Batumelebi | `მოძრაობა 19 აპრილი’ – ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია `მოძრაობა 19 აპრილი’ – ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია – Batumelebi
RU | GE  

`მოძრაობა 19 აპრილი’ – ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია



„მოძრაობა 19 აპრილი“ –  ასე ქვია ორგანიზაციას, რომლის დაფუძნების  შესახებაც ერთობლივი განცხადება დღეს, 16 აპრილს, ბათუმში  ფსიქოლოგმა მალხაზ ფიროსმანაშვილმა, პედაგოგმა შორენა გამისონიამ, იურისტმა ირაკლი მარგველაშვილმა და მხატვარმა ირაკლი ლიქვინაძემ გააკეთეს.  მათივე განამარტებით ორგანიზაცია არაპოლიტიკური და არაპარტიულია. თუმცა მისი სახელი და დაგეგმილი დაფუძნების პრეზენტაციის თარიღი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წინასწარ დაანონსებულ აქციას  ემთხვევა. 

 

დამფუძნებლებმა მედიასთან საუბრისას, დასაწყისშივე ხაზი გაუსვეს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ორგანიზაცია არაპოლიტიკურია. თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული მიტინგის თარიღთან მიმართებაში ბევრი დამთხვევის გარდა, სხვას ამტკიცებს გაერთიანების მიზნების ჩამონათვალიც: „ეს გახლავთ ჩვენი პროტესტი იმ მეთოდებისა და საშუალებების მიმართ, რომელსაც  არსებული ხელისუფლება  როგორც  საგარეო კურსთან დაკავშირებით,  ასევე ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით იყენებს“.

 

 

კითხვაზე როგორ მოხდა, რომ არაპოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაციის თარიღი პოლიტიკური პარტიის დაანონსებული მიტინგის თარიღს დემთხვა პასუხი ასეთია:

 

 

 „მოგვისწრო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულმა 19 აპრილის საპროტესტო აქციამ, ამიტომ დასახელებაც სწორედ ასეთი შეირჩა.  ჩვენი და ნაციონალური მოძრაობის  მთავარი იდეები მოვიდა თანხვედრაში და ჩვენ ერთმნიშვნელოვნად მივიღეთ გადაწყვეტილება მონაწილეობა მიგვღო 19 აპრილის საპროტესტო აქციაში. ასევე, ამ აქციის ორგანიზებაში.  ქვეყნის მასშტაბით ხვდებით მოსახლეობას, ვმართავთ პრესკონფერენციებს, დისკუსიებს, ვსაუბრობთ სოციალურ თუ პოლიტიკურ საკითხებზე,  ქვეყნის საგარეო კურსზე.” – განაცხადა მალხაზ ფიროსმანაშვილმა. 

 

ორგანიზაცია „მოძრაობა 19 აპრილის“ დაფუძნების იდეის ავტორებმა მედიასთან შეხვედრისას მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ საჯარო სამსახურებში დასაქმებული და სამარშუტო ტაქსების მძღოლების მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზეც გაამახვილეს ყურადღება. თუმცა კონკრეტული სახელები და გვარები არ დაუსახელებით და შესაბამისი მასალების წარმოდგენაზეც უარი თქვეს: „ამის შესახებ ჩვენ მასალებს ვერ წარმოგიდგენთ.“

 

 

დამფუძნებლების თქმით გაერთიანების იდეა ფეისბუკში გაჩნდა:

 

 

„შევქმენით შესაბამისი გვერდი, სახელწოდებით 19 აპრილი. სამი კვირაა ეს გვერდი შექმნილია, უკვე კარგა ხანია ათასს გადააჭარბა იმ მოქალაქეების რიცხვმა, რომლებიც უერთდებიან ამ გაერთიანებას.“

 

 

ორგანიზაცია ამ დროისათვის ოფიციალურად ჯერ დარეგისტრირებული არ არის. იურისტ ირაკლი მარგველაშვილის თქმით მისი პრეზენტაცია 19 აპრილს შედგება. რაც შეეხება ორგანიზაციის დაფინანსებას, დამფუძნებლები გრანტების მოძიებას გეგმავენ.  

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცაგო კახაბერიძე