Batumelebi | ვინ იქნება სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე ვინ იქნება სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე – Batumelebi
RU | GE  

ვინ იქნება სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე


არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ინიციატივითა და  NED-ის (დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდი) დაფინანსებული პროექტის „დემოკრატიული იდეების განვითარების“ ფარგლებში „პრესკაფეში“ ჩატარდა დებატები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის. დისკუსიის სრული ჩანაწერი  შეგიძლიათ ნახოთ  მისამართზე: presscafe.ge 


თინათინ მირცხულავა, მოდერატორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი: 27 მარტს დაგეგმილი იყო უნივერსიტეტის თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება, თუმცა თარიღი შეიცვალა და გადაწყდა, რომ  არჩევნები 10 აპრილს ჩატარდება. დებატების მზადების პროცესში გამოვითხოვეთ ოფიციალური ინფორმაცია, როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან, ასევე თვითმმართველობიდან, რათა გაგვერკვია, თუ რა ბიუჯეტი გააჩნდა თვითმმართველობას მიმდინარე და წინა წლებში და რა მიმართულებით იხარჯებოდა ეს თანხა. სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენი მოთხოვნისა, რომ ინფორმაცია მიგვეღო დაუყოვნებლივ, ინფორმაცია დღემდე არ მიგვიღია.

 

ბსუ-ში   2006 წლიდან არსებობს სტუდენტური თვითმმართველობა და დღემდე ხუთ თვითმმართველობას ხუთი თავმჯდომარე ჰყავდა. თვითმმართველობის მიმართ სტუდენტების დამოკიდებულება არაეთგვაროვანია, ხშირად ისმოდა, რომ ეს ორგანო არაფექტურია და რაც მთავარია, არ იცავს სტუდენტების ინტერესებს.

 

ფაქტია, რომ ყოფილი თვითმმართველობის თავმჯდომარეების აბსოლუტური უმრავლესობა თანამდებობაზე ინიშნებოდა ხელისუფლების სხვადასხვა შტოში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წლის არჩევნებისას მხოლოდ ერთი კანდიდატი იყო თვითმმართველობის თავმჯდომარეობის, რაც გარკვეულწილად მიუთითებს იმაზე, რომ ინტერესი იყო დაბალი თვითმმართველობის მიმართ.

 

დღევანდელ დებატებს ესწრება თვითმმართველობის თავმჯდომარეობის ოთხი სავარაუდო კანდიდატი. ეს რაოდენობა, ფაქტობრივად, იმაზე მიუთითებს, რომ საინტერესო არჩევნები გველოდება.  ყველა კანდიდატს თითო კითხვაზე პასუხის გასაცემად ექნება სამი წუთი. კითხვა კი ასეთია: რატომ გადაწყვიტეთ ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, თქვენი არჩევის შემთხვევაში რას შეცვლით ბსუ-ში და გაქვთ თუ არა შესწავლილი თვითმმართველობის ბიუჯეტი?  

 

გულო თურმანიძე, სტუდენტი, ბსუ-ს თვითმმართველობის თავმჯდომარეობის  კანდიდატი: შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც თითოეული კურსის სტუდენტია წარმომადგენელი. მათი ინიციატივა იყო, რომ ჩამოყალიბებულიყო გუნდი, რომელიც  ხელს შეუწყობდა სტუდენტურ აქტივობებს. ჩვენი მოსვლის შემთხვევაში უნივერსიტეტში შეიცვლება ყველაფერი, ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სტუდენტები  გავააქტიუროთ, მოტივაცია გავუზარდოთ საკუთარი თავის წარმოსაჩენად.

 

უნივერსიტეტის თვითმმართველობის  ბიუჯეტს რაც შეეხება, კონკრეტული ადამიანები მინდა დავადანაშაულო  ბიუჯეტის გაფლანგვაში და მათ მალე დავასახელებ, ჩემი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე, რომელიც ამ დღეებში მექნება. ჩვენი პრიორიტეტი იქნება განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი და თავისუფალი პროექტები. 

 

დისკუსიის მონაწილე სტუდენტები
დისკუსიის მონაწილე სტუდენტები


გოჩა სურგულაძე, სტუდენტი, თვითმმართველობის თავმჯდომარეობის  კანდიდატი: პარტიული ნიშა უნდა ჩამოიშოროს უნივერსიტეტის თვითმმართველობამ.  ბოლო პერიოდში უნივერსიტეტის თვითმმართველობა ემსახურებოდა ერთი პარტიის ინტერესებს. დროა პასუხისმგებლობა ავიღო საკუთარ თავზე. თვითმმართველობა მინდა ეკუთვნოდეს სტუდენტებს. თუ ჩემზე ღირსეული კანდიდატი გამოჩნდება, მე უარს ვიტყვი ამ არჩევნებში მონაწილეობაზე. 

 

რეალურად უნივერსიტეტის თვითმმართველობას ბიუჯეტი არ გააჩნია, აქვს ხარჯთაღრიცხვა, პროექტები, რომელიც უნდა მიაწოდოს ადმინისტრაციას, ადმინისტრაცია ან დაამტკიცებს, ან არა ამ პროექტს.  40 ათას ლარამდე დახარჯა გასულ წელს თვითმმართველობამ. რეალურად ბიუჯეტი არაკანონიერად იხარჯება. ჩვენი ჯგუფი გეგმავს მონიტორინგის სამსახურის შექმნას, რომელიც გაუწევს ბიუჯეტს კონტროლს. მონიტორინგის ჯგუფის წევრები არ იქნებიან თვითმმართველობის წევრები. ყველა სემესტრის ბოლოს თვითმმართველობა ანგარიშვალდებული იქნება წარმოადგინოს ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვა. ნებისმიერ სტუდენტს აქვს უფლება იცოდეს, როგორ იხარჯება თვითმმართველობის ბიუჯეტი. 

 

ლევან დუაძე, სტუდენტი, თვითმმართველობის თავმჯდომარეობის კანდიდატი:   უნივერსიტეტში ბევრი პრობლემაა, დაწყებული მატერიალური პრობლემებით, დამთავრებული დემოკრატიული ინსტიტუტების არარსებობით. თვითმმართველობა სტუდენტების წარმომადგენლობაა და მინდა მათ ეკუთვნოდეთ ეს ორგანო. უნივერსიტეტის ბიუჯეტი შეადგენს 12 მილიონ ლარს, აქედან  მინიმუმ 1 % უნდა ყოფილიყო სტუდენტური თვითმმართველობის ლიმიტი, ლიმიტის ხარჯვის უფლება კი ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე არ აქვთ სტუდენტებს. თუ თვითმმართველობა უნივერსიტეტის ადმინისტრაციაზე დამოკიდებულია ბიუჯეტის ხარჯვის დროს, მაშინ ის აღარაა თვითმმართველობა. ჩვენი მიზანია თვითმმართველობას ჰქონდეს დამოუკიდებელი ბიუჯეტი, რომელსაც აკონტროლებს მონიტორინგის ჯგუფი.

 

ლელა ფაღავა, სტუდენტი: მე დღეს წარმოვადგენ ზურაბ მესხიძეს, რომელიც არის უნივერსიტეტის თვითმმართველობის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი. მას აქვს შეხვედრა დაგეგმილი და ვერ მოახერხებს დისკუსიაზე ბოლომდე დარჩენას. ჩვენი გუნდი არის სრულიად აპოლიტიზებული. თვითმმართველობას აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს შორის  მედიატორის როლი აკისრია, ამიტომ უნდა იყოს იგი ობიექტური. ჩვენი ჯგუფის სახელი „აპოლიტიკა“, იმიტომ შევარჩიეთ, რომ ეს ჯგუფი პოლიტიკისგან თავისუფალია.  მიხარია, რომ  წინასაარჩევნო პერიოდში კონკურენტუნარიანი გარემოა. ყველა კანდიდატი მგონია რომ ღირსეულია. რაც შეეხება ბიუჯეტს, როცა საუბარია იმაზე, რომ თვითმმართველობამ თავად განკარგოს, მგონია, რომ მისი მართვა ადმინისტრაციასთან შეთანხმებით უნდა ხდებოდეს. კანცლერთან და ადმინისტრაციასთან იდეალურთან მიახლოებული ურთიერთობები უნდა გვქონდეს. ბიუჯეტს მარტო ჩვენ არ უნდა განვკარგავდეთ.

 

მოდერატორი: კანცლერთან იდეალური ურთიერთობა რას ნიშნავს?

 

ზურა მესხიძე, სტუდენტი, თვითმმართველობის თავმჯდომარეობის  კანდიდატი:       კანცლერი ვალდებულია მოუსმინოს სტუდენტურ თვითმმართველობას. პროექტის წარდგენის შემთხვევაში, თუ კი მასში არ იქნება არანაირი შესწორება შესატანი და არანაირი ხარვეზი,  აი მაშინ უფინანსებს ის სტუდენტურ თვითმმართველობას პროექტს. თუკი გადახედავთ სხვა უნივერსიტეტებს, ამის ფონზე ჩვენს უნივერსიტეტში არის იდეალური მდგომარეობა.

 

ინტერნეტმაყურებლის შეკითხვა, ანონიმი: მაინტერესებს, წინა წელს კონკრეტულად რა პრივილეგიებით სარგებლობდა ზურა მესხიძე, როდესაც ის არ აირჩიეს თვითმმართველობის წევრად, მაშ რატომ ჰქონდა მას ჩაბარებული სპორტის კომიტეტი?

 

ზურა მესხიძე: უნივერსიტეტში მივედი ამირან გოგიავასთან, რომელმაც მითხრა, რომ სტუდენტების დაინტერესება არ იყო სპორტის დეპარტამენტის მიმართ და სტუდენტები არ იყვნენ აქტიურად ჩართული. ამის გამო მე ჩამაბარა სპორტის დეპარტამენტი, რასაც არ სჭირდება თვითმმართველობის წევრობა. ჩავატარე უნივერსიტეტში საფეხბურთო ტურნირი, რომელშიც 42-მა გუნდმა, დაახლოებით 600-მა სტუდენტმა, მიიღო მონაწილეობა. ასევე ჩამოვაყალიბე შვიდკაცა რაგბის გუნდი; მივიღე მონაწილეობა ინტელექტუალურ თამაშებში, ერთ-ერთი ორგანიზატორი ვიყავი.

 

ინტერნეტმაყურებლის შეკითხვა: ლევან დუაძე იყო ორი წლის განმავლობაში სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარე. რა გააკეთა ამ ორი წლის განმავლობაში, რადგანაც სწორედ ამ პერიოდითაა ყველა სტუდენტი უკმაყოფილო?

 

ლევან დუაძე: როდესაც მე ვიყავი თვითმმართველობაში, მაშინ თვითონ არ იცოდნენ რა შედიოდა ფაკულტეტის თავმჯდომარის მოვალეობაში. ზოგიერთს ეგონა,  რომ უნდა წასულიყო და ეკლესია ეშენებინა, ზოგიერთს ეგონა, რომ ღონისძიებაზე ორმოცდაათ კაცზე ნაკლები არ უნდა მიეყვანა. ჩემი მოვალეობა იყო მივსულიყავი ფაკულტეტის საბჭოზე, მიმეღო მონაწილეობა განსახილველ საკითხებში და დღის წესრიგში დაგვეყენებინა საკითხები. ჩვენ იქ არ ვყოფილვართ უმოქმედოდ, მე ჩემს მოვალეობას ვასრულებდი, როდესაც თვითმმართველობა ჩამოშლილი იყო და ჩემი და აკაკი გვიანიძის მხრებზე გადადიოდა  ოთხმოცდაათი ადამიანის საქმე.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
„ბათუმელები"