დღიდან შიმშილობს.

თემურ ქათამაძე 30 თებერვალს კლინიკაში გადაიყვანეს გამოკვლევებზე, თუმცა მალევე დააბრუნეს იზოლატორში.

თემურ ქათამაძეს არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, „ოცნების“ ხელისუფლებამ არ მისცა საქართველოს მოქალაქეობა, მას ასევე უარი უთხრეს ჰუმანიტარულ და ლტოლვილის სტატუსზე, რის გამოც ის სასამართლოში დავობს.

მთავარი ფოტო:  მაქსიმე ბაქრაძე

რუსული პროპაგანდა: ქართველებს უხარიათ, რომ უკრაინასთან „ერთ მატარებელში“ არ არიან

პუტინის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი კვლავ „ქართული ოცნებას“ აქებს. დუგინი წერს, რომ ქართველები „გახარებული არიან“ ტრამპის მიერ ზელენსკიზე თავდასხმის ყურებისას და “უხარიათ”, რომ მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირეს. 

ქართველები, ალბათ, ახლა უყურებენ როგორ ანადგურებს ტრამპი ზელენსკის და უხარიათ: რა ყოჩაღები ვართ, რომ მხარს ვუჭერთ „ქართულ ოცნებას“; […] გადაარჩინეს ქვეყანა. უკრაინა ყველას აძლევს ამაზრზენ მაგალითს იმისა, თუ როგორი არ უნდა იყო არასდროს და რა არ უნდა გააკეთო არავითარ შემთხვევაში“ – წერს დუგინი ტელეგრამზე.

დუგინის კომენტარის პარალელურად რუსული პროპაგანდისტული მედიები ავრცელებენ „ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებას, რომელიც მან გუშინ, 19 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრისას გააკეთა.

„ჩვენ იმასაც გვეუბნებოდნენ, რომ რაღაც მატარებელი მიქრის და თუ ამ მატარებელს გამოვტოვებთ, მერე ჩვენი დრო არასდროს მოვა და აუცილებლად უნდა ვიჯდეთ ამ მატარებელში, თუმცა დღეს მე მგონი კარგად ვხედავთ, რამდენად მომგებიანი შეიძლება ყოფილიყო საქართველოსთვის იმ მატარებელში ჯდომა, რა მატარებელშიც, ვთქვათ, უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება ზის“ – თქვა ბოჭორიშვილმა. 

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი: რესპუბლიკას უხარია, რომ უკრაინასთან „ერთ მატარებელში“ არ არიან“ – წერს რუსული პროპაგანდისტული მედია smotrim-ი.

დაახლოებით მსგავსი სათაურით ავრცელებენ ბოჭორიშვილის ციტატას ისეთი რუსული პროპაგანდისტული გამოცემები, როგორიცაა: სააგენტო „ტასი“, lenta.ru და ა.შ.

შავი ზღვის დაბინძურების ფაქტზე გემი 100 000 ლარით დააჯარიმეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.

პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა. უწყების ინფორმაციით, სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 20 000 ლარზე მეტია.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, ფოთის სასამართლომ გემი სამართალდამრღვევად ცნო და 100-ათასლარიანი ჯარიმა დააკისრა.

პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2025 წელს უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების მიერ ზღვის დაბინძურების 2 ფაქტია გამოვლენილი, 2024 წლის განმავლობაში კი – 16 ფაქტი.

მაკრონისა და შოლცის განცხადებები ტრამპის მიერ ზელენსკის კრიტიკის შემდეგ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი დონალდ ტრამპის განცხადებას აკრიტიკებენ.

საუბარია 19 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებაზე. ტრამპმა კიევი დაადანაშაულა რუსეთთან ომის ვერ აცილებაში, მან ასევე თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი 4 პროცენტია და უკრაინაში არჩევნების საჭიროებაზე მიუთითა.

„უკრაინის ევროპელ პარტნიორებს აქვთ ერთიანი და მკაფიო პოზიცია რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომთან დაკავშირებით, მომავალშიც გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას და აიღებენ პასუხისმგებლობას ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

ამავე დროს, მაკრონი აღნიშნავს, რომ საფრანგეთი და მისი პარტნიორები იზიარებენ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოზიციას რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის დასრულებასთან დაკავშირებით.

„დარწმუნებული ვართ, რომ აუცილებელია გაიზარდოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯები, ასევე ევროპისა და თითოეული ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობების გაზრდის ხარჯები. გადაწყვეტილება მიიღება უახლოეს დღეებში და კვირებში“, – თქვა მაკრონმა.

დონალდ ტრამპის განცხადებას იმის შესახებ თითქოს უკრაინის პრეზიდენტი დიქტატორია, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც გამოეხმაურა და თქვა, რომ „არასწორი და საფრთხისშემცველია უარყო პრეზიდენტი ზელენსკი მის დემოკრატიულ ლეგიტიმურობაში“.

„სიმართლე ასეთია: ვოლოდიმირ ზელენსკი არის არჩეული უკრაინის სახელმწიფოს მეთაური. ​​ის ფაქტი, რომ ომის დროს არ შეიძლება ჩატარდეს სათანადო არჩევნები, უკრაინის კონსტიტუციასა და საარჩევნო კანონმდებლობას შეესაბამება. სხვას არავინ უნდა ამტკიცებდეს“, – განაცხადა შოლცმა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი სწორედ რუსეთმა დაიწყო, ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით.

„უკრაინა თითქმის სამი წელია იცავს თავს დაუნდობელი რუსული აგრესიისგან. ყოველდღე“, – თქვა შოლცმა.

სუს-ი აცხადებს, რომ საქართველოს 2 მოქალაქე დააკავა ტერორიზმის მუხლით

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონტრტერორისტული ოპერაციების ფარგლებში მიმდინარე ოპერატიული საქმიანობისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად რამდენიმე სპეციალური ოპერაცია ჩატარდა.

„გატარებული ღონისძიებების შედეგად, დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთა საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, მათ შორის, საბრძოლო მასალა, სხვადასხვა სახის ელექტრონული მოწყობილობა, ფულადი თანხა და სხვა მნიშვნელოვანი ნივთები.

დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლებიდან ასევე ამოღებულია საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციასთან შესაძლო კავშირის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულება“ – აცხადებს სუს-ი.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს.

„კვების აღდგენა გართულების გარეშე მიმდინარეობს“ – ზურაბ ჩხაიძე მზია ამაღლობელზე

მზია ამაღლობელს ეძლევა გარკვეული კალორაჟის საკვები, კვების აღდგენის პროცესი ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს – ამბობს კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე. მის კომენტარს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

„დავიწყეთ კვების აღდგენის პროცესი. ვხელმძღვანელობთ შესაბამისი, ე.წ. რეფიდინგ პროტოკოლით. მას ეძლევა გარკვეული კალორაჟის საკვები, კვების აღდგენის პროცესი ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს“,- ამბობს ზურაბ ჩხაიძე.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა და მედიამენეჯერმა მზია ამაღლობელმა შიმშილობა 18 თებერვალს, 38-დღიანი შიმშილობის შემდეგ შეწყვიტა.

„ბათუში, ოცნების ქალაქში მომხდარი ტრაგედიის, ორი არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნის და დაღუპვის ფონზე, ჩემს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა წარმოუდგენლად მძიმეა ჩემთვის. ამ დღეებში, ექიმების დახმარებით, შევეცდები, როგორმე შევძლო კვების აღდგენა”, – წერს მზია ამაღლობელი „ვივამედიდან“ გამოგზავნილ წერილში.

მზია ამაღლობელი უსამართლობაზე პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობდა.

  • რა ხდება?

„ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს.

მზია ამაღლობელი პირველად დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ კი – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება სისხლის სამართალში კვალიფიკაციის არმქონე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.

არაერთი იურისტისა და უფლებადამცველის შეფასებით, მზიას ამაღლობელის ქმედება შეუსაბამოა მისთვის წარდგენილ ბრალთან. სპეციალისტები განმარტავენ, რომ მისი ქმედება ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე პროკურატურა ედავება. ბევრი მათგანი თვლის, რომ ეს საერთოდ არ არის დანაშაული და მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად უნდა ჩაითვალოს. იურისტები დაუსაბუთებლად მიიჩნევენ აღკვეთოს ღონისძიების სახით მზია ამაღლობელის დაპატიმრებასაც.

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 20 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 863 580 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 190]
  • ტანკი – 10 134 ერთეული [+14]
  • ჯავშანტექნიკა – 21 112 ერთეული [+14]
  • საარტილერიო სისტემა – 23 410 ერთეული [+63]
  • MLRS – 1 291 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 078 ერთეული [+6]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 26 021 ერთეული [+160]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 064 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 37 961 ერთეული [+136]
  • სპეცტექნიკა – 3 752 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 20 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 655 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 44 007 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 594 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 21 534 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 518 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 21 883 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 31 846 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე

რას პასუხობს ზელენსკი დონალდ ტრამპს

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რუსეთიდან ყველაზე მეტი პირი შარშან შემოვიდა – ბოლო 10 წლის მონაცემები

2024 წელს საქართველოში რუსეთის 1 882 981 მოქალაქე შემოვიდა – ასეთია შს სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკა.

2014-2024 წლის  შსს-ს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ეს არის რუსეთის ფედერაციიდან საზღვრის კვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში.

სტატისტიკის თანახმად, 2024 წელს რუსეთის 1 885 238 მოქალაქემ დატოვა საქართველოს საზღვრები.

გასულ, 2024 წელს საქართველოში უცხო ქვეყნებიდან შემოსული მოქალაქეების მიხედვით, პირველ ადგილზე კვლავ რუსეთის ფედერაციაა. მეორე ადგილზეა თურქეთი [1 489 285 მოქალაქე], ხოლო მესამე ადგილზე – სომხეთი [1 229 283 მოქალაქე].

საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლა 2022 წლის თებერვლის ბოლოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია თავს დაესხა უკრაინას და ომი დაიწყო.

სტატისტიკის თანახმად, 2022 წელს საქართველოში შემოვიდა რუსეთის 1 459 541 მოქალაქე და ეს იყო 401-პროცენტიანი ზრდა 2021 წელთან შედარებით, 2023 წელს კი, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოში რუსეთის 1 856 237 მოქალაქე შემოვიდა და 1 887 223 – გავიდა.

ბოლო სამი წელია, საზღვრის კვეთის მაჩვენებლების მიხედვით, რუსეთი არის ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი ხორციელდება.

_______________________

ფოტოზე: ლარსი, საქართველო-რუსეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტი. 2022 წელი. ფოტო: EPA-EFE/ზურაბ ქურციკიძე

 

აჭარაში თოვაა მოსალოდნელი – გაფრთხილება ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 – 21 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი.

მთაში და მაღალ მთაში მოსალოდნელია ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე – ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე კი შემოყინულობა.

„დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა – საფრთხის დონე საშუალო“ – იუწყება სააგენტო.

20 თებერვლიდან, დღის მეორე ნახევრიდან თოვაა მოსალოდნელი აჭარაში.

აჭარის მაღალ მთაში ზოგან მოსალოდნელია ძლიერი თოვა.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ზღვაზე მოსალოდნელია ღელვა – 4 ბალი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, მომდევნო 2 დღეს, 21-22 თებერვალს, აჭარაში შენარჩუნებული იქნება თოვა, ზოგან – ძლიერი.

„ჩვენი პატიმრობა უნდოდათ“ – აქტივისტი ქალები ზუგდიდიდან

მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა ზუგდიდელი აქტივისტი ქალები არიან. ისინი გვიყვებიან, როგორ იბრძვიან ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.

მარიამი საპროტესტო აქციებზე „ბალაკლავის“ ტარებისთვის რვაჯერ დააჯარიმეს.

„ვცდილობთ გავაშარჟოთ სისტემა და წარმოვაჩინოთ ისე, თითქოს ცირკის მონაწილეები არიან. ჩემი ჩუსტებით და ხალათით მისვლაც სასამართლოში ერთ-ერთი ხერხი იყო სისტემის დასაცინად“- ამბობს მარიამი.

„გვინდა ვაჩვენოთ პოლიციურ რეჟიმს, რომ არ ვაღიარებთ მათ კანონებს და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ“ – ამბობს კერენი.

ნახეთ ვიდეო:

„ჩვენი პატიმრობა უნდოდათ“ - აქტივისტი ქალები ზუგდიდიდან

ხელკეტით ცემაზე უზენაესმა თქვა, რომ ეს „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის – სილის გაწვნა არის?

უზენაესმა სასამართლომ „პოლიციელზე თავდასხმად“ არ მიიჩნია პოლიციელისთვის ხელის დარტყმა ცხვირში, ხელკეტების დარტყმა და ფიზიკური შეურაცხყოფა.

„ძლიერად დაარტყა ხელი ცხვირში… ხელკეტების არაერთჯერადი დარტყმებით თავისა და ტანის არეში მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ცდილობდნენ წაერთმიათ მისთვის სამსახურებრივი საშტატო იარაღი, რა დროსაც იარაღიდან განხორციელდა გასროლა,“ – აღწერილია განჩინებაში, სადაც დაზარალებულად ცნობილი პირი პოლიციელია.

შემთხვევა, რომელზეც ეს გადაწყვეტილება მიიღო უზენაესმა სასამართლომ მიიღო, თბილისში, 2022 წელს მოხდა: საცხობში რამდენიმე პირს შორის შელაპარაკებას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს დეტექტივი თ.ს. შეესწრო.

„2022 წლის 17 იანვარს, შუადღის საათებში, ი. ქ. რ. ქ. და ჯ. მ. იმყოფებოდნენ ქ.თ–ში…–ა, რ–ს გზატკეცილი №..-ში მდებარე საცხობში, სადაც შელაპარაკება მოუვიდათ საცხობში მყოფ გ. ნ–სთან. ამავე საცხობთან იმყოფებოდა ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს მე-.. სამმართველოს დეტექტივი თ. ს., რომელმაც აღნიშნულ პირებს წარუდგინა სამსახურებრივი მოწმობა, უთხრა, რომ იყო პოლიციის თანამშრომელი და მოუწოდა წესრიგისკენ.

მას შემდეგ, რაც ი. ქ.-მ რ. ქ.-მ და ჯ. მ–მ გაიგეს, რომ თ. ს. იყო პოლიციის თანამშრომელი, მის მიმართ გახდნენ აგრესიულები, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო ი. ქ–მა თ. ს.–ს ძლიერად დაარტყა ხელი ცხვირში, რის შემდგომაც ჩასხდნენ ი. ქ–ს მართვის ქვეშ მყოფ „BMW” მარკის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომრით…. და სცადეს მიმალვა,“ – ეწერა ბრალდების შესახებ დადგენილებაში.

გაქცეულებს პოლიციელი დაედევნა, პოლიციელს მანქანიდან გაუსროლია კიდეც, გაქცეულები უკან დაბრუნდნენ და „ხელკეტების არაერთჯერადი დარტყმებით თავისა და ტანის არეში მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ცდილობდნენ წაერთმიათ მისთვის სამსახურებრივი საშტატო იარაღი, რა დროსაც იარაღიდან განხორციელდა გასროლა“.

ბრალდებულებს ამ საქმეზე პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმის მუხლით ედავებოდა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდება გადააკვალიფიცირა ძალადობის [სსკ-ის 126-ე] მუხლზე. ბრალდებულებს ჯ.მ-ს და ი.ქ.-ს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რ.ქ.-ს კი, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა – ის გასამართლდა 2017 წელს სხვა დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის ნაწილი მოუხდელი ჰქონდა.

როგორც არაერთ სხვა საქმეში, ამ შემთხვევაშიც უზენაესმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ თავდასხმა დაკავშირებულია სიცოცხლის, ან ჯანმრთელობის ხელყოფის განზრახვასთან. ამ საქმეშიც სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულებს „პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მისი ჯანმრთელობის ხელყოფის მიზანი არ ამოძრავებდათ“.

„საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან მსჯავრდებულების ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიენიჭა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადგინდა ი. ქ.-ს, რ. ქ.-სა და ჯ. მ.-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და მათთვის წარდგენილი ბრალდება მართებულად გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ვინაიდან სასამართლო განხილვის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ ი. ქ–ს, რ. ქ–სა და ჯ. მ–ს პოლიციელზე თავდასხმის, ესე იგი, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მისი ჯანმრთელობის ხელყოფის მიზანი არ ამოძრავებდათ.

ი. ქ., რ. ქ. და ჯ. მ. კონკრეტულ შემთხვევაში არ მოქმედებდნენ პოლიციელზე თავდასხმის მიზნით, კონფლიქტი წარმოიშვა ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შედეგად. შესაბამისად, ი. ქ.–მ, რ. ქ.-მა და ჯ. მ.–მ ჩაიდინეს დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ მსჯავრდებულებმა – ი. ქ–მა, რ. ქ–მა და ჯ. მ–მა შელაპარაკებისას, ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადეს თ. ს–სზე, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ ცალსახად არ დასტურდება, რომ, მსჯავრდებულების აგრესიული ქმედებები მიზნად ისახავდა სწორედ პოლიციელის სტატუსის ან/და მისი საქმიანობიდან გამომდინარე თ. ს–ზე თავდასხმას [სისხლის სამართლის საქმის მასალებით, მათ შორის, დგინდება: დაზარალებულებთან დაპირისპირებამდე მსჯავრდებულები სხვა, სამოქალაქო პირებთან კამათობდნენ, რასაც მოჰყვა სწორედ თ. ს–ს კონფლიქტში ჩარევა;  დაზარალებული და მსჯავრდებულები ერთმანეთს არ იცნობდნენ; დაპირისპირებისას თ. ს–ს არ ეცვა პოლიციელის ფორმა]. შესაბამისად, მსჯავრდებულთა ქმედებებში გამოკვეთილია არა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელებზე თავდასხმა, არამედ – ჯგუფურად ჩადენილი ცემის შემადგენლობა, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი,“- ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გულნარა ოქრუაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 მარტის განაჩენზე  განსახილველად არ დაუშვეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა: ლალი ფაფიაშვილმა, მამუკა ვასაძემ და შალვა თადუმაძემ 2023 წლის სექტემბერში მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ პოლიციელზე სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან მზია ამაღლობელს. მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.  

საქართველოში უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ვერ ფარავს იმას, რომ მართლმსაჯულების სისტემა დღეს კრიტიკული მედიასაშუალების დამფუძნებლის – მზია ამაღლობელის მიმართ პოლიტიკური დაკვეთით მოქმედებს და არა – სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად. 

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ნათლად აჩვენებს, რომ პოლიციელისთვის სილის გაწვნა პოლიციელზე თავდასხმა არ არის. ასეთია თავად უზენაესი სასამართლოს, ანუ საქართველოში სასამართლოს ბოლო ინსტანციის დადგენილი პრაქტიკა.

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.

მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძველი გაყალბებული ოქმი გახდა – ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი], დაკავების დროს გადაღებულ ვიდეო კადრში კი ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის აკავებენ ასკ-ის 150-ე მუხლით. ამ მუხლით პირის დაკავების უფლება პოლიციას საერთოდ არ აქვს.

სწორედ გაყალბებული ოქმის საფუძველზე მოითხოვა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მზია ამაღლობელის პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილი ამ გაყალბებულ ოქმს დაეყრდნო.

13 თებერვალს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს. თუმცა, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო შუამდგომლობა მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.

დღეს, 19 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ ასევე უარი თქვა მზია ამაღლობელის სარჩელის განხილვაზე და ის დაუშვებლად მიიჩნია.

მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია. პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა და შიმშილობა 18 თებერვალს შეწყვიტა.

მზია ამაღლობელი ამ ეტაპზე კლინიკა „ვივამედში“ რჩება.

ამ თემაზე:

ცემად ვერ შეფასდება 1 დარტყმა, თუნდაც მან ტკივილი გამოიწვიოს – უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა

 

„შიმშილობას ვაგრძელებ ბოლომდე“ – თემურ ქათამაძე უარს ამბობს ექიმებთან კონსულტაციაზე

დღეს, 19 თებერვალს, ბათუმის აქციის მედროშემ თემურ ქათამაძემ [გაფფარ ილმაზი] ახალი წერილი გაავრცელა იზოლატორიდან.

ის ამბობს, რომ შიმშილობას აგრძელებს და უარს ამბობს ანალიზების გაკეთებაზე პროტესტის ნიშნად.

„მიმაჩნია, რომ სამშობლო უფრო ღირებულია, ვიდრე სიცოცხლე“ – წერს ის წერილში.

„ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ველზე მზია ამაღლობელის შემდეგ, შიმშილობის დროშა ახლა მე, ბათუმელმა მედროშემ ავიღე ხელში და შიმშილობას გავაგრძელებ ბოლომდე, როგორც 9 ძმა ხერხეულიძე. ვინაიდან მიმაჩნია, რომ „სამშობლო უფრო ღირებულია, ვიდრე სიცოცხლე“, როგორც იყო ჩვენი, ანუ ჩვენებურების ბელადის ახმედ მელაშვილისთვის.

ასევე, მიხა ხელაშვილისთვის, მარო მაყაშვილისთვის, ქაქუცა ჩოლოყაშვილისთვის, ხასან თხილაიშვილისთვის, ლომან ეფენდი ქარცივაძისთვის, გულო აღა კაიკაციშვილისთვის, მემედ აბაშიძისთვის, უსუფ ქათამაძისთვის, მერაბ კოსტავასთვის და ზვიად გამსახურდიასთვის.

საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე – „არასდროს, არასდროს არ დანებდე!“

მე ასევე უარს ვაცხადებ 12.02.2025 თარიღიდან მიგრაციის დროებითი დაკავების ცენტრში, ყოველდღიურად ექიმებთან კონსულტაციისთვის გასვლაზე და ანალიზების ჩაბარებაზე“ – წერს თემურ ქათამაძე წერილში, რომლის ადრესატი თავისუფალი მედიაა.

თემურ ქათამაძე, ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე, ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან 11 იანვარს დააკავეს, ის 5 დღე იყო იზოლატორში. თემურ ქათამაძე იზოლატორიდან გამოსვლისთანავე დააკავეს და ამ დრომდე შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორში იმყოფება.

დაკავების დროს, როგორც ქათამაძე ამბობს, მასზე ფიზიკურად იძალადა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ.

თემურ ქათამაძე ათ წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს და მოქალაქეობის მინიჭებაზე არაერთხელ მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა უარი მიიღო.

დაკავების შემდეგ, თემურ ქათამაძემ ჰუმანიტარული და ლტოლვილის სტატუსი მოითხოვა, თუმცა „ოცნების“ ხელისუფლება ამ სტატუსზეც უარს ეუბნება.

თემურ ქათამაძეს აღნიშნულ საკითხებზე დავა აქვს სასამართლოში, მიმართა სახალხო დამცველსაც. მის უფლებებს საია იცავს.

თემურ ქათამაძე შიმშილობას აგრძელებს – რატომ არ დატოვეს ის კლინიკაში?

ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციების მედროშე თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი], 34-ე დღეა შიმშილობს. იგი მხოლოდ წყალს იღებს.

შიმშილობის 30-ე დღეს თემურ ქათამაძე კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა როგორც სახალხო დამცველის აპარატში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, ექიმებმა საჭიროდ არ ჩათვალეს მისი კლინიკაში დატოვება და ის საემიგრაციო იზოლატორში დააბრუნეს.

ბოლო მონაცემებით, თემურ ქათამაძემ შიმშილობის შედეგად 17 კილო დაიკლო.

რის საფუძველზე გადაწყვიტეს ექიმებმა, რომ თემურ ქათამაძის სიცოცხლეს საფრთხე არ ექმნება, რატომ დააბრუნეს ის იზოლატორში და ვინ იქნება პასუხისმგებელი, თუ იზოლატორში მისი ჯანმრთელობა გაუარესდება? – ამ კითხვებით მივმართეთ სახალხო დამცველის აპარატს.

„თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვაკვირდებოდით, ადგილზე რამდენიმე ანალიზის გაკეთებას, რომელიც იყო შესაძლებელი, არ მივიჩნევდით საკმარისად, ამიტომ მივიწერეთ წერილი (დაახლოებით ათი დღის წინ) და ვთხოვეთ ანალიზების ჩატარების უზრუნველყოფა.

ჩვენი წარმომადგენელი როცა იყო შესული, თემურ ქათამაძე იყო წინააღმდეგი კლინიკაში გადაყვანის და მისი თანხმობის გარეშე ლაბორატორიაში ვერ წაიყვანდნენ შესამოწმებლად. ვერანაირ სამედიცინო მანიპულაციას ვერ გააკეთებ, თუ ადამიანი არ არის თანახმა.

თუმცა, შაბათს, 15 თებერვალს, მან გამოთქვა სურვილი, რომ გადაეყვანათ კლინიკაში და გადაიყვანეს კლინიკა „ჰელსიკორში“, სადაც მას ანალიზების გარდა, სხვა ტიპის კვლევებიც ჩაუტარდა.

ექიმებმა თქვეს და ეს სამედიცინო დოკუმენტაცია ჩვენთვის ხელმისაწვდომია, რომ გართულებული მდგომარეობა არ არის და არ ექვემდებარება სტაციონარში დარჩენას.

ჩვენ მივიღეთ ეს დასკვნა და საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენც გვყავს ექიმი, რომელმაც საჭიროდ ჩათვალა, რომ ეს კითხვები უნდა დაისვას, ამიტომ მივწერეთ შსს-ს და დამატებით მოგვწერენ ამ კითხვებზე პასუხებსაც.

თუკი ჩავთვლით, რომ საჭიროა კვლავ კვლევებზე გადაყვანა ან მდგომარეობა გაუარესდება, მივმართავთ შს სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციით“- ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში სახალხო დამცველის მოადგილე თამარ გვარამაძე.

თამარ გვარამაძე

მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა 34-დღიანი შიმშილობის შემდეგ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი გახდა, ამიტომ ექიმებმა თავად მოითხოვეს ის კლინიკაში დარჩენილიყო, მიუხედავად იმისა, რომ მზია ამაღლობელი მოითხოვდა იზოლატორში დაბრუნებას.

ამიტომ თამარ გვარამაძეს ვკითხეთ, რა აჩვენა კვლევებმა, 34-დღიანი შიმშილობის შემდეგ ცვლილება არ არის თემურ ქათამაძის ორგანიზმში?

„ცხადია, შიმშილობის შემდეგ მის ორგანიზმში ცვლილებებია, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი ექიმებმა და შესაბამისი დარგის სპეციალისტებმა შეიძლება გაგვცენ. ჩვენ რაც ვნახეთ, წერია ძალიან ცხადად, რომ ის არ საჭიროებს სტაციონარში დარჩენას.

15 თებერვალს, როცა ჩვენ ვნახეთ, დასუსტებული იყო ნამდვილად, მაგრამ გადაადგილდებოდა დამოუკიდებლად და საუბრობდა. მოშიმშილე ადამიანია ცუდადაა, ცხადია, მაგრამ კონკრეტულმა სამედიცინო დაწესებულებამ გადაწყვიტა, რომ იმ დროისთვის არ არსებობდა მისი იქ დატოვების აუცილებლობა.

შეიძლება დღეს უკვე არსებობდეს. ესეცაა, რომ მან უნდა გამოხატოს თანხმობა ანალიზების ჩატარების და კლინიკაში გადაყვანის“ – ამბობს თამარ გვარამაძე „ბათუმელებთან“.

მისი თქმით, თუ პაციენტი, „საღ გონებაზე მყოფი ადამიანი, უარს აცხადებს სამედიცინო მომსახურებაზე, ვერავინ ხელს ვერ მოკიდებს.

ქალბატონი მზიას შემთხვევაშიც, ის დათანხმდა გადაყვანაზე, შემდეგ კი უკვე სამედიცინო პერსონალმა მიიღო კლინიკაში დატოვების გადაწყვეტილება.

პროცედურა ასეთია, რომ თუ ქათამაძე გახდა ცუდად, შეიძლება გონება დაკარგოს ადამიანმა, გამოიძახებენ სასწრაფოს და გადაიყვანენ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში და შემდეგ თუ ექიმი საჭიროდ ჩათვლის მის იქ დატოვებას, რა თქმა უნდა, დატოვებენ“ – ამბობს თამარ გვარამაძე.

თემურ ქათამაძეს რამდენიმე დავა აქვს სასამართლოში, მას გასაჩივრებული ჰქონდა როგორც მისი საემიგრაციო იზოლატორში გადაყვანა, ასევე ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საკითხიც.

თემურ ქათამაძე ათ წელია მეტია რაც საქართველოში ცხოვრობს, ის ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია და გადაწყვიტა, რომ მის ისტორიულ სამშობლოში იცხოვროს.

მან სპეციალური გამოცდაც ჩააბარა, რომელიც მოეთხოვება მოქალაქეობის მიღების მსურველ პირს, გამართულად ფლობს ქართულ ენასაც, თუმცა მთავრობა არ ანიჭებს საქართველოს მოქალაქის სტატუსს. სწორედ ეს საკითხები აქვს გასაჩივრებული თემურ ქათამაძეს სასამართლოში.

ამიტომ თამარ გვარამაძეს ვკითხეთ, ფლობს თუ არა ამ საკითხზე სახალხო დამცველი ინფორმაციას და აპირებენ თუ არა შეისწავლონ თემურ ქათამაძის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის საკითხი.

თამარ გვარამაძე ამბობს, რომ თემურ ქათამაძეს ამ საკითხზე მიმართული აქვს სახალხო დამცველისთვის და ისინი აპირებენ სამივე ნაწილში, მათ შორის დაკავების დროს მასზე განხორციელებულ შესაძლო ძალადობის საკითხზე მუშაობას.

„გამოძიების მიმართულებით, ეს ხანგრძლივი პროცესია და ჯერ ამ ეტაპზე ხელშესახები არაფერი არ გვაქვს, მაგრამ მოქალაქეობა და ლტოლვილის სტატუსზე გამოვითხოვეთ ყველა ინფორმაცია, მიღებულია და დავიწყეთ დამუშავება.

თუ დავადგენთ, რომ უკანონოდ ეთქვა უარი სტატუსზეც, მოქალაქეობაზეც, რა თქმა უნდა, გამოვცემთ რეკომენდაციას და დავადგენთ დარღვევას.

ვიცით, რომ ინტერესი დიდია ამ საკითხზე, მაგრამ ეს დიდი მოცულობის მასალაა და გარკვეული დრო დაგვჭირდება, შევეცდებით დროულად გვქონდეს შეფასებები“ – ამბობს თამარ გვარამაძე.

სააპელაციომ მზია ამაღლობელის საქმეზე სარჩელი უკვე მეორედ ცნო დაუშვებლად

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უკვე მეორედ ცნო დაუშვებლად მზია ამაღლობელის უფლებადამცველების სარჩელი. ამჯერად, გადაწყვეტილება მოსამართლე ვერა დოლიძემ მიიღო. დასაბუთება ადვოკატებს ჯერ არ ჩაჰბარებიათ.

ამაღლობელის ადვოკატები ასაჩივრებდნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 14 თებერვლის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო მათი შუამდგომლობა ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ.

შუამდგომლობაში ამაღლობელის ადვოკატები მიუთითებდნენ რამდენიმე გარემოებაზე. მათ შორის იმაზე, რომ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულად დაკავების ოქმი გაყალბებულა. არადა, სწორედ ამ ოქმის საფუძველზე მოითხოვეს პროკურორებმა – ვლადიმერ თურმანიძემ და თორნიკე გოგეშვილმა ამაღლობელის პატიმრობა 14 იანვარს. მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა.

კიდევ ერთი მტკიცება, რის გამოც ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს, იყო მოწმეებზე ზეწოლის რისკი. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ პროკურორების ეს მტკიცება თავიდანვე დაუსაბუთებელი იყო, ამ დროისთვის ამის თეორიული რისკიც კი არ არსებობს: გამოძიებამ მზია ამაღლობელის პატიმრობის მოთხოვნის შემდეგ გამოჰკითხა აჭარის პოლიციის სამმართველოს 4 პოლიციელი, მანამდე გამოკითხული ჰყავდა ამავე სამმართველოს 2 პოლიციელი.

აშკარაა, რომ მზია ამაღლობელის პატიმრობა არ იყო საჭირო იმისათვის, რომ გამოძიებას გამოეკითხა 4 პოლიციელი, რომლებზეც მზიას მხრიდან ზეწოლის საფრთხე თეორიულადაც კი გამორიცხული იყო, არათუ აკმაყოფილებდა ასეთი საფრთხის არსებობის გონივრული ეჭვის რაიმე სტანდარტს.

გარდა ამისა, მზია ამაღლობელისათვის ბრალად შერაცხული ფაქტი დაფიქსირებულია ვიდეოკადრზე, რომლის შეცვლაც შეუძლებელია რომელიმე მოწმეზე ზემოქმედებით.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ არც კი განიხილა მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდების შეცვლის შესახებ შუამდგომლობა. სწორედ ყოლბაიას ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციოში. თუმცა საქმის განხილვაზე მეორე ინსტანციის სასამართლომაც თქვა უარი, ამჯერად – მოსამართლე ვერა დოლიძემ.

ეს არ არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის საქმის განხილვაზე უარის თქმის პირველი შემთხვევა. 21 იანვარს მალხაზ ოქროპირაშვილმაც დაუშვებლად ცნო სარჩელი, რომლითაც მზია ამაღლობელის ადვოკატებმა მოსამართლე ნინო სახელაშვილის მიერ მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდება გაასაჩივრეს.

24 იანვარს ოქროპირაშვილის გადაწყვეტილება მის სახლთან სიმბოლური საპროტესტო აქციით გაასაჩივრეს მზია ამაღლობელის კოლეგებმა და გულშემატკივებმა. 10 დღის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თითოეულ მათგანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. უწყება მათ შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევას ედავებოდა. 10 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ციცინო მოსიძემ ცხრავე მათგანი – მუსიკოსი ნინო ქათამაძე, ფსიქოლოგი მაია ცირამუა, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, მასწავლებელი და ეროვნული ჯილდოს მფლობელი ვლადიმერ აფხაზავა, ჟურნალისტი ხვიჩა ვაშაყმაძე, ქეთევან ფილაური, ჟურნალისტი ეკა კუხალაშვილი, ირმა ზარანდია, გივი ცინცაძე სამართალდამრღვევად ცნო და თითოეული 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა.


მზია ამაღლობელი “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” თანადამფუძნებელი და დირექტორია. გუშინ, 18 თებერვალს, 38-დღიანი შიმშილობის შემდეგ მან საკების მიღების გადაწყვეტლება მიიღო.

ამაღლობელი ერთ ღამეში 2-ჯერ დააკავეს. ჯერ 11 იანვარს, ადმინისტრაციული წესით, საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ, უკვე 12 იანვარს, ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო.

მზია ამაღლობელმა გამოძიებას მისცა ჩვენება, რომ დაკავების შემდეგ, ირაკლი დგებუაძემ პოლიციის შენობაში მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე რამდენჯერმე სცადა ფიზიკურად გასწორებოდა მას, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა ხელი შეუშალეს. გარდა ამისა, მან სახეში შეაფურთხა მზია ამაღლობელს და გარკვეული დროის განმავლობაში არ აძლევდა წყლის დალევისა და საპირფარეშოთი სარგებლობის უფლებას.

ამ ყველაფრის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახური მეორე დღესვე იყო ინფორმირებული. თუმცა, გამოძიების დაწყების შესახებ უწყებამ მხოლოდ 22 იანვარს განაცხადა. უწყებამ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო და არა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის’ მუხლით, რასაც მზია ამაღლობელი აღწერს და რაც მძიმე კატეგორიის დანაშაულია, შესაბამისად, მძიმე სასჯელით.

პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით წარიდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

არაერთი იურისტისა და უფლებადამცველის შეფასებით, მზიას ამაღლობელის ქმედება შეუსაბამოა მისთვის წარდგენილ ბრალთან. სპეციალისტები განმარტავენ, რომ მისი ქმედება ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე პროკურატურა ედავება. ბევრი მათგანი თვლის, რომ ეს საერთოდ არ არის დანაშაული და მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად უნდა ჩაითვალოს. იურისტები დაუსაბუთებლად მიიჩნევენ აღკვეთოს ღონისძიების სახით მზია ამაღლობელის დაპატიმრებასაც.

ამავე თემაზე:

ზღვაში ხელოვნურად შექმნილი ნაკვეთი „ამბასადორს“ მთავრობამ 1 ლარად გადასცა – ნახეთ პირობები

საქართველოს მთავრობამ „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ 1 ლარად საკუთრებაში 194 457 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 2025 წლის 4 თებერვლის განკარგულებით გადასცა.

აღნიშნული ნაკვეთი იმ ხელოვნური ნახევარკუნძულის ნაწილია, რომელსაც „ამბასადორი“ ხელოვნური კუნძულის პროექტის ფარგლებში აშენებს. 1 ლარად გადაცემული ტერიტორია ცალკე საკადასტრო ერთეულად საჯარო რეესტრში ჯერ რეგისტრირებული არ არის.

მთლიანობაში „ამბასადორზე“ აღნიშნული პროექტისთვის ზღვაში 1 443 223 კვადრატული მეტრი ფართობია გადაცემული აღნაგობის უფლებით.

„ამბასადორზე“ 1 ლარად გადაცემული ტერიტორია [წითელი ფერით] და ხელოვნური კუნძულის პროექტისთვის გამოყოფილი დანარჩენი ტერიტორია ზღვაში [მოლურჯო ფერით] / წყარო: მთავრობის განკარგულება
1 ლარად საკუთრებაში გადაცემული ნაკვეთიც „ამბასადორის“ მიერ ხელოვნურადაა მოწყობილი და ის კომპანიას პირობებით გადაეცა.

მთავრობის განკარგულებით კომპანიამ საპრივატიზებო თანხა – 1 ლარი, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში უნდა გადაიხადოს.

ასევე, „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ ნაკვეთი საკუთრებაში იმ პირობით გადაეცა, რომ ის შეასრულებს იმ ვალდებულებებს, რომელიც კომპანიას სახელმწიფო ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის დროს, 2021 წელს განუსაზღვრეს.

ამასთან, „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ „2025 წლის 30 სექტემბრამდე წარმოსადგენი საბანკო გარანტია მისი წარმოდგენისას ასევე უნდა უზრუნველყოფდეს ზემოთ აღნიშნული პირობების შესრულებასაც [მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას]“.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საბანკო გარანტია „ამბასადორს“ ადრე უნდა წარმოედგინა, თუმცა მთავრობამ ეს ვადა გადაუვადა.

ვრცლად: „ამბასადორს“ 3-მილიონიანი საბანკო გარანტიის წარმოდგენა მთავრობამ 18 თვით გადაუვადა

ზღვაში ხელოვნურად მოწყობილი მიწის ნაკვეთი, რომელიც მთავრობამ „ამბასადორს“ 1 ლარად საკუთრებაში გადასცა / ბათუმი, 17.02.2025

კომპანიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებულ სასყიდლიანი აღნაგობის ხელშეკრულებაში რამდენიმე ცვლილება შეიტანეს. ამ ცვლილებებთან დაკავშირებული დოკუმენტები თავის დროზე „ბათუმელებმა“ მთავრობიდან და ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა, თუმცა საჯარო უწყებებმა ოფიციალურად გამოთხოვილი დოკუმენტები დამალეს.

კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს, რომ 4-5 ცათამბჯენი უკვე მოწყობილ ნახევარკუნძულზე ააშენოს, დანარჩენ ტერიტორიას კი, რომელიც ხელოვნურად ამის შემდეგ უნდა მოაწყოს ზღვაში, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] პროცედურის დასრულების შემდეგ აითვისებს.

ვრცლად: კუნძულის მოწყობამდე „ამბასადორი“ ხელოვნურ ნახევარკუნძულზე 5 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს

ბათუმში ხელოვნური კუნძულის განაშენიანების დეტალური გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ-ის] ანგარიშის საჯარო განხილვაა დაგეგმილი.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განცხადებით: სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილია: 2025 წლის 20 მარტი, 15:00 საათი, ქალაქ ბათუმის მერიის შენობა [მის: ბათუმი, ლუკა ასათიანის ქუჩა 25]

ვრცლად: ხელოვნური კუნძულის განაშენიანების გეგმის საჯარო განხილვა ბათუმის მერიაში გაიმართება

ბათუმის ხედი ბარცხანიდან / მარჯვნივ ხელოვნური ნახევარკუნძულის ტერიტორია / 17.02.2025

სგშ-ს დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ „განაშენიანების შემდგომ ბათუმის მოსახლეობის რაოდენობა თითქმის ნახევრით [70 000-ით] გაიზრდება და დიდი დატვირთვა იქნება მოსალოდნელი ქალაქის არსებულ ინფრასტრუქტურულ ქსელზე“.

ვრცლად ამ თემაზე:

რას სთხოვენ „ამბასადორს“ დამატებით – ხელოვნური კუნძულის გზშ დამტკიცებულია

 

ბათუმში აქციის 26 მონაწილეს სასამართლოში ზებრაზე გადასვლისთვის იბარებენ

ბათუმში პროევროპული აქციების 26 მონაწილეს გზის გადაკეტვას ედავებიან და სასამართლოში იბარებენ.

„ბათუმელებს“ ამის შესახებ ინფორმაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში დაუდასტურეს. აქციის მონაწილეებს ინტერესებს სასამართლოში სწორედ საია დაიცავს.

საიას ცნობით, სასამართლოში დაბარებულ აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციული კოდექსის 174-ე მუხლის მეოთხე ნაწილით ედავებიან – „სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება, შეკრების ან მანიფესტაციის მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საქართველოს საერთო სასამართლოში ჩატარება – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით“.

საუბარია 31 იანვარს, ღამით, საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე. ეს აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან საღამოს 7 საათის შემდეგ დაიწყო, როცა სასამართლო აღარ მუშაობდა.

მონაკვეთი, აბაშიძისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაზე, სადაც აქციის მონაწილეები ზებრაზე გადაადგილდებოდნენ, საღამოს საათებში დატვირთული არ არის.

აქ, მახლობლად, ადმინისტრაციული შენობები მდებარეობს, საკონსტიტუციო სასამართლო და აჭარის მთავრობა, ორივე უწყების სამუშაო საათები აქციის დროს დასრულებული იყო და აქციის მონაწილეების გადაადგილება მათ მუშაობას ხელს ვერ შეუშლიდა.

რა უნდა ვიცოდეთ, თუ პოლიცია გვაჯარიმებს აქციასთან დაკავშირებით – იურისტების რეკომენდაცია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს მოკლე გზამკვლევს, თუ რა უნდა ვიცოდეთ, როცა პოლიცია გვაჯარიმებს შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის.

6 თებერვალს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომელთა მიხედვით, შეკრებასა და მანიფესტაციასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების ნაწილი შსს-ს განსჯადი გახდა.

„ეს ნიშნავს, რომ გარკვეულ შემთხვევებში შსს-ს ექნება იმის გადაწყვეტის უფლებამოსილება, პირი უნდა იყოს თუ არა მიჩნეული სამართალდამრღვევად, ასევე, უნდა დაეკისროს თუ არა მას ჯარიმა. სამართალდარღვევების ნაწილი კვლავ სასამართლოს განსახილველი რჩება“ – განმარტავს საია.

ორგანიზაცია მიმოიხილავს, 6 თებერვლის შემდეგ მომხდარ შემთხვევებზე შეკრებასა და მანიფესტაციასთან დაკავშირებული რომელი სამართალდარღვევებია შსს-ს და რომელი – სასამართლოს განსჯადი; ასევე: როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე, თუკი მას აცნობებენ, რომ სამართალდარღვევის ჩადენას ედავებიან; როგორია შსს-ს ან სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები და წესი; ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში, აჩერებს თუ არა გასაჩივრება ჯარიმის გადახდის ვალდებულებას; რა შეუძლია მოქალაქეს, მოიმოქმედოს, თუკი მისი პერსონალური მონაცემები უკანონოდ დამუშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს უფლებამოსილება, მიიღოს პირის სამართალდამრღვევად ცნობის გადაწყვეტილება და დააჯარიმოს იგი, როდესაც:

აქციის მონაწილეს ედავებიან შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას – [არ იგულისხმება გზის გადაკეტვის შემთხვევა];

აქციის ორგანიზატორს ედავებიან შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას – [არ იგულისხმება გზის გადაკეტვის ორგანიზების შემთხვევა];

 პირს ედავებიან შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას კანონით აკრძალულ შენობებში ან მათი შესასვლელებიდან კანონით განსაზღვრულ აკრძალულ რადიუსში;

პირს ედავებიან აქციაზე კანონით აკრძალული გარკვეული ნივთების ქონას [მაგ. ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღი, პიროტექნიკა], დროებითი კონსტრუქციის მოწყობას, კანონით აკრძალული მოწოდებების გაკეთებას;

აქციის მონაწილეს ან ორგანიზატორს ედავებიან გზის ხელოვნურად გადაკეტვას, როცა ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა [იგულისხმება გზის სავალ ნაწილზე ყოფნა, როდესაც ტროტუარზე არის საკმარისი ადგილი];

პირს ედავებიან აქციაზე ლაზერული გამოსხივების ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე საშუალების ქონას ან სახის ნიღბით ან სხვა ნებისმიერი საშუალებით დაფარვას.

საიას განმარტებით, შსს-ს მიმართვის საფუძველზე, მხოლოდ სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, მიიღოს პირის სამართალდამრღვევად ცნობის გადაწყვეტილება, როდესაც:

  • შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების რომელიმე წესის დარღვევისთვის ერთხელ უკვე დაჯარიმებულ პირს კვლავ ედავებიან სამართალდარღვევის ჩადენას;
  • პირს ედავებიან სასამართლოს შესასვლელის ბლოკირებას, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საქართველოს საერთო სასამართლოში;
  • დემონსტრანტს ედავებიან იმგვარ შეკრებასა ან მანიფესტაციაში მონაწილეობას, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყდა.

ზემოთ მითითებული სამართალდარღვევების ჩადენა სანქციის სახით ითვალისწინებს სხვადასხვა ოდენობით ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას.

შსს-ს განსჯად საქმეებშიც კი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება მხოლოდ სასამართლოს შეუძლია.

თუკი პირი სახდელდადებულია, ანუ ერთხელ უკვე იყო მიჩნეული სამართალდამრღვევად, მის მიმართ სიტყვიერი შენიშვნა ვეღარ იქნება გამოყენებული.

გზამკვლევში საია პასუხობს ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს:

სამართალდამრღვევად მიჩნევის შემთხვევაში, როგორ იღებს პირი ინფორმაციას? – შსს უკავშირდება პირს და აცნობებს, რომ მის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (საჯარიმო ქვითარი).

შსს ან სასამართლო უკავშირდება პირს და აცნობებს, რომ მის მიმართ განიხილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე. ტარდება სასამართლო პროცესი, რომელსაც ესწრება პირი, რომელსაც სამართალდარღვევის ჩადენას ედავებიან. იგი სასამართლო პროცესზე იგებს გადაწყვეტილებას. პირი, რომელსაც სასამართლოს მხრიდან ოფიციალურად ეცნობება სასამართლო სხდომის თარიღი, უნდა გამოცხადდეს ამ სხდომაზე.

როგორ საჩივრდება სამართალდამრღვევად მიჩნევისა და ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება?- სამართალდარღვევის ოქმის [საჯარიმო ქვითრის]  ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ზემდგომ ორგანოში [ზემდგომ თანამდებობის პირთან, შინაგან საქმეთა სამინისტროში]. ამისთვის ბაჟი გადასახდელი არ არის; ზემდგომი ორგანოს [თანამდებობის პირის] გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში – ბაჟი გადასახდელი არ არის; პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, სააპელაციო სასამართლოში.

როგორ საჩივრდება სამართალდამრღვევად მიჩნევისა და ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილება? – შსს-ს პირისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების უფლებამოსილება არ აქვს. საჩივრდება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანიდან 48 საათში, სააპელაციო სასამართლოში.

აჩერებს თუ არა გასაჩივრება ჯარიმის გადახდის ვალდებულებას? – სამართალდარღვევის ოქმის [საჯარიმო ქვითრის] გასაჩივრება აჩერებს ჯარიმის გადახდის ვალდებულებას საქმეზე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, თუკი იგი სასამართლოშიც გასაჩივრდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო სასამართლოში არ აჩერებს ჯარიმის გადახდის ვალდებულებას.

რა ვადაში უნდა მოხდეს დაკისრებული ჯარიმის გადახდა? – შსს-ს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდა უნდა მოხდეს 30 დღის ვადაში. ჯარიმის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდა უნდა მოხდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში.

რა ხდება დაკისრებული ჯარიმის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში? – დაიწყება იძულებითი აღსრულება, რაც ნიშნავს თანხის ამოღებას შემოსავლიდან, ან უძრავი ან/და მოძრავი ქონების, მათ შორის, ანგარიშების დაყადაღების გზით.

საიას ცნობით, შეკრებასა და მანიფესტაციასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების საქმეების განხილვისას იკვეთება, რომ შსს მასობრივად იყენებს სახის ამომცნობ კამერებს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ.

„თუკი შსს თქვენ წინააღმდეგ ნაწარმოებ საქმეებზეც გამოიყენებს სახის ამომცნობი კამერით გადაღებულ კადრებს, შეგიძლიათ, მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და პერსონალური ინფორმაციის გამოყენების კანონიერების შესწავლა“ – ასეთია საიას რეკომენდაცია. 

ამასთანავე, მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ:

  • თუკი დაგიკავშირდებიან შინაგან საქმეთა სამინისტროდან შსს-ს განსჯად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, ადგილზე ჩაიბაროთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი [ჯარიმის ქვითარი], ან აცნობოთ მათ თქვენი ფაქტობრივი მისამართი, რათა ოქმი [ჯარიმის ქვითარი] თავად მათ ჩაგაბარონ;
  • თუკი დაგიკავშირდებიან შსს-დან სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, საქმის მასალების გასაცნობად ადგილზე გამოცხადებაზე უთხრათ უარი და დაელოდოთ სასამართლოდან შეტყობინებას/უწყებას;
  • თუკი დაგიკავშირდებიან სასამართლოდან სასამართლოში საქმის წარმოებასთან დაკავშირებით, მოინიშნეთ პროცესის თარიღი და გამოცხადდით დათქმულ დროს.

დახმარების საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას დაუკავშირდეთ ცხელ ხაზზე – 577 07 05 63.

______________

ფოტოზე: საპროტესტო აქცია ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

შაბათს ბათუმში მდუმარე მარში გაიმართება – „ოცნების ქალაქში“ დაღუპული ბავშვებისთვის

22 თებერვალს, შაბათს, ბათუმში მდუმარე მარში გაიმართება.

მარში 22 თებერვალს, 17:00 საათზე, ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებიდან [მემედ აბაშიძისა და პეტრე მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში] დაიწყება.

როგორც ფეისბუქზე დაანონსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მდუმარე მარში „ოცნების ქალაქში“ დაღუპულ ორ ბავშვის ხსოვნის პატივსაცემად იმართება.

„ოცნების ქალაქში“ ანდრიას და ლევანის დაღუპვიდან 4 დღე გავიდა.

რატომ არ გამოცხადდა გლოვა ქვეყანაში?

რატომ არ ჰქონდა ტერიტორიას უსაფრთხოების ღობე შემოვლებული?

რატომ არავინ გაითვალისწინა ხალხისგან მიტაცებულ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, ბათუმის მერიაში, ხალხისგან მიტაცებულ აჭარისა და საქართველოს მთავრობებში, რომ მოსამზადებელი სამუშაოები არ უნდა დაწყებულიყო უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის გარეშე?

რის გაკეთებას აპირებენ დასახლებაში დანაშაულებრივი გულგრილობის გამო მომხდარი შემზარავი ფაქტის შემდეგ, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს?

როდის ამოავსებენ ორმოებს, როდის დახურავენ ღია ჭებს, რომ მორიგი ტრაგედიის შიშით არ ვცხოვრობდეთ?

ანდრიას და ლევანის ხსოვნის პატივსაცემად, ჩვენი შვილების დასაცავად, კორუფციისა და სამსახურებრივი გულგრილობის გამო ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრების აუტანლობის გამო!

გამოდით და შემოგვიერთდით მდუმარე მარშზე“ – ვკითხულობთ ანონსში.

15 თებერვალს ბათუმში, „ოცნების ქალაქში“, ორი ბავშვი – 4 და 6 წლის ბიჭები, წყლით სავსე თხრილში ჩავარდნის შემდეგ დაიღუპნენ.

ადგილი, სადაც ბავშვები დაიღუპნენ, მცირე მანძილით არის დაშორებული იმ ადგილიდან, სადაც 8 თებერვალს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით, სიმბოლური კაფსულა ჩააგდო. ამ ღონისძიებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 209 ათასი ლარი დაიხარჯა.

„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ადგილი, სადაც ბავშვები დაიღუპნენ, არ არის სამშენებლო ტერიტორია.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 19 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 862 390 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 300]
  • ტანკი – 10 120 ერთეული [+19]
  • ჯავშანტექნიკა – 21 098 ერთეული [+23]
  • საარტილერიო სისტემა – 23 347 ერთეული [+72]
  • MLRS – 1 288 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 072 ერთეული [+4]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 25 861 ერთეული [+175]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 064 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 37 825 ერთეული [+146]
  • სპეცტექნიკა – 3 752 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 19 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 654 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 43 895 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 594 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 21 519 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 518 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 21 838 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 31 815 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ზუგდიდელ აქტივისტს მზია ამაღლობელის სტენსილის დახატვის გამო აჯარიმებენ

როსტევან ზარანდია არტისტი და ზუგდიდელი სამოქალაქო აქტივისტია, რომელიც სხვადასხვა შინაარსის სტენსილებს ხატავს შენობის კედლებზე. არტისტის თქმით, ეს მისთვის სამოქალაქო პოზიციის გამოხატვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ზარანდიას ეკუთვნის მზია ამაღლობელისა და სხვა პოლიტპატიმრების სტენსილები ზუგდიდში.

აქტივისტს დღეს, 17 თებერვალს, სახლში მიუტანეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მას 150-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევას ედავებიან, რაც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას 2000 ლარის ოდენობით.

როსტევან ზარანდიამ „ბათუმელებს” უთხრა, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებს.

მისი თქმით, სამართალდარღვევათა ოქმი 29 იანვარს, ზუგდიდის პროკურატურის შენობაზე მზია ამაღლობელის სტენსილის დახატვას მოჰყვა.

როსტევან კვეკვესკირის სტენსილი ზუგდიდის პროკურატორის შენობაზე

„წლებია სამოქალაქო აქტივისტი ვარ. მეტყველებისას ადამიანები ხშირად შემოგედავებიან, ასე არ უნდა გეთქვა, ისე არ უნდა გეთქვაო.

როცა ხატავ, შენ დახატავ და გამგები მხოლოდ თავისთავზეა დამოკიდებული, თუ რას გაიგებს. ეს ნახატები მუშაობს.
ხშირად მაქვს ეჭვი, რომ იქნებ არ მუშაობს, იქნებ ტყუილად ვწვალობ, იქნებ ცოტაა შედეგი, არადა, ყოველდღე ვრწმუნდები – ეს მესიჯები, რომლებიც კედლებზე ჩნდება, ქალაქს ამეტყველებს.

ხალხი ამ ყველაფერს კითხულობს და მეც ამისთვის ვაკეთებ”, – ამბობს არტისტი.

მისი თქმით, წლებია, რაც ხატავს და ზუგდიდში ყველამ კარგად იცის მისი ვინაობა, რადგან ის ხატვისას სახეს არ იფარავს და ნამუშევრებს სოციალურ ქსელებშიც საჯაროდ აქვეყნებს.

როსტევანის თქმით, მისი სტენსილები, რომელთა შინაარსთანაც „პრობლემები არ აქვთ“, დღემდე ხელუხლებელია, მაგრამ ნახატებს, რომლებიც იდეითა და სათქმელით მიუღებელი აღმოჩნდება, შლიან.

„იერსახეს კი არ უფრთხილდებიან, უშინდებიან მესიჯებს, რა მესიჯებიც ამ ნახატებს აქვთ. მოდიან და შავად ღებავენ. იერსახე არ არის მათი ზრუნვის საგანი.

დარწმუნებული ვარ, ამაზე არ გაჩერდებიან. მაგალითად, იუსტიციის სახლს მივახატე წუხელ ზამირ კვეკვესკირის სტენსილი, მეორე დღეს, ან იმავე საღამოს გადაღებავენ და ჰგონიათ, რომ საქმე მიაფუჩეჩეს და ასე ხომ არ არის, ტკივილი ხომ ჩვენთან რჩება?!”- ამბობს როსტევან ზარანდია.

მისი თქმით, საქმე რომ მართლაც იერსახის დამახინჯებას ეხებოდეს, ნახატების გაკეთებიდან მალევე, მაგალითად, მეორე დღესვე მივიდოდნენ და დააჯარიმებდნენ, მაგრამ საქმე სხვა რამეშია:

„ზემოდან ახლა მიიღეს დირექტივა. ეს პირველი ეტაპია დაშინებისთვის. ძალიან სასაცილოები არიან…”

არტისტის თქმით, ქვეყნიდან არ წავიდა, რადგან თვლის, ვიღამ ხატვაც უნდა გამოიყენოს პროტესტის ფორმად. როსტევანი აპირებს, გაგრძელოს სტენსილების დახატვა და ამით მისი სათქმელის გაზიარება მოქალაქეებისთვის.

„ფაქტია, რომ სიბნელეს არ აქვს გენერირების უნარი და სინათლე, კოჭობითაც რომ იყოს, ანათებს. ყველამ თავისი რომ აანთოს, ოდნავ მაინც ხომ იბჟუტებს, თუ არ განათდება და გაკაშკაშდება. ყველამ ჩვენ-ჩვენი რომ ვქნათ და სხვა არ დაველოდოთ… მე უნდა შევცვალო, რაც არ მომწონს.

იმდენად ბევრნი ვართ, შეუძლებელია სიბნელემ გვაჯობოს.

ახლა გადამწყვეტი ომია… რამენაირად ერთმანეთი უნდა გავიტანოთ და არ დავუთმოთ აქამდე მოტანილი ქვეყანა. ამათ როგორ უნდა დავუთმოთ?“ – ამბობს „ბათუმელებთან“ როსტევან ზარანდია.

„ჩვენ გვჭირდება მაგარი ქალები. მადლობა მზია“ – სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელზე

„მინდა განსაკუთრებულად მივმართო მზია ამაღლობელს, მას ვუთხრა დიდი მადლობა, იმისთვის რაც მან გააკეთა, იმისთვის, რაც დღეს გააკეთა, როცა შეწყვიტა შიმშილობა.

იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება ლიდერები, ჩვენ გვჭირდება მაგარი ქალები, ჩვენ გვჭირდება მაგარი პიროვნებები ცოცხალი. არ გვჭირდება მსხვერპლი.

ჩვენ გვჭირდება გამარჯვების სული და ეს მოგვცა მზია ამაღლობელმა, ეს შემართება გაიტანა საზღვრებს მიღმა.

ძალიან ბევრი ადამიანი მას გულშემატკივრობს და ეს გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება, როცა ის იქნება რეალურად ცოცხლად ჩვენი საზოგადოების ერთგვარი ლიდერი და ეს გვჭირდება ძალიან.

ძალიან დიდი მადლობა მზია და გისურვებთ ძალიან სწრაფად გამოჯანმრთელებას” – ასე მიმართა დღეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მზია ამაღლობელს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელს, მედიამენეჯერსა და ჟურნალისტს.

დღეს, 18 თებერვალს, შიმშილობის 38-ე დღეს, მზია ამაღლობელმა კვების აღდგენა გადაწყვიტა. მისი წერილი „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემ კლინიკა „ვივამედთან“ გააცნო საზოგადოებას.

მზია ამაღლობელი უსამართლობაზე პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობდა.

პოლიციელისთვის მუშტის დარტყმაზე უზენაესმა თქვა, რომ ეს თავდასხმა არ არის. სილის გაწვნა არის?

„იმის გამო, რომ იყო პოლიციელი და დაახლოებით ორი თვის წინ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოუწოდა წესრიგისკენ, ბ. გ-ი თავს დაესხა დმანისის შს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე კ. კ-იას, შეაგინა და მუშტი ძლიერად დაარტყა თვალის არეში, რის გამოც მან თავი ვერ შეიკავა და სახე დაარტყა ღობეს. კ. კ-ამ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – აღნიშნულია ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეში, სადაც სამივე ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ქმედება – მუშტის დარტყმა – პოლიციელზე თავდასხმა არ არის.

შეგახსენებთ, რომ პოლიციელზე სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან მზია ამაღლობელს. მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. 

საქმეზე, რომელზეც ამ სტატიაში გიამბობთ, როცა მოქალაქემ „პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს შეაგინა და მუშტი ძლიერად დაარტყა თვალის არეში“, სასამართლომ მსჯავრდებული ძალადობის მუხლით [სსკ-ის 126-ე მუხლი] დასაჯა – 10 თვით თავისუფლების აღკვეთით.

ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის მიუხედავად, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ვერ ფარავს იმას, რომ მართლმსაჯულების სისტემა დღეს კრიტიკული მედიასაშუალების დამფუძნებლის – მზია ამაღლობელის მიმართ პოლიტიკური დაკვეთით მოქმედებს და არა – სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად.

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ნათლად აჩვენებს, რომ პოლიციელისთვის სილის გაწვნა პოლიციელზე თავდასხმა არ არის. ასეთია თავად უზენაესი სასამართლოს, ანუ საქართველოში სასამართლოს ბოლო ინსტანციის დადგენილი პრაქტიკა.

უმთავრესი არგუმენტი, რის გამოც უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ „მუშტის ძლიერად დარტყმა თვალის არეში“ პოლიციელზე თავდასხმა არ არის, განზრახვის არარსებობაა.

ამ საქმეში უზენაესი სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ჩვენებებზე, რაც მოსამართლეების შეფასებით, „ადასტურებს კონფლიქტის იმწუთიერ განვითარებას და მსჯავრდებულის მყისიერ გაღიზიანებას“.

შემთხვევა, რომელზეც ამ მასალაშია საუბარი, 2 წლის წინ, დმანისში მოხდა.

ბრალდების შესახებ დადგენილებაში ვკითხულობთ:

„2023 წლის 9 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. დ-ში… ა-ს ქუჩაზე მდებარე რიტუალების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმის გამო, რომ იყო პოლიციელი და დაახლოებით ორი თვის წინ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოუწოდა წესრიგისკენ, ბ. გ-ი თავს დაესხა დმანისის შს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე კ. კ-იას, შეაგინა და მუშტი ძლიერად დაარტყა თვალის არეში, რის გამოც მან თავი ვერ შეიკავა და სახე დაარტყა ღობეს. კ. კ-ამ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი“.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ გაიზიარა დაზარალებულად მიჩნეული პოლიციელის ჩვენება იმ ნაწილში, რომლის მიხედვითაც მასზე თავდასხმა დაგეგმილი იყო:

„საკასაციო სასამართლო, სააპელაციო პალატის მსგავსად, ვერ გაიზიარებს დაზარალებულის ჩვენების იმ ნაწილის შინაარსს, რომლის მიხედვითაც, სანდო პირმა თავდასხმის დაგეგმვასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა მას შემდეგ, რაც მსჯავრდებულმა უკვე განახორციელა დანაშაულებრივი ქმედება.

ასეთი წყარო და მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია [ასეთის არსებობის შემთხვევაში] მინიმუმ არასანდოა, რომ არაფერი ვთქვათ ამ პირის არაჯეროვან დამოკიდებულებაზე რიგი გარემოებების მიმართ.

ბრალდების მხარის ვერსიის საპირისპიროდ, საქმეში მოიპოვება არაერთი ჩვენება, რაც ადასტურებს კონფლიქტის იმწუთიერ განვითარებას და მსჯავრდებულის მყისიერ გაღიზიანებას, რასაც მოჰყვა დაზარალებულზე ძალადობრივი ქმედების ჩადენა.

ამასთან, არც ერთი მტკიცებულებით, გარდა დაზარალებულის ვარაუდისა, არ დასტურდება, რომ ეს გაღიზიანება გამოწვეული იყო კ. კ-ს სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულ კ. კ-ას ჩვენება ბ. გ-ს მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივთან დაკავშირებით ვერ იქნება მიჩნეული, როგორც უტყუარი ჩვენება.

ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივად შეფასება ცხადყოფს, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილია არა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმა, არამედ – სხვაგვარი ძალადობის შემადგენლობა, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის ან გაუქმების რაიმე წინაპირობა არ არსებობს,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს განჩინებაში. ეს გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა – ლევან თევზაძემ, შალვა თადუმაძემ და ნინო სანდოძემ 2024 წლის აპრილში მიიღეს.

____________________________

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით, ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.

მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძველი გაყალბებული ოქმი გახდა – ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი], დაკავების დროს გადაღებულ ვიდეო კადრში კი, ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის აკავებენ ასკ-ის 150-ე მუხლით. ამ მუხლით პირის დაკავების უფლება პოლიციელებს საერთოდ არ აქვთ. გაყალბებული ოქმის საფუძველზე მოითხოვა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მზია ამაღლობელის პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილი ამ გაყალბებულ ოქმს დაეყრდნო.

13 თებერვალს, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს. თუმცა, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო შუამდგომლობა მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.

ამავე თემაზე:

ცემად ვერ შეფასდება 1 დარტყმა, თუნდაც მან ტკივილი გამოიწვიოს – უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა

მიზანი 100%-ით შესრულდა – ბორჯღალოსნები მსოფლიო თასზე და რაგბი ევროპის ნახევარფინალში არიან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ესპანეთთან გამარჯვებით დაასრულა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალისა და ფინალის მასპინძლობის უფლებაც მოიპოვა. რა თქმა უნდა, ქართველებმა 2027 წელს გასამართი მსოფლიო თასის საგზურიც მოიპოვეს.

ბორჯღალოსნებმა A ჯგუფის სამივე შეხვედრა – შვეიცარიასთან, ნიდერლანდებთან და ესპანეთთან დიდი უპირატესობით, ბონუსებით მოიგეს და 15 ქულა დააგროვეს.

ესპანეთთან გასვლით მატჩში, რამდენიმე საინტერესო და ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა. ბორჯღალოსნებს პირველად უკაპიტნა დავით ნინიაშვილმა და ის გუნდის 36-ე კაპიტანი გახდა.

მეორე ტაიმის 45-ე წუთზე კი, აკა ტაბუცაძემ ნაკრებში თავისი 46-ე ლელო გაიტანა. ამ ლელოთი ტაბუცაძე მსოფლიოს საუკეთესო მელელოვეთა ტოპ 10-ში შევიდა. ქართველი მორაგბე ახალზელანდიელებს – ჯულიან სავეას, კრისტიან ქალენსა და ჯო როკოთოკოს გაუთანაბრდა.

საქართველოს ნაკრებმა, მსოფლიო რაგბის რეიტინგში უელსთან უპირატესობა გაზარდა. ესპანეთთან დადებული 10 ლელოს წყალობით, რიჩარდ ქოქრილის გუნდს კლასიფიკაციაში 0.84 ქულა მოემატა და 74.69 ქულა დაუგროვდა. ახლა, ქართველები უელსელებს 0.94 ქულით უსწრებენ.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი 2 მარტს, თბილისში გაიმართება და ბორჯღალოსნები ტრადიციულ მეტოქეს, რუმინეთს შეერკინებიან. მეორე ნახევარფინალში კი, პორტუგალია ესპანეთს დაუხვდება. ფინალში გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები მეტოქეს კვლავ სამშობლოში უმასპინძლებს.

წელს, 10 წელი ხდება, რაც თიბისი ქართული რაგბის მთავარი მხარდამჭერი და პარტნიორია. უკვე მიღწეულ წარმატებებთან ერთად, მომავალზე სწორება და რაგბის განვითარების ხელშეწყობა კვლავ მთავარ პრიორიტეტად რჩება.

წელსვე, პირველად ისტორიაში, საქართველოს 7-ქალა ნაკრები ევროპის 12-გუნდა ელიტაში მოსინჯავს ძალებს. ახალი წარმატებების, ახალი ისტორიის შექმნის მოლოდინში, მნიშვნელოვანი წელი გველოდება.

#ერთადგავიმარჯვებთ

„მსურს, კითხვა დავუსვა ჩემს სამართლის ლექტორებს“ – ზვიად ცეცხლაძის წერილი ციხიდან თსუ-ს

ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ ავრცელებს მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, 19 წლის სტუდენტის, სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის წერილს, რომელსაც ზვიად ცეცხლაძე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტს სწერს. სწორედ ამ უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია ზვიად ცეცხლაძე.

„მსურს, კითხვა დავუსვა ჩემს სამართლის ლექტორებსა და სემინარისტებს.

თსუ-ს აუდიტორიებში თქვენ მე მასწავლეთ, რომ სამართალი უნდა იყოს გარდაუვალი, მე კი ვხედავ ქუჩაში მოთარეშე მოძალადე ჯგუფებს, რომლებიც ძალადობენ ბავშვებზე, ქალებზე, აქტივისტებზე, პოლიტიკოსებზე, ჟურნალისტებზე და ისინი არ დასჯილან.

თქვენ მე მასწავლეთ, რომ კანონი უნდა იყოს საყოველთაო. მე კი ვხედავ, რომ კანონი შერჩევითაა და მუშაობს მხოლოდ პროტესტანტების წინააღმდეგ.

თქვენ მე მასწავლეთ, რომ ნეგატიური, უკუძალა დაუშვებელია. მე კი ვხედავ, თუ როგორ აჯარიმებენ დღეს მიღებული კანონებით, გუშინ და გუშინწინ ბრალდებულ ხალხს.

თქვენ მე მასწავლეთ ინდივიდუალიზაციის პრინციპი და მე ვხედავ, თუ რაოდენ განზოგადებულად გვედავება პროკურორი სასამართლოზე.

თქვენ მე მასწავლეთ, რომ კანონი უნდა ყოფილიყო ჰუმანური. მე კი ვხედავ, რომ ნასამართლობის არმქონე პირებს 9 წლით თავისუფლების აღკვეთით გვემუქრებიან სამშობლოს სიყვარულის გამო.

თქვენ მე მასწავლეთ, რომ მოსამართლე არ უნდა იყოს მიკერძოებული და არაობიექტური, მაგრამ მე ვიცი, რა განაჩენს გამომიტანენ, სასამართლოში მისვლამდეც, მოსამართლემაც იცის წინასწარ…

თქვენ მე მასწავლეთ, რომ ღირსება ხელშეუვალია! მაგრამ მე მახსოვს, თვალწინ როგორ ჩამიდეს მოლოტოვები და ლითონის ხელკეტები.

რას ეტყვით მაშინ შელახულ ჩემს ღირსებასა და თვალს მომდგარ ცრემლებს?

და მე მაქვს კითხვა თითოეულ თქვენგანთან, რატომ მასწავლეთ ეს ყველაფერი?

ან როგორ შეგიძლიათ, თვალებში უყურებდეთ სტუდენტებს და ასწავლიდეთ იმას, რაც უკვე დიდი ხანია დაკარგეს?“

ზვიად ცეცხლაძის წერილს „დაფიონი“ ავრცელებს

ზვიად ცეცხლაძე თბილისში 4 დეკემბერს დააკავეს. მას ივანიშვილის რეჟიმი საპროტესტო აქციების ორგანიზებას ედავება

ამავე თემაზე: 

„ზღაპრების ნაცვლად საქართველოს ისტორიას უყვებოდა მამამისი“ – ვინ არის ზვიად ცეცხლაძე

 

„მზიას ჯანმრთელობა და ღირსებისთვის ბრძოლაში გამარჯვება!“ – სალომე ზურაბიშვილი

„მზიას მადლობა! მზიას მხნეობა! მზიას ჯანმრთელობა და ღირსებისთვის ბრძოლაში გამარჯვება!“ – ასე ეხმიანება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქზე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის გადაწყვეტილებას შიმშილობის შეწყვეტის თაობაზე.

დღეს, 18 თებერვალს, შიმშილობის 38-ე დღეს, მზია ამაღლობელმა კვების აღდგენა გადაწყვიტა. მისი წერილი „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემ კლინიკა „ვივამედთან“ გააცნო საზოგადოებას.

„ბათუში, ოცნების ქალაქში მომხდარი ტრაგედიის, ორი არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნის და დაღუპვის ფონზე, ჩემს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა, წარმოუდგენლად მძიმეა ჩემთვის.

ამ დღეებში, ექიმების დახმარებით, შევეცდები, როგორმე შევძლო კვების აღდგენა.

სინდისის პატიმრებს – თემურ ქათამაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს მადლობა სოლიდარობისთვის. ვთხოვ, მათაც შეწყვიტონ შიმშილობა.

განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი თანამოაზრეების, კოლეგების, მეგობრების და ოჯახის მიმართ. არ მინდა, ჩემმა შიმშილობამ დაგასუსტოთ. თქვენ ჩემ ნაცვლადაც უნდა იბრძოლოთ”, – წერია მზია ამაღლობელის წერილში.

„ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს.

მზია ამაღლობელი პირველად დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ კი – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება სისხლის სამართალში კვალიფიკაციის არმქონე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.

მზია ამაღლობელი უსამართლობაზე პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობდა.

“შევეცდები, როგორმე შევძლო კვების აღდგენა” – მზია ამაღლობელის წერილი

ბათუმელები/ნეტგაზეთის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობის 38-ე დღეს კვების აღდგენა გადაწყვიტა. მისი წერილი “ბათუმელების” მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემ კლინიკა „ვივამედთან“ გააცნო საზოგადოებას.

„ბათუში, “ოცნების ქალაქში” მომხდარი ტრაგედიის, ორი არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნის და დაღუპვის ფონზე ჩემს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა, წარმოუდგენლად მძიმეა ჩემთვის.

ამ დღეებში, ექიმების დახმარებით, შევეცდები, როგორმე შევძლო კვების აღდგენა.

სინდისის პატიმრებს – თემურ ქათამაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს მადლობა სოლიდარობისთვის. ვთხოვ, მათაც შეწყვიტონ შიმშილობა.

განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი თანამოაზრეების, კოლეგების, მეგობრების და ოჯახის მიმართ. არ მინდა, ჩემმა შიმშილობამ დაგასუსტოთ. თქვენ ჩემ ნაცვლადაც უნდა იბრძოლოთ”, – წერია მზია ამაღლობელის წერილში.

მზია ამაღლობელმა 38 დღე იშიმშილა. მან შიმშილობა დაკავების დღეს, 12 იანვარს დაიწყო უსამართლობაზე პროტესტის ნიშნად.

შიმშილობის 24-ე დღეს, 4 თებერვალს ის კლინიკა “ვივამედში” გადაიყვანეს აუცილებელი კვლევებისათვის.

“შევეცდები, როგორმე შევძლო კვების აღდგენა” – მზია ამაღლობელის წერილი

მზია ამაღლობელი ერთ ღამეში 2-ჯერ დააკავეს. ჯერ 11 იანვარს, ადმინისტრაციული წესით, საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ, უკვე 12 იანვარს, ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო.

მზია ამაღლობელმა გამოძიებას მისცა ჩვენება, რომ დაკავების შემდეგ, ირაკლი დგებუაძემ პოლიციის შენობაში მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე რამდენჯერმე სცადა ფიზიკურად გასწორებოდა მას, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა ხელი შეუშალეს. გარდა ამისა, მან სახეში შეაფურთხა მზია ამაღლობელს და გარკვეული დროის განმავლობაში არ აძლევდა წყლის დალევისა და საპირფარეშოთი სარგებლობის უფლებას.

ამ ყველაფრის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახური მეორე დღესვე იყო ინფორმირებული. თუმცა, გამოძიების დაწყების შესახებ უწყებამ მხოლოდ 22 იანვარს განაცხადა. უწყებამ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო და არა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის’ მუხლით, რასაც მზია ამაღლობელი აღწერს და რაც მძიმე კატეგორიის დანაშაულია, შესაბამისად, მძიმე სასჯელით.

პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით წარიდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.

მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება მისმა ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არც კი განიხილა.

13 თებერვალს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართეს და ამაღლობელის გათავისუფლება მოითხოვეს. მოსამართლე ლევან ყოლბაიამ შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო. 

ამის შემდეგ, ამაღლობელის იურისტებმა კვლავ მიმართეს სააპელაციოს, ამჯერად ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბოლო, 14 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.

არაერთი იურისტისა და უფლებადამცველის შეფასებით, მზიას ამაღლობელის ქმედება შეუსაბამოა მისთვის წარდგენილ ბრალთან. სპეციალისტები განმარტავენ, რომ მისი ქმედება ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე პროკურატურა ედავება. ბევრი მათგანი თვლის, რომ ეს საერთოდ არ არის დანაშაული და მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად უნდა ჩაითვალოს. იურისტები დაუსაბუთებლად მიიჩნევენ აღკვეთოს ღონისძიების სახით მზია ამაღლობელის დაპატიმრებასაც.

საია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის ხელახალ მონიტორინგს და ვახტანგ კალოიანის ჩართვას ითხოვს

„იქიდან გამომდინარე, რომ შიმშილობის ამ ვადაზე დიდია პაციენტის მდგომარეობის სწრაფი დამძიმების რისკი, კვლავ მივმართეთ სახალხო დამცველს, რათა კიდევ ერთხელ შეაფასოს სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა მზია ამაღლობელის მდგომარეობა, ამჯერად უკვე რეანიმატოლოგ, ვახტანგ კალოიანის ჩართულობით,“ – აღნიშნულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ დღეს, 18 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

მზია ამაღლობელი 38 დღეა შიმშილობს. იგი კლინიკა „ვივამედშია“ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. სამედიცინო პერსონალის განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უწყვეტი შიმშილობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით მძიმეა.

„ადვოკატების მოთხოვნით, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შეიქმნა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლის მიზნით.

მზია ამაღლობელი ექიმთა ჯგუფის ორმა წევრმა, კერძოდ, გიორგი გვილიამ და ელენე გიორგაძემ კლინიკაში 2025 წლის 7 თებერვალს, ხოლო ექიმმა გიორგი ჯავრიშვილმა პაციენტი 12 თებერვალს მოინახულეს.

7 თებერვლისთვის პაციენტის მდგომარეობა ფასდებოდა როგორც დამაკმაყოფილებელი, თუმცა საყურადღებო. ექიმების ვიზიტიდან დღემდე გასულია თითქმის ორი კვირა.

2025 წლის 17 თებერვალს კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ, განაცხადა, რომ შიმშილობის ხანგრძლივი დროის გათვალისწინებით, შესაძლოა, მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას. მისი განცხადებით, ასეთი პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას მას აძლევს გამოკლვევები, რომლებიც მზია ამაღლობელს უტარდება,“ – აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

——

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით, ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.

13 თებერვალს, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს. თუმცა, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო შუამდგომლობა მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.

 

„ოლიგარქიის ასფალტი სკდება, ხალხის გაზაფხული მოდის“ – ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო ბანერები გადმოფინეს

18 თებერვალს, საქართველოში სხვადასხვა ხიდებიდან მოქალაქეებმა მასშტაბური საპროტესტო ბანერები გადმოფინეს.

ქუთაისში, რუსთავში, თბილისში, თელავში, მცხეთასა და ბალდაში ოცამდე საპროტესტო ბანერი, ერთდროულად, დილის 10 საათზე გადმოიფინა. ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარე საფეხმავლო ხიდიდან კი, 15 თებერვალს, ოცნების ქალაქში ორი მცირეწლოვანი ბავშვის დაღუპვასთან დაკავშირებით, გლოვის ნიშნად, შავი ქსოვილი გადმოიფინა.

„ტრაგედიით, სისასტიკით, სიხარბით, პროპაგანდითა და ოლიგარქიული მისწრაფებებით ნაკვებ პოლიციურ რეჟიმს, ყოველდღიურად ძალადობრივად რომ ცდილობს ჩვენს გაჩუმებას, ჩვენს დაშორიშორებას, ჩვენ შორის შიშისა და შუღლის ჩანერგვას – ერთიანობით ვპასუხობთ.

ვპასუხობთ ტყუილს, გაყალბებულ რეალობას, პოლიტიკურად გარყვნილ ელიტას და მათ დღის წესრიგს:

ამბოხებაა ჩვენი პასუხი!
აზვავებაა ჩვენი პასუხი!
შეთქმულებაა ჩვენი პასუხი!
ამხედრებაა ჩვენი პასუხი!

ჩვენ ვდგავართ ყველგან, ვდგავართ მთელს საქართველოში, ვდგავართ მხარდამხარ და ვაშენებთ ხიდებს, ერთმანეთისკენ მისასვლელ ხიდებს, და ვაგრძელებთ ბრძოლას თავისუფლებისთვის, თანასწორობისთვის და სოლიდარობისთვის!“ – ნათქვამია მოქალაქეების განცხადებაში.

ქუთაისი, თეთრი ხიდი
ქუთაისი, წითელი ხიდი
ქუთაისი, რუსთაველის ხიდი
რუსთავი
თბილისი, ვორონცოვი
თბილისი, ვორონცოვი
თბილისი, მშვიდობის ხიდი
ბალდა | “დაიცავი საქართველო ბალდაში!” 
თბილისი, მეტეხის ხიდი
თბილისი, დიდუბის ხიდი
თბილისი, ზაჰესი
თბილისი, გალაქტიონის ხიდი
თელავი
თბილისი, ვახუშტის ხიდი
თბილისი, თამარ მეფის ხიდი
თბილისი, ბარათაშვილის ხიდი
მცხეთა | “ბოროტებას ნუ კი გაექცევი, შეებრძოლე!”
Exit mobile version