მთავარი,სიახლეები

უკრაინის დაზვერვა: რუსეთი 24 თებერვალს უკრაინაზე „გამარჯვების“ გამოცხადებისთვის ემზადება

21.02.2025
უკრაინის დაზვერვა: რუსეთი 24 თებერვალს უკრაინაზე „გამარჯვების“ გამოცხადებისთვის ემზადება

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, 24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის სამი წლისთავზე, რუსეთი ემზადება უკრაინისა და ნატოს წინააღმდეგ ომში გამარჯვების გამოცხადებისთვის და გეგმავენ ფართომასშტაბიან პროპაგანდისტულ დეზინფორმაციულ კამპანიას.

„რუსეთი ემზადება გამოაცხადოს, თითქოს „გაიმარჯვა“ უკრაინის წინააღმდეგ ომში 2025 წლის 24 თებერვლის „მრგვალი თარიღისთვის“, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მესამე წლისთავისთვის.

უფრო მეტიც, აღნიშნული გეგმები შესაძლოა ასევე მოიცავდეს „რუსეთის გამარჯვებას ნატოზე“, რადგან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოსკოვის პროპაგანდა უკრაინის წინააღმდეგ ომს ალიანსთან ომად აღწერდა“ – წერია უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებაში.

როგორც უკრაინული დაზვერვა აღნიშნავს, რუსეთის პროპაგანდისტული არმია და სპეცსამსახურები, კრემლის ბრძანებით, აძლიერებენ ძალისხმევას უკრაინის საზოგადოებაში კონფლიქტების გაღვივებისა და უიმედობის დასათესად. მათი მიზანია მოახდინოს ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაცია და უკრაინის დისკრედიტაცია იმ პარტნიორების თვალში, რომლებიც კრიტიკულ სამხედრო სამხედრო დახმარებას უწევენ ქვეყანას.

დაზვერვის ცნობით, უახლოეს მომავალში რუსი პროპაგანდისტები უფრო აქტიურად გაავრცელებენ ისეთ ნარატივებს, როგორიცაა: „დასავლეთმა უღალატა უკრაინას“, „ევროპელების და უკრაინელების მოსაზრებები არ ადარდებს არც მოსკოვს და არც ვაშინგტონს“, „აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ ყველაფერზე უკრაინის ზურგს უკან“, „უკრაინის მთავრობა უკანონოა“, „უკრაინის არმია ფრონტზე აგებს“, „კორუმპირებული უკრაინელი ჩინოვნიკები უკრაინაში იპარავენ ამერიკული დახმარების მილიარდობით დოლარს“ და ა.შ.

____________

ფოტო 2022 წლის არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: