ნეტგაზეთი • RU

არჩილ ხაბაძე უკრაინაში მიემგზავრება


11 აპრილს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე უკრაინაში, ქ. ოდესაში მიემგზავრება. მანამდე კი, ერთი დღით, 10 აპრილს თურქეთში აქვს ვიზიტი დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული. 


არჩილ ხაბაძე და ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ედვარდ შატვიიჩუკი თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს, რომლის მიხედვითაც 2013-2014 წლებში ერთობლივი სავაჭრო-ეკონომიკური, ტურისტული, საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებები გაიმართება..

 

მათ შორის, აჭარის და ოდესის დელეგაციების მონაწილეობა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და ტექნოლოგიების გამოფენებსა და ბიზნეს ფორუმებში; მცირე და საშუალო საწარმოების სავაჭრო-ეკონომიკურ ღონისძიებებში მონაწილეობის მხარდაჭერა; აჭარის სოფლის მეურნეობის პროდუქციის (ჩაი, ციტრუსები, სუბტროპიკული კულტურები, წვენები და კონცენტრატები, ალკოჰოლური სასმელები და სხვა) ოდესის ოლქში ექსპორტის ხელშეწყობა; ტურისტების ერთობლივი მომსახურების პროგრამების ჩამოყალიბება.

 

უკრაინის ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციასა და აჭარის მთავრობას შორის სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის ხელშეკრულების პროექტის მომზადება; ინფორმაციის გაცვლა სასწავლო პროცესში ახალი საგანმანათლებლო და ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვაზე; სამედიცინო მუშაკებს შორის თანამშრომლობის განვითარება;

 

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდება ქ.ოდესის მერს ალექსეი კოსტუსევთან, ნიკოლაევის ოლქის საბჭოს თავმჯდომარეს იგორ დიატლოვს და ოდესა-იზმაილის ეპარქიის მიტროპოლიტ აგათანგელს.
ამასთან, ვიზიტის ფარგლებში არჩილ ხაბაძე დაესწრება საერთაშორისო ფორუმს „Odesaa FDI Forum 2013”, რომელზეც განიხილება შემდეგი თემები: ინვესტიციების მოზიდვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში – არსებული პრობლემები, ახალი მეთოდები და გადაწყვეტილებები; ინვესტიციები საპორტო სექტორში. ენერგო რესურსების ინფრასტრუქტურაში ინვესტირება;

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თამარ ჯაყელი