კვირის ამბები

უძველესი ნავი და ღუზა დამშრალი ჭოროხის ფსკერზე

17.04.2013 • 3226
უძველესი ნავი და ღუზა დამშრალი ჭოროხის ფსკერზე

დურსუნ აბაშიძე სოფელ კირნათის მკვიდრია. იგი გვიამბობს, რომ ნავი მდინარიდან 2011 წელს ამოიღეს, თუმცა მან იგი ერთი წლით ადრე შეამჩნია: „სათევზაოდ ვიყავი, როცა მდინარეში რკინის საკმაოდ დიდი ნაჭერი დავინახე, მაშინ მეგონა მანქანის ან სხვა რაიმე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ნაწილი იყო. ვიფიქრე, რომ მდინარემ წამოიღო თურქეთიდან. მისი ამოღება და ჯართში ჩაბარება მინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხე და თავი დავანებე. ამ ამბავზე ყურადღება დიდად არც გამიმახვილებია. თუმცა, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, როცა მდინარის დონე საგრძნობლად დაკლებული იყო, იმავე ადგილას უკვე ნათლად დავინახე ნავი. რა თქმა უნდა, ეს შევატყობინე სოფლის საკრებულოს. რამდენიმე დღეში ნავი ამოიღეს და მუზეუმში წაიღეს“.

 

აღმოჩენილი ღუზა გონიოს მუზეუმ-ნაკრძალში, ნავი კი ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება. თუმცა, სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე ღუზაც ოფიციალურად არქეოლოგიურ მუზეუმს გადაეცემა. ამ აღმოჩენების შესახებ ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორს ამირან კახიძეს ვესაუბრეთ:

 

 

 

„ნავისა და ღუზის აღმოჩენა მდინარე ჭოროხში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ამ რეგიონში ოდითგანვე დაწინაურებული ყოფილა ნაოსნობა და ნავმშენებლობა. ნავის შესწავლისა და რესტავრაციის შემდეგ დავადგინეთ, რომ იგი დაახლოებით მე-19 საუკუნის 80-იანი წლების ნაკეთობაა.

 

აღსანიშნავია, რომ მდინარე ჭოროხზე ჩვეულებრივ ხინ ნავებს იყენებდნენ. ეს ნავი კი რკინისაა. სავარაუდოდ, იგი  გამოიყენებოდა სპილენძის, მადნის ან სხვა გაცილებით უფრო მძიმე ტვირთის გადასაზიდად. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის, რომ თურქეთში, მურღულში (ძველად საქართველოს ტერიტორიაზე), მოიპოვებოდა დიდი რაოდენობით სპილენძი, საქართველოში კი სოფელ ერგეში იყო სპილენძის გადასადნობი ქარხანა. უნდა ითქვას, რომ იმ დროისთვის რკინის შედუღება არ იცოდნენ, ეს ნავიც შესაბამისად ხელით არის ნაჭედი. იგი საკმაოდ დიდია, თითქმის რვა მეტრის სიგრძის. მიეკუთვნება ბარკასის ტიპის ნავებს. გადაწყვეტილი გვაქვს, ჩავსვათ პროექტში, რომლის შემდეგ მას გადმოვიტანთ ჩვენი მუზეუმის წინა ეზოში, სადაც უძველესი არქეოლოგიური მასალის გამოფენა მოეწყობა“, – ამბობს ამირან კახიძე.

 

 

 

ნაოსნობა მდინარე ჭოროხზე უძველესი დროიდან ინტენსიურად მიმდინარეობდა. განსაკუთრებით განვითარდა XVIII-XIX საუკუნეებში. სახმელეთო გზების უქონლობის გამო, წინა საუკუნეებში, საქართველოსა და თურქეთის დამაკავშირებელი მთავარი არტერია სწორედ ჭოროხი იყო. ნავმშენებლობისა და მდინარე ჭოროხზე ნაოსნობის შესახებ სოფელ მარადიდის მკვიდრი, 72 წლის ხასან ჩერქეზიშვილი გვიამბობს:

 

„ძველად, ჭოროხის ხეობაში მენავეობა და ვაჭრობა მოსახლეობის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ სფერო იყო. მამაჩემი რეიზი, ანუ მენავე იყო. გარდა ამისა, იგი თვითონვე ამზადებდა ნავებს. ჩვენში, ერთადერთი ნავმშენებელი ქარხანა სოფელ მარადიდში იყო. ნავის დამზადება დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. ხის მასალას ეზიდებოდნენ ტყიდან, რამდენიმე კილომეტრის მანძილზე. ნავის ძირი აუცილებლად ერთი მთლიანი ხისგან უნდა ყოფილიყო დამზადებული, რათა მასში წყალი არ შესულიყო. ამიტომ, ამისთვის არჩევდნენ დიდ, განიერ თხმელის ხეს. მისი სისქე დაახლოებით 10 სანტიმეტრი უნდა ყოფილიყო.

 

გვერდებისა და შიგა მოწყობილობებისთვის წაბლს იყენებდნენ. თითოეულ დეტალს ცალ-ცალკე აწყობდნენ და მერე კრავდნენ. თუმცა მას ჩვეულებრივი ლურსმნით ვერ დაჭედავდი, სპეციალურ ოთხკუთხა ლურსმანს ჩვენ თვითონ ვამზადებდით. რადგან ჩვეულებრივ ლურსმანში წყალი აუცილებლად გაჟონავდა და ნავი დაიშლებოდა. ნავის მოძრაობის ძირითადი მარშრუტი იყო ართვინიდან სოფელ კაპანდიბამდე. ამ მანძილის დაფარვას, მდინარის დინების მიმართულებით, ჩვეულებრივ 5-6 საათს ანდომებდნენ. თურქეთიდან ძირითადად შემოჰქონდათ ხილი – ყურძენი, ვაშლი, ლეღვი და სხვა მალფუჭებადი პროდუქტი, რომლებსაც ბათუმისა და სანაპიროს სხვა ბაზრებზე ყიდდნენ. აქედან კი გაჰქონდათ – სიმინდი, ნავთი, ქსოვილები და სხვა“.



გადაბეჭდვის წესი