Batumelebi | რა დგას წინასწარ დაანონსებული მერის ცვლილების უკან რა დგას წინასწარ დაანონსებული მერის ცვლილების უკან – Batumelebi
RU | GE  

რა დგას წინასწარ დაანონსებული მერის ცვლილების უკან

 

31 იანვარს ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილების ისტორიულ სხდომას დავესწარი. ბათუმის საკრებულოს სადავეები ახალმა პოლიტიკურმა ძალამ გადაიბარა. რამდენად მოერგებოდა საკრებულოში არსებულ ვითარებას ცნობილი ფრაზა – „ცვლილებები ყოველთვის უკეთესობისკენაა“ – ძნელი შესაფასებელია, რადგან იგი უფრო მეტად დრომ უნდა გამოსცადოს. სანამ დაველოდებოდი შედეგს, მინდა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ. 


ახლადარჩეულმა საკრებულოს თავმჯდომარემ ქალაქის მერის შეცვლის საკითხი 31 იანვარს დააყენა და მალევე მისი შერჩეული მერობის კანდიდატის ვინაობაც დაასახელა. საზოგადოებისთვის დასახელებულ კონკრეტულ კანდიდატზე უფრო მეტად ქალაქის მერის ცვლილების ფორმა და პროცედურა გახდა საინტერესო. ვფიქრობ, ეს საზოგადოების გააქტიურების ტენდენციის დადებითი მაჩვენებელია და ეს არ უნდა მინელდეს.

 

არსებული კანონმდებლობით საკრებულოს თავმჯდომარეს შეუძლია ერთპიროვნული გადაწყვეტილებით  დაასახელოს მერობის კანდიდატი ან კანდიდატის შერჩევისათვის კონკურსი გამოაცხადოს. ამ ორი შესაძლებლობიდან, სამწუხაროდ, იმას მიანიჭეს უპირატესობა, რომელიც გამორიცხავდა პროცესის გამჭვირვალობას და ერთპიროვნული გადაწყვეტილებით არაკონკურენტუნარიან გარემოს ქმნიდა მერობის მსურველი სხვა კანდიდატებისთვის. ამ პროცესის განვითარებას დემოკრატიულობის შანსი არ მიეცა – დემოკრატია ხომ ხალხის მმართველობაა, გადაწყვეტილება კი საზოგადოებას მონაწილეობა საშუალებას არ აძლევდა. მერის სასწრაფო ცვლილება გადაუდებელი აუცილებლობით აიხსნა. სავარაუდო თარიღად მარტის პირველი რიცხვებიც სახელდებოდა. ამ მცირე ვადაში არარსებული საკონკურსო კომისიის ჩამოყალიბება, საკონკურსო პირობების, კომისიის შემადგენლობის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შემუშავება საკრებულოს თავმჯდომარეს შეუძლებლად მიაჩნდა.

 

კონკურსის გზით მერის კანდიდატის შერჩევის მოთხოვნა საზოგადოებაში „უალტერნატივო კანდიდატის“ დასახელების შემდეგ გაჩნდა. თავად ამ ფაქტს აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარე. დადებითი ის გახლავთ, რომ საზოგადოებას, რომელიც მეტწილად გვერდიდან ადევნებდა თვალყურს პროცესებს,  მონაწილეობის სურვილი გაუჩნდა. უარყოფითი კი ის არის, რომ ეს ინიციატივა საკრებულოდან არ წამოსულა და ძალაუნებურად ჩნდება შიში, ქალაქისათვის ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები არ გაიმეორონ. არავინ დაობს იმაზე, რომ საკრებულოს თავმჯდომარე არ არღვევს კანონს მერის შერჩევის ასეთი პროცედურისათვის უპირატესობის მინიჭებით,  თუმცა ჩნდება ეჭვი, რომ პროცესების ამგვარი მართვა კვლავაც საზოგადოებისათვის თვალის ახვევაა.

 

ქალაქის მერის შერჩევის პროცესის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესის  გამო ჩვენმა ორგანიზაციამ თებერვალში საჯარო შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობას საკრებულოს თავმჯდომარეც იღებდა. მაშინ მერის კანდიდატის შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით საზოგადოების მხრიდან გარკვეული რეკომენდაციები გამოითქვა, რომელიც მერის კანდიდატის კონკურსის გზით შერჩევას, საკონკურსო კომისიის ჩამოყალიბებას და ამ პროცედურებს ეხებოდა. ვინაიდან კომისიის ჩამოყალიბებას გარკვეული დრო და პროცედურები სჭირდებოდა, ხოლო მერის ჩანაცვლება არსებულ მოცემულობაში საკრებულოს თავმჯდომარეს გადაუდებელ აუცილებლობად მიაჩნდა, შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან მივიღეთ დაპირება, რომ ამ რეკომენდაციების გაითვალისწინებდა მას შემდეგ, რაც ქალაქის მოქმედ მერს დროებითი მოვალეობის შემსრულებლით დღე- დღეზე ჩაანაცვლებდა.

 

მას შემდეგ თვეზე მეტი გავიდა, დღეს ქალაქს ისევ ძველი მერი ჰყავს, ანუ მისი ცვლილება თურმე არც ისე სასწრაფო და აუცილებელი ყოფილა. მაგრამ ამ ხნის განმავლობაში საკონკურსო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები ან  კონსულტაციები არ გამართულა… ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ საკრებულოს არ აქვს მსგავსი გადაწყვეტილების აღსრულების პოლიტიკური ნება? რა დგას წინასწარ დაანონსებული მერის ცვლილების და საკონკურსო კომისიის შექმნის გაჭიანურების პროცესის უკან, სად ითვალისწინებენ საზოგადოების ინტერესებს?

 

მე ამ პროცესებს ვაკვირდები, რის გამოც ბევრჯერ მოვისმინე ჩემი მიმართულებით არაპირდაპირი საყვედურები და რიგ შემთხვევაში შეურაცმყოფელი დამოკიდებულება არა მხოლოდ ჩემი, არამედ ორგანიზაციის საქმიანობის მიმართაც. ბოლო დროს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი თავის უარყოფითი დამოკიდებულების დემონსტრირებას ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, პირდაპირ ეთერშიც კი არ ერიდება. ამბობენ, რომ მესამე სექტორთან თანამშრომლობა არ წარმოადგენს მათი ინტერესის სფეროს და ეჭვი შეაქვთ ამ უკანასკნელის კომპეტენციასა და უნარებში.

 

ბოლო დროს ისიც ხშირად მესმის, რომ საკრებულო პოლიტიკური ორგანოა და, შესაბამისად, გადაწყვეტილებებიც პოლიტიკური გავლენის ქვეშ ექცევა. თუმცა თვითმმართველობა არის ჩვენი, მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, გადავწყვიტოთ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. დღეს თვითმმართველობას შეუძლია ზურგი შეაქციოს საზოგადოებას (მერის კანდიდატი თავად შეარჩიოს), ან გადადგას შემხვედრი  ნაბიჯი. საზოგადოებას ჯერ კიდევ სჯერა, რომ ხელისუფლების ცვლა კონკრეტულ თანამდებობებზე არა მხოლოდ სახელებისა და გვარების, არამედ სისტემის და მიდგომების უკეთესობისკენ ცვლილებაა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო გაბუნია, არასმთავრობო ორგანიზაცია „პროგრესი“