კვირის ამბები

უკანონოდ ჩასახლებულების ‘გამაფრთხილებელი აქცია’ 19 აპრილს

16.04.2013 • 1574
უკანონოდ ჩასახლებულების ‘გამაფრთხილებელი აქცია’ 19 აპრილს

მოსახლეობის თქმით, მათთან გუშინ მერიის წარმომადგენლები იყვნენ მისული და დაპირდნენ, რომ სოციალურად დაუცველი მოქალაქეების სახლები არ დაინგრეოდა და მხოლოდ ისეთი სახლების დემონტაჟი განხორციელდებოდა, რომელთა მესაკუთრეები აღნიშნული ბარაკების გარდა სხვა ქონებასაც ფლობენ, თუმცა დღეს აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებმა,  კომისიის დასკვნის გარეშე, ამ სახლების დემონტაჟი დაიწყეს.

„პარასკევს დღეს აქ მოვიდა შუახევის რაიონის გამგეობიდან, ამირჩიეს მე კომისიის წევრად. წავედი შაუხევში გუშინ, დღეს მოვედი და სახლი დანგრეული დამხვდა. ეს იყო ჩემთვის მატყუარა საფუძველი იმისა, რომ მე ქალაქიდან გავსულიყავი და ჩემი შენობა დაენგრიათ. ჩემი შენობა კი არ დაშალეს, გაანადგურეს, მე მივმართავ სასამართლოს და მოვითხოვ აღდგეს სამართალი“-  ამბობს გენო გოგიტიძე.

ადგილზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე მოვიდა და მოსახლეობას საკუთარი ქონების დაცვისკენ მოუწოდა.

„ხელისუფლებამ ხალხი „გადააგდო“ და დღეს გამოგზავნა აღსრულების ბიურო, რომ დემონტაჟი მომხდარიყო. ვსვამ კითხვას, ამდენ ხალხს აღსრულებამ როგორ უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა? ხალხი იძულებულია რადიკალურ ზომებს მიმართოს, ჩვენ არ გვინდოდა, მაგრამ ხელისუფლება აქეთ გვიბიძგებს“ – ამბობს  თამაზ ბაკურიძე.

დღესვე გადაწყდა, რომ აქ მცხოვრები სამი ათასამდე ოჯახი 19 აპრილს აქციას გამართავს, თუმცა, როგორც თამაზ ბაკურიძე განმარტავს, ეს არ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი აქცია, ეს იქნება გამაფრთხილებელი აქცია ახლი მთავრობისათვის.

როგორც „ბათუმელებს“ ბათუმის ზედამხედველობის სამსახურის არქშენ ინსპექციის განყოფილების უფროსმა ირაკლი მოქიამ განუცხადა, ამ ტერიტორიაზე შენობები უნებართვოდაა ჩადგმული და მათ არაერთხელ გააფრთხილეს აქ მაცხოვრებლები, რომ ტერიტორია უნდა გათავისუფლებულიყო, თუმცა მოქალაქეები უარს აცხადებდნენ, რის გამოც მათ აღსრულების ბიუროს მიმართეს.

„ჩვენ ვახორციელებთ ზედამხედველობას, ეს სახლები უნებართვოდ არის აშენებული, 2013 წლის 13 თებერვალს მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გამოსცა დადგენილება, უნებართვოდ ჩადგმული ხის საცხოვრებელი სახლის დემონტაჟთან დაკავშირებით, ეს დადგენილება არ შესრულდა და ჩვენ კანონის შესაბამისად გადავაგზავნეთ მოთხოვნა მათი დემონტაჟის შესახებ აღსრულების ბიუროში, ეს ტერიტორია კი ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა“- აცხადებს ირაკლი მოქაია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: