ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში 9 აპრილმა ხმაურიანად ჩაიარა. საღამოს 6 საათიდან ღამის 10 საათამდე სტუდენტები მოითხოვდნენ იმ კაბინეტის კარის გაღებას, სადაც სტუდენტური თვითმმართველობის საარჩევნო კომისიის წევრები იყვნენ ჩაკეტილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ერთი ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად.
„მთელი ოთხი საათი ვითხოვდით კარების გაღებას, ცესკოს ოთახში შუქი ჩამქრალი იყო, აბსოლუტური სიჩუმე იყო, მე ბოლომდე მეგონა, რომ შიგნით არავინ არ იყო. დაცვის სამსახურის დახმარებით გაიხსნა კარი და შიგნით დაგვხვდა ოთხი ადამიანი, მათ შორის საინიციატივო ჯგუფ „აპოლიტიკას“ ლიდერი ზურა მესხიძე, რომელსაც აქვს პრეტენზია იყოს თვითმართველობის თავმჯდომარე. როცა მომხდარის ახსნა ვთხოვეთ, იყო სრულიად არაადეკვატური, ისტერიულად იცინოდა, ალბათ ნერვიული სიცილი იყო, ოთხი სათი ალბათ ბევრი ინერვიულა. მისტიკური თეორიების მოყოლა დაიწყო, თითქოს სექსუალური ძალადობის ეშინოდა ერთ-ერთ წევრს.”- გვიყვება ილია ურუშაძე, სტუდენტი. იგი ამბობს რომ თავიდან ცესკოს ერთ-ერთ წევრს, ზვიად თურმანიძეს გაუჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ცესკოს კაბინეტში ჩაკეტილი იყო ცესკოს მდივანი რამდენიმე მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად. ილია ურუშაძე ამბობს, რომ ზვიად თურმანიძემ მას და რამდენიმე სტუდენტს შეატყობინა ეს ფაქტი და სტუდენტები დაცვის პოლიციასთან ერთად შეიკრიბნენ ოთახთან და მოითხოვდნენ კარების გაღებას.
სტუდენტებთან ერთად ოთხი საათის განმავლობაში სიტუაციის გარკვევას ცდილობდა ცესკოს თავმჯდომარე ნინო გალოგრეც. „ზვიად თურმანიძემ დამირეკა მოდი უნივერსიტეტშიო, მეკითხებოდა სად არის ნინო ხელაძეო? ნინოს მივწერე, მან მიპასუხა, რომ ცესკოში არ იმყოფებოდა. ვერ ვიჯერებდი რასაც მეუბნებოდნენ, სანამ დაცვამაც არ დამირეკა, მერე მეც მოვედი, კარი ჩაკეტილი დამხვდა. სტუდენტები და დაცვის წევრები კართან იდგნენ და მითხრეს, რომ ნინო ხელაძე, ცესკოს მდივანი, ორი მაჟორიტარობის კანდიდატი შოთა გაბრუშიძე და ზურა მესხიძე და ასევე ნინოს მეგობარი გიორგი ანდღულაძე, იყვნენ ჩაკეტილი ცესკოს ოთახში. ნინოს დავურეკე, მითხრა ბრიტანულ ცენტრში ვარო. მივედით ბრიტანულ ცენტრში და არ დაგვხვდა, მერე ვურეკავდით, მაგრამ აღარ გვპასუხობდა, ოთხ საათიანი ჯაჯგურის შემდეგ კარის შემტვრევას ვაპირებდით, ამ დროს თავად გააღეს კარი და კარის არ გაღების მიზეზად დაგვისახელეს ის, რომ ცესკოს ერთ-ერთი წევრი, თურმე ეროტიკულ ფილმებს უყურებდა და ნინოს უსვამდა უხერხულ შეკითხვებს. რადგან თავიდან ვერ მოიშორა, მან დაურეკა თავის მეგობარ გიორგი ანდღულაძეს, რომელიც მასთან დარჩა, მერე მოვიდნენ შოთა გაბრუშიძე და ზურა მესხიძე, (სტუდენტური თვითმმართველობის წევრობის კანდიდატები), რომელთაც საჩივარზე პასუხი უნდა წაეღოთ. გვითხრეს, რომ ასე აღმოჩნდნენ კაბინეტში. კითხვაზე, რატომ არ აღებდნენ კარს ოთხი საათის მანძილზე, გიპასუხეს, რომ ნინოს ეშინოდა ზვიად თურმანიძე არ შესულიყო მათთან, ბიჭები კი იმიტომ დარჩნენ კაბინეტში, რომ ნინო გაეცილებინათ სახლში.”
თავად ნინო ხელაძე ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს: „ეს არის სრული აბსურდი, მე არანაირი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ, ეს არ არის ისეთი თემა რაზეც უნდა კეთდებოდეს რეპორტაჟები. სტუდენტთა ის ნაწილი, რომლებმაც შეატყობინეს ეს ჟურნალისტებს, თავის გამოჩენას ცდილობენ, აზვიადებენ მომხდარს.” – ამბობს ნინო.
ზვიად თურმანიძე ნინო ხელაძის ნაამბობს უარყოფს: „ეს არის სიცრუე, მათ უნდათ გადაფარონ ის ფაქტი, რაც გუშინ მოხდა და მე მაბრალებენ რაღაცეებს. შეურაცხყოფილი ვარ, ისეთი ადამიანი გამოვდივარ, რომ თითქოს სამი მამაკაცი იცავდა ერთ გოგოს, რომელსაც მე რაღაცის დაშავებას ვუპირებდი.” – ამბობს ზვიად თურმანიძე.
10 აპრილს უნივერსიტეტში „ბათუმელებს” ცესკოს კაბინეტში გაკრული ფურცელი დახვდა წარწერით: „ნუ უყურებ ზვიად პორნო ფილმებს“, რომელიც ცესკოს წევრებმა ჩამოხიეს და აღნიშნეს, რომ ეს სავარაუდოდ ნინო ხელაძემ გააკრა კედელზე.
„ბათუმელები“ „აპოლიტიკას“ ლიდერს, ზურა მესხიძესაც ესაუბრა, რომელიც 9 აპრილს ჩაკეტილ ოთახში ოთხი საათის მანძილზე იმყოფებოდა. ზურა ამბობს, რომ საღამოს ექვსის ნახევარზე მივიდნენ ცესკოში საჩივრის პასუხის წამოსაღებად, რომელიც 8 აპრილს უნდა ყოფილიყო მზად: „შიგნით იყო ნინო ხელაძე, ანერვიულებული და ასევე გიორგი ანდღულაძე. ნინომ გვითხრა, რომ პასუხზე თავმჯდომარეს ხელი უკვე მოწერილი აქვს და კორესპოდენციაში გატარებულია და შეგიძლიათ წაიღოთო. ამასთან ერთად, მან დააყოლა, რომ გარკვეული ტიპის, სიტყვიერი ზეწოლა მიმდინარეობდა ჩემზეო. ის იყო სტრესის მდგომარეობაში და გადაწყვიტა კარი დაეკეტა, მითუმეტეს, რომ არასამუშაო დღე იყო. შიგნით დავრჩით მისი მეგობრები და გადავწყვიტეთ გვეთანაგრძნო მისთვის.
ამის შემდეგ მოვიდა კარებთან და დაიწყო ბრახუნი ადამიანმა, ისე რომ სახელი და გვარი არც კი უხსენებია, რის შედეგადაც უარესი არეულობა იყო შიგნით, რაც შეეხება ოთხ საათს, – ეს პირობითია, ეს შეიძლება 20 წუთიც ყოფილიყო და ათი საათიც. ეს იყო უბრალოდ გაუგებრობა.“
კითხვაზე, რატომ არ გააღეს კარი მაშინ, როცა ადგილზე მივიდა დაცვის პოლიცია, რატომ იყო შუქი ჩამქრალი, ხოლო ოთახში მყოფები ხმას არ იღებდნენ, ზურა მესხიძე პასუხობს: „ზუსტად იმიტომ რომ ჩვენზე არ ყოფილიყო პრეტენზია. ეს ოთხი საათი სადაც ვიჯექით სკამზე, ისე დავხვდით შემოსულ წევრებს. ველოდებოდით მოვლენების განვითარებას, როდის დამშვიდდებოდა ნინო, რომ გაგვეღო კარები.
თავიდან იყო ის მოსაზრება, რომ ზვიადი წავიდოდა და ჩვენც გავიდოდით, შემდეგ, როცა ხალხი მოვიდა, დამეთანხმებით, რომ ჩვენს ცოტათი ანერვიულებული ვიქნებოდით, ეს ფაქტი ძალიან უარყოფითი იყო პირადად ჩემთვის, გაუგებარი სიტუაციაში ჩავვარდით მე და ჩემი გუნდის წევრი, ერთადერთი რაც შეიძლება ჩაითვალოს დარღევად არის ის, რომ არ იყვნენ შემოშვებული ზვიადი, ნინო გალოგრე და სხვები. დებულებაში არ არის განსაზღვრული, რომ მე იქ ყოფნის უფლება არ მქონდა, შესაბამისად არანაერი კანონდარღვევა არ მომხდარა. ” – ამბობს ზურა მესხიძე.
ცესკოს თავმჯდომარე, ნინო გალოგრე ამბობს, რომ დოკუმენტაციაზე ხელი არ არის ნახლები. მისი შეფასებით, მომხდარი ფაქტი „არანორმალურია”, თუმცა ამის გამო წევრების ცესკოდან გაშვების საშუალება არ აქვს.
მომხდარი ამბავს სტუდენტების ნაწილი აპროტესტებს. „არჩევნებია და ასეთი რამ ხდება, პროცესები ნამდვილად არ არის ნორმაში. თუ იყო ძალადობის ფაქტი, გამოძიებული უნდა იქნას, ჩემთვის უკვე ნათელია, თუ რატომ მოითხოვდა ზურა მესხიძე ყოფილი თავმჯდომარის, სულხან დუმბაძის გადადგომას, ამის მიზეზი ის იყო, რომ წინა ცესკოს თავმჯდომარე მას არ აძლევდა საღამოს 6 საათიდან ღამის 10 საათამდე ოთახში ყოფნის უფლებას.”- ამბობს გოჩა სურგულაძე, მაჟორიტარობის კანდიდატი სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებზე ჯგუფიდან „ალტერნატიული ინიციატივა“.
პროტესტს ის სტუდენტებიც გამოხატავენ, რომლებიც არჩევნებში არ იღებენ მონაწილეობას, ილია ურუშაძე, ბსუ-ს სტუდენტი, ამბობს, რომ მას საარჩევნო კომისიის ნდობა აღარ აქვს. „მე ვერ დამისახელებთ სტუდენტს, რომელსაც ამის მერე ექნება მინიმალური ნდობა, ცესკოს მდივანმა დადგა შოუ.“
ზურა თავბერიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი უნივერსიტეტში იმყოფებოდა აღნიშნული ფაქტის გადასამოწმებლად. მომხდარს ის „ბავშვურ თამაშად“ უფრო აღიქვამს, ვიდრე სერიოზულ კანონდარღვევად:
„ცესკოში რა განცხადებაც ვნახე, სტუდენტთა გარკვეული ჯგუფის მიერ შეტანილი, იმ განცხადების საფუძველზე არ შეიძლება თავმჯდომარის და მისი წევრების გადაყენება. თავმჯდომარეს მიმართავდნენ გადადგომის მოთხოვნით და ამავდროულად წევრების დათხოვნის მოთხოვნითაც, აბსურდია ეს. არც კანდიდატის მოხსნის საფუძველია, თუ ცესკო ღიაა, არა აქვს მნიშვნელობა სამუშაო დროა თუ არა, ცესკოს თუ ჩათვლის საჭიროდ, უნდა მიიღოს წევრი და პასუხი გასცეს დასმულ კითხვებს არჩევნებთან დაკავშირებით.
ოთხი საათის განმავლობაში ჩაკეტვა კაბინეტში ბავშვურ თამაშად უფრო მეჩვენება, ვიდრე სამართლებრივ კანონდარღვევად. თუ ეს ასეა, მაშინ ცეესკო უფრო მეტად სერიოზულად უნდა იყოს განწყობილი და მსგავს ფაქტებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს.” – ამბობს ზურა თავბერიძე.
ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 12 აპრილს გაიმართება.