გივი კერესელიძე: როგორც მოგეხსენებათ, სამოყვარულო კრივი ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია შეტანილი. ჩვენც, ჩვენის მხრივ, ვცდილობთ სპორტის ამ სახეობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში საკუთარი წვლილი შევიტანოთ. „ოქროს ხელთათმანიც“ სწორედ ამას ემსახურება.
– თქვენ აღნიშნეთ რომ წელს მონაწილე ქვეყნების რაოდენობა გაიზრდება… ვის ელოდებით?
– დიახ. დღეისათვის მოწვეულები არიან და ჩამოსვლაზე დაგვთანხმდნენ უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი, ასევე, ბელორუსი, რუსეთი და ირლანდია. საინტერესო და სასიხარულო ფაქტია, რომ ირლანდიის მოკრივე ქალთა ეროვნულ ნაკრებს ქართველი ზურაბ ანთია წვრთნის, სწორედ მისი მოსწავლე, ქეთი ტეილორი, რომელიც 60 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა. ჩამოსვლის სურვილი მანაც გამოთქვა და არ არის გამორიცხული, რომ ოლიმპიურმა ჩემპიონა ბათუმში იჩხუბოს.
– იჩხუბებს კი?
– ვნახოთ. თუ ტურნირში არ მიიღებს მონაწილეობას, შესაძლოა ერთი საჩვენებელი ორთაბრძოლა გამართოს, რაც ერთი-ორად გაზრდის სპორტის ამ სახეობისადმი ინტერესს. გარდა ამისა, საკუთარი კლუბის მოკრივეებს ჩამოიყვანს ასევე ქართველი მწვრთნელი დევი გოგია, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს. ერთი ნიუანსია მხოლოდ, ტურნირის ჩატარებას აგვისტოში ვაპირებდით, მაგრამ ვინაიდან წლევანდელი კალენდარი დატვირთულია, აპრილში გადმოვიტანეთ. წელს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები ტარდება, ასე რომ…
– ვის დავახვედრებთ?
– გოგონათა შორის დღესდღეობით ორი მოკრივე გვყავს, 60 და 64 კგ. წონით კატეგორიებში ასპარეზობენ. ამათგან ერთი, მარიკა ხორავა (60 კგ.) ერთადერთი ქართველი მოკრივე ქალია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა.
– ასაკობრივ კატეგორიებზე რას გვეტყვით?
– 18 წლამდე სპორტსმენთა შორის 10 წონითი კატეგორია იქნება, უფროს ასაკში, ანუ დიდებში ოთხი წონითი კატეგორია.
– ბათუმს ვინ წარმოადგენს?
– გოგონათა შორის, როგორც აღვნიშნე, მარიკა ხორავა, ვაჟთა შორის კი რინგზე გუნდის მთავარი მწვრთნელის გოჩა აბაშიძის ძმა გელა აბაშიძე (69 კგ.) და მამია მემიშიში (-60 კგ.) გავლენ.
– ორგანიზატორი აჭარის კრივის ფედერაციაა?
– დიახ, მაგრამ ტურნირი საქართველოს კრივის ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდება. აჭარის კრივის ფედერაციის პრეზიდენტი ირაკლი აბაშიძე გახლავთ, როელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ტურნირმა მაღალ ორგანიზებულ დონეზე ჩაიაროს და ხალხმა კარგი სანახაობა იხილოს. ასევე, ამ დღეებში ბათუმში ველოდებით წარსულში ცნობილ და ტიტულოვან მოკრივეს, დავით კვაჭაძეს, რომელიც ამჟამად საქართველოს კრივის ფედერაციას ხელმძღვანელობს. ვნახოთ, ვფიქრობ საინტერესო ტურნირი გველოდება.