მთიანი აჭარა

საფრთხის ველი

11.04.2013
საფრთხის ველი

შეკვეთა ცხადია ლეგიტიმურია, მაგრამ იბადება ასევე საფუძვლიანი კითხვა: როგორი ფორმით უნდა განხორციელდეს და რას მოგვცემს ის სახელმწიფოებრივი განვითარების თვალსაზრისით? ისეთი ინტენსივობით მიმდინარეობს მსჯელობა ზემოთხსენებული საკითხზე, რომ საფრთხის სახით ჩამოყალიბდა ერთგვარი ველი, რომლის მძევალი თითოეული ჩვენთაგანი გაუცნობიერებლად ხდება.

 

ზოგადად, ნებისმიერი იდეის, რაოდენ კეთილშობელურიც არ უნდა იყოს ის, სისტემატიზაცია აკარგვინებს საკუთრივ იდეას ბუნებრივ სახეს, პირვანდელ მიზანს და გადააქცევს იმ მონსტრად, რომელიც განურჩევლად ისრუტავს და ანადგურებს ირგვლივ მყოფთ. ამ საფრთხის თავიდან აცილება თეორიაშიც რთულია, სადაც ლოგიკური ჩარჩოები იწვევს იდეის სახეცვლილებას. პრაქტიკაში განხორციელება კი სოციალური სტრუქტურის გათვალისწინებით, მოითხოვს ლოგიკურის ნაცვლად სანქციური ნაწილის ამოქმედებას. ასე ყალიბდება სისტემა, რომელიც მომავალში ხელაღებით უსწორდება ყველას და ყველაფერს.

 

ალბათ ამის თავიდან აცილებას ემსახურებოდა პრემიერის ინიციატივა – ამნისტირებული ყოფილიყო ყველა ის დანაშაული (ცხადია, არა ძალადობრივი), რომელიც საჯარო მოხელეებმა ჩაიდინეს ამ ხნის განმავლობაში. ცხადია, ეს ინიციატივა ემსახურება იმას, რომ სამართლიანობის აღდგენის იდეა შემდგომში საყოველთაო დევნის ინსტრუმენტად არ ჩამოყალიბდეს. მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ ერთ შემთხვევაში პოტენციური დამნაშავეების, მეორეში კი – მონური სულისკვეთებით აღვსილი ადამიანების მიმართ ლოიალურები ვიყოთ და მშვიდად შევყურებდეთ, თუ როგორ არხეინად აპირებენ ამა თუ იმ საპასუხისმგებლო სამსახურში მუშაობის გაგრძელებას.

 

ერთი სიტყვით პრემიერის ინიციატივა გასაგებია (აუცილებელიც), მაგრამ მოქმედებაა საჭირო. ამასთან, იმედია გავაცნობიერებთ, რომ წინა ხელისუფლების სახით მოძალადე რეჟიმის ჩამოყალიბებაში ყველა ჩვენთაგანს მიგვიძღვის წვლილი. დღეს საზოგადოების უმრავლესობას, საკითხის ემოციურ სიბრტყეზე განხილვისას, სურს მკაცრად გაუსწორდეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს. სწორედ ეს არ მოხდება პრემიერის ფორმულით, ანუ ყველანი დავისჯებით. ე.ი სასჯელი გადანაწილდება სრულად საზოგადოებაზე. მომავალში კი ამომრჩეველს ეცოდინება, რომ საარჩევნო ურნასთან კარგად დაფიქრდეს და ისეთი არჩევანი გააკეთოს, რომელიც მომავალში ამ ტიპის პრობლემებს არ შეუქმნის.

 

ასეთი მიდგომა გაცილებით გონივრული და სამართლიანია!

 

არ ვიცი რამდენად კავშირშია, მაგრამ მაშინ, როცა იმ ადამიანების დაკითხვაზე მიყვანასაც ვერ ახერხებენ, რომლებმაც ათასობით ოჯახს გაუმწარეს ცხოვრება, გამდიდრდენ ხალხისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მიტაცებით და პარალელურად იჭერენ ახალი ხელისუფლების პირობებში დანიშნულ თანამდებობის პირებს, ბუნებრივად პროტესტის გრძნობას აჩენს. აქვე შეგახსენებთ, საქართველოს მოსახლეობა ხელისუფლებისაგან იმას კი არ მოითხოვდა კეტი თავში არ ჩამარტყათ მხოლოდო, არამედ საერთოდ ამოიღეთ ხმარებიდანო. კეტი პირდაპირი მნიშვნელობით არ მიგულისხმია, მაგრამ ალბათობა იმისა, რომ ვერ გაიგებენ ძალიან დიდია.

 

ამის თქმის საფუძველს ცოტა ხნის წინ გადაცემა „დიალოგის“ სტუმრების (უმრავლესობისა და უმცირესობის) პოლიტიკური მომზადებისა და, ზოგადად, აზროვნების დაბალი დონე მაძლევს. ამ ადამიანებს ვურჩევდი თავი დაანებონ იმ საქმეს, რაც არ იციან (წლებია სწავლობენ და არ გამოსდით) და სხვა ხელობას დაეუფლონ.

 

ამით თვითონაც იხეირებენ, ჩვენც და ქვეყანაც.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: