ანა ნაცვლიშვილს, პარტია „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, „ბათუმელები“ საპროტესტო აქციებში ქალების აქტიურობაზე, მათ როლზე და მზია ამაღლობელის საქმეზე ესაუბრა.
- ბათუმში დაგეგმილია ქალების მარში მზიას მხარდასაჭერად [ინტერვიუ ჩაწერილია 11 თებერვალს]. მინდა გკითხოთ ამ ტიპის მხარდაჭერის შესახებ, თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა აქვს და ასევე, რამდენად ხედავთ საზოგადოების მხარდაჭერას მზია ამაღლობელის საქმეში?
მე ვფიქრობ, რომ სოლიდარობის ყველა აქტი, ერთკაციანიც კი, არა თუ ხალხმრავალი, ისეთ საქმეებთან დაკავშირებით, როგორიცაა მზია ამაღლობელის საქმე, არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ზოგადად ის, რომ ქალები ამ პროტესტში განსაკუთრებულად გამოჩნდნენ, ჩემთვის არის ძალიან მრავლისმთქმელი ფაქტი და ბევრი მიზეზი აქვს ამას. მათ შორის ერთ მიზეზი არის ის, რომ ზოგადად, ქალები ყველა ავტოკრატიულ და დიქტატორულ რეჟიმებში კიდევ უფრო მეტი წნეხის ქვეშ ექცევიან, ამას თავისი ისტორიულ-კულტურული მიზეზები აქვს. ქალები ზოგჯერ მამაკაცებზე უფრო ადრე ვგრძნობთ საფრთხეს თავისუფლების, შეზღუდვის, წნეხის და ამავე დროს არ გვეშინია ან არ გვერიდება ამაზე ხმამაღლა საუბარი.
ამიტომ არ მიკვირს, რომ ქალები არიან ამ პროტესტის წინა ხაზზე და ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს.
ასეთ დროს მახსენდება ხოლმე პარლამენტში როგორი ბინძური და ძალიან მიზანმიმართული კამპანიის სამიზნე ვიყავით ხოლმე ჩვენ, ქალი დეპუტატები და ამის გაგრძელება მგონია და კიდევ უფრო ფართო მასშტაბში მოჩანს ახლა ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ ზოგადად ქალებთან დალაგების გამოცდილება ძალადობრივ წარმონაქმნ „ქართულ ოცნებას“ ნაკლებად აქვს.
თავისუფალ და მართლა თავისით რომ აქვს რაღაც მიღწეული, ასეთ ქალებთან ურთიერთობა მათ თავის პარტიაში ნაკლებად ჰქონდათ. ზოგადად, იქ ვიცით, როგორც ხდებოდა შერჩევა ქალებისაც და კაცებისაც – ერთგულების, ლოიალობისა და მოდრეკვადობის ნიშნით. როდესაც თავისუფალ ქალებთან, თავისუფალ ადამიანებთან უწევთ შეხება, რომლებმაც თავისით მოიპოვეს როლი, ავტორიტეტი საზოგადოებაში და ეს დგას მერიტოკრატიულ საწყისებზე და არა ნეპოტიზმსა და კორუფციაზე, მათთან როგორ უნდა დაალაგონ, ნაკლებად იციან.
მცდელობები კი ჰქონიათ, მაგრამ ნაკლებად გამოსდით.
ამიტომ მე მოურიდებლად ვიტყოდი, რომ ამ პროტესტს ქალის სახე აქვს, დედის სახე აქვს.
პირადად მე ყველაზე დიდ ძალას რაც მაძლევს, მათ შორის უიმედობის მომენტებში, არის ის, რომ მე არ მინდა ჩემი შვილები და მათი თაობა იძულებული იყოს გაიაროს ის, რასაც ჩვენ გავდივართ. ამიტომ მე მირჩევნია ორმაგი ტკივილი მივიღო ახლა, რომ მათ ეს ავაცილო და დარწმუნებული ვარ, ამის გამო გამოდის იქ ყველა, დედაც, მამაც, ბებიაც, ბაბუაც და ახალგაზრდა ადამიანიც… სწორედ ამიტომ დღეს პროტესტს ქალის სახე აქვს და ეს ძალიან ბუნებრივია, არ მიკვირს.
ერთ რამეს ვიტყვი კიდევ. ხშირად ყოფილა და ყოველთვის გული მწყდებოდა, როდესაც ჩვენ გენდერულ საკითხებზე, ქალთა თანასწორობაზე ვმუშაობდით, ვსაუბრობდით და ვცდილობდით ამ თემის პოლიტიკურ დღის წესრიგში ჩასმას, სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების მამაკაცებისგან და ზოგჯერ ქალებისგანაც იყო ამ თემის რაღაც უფრო მსუბუქ თემად, არასათანადოდ სერიოზულ თემად აღქმა.
მაგალითისთვის, ევროკავშირის 12 რეკომენდაციაში ერთ-ერთი იყო გენდერული საკითხები და „უფ, მაგას რა თქმა უნდა შეასრულებენ“ – ასეთი გადაბალახებაც იყო ამ თემაზე კომენტირებისას და ეს იმ ქვეყანაში, სადაც კატასტროფულად მაღალია ფემიციდის მაჩვენებელი. არადა ქალთა უფლებები უმწვავესი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური საკითხებია და ეს არ არის პეპლები და ყვავილები.
- 2 თებერვალს თბილისში აქციაზე იყო შავნიღბიანების მხრიდან ძალიან ძლიერი აგრესიის ტალღა ქალების მისამართით, წარმოუდგენელი შეურაცხყოფა, გინება. ამას მოჰყვა მდინარაძის განცხადება, რომ პროტესტის მონაწილე ახალგაზრდა ქალები „ამაზრზენი სიტყვებით“ ლაპარაკობენ. თქვენი აზრით, ეს ხომ არ მიუთითებს იმაზე, რომ ქალებზე ზეწოლა შეიძლება გაძლიერდეს?
ეგ უნდათ ზუსტად.
პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებში ქალები შემოიჭრნენ ძალიან თამამად, ვერ მოძებნეს გასაღები, როგორ გააჩერონ და ახლა მიმდინარეობს შეიმინგი [დარცხვენა]. აი, გუშინაც ვნახე ერთ-ერთი ვიდეო სადაც ეუბნებიან ქალებს – „ქალის სახე გაქვს დაკარგული“… მე ეს ძალიან ხშირად მომისმენია და წამიკითხავს სოციალურ ქსელში ჩემს და სხვის მიმართაც.
ეს გაოცება ქალების ძალის და აქტიურობის მიმართ ჩემთვის ბევრ რამეზე მეტყველებს, მაგრამ ერთს გამოვარჩევდი – ეს არის აბსოლუტური უვიცობა და ვერ გააზრება საკუთარი ქვეყნის ისტორიის, სადაც გვყავდა წმინდა ნინო, ქეთევან წამებული, გყავდა შუშანიკი, თამარ მეფე, მარო მაყაშვილი… ეს არის ძლიერი ქალების ქვეყანა. ის, რომ გიკვირს ქალის ძალა და აქტიურობა ამ პროტესტში, ესე იგი ამ ქვეყნის არაფერი გაგეგება, ამ ქვეყნის არც ისტორია გესმის, არც მაჯისცემა და არც გულისცემა.
როგორ წარმოუდგენიათ, როგორი უნდა იყოს ქალი, რომელსაც ხელში აკვდება საკუთარი შვილების მომავალი?! წყნარი, ნაზი და მდუმარე უნდა იყოს, დაეთანხმოს ამას და წყალს გაატანოს შვილების მომავალი?! ამიტომ ვამბობ, მათ არ ესმით.
ანტი-ქართველი ქალის სახე უნდათ, გაჩუმებული, მონურად მორჩილი, რომელიც მდუმარედ დაეთანხმება შვილების მომავალს წყალში რომ უყრიან. ასეთი არასდროს არ ყოფილა ქართველი დედა, ასეთი არასდროს არ ყოფილა ქართველი ქალი.
ამავე დროს, ეს არის ის ხალხი, რომელსაც წელიწადზე მეტ ხანს დედები სთხოვდნენ შვილების წამლისთვის შეხვედრას და მათ შეხვედრისთვის აიძულეს დღე და ღამე ეთენებინათ სიცივეში.
- თქვენ იურისტი ხართ და მინდა გკითხოთ როგორც იურისტს, როგორია თქვენი მოსაზრება მზია ამაღლობელის საქმეზე?
არის რამდენიმე სტანდარტი, რომელსაც ჯერ კიდევ აღიარებს ამ ქვეყნის კანონმდებლობა.
პირველი – ქმედება. არავინ არ ამბობს, რომ სილა არ გაუწნია. ქმედება მან ჩაიდინა, მაგრამ მთავარი კითხვაა – ეს ქმედება არის თუ არა პოლიციელზე თავდასხმა. თავდასხმისას რამდენიმე კომპონენტი უნდა იყოს თანხვედრაში, რომ დანაშაულის შემადგენლობა შექმნას. ეს ქმედება არ ქმნის ისეთი დანაშაულის შემადგენლობას, როგორიც არის პოლიციელზე თავდასხმა.
ჩემი ზეპირი საუბარი რომ არ იყოს, ამ ქვეყნის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც კი არსებობს, რომელიც იარაღით დაჭრასაც, გაცილებით მძიმე შემთხვევას, არ მიიჩნევს თავდასხმად.
ამიტომ, აქ ცალსახად სამართლებრივი პასუხი არის, რომ ეს ქმედება არ არის სისხლის სამართლის დანაშაული და ის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელსაც მზია ამაღლობელს ედავებიან. ძალიან მკაფიოა სასამართლოს პრაქტიკაც და კანონიც.
მეორე – კიდევაც რომ იკვეთებოდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, სტანდარტი, რომელსაც ჯერ კიდევ აღიარებს ამ ქვეყნის კონსტიტუცია და კანონი, განაჩენამდე ადამიანის ციხეში მოთავსება უნდა იყოს უიშვიათესი, უკიდურესი შემთხვევა, მხოლოდ მაშინ, თუკი არსებობს რისკი, რომ ის ან მიიმალება, ან დააშინებს მოწმეებს ან გაიმეორებს ქმედებას.
აქ ვერ საბუთდება განაჩენამდე რა გარდაუვალი აუცილებლობაა, რომ ადამიანი იყოს საპატიმრო დაწესებულებაში.
და მესამე – დანაშაული რომც ჩაიდინოს ადამიანმა, დამნაშავის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება არის პროპორციული ანუ სამართლიანი სასჯელი. აქაც, რა სასჯელითაც უპირებენ მას დასჯას, აბსოლუტურად არაპროპორციულია სილის გაწვნისთვის.
და მეოთხე – კონტექსტი არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ ვლაპარაკობთ მოცემულობაზე, როდესაც ადამიანები, იგივე მზიას კოლეგები, სასიკვდილოდ იყვნენ გამეტებულები. სასიკვდილოდ იყო გამეტებული გურამ როგავა, მაკა ჩიხლაძე და შეწირული. უბრალოდ ღმერთმა გადაარჩინა ისინი, თორემ ამათი ხელიდან ისინი განწირული იყვნენ სიკვდილისთვის. დაკითხულიც კი არ არის ვინმე.
ასობით ადამიანია, რომელიც სიკვდილამდე იქნა ნაწამები, ნაცემი და დღესაც კი, როდესაც ამ ადამიანებს ასამართლებენ, ისინი ჰყვებიან უსასტიკეს მოპყრობაზე და ეს იმ დროს, როდესაც ერთი პოლიციელიც კი არ არის პასუხისგებაში მიცემული. აი, ამ კონტექსტს სად უნდა გაექცე?!
სამართალი არ არსებობს მოწყვეტილი, აბსტრაქტული. სამართლიანობა ამას გულისხმობს, რომ შერჩევითი არ იყოს მართლმსაჯულება.
როცა ვერც ერთ სამართლებრივ ტესტს ვერ აბარებს ეს საქმე და ამას ემატება უმძიმესი კონტექსტი და ამას ემატება მისი პროფესია, რა თქმა უნდა, აქ არის ერთადერთი პასუხი: მზია ისჯება მისი საქმიანობისთვის, სისტემამ ის მოიხელთა და ყველაფრისთვის, რაც მას უკეთებია, ახლა უნდათ „ფასი“ გადაახდევინონ. მაგრამ სისტემა ახლა, ამ მდგომარეობით მასთან არის ასით ნული დამარცხებული.
რას ითხოვენ ისინი, ნახეთ – ბოდიშს ითხოვენ. ანუ მათთვის მნიშვნელოვანია რა?! რომ მოდრიკონ ეს ადამიანი, რომ გატეხონ მისი გაუტეხელი სული. აი, ეს უნდათ. და ეს უნდათ მთელი პროტესტისგან.
ამიტომ არის მზია პროტესტის სახე და ამიტომ იქცა სიმბოლოდ.
ვერაფერს ვერ უხერხებენ ადამიანებს და უნდათ, რომ მორალურად წელში გადატეხონ. ეს არის მათი ამოცანა და განზრახვა, როგორც მთლიან პროტესტთან, ისე მზიასთან მიმართებაში.
საერთოდ, ადამიანური განზომილება არის საწყისი, სამართლისაც, პოლიტიკისაც და ყველაფრის. აქაც მივდივართ ქართულ ტრადიციებთან. სილას როდის აწნავს ქალი მამაკაცს? გადავხედოთ ლიტერატურულ ნაწარმოებებს, ისტორიას… ეს არის ყოველთვის პასუხი შეურაცხყოფაზე ან სიშლეგეზე, რომელსაც მამაკაცი იჩენს და ქალს უნდა მისი გამოფხიზლება. ჩვენი კულტურული კოდი არის ეს და და სხვათა შორის, კულტურული კოდი არის ისიც, რომ როცა მამაკაცი ამ სიგნალს იღებს, ჩერდება.
ვინც ვერ მიიღო ეს სიგნალი და გადავიდა შურისძიებაზე, ის ამ კულტურული კოდისგან გათიშულია. მას არ აქვს ეს კულტურული კოდი, რაღაც სხვა კოდი აქვს, ხოლო რა კოდია ეს, ამას თქვენმა მკითხველმა დაარქვას სახელი.






