სპორტი

პარაოლიმპიელთა მიზანი

09.04.2013 • 1327
პარაოლიმპიელთა მიზანი

დავით ხოსრუაშვილი: აჭარაში პარაოლიმპიური კომიტეტი ორი თვის წინ დაარსდა. თავიდან ვარჯიში მშვილდოსნებმა დაიწყეს, თუმცა, მოგვიანებით ბევრმა ადამიანმა გამოთქვა სპორტის სხვადასხვა სახეობაში ვარჯიშის სურვილი. არიან ჩოგბურთელები, მკლავჭიდელები, მაგიდის ჩოგბურთელები, ამ დღეებში კი საფეხბურთო გუნდი „ნათელი“ ჩამოვაყალიბეთ, რომელიც ძირითადად სმენადაქვეითებულთა საზოგადოების წევრებითაა დაკომპლექტებული. ამ ეტაპზე 14 ადამიანი ვარჯიშობს, თუმცა დარწმუნებული ვარ, მათი რაოდენობა მალე გაიზრდება. ვარჯიშებს კვირაში სამჯერ ვატარებთ ბულვარში მდებარე საფეხბურთო მოედანზე. უნდა ნახოთ როგორი მონდომებულები არიან. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უკვე სხვაგვარად უყურებენ ყველაფერს, დამატებითი სტიმული და სიცოცხლის ხალისი მიეცათ.

 

 

საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტი დიდი ხანია ფუნქციონირებს, თქვენ ახალდაარსებულები ხართ. გაქვთ მათთან კონტაქტი?

 

 

– კონტაქტი რა თქმა უნდა გვაქვს, როგორც საქართველოს პარაოლიმპიურ კომიტეტთან, აგრეთვე რეგიონალურ ორგანიზაციებთან. 20-25 აპრილს ვაპირებთ დასავლეთ საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტების გუნდების მოწვევას, ტურნირი დავგეგმეთ საფეხბურთო. ჯერჯერობით მხოლოდ ფოთისა და ქუთაისის გუნდები გვეწვევიან, სამომავლოდ კი, იმედია, მასშტაბები გაიზრდება.

 

 

სიდნეის 2000 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ბათუმელი მამუკა ძიმისტარიშვილი, რუსეთის საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. არის თუ არა რეალური შესაძლებლობა და პერსპექტივა იმისა, რომ რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე ბათუმელი სპორტსმენები ვიხილოთ?

 

 

– მაგის იმედი მაქვს. ჩვენც ხომ სწორედ ეს გვინდა?! მოვამზადოთ რაც შეიძლება მეტი სპორტსმენი, რომ მათ საქართველოს ნაკრებში შეძლონ დამკვიდრება, რითაც საშუალება მიეცემათ საერთაშორისო ტურნირებზე, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, ოლიმპურ თამაშებზე იასპარეზონ და აქ მხოლოდ ფეხბურთზე არ არის საუბარი, ჩვენი კომიტეტი მზადაა ნებისმიერ მსურველს, სურვილის მიხედვით, თუ სად უნდა ვარჯიში, რომელ სახეობაში, გაუწიოს თანადგომა და ავარჯიშოს კვალიფიციური მწვრთნელების მეთვალყურეობის ქვეშ, როგორც ეს მშვილდოსნობის შემთხვევაშია.

 

 

ამისათვის აუცილებელია სპორტულ ფედერაციებთან მოლაპარაკება

 

 

– რამდენიმე ფედერაციასთან გვაქვს მჭიდრო კავშირი, ვაპირებთ სხვებსაც მივმართოთ. დარწმუნებული ვარ, არავინ იტყვის უარს, რომ კვირაში თუნდაც ორი დღე გამოყონ ვარჯიშისთვის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ზაფხულში საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის ჩატარებასაც ვგეგმავთ. ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს ირანის, თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პარაოლიმპიურ კომიტეტებთან, თუმცა, მომავალი წლისთვის მონაწილე ქვეყნების რაოდენობის გაზრდას ვაპირებთ, ასევე, ჩვენც გავემგზავრებით საზღვარგარეთ.

 

 

ყველაფერი ეს ფინანსებთანაა დაკავშირებული

 

 

– რა თქმა უნდა. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ბულვარის ადმინისტრაციამ სრულიად უსასყიდლოდ დაგვითმო მის ტერიტორიაზე არსებული საფეხბურთო მოედანი სავარჯიშოდ, გარკვეულწილად აჭარის სპორტის დეპარტამენტიც გვაფინანსებს, დარწმუნებული ვარ, ბევრი მხარდამჭერი გამოგვიჩნდება. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ზურაბ გოგიშვილს, რომელიც თავად დაგვიკავშირდა, ჩვენს სპორტსმენებს იოგას სუნთქვით სისტემაში ავარჯიშებს და რა თქმა უნდა, უსასყიდლოდ.

 

 

მსურველთა რაოდენობა დიდია?

 

 

– დღითიდღე მატულობს. მინდა თქვენი გაზეთის საშუალებით მოვუწოდო ყველას, ვისაც კი სურვილი გაუჩნდება სპორტის ნებისმიერ სახეობაში ვარჯიშის, მოგვმართოს, ყველანაირად გვერდში დავუდგებით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: