უძველესი ნავი და ღუზა დამშრალი ჭოროხის ფსკერზე

დურსუნ აბაშიძე სოფელ კირნათის მკვიდრია. იგი გვიამბობს, რომ ნავი მდინარიდან 2011 წელს ამოიღეს, თუმცა მან იგი ერთი წლით ადრე შეამჩნია: „სათევზაოდ ვიყავი, როცა მდინარეში რკინის საკმაოდ დიდი ნაჭერი დავინახე, მაშინ მეგონა მანქანის ან სხვა რაიმე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ნაწილი იყო. ვიფიქრე, რომ მდინარემ წამოიღო თურქეთიდან. მისი ამოღება და ჯართში ჩაბარება მინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხე და თავი დავანებე. ამ ამბავზე ყურადღება დიდად არც გამიმახვილებია. თუმცა, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, როცა მდინარის დონე საგრძნობლად დაკლებული იყო, იმავე ადგილას უკვე ნათლად დავინახე ნავი. რა თქმა უნდა, ეს შევატყობინე სოფლის საკრებულოს. რამდენიმე დღეში ნავი ამოიღეს და მუზეუმში წაიღეს“.

 

აღმოჩენილი ღუზა გონიოს მუზეუმ-ნაკრძალში, ნავი კი ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება. თუმცა, სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე ღუზაც ოფიციალურად არქეოლოგიურ მუზეუმს გადაეცემა. ამ აღმოჩენების შესახებ ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორს ამირან კახიძეს ვესაუბრეთ:

 

 

 

„ნავისა და ღუზის აღმოჩენა მდინარე ჭოროხში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ამ რეგიონში ოდითგანვე დაწინაურებული ყოფილა ნაოსნობა და ნავმშენებლობა. ნავის შესწავლისა და რესტავრაციის შემდეგ დავადგინეთ, რომ იგი დაახლოებით მე-19 საუკუნის 80-იანი წლების ნაკეთობაა.

 

აღსანიშნავია, რომ მდინარე ჭოროხზე ჩვეულებრივ ხინ ნავებს იყენებდნენ. ეს ნავი კი რკინისაა. სავარაუდოდ, იგი  გამოიყენებოდა სპილენძის, მადნის ან სხვა გაცილებით უფრო მძიმე ტვირთის გადასაზიდად. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის, რომ თურქეთში, მურღულში (ძველად საქართველოს ტერიტორიაზე), მოიპოვებოდა დიდი რაოდენობით სპილენძი, საქართველოში კი სოფელ ერგეში იყო სპილენძის გადასადნობი ქარხანა. უნდა ითქვას, რომ იმ დროისთვის რკინის შედუღება არ იცოდნენ, ეს ნავიც შესაბამისად ხელით არის ნაჭედი. იგი საკმაოდ დიდია, თითქმის რვა მეტრის სიგრძის. მიეკუთვნება ბარკასის ტიპის ნავებს. გადაწყვეტილი გვაქვს, ჩავსვათ პროექტში, რომლის შემდეგ მას გადმოვიტანთ ჩვენი მუზეუმის წინა ეზოში, სადაც უძველესი არქეოლოგიური მასალის გამოფენა მოეწყობა“, – ამბობს ამირან კახიძე.

 

 

 

ნაოსნობა მდინარე ჭოროხზე უძველესი დროიდან ინტენსიურად მიმდინარეობდა. განსაკუთრებით განვითარდა XVIII-XIX საუკუნეებში. სახმელეთო გზების უქონლობის გამო, წინა საუკუნეებში, საქართველოსა და თურქეთის დამაკავშირებელი მთავარი არტერია სწორედ ჭოროხი იყო. ნავმშენებლობისა და მდინარე ჭოროხზე ნაოსნობის შესახებ სოფელ მარადიდის მკვიდრი, 72 წლის ხასან ჩერქეზიშვილი გვიამბობს:

 

„ძველად, ჭოროხის ხეობაში მენავეობა და ვაჭრობა მოსახლეობის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ სფერო იყო. მამაჩემი რეიზი, ანუ მენავე იყო. გარდა ამისა, იგი თვითონვე ამზადებდა ნავებს. ჩვენში, ერთადერთი ნავმშენებელი ქარხანა სოფელ მარადიდში იყო. ნავის დამზადება დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. ხის მასალას ეზიდებოდნენ ტყიდან, რამდენიმე კილომეტრის მანძილზე. ნავის ძირი აუცილებლად ერთი მთლიანი ხისგან უნდა ყოფილიყო დამზადებული, რათა მასში წყალი არ შესულიყო. ამიტომ, ამისთვის არჩევდნენ დიდ, განიერ თხმელის ხეს. მისი სისქე დაახლოებით 10 სანტიმეტრი უნდა ყოფილიყო.

 

გვერდებისა და შიგა მოწყობილობებისთვის წაბლს იყენებდნენ. თითოეულ დეტალს ცალ-ცალკე აწყობდნენ და მერე კრავდნენ. თუმცა მას ჩვეულებრივი ლურსმნით ვერ დაჭედავდი, სპეციალურ ოთხკუთხა ლურსმანს ჩვენ თვითონ ვამზადებდით. რადგან ჩვეულებრივ ლურსმანში წყალი აუცილებლად გაჟონავდა და ნავი დაიშლებოდა. ნავის მოძრაობის ძირითადი მარშრუტი იყო ართვინიდან სოფელ კაპანდიბამდე. ამ მანძილის დაფარვას, მდინარის დინების მიმართულებით, ჩვეულებრივ 5-6 საათს ანდომებდნენ. თურქეთიდან ძირითადად შემოჰქონდათ ხილი – ყურძენი, ვაშლი, ლეღვი და სხვა მალფუჭებადი პროდუქტი, რომლებსაც ბათუმისა და სანაპიროს სხვა ბაზრებზე ყიდდნენ. აქედან კი გაჰქონდათ – სიმინდი, ნავთი, ქსოვილები და სხვა“.



ბათუმის საკრებულოს წევრი: ‘ირაკლი ჩავლეიშვილს ვალერი თელიაში შევეშალე’

ნოდარ დუმბაძე- ბათუმის საკრებულოს „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე.

„მართმევს სამსახურეობრივ ავტომანქანას. ბრძანებაში დაწერა, რომ გადაწყვეტილება მართვის მოწმობის არქონის გამო მიიღო. სამწუხაროა, რომ საკრებულოს თავმჯდომარე ჭორებზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებებს.  საინტერესოა სად გაიგო და ვინ უთხრა, რომ მართვის მოწმობა არ მქონდა. ამ ბრძანების მიხედვით მერიის უკანა ეზოში უნდა გავეჩერო თურმე მანქანა. დამიბლოკეს ასევე საწვავის პლასტიკური ბარათი.“ – განაცხადა ნოდარ დუმბაძემ ბრიფინგზე.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჩავლეითვლის 12 აპრილის ბრძანებაში #01/39, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის სამსახურეობრივი ავტომანქანის დროებით ჩამორთმევას ითვალისწინებს,  ნათქვამია ასევე, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ნოდარ დუმბაძეს მართვის მოწმობის გარეშე სამსახურეობრივი ავტომანქანის ტარებასთან დაკავშირებით გაფრთხილება მიეცა, თუმცა მან ეს არ გაითვალისწინა.

ბრძანების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე აპარატის უფროსს ლიანა დიასამიძეს ავალებს ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამსახურს აცნობოს.

ნოდარ დუმბაძე მანქანის ჩაბარებას არ აპირებს: „ძალიან სასაცილო ბრძანებაა. ალბათ ვალერი თელიაში შევეშალე.“

ნოდარ დუმბაძე მიიჩნევს, რომ მსგავსი ბრძნებებით საკრებულოს თავმჯდომარე მისი როგორც ფრაქციის თავმჯდომარის დისკრიმინაციას უწყობს ხელს.

ირაკლი ჩავლეიშვილი  საქართველოში არ იმყოფება,  ნოდარ დუმბაძეს მისმა მოადგილემ უპასუხა. ვაჟა ვერულიძის თქმით „ნოდარ დუმბაძეს სამსახურეობრივი მანქანა და საწვავის პლასტიკური ბარათი დღესვე დაუბრუნდება.“

უკანონოდ ჩასახლებულების ‘გამაფრთხილებელი აქცია’ 19 აპრილს

მოსახლეობის თქმით, მათთან გუშინ მერიის წარმომადგენლები იყვნენ მისული და დაპირდნენ, რომ სოციალურად დაუცველი მოქალაქეების სახლები არ დაინგრეოდა და მხოლოდ ისეთი სახლების დემონტაჟი განხორციელდებოდა, რომელთა მესაკუთრეები აღნიშნული ბარაკების გარდა სხვა ქონებასაც ფლობენ, თუმცა დღეს აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებმა,  კომისიის დასკვნის გარეშე, ამ სახლების დემონტაჟი დაიწყეს.

„პარასკევს დღეს აქ მოვიდა შუახევის რაიონის გამგეობიდან, ამირჩიეს მე კომისიის წევრად. წავედი შაუხევში გუშინ, დღეს მოვედი და სახლი დანგრეული დამხვდა. ეს იყო ჩემთვის მატყუარა საფუძველი იმისა, რომ მე ქალაქიდან გავსულიყავი და ჩემი შენობა დაენგრიათ. ჩემი შენობა კი არ დაშალეს, გაანადგურეს, მე მივმართავ სასამართლოს და მოვითხოვ აღდგეს სამართალი“-  ამბობს გენო გოგიტიძე.

ადგილზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე მოვიდა და მოსახლეობას საკუთარი ქონების დაცვისკენ მოუწოდა.

„ხელისუფლებამ ხალხი „გადააგდო“ და დღეს გამოგზავნა აღსრულების ბიურო, რომ დემონტაჟი მომხდარიყო. ვსვამ კითხვას, ამდენ ხალხს აღსრულებამ როგორ უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა? ხალხი იძულებულია რადიკალურ ზომებს მიმართოს, ჩვენ არ გვინდოდა, მაგრამ ხელისუფლება აქეთ გვიბიძგებს“ – ამბობს  თამაზ ბაკურიძე.

დღესვე გადაწყდა, რომ აქ მცხოვრები სამი ათასამდე ოჯახი 19 აპრილს აქციას გამართავს, თუმცა, როგორც თამაზ ბაკურიძე განმარტავს, ეს არ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი აქცია, ეს იქნება გამაფრთხილებელი აქცია ახლი მთავრობისათვის.

როგორც „ბათუმელებს“ ბათუმის ზედამხედველობის სამსახურის არქშენ ინსპექციის განყოფილების უფროსმა ირაკლი მოქიამ განუცხადა, ამ ტერიტორიაზე შენობები უნებართვოდაა ჩადგმული და მათ არაერთხელ გააფრთხილეს აქ მაცხოვრებლები, რომ ტერიტორია უნდა გათავისუფლებულიყო, თუმცა მოქალაქეები უარს აცხადებდნენ, რის გამოც მათ აღსრულების ბიუროს მიმართეს.

„ჩვენ ვახორციელებთ ზედამხედველობას, ეს სახლები უნებართვოდ არის აშენებული, 2013 წლის 13 თებერვალს მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გამოსცა დადგენილება, უნებართვოდ ჩადგმული ხის საცხოვრებელი სახლის დემონტაჟთან დაკავშირებით, ეს დადგენილება არ შესრულდა და ჩვენ კანონის შესაბამისად გადავაგზავნეთ მოთხოვნა მათი დემონტაჟის შესახებ აღსრულების ბიუროში, ეს ტერიტორია კი ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა“- აცხადებს ირაკლი მოქაია.

`მოძრაობა 19 აპრილი’ – ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია

 

დამფუძნებლებმა მედიასთან საუბრისას, დასაწყისშივე ხაზი გაუსვეს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ორგანიზაცია არაპოლიტიკურია. თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული მიტინგის თარიღთან მიმართებაში ბევრი დამთხვევის გარდა, სხვას ამტკიცებს გაერთიანების მიზნების ჩამონათვალიც: „ეს გახლავთ ჩვენი პროტესტი იმ მეთოდებისა და საშუალებების მიმართ, რომელსაც  არსებული ხელისუფლება  როგორც  საგარეო კურსთან დაკავშირებით,  ასევე ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით იყენებს“.

 

 

კითხვაზე როგორ მოხდა, რომ არაპოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაციის თარიღი პოლიტიკური პარტიის დაანონსებული მიტინგის თარიღს დემთხვა პასუხი ასეთია:

 

 

 „მოგვისწრო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულმა 19 აპრილის საპროტესტო აქციამ, ამიტომ დასახელებაც სწორედ ასეთი შეირჩა.  ჩვენი და ნაციონალური მოძრაობის  მთავარი იდეები მოვიდა თანხვედრაში და ჩვენ ერთმნიშვნელოვნად მივიღეთ გადაწყვეტილება მონაწილეობა მიგვღო 19 აპრილის საპროტესტო აქციაში. ასევე, ამ აქციის ორგანიზებაში.  ქვეყნის მასშტაბით ხვდებით მოსახლეობას, ვმართავთ პრესკონფერენციებს, დისკუსიებს, ვსაუბრობთ სოციალურ თუ პოლიტიკურ საკითხებზე,  ქვეყნის საგარეო კურსზე.” – განაცხადა მალხაზ ფიროსმანაშვილმა. 

 

ორგანიზაცია „მოძრაობა 19 აპრილის“ დაფუძნების იდეის ავტორებმა მედიასთან შეხვედრისას მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ საჯარო სამსახურებში დასაქმებული და სამარშუტო ტაქსების მძღოლების მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზეც გაამახვილეს ყურადღება. თუმცა კონკრეტული სახელები და გვარები არ დაუსახელებით და შესაბამისი მასალების წარმოდგენაზეც უარი თქვეს: „ამის შესახებ ჩვენ მასალებს ვერ წარმოგიდგენთ.“

 

 

დამფუძნებლების თქმით გაერთიანების იდეა ფეისბუკში გაჩნდა:

 

 

„შევქმენით შესაბამისი გვერდი, სახელწოდებით 19 აპრილი. სამი კვირაა ეს გვერდი შექმნილია, უკვე კარგა ხანია ათასს გადააჭარბა იმ მოქალაქეების რიცხვმა, რომლებიც უერთდებიან ამ გაერთიანებას.“

 

 

ორგანიზაცია ამ დროისათვის ოფიციალურად ჯერ დარეგისტრირებული არ არის. იურისტ ირაკლი მარგველაშვილის თქმით მისი პრეზენტაცია 19 აპრილს შედგება. რაც შეეხება ორგანიზაციის დაფინანსებას, დამფუძნებლები გრანტების მოძიებას გეგმავენ.  

 

ზღვისგან მიტაცებული მილიონები

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ოკეანოლოგი საშა ხორავა, ერთ-ერთია იმ სპეციალისტთაგან, რომლებიც წლების მანძილზე ამბობდნენ, რომ ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები არასწორად  ხორციელდებოდა.

„როგორც მდინარის კალაპოტში არ შეიძლება სახლის მშენებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, წყალდიდობის დროს მდინარე წაიღებს, ასევე, პლაჟზე არანაირი კაპიტალური მშენებლობა არ შეიძლება.  ტალღას თავისი მოქმედების ზონა აქვს.  ეს ერთხელ და სამუდამოდ ყველამ უნდა გაითავისოს,“ – ამბობს საშა ხორავა და იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც ახალი ბულვარის ტერიტორიის ერთი მონაკვეთის დანგრევა გამოიწვია.

„ახალი ბულვარის ადგილას წლების განმავლობაში იყრებოდა ინერტული მასალა. შედეგად პლაჟი გაიზარდა 50 მეტრის ფარგლებში. ახალგაკეთებულ პლაჟზე დაიგო ბულვარის ბილიკიც, გზაც გაკეთდა და ღამის განათების ბოძებიც აქვე იყო დამაგრებული. შედეგად, ტალღის მოქმედების ზონაში აღმოჩნდა ეს მონაკვეთი, ბულვარის ბილიკი დაზიანდა და ბოძები წაიქცა. ყველამ  უნდა გაიგოს, იქ  სადაც არის პლაჟი, არის ტალღის მოქმედების ზონა. შესაბამისად ამ ზონაში არავითარი კაპიტალური მშენებლობები არ შეიძლება,“ – ამბობს საშა ხორავა.

შტორმის შემდეგ

შტორმის შემდეგ

შტორმის შედეგებზე საუბრისას სამშენებლო ნორმების უგულებელყოფას უსვამს ხაზს აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი ვახო წულაძე. მისი თქმით, მსგავსი ტიპის შტორმი რეგულარულად ხდება.

„ბევრ შემთხვევაში, ახალი ინფრასტრუქტურული ნაგებობების მშენებლობის დროს არ იყო დაცული სანიტარული ზონები, ბუფერული ზონა რასაც ჰქვია. წესით, სანაპიროდან 75 მეტრი უნდა იყოს დაცული, ტალღას  თავისი სამუშაო ზონა უნდა ჰქონდეს შტორმის დროს, რომ არაფერი დააზიანოს. ამასთან, ის ხელოვნური კვება,  ინერტული მასალის ჩაყრა, რომელიც ამ მონაკვეთზე ხორციელდებოდა,  იყო ძალიან მცირე რაოდენობის. რეალურად დიდი სამუშაო იყო განსახორციელებელი. რაც შეეხება აეროპორტის  ტერიტორიას და ჭოროხისკენ მიმავალ ახალ გზას, არ იყო დაცული 75-მეტრიანი ბუფერული ზონა და ფაქტობრივად ზღვამ იმუშავა სანაპირო ზოლში. სანაპირო ზოლში აშენდა ინფრასტრუქტურა, სანამდეც ზღვა მივიდა.  ის არის ზღვის სანაპირო, ზღვის საკუთრება. იქ არ უნდა შეიჭრა.

ჩაქვის მიმდებარე ტერიტორიაზე საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. 1983 წლიდან 1990 წლამდე ამ ტერიტორიაზე 750 ათასი კუბური მეტრი ინერტული მასალა იქნა ჩაყრილი, რამაც საკმაოდ დიდი ზოლის პლაჟი შექმნა. შემდეგ სამუშაოები გაჩერდა. ქობულეთშიც იგივე სიტუაციაა. ჩამორეცხილია კედელი, გაჩენილი აქვს ბზარები. იმ ადგილზე, სადაც ჩავარდნა მოხდა, რამდენჯერმე გამორეცხილი აქვს ძირი კედელს,“ – ამბობს ვახო წულაძე.

გარემოს დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სანაპირო ზოლის ხელოვნური კვება არასაკმარისი იყო,  წლების მანძილზე ინერტული მასალის შეტანა რომ არ მომხდარიყო, ბევრად უფრო სავალალო შედეგები იქნებოდა.

რატომ არ ხორციელდებოდა საკმარისი რაოდენობით ინერტული მასალის შეტანა და რატომ ხდებოდა პლაჟზე მძიმე კონსტრუქციების მშენებლობა? ვახო წულაძე, რომელიც აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გახდა, სამსახურში მისვლის პერიოდს იხსენებს და ამბობს:

„როდესაც მოვედი და ვიკითხე, რამდენია საჭირო, რომ ნაპირები გავამაგროთ წელს-მეთქი, მიპასუხეს: რამდენსაც გამოგვიყოფს ბიუჯეტი თანხასო.  ეგ დამოკიდებულება არ უნდა ყოფილიყო. უნდა ეზრუნა ხელისუფლებას იმაზე, რომ მომხდარიყო ამის გამაგრება, უნდა დამჯდარიყვნენ და დაეთვალათ.  წელს რამდენიც საჭირო იყო, ჩვენმა მთავრობამ იმდენი გამოყო,“ –  აცხადებს წულაძე.

რა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ სტიქიის დროს ზარალი მაქსიმალურად იყოს შემცირებული? არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლორა და ფაუნას~ გამგეობის თავმჯდომარე არჩილ გუჩმანიძე ამბობს, რომ ინერტული მასალის დროებითი ჩაყრა მოკლევადიან ეფექტს იძლევა, საბოლოოდ კი შედეგს ვერ გვაძლევს.

„ჩაყრებით გამაგრებას ჩვენ ცოტა სკეპტიკურად ვუყურებთ. ჩვენი სკეპტიციზმი გამომდინარეობს იქიდან, რომ ეს არის დროებითი ღონისძიება, რომელიც გარკვეულწილად, მცირედი პერიოდით იცავს ნაპირს, მაგრამ ის ვერ უზრუნველყოფს ნაპირების დაცვას მდგრად ვარიანტში და ვერ უზრუნველყოფს ხანგრძლივვადიან პერიოდში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჯობს თუნდაც ქვეყანამ სესხი აიღოს და მუდმივი დაცვა გააკეთოს. მოგეხსენებათ, ჩრდილოეთით გვაქვს ბათუმის კანიონი. ადლიაში რომ ვყრით და ახალ ბულვართან ინერტულ მასალას, მოდის, მოდის და შემდეგ ზვავდება ბათუმის კანიონში. იმ კანიონის ამოვსებას ათეულობით წლები არ ეყოფა. აქედან გამომდინარე ჩვენ ვკარგავთ უძვირფასეს ინერტულ მასალას. შედეგად  ვიღებთ დროებით ეფექტს. წარმოიდგინეთ, არის მცენარე, რომელიც ჩვენ არ მოგვწონს და ვსხლავთ. ის ხომ მაინც გაიზრდება? უფრო სერიოზული ღონისძიებებია აქ მისაღები,“ –  აცხადებს გუჩმანიძე.

მიმდინარე წელს აჭარის სანაპიროებზე ინერტული მასალის ჩასაყრელად სამი მილიონ 240 ათასი ლარი დაიხარჯება. სამუშაოები ყველა პრობლემურ ადგილას ჩატარდება.

დაზიანებული სანაპირო ზოლი

დაზიანებული სანაპირო ზოლი

„2008 წლიდან 2013 წლამდე აჭარის სანაპიროების გასამაგრებლად ჩაყრილია დაახლოებით 350 ათასი კუბური მეტრი ინერტული მასალა.  ძირითადად მიმდინარეობდა ადლიაში ჩაყრა და ბათუმის პლაჟების გამაგრება.

წელს ბიუჯეტიდან გამოყოფილია სამი მილიონ 240 ათასი ლარი. ამ თანხიდან 20 ათასი ლარი არის საპროექტო სამუშაოებისთვის. 20 ათასი – არის შესრულების ზედამხედველობის ხარჯები, ხოლო სამი მილიონ 200 ათასი ლარი არის  გამოყოფილი ინერტული მასალის ამოღებასა და ტრანსპორტირებაზე. წელს 350 ათასი კუბური მეტრი ინერტული მასალის შეტანა განხორციელდება აჭარის პლაჟებზე, 150 ათასი ჩაიყრება ადლიის მიმდებარე ტერიტორიაზე და შტორმების შედეგად ზღვა თვითონ გადაანაწილებს ადლიიდან ბათუმის პორტამდე.  50 კუბური მეტრის ჩაიყრება ჩაქვის მიმდებარე ტერიტორიაზე, 50 ათასი კუბური მეტრი კი –  ბობოყვათში. ქობულეთში ორ წერტილად ჩაიყრება, 50-50 ათასი კუბური მეტრი ინერტული მასალა,“ – ამბობს ვახო წულაძე.

მისივე თქმით, ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება და სამუშაოები აპრილის ბოლოს დაიწყება. რაც შეეხება ქობულეთს, იქ  სამუშაოები სექტემბერში ჩატარდება.

ტურიზმის დეპარტამენტმა საინფორმაციო ბუკლეტები განაახლა

ასევე გამოიცა ფრინველებზე დაკვირვების, ღვინის და სოფლად ტურიზმის ბროშურებიც. რომელიც ტურიზმის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, სოფო გუჯაბიძის აზრით, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე პოპულარიზაციას გაუწევს რეგიონს.
საინფორმაციო მასალები გამოცემულია ინგლისურ და რუსულ ენებზე.

 

შიდა ტურიზმის განვითარებისთვის, გამოიცა ხუთივე მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის ამსახველი სარეკლამო მასალა. როგორც ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, წელს პირველად გამოიცა სამმაგი რუკა, სადაც ერთადაა მოცემული, როგორც ბათუმისა და აჭარის, ასევე მთლიანი საქართველოს რუკაც. ცალკე გამოიცა ბათუმისა და ქობულეთის რუკები.

 

  სოფო გუჯაბიძის განცხადებით, საინფორმაციო სარეკლამო ბუკლეტებს ტურისტები მიიღებენ როგორც აეროპორტებში, ასევე ქალაქში არსებულ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში.

 

როგორც ტურიზმის დეპარტამეტში აცხადებენ,  ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, რეგიონში ტურისტთა ნაკლებობა შეიმჩნევა, „თუმცა ეს არის შიდა ტურიზმის ხარჯზე, უცხოელების ხარჯზე კი არის სამპროცენტნახევრიანი ზრდა. ტურისტების ნაკადის მხრივ, ქვეყნებს შორის ისე თურქეთი ლიდერობს. წელს ველოდებით ტურისტების ზრდას პოლონეთიდან და ისრაელიდან, თუმცა კონკრეტული ციფრის პროგნოზირებას, თუ რამდენი ტურისტი შეიძლება შემოვიდეს რეგიონში, ვერ შევძლებთ“-ამბობს სოფო გუჯაბიძე.

სტუდენტური არჩევნების ქრონიკა

 

 

წინასაარჩევნო პროცესს აქტიურად ვადევნებდი თვალყურს, სტუდენტთა გარკვეული ნაწილი გამარჯვებისთვის საკმაოდ აქტიურობდა, დაპირებებს იძლეოდა და სხვადასხვა გასართობი ღონისძიებების მოფიქრებით სტუდენტთა დაინტერესებას ცდილობდა. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მხარდაჭერას მხოლოდ იმიტომ ელოდნენ, რომ სიმპათიურები არიან, ბევრი ნაცნობ-მეგობარი ჰყავთ და 120 კურსელი. როგორც რიგითმა სტუდენტმა შემიძლია ვთქვა, რომ სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად არც ერთი მათგანის მზაობა არ შემინიშნავს, თითქოს სტუდენტები გასართობად ვიყოთ უნივერსიტეტში.

 

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე

 

ცესკოს მუშაობა პარალიზებულია, კანდიდატთა ნაწილმა ცესკოს კარები აჭედა, ცესკოს უნდობლობა გამოუცხადა, 9 აპრილს მომხდარი ფაქტების გამო.

 

სულხან დუმბაძე, ცესკოს პირველი თავმჯდომარე, საინიციატივო ჯგუფ „აპოლიტიკისა“ და მისი ლიდერის ზურა მესხიძის ეჭვის გამო, საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა, მაშინ სულხანმა თქვა, რომ არ უნდოდა მცირედით მაინც შეპარვოდა ვინმეს ეჭვი არჩევნების ლეგიტიმურობაში. 9 აპრილს კი “აპოლიტიკას”  წევრები და ცესკოს მდივანი ცესკოს კაბინეტში ჩაიკეტნენ.

 

ცესკომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები 11 აპრილს დაარეგისტრირა და შეიძლება ითქვას, ამ დღესვე შეარჩია. 12 აპრილს ღამის 1 საათამდე გრძელდებოდა ტრენინგები და წევრების გადამზადება, შვიდ საათში კი საარჩევნო უბნები უნდა გახსნილიყო და ამომრჩეველი მიეღო.

 

არჩევნები

 

სტუდენტურმა არჩევნებმა “ნაციონალების”  მიერ ჩატარებული არჩევნები გამახსენა. მთელი დღის განმავლობაში კანდიდატები იდგნენ საარჩევნო უბნებთან. როცა ვეკითხებოდი, თუ რატომ იყვნენ იქ, მპასუხობდნენ – არჩევანი ჯერ არ გამიკეთებიაო. კანდიდატთა ნაწილს მთელი დღის განმავლობაში სტუდენტები მოჰყავდათ უბნებთან, სიას აწარმოებდნენ და ხმებს გარეთ ითვლიდნენ. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ სტუდენტებს ფოტოების გადაღებაც კი მოსთხოვეს, იმის დასადასტურებლად, რომ ხმა ნამდვილად სასურველ კანდიდატს მისცა, თუმცა არც ერთმა სტუდენტმა ჩართულ დიქტოფონთან ამის თქმა არ ისურვა.

 

ხმების დათვლა დამთავრებული არ იყო, რომ გამარჯვებულებმა ზეიმი დაიწყეს. მე კი იმას ვფიქრობდი, რომ თვითმმართველობაში კონკრეტული სახეები და სახელები ვერაფერს ცვლის.

 

არჩევნები უნივერსიტეტში
არჩევნები უნივერსიტეტში

ადვოკატები საბჭოთა ანაბრების დაბრუნების შესახებ

 

„ჩვენ გვინდა შევთავაზოთ რეკომენდაციები და დასკვნა, თუ რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ და რა ვადებში, ამ ვალის გასასტუმრებლად. პირველ რიგში უნდა შეიქმნას კომპენსირების სამართლიანი მოდელი, კომპენსირება იდეაში გულისხმობს, რომ ვეღარ მოხდება ინდექსაცია ერთი-ერთზე. ამის რესურსი არც სახელმწიფო ბიუჯეტს გააჩნია, მაგრამ არსებობენ ქვეყანაში იურისტები და ეკონომისტები, რომლებიც დასხდებიან და მოიძიებენ კომპენსირების ფორმას. ეს იქნება ფულადი თანხით, წიაღისეულით, პრივატიზაციიდან შემოსული თანხებიდან თუ სხვა ფორმით, ეს საფიქრალია“-აცხადებს არჩილ კაიკაციშვილი. 

 

ადვოკატების აზრით, ამ ვალის გასტუმრება მინიმუმ ათი წლის განმავლობაში უნდა მოხდეს. „ინდექსაციამ უნდა დაადგინოს ის წრე, ვისზეც პირველ ეტპაზე მოხდება ვალდებულებების გაცემა. ეს იქნება სოციალურად დაუცველები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ან თუნდაც გარდაცვლილი მეანაბრეების მემკვიდრეები“.

 

ყოფილმა საბჭოთა ქვეყნებმა ანაბრების კომპენსირების ნაწილში სხვადასხვა პოზიცია დაიჭირეს. „როცა საქართველომ ანაბრები შიდა ვალად გამოაცხადა, როგორც მაგალითად სომხეთმა, მოლდავეთმა და ლატვიამ, ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება. ქვეყანა ფაქტობრივად სამი ომის შემდგომ პერიოდში იმყოფება და რეალური ამ ვალების გასტუმრება მოცემულ შემთხვევაში არ არის რეალური. შემდგომში კი ამ თემის წინასაარჩევნოდ პოლიტიზირებამ, პრობლემის მოუგვარებლობა გამოიწვია“-ამბობს არჩილ კაიკაციშვილი.

 

მისი აზრით, სწორი იყო ლიტვას მაგალითი, რომელიც აცხადებს, რომ რუსეთმა არა მარტო საბჭოთა ანაბრები უნდა დააბრუნოს, არამედ საბჭოური ოკუპაციის თანხაც უნდა აუნაზღაუროს ქვეყანას.

 

აზერბაიჯანმა საბჭოთა ანაბრები შიდა ვალად არ აღიარა, თუმცა, როგორც ახალგაზრდა ადვოკატები აცხადებენ,ამ სახელმწიფომ ყოფილ მეანაბრეებზე ვალების გასტუმრების ვალდებულება მაინც აიღო: „ეს პროცესი დაიწყო 2013 წლიდან, ეს 2015 წლამდე აქვთ გაწერილი. აზრებაიჯანი მდიდარი ქვეყნაა და ამის რესურსი მისთვის პრობლემა არ არის“.

 

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით,  მეანაბრეების ზუსტი რაოდენობის შესახებ ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის. „ამის ზუსტი ციფრი არ არსებობს. სტატისტიკის დეპარტამენტმა გვიპასუხა, რომ არ იციან. შეიძლება იცოდეს ეროვნულმა ბანკმა, რომელმაც არ მოგვაწოდა აღნიშნული ინფორმაცია, რის გამოც მივმართეთ სასამართლოს.“

 

 

 

ეკო-კონფერენცია ბათუმში

კონფერენციაზე, განხილული იქნება, საქართველოში არსებული ბიომრავალფეროვნების პრობლემები, ასევე საუბარი იქნება ეკო-სისტემაზე.

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის შეფასებით, „ანალოგიურ კონფერენციებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი რეგიონისთვის და სრულიად საქართველოსთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოვიზიდოთ ტურისტები სხვადასხვა ქვეყნიდან და მკვლევარები მსგავსი სამეცნიერო კონფერენციების მოსაწყობად.“


აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ბათუმში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას ”ბიომრავალფეროვნება ევროპაში” დაესწრო.
კონფერენცია საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ, აჭარის არჩილ ხაბაძემ, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ევროპის ოფისის დირექტორმა იან დუსიკიმ და შვეიცარიის ელჩმა საქართველოში გიუნტერ ბეხლერმა გახსნეს.

 

ღონისძიება საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსა და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ორგანიზებით იმართება.

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა

 

„დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანია აჭარაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა, რათა მათ გავაცნოთ აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობა,ასევე გასულ წელს შესრულებული საქმიანობა და სამომავლო გეგმები. ვაპირებთ, რომ ამ კუთხით მათთან თანამშრომლობა მომავალშიც გავაგრძელოთ და ნებისმიერი სიახლე, რომელი პალატის საქმიანობას შეეხება, აქტიურად გავაცნოთ.“ – განაცხადა აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი სამნიძემ.

 

შეხვედრის მონაწილეებმა სავაჭრო-სამრეწველო პალატის გასული წლის საქმიანობაც მიმოიხილეს და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს, საუბარი ასევე შეეხო პალატისა და სამოქალაქო სექტორის როლს რეგიონის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში.

 

შეხვედრაზე  რეგიონში მოქმედი 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი იყო მიწვეული.

 

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა
აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა

მოხალისეობის პროგრამა სტუდენტებისთვის

„აჭარაში ჩვენმა ორგანიზაციამ მიიღო EVS-ის აკრედიტაცია და გვაქვს შესაძლებლობა პროექტის ფრაგლებში მივიღოთ ერთი უცხოელი მოხალისე და გავუშვათ ოთხი ბათუმელი მოხალისე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, რომლებიც განახორციელებენ მოხალისეობრივ საქმიანობას. გარდა ამისა გვაქვს კონტაქტები ევროპის სხვა ორგანიზაციებთანაც, რომლებსაც შეეძლებათ სამომავლოდ მიმღებ ორგანიზაციებად იქცნენ“ -ამბობს „ბორჯღალის“ პროექტების კოორდინატორი აბელ სანაძე.

პროექტი ბათუმელი სტუდენტებისთვის პირველად ხორციელდება. პროექტში მონაწილეობისთვის არ არის აუცილებელი ინგლისურის სრულყოფილი ცოდნა, „მთავარია ელემენტარულ ცოდნას ფლობდეს მოხალისე, რომ კომუნიკაცია არ გაუჭირდეს“.

მოხალისეობის ვადა, როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, არის ორი თვიდან ერთ წლამდე. სტუდენტების შერჩევა მოხდება სამოტივაციო წერილის საფუძველზე.

ქვეყნებს შორის, სადაც მოხალისეებს წასვლის შესაძლებლობა აქვთ, არის სირია, ლიბია, იორდანია, ღაზას სექტორი, ეგვიპტე და ა.შ, ქვეყნების ჩამონათვალშია ასევე რუსეთი, უკრაინა და ბალტიისპირეთის რესპუბლიკებიც. როგორც პროექტის ხელმძღვანელები აცხადებენ, მოხალისეებს კონფლიქტურ და სამშვიდობო საკითხებზე მუშაობაც მოუწევთ.

„ამიტომ არის ასეთი ქვეყნები შეტანილი ჩამონათვალში, კონფლიქტური ქვეყნების შერჩევის შემთხვევაშიც მოხალისის უსაფრთხოება დაცული იქნება. თუმცა, ქვეყნები, თუ სად გაემგზავრებიან, სტუდენტების არჩევანზეა დამოკიდებული“-აცხადებს პროექტის ორგანიზატორი.

პროექტის პრეზენტაცია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა და მას სკოლის მოსწავლეების ესწრებოდნენ.

„მინდა რომ გერმანიაში წავიდე, ამით არის ეს პროექტი ჩემთვის საინტერესო, ენის გაუმჯობესებაში დამეხმარება“ – ამბობს მირანდა პაქსაძე, რომელიც ბათუმის საერო ელიტარული სკოლის მოსწავლეა.

კესარია კაჭარავა: „ჯერ არ ვიცი რომელ ქვეყანაში წასვლას გადავწყვეტ, მინდა პირობებზე მეტი მოვისმინო“.

იურისტები სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებზე

 

 

დავით მესხიძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“  იურისტი ამბობს, რომ მათ უბანზე დამკვირვებელი დაუკავშირდათ: „უბანზე დამკვირვებელმა დაგვირეკა, რაღაც ხარვეზიაო, ჩვენ, ორი იურისტი მივედით და იქ, უბანზე ვკამათობდით, ეს არის თუ არა სამართალდარღვევა. ერთი დაღვევა უკავშირდება გვარს. როგორც ვიდეოშია, აღვნიშნავ, რომ თუ გვარი შეცდომითაა, მაშინ დავწეროთ საჩივარი და მეორე: თუ საკონტროლო ფურცელს მხოლოდ  თავმჯდომარის ხელმოწერა აქვს, ეს არსებითი დარღვევა არაა.“  – ამბობს იურისტი.

 

ამ დროსათვის უნივერსიტეტში არჩევნები დასრულებულია და მიმდინარეობს ხმების დათვლა.   

“ჰუმანა ჯორჯია” სოციალურად დაუცველ ერთწლამდე ბავშვებს გამოკვებავს

„აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტომ“ და „ჰუმანა ჯორჯიამ“ დღეს ერთობლივ საქველმოქმედო აქციას გამართეს.

საქველმოქმედო ღონისძიებით ჰუმანას წარმომადგენელობა საქართველოში “ჰუმანა ჯორჯია” ეხმიანება აქციას “ყველა ბავშვი ყველას ბავშვია” და აჭარაში მცხოვრებ უმწეო ოჯახების პატარებისთვის „აჭარის დასაქმების სააგენტოს“ გადასცა ბავშვთა კვების პროდუქტებ, რომლებიც დღესვე მუნიციპალიტეტებში გადაიგზავნება.

პროდუქტების სიაში შედის 210 ყუთი რძე, 110 ყუთი ფაფა და 230 ქილა ბოსტნეულისა და ხილის პიურე და მზა სადილი.

ამასთან, “ჰუმანა ჯორჯია”-ს ხელმძღვანელობა ვალდებულებას იღებს, რეგიონის უმწეო ოჯახების 7 ახალშობილი, დაბადებიდან 1 წლის ასაკამდე უზრუნველყოს უმაღლესი ხარისხის ბავშვთა კვების პროდუქტებით. ისინი ასევე თავის თავზე იღებენ ზევით ჩამოთვლილი კვების პროდუქტების ტრანსპორტირებას აჭარაში.

აღსანიშნავია, რომ ჰუმანიტარული ტვირთის გადანაწილების პროცესის დასულების შემდეგ, დასაქმების სააგენტოსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შენგელიების ოჯახს ეწვევიან, სადაც სამი ტყუპი ცხოვრობს და მათ 1 წლის განმავლობაში კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის შესახებ „ჰუმანა ჯორჯია“-ს გადაწყვეტილებას აცნობებენ.

რაც შეეხება ბენეფიციარებს, ისინი აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნუგზარ სურმანიძის მითითებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის მონაცემთა სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი მოქალაქეთა სიიდან, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის მონაცემების გათვალისწინებით შეარჩიეს.

საქველმოქმედო აქცია „აჭარის დასაქმების სააგენტოს“ დირექტორის მოადგილის და შპს “ჰუმანა ჯორჯია”-ს ხელმძღვანელობის ინიციატივით გაიმართა და მას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

`ქრისტიან-დემოკრატებს’ ბათუმში ოფისის დატოვებას სთხოვენ

აღნიშნული საკითხის განხილვა სხდომაზე ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნოდარ დუმბაძემ მოითხოვა და საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი ჩავლეიშვილს აღნიშნულ საკითხზე თავისი პოზიციის დაფიქსირება სთხოვა.

როგორც ნოდარ დუმბაძე განმარტავს, საქართველოს პარლამენტის დადგენილებით თუ პარტია არჩევნებში 5%-იან ბარიერს გადალახავს, მაშინ ქალაქის თვითმმართველობა ვალდებულია ის ფართით უზრუნველყოს,  რადგან 2012 წელს „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ პარლამენტში ვერ მოხვდა, მან ეს ფართი უნდა გაათავისუფლოს. 

საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჩავლეიშვილის თქმით, აღნიშნულ საქმეზე სამოქალაქო დავა სასამართლოში მიმდინარეობს და მისთვის გაურკვეველია თუ რატომ არ შეუწყვიტა იუსტიციის სამინისტრომ პარტიას ხელშეკრულება.
ამასთან, საკრებულოს თავმჯდომარე იწონებს ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნას სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, თუმცა აცხადებს, რომ მათ სამართლიანობის შეგრძნება მათი მმართველობის პერიოდში არ ჰქონდათ.

„მათი მმართველობის პერიოდში სამართლიანობის შეგრძნება დაკარგული ჰქონდათ, მე არ დამავიწყდება ის ფაქტი, რომ მათ მემედ აბაშიძის ქუჩაზე არსებული პარტიის საქალაქო ოფისი ხელში ჩაიგდეს საბაზრო ღირებულებასთან შეფარდებით ათჯერ უფრო ნაკლებ ფასად.“ –  განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ. 

როგორც „ბათუმელებს“ ქდმ-ს წევრმა ნუგზარ ფუტკარაძემ განუცხადა, პარტია უარს არ ამბობს ფართის დათმობაზე, თუმცა აღნიშნული ფართს, რომელიც მათ თვითთმართველობამ გადასცა, პარტიის თანხებით ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები, ამიტომ ისინი მოითხოვენ ამ თანხის სანაცვლოდ მათ დროებით გადაეცეთ ფართი არენდის წესით სარგებლობაში, ან ეს თანხა იქნას აუნაზღაურდეთ.  

.

ბათუმის ბიუჯეტი 150 ათასი ლარით გაიზარდა

 

როგორც  ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა არჩილ ვანაძემ აღნიშნა, ბიუჯეტის გაზრდილი თანხს სხვადასხვა მუნიციპალურ პროგრამების მოხმარდება.

 

შეგახსენებთ, ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის #61 დადგენილებით ქალაქის 2013 წლის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით ორნახევარჯერ შემცირდა და იგი 87 მლნ 398 ლარით განისაზღვრა. აქედან 8 მლნ 242 ლარი 2012 წლის ბიუჯეტიდან გადავიდა. 

დარღვევები სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებზე

 

 

საარჩევნო უბნები დილის ცხრა საათზე უნდა გახსნილიყო, თუმცა კენჭისყრა 20 წუთის დაგვიანებით დაიწყო. შეფერხების მიზეზი სიები გახდა, იმ სართულზე სადაც საარჩევნო უბანია გახსნილი, სიები გამოკრული არ იყო, ცესკოს თავმჯდომარე ნინო გალოგრე ამბობს რომ სიები გაკრული იყო, თუმცა ისინი ჩამოხიეს.  

 

ამ დროისათვის არჩევნებში მონაწილე სტუდენტთა აქტივობა საკმაო მაღალია, თუმცა პრობლემა შეიქმნა სიებთან დაკავშირებით. აუცილებელი გახდა დამატებითი სიები, რადგან სტუდენტთა საკმაოდ დიდი ნაწილი სიაში არ აღმოჩნდა.

 

სტუდენტს, რომელიც სიაში არ აღმოჩნდება, სამდივნოდან უწევს სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობის წარმოდგენა, მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევა მას  ხმის მიცემის საშუალება.

 

ადამ მახარაძე სოციალურ მეცნიერებთა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაქულტეტის დეკანი: „სიები დღესაც ჩამოვუტანეთ, ახლაც გამოვაკარით, ცესკოს კითხეთ რატომ არ არის ზუსტი სიები!“

 

შეცდომებია საარჩევნო ბიულეტენებშიც. ამ დროისთვის ორი კანდიდატი აცხადებს, რომ ბიულეტენში შეცდომითაა მითითებული მისი სახელი და გვარი. მარინა ბერაძე ნაცვლად ბიულეტენში წერია მარინა ბერიძე, ხოლო მეგი ვერძაძის ნაცვლად ნინო ვერძაძე.

 

მეგი ვერძაძე, მენეჯმენტის I კურსი: „სიაში ვწერივარ როგორც ნინო ვერძაძე, შესაბამისად ჩემი ამომრჩევლები ვერ მაძლევენ ხმას, რეგისტრაცია გავლილი მაქვს, საჩივარს ვწერ, არ მჭირდება მე ჩასწორებული სიები, სტუდენტთა დიდმა ნაწილმა ხმა უკვე მისცა, მე ვერ დავდგები და ვერ ვიყვირებ, რომ ვერძაძე მეგის ნაცვლად ვერძაძე ნინოთი ვწერივარმეთქი. განცხადების გაკვრით პრობლემას ვერ მომიგვარებენ, ამომრჩევლები კედლებზე ყურებას არ დაიწყებენ. მე მჭირდება ნორმალური არჩევნები, არჩევნები დარღვევით მიმდინარეობს.“

 

 

ბათუმის საკრებულო მრავალშვილიან ოჯახებს ბინებს გადასცემს

ოჯახის დიასახლისის მარინე ქილიფთარის თქმით, სახლში, სადაც ამ დრომდე ცხოვრობდნენ,  ნორმალური საცხოვრებელი პირობები არ იყო.

როგორც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქალაქის თვითმმართველობა მომავალშიც გააგრძელებს მრვალაშვილიანი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართის უზრუნველყოფის პროგრამას.

„ბატონ სპარტაკ ანთაძეს და მის შვიდ სულიან ოჯახს გადავეცით ბინა. მომავალ საკრებულოს სხდომაზე ალბათ კიდევ ერთ შვიდსულიან ოჯახს დავაკმაყოფილებთ ბინით. ასე რომ, რასაც ბატონი პაატა ბურჭულაძე ახერხებს თბილისში, ჩვენ, საკრებულო, ვახერხებთ ბათუმში და მე მგონი მისასალმებელია“- აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ბათუმის საკრებულომ საცხოვრებელი ბინით უკვე სამი მრავალშვილიანი ოჯახი უზრუნველყო.

`ბავშვური’ თუ საარჩევნო თამაშები ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში

 

 

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში 9 აპრილმა ხმაურიანად ჩაიარა.  საღამოს 6 საათიდან ღამის 10 საათამდე  სტუდენტები მოითხოვდნენ იმ კაბინეტის კარის გაღებას, სადაც სტუდენტური  თვითმმართველობის საარჩევნო კომისიის წევრები იყვნენ ჩაკეტილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ერთი ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად.  

 

„მთელი ოთხი საათი ვითხოვდით კარების გაღებას, ცესკოს ოთახში  შუქი ჩამქრალი იყო, აბსოლუტური სიჩუმე იყო, მე ბოლომდე მეგონა, რომ შიგნით არავინ არ იყო. დაცვის სამსახურის დახმარებით გაიხსნა კარი და შიგნით დაგვხვდა ოთხი ადამიანი, მათ შორის საინიციატივო ჯგუფ „აპოლიტიკას“ ლიდერი ზურა მესხიძე, რომელსაც აქვს პრეტენზია იყოს თვითმართველობის თავმჯდომარე. როცა  მომხდარის ახსნა ვთხოვეთ, იყო სრულიად არაადეკვატური,  ისტერიულად იცინოდა, ალბათ ნერვიული სიცილი იყო, ოთხი სათი ალბათ ბევრი ინერვიულა. მისტიკური თეორიების მოყოლა დაიწყო, თითქოს სექსუალური ძალადობის ეშინოდა ერთ-ერთ წევრს.”-  გვიყვება ილია ურუშაძე, სტუდენტი. იგი ამბობს რომ თავიდან ცესკოს ერთ-ერთ წევრს, ზვიად თურმანიძეს გაუჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ცესკოს კაბინეტში ჩაკეტილი იყო ცესკოს მდივანი რამდენიმე მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად. ილია ურუშაძე ამბობს, რომ ზვიად თურმანიძემ მას და რამდენიმე სტუდენტს შეატყობინა ეს ფაქტი და სტუდენტები დაცვის პოლიციასთან ერთად შეიკრიბნენ ოთახთან და მოითხოვდნენ კარების გაღებას.   

 

 

სტუდენტებთან ერთად ოთხი საათის განმავლობაში სიტუაციის გარკვევას ცდილობდა  ცესკოს თავმჯდომარე ნინო გალოგრეც.  „ზვიად თურმანიძემ დამირეკა  მოდი უნივერსიტეტშიო, მეკითხებოდა სად არის ნინო ხელაძეო?  ნინოს მივწერე, მან მიპასუხა, რომ  ცესკოში არ იმყოფებოდა. ვერ ვიჯერებდი რასაც მეუბნებოდნენ, სანამ დაცვამაც არ დამირეკა, მერე მეც მოვედი, კარი ჩაკეტილი დამხვდა. სტუდენტები და დაცვის წევრები კართან იდგნენ და მითხრეს, რომ ნინო ხელაძე, ცესკოს მდივანი, ორი მაჟორიტარობის კანდიდატი შოთა გაბრუშიძე და ზურა მესხიძე და ასევე ნინოს მეგობარი გიორგი ანდღულაძე, იყვნენ ჩაკეტილი ცესკოს ოთახში. ნინოს დავურეკე, მითხრა ბრიტანულ ცენტრში ვარო. მივედით ბრიტანულ ცენტრში და არ დაგვხვდა, მერე ვურეკავდით, მაგრამ აღარ გვპასუხობდა, ოთხ საათიანი ჯაჯგურის შემდეგ კარის შემტვრევას ვაპირებდით, ამ დროს თავად გააღეს კარი და კარის არ გაღების მიზეზად დაგვისახელეს ის, რომ ცესკოს ერთ-ერთი წევრი, თურმე ეროტიკულ ფილმებს უყურებდა და ნინოს უსვამდა უხერხულ შეკითხვებს. რადგან თავიდან ვერ მოიშორა, მან დაურეკა თავის მეგობარ გიორგი ანდღულაძეს, რომელიც მასთან დარჩა, მერე მოვიდნენ შოთა გაბრუშიძე და ზურა მესხიძე, (სტუდენტური თვითმმართველობის წევრობის კანდიდატები), რომელთაც საჩივარზე პასუხი უნდა წაეღოთ. გვითხრეს, რომ ასე აღმოჩნდნენ კაბინეტში. კითხვაზე, რატომ არ აღებდნენ კარს ოთხი საათის მანძილზე, გიპასუხეს, რომ ნინოს ეშინოდა ზვიად თურმანიძე არ შესულიყო მათთან, ბიჭები კი იმიტომ დარჩნენ კაბინეტში, რომ ნინო გაეცილებინათ სახლში.”

 

 

თავად ნინო ხელაძე ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს: „ეს არის სრული აბსურდი, მე არანაირი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ, ეს არ არის ისეთი თემა რაზეც უნდა კეთდებოდეს რეპორტაჟები. სტუდენტთა ის ნაწილი, რომლებმაც შეატყობინეს ეს ჟურნალისტებს, თავის გამოჩენას ცდილობენ, აზვიადებენ მომხდარს.” – ამბობს ნინო.

 

 

ზვიად თურმანიძე ნინო ხელაძის ნაამბობს უარყოფს: „ეს არის სიცრუე, მათ უნდათ გადაფარონ ის ფაქტი, რაც გუშინ მოხდა და მე მაბრალებენ რაღაცეებს. შეურაცხყოფილი ვარ, ისეთი  ადამიანი გამოვდივარ, რომ თითქოს სამი მამაკაცი იცავდა ერთ გოგოს, რომელსაც მე რაღაცის დაშავებას ვუპირებდი.” – ამბობს ზვიად თურმანიძე.

 

 

10 აპრილს უნივერსიტეტში „ბათუმელებს” ცესკოს კაბინეტში გაკრული ფურცელი დახვდა წარწერით: „ნუ უყურებ ზვიად პორნო ფილმებს“, რომელიც ცესკოს წევრებმა ჩამოხიეს და აღნიშნეს, რომ  ეს სავარაუდოდ ნინო ხელაძემ გააკრა კედელზე.  

 

„ბათუმელები“ „აპოლიტიკას“ ლიდერს, ზურა მესხიძესაც ესაუბრა, რომელიც 9 აპრილს ჩაკეტილ ოთახში ოთხი საათის მანძილზე იმყოფებოდა. ზურა ამბობს, რომ საღამოს ექვსის ნახევარზე მივიდნენ ცესკოში საჩივრის პასუხის წამოსაღებად, რომელიც 8 აპრილს უნდა ყოფილიყო მზად: „შიგნით იყო ნინო ხელაძე, ანერვიულებული და ასევე გიორგი ანდღულაძე.  ნინომ გვითხრა, რომ პასუხზე თავმჯდომარეს ხელი უკვე მოწერილი აქვს და კორესპოდენციაში გატარებულია და შეგიძლიათ წაიღოთო. ამასთან ერთად, მან დააყოლა, რომ გარკვეული ტიპის, სიტყვიერი ზეწოლა მიმდინარეობდა ჩემზეო. ის იყო სტრესის მდგომარეობაში და გადაწყვიტა კარი დაეკეტა, მითუმეტეს, რომ არასამუშაო დღე იყო.  შიგნით დავრჩით მისი მეგობრები და გადავწყვიტეთ გვეთანაგრძნო მისთვის.

 

ამის შემდეგ მოვიდა კარებთან და დაიწყო ბრახუნი ადამიანმა, ისე რომ სახელი და გვარი არც კი უხსენებია, რის შედეგადაც უარესი არეულობა იყო შიგნით, რაც შეეხება ოთხ საათს, – ეს პირობითია, ეს შეიძლება 20 წუთიც ყოფილიყო და ათი საათიც. ეს იყო უბრალოდ გაუგებრობა.“

 

კითხვაზე, რატომ არ გააღეს კარი მაშინ, როცა ადგილზე მივიდა დაცვის პოლიცია, რატომ იყო შუქი ჩამქრალი, ხოლო ოთახში მყოფები ხმას არ იღებდნენ, ზურა მესხიძე პასუხობს: „ზუსტად იმიტომ რომ ჩვენზე არ ყოფილიყო პრეტენზია. ეს ოთხი საათი სადაც ვიჯექით სკამზე, ისე დავხვდით შემოსულ წევრებს.  ველოდებოდით მოვლენების განვითარებას,  როდის დამშვიდდებოდა ნინო, რომ გაგვეღო კარები. 

 

 

თავიდან იყო ის მოსაზრება, რომ ზვიადი წავიდოდა და ჩვენც გავიდოდით, შემდეგ, როცა ხალხი მოვიდა, დამეთანხმებით, რომ ჩვენს  ცოტათი ანერვიულებული ვიქნებოდით, ეს ფაქტი ძალიან უარყოფითი იყო პირადად ჩემთვის, გაუგებარი სიტუაციაში ჩავვარდით მე და ჩემი გუნდის წევრი, ერთადერთი რაც შეიძლება ჩაითვალოს დარღევად არის ის, რომ არ იყვნენ შემოშვებული ზვიადი, ნინო გალოგრე და სხვები. დებულებაში არ არის განსაზღვრული, რომ მე იქ ყოფნის უფლება არ მქონდა, შესაბამისად არანაერი კანონდარღვევა არ მომხდარა. ” – ამბობს ზურა მესხიძე.

 

 

ცესკოს თავმჯდომარე, ნინო გალოგრე ამბობს, რომ  დოკუმენტაციაზე ხელი არ არის ნახლები. მისი შეფასებით, მომხდარი ფაქტი „არანორმალურია”, თუმცა ამის გამო წევრების ცესკოდან გაშვების საშუალება არ აქვს.

 

 

მომხდარი ამბავს სტუდენტების ნაწილი აპროტესტებს. „არჩევნებია და ასეთი რამ ხდება, პროცესები ნამდვილად არ არის ნორმაში. თუ იყო ძალადობის ფაქტი, გამოძიებული უნდა იქნას, ჩემთვის უკვე ნათელია, თუ რატომ მოითხოვდა ზურა მესხიძე ყოფილი თავმჯდომარის,  სულხან დუმბაძის გადადგომას, ამის მიზეზი ის იყო, რომ წინა ცესკოს თავმჯდომარე მას არ აძლევდა საღამოს 6 საათიდან ღამის 10 საათამდე ოთახში  ყოფნის უფლებას.”- ამბობს გოჩა სურგულაძე, მაჟორიტარობის კანდიდატი სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებზე ჯგუფიდან „ალტერნატიული ინიციატივა“.

 

პროტესტს ის სტუდენტებიც გამოხატავენ,  რომლებიც არჩევნებში არ იღებენ მონაწილეობას, ილია ურუშაძე, ბსუ-ს სტუდენტი, ამბობს, რომ მას საარჩევნო კომისიის ნდობა აღარ აქვს. „მე ვერ დამისახელებთ სტუდენტს, რომელსაც ამის მერე ექნება მინიმალური ნდობა, ცესკოს მდივანმა დადგა შოუ.“

 

 

ზურა თავბერიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი უნივერსიტეტში იმყოფებოდა აღნიშნული ფაქტის გადასამოწმებლად. მომხდარს ის „ბავშვურ თამაშად“ უფრო აღიქვამს, ვიდრე სერიოზულ კანონდარღვევად:

 

„ცესკოში რა განცხადებაც ვნახე, სტუდენტთა გარკვეული ჯგუფის მიერ შეტანილი, იმ განცხადების საფუძველზე არ შეიძლება  თავმჯდომარის და მისი წევრების გადაყენება.  თავმჯდომარეს მიმართავდნენ გადადგომის მოთხოვნით და ამავდროულად წევრების დათხოვნის მოთხოვნითაც, აბსურდია ეს. არც კანდიდატის მოხსნის საფუძველია, თუ ცესკო ღიაა, არა აქვს მნიშვნელობა სამუშაო დროა თუ არა, ცესკოს თუ ჩათვლის საჭიროდ, უნდა მიიღოს წევრი და პასუხი გასცეს დასმულ კითხვებს არჩევნებთან დაკავშირებით.

 

 

ოთხი საათის განმავლობაში ჩაკეტვა კაბინეტში ბავშვურ თამაშად უფრო მეჩვენება, ვიდრე სამართლებრივ კანონდარღვევად. თუ ეს ასეა, მაშინ ცეესკო უფრო მეტად სერიოზულად უნდა იყოს განწყობილი და მსგავს ფაქტებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს.”  – ამბობს ზურა თავბერიძე.   

 

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 12 აპრილს გაიმართება.  

რატომ გადავდექი უნივერსიტეტის ცესკოს თავმჯდომარეობიდან


მინდა მათ ვუპასუხო: ჩემი გადადგომა უკავშირდება მოუწესრიგებელ სიებს და კომპიუტინგის მიმართულების გაურკვევლობაა, თუ რომელ ფაკულტეტს ეკუთვნის ის; ეს ორი მიზეზი არის ერთი დიდი პრობლემის წარმომშობი, ეს გახლავთ მანდატების ვერ განსაზღვრა. ამ ყველაფერს მინდა დავუმატო ის ფაქტი, რომ ჩემი თავმჯდომარეობა ცესკოში ნიშნავდა თურმე იმას, რომ მე ვმოქმედებდი გარკვეული საინიციატივო ჯგუფის სასარგებლოდ, რომლის ლიდერი გახლავთ ჩემი მეგობარი. თუმცა საინიციატივო ჯგუფების ლიდერები უმეტესად არიან ჩემი მეგობრები, რაც მიუთითებს იმას, რომ მე მეტი ობიექტურობა მმართებდა, რადგან ასეთ რთულ სიტუაციაში მე უნდა ჩამეტარებინა სრულიად გამჭვირვალე, დემოკრატიული და ობიექტური არჩევნები, რისი პირობაც მე ყველას მივეცი.

 

თუმცა ჩვენს უნივერსიტეტში ნდობის ფაქტორი ძალიან დაბალია. ასევე მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ჩემს კანდიდატურას ჰყავდა როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეებიც. მე ყველას მინდა ვუთხრა, რომ არც ერთი საინიციატივო ჯგუფის წევრი არ გახლავართ და ჩემთვის მთავარი იყო საარჩევნო პროცესის გამართულობა და არა ის, ვინ გაიმარჯვებდა.

 

ახლა, როგორც გადამდგარმა თავმჯდომარემ მინდა მოვუწოდო საინიციატივო ჯგუფ „აპოლიტიკისოს“ ლიდერს უფრო მეტი ორიენტირი გააკეთოს იმაზე, რომ დებატების კულტურაზე მეტი იმუშაოს და შეხვედრიდან არ გაიქცეს. დანარჩენ საინიციატივო ჯგუფებს მინდა ვკითხო #18 ოთახის შესახებ. რატომ არ იყენებენ ამ ოთახს სამუშაო პროცესის წასამართავად და რატომ იყენებს მხოლოდ ერთი საინიციატივო ჯგუფი?

 

ყველაზე „საინტერესო“ ისაა, რომ თურმე საარჩევნო ბიულეტენს კონვერტი არ სჭირდება…

 

P.S ჩემი გადადგომა არ უკავშირდება არანაირ ზეწოლას. გადავდექი საკუთარი სურვილით, რადგან ასეთ სიტუაციაში მიმაჩნია, რომ არჩევნები არ შეიძლება ჩატარდეს, რადგან გაჩნდება ბევრი კითხვის ნიშანი. 

თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე სტუდენტებმა ცესკოს კარი აჭედეს

 

 

როგორც „ბათუმელებს“ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთი ჯგუფის წევრმა, გოჩა სურგულაძემ განუცხადა, კარის აჭედვის ინიციატიავა არჩევნებში მონაწილე ჯგუფებს ეკუთვნის. „ჩვენი პროტესტის მიზეზი არის ცესკოს მოკერძოება, სამშაბათს, 9 აპრილს არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთი ჯგუფის, „აპოლიტიკას“ წევრები ჩაიკეტნენ ცესკოს კაბინეტში საარჩევნო კომისიის წევრებთან ერთად და რამდენიმე საათის მანძილზე არ გამოსულან. შემდეგ გამოვიდნენ და ვიხუმრეთო – თქვეს.

 

ვითხოვთ გატარებული იქნას შესაბამისი ზომები, თუ ცესკოს წევრებზე იყო ზეწოლა, ეს უნდა ითქვას, თუ გარიგებას ჰქონდა ადგილი, შესაბამისი პირები უნდა დაისაჯონ.“ – ამბობს გოჩა სურგულაძე, „ალტერნატიული ინიციატივას“ წევრი.

 

სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ჯგუფის წევრების, ზურა მესხიძისა და მისი თანაგუნდელების საარჩევნო კომისიის წევრებთან კაბინეტში  ერთად ჩაკეტვა ორი დღეა სტუდენტების განხილვის საგანია.  ცესკოს კაბინეტთან შეკრებული სტუდენტები რამდენიმე საათის მანძილზე მოითხოვდნენ კარის გაღებას და განმარტებას, რატომ იყვნენ კომისიის ოთახში, სადაც საარჩევნო დოკუმენტაცია ინახება, არჩევნებში მონაწილე ჯგუფის წევრები. კარი მაშინ გაიღო, როცა საქმეში უნივერსიტეტის დაცვის პოლიცია ჩაერია. ოთახში მოყოფებმა განაცხადეს, რომ ეს უბრალოდ ხუმრობა იყო.

 

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის თვითმმართველოს არჩევნებში სამი ჯგუფი იღებს მონაწილეობას: „ალტერნატიული ინიციატივა“, „გულო თურმანიძის საინიციატივო ჯგუფი“ და „აპოლიტიკა“.  სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ხვალ, 12 აპრილს უნდა გაიმართოს. 

პასუხად დეპუტატ დავით ბაციკაძეს

ყველა ადამიანს მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო, ვინც ღიად ან პირად საუბარში გამოხატა სამართლიანი აღშფოთება, ეს ყველა ჩვენგანისთვის დიდი პატივია და ნიშნავს იმას რომ, საზოგადოებას არ დავიწყებია ჩვენი ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ, რის გამოც აღმოვჩნდით გისოსებს მიღმა, დამპალ საკნებში.

არა დავით ბაციკაძისთვის, არამედ საზოგადოებისთვის ვწერ იმ გარემოებათა შესახებ, რაც საფუძვლად დაედო ჩვენს გადაწყვეტილებას საპროცესო შეთანხმების თაობაზე.

 

 

საზოგადოებას შევახსენებ, საპროცესო გარიგება 2011 წლის დეკემბერში გაფორმდა – ეს ის პერიოდია, როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსულია, რამაც დიდი პერსპექტივა შეუქმნა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებიდან წასვლას. ეს კი ავტომატურად ნიშნავდა ჩვენთვის საკნების გახსნას. ამასთან, ჩვენ შეგვეძლო გაგვეწელა დრო არჩევნებამდე, დავლოდებოდით შედეგებს და შემდეგ, აპელაციის დროს მიგვეღო გადაწყვეტილება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. ამასთან საპროცესო შეთანხმებით განისაზღვრა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა და ოთხი წელი პირობითი მსჯავრი.

 

ზემოხსენებულიდან გამომდინარე ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი მიხვდება და ხვდება კიდეც, რომ საპროცესო შეთანხმება იყო არა ჩვენთვის მისაღები და სასარგებლო არამედ, ეს იყო წინა ხელისუფლების ერთი ამოცანა და ყველა გარემოება შექმნა იმისთვის, რომ სასურველი სამართლებრივი შედეგი მიეღო. მათ შექმნეს ჩვენი ოჯახის წევრების, საქმეში ჩვენს სასარგებლოდ არსებული მოწმეებისა და ჩვენი თანამებრძოლების დაკავების რეალური საფრთხე (დაკავების პრობლემა ნამდვილად არ ჰქონდა ხელისუფლებას მაშინ). ჩვენ ასეთი არჩევანის წინაში ვიდექით: ან სასწორზე უნდა დაგვედო და გაგვეწირა სხვები, ან უნდა მიგვეღო ჩვენთვის არასახარბიელო გადაწყვეტილება. ჩემთვის ადამიანის უფლებები და თავისუფლება ყველაფერზე მაღლა დგას, ამიტომაც, ვთვლი, რომ, ჩვენ მივიღეთ მართებული გადაწყვეტილება, რასაც, საბედნიეროდ საზოგადოების დიდი ნაწილიც ეთანხმება.

 

რაც შეეხება დავით ბაციკაძეს, იგი საზოგადოებამ აირჩია, რომ დასრულებულიყო ამდაგვარი უსამართლობა ქვეყანაში და სამართლიანობა აღდგენილიყო. ამის ნაცვლად, ბაციკაძე უსამართლობის მსხვერპლებს ებრძვის.

ვინ იქნება სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე

თინათინ მირცხულავა, მოდერატორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი: 27 მარტს დაგეგმილი იყო უნივერსიტეტის თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება, თუმცა თარიღი შეიცვალა და გადაწყდა, რომ  არჩევნები 10 აპრილს ჩატარდება. დებატების მზადების პროცესში გამოვითხოვეთ ოფიციალური ინფორმაცია, როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან, ასევე თვითმმართველობიდან, რათა გაგვერკვია, თუ რა ბიუჯეტი გააჩნდა თვითმმართველობას მიმდინარე და წინა წლებში და რა მიმართულებით იხარჯებოდა ეს თანხა. სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენი მოთხოვნისა, რომ ინფორმაცია მიგვეღო დაუყოვნებლივ, ინფორმაცია დღემდე არ მიგვიღია.

 

ბსუ-ში   2006 წლიდან არსებობს სტუდენტური თვითმმართველობა და დღემდე ხუთ თვითმმართველობას ხუთი თავმჯდომარე ჰყავდა. თვითმმართველობის მიმართ სტუდენტების დამოკიდებულება არაეთგვაროვანია, ხშირად ისმოდა, რომ ეს ორგანო არაფექტურია და რაც მთავარია, არ იცავს სტუდენტების ინტერესებს.

 

ფაქტია, რომ ყოფილი თვითმმართველობის თავმჯდომარეების აბსოლუტური უმრავლესობა თანამდებობაზე ინიშნებოდა ხელისუფლების სხვადასხვა შტოში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წლის არჩევნებისას მხოლოდ ერთი კანდიდატი იყო თვითმმართველობის თავმჯდომარეობის, რაც გარკვეულწილად მიუთითებს იმაზე, რომ ინტერესი იყო დაბალი თვითმმართველობის მიმართ.

 

დღევანდელ დებატებს ესწრება თვითმმართველობის თავმჯდომარეობის ოთხი სავარაუდო კანდიდატი. ეს რაოდენობა, ფაქტობრივად, იმაზე მიუთითებს, რომ საინტერესო არჩევნები გველოდება.  ყველა კანდიდატს თითო კითხვაზე პასუხის გასაცემად ექნება სამი წუთი. კითხვა კი ასეთია: რატომ გადაწყვიტეთ ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, თქვენი არჩევის შემთხვევაში რას შეცვლით ბსუ-ში და გაქვთ თუ არა შესწავლილი თვითმმართველობის ბიუჯეტი?  

 

გულო თურმანიძე, სტუდენტი, ბსუ-ს თვითმმართველობის თავმჯდომარეობის  კანდიდატი: შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც თითოეული კურსის სტუდენტია წარმომადგენელი. მათი ინიციატივა იყო, რომ ჩამოყალიბებულიყო გუნდი, რომელიც  ხელს შეუწყობდა სტუდენტურ აქტივობებს. ჩვენი მოსვლის შემთხვევაში უნივერსიტეტში შეიცვლება ყველაფერი, ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სტუდენტები  გავააქტიუროთ, მოტივაცია გავუზარდოთ საკუთარი თავის წარმოსაჩენად.

 

უნივერსიტეტის თვითმმართველობის  ბიუჯეტს რაც შეეხება, კონკრეტული ადამიანები მინდა დავადანაშაულო  ბიუჯეტის გაფლანგვაში და მათ მალე დავასახელებ, ჩემი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე, რომელიც ამ დღეებში მექნება. ჩვენი პრიორიტეტი იქნება განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი და თავისუფალი პროექტები. 

 

დისკუსიის მონაწილე სტუდენტები
დისკუსიის მონაწილე სტუდენტები


გოჩა სურგულაძე, სტუდენტი, თვითმმართველობის თავმჯდომარეობის  კანდიდატი: პარტიული ნიშა უნდა ჩამოიშოროს უნივერსიტეტის თვითმმართველობამ.  ბოლო პერიოდში უნივერსიტეტის თვითმმართველობა ემსახურებოდა ერთი პარტიის ინტერესებს. დროა პასუხისმგებლობა ავიღო საკუთარ თავზე. თვითმმართველობა მინდა ეკუთვნოდეს სტუდენტებს. თუ ჩემზე ღირსეული კანდიდატი გამოჩნდება, მე უარს ვიტყვი ამ არჩევნებში მონაწილეობაზე. 

 

რეალურად უნივერსიტეტის თვითმმართველობას ბიუჯეტი არ გააჩნია, აქვს ხარჯთაღრიცხვა, პროექტები, რომელიც უნდა მიაწოდოს ადმინისტრაციას, ადმინისტრაცია ან დაამტკიცებს, ან არა ამ პროექტს.  40 ათას ლარამდე დახარჯა გასულ წელს თვითმმართველობამ. რეალურად ბიუჯეტი არაკანონიერად იხარჯება. ჩვენი ჯგუფი გეგმავს მონიტორინგის სამსახურის შექმნას, რომელიც გაუწევს ბიუჯეტს კონტროლს. მონიტორინგის ჯგუფის წევრები არ იქნებიან თვითმმართველობის წევრები. ყველა სემესტრის ბოლოს თვითმმართველობა ანგარიშვალდებული იქნება წარმოადგინოს ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვა. ნებისმიერ სტუდენტს აქვს უფლება იცოდეს, როგორ იხარჯება თვითმმართველობის ბიუჯეტი. 

 

ლევან დუაძე, სტუდენტი, თვითმმართველობის თავმჯდომარეობის კანდიდატი:   უნივერსიტეტში ბევრი პრობლემაა, დაწყებული მატერიალური პრობლემებით, დამთავრებული დემოკრატიული ინსტიტუტების არარსებობით. თვითმმართველობა სტუდენტების წარმომადგენლობაა და მინდა მათ ეკუთვნოდეთ ეს ორგანო. უნივერსიტეტის ბიუჯეტი შეადგენს 12 მილიონ ლარს, აქედან  მინიმუმ 1 % უნდა ყოფილიყო სტუდენტური თვითმმართველობის ლიმიტი, ლიმიტის ხარჯვის უფლება კი ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე არ აქვთ სტუდენტებს. თუ თვითმმართველობა უნივერსიტეტის ადმინისტრაციაზე დამოკიდებულია ბიუჯეტის ხარჯვის დროს, მაშინ ის აღარაა თვითმმართველობა. ჩვენი მიზანია თვითმმართველობას ჰქონდეს დამოუკიდებელი ბიუჯეტი, რომელსაც აკონტროლებს მონიტორინგის ჯგუფი.

 

ლელა ფაღავა, სტუდენტი: მე დღეს წარმოვადგენ ზურაბ მესხიძეს, რომელიც არის უნივერსიტეტის თვითმმართველობის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი. მას აქვს შეხვედრა დაგეგმილი და ვერ მოახერხებს დისკუსიაზე ბოლომდე დარჩენას. ჩვენი გუნდი არის სრულიად აპოლიტიზებული. თვითმმართველობას აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს შორის  მედიატორის როლი აკისრია, ამიტომ უნდა იყოს იგი ობიექტური. ჩვენი ჯგუფის სახელი „აპოლიტიკა“, იმიტომ შევარჩიეთ, რომ ეს ჯგუფი პოლიტიკისგან თავისუფალია.  მიხარია, რომ  წინასაარჩევნო პერიოდში კონკურენტუნარიანი გარემოა. ყველა კანდიდატი მგონია რომ ღირსეულია. რაც შეეხება ბიუჯეტს, როცა საუბარია იმაზე, რომ თვითმმართველობამ თავად განკარგოს, მგონია, რომ მისი მართვა ადმინისტრაციასთან შეთანხმებით უნდა ხდებოდეს. კანცლერთან და ადმინისტრაციასთან იდეალურთან მიახლოებული ურთიერთობები უნდა გვქონდეს. ბიუჯეტს მარტო ჩვენ არ უნდა განვკარგავდეთ.

 

მოდერატორი: კანცლერთან იდეალური ურთიერთობა რას ნიშნავს?

 

ზურა მესხიძე, სტუდენტი, თვითმმართველობის თავმჯდომარეობის  კანდიდატი:       კანცლერი ვალდებულია მოუსმინოს სტუდენტურ თვითმმართველობას. პროექტის წარდგენის შემთხვევაში, თუ კი მასში არ იქნება არანაირი შესწორება შესატანი და არანაირი ხარვეზი,  აი მაშინ უფინანსებს ის სტუდენტურ თვითმმართველობას პროექტს. თუკი გადახედავთ სხვა უნივერსიტეტებს, ამის ფონზე ჩვენს უნივერსიტეტში არის იდეალური მდგომარეობა.

 

ინტერნეტმაყურებლის შეკითხვა, ანონიმი: მაინტერესებს, წინა წელს კონკრეტულად რა პრივილეგიებით სარგებლობდა ზურა მესხიძე, როდესაც ის არ აირჩიეს თვითმმართველობის წევრად, მაშ რატომ ჰქონდა მას ჩაბარებული სპორტის კომიტეტი?

 

ზურა მესხიძე: უნივერსიტეტში მივედი ამირან გოგიავასთან, რომელმაც მითხრა, რომ სტუდენტების დაინტერესება არ იყო სპორტის დეპარტამენტის მიმართ და სტუდენტები არ იყვნენ აქტიურად ჩართული. ამის გამო მე ჩამაბარა სპორტის დეპარტამენტი, რასაც არ სჭირდება თვითმმართველობის წევრობა. ჩავატარე უნივერსიტეტში საფეხბურთო ტურნირი, რომელშიც 42-მა გუნდმა, დაახლოებით 600-მა სტუდენტმა, მიიღო მონაწილეობა. ასევე ჩამოვაყალიბე შვიდკაცა რაგბის გუნდი; მივიღე მონაწილეობა ინტელექტუალურ თამაშებში, ერთ-ერთი ორგანიზატორი ვიყავი.

 

ინტერნეტმაყურებლის შეკითხვა: ლევან დუაძე იყო ორი წლის განმავლობაში სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარე. რა გააკეთა ამ ორი წლის განმავლობაში, რადგანაც სწორედ ამ პერიოდითაა ყველა სტუდენტი უკმაყოფილო?

 

ლევან დუაძე: როდესაც მე ვიყავი თვითმმართველობაში, მაშინ თვითონ არ იცოდნენ რა შედიოდა ფაკულტეტის თავმჯდომარის მოვალეობაში. ზოგიერთს ეგონა,  რომ უნდა წასულიყო და ეკლესია ეშენებინა, ზოგიერთს ეგონა, რომ ღონისძიებაზე ორმოცდაათ კაცზე ნაკლები არ უნდა მიეყვანა. ჩემი მოვალეობა იყო მივსულიყავი ფაკულტეტის საბჭოზე, მიმეღო მონაწილეობა განსახილველ საკითხებში და დღის წესრიგში დაგვეყენებინა საკითხები. ჩვენ იქ არ ვყოფილვართ უმოქმედოდ, მე ჩემს მოვალეობას ვასრულებდი, როდესაც თვითმმართველობა ჩამოშლილი იყო და ჩემი და აკაკი გვიანიძის მხრებზე გადადიოდა  ოთხმოცდაათი ადამიანის საქმე.

 

საფრთხის ველი

შეკვეთა ცხადია ლეგიტიმურია, მაგრამ იბადება ასევე საფუძვლიანი კითხვა: როგორი ფორმით უნდა განხორციელდეს და რას მოგვცემს ის სახელმწიფოებრივი განვითარების თვალსაზრისით? ისეთი ინტენსივობით მიმდინარეობს მსჯელობა ზემოთხსენებული საკითხზე, რომ საფრთხის სახით ჩამოყალიბდა ერთგვარი ველი, რომლის მძევალი თითოეული ჩვენთაგანი გაუცნობიერებლად ხდება.

 

ზოგადად, ნებისმიერი იდეის, რაოდენ კეთილშობელურიც არ უნდა იყოს ის, სისტემატიზაცია აკარგვინებს საკუთრივ იდეას ბუნებრივ სახეს, პირვანდელ მიზანს და გადააქცევს იმ მონსტრად, რომელიც განურჩევლად ისრუტავს და ანადგურებს ირგვლივ მყოფთ. ამ საფრთხის თავიდან აცილება თეორიაშიც რთულია, სადაც ლოგიკური ჩარჩოები იწვევს იდეის სახეცვლილებას. პრაქტიკაში განხორციელება კი სოციალური სტრუქტურის გათვალისწინებით, მოითხოვს ლოგიკურის ნაცვლად სანქციური ნაწილის ამოქმედებას. ასე ყალიბდება სისტემა, რომელიც მომავალში ხელაღებით უსწორდება ყველას და ყველაფერს.

 

ალბათ ამის თავიდან აცილებას ემსახურებოდა პრემიერის ინიციატივა – ამნისტირებული ყოფილიყო ყველა ის დანაშაული (ცხადია, არა ძალადობრივი), რომელიც საჯარო მოხელეებმა ჩაიდინეს ამ ხნის განმავლობაში. ცხადია, ეს ინიციატივა ემსახურება იმას, რომ სამართლიანობის აღდგენის იდეა შემდგომში საყოველთაო დევნის ინსტრუმენტად არ ჩამოყალიბდეს. მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ ერთ შემთხვევაში პოტენციური დამნაშავეების, მეორეში კი – მონური სულისკვეთებით აღვსილი ადამიანების მიმართ ლოიალურები ვიყოთ და მშვიდად შევყურებდეთ, თუ როგორ არხეინად აპირებენ ამა თუ იმ საპასუხისმგებლო სამსახურში მუშაობის გაგრძელებას.

 

ერთი სიტყვით პრემიერის ინიციატივა გასაგებია (აუცილებელიც), მაგრამ მოქმედებაა საჭირო. ამასთან, იმედია გავაცნობიერებთ, რომ წინა ხელისუფლების სახით მოძალადე რეჟიმის ჩამოყალიბებაში ყველა ჩვენთაგანს მიგვიძღვის წვლილი. დღეს საზოგადოების უმრავლესობას, საკითხის ემოციურ სიბრტყეზე განხილვისას, სურს მკაცრად გაუსწორდეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს. სწორედ ეს არ მოხდება პრემიერის ფორმულით, ანუ ყველანი დავისჯებით. ე.ი სასჯელი გადანაწილდება სრულად საზოგადოებაზე. მომავალში კი ამომრჩეველს ეცოდინება, რომ საარჩევნო ურნასთან კარგად დაფიქრდეს და ისეთი არჩევანი გააკეთოს, რომელიც მომავალში ამ ტიპის პრობლემებს არ შეუქმნის.

 

ასეთი მიდგომა გაცილებით გონივრული და სამართლიანია!

 

არ ვიცი რამდენად კავშირშია, მაგრამ მაშინ, როცა იმ ადამიანების დაკითხვაზე მიყვანასაც ვერ ახერხებენ, რომლებმაც ათასობით ოჯახს გაუმწარეს ცხოვრება, გამდიდრდენ ხალხისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მიტაცებით და პარალელურად იჭერენ ახალი ხელისუფლების პირობებში დანიშნულ თანამდებობის პირებს, ბუნებრივად პროტესტის გრძნობას აჩენს. აქვე შეგახსენებთ, საქართველოს მოსახლეობა ხელისუფლებისაგან იმას კი არ მოითხოვდა კეტი თავში არ ჩამარტყათ მხოლოდო, არამედ საერთოდ ამოიღეთ ხმარებიდანო. კეტი პირდაპირი მნიშვნელობით არ მიგულისხმია, მაგრამ ალბათობა იმისა, რომ ვერ გაიგებენ ძალიან დიდია.

 

ამის თქმის საფუძველს ცოტა ხნის წინ გადაცემა „დიალოგის“ სტუმრების (უმრავლესობისა და უმცირესობის) პოლიტიკური მომზადებისა და, ზოგადად, აზროვნების დაბალი დონე მაძლევს. ამ ადამიანებს ვურჩევდი თავი დაანებონ იმ საქმეს, რაც არ იციან (წლებია სწავლობენ და არ გამოსდით) და სხვა ხელობას დაეუფლონ.

 

ამით თვითონაც იხეირებენ, ჩვენც და ქვეყანაც.

რა დგას წინასწარ დაანონსებული მერის ცვლილების უკან

ახლადარჩეულმა საკრებულოს თავმჯდომარემ ქალაქის მერის შეცვლის საკითხი 31 იანვარს დააყენა და მალევე მისი შერჩეული მერობის კანდიდატის ვინაობაც დაასახელა. საზოგადოებისთვის დასახელებულ კონკრეტულ კანდიდატზე უფრო მეტად ქალაქის მერის ცვლილების ფორმა და პროცედურა გახდა საინტერესო. ვფიქრობ, ეს საზოგადოების გააქტიურების ტენდენციის დადებითი მაჩვენებელია და ეს არ უნდა მინელდეს.

 

არსებული კანონმდებლობით საკრებულოს თავმჯდომარეს შეუძლია ერთპიროვნული გადაწყვეტილებით  დაასახელოს მერობის კანდიდატი ან კანდიდატის შერჩევისათვის კონკურსი გამოაცხადოს. ამ ორი შესაძლებლობიდან, სამწუხაროდ, იმას მიანიჭეს უპირატესობა, რომელიც გამორიცხავდა პროცესის გამჭვირვალობას და ერთპიროვნული გადაწყვეტილებით არაკონკურენტუნარიან გარემოს ქმნიდა მერობის მსურველი სხვა კანდიდატებისთვის. ამ პროცესის განვითარებას დემოკრატიულობის შანსი არ მიეცა – დემოკრატია ხომ ხალხის მმართველობაა, გადაწყვეტილება კი საზოგადოებას მონაწილეობა საშუალებას არ აძლევდა. მერის სასწრაფო ცვლილება გადაუდებელი აუცილებლობით აიხსნა. სავარაუდო თარიღად მარტის პირველი რიცხვებიც სახელდებოდა. ამ მცირე ვადაში არარსებული საკონკურსო კომისიის ჩამოყალიბება, საკონკურსო პირობების, კომისიის შემადგენლობის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შემუშავება საკრებულოს თავმჯდომარეს შეუძლებლად მიაჩნდა.

 

კონკურსის გზით მერის კანდიდატის შერჩევის მოთხოვნა საზოგადოებაში „უალტერნატივო კანდიდატის“ დასახელების შემდეგ გაჩნდა. თავად ამ ფაქტს აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარე. დადებითი ის გახლავთ, რომ საზოგადოებას, რომელიც მეტწილად გვერდიდან ადევნებდა თვალყურს პროცესებს,  მონაწილეობის სურვილი გაუჩნდა. უარყოფითი კი ის არის, რომ ეს ინიციატივა საკრებულოდან არ წამოსულა და ძალაუნებურად ჩნდება შიში, ქალაქისათვის ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები არ გაიმეორონ. არავინ დაობს იმაზე, რომ საკრებულოს თავმჯდომარე არ არღვევს კანონს მერის შერჩევის ასეთი პროცედურისათვის უპირატესობის მინიჭებით,  თუმცა ჩნდება ეჭვი, რომ პროცესების ამგვარი მართვა კვლავაც საზოგადოებისათვის თვალის ახვევაა.

 

ქალაქის მერის შერჩევის პროცესის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესის  გამო ჩვენმა ორგანიზაციამ თებერვალში საჯარო შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობას საკრებულოს თავმჯდომარეც იღებდა. მაშინ მერის კანდიდატის შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით საზოგადოების მხრიდან გარკვეული რეკომენდაციები გამოითქვა, რომელიც მერის კანდიდატის კონკურსის გზით შერჩევას, საკონკურსო კომისიის ჩამოყალიბებას და ამ პროცედურებს ეხებოდა. ვინაიდან კომისიის ჩამოყალიბებას გარკვეული დრო და პროცედურები სჭირდებოდა, ხოლო მერის ჩანაცვლება არსებულ მოცემულობაში საკრებულოს თავმჯდომარეს გადაუდებელ აუცილებლობად მიაჩნდა, შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან მივიღეთ დაპირება, რომ ამ რეკომენდაციების გაითვალისწინებდა მას შემდეგ, რაც ქალაქის მოქმედ მერს დროებითი მოვალეობის შემსრულებლით დღე- დღეზე ჩაანაცვლებდა.

 

მას შემდეგ თვეზე მეტი გავიდა, დღეს ქალაქს ისევ ძველი მერი ჰყავს, ანუ მისი ცვლილება თურმე არც ისე სასწრაფო და აუცილებელი ყოფილა. მაგრამ ამ ხნის განმავლობაში საკონკურსო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები ან  კონსულტაციები არ გამართულა… ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ საკრებულოს არ აქვს მსგავსი გადაწყვეტილების აღსრულების პოლიტიკური ნება? რა დგას წინასწარ დაანონსებული მერის ცვლილების და საკონკურსო კომისიის შექმნის გაჭიანურების პროცესის უკან, სად ითვალისწინებენ საზოგადოების ინტერესებს?

 

მე ამ პროცესებს ვაკვირდები, რის გამოც ბევრჯერ მოვისმინე ჩემი მიმართულებით არაპირდაპირი საყვედურები და რიგ შემთხვევაში შეურაცმყოფელი დამოკიდებულება არა მხოლოდ ჩემი, არამედ ორგანიზაციის საქმიანობის მიმართაც. ბოლო დროს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი თავის უარყოფითი დამოკიდებულების დემონსტრირებას ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, პირდაპირ ეთერშიც კი არ ერიდება. ამბობენ, რომ მესამე სექტორთან თანამშრომლობა არ წარმოადგენს მათი ინტერესის სფეროს და ეჭვი შეაქვთ ამ უკანასკნელის კომპეტენციასა და უნარებში.

 

ბოლო დროს ისიც ხშირად მესმის, რომ საკრებულო პოლიტიკური ორგანოა და, შესაბამისად, გადაწყვეტილებებიც პოლიტიკური გავლენის ქვეშ ექცევა. თუმცა თვითმმართველობა არის ჩვენი, მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, გადავწყვიტოთ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. დღეს თვითმმართველობას შეუძლია ზურგი შეაქციოს საზოგადოებას (მერის კანდიდატი თავად შეარჩიოს), ან გადადგას შემხვედრი  ნაბიჯი. საზოგადოებას ჯერ კიდევ სჯერა, რომ ხელისუფლების ცვლა კონკრეტულ თანამდებობებზე არა მხოლოდ სახელებისა და გვარების, არამედ სისტემის და მიდგომების უკეთესობისკენ ცვლილებაა.

რას აირჩევს სოფელი

მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო და სამუშაოები პრიორიტეტების შერჩევის ფაზაშია, რიგ შემთხვევებში გასულ წლებში სოფლის მიერ პრიორიტეტად დასახელებული ობიექტები დღემდე გაუმართავი და უფუნქციოა. 

 

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსოფელში ელექტროწისქვილი სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 2009 წელს აშენდა. თუმცა, წისქვილი ქსელში დღემდე ვერ ჩაირთო. უფუნქციოდაა დარჩენილი ამავე პროგრამით სოფელ ზუნდაგაში აშენებული წისქვილიც. ქოსოფლის რწმუნებული მიქაელ ნინიძე ადასტურებს, რომ წისქვილი ვერ გაამრიცხველიანეს და დასძენს, რომ იმ დროისთვის სოფელს სხვა რწმუნებული ჰყავდა.

 

„ყველაფერი ჩვენზე არ იყო დამოკიდებული, ის სამუშაოები, რაც ჩვენ გვეკუთვნოდა, შევასრულეთ, კონკრეტულად ამ წისქვილში კაბელი ახვეულია და შენახულია მეზობელ სახლში“, – აცხადებს ქედის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი სულიკო ბოლქვაძე.

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წელს ქედის მუნიციპალიტეტში 571 757 ლარია გამოყოფილი. სულიკო ბოლქვაძის თქმით, ამ ეტაპზე სოფლებში კრებები ტარდება. „გამოიკვეთა, რომ მოსახლეობა სოფლის შიგა გზებზე ბეტონის საფარის მოწყობას მოითხოვს, ყველაზე მეტი თანხა სოფელ ახოზე გამოიყო – 24 625, მინიმუმი კი სოფელ ქოსოფელზე – 5045 ლარი“.

 

„22 მარტს ჩავატარეთ კრება, მოსახლეობამ სასმელი წყლის ავზის ჩამოსხმა მოითხოვა. სოფელზე 6219 ლარია გამოყოფილი, რითაც 10-ტონიანი ავზის ჩამოსხმა დავგეგმეთ, ავზით 40 კომლი ისარგებლებს. არსებული ავზი ძველია და წყალი ჟონავს“, – ამბობს სოფელ მილისის რწმუნებული გურამ აბესლამიძე.

 

სოფლების – ნამლისევისა და ქოსოფლის  რწმუნებული მიქაილ ნინიძე ამბობს, რომ ქოსოფლის მოსახლეობამ სოფლისთვის გამოყოფილი 5045 ლარით სარიტუალო ინვენტარი უნდა შეიძინოს, ნამლისევისთვის გამოყოფილი  6400 ლარი კი – სოფლიდან ტყეში გამავალ გზის გაკეთებას მოხმარდება.

 

პროგრამის დაფინანსებისთვის, ქედის მუნიციპალიტეტისგან განსხვავებით, 373 243 ლარით მეტი მიიღო ხულოს მუნიციპალიტეტმა, აქ  945 000 ლარია გამოყოფილი, ყველაზე მეტი თანხა – 30 900 ლარი სოფელ დიდაჭარას გამოეყო, გამოყოფილი თანხით სოფელში ბაგა-ბაღის მშენებლობას გეგმავენ.

 

„ბაგა-ბაღის მშენებლობა დიდაჭარაში 2014 წელს გვქონდა დაგეგმილი, თუმცა სოფელმა პრიორიტეტად წელს დაასახელა. თანხა საკმარისი არ არის, მაგრამ გამგეობამ თუ გამონახა სახსრები, შესაძლებელია თანადაფინანსებით წელს დავასრულოთ მშენებლობა“, – აცხადებს გამგებლის მოადგილე გივი ქედელიძე და დასძენს, რომ პროგრამა სოფლის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას გულისხმობს, თუმცა ხშირ შემთხვევებში სოფლის მოსახლეობა სულ სხვა პრიორიტეტს ასახელებს.

 

ხულოს მუნიციპალიტეტში 84 სოფელი და დასახლებაა. გამგებელის განცხადებით კრების ოქმები გამგეობამ ეკონომიკის სამინისტროს უნდა წარუდგენს დასამტკიცებლად.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამას ადრე საკრებულო ამტკიცებდა, ახლა ასე აღარ არის, ეკონომიკის სამინისტროში წარვადგენთ პროგრამებს და სამინისტრო გვიმტკიცებს. მოსახლეობა ძირითადად წყლის არხებისა და მილების მოწესრიგებას, სოფლის სახლების რემონტს, გზისა და გარე განათების მოწყობას მოითხოვს“, – აცხადებს გამგებელი დავით ჭელიძე.

 

ხულოს მუნიციპალიტეტის ღურტისა და იაკობაძეების სოფლების მცხოვრებლებს ერთობლივად სარიტუალო დარბაზის აშენება უნდოდათ. არასაკმარისი თანხის გამო შეთანხმება ვერ შედგა და ორივე სოფელში გარეგანათება მოეწყობა. სოფლის რწმუნებულების ინფორმაციით, გარეგანათებაში გახარჯულ ელექტროენერგიის საფასურს გამგეობა დაფარავს.

 

„კრებაზე მოსახლეობამ სარიტუალო დარბაზის აშენება მოითხოვა, რადგან გამოყოფილი თანხა ვერ გასწვდებოდა დარბაზის აშენებას. მეორე დღეს განმეორებით ჩავატარეთ კრება, გადავწყვიტეთ გარე განათებისა და წყლის მილის შეძენა, სოფელზე 7934 ლარია გამოყოფილი“< – ამბობს სოფელ ღურტის რწმუნებული სულიკო გელაძე.

 

იაკობაძეების სოფლის რწმუნებულ რომან იაკობაძის თქმით, სარიტუალო დარბაზი ორივე სოფლის გაერთიანების შემთხვევაშიც ვერ აშენდებოდა. ამ სოფლისთვის 9721 ლარია გამოყოფილი. 

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა შუახევის მუნიციპალიტეტში 626 692 ლარით დაფინანსდა. „მუნიციპალიტეტში 69 სოფელია, მოსახლეობა, ძირითადად, შიდა სასოფლო გზების მოწესრიგებასა და  სარიტუალო ნივთების შეძენას მოითხოვს“, – აცხადებს შუახევის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ედნარ შარაშიძე.


სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებს მოსახლეობა სოფლის კრებებზე ირჩევს, პრიორიტეტის შერჩევისას გადამწყვეტი ხმა კრებაზე დამსწრე საზოგადოებას ენიჭება.

„ნაციონალური მოძრაობა“ ჯუმბერ თავართქილაძეს პასუხობს

 

როგორც გიორგი კირთაძემ აღნიშნა, „კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლებს ნაცვლად იმისა, რომ პროკურატურისთვის მიემართათ, შეეძლოთ ეს ინფორმაცია საჯაროო რეესტრში გადაემოწმებინათ, სადაც მესაკუთრეობის შესახებ ინფორმაცია ინახება“.

 

მისივე განცხადებით, აღნიშნული შენობა პარტიამ 2006 წლის 27 მარტს აუქციონის წესით 93 504 ამერიკულ დოლარად შეიძინა.

ჯუმბერ თავართქილაძის მიმართვა აჭარის მთავარ პროკურორს

 

ჯუმბერ თავართქილაძე
ჯუმბერ თავართქილაძე

 

როგორც ჯუმბერ თავართქილაძე განმარტავს, მათ აქვთ გონივრული ეჭვი, რომ ნაციონალურ მოძრაობას აღნიშნული ფართი უკანონოდ აქვს მითვისებული.
„ჩვენ გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ისინი აღნიშნული ფართით სარგებლობენ არაკანონიერად“ – აღნიშნავს ჯუმბერ თავართქილაძე.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი იწვევს საზოგადოების ინტერესს და პროკურატურა ვალდებულია, შეისწავლოს აღნიშნული საქმე და საზოგადოებას დროულად მიაწოდოს ინფორმაცია.

 

„ნაციონალური მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ამ საკითხზე ბრიფინგი ნახევარ საათში გაიმართება. 

„ალდაგი“ დათმობაზე მიდის



„კომპანიამ გადაწყვიტა, რომ 18 წლამდე ასაკის პაციენტთა პირველადი ჯანდაცვის მომსახურება გაწიონ ბათუმში არსებულმა კლინიკებმა.  ამაში შედის ნულიდან  ექვს წლამდე სავალდებულო აცრები ბავშვებისთვის და სხვა სახის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება 18 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის. თვრამეტ წელს გადაცილებულებმა კი ისევ „ალდაგის“ მფლობელობაში არსებულ კომპანიებს უნდა მიმართონ. ეს არის შედეგი იმ მოლაპარაკებისა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრომ სადაზღვევო კომპანიასთან მიაღწია.

 

 

ამჯერად პრობლემად რჩება სოციალურად დაუცველებისა და პენსიონერების საკითხი, რომლებსაც არა მხოლოდ რიგში დგომის, მომსახურების დროულად მიღების არამედ ხშირ შემთხვევაში  გადაადგილების პრობლემაც აქვთ და ურჩევნიათ დახმარება   იმ კლინიკაში მიიღონ, რომელიც მათთვის ტერიტორიულად უფრო ახლოსაა.“ – განმარტა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან გორგილაძემ „ბათუმელებთან“ სატელეფონო  საუბარში.

 

 

სახელმწიფო დაზღვევით გათვალისწინებული მომსახურების მიღებასთან დაკავშირებით ბათუმში არსებულ კლინიკებს ხელშეკრულებები სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა“  ცოტა ხნის წინ შეუწყვიტა და პაციენტების საკუთარ კლინიკაში გადამისამართება სცადა:

 

„ურთიერთობები გართულდა სადაზღვევო კომპანიასა და კლინიკებს შორის. ისინი გარკვეულ საკითხებში ვერ ჩამოყალიბდნენ, კომპანიას ჰქონდა დავალიანებები კლინიკებთან.  სიებთან დაკავშირებითაც იყო პრობლემა, ანუ ვერ გადაინაწილეს, ვის რამდენი უბანი  შეხვდა და  იმ ეტაპზე სადაზღვევო კომპანიამ არჩია უფრო ხისტი პოლიტიკა.

 

 ალდაგში ჩთვალეს, რომ ამას განახორციელებდნენ თავიანთი ძალებით, თავის მფლობელობაში მყოფ ორ სამედიცინო დაწესებულებაში. უფრო სწორად სამედიცინო დაწესებულება ერთია, მაგრამ განლაგებულია ორ სხვადასხვა ადგილზე.  ეს არის ქალაქ ბათუმის რეფერალური საავადმყოფო და მისი ნაწილი, რომელიც ერას ქუჩაზეა, ეს არის ამბოლატორიულ- პოლიკლინიკური ტიპის სამედიცინო დაწესებულება.“

 

 

კლინიკების მფლობელების განაწყენების გარდა სადაზღვევო კომპანიის გადაწყვეტილებამ გარკვეულწილად პაციენტებიც დააზარალა, „ალდაგის“ კლინიკაში გაჩნდა რიგები, ხშირ შემთხვევაში  მოქალაქეებმა ვერ მიიღეს დროული დახმარება,  რამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია.

 

 

„სწორედ იმის გამო რომ მოქალაქეებს მიეღოთ ზუტად ის, რასაც მათ სთავაზობს სახელმწიფო პირველადი ჯანდაცვის პროგრამით, ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკება კომპანიასთან. ჩვენი ინიციატივა არ იყო მაინცადამაინც ის, რომ პოლიკლინიკებს დაბრუნებოდათ ეს მომსახურება. კომპანიას შეეძლო გაეზარდა თავისი ქსელი. თუმცა ჩვენ ვთავაზობდით, რომ ვიდრე ქსელს გაზრდიდნენ, გამოეყენებინათ არსებული პოლიკლინიკები.  ეს მათი გადასაწყვეტია. ჯანდაცვის სამინისტრო დაინტერესებულია მომსახურების ხარისხით და არა იმით ვინ  განახორციელებს მომსახურებას. “ – ამბობს ლევან გორგილაძე.

 

 

კითხვაზე, ამ შემთხვევაში ხომ არ მოხდება ისე, რომ ერთი კომპანია ბაზარზე მონოპოლიას მიიღებს? – აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა უპასუხა, რომ ეს  ეს უფრო გლობალური საკითხია და  ამ ეტაპზე  ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს ბერკეტები, რომ ეს საკითხი გადაწყვიტოს.

 

 

მინისტრის მოადგილემ დღეს ინფორმაცია  ხელვაჩაურში მცხოვრები პაციენტების სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის პირობების შეცვლასთან დაკავშირებითაც გაავრცელა:

 

 

„აღმოჩნდა რომ  ქალაქის იქითა უბნების მოსახლეობასაც, რომელიც არის მახინჯაური და მიმდებარე სოფლები მომსახურება უნდა მიეღოთ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ცენტრში მდებარე სამედიცინო ცენტრში, რაც გარკვეულ სირთულეებს ქმნიდა, დღეიდან მათ შეეძლებათ  ტერიტორიულად ახლო მდებარე კლინიკას მიმართონ.“

 

 

სამინისტრო კომპანიასთან მოლაპარაკებებს აგრძელებს, ამჯერად მიზანი საოციალურად დაუცველებისა და პენსიონერების საკითხის გადაწყვეტაა.

 

თვალები გულის გასაღებია

 

პირველად, როდესაც ოდრი ჰეფბერნის ეს ფრაზა მოვისმინე მთელი კვირა ამეკვიატა. ცოტა მებანალურება, მაგრამ მივხვდი, რომ ადამიანის სულის სილამაზე მის თვალებში აირეკლება. იმ დღიდან მათ სილამაზეს თვალებში ვეძებ და არა ყალბ ღიმილში.

 

თვალებში ჩანს ადამიანის ყველა გრძნობა, განწყობა და ხასიათი. თვალები „გაგვცემენ“ როდესაც ვიტყუებით. მე პირადად, ყოველთვის ვცდილობ ადამიანს თვალებში ვუყურო ლაპარაკის დროს, რადგან ამ დროს ჩემი მოტყუება ძალიან რთულია.

 

„ თვალები სულის სარკეა, ხშირად ჩაიხედე სარკეში.“

 

„თუ სიტყვებით ჩვენს ტკივილს ვერ გამოვთქვამთ კარგად, თვალები ამას მშვენივრად აკეთებენ. თვალებში ადამიანის ტკივილი იმდენად ღრმად ჩანს, რომ ძნელია გაუძლო მის მზერას.“

 

 

ბათუმელების მედიასკოლა

 

 

გალერეის გასახსნელად დააწკაპუნეთ პირველ ფოტოზე: 

პარაოლიმპიელთა მიზანი

დავით ხოსრუაშვილი: აჭარაში პარაოლიმპიური კომიტეტი ორი თვის წინ დაარსდა. თავიდან ვარჯიში მშვილდოსნებმა დაიწყეს, თუმცა, მოგვიანებით ბევრმა ადამიანმა გამოთქვა სპორტის სხვადასხვა სახეობაში ვარჯიშის სურვილი. არიან ჩოგბურთელები, მკლავჭიდელები, მაგიდის ჩოგბურთელები, ამ დღეებში კი საფეხბურთო გუნდი „ნათელი“ ჩამოვაყალიბეთ, რომელიც ძირითადად სმენადაქვეითებულთა საზოგადოების წევრებითაა დაკომპლექტებული. ამ ეტაპზე 14 ადამიანი ვარჯიშობს, თუმცა დარწმუნებული ვარ, მათი რაოდენობა მალე გაიზრდება. ვარჯიშებს კვირაში სამჯერ ვატარებთ ბულვარში მდებარე საფეხბურთო მოედანზე. უნდა ნახოთ როგორი მონდომებულები არიან. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უკვე სხვაგვარად უყურებენ ყველაფერს, დამატებითი სტიმული და სიცოცხლის ხალისი მიეცათ.

 

 

საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტი დიდი ხანია ფუნქციონირებს, თქვენ ახალდაარსებულები ხართ. გაქვთ მათთან კონტაქტი?

 

 

– კონტაქტი რა თქმა უნდა გვაქვს, როგორც საქართველოს პარაოლიმპიურ კომიტეტთან, აგრეთვე რეგიონალურ ორგანიზაციებთან. 20-25 აპრილს ვაპირებთ დასავლეთ საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტების გუნდების მოწვევას, ტურნირი დავგეგმეთ საფეხბურთო. ჯერჯერობით მხოლოდ ფოთისა და ქუთაისის გუნდები გვეწვევიან, სამომავლოდ კი, იმედია, მასშტაბები გაიზრდება.

 

 

სიდნეის 2000 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ბათუმელი მამუკა ძიმისტარიშვილი, რუსეთის საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. არის თუ არა რეალური შესაძლებლობა და პერსპექტივა იმისა, რომ რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე ბათუმელი სპორტსმენები ვიხილოთ?

 

 

– მაგის იმედი მაქვს. ჩვენც ხომ სწორედ ეს გვინდა?! მოვამზადოთ რაც შეიძლება მეტი სპორტსმენი, რომ მათ საქართველოს ნაკრებში შეძლონ დამკვიდრება, რითაც საშუალება მიეცემათ საერთაშორისო ტურნირებზე, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, ოლიმპურ თამაშებზე იასპარეზონ და აქ მხოლოდ ფეხბურთზე არ არის საუბარი, ჩვენი კომიტეტი მზადაა ნებისმიერ მსურველს, სურვილის მიხედვით, თუ სად უნდა ვარჯიში, რომელ სახეობაში, გაუწიოს თანადგომა და ავარჯიშოს კვალიფიციური მწვრთნელების მეთვალყურეობის ქვეშ, როგორც ეს მშვილდოსნობის შემთხვევაშია.

 

 

ამისათვის აუცილებელია სპორტულ ფედერაციებთან მოლაპარაკება

 

 

– რამდენიმე ფედერაციასთან გვაქვს მჭიდრო კავშირი, ვაპირებთ სხვებსაც მივმართოთ. დარწმუნებული ვარ, არავინ იტყვის უარს, რომ კვირაში თუნდაც ორი დღე გამოყონ ვარჯიშისთვის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ზაფხულში საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის ჩატარებასაც ვგეგმავთ. ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს ირანის, თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პარაოლიმპიურ კომიტეტებთან, თუმცა, მომავალი წლისთვის მონაწილე ქვეყნების რაოდენობის გაზრდას ვაპირებთ, ასევე, ჩვენც გავემგზავრებით საზღვარგარეთ.

 

 

ყველაფერი ეს ფინანსებთანაა დაკავშირებული

 

 

– რა თქმა უნდა. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ბულვარის ადმინისტრაციამ სრულიად უსასყიდლოდ დაგვითმო მის ტერიტორიაზე არსებული საფეხბურთო მოედანი სავარჯიშოდ, გარკვეულწილად აჭარის სპორტის დეპარტამენტიც გვაფინანსებს, დარწმუნებული ვარ, ბევრი მხარდამჭერი გამოგვიჩნდება. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ზურაბ გოგიშვილს, რომელიც თავად დაგვიკავშირდა, ჩვენს სპორტსმენებს იოგას სუნთქვით სისტემაში ავარჯიშებს და რა თქმა უნდა, უსასყიდლოდ.

 

 

მსურველთა რაოდენობა დიდია?

 

 

– დღითიდღე მატულობს. მინდა თქვენი გაზეთის საშუალებით მოვუწოდო ყველას, ვისაც კი სურვილი გაუჩნდება სპორტის ნებისმიერ სახეობაში ვარჯიშის, მოგვმართოს, ყველანაირად გვერდში დავუდგებით.

ქალებმა ივარგეს, ვაჟებმა ვერა

პირად პირველობაში, სადაც 92 ქალი მონაწილეობდა, ქრისტინე ესებუა მეოთხე ადგილზე გავიდა. მის გარდა საქართველოს ნაკრების ღირსებას აჭარიდან ასმათ დიასამიძე და იულია ლობჟანიძე იცავდნენ.

გუნდურ შეჯიბრში, მერვედფინალში საქართველოს ნაკრებმა ანკარის გუნდი 198:148 დაამარცხა, მეოთხედფინალში აზერბაიჯანის გუნდს 198:188 სძლია, ნახევარფინალში კი იზმირის გუნდს 217:212 მოუგო და ფინალში რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. სამწუხაროდ თამაზ ფუტკარაძის შეგირდებმა გადამწყვეტი შეხვედრა 219:196 დათმეს და მეორე ადილს დასჯერდნენ.

ვაჟ მშვილდოსნებს კი ნაკლებად გაუმართლა. ქართულმა ტრიომ (ლაშა ფხაკაძე – თბილისი, არჩილ ფარსენაძე და მამუკა შუშაძე – ხელვაჩაური) მართალია პირველ შეხვედრაში ანკარის გენკაის გუნდი 208:206 დაამარცხა, მაგრამ მეოთხედფინალში თავად დამარცხდა ასევე ანკარის, ოღონდ ოკჩულუკის გუნდთან 196:217 და საბოლოოდ მეშვიდე ადგილს დასჯერდა.

ლეონიძის მეხუთე და 60 ქულა

ლეონიძე ტურნირში მეოთხედფინალიდან ჩაერთო და პირველად რუსეთის სახელით მოასპარეზე ანაიდ მხითარიანს იუკოთი აჯობა, თუმცა, ნახევარფინალში გერმანელ კაროლინა ვაისთან ვაზარზე დაეცა, მეტოქემ კი – შებოჭა. მიუხედავად ამისა, ბათუმელ ძიუდოისტს ბრინჯაოს მოპოვების რეალური შანსი ჰქონდა, ამისათვის რეპეშაჟის (სანუგეშო) ფინალში ასევე გერმანელი ჟასმინ კუელბსის ძლევა იყო საჭირო. ირინა თავიდან ვაზარით იგებდა, თუმცა, საბოლოოდ ორჯერ დაეცა იუკოზე, შემდეგ კი კვლავ შებოჭვაზე მოჰყვა და საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა.

საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები სოფლის მეურნეობაში

არჩილ ხაბაძე აგროსერვისცენტრების მუშაობით დაინტერესდა. თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტების აღნიშნული სამსახურების ხელმძღვანელებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა და სოფლის მეურნეობის მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა. დღესვე, საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ხელმძღვანელებს აჭარის მთავრობისგან ავტომობილები და საოფისე ინვენტარი გადაეცა.

ინფორმაციისთვის, საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები აჭარის მასშტაბით, 5 მუნიციპალიტეტსა და ბათუმის თვითმმართველობაში pirvel აპრილს შეიქმნა, სადაც კონკურსის წესით 27ადამიანი დასაქმდა.

უკრაინელი ჟურნალისტების პრესტური აჭარაში

მათთვის პრეს-კონფერენცია გამართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ.

 

მთავრობის თავმჯდომარემ უცხოელ ჟურნალისტებს მიმდინარე საქმიანობა და სამომავლო გეგმები, ასევე რეგიონის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი, გააცნო. ჟურნალისტები უკრაინული მედია საშუალებებისთვის სხვადასხვა ფორმატის გადაცემასა და ბეჭდურ მასალას მოამზადებენ.

პრეს-კონფერენციის შემდეგ მედიის წარმომადგენლებმა აჭარის ღვინის სახლში ჩამოსხმული საექსპორტო ღვინო დააგემოვნეს, რომელიც ადგილობრივი უნიკალური ჯიშის ყურძნისგან არის დამზადებული.

ასევე, დაათვალიერეს ბათუმის ღირსშესანიშნაობები, მოინახულეს ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ეთნოგრაფიული მუზეუმი, გონიოს ციხე, სარფის საბაჟო და ბათუმის იუსტიციის სახლი.

პრეს-ტური უკრაინელი ჟურნალისტებისთვის ოდესაში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინიციატივით დაიგეგმა. ტურს კომპანია „უკრფერი“ აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.

არჩილ ხაბაძე უკრაინაში მიემგზავრება

არჩილ ხაბაძე და ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ედვარდ შატვიიჩუკი თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს, რომლის მიხედვითაც 2013-2014 წლებში ერთობლივი სავაჭრო-ეკონომიკური, ტურისტული, საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებები გაიმართება..

 

მათ შორის, აჭარის და ოდესის დელეგაციების მონაწილეობა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და ტექნოლოგიების გამოფენებსა და ბიზნეს ფორუმებში; მცირე და საშუალო საწარმოების სავაჭრო-ეკონომიკურ ღონისძიებებში მონაწილეობის მხარდაჭერა; აჭარის სოფლის მეურნეობის პროდუქციის (ჩაი, ციტრუსები, სუბტროპიკული კულტურები, წვენები და კონცენტრატები, ალკოჰოლური სასმელები და სხვა) ოდესის ოლქში ექსპორტის ხელშეწყობა; ტურისტების ერთობლივი მომსახურების პროგრამების ჩამოყალიბება.

 

უკრაინის ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციასა და აჭარის მთავრობას შორის სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის ხელშეკრულების პროექტის მომზადება; ინფორმაციის გაცვლა სასწავლო პროცესში ახალი საგანმანათლებლო და ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვაზე; სამედიცინო მუშაკებს შორის თანამშრომლობის განვითარება;

 

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდება ქ.ოდესის მერს ალექსეი კოსტუსევთან, ნიკოლაევის ოლქის საბჭოს თავმჯდომარეს იგორ დიატლოვს და ოდესა-იზმაილის ეპარქიის მიტროპოლიტ აგათანგელს.
ამასთან, ვიზიტის ფარგლებში არჩილ ხაბაძე დაესწრება საერთაშორისო ფორუმს „Odesaa FDI Forum 2013”, რომელზეც განიხილება შემდეგი თემები: ინვესტიციების მოზიდვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში – არსებული პრობლემები, ახალი მეთოდები და გადაწყვეტილებები; ინვესტიციები საპორტო სექტორში. ენერგო რესურსების ინფრასტრუქტურაში ინვესტირება;

ოლიმპიური ჩემპიონი ბათუმში იჩხუბებს?!

გივი კერესელიძე: როგორც მოგეხსენებათ, სამოყვარულო კრივი ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია შეტანილი. ჩვენც, ჩვენის მხრივ, ვცდილობთ სპორტის ამ სახეობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში საკუთარი წვლილი შევიტანოთ. „ოქროს ხელთათმანიც“ სწორედ ამას ემსახურება.

 

 

თქვენ აღნიშნეთ რომ წელს მონაწილე ქვეყნების რაოდენობა გაიზრდებავის ელოდებით?

 

 

–  დიახ. დღეისათვის მოწვეულები არიან და ჩამოსვლაზე დაგვთანხმდნენ უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი, ასევე, ბელორუსი, რუსეთი და ირლანდია. საინტერესო და სასიხარულო ფაქტია, რომ ირლანდიის მოკრივე ქალთა ეროვნულ ნაკრებს ქართველი ზურაბ ანთია წვრთნის, სწორედ მისი მოსწავლე, ქეთი ტეილორი, რომელიც 60 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა. ჩამოსვლის სურვილი მანაც გამოთქვა და არ არის გამორიცხული, რომ ოლიმპიურმა ჩემპიონა ბათუმში იჩხუბოს.

 

 

იჩხუბებს კი?

 

 

– ვნახოთ. თუ ტურნირში არ მიიღებს მონაწილეობას, შესაძლოა ერთი საჩვენებელი ორთაბრძოლა გამართოს, რაც ერთი-ორად გაზრდის სპორტის ამ სახეობისადმი ინტერესს. გარდა ამისა, საკუთარი კლუბის მოკრივეებს ჩამოიყვანს ასევე ქართველი მწვრთნელი დევი გოგია, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს. ერთი ნიუანსია მხოლოდ, ტურნირის ჩატარებას აგვისტოში ვაპირებდით, მაგრამ ვინაიდან წლევანდელი კალენდარი დატვირთულია, აპრილში გადმოვიტანეთ. წელს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები ტარდება, ასე რომ…

 

 

ვის დავახვედრებთ?

 

 

– გოგონათა შორის დღესდღეობით ორი მოკრივე გვყავს, 60 და 64 კგ. წონით კატეგორიებში ასპარეზობენ. ამათგან ერთი, მარიკა ხორავა (60 კგ.) ერთადერთი ქართველი მოკრივე ქალია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა.

 

 

ასაკობრივ კატეგორიებზე რას გვეტყვით?

 

 

– 18 წლამდე სპორტსმენთა შორის 10 წონითი კატეგორია იქნება, უფროს ასაკში, ანუ დიდებში ოთხი წონითი კატეგორია.

 

 

ბათუმს ვინ წარმოადგენს?

 

 

– გოგონათა შორის, როგორც აღვნიშნე, მარიკა ხორავა, ვაჟთა შორის კი რინგზე გუნდის მთავარი მწვრთნელის გოჩა აბაშიძის ძმა გელა აბაშიძე (69 კგ.) და მამია მემიშიში (-60 კგ.) გავლენ.

 

 

ორგანიზატორი აჭარის კრივის ფედერაციაა?

 

 

– დიახ, მაგრამ ტურნირი საქართველოს კრივის ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდება. აჭარის კრივის ფედერაციის პრეზიდენტი ირაკლი აბაშიძე გახლავთ, როელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ტურნირმა მაღალ ორგანიზებულ დონეზე ჩაიაროს და ხალხმა კარგი სანახაობა იხილოს. ასევე, ამ დღეებში ბათუმში ველოდებით წარსულში ცნობილ და ტიტულოვან მოკრივეს, დავით კვაჭაძეს, რომელიც ამჟამად საქართველოს კრივის ფედერაციას ხელმძღვანელობს. ვნახოთ, ვფიქრობ საინტერესო ტურნირი გველოდება.

Exit mobile version