მთავარი,სიახლეები

„არ გვაქვს წყალი, სანთლის შუქზე ვცხოვრობთ“- რატომ შესახლდა შორენა ძველ შენობაში

20.02.2025 •
„არ გვაქვს წყალი, სანთლის შუქზე ვცხოვრობთ“- რატომ შესახლდა შორენა ძველ შენობაში

„36 წლის ვარ და მთელი ცხოვრება მიწევს ბრძოლა იმისთვის, რომ გადავირჩინო თავი და გადავარჩინო ჩემი ოჯახის წევრები, რომ არ მყავდნენ მშივრები“ – ამბობს შორენა კონცელიძე.

შორენა ამბობს, რომ მარტოხელა დედაა. ის თავის 16 წლის შვილთან და 68 წლის დედასთან ერთად, ბათუმში, ბონის ტერიტორიაზე, ძველ შენობაში შესახლდა.

„თავმოყვარე ადამიანი იქ არ შევიდოდა, რადგან ნაგვით იყო სავსე, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა“ – ამბობს ის „ბათუმელებთან“.

შორენა საუბრობს სოციალურ უსამართლობაზე, მარტოხელა ქალების მძიმე ყოფაზე საქართველოში და გულგრილობაზე, რომელსაც სახელმწიფო მოწყვლადი ჯგუფების მიმართ იჩენს.

„6 წელია რაც მეუღლეს დავშორდი და დავრჩი საცხოვრებლის გარეშე. ქირაში ვცხოვრობდი. ქირის ფასები კი იცით როგორია ამ ქვეყანაში, 800-900 ლარზე ნაკლებად ვერ იშოვი წესიერ ბინას. მე კი სადაც ვმუშაობ, 800 ლარი მაქვს ანაზღაურება.

600 ლარად ვნახე ოროთახიანი ბინა, სადაც ვცხოვრობდით მე, ჩემი 16 წლის შვილი და დედა. ჩემი ძმის გარდაცვალების შემდეგ დედაზე მე ვზრუნავ.

200 ლარად, ბუნებრივია, თავს ვერ ირჩენ, ამიტომ დედაჩემის პენსიასაც ვიყენებთ ხოლმე. მეც გავდივარ დალაგებებზე და ხან 40 ლარს ვშოულობ, ხან 50-ს და ასე გავდივართ“ – ამბობს შორენა.

მას ვკითხეთ, აქვს თუ არა სოფელი და სცადა თუ არა იქ ცხოვრება.

შორენას თქმით, მისი მშობლებიც დაშორებული იყვნენ, მამის სახლი ქედაში, სოფელ კვაშტაშია, თუმცა იქ ათი წელია არავინ ცხოვრობს და სახლი დაზიანებულია.

„ჩემი ძმაც ქირაში ცხოვრობდა მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად. ძმის გარდაცვალების შემდეგ, რძალი და ძმისშვილები სოციალურ შემწეობას იღებენ, ხანდახან დედაც ეხმარება პენსიიდან“- გვიყვება შორენა.

მისი თქმით, ბინით უზრუნველყოფაზე მერიას არაერთხელ მიმართა, თუმცა ყოველთვის უარს იღებდა:

„4 შვილი უნდა გყავდესო, სოციალურად დაუცველი უნდა იყოო… შვილები იმიტომ ვაჩინო, რომ ბინა მივიღო? ან იმ 4 შვილს რჩენა არ უნდა? თუ არ ვიმუშავე, როგორ გავზარდო შვილები.

მაშინ ნორმალური ანაზღაურება უნდა არსებობდეს ქვეყანაში, რომ ხელფასით ირჩინო თავი ადამიანმა.

800 ლარიდან 600 ლარი თუ ქირაში ვიხადე, როგორ ვიარსებო? 200 ლარით ვირჩინოთ თავი სამმა ადამიანმა?!“

მისი თქმით, სწორედ ეს გახდა მიზეზი მიეღო მიტოვებულ შენობაში შესახლების გადაწყვეტილება:

„ამიტომ გავხდი იძულებული, მიტოვებულ შენობაში შევსახლებულიყავი. 21 ოჯახი შევსახლდით.

შორენა, სხვა უსახლკარო ადამიანებთან ერთად შესახლდა მიტოვებულ შენობაში

ბუნებრივია შენობაში არანაირი საცხოვრებელი პირობა არ არის. ნაგვით იყო გადავსებული, იყო ანტისანიტარია… ჩვენი ძალებით დავალაგეთ, გავიტანეთ ნაგავი. არ არის შუქი, არ არის საპირფარეშო, მაგრამ ვიფიქრე, რომ ქირის თანხას მაინც გადავარჩენდი და ამის გამო შემოვედით.

რადგან ტუალეტი არ გვაქვს, ბაზრის საპირფარეშოში დავდივართ, თუმცა ისიც ფასიანია.

შუქი ახლაც არ გვაქვს. სანთლის შუქზე ვცხოვრობთ, გვაქვს შეშის ჩეფი“- გვიყვება შორენა.

როგორია სახელმწიფოს დამოკიდებულება უსახლკარო ადამიანების მიმართ? მაგალითად. რას გეუბნებიან მერიაში, თუ შეგხვდათ მერი, როცა აქცია გამართეთ და ითხოვდით მასთან შეხვედრას? – ვკითხეთ მას.

შესახლებულები შენობას ალაგებენ

შორენა ამბობს, რომ ბათუმის მერი არასდროს გამოსულა უსახლკარო ადამიანებთან შესახვედრად და სხვა პირების პოზიციაც ზედაპირულია.

„როცა მერიაში მივედით და ვუთხარით, რომ მძიმე პირობებში ვცხოვრობდით, არ გვქონდა შუქი, წყალი, შშმ ბავშვებიც ჰყავთ იქ მშობლებს და ვთხოვეთ, რომ დაედგათ დენის მრიცხველები, პასუხი იყო, – ეს შენობა რკინიგზის ბალანსზეა და ჩვენი საქმე არ არისო. არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებენ.

მერე გვითხრეს, ეკონომიკის სამინისტროს მიმართეთო. იმასაც მივმართეთ, იქაც გვითხრეს, არც ჩვენი საქმეაო.

შემდეგ დავრეკეთ მარეგულირებელ კომისიაში, გავაგზავნეთ განცხადებაც შუქის თაობაზე თუმცა „ენერგო პრო-ჯორჯიამ“ გვითხრა, შუქს ვერ ჩავრთავ, რადგან შენობა რკინიგზის ბალანსზეაო, რკინიგზაში კი საერთოდ არ გვცემენ პასუხს.

იმედია, ერთ მშვენიერ დღესაც ვინმე გადაწყვეტს, რომ მოვიდეს ჩვენთან და დაგველაპარაკოს“ – ამბობს შორენა. მისი თქმით, აღარც განცხადებების წერას აქვს აზრი, რადგან პასუხს არავინ სცემთ.

„გვეუბნებიან, დაწერეთ უსახლკაროებმა განცხადება, მაგრამ რამდენჯერ დავწეროთ?! ვერ დავითვლი, იმდენი განცხადება მაქვს დაწერილი. ჩვენ ვწერთ და ჩვენვე ვკითხულობთ. პასუხი არ არის. მე არ მინახავს ჩემ გვერდით მყოფი რომელიმე უსახლკარო ბინით დაეკმაყოფილებინოთ.

არ ვიქნები წინააღმდეგი, თუ სოციალურ საცხოვრისს შემოგვთავაზებენ, ოღონდ გამოსყიდვის უფლებით. 600 ლარი, რომელსაც ქირაში ვიხდიდი, გადავიხდი სოციალურ საცხოვრისში და წლების შემდეგ, ჩემი ოთახი მაინც მექნება. თუმცა არც ამ პირობაზე მოდის სახელმწიფო.

ხელფასით რომ ირჩინო თავი, მაშინ სულ ცოტა 2000 ლარი მაინც უნდა გქონდეს ხელფასი. 36 წლის ვარ და მთელი ცხოვრება მიწევს ბრძოლა იმისთვის, რომ თავი გადავირჩინო და გადავარჩინო ჩემი ოჯახის წევრები, რომ მშიერი არ მყავდეს.

როცა გვაქვს ამბიციები, რომ გვინდა ევროპაში, მინიმუმ ადამიანები, მოხუცები არ უნდა იქექებოდნენ ნაგავში. დედაჩემი, 68 წლის ქალი, არ უნდა ცხოვრობდეს ასეთ პირობებში. ერთი პენსია აქვს და რამდენზე გაანაწილოს? ობოლი შვილიშვილები ჰყავს, მე ვყავარ და საკუთარი თავისთვის და წამლისთვის არაფერი რჩება.

რატომ უნდა იყოს ამდენი უსახლკარო ქვეყანაში… 4 თვეა ამ შენობაში ვართ შესახლებული და არ ვაპირებთ დატოვებას. სათამაშოდ არ შემოვსულვართ, კბილებით დავიცავთ რაც გვაქვს. თავმოყვარე ადამიანი აქ არც შემოვიდოდა, ისეთი ანტისანიტარია იყო, შიგნითაც ისე წვიმდა, როგორც გარეთ და ახლა, ასე ერთი ხელის მოსმით, ნამდვილად არ გამოვალთ აქედან“ – გვეუბნება შორენა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: