მთავარი,სიახლეები

კოალიცია მედიაზე მიზანმიმართულ ზეწოლად აფასებს ჟურნალისტების დაჯარიმებას

20.02.2025
კოალიცია მედიაზე მიზანმიმართულ ზეწოლად აფასებს ჟურნალისტების დაჯარიმებას

მედიის ადვოკატირების კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიციის მხრიდან ჟურნალისტების წინააღმდეგ გახშირებული უკანონო დაჯარიმებებს ეხმიანება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტებს ბრალად სდებს გზის გადაკეტვას, მაშინ როცა ისინი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ და მიმდინარე მოვლენებს აშუქებდნენ.

კოალიციის ცნობით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გამოვლინდა მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც მედიის წარმომადგენლები დააჯარიმეს აქციების გაშუქებისას. კერძოდ:

  • 2024 წლის 13 დეკემბერს ფოთის ადგილობრივი ტელევიზიის „მეცხრე ტალღის“ დირექტორი და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის თანათავმჯდომარე გერმანე სალია 1000 ლარით დააჯარიმეს ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის გაშუქებისას, მიუხედავად იმისა, რომ მან განუმარტა სამართალდამცავებს თავისი პროფესიული სტატუსი;
  • მედია „აპრილის“ ფოტორეპორტიორ ვახო ქარელს ედავებიან გზის გადაკეტვას 2025 წლის 26 იანვარს, როდესაც იგი რუსთაველის გამზირზე აქციას აშუქებდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ეკეთა პრესის ბარათი, შსს-ს წარმომადგენელმა მოითხოვა, რომ თავად ქარელს დაემტკიცებინა თავისი პროფესიული სტატუსი;
  • გამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტებს ბექა ჯიქურაშვილსა და ნიკოლოზ ჭირაქაძეს ედავებიან გზის გადაკეტვას თებერვლის თვეში, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და ატარებდა პრესის ბარათს;
  • გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტ ბასტი მგალობლიშვილს საპატრულო პოლიციამ აცნობა, რომ მას ჯარიმას აკისრებდნენ 14 თებერვლის აქციაზე გზის გადაკეტვის გამო, მაშინ როდესაც ის მოვლენებს აშუქებდა და ატარებდა პრესის ბარათს.

მედიის ადვოკატირების კოალიცია ჯარიმების დაწესების პრაქტიკას მედიაზე მიზანმიმართულ ზეწოლად აფასებს.

„სამწუხაროდ, ეს შემთხვევები იზოლირებული ინციდენტები არ არის, არამედ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის ნაწილია, რომლის მიზანია დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაშინება და მათი პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა.

გასული წლის 28 ნოემბრიდან დღემდე ასზე მეტ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც მედიის წარმომადგენლებს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხნენ, დაემუქრნენ, ტექნიკა დაუზიანეს თუ უკანონოდ ხელი შეუშალეს.

თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაში იმყოფება სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი. ჟურნალისტებზე მოძალადე არცერთი პირი არ არის იდენტიფიცირებული და პასუხისგებაში მიცემული“ – წერია კოალიციის განცხადებაში.

მედიის ადვოკატირების კოალიცია „ქართული ოცნებისგან“ მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ჟურნალისტების დევნა პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას და დაუყოვნებლივ გააუქმოს გამოწერილი ჯარიმები ჟურნალისტების წინააღმდეგ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: