დგებუაძის „გაწითლებული ლოყა და ტკივილი“ კიდევ ერთმა ექიმმა შეისწავლა – რა უთხრა სასამართლოს ნათია ხარატმა

„[ტკივილის აღქმის] ფსიქოლოგიურ ფაქტორშიც არ ჯდება ის, რომ 30 წუთი ჰქონდა ლოყა გაწითლებული და შემდეგ გაქრა. ეს უფრო სიმულაციაში ჯდება. „მეტკინა“ – ჩემთვის უფრო სიმულაციაა,“ – თქვა ექსპერტმა, ექიმმა-ნევროლოგმა, ნათია ხარატმა 21 ივლისს, მზია ამაღლობელის სასამართლოზე, მოწმის სახით დაკითხვისას.

ნათია ხარატი მესამე ექსპერტია, რომელიც მზია ამაღლობელის საქმეზე დაიკითხა.

სასამართლოზე მოწვეული ორი სხვადასხვა კვალიფიკაციის, განათლების და გამოცდილების მქონე ექიმი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეთანხმდა ერთ რამეზე – არც ვიზუალური და არც კლინიკური მტკიცებულებები არ მიუთითებს, რომ დაზარალებულმა პირმა განიცადა რეალური ტკივილი.

ამასთან, სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ დაადგინა, რომ ირაკლი დგებუაძეს, რომელმაც მომხდარიდან რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ გაიარა ექსპერტიზა, არ ჰქონდა გარეგნული დაზიანების არანაირი ნიშანი.

სასამართლოს წინაშე თავად ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემაც მისცა ჩვენება და თქვა, რომ სილის გაწვნის შედეგად „ჰქონდა სიწითლე და განიცადა ტკივილი“.

მან დეტალურად გაიხსენა და აღწერა 12 იანვარს მომხდარი და თქვა შემდეგი: „თავდასხმის შემდეგ შენობაში არ შევსულვარ დაახლოებით 20 წუთი. რამდენიმე ჩემმა თანამშრომელმა აღნიშნა – სახეზე, ნახე, რა სიწითლე გაქვს. ყური წითელი გაქვს, ლოყა წითელი გაქვს, ბუნებრივია მეც დავინტერესდი, რა მჭირს სახეზე. ჩემს სამუშაო კაბინეტში ასვლის შემდეგ, სარკე მაქვს იქ, მქონდა სიწითლე“.

ექსპერტმა, ექიმმა-ნევროლოგმა გაანალიზა ვიდეო ფაილები, რომელიც ასახავს 2025 წლის 12 იანვარს მომხდარი ინციდენტს, რა დროსაც მზია ამაღლობელი სილას აწნის ირაკლი დგებუაძეს, ასევე, სილის შემდეგ გადაღებული ორი ვიდეო, სადაც ინციდენტიდან არასრულ 1 წუთში ირაკლი დგებუაძე აკეთებს სატელევიზიო კომენტარს.

ექსპერტმა ასევე გაანალიზა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული  ორი დასკვნა, ერთი მზია ამაღლობელის შესახებ, მეორე კი – ირაკლი დგებუაძის.

„ვიდეოფირებზე ასახული ინტენსივობის ფიზიკური შეხების შედეგად და წარმოდგენილი სხვა მასალის ანალიზის საფუძველზე დაზარალებულად ცნობილი პირი განიცდიდა თუ არა ტკივილს,“ – ეს იყო საკითხი, რომელზეც ექიმმა-ნევროლოგმა თავისი ექსპერტული დასკვნა დადო.

სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა ვრცლად, მეცნიერულად მიმოიხილა ბათუმის პოლიციის უფროსის „გაწითლებული ლოყა“ და თქვა, რომ მეცნიერულად არ დასტურდება ის, რასაც ირაკლი დგებუაძე ამბობს.

„ფიზიოლოგიურად არანაირად არ შეიძლება, რომ [სილის გაწვნიდან] ორ წუთში არაფერი არ იყოს სახეზე, ნახევარ საათში გაჩნდეს და შემდეგ ორ საათში გაქრეს. იმიტომ, რომ ეს არის სისხლის მიმოქცევა. სისხლის მიმოქცევით გამოწვეული გაწითლება ხდება ძალიან მალე. წამში თუ არაა, ორ წუთში აუცილებლად გამოჩნდებოდა. 30 წუთში არანაირად არ გამოჩნდებოდა, რადგან ეს ნიშნავს, რომ 30 წუთი გული გაჩერებულია, არ აკეთებს სისხლის გადასროლას საერთოდ, 30 წუთის მერე ამუშავდა და გადაისროლა დიდი რაოდენობის სისხლი ამ მხარეს.

სიწითლე ჰაერიდან არ მოდის. ეს არის ვეგეტატიური პასუხი. ვეგეტატიური ნერვული სისტემა ჩვენი ავტონომიური ნერვული სისტემაა და ამ სიწითლეზე ჩვენ პასუხისმგებელი არ ვართ.

ვერ შევიკავებთ [სიწითლეს], ისევე როგორც მაგალითად თვალის ხამხამის შეკავება არ შეგვიძლია. ჩვენი თვალის გუგების შევიწროება-გაფართოება დამოკიდებულია ჩვენს ნერვულ სისტემაზე. თავისით ხდება, ამას ჩვენ ვერ ვმართავთ და ასევე ხდება სიწითლეზე. არანაირად არ შეიძლება აიხსნას, რომ ეს სიწითლე ნახევარ საათში გაჩნდა.

ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანის ვეგეტატიური სისტემა არ მუშაობს ან რაღაცა სხვა პრობლემა აქვს და კვლევები უნდა ჩაიტაროს ან შეიძლება ფსიქოლოგიურ პრობლემასთან იყოს კავშირში. სამედიცინო და ფიზიოლოგიურად არ აიხსნება.

თუმცა, როგორც გითხარით, ფსიქოლოგიური კუთხით შეიძლება განვიხილოთ, სულიერი ტკივილი შეიძლება ვთქვათ. ტკივილის შიში და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა თუ გაქვს, [მაგალითად] თუ ბავშვობაში ვიღაცამ ძალიან დაგარტყა, გაგახსენდა ეს ამბავი, ამან გამოიწვია რაღაც აშლილობა შენი მოგონებების და ამის შედეგად პასუხი წამოვიდა, ეს უკვე სხვა მექანიზმზეა დაკავშირებული,“ – თქვა ექიმ-ნევროლოგმა სასამართლოზე.

ექსპერტმა განმარტა, თუ რატომ დადგა მისთვის ეჭვქვეშ ტკივილის არსებობა.

„სამწვერა ნერვი არის სრულიად პასუხისმგებელი ჩვენი სახის ტკივილზე, ყველანაირ მგრძნობელობაზე სახეზე.

მაშინ უნდა გვქონოდა ნერვის ხანგრძლივი გაღიზიანება. თან ქვედა ყბის ტოტზეა საუბარი, რომელიც ასევე პასუხისმგებელია ჩვენი ყბის მოძრაობაზე, რომელიც ღეჭვაში მონაწილეობს და შესაბამისად, შეზღუდული ექნებოდა… ეს რომ ძლიერი დარტყმა ყოფილიყო,  ვერ დაღეჭავდა, პირს ვერ გააღებდა და ვერ ისაუბრებდა,“- თქვა ნათია ხარატმა.

ექსპერტმა ცალკე დრო დაუთმო დარტყმის სიძლიერეზე საუბარს და თქვა, რომ ამაზე ექსპერიმენტის ჩატარებაც კი შეიძლება.

მზია ამაღლობელმა დგებუაძეს სილა მარცხენა ხელით გააწნა. კადრებში ჩანს, რომ ის ჯერ ქაჩავს ქურთუკზე დგებუაძეს, შემდეგ კი აწნის სილას. სწორედ ეს ფაქტორი ექსპერტს დამატებით არგუმენტაციას აძლევს.

„მარცხენა ხელი არის თან ჩართული მოქაჩვაში, მერე იმავე წამს ხდება სილა. მოქაჩვა, თავისთავად, შემდგომ დარტყმის ძალას აქვეითებს.

ორი დასკვნა მაქვს ქალბატონი მზიას ჯანმრთელობის, სადაც წერია, რომ ჩალურჯებები აქვს მარცხენა ხელის მიდამოში. ეს არის რეალური ტკივილის დაზიანება, ტკივილს მოყოლილი დაზიანება. აქ ჩანს, რომ მანამდე რაღაც მოხდა, რამაც გამოიწვია ჩალურჯება. თავად სასამართლო ექსპერტმა დაადგინა, რომ 14 იანვარსაც კი ჰქონდა ეს დალურჯებები მზია ამაღლობელს.

ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც სილა გააწნა, მზიას ხელი სტკიოდა. რაც შეეხება ხმას, ორი სხვადასხვა რაკურსიდან გადაღებული ვიდეო ვნახე და ხმა არის ძალიან დაბალ ამპლიტუდიანი, რომელიც ასევე არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ტკივილის გამომწვევი ყოფილიყო ეს ხმა.

ის ხმა რაც გავიგონე იყო ძალიან სუსტი ტაშის შემოკვრის მსგავსი. ბოლოს როდის ბრძანდებოდით რაიმე სპექტაკლზე? ან სუხიშვილების დარბაზში თუ მოგისმენიათ რამხელა ტაშია. ჩვენ ყველა ტაშის შემოკვრაზე ხელი გვტკივა და გავდივართ რეაბილიტაციას?

რა ვიცი აბა.. თეატრში, სპექტაკლზე.

ქართველებს უყვართ… თვითმფრინავი რომ ჯდება მაშინაც ტაშს უკრავენ. ტაშის დაკვრა რომ ასეთი მტკივნეული იყოს, არ დავუკრავდით ასე მქუხარე ტაშს,“ – თქვა ექსპერტმა სასამართლო სხდომაზე.

„ჩემთვის წარმოდგენილი საკვლევი მასალის შესწავლის და ანალიზის საფუძველზე შემიძლია დავასკვნა, რომ ამ მასალაში მოცემული არც ვიზუალური და არც კლინიკური მტკიცებულებები არ მიუთითებს, რომ დაზარალებულმა პირმა განიცადა რეალური, ნამდვილი ტკივილი ან მიიღო ტკივილის გამომწვევი დაზიანება.

მხოლოდ სუბიექტური განცდა, რომელსაც არ ახლავს ქსოვილოვანი დაზიანების ობიექტური ნიშნები, არ წარმოადგენს ტკივილის დასაბუთებულ მტკიცებულებას. ტკივილის მტკიცება უნდა ეფუძნებოდეს როგორც სუბიექტურ შეფასებას, ისე ხილულ, შესწავლილ და დადასტურებულ მონაცემებს.

წარმოდგენილი საკვლევი მასალის შესწავლით დგინდება, რომ ასეთი მონაცემები არ იკვეთება, რის გამოც სამედიცინო-ექსპერტული თვალსაზრისით შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ირაკლი დგებუაძემ განიცადა ტკივილი“, – ასეთი იყო საბოლოოდ ექსპერტის დასკვნა, რომელიც სასამართლოზე დაიკითხა.

ნათია ხარატი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორატია. მისი კვლევის ინტერესის სფეროა ნევროლოგია, ეპილეფსია და საზოგადოებრივი ჯანდაცვა.

ნათია ხარატი ფლობს ნევროლოგის, ადიქტოლოგის და ელექტროფიზიოლოგის  სერტიფიკატებს.

ამავე თემაზე: 

  • რა ხდება?

მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის 6 თვე უკანონო პატიმრობაში იმყოფება – სილის გაწვნის გამო მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

ავტორიტეტული უფლებადამცველების შეფასებით კი, სილის გაწვნა, რასაც არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.

სილის გაწვნა რომ თავდასხმა არ არის, ამას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.

მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ], პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის [IPI] და რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს [RSF] წარმომადგენლები 13 ივლისს რუსთავში, ქალთა კოლონიასთან მივიდნენ და ასე გამოხატეს სოლიდარობა უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ. ისინი ბათუმის სასამართლოში 14 ივლისს პროცესსაც დაესწრნენ.

მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ, ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

ამავე რეზოლუციით, ევროპარლამენტი „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პატიმრობაში მისი [მზია ამაღლობელის] მხედველობის კრიტიკული გაუარესების გამო და მოუწოდებს სანდო სამედიცინო მომსახურების დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობისკენ“.

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო ასევე სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა პირველ აგვისტოს დასრულდება.

„ბავშვს ფეხი დაუწვეს“ – მშობელი ბათუმის „რესპუბლიკურის“ ექიმებს ადანაშაულებს

3 წლის ბავშვის მშობელი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებს.

ჯუმალ თუფჩელი თურქეთის მოქალაქეა და საქართველოში თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

როგორც ჯუმალ თუფჩელი „ბათუმელებს“ უყვება, მისმა არასრულწლოვანმა  შვილმა ერთი წლის წინ კიბეზე ჩასვლისას ფეხი დაიზიანა.

მამის თქმით, შვილი თავდაპირველად ბავშვთა საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც ბავშვს რენტგენი გადაუღეს და სახლში გაუშვეს, თუმცა იმის გამო, რომ ფეხი ისევ სტკიოდა, მეორე დღეს სასწრაფო გამოიძახეს და სასწრაფომ უკვე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეიყვანა. კლინიკაში აღმოჩნდა, რომ ბავშვს ბარძაყის არეში მოტეხილობა ჰქონდა.

ჯუმალ თუფჩელი ჰყვება, რომ ბავშვს თავდაპირველად თაბაშირს არა მოტეხილ, არამედ ჯანსაღ ადგილას ადებდნენ.

„როდესაც ეს დავინახე, ვუთხარი, რომ არასწორად იყო დადებული თაბაშირი, რის შემდეგაც სიტყვიერი შეკამათება მოხდა. ამ დროს სხვა ექიმი მოვიდა, როცა მდგომარეობას გადახედა, თქვა, რომ მართალი ვიყავი.

თაბაშირის დადებამდე მოტეხილობის ადგილას მუხლის ზემოთ მარჯვენა და მარცხენა მხრიდან კანი გაჭრეს და მოტეხილობის გამოსასწორებლად და შეხორცების მიზნით ორი პლასტმასის ჩხირი ჩაუდგეს,“ – გვიყვება ჯუმალ თუფჩელი.

მისი თქმით, შემთხვევიდან 9 თვის შემდეგ, განმეორებით მიიყვანეს ბავშვი კლინიკაში, იმისათვის, რომ ჩატარებოდა ოპერაცია და „შეხორცებისათვის საჭირო პლასტმასის ჩხირები ამოეღოთ“.

ჯუმალ თუფჩელი ამბობს, რომ მის შვილს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია 2025 წლის 11 თებერვალს ჩაუტარდა.

„ექიმმა გვითხრა, რომ ბავშვს ჩაუტარდა ოპერაცია, ოპერაციის შედეგად ამოიღეს ის ორი პლასტმასის ჩხირი, რომელიც სწორად შეხორცებას ეხმარებოდა, თუმცა იქვე პატარა პრობლემის არსებობის შესახებაც გვითხრა.

როცა ვკითხეთ რა პრობლემა იყო, ექიმმა თქვა, რომ „მარჯვენა ფეხზე ძალიან პატარა ჭრილობა ჰქონდა ბავშვს, რაც ექთნების დაუდევრობამ გამოიწვია. ჩვენც ვიფიქრეთ ეს ჭრილობა მართლაც პატარა იყო და არ მოგვითხოვია ჩვენება, რადგან შეხვეული ჰქონდა ბავშვს ფეხი. მეორე დღეს გადახვევისას ჩემმა მეუღლემ პირველად ნახა და სასწრაფოდ დამირეკა – ბავშვის მარჯვენა ფეხი, რომელიც სრულიად ჯანმრთელი იყო, დაუწვიათო,“ – იხსენებს ჯუმალ თუფჩელი.

დაზიანებული ფეხი

თავისი სიტყვების დასადასტურებლად, ჯუმალ თუფჩელმა „ბათუმელებს“ ფოტოებიც აჩვენა, სადაც ჩანს, რომ ბავშვს მარჯვენა ფეხზე კანი ნამდვილად ამომწვარი აქვს.

როგორც ჯუმალ თუფჩელი იხსენებს, რომ მას შემდეგ, რაც ბავშვის მდგომარეობის შესახებ შეიტყო, წავიდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ექიმთან შეხვედრა მოითხოვა. აინტერესებდა, თუ რა დაემართა მის შვილს.

„ერთადერთი განმარტება რაც მოვისმინე, ეს იყო – ექთნების დაუდევრობის გამო მოხდა ასეო. ექიმები მამშვიდებდნენ, პოლიცია არ გამოიძახო, რაც საჭიროა ყველაფერს გავაკეთებთო. მე მაინც წავედი პოლიციაში, საავადმყოფოსგან  მოვითხოვე იმ ხარჯების ანაზღაურება, რაც მქონდა გაწეული, ასევე, იმ პირის პასუხისგებაში მიცემა, ვინც ჩემი შვილი ამ მდგომარეობაში ჩააგდო,“ – ამბობს ჯუმალ თუფჩელი.

მისივე თქმით, მოგვიანებით მას დაუკავშირდა საავადმყოფოს ადვოკატი, რომელმაც ოჯახს ანგარიშის ნომერი მოსთხოვა და ოპერაციისათვის დახარჯული თანხა უკან დაუბრუნა.

„შემდეგ დამირეკა მათმა თარჯიმანმა და მითხრა, რომ პოლიციაში მისვლის და დამატებითი ჩვენების მიცემის უფლება არ მქონდა, ვინაიდან 1460 ლარი ჩამირიცხეს,“ – ამბობს ჯუმალ თუფჩელი.

ჯუმალ თუფჩელმა იჩივლა როგორც პოლიციაში, ისე აჭარის პროკურატურაში, თუმცა საქმე ჯერჯერობით წინ არ წასულა.

„მე საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქე ვარ, არც თქვენი ენა ვიცი, არც კანონები, თუმცა ვფიქრობ, რომ მსოფლიოში ბავშვთა უფლებები იდენტურია.

ჩემი შვილის მსგავს დღეში შეიძლება სხვა ბავშვიც აღმოჩნდეს, მათმა მშობლებმა კი ხმა ვერ ამოიღონ შიშის გამო. როცა საავადმყოფოში დამიბარეს, ხმამაღალი ლაპარაკით ცდილობდნენ ჩემს შეშინებას. მე იმ კატეგორიას მივეკუთვნები, რომელსაც გაჩუმებას ურჩევნია შვილის ჯანმრთელობაზე იზრუნოს,“ – ამბობს ჯუმალ თუფჩელი.

3 წლის ბიჭის მამა ამბობს, რომ სთხოვს აჭარის პროკურორს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარ ინციდენტზე დაიწყოს გამოძიება, შემოწმდეს, როგორც საავადმყოფოში მომუშავე პერსონალის ცოდნის ხარისხი, ასევე მათი კომპეტენტურობა.

ის ითხოვს დადგინდეს ყველა იმ ექთნის თუ ექიმის ვინაობა, ვისაც მის შვილთან შეხება ჰქონდა და ვის გამოც მისი შვილი დაზიანდა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს კომენტარისათვის.

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი ნუკრი ბეჟანიძე ამბობს, რომ  მისთვის ცნობილია აღნიშნული შემთხვევა და კლინიკამ ოჯახს საჭიროების შემთხვევაში პლასტიკური ჩარევაც შესთავაზა.

„კლინიკამ მოიკვლია ეს საკითხი, ესაუბრა მამასაც, ექიმები შეხვდნენ, მეც შევხვდი, ავუხსენით.

ეს იყო სამედიცინო მანიპულაციის პროცესში, წვივის ქვემო მესამედის არეში კანის ზერელე დაზიანება. მოულოდნელი, შემთხვევითი დაზიანება. მანიპულაციის პროცესში, სამუშაო ადგილი ყოველთვის შემოფარგლულია სტერილური დოლბანდით. ოპერაციის პროცესში სხვა ნაწილები არ ჩანს. ამ დროს ელექტროდი შეეხო კანს, არ უნდა შეხებოდა. ამან გამოიწვია ეს დაზიანება. კანის ზერელე დაზიანება იყო რეალურად – 2 -3 სანტიმეტრზე. ექიმმა აღიარა, რომ ეს მოხდა. მოულოდნელი იყო ნამდვილად.

ჩვენ შევთავაზეთ მას [ბავშვის მამას] დახმარება ამ დაზიანებული უბნის მოვლა – შეხვევები იქნებოდა საჭირო თუ სხვა.

ამავე დროს, ამ შეხორცების პროცესში თუ ჩამოყალიბდებოდა რაიმე ნაწიბური, რომელიც ვიზუალურად არ იქნებოდა ნორმალური, არ იქნებოდა ლამაზად, იმ  შემთხვევაში ჩვენ შევთავაზეთ ესთეტიკური ჩარევის განხორციელებაც. პლასტიკურ ჩარევაზეა საუბარი,“ – უთხრა ნუკრი ბეჟანიძემ „ბათუმელებს“.

კითხვაზე, რა პასუხისმგებლობას იღებს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო მომხდარ შემთხვევაზე, საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი პასუხობს.

„ხომ არ დაგვიმალია? იყო შემთხვევა, მოხდა. კონსილიუმი ჩავატარეთ. დავგეგმეთ მოქმედება, რითაც შეგვიძლია და როგორც დაგეხმარებით-თქო. ჩვენ შევთავაზეთ ყველაფერი რაც შეგვეძლო, ვუთხარით, რომ კლინიკა გვერდში დაუდგებოდა. უბრალოდ მერე აღარ გამოჩენილა ეს პიროვნება [ბავშვის მამა]. როგორ შეხორცდა ისიც არ ვიცით, ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ გვინახავს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნუკრი ბეჟანიძემ.

ჯუმალ თუფჩელიმ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ჯერჯერობით არ მიუმართავს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის, რომელიც მსგავს შემთხვევებს სწავლობს.

საპატრიარქოს პრესცენტრის კრიტიკა ევროკავშირზე პატრიარქთან შეთანხმებულია? – ინტერვიუ

„პატრიარქს არაერთხელ აქვს ძალიან ღიად გაცხადებული პოზიტიური ხედვა დასავლეთის შესახებ,“ – ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რაც თეოლოგ შოთა კინწურაშვილს აფიქრებინებს, რომ საპატრიარქოს პრესცენტრის სახელით გავრცელებული განცხადება პატრიარქთან შეთანხმებული არ იყო და იგი მხოლოდ ერთი ჯგუფის პოზიციას გამოხატავს.

21 ივლისს საპატრიარქოს პრესცენტრმა თავის ფეისბუქგვერდზე და არა საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე, ევროკავშირის რეკომენდაციები გააკრიტიკა და „ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა გაიმეორა.

კითხვაზე, არის თუ არა ევროკავშირის რეკომენდაციების კრიტიკა კათოლიკოს-პატრიარქის პოზიცია? – საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ „ბათუმელებს“ ასე უპასუხა: „არ იარსებებდა პრესცენტრი, წინააღმდეგობაში რომ იყოს ხელმძღვანელთან. წარმოგიდგენიათ რომელიმე უწყება, სადაც პრესცენტრი, რასაც უნდა, იმას განაცხადებს?“

თეოლოგ შოთა კინწურაშვილის დაკვირვებით „ოცნებამ“, რუსეთის მსგავსად, საპატრიარქო პირდაპირ პარტიაზე დაქვემდებარებული გახადა. თეოლოგის აზრით, მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი საქართველოში ყოველთვის ახერხებდა, მისი პოზიციები მმართველი პარტიის დღის წესრიგზე მიბმული არ ყოფილიყო.

„…ჰქონდა ნიჭი, მისი ტექსტი არ ყოფილიყო სრულიად მოჭრილი იმ პოლიტიკურ დღის წესრიგზე, რაც მმართველ პარტიას ჰქონდა.

2012 წლიდან ჯერ ბიძინა ივანიშვილი პოზიციონირებდა, რომ მისაღებია ეკლესიის კრიტიკა, მათ შორის, პატრიარქის კრიტიკა. მან გარკვეული საკრალურობა მოხსნა ეკლესიას, ან ინსტიტუციას, რაც ერთი შეხედვით ჯანსაღია, მაგრამ შემდგომ გამოჩნდა, რა გათვლაც ჰქონდა მას – ეკლესია, როგორც სუვერენული მოთამაშე პოლიტიკურ, თუ სოციალურ პროცესებში, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს საზოგადოების განწყობაზე – სრულიად უნდა გათიშულიყო, დამორჩილებულიყო მმართველ პოლიტიკურ ძალას,“ – ამბობს შოთა კინწურაშვილი.

„ბათუმელებმა“ ინტერვიუ თეოლოგ შოთა კინწურაშვილთან ჩაწერა. იგი ეკლესიის ისტორიის მკვლევარია და მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანეს უნივერსიტეტის დოქტორანტი.

  • ბატონო შოთა, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ევროკავშირის რეკომენდაციებს აკრიტიკებს და „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის გზავნილებს იმეორებს. რას აჩვენებს ეს ამბავი თქვენთვის იმის გათვალისწინებით, რომ იგივე განცხადება საპატრიარქოს ოფიციალურ ინტერნეტ ან ფეისბუქგვერდებზე არ გავრცელებულა?

მას შემდეგ, როცა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი მოხუცდა და ჯანმრთელობის კუთხით აღარ აქვს შესაძლებლობა, ჩართული იყოს ყველანაირად საეკლესიო მართვა-გამგეობაში, საპატრიარქოს ხელმძღვანელობაში, ძალაუფლების ცენტრი გახდა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის ინსტიტუტი. აქამდე ჩვენ ბევრჯერ მოგვისმენია კრიტიკა უშუალოდ თანამოსაყდრის მისამართით, მათ შორის, მისი თეოლოგიური შეხედულებების გამო, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში საპატრიარქოს შიგნით გაჩნდა ძალაუფლების ორი ცენტრი.

მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ეკლესია ცალკეული ეპისკოპოსების და გავლენიანი სასულიერო პირების კერძო კლუბი კი არ არის, არამედ, სამართლებრივი საეკლესიო პერსპექტივით, ეს არის მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანების საზოგადოება.

როცა საპატრიარქო, ან რომელიმე ეპისკოპოსი პოზიციას გამოხატავს, ეს უნდა ასახავდეს ამ საზოგადოების სურვილებს. ევროინტეგრაციის საკითხი არ არის საეკლესიო დოგმატიკის საკითხი, ეს არის პოლიტიკური საკითხი.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეს, მიუხედავად მის მიმართ არსებული პოზიტიური თუ ნეგატიური განწყობებისა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, ჰქონდა ნიჭი, მისი ტექსტი არ ყოფილიყო სრულიად მოჭრილი იმ პოლიტიკურ დღის წესრიგზე, რაც მმართველ პარტიას ჰქონდა.

  • ამჯერად საპატრიარქოს პრესცენტრის განცხადება ფაქტობრივად იმეორებს „ოცნების“ ანტიდასავლურ გზავნილებს. როგორ მივიდა აქამდე საპატრიარქო? მოგვიყევით ძალაუფლების ორი ცენტრის შესახებ საპატრიარქოში. 

დიახ, საპატრიარქოს პრესცენტრის განცხადება ერთი-ერთში გამეორებაა, „კოპი პეისტია“ იმის, რასაც „ოცნება“ ამბობს. მხოლოდ იქ გვხვდება სახარებისეული დანართი, რომ ამით გაამყარონ ეკლესიის პოზიცია.

აქამდე კათოლიკოს-პატრიარქი მუდმივად ცდილობდა მისი გზავნილში დაპირისპირებულ მხარეებს მისთვის მისაღები გზავნილი წაეკითხათ. ამას ითვალისწინებს კიდეც საეკლესიო დიპლომატიის გამოცდილება, როგორც ჩვენი ეკლესიის, ისე თუნდაც კათოლიკური ეკლესიის.

ეკლესია ყოველთვის ცდილობს, რომ თავისი სახარებისეული გზავნილით იყოს შუამავლის როლში. ასე იყო ტოტალიტარული რეჟიმების ბატონობის დროს და ასეა ახლაც. ლათინურ ამერიკაში დღემდე შემორჩენილია რუსეთთან მყარად დაკავშირებული დიქტატორული რეჟიმები, მაგალითად, ვენესუელას სახით, მაგრამ ვატიკანი, შეიძლება ითქვას, რომ არ წვავს ხიდებს. ეკლესია ხან მკაცრია, ხან – ნაკლებად მკაცრი, მაგრამ ის არის იმედი მორწმუნე საზოგადოებისთვის.

რაც შეეხება საპატრიარქოს საქართველოში – აქ არის ახალი ცენტრი მოსაყდრის, ქორეპისკოპოსი შიოს გარშემო, აქვეა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.

მეორე ცენტრია, ასე ვთქვათ, საპატრიარქოს ძველი სკოლა – უშუალოდ პატრიარქთან დაახლოებული, მათ შორის, პატრიარქის მდივან-რეფერენტი, ქალბატონი შორენა. ამ ორ ცენტრს შორის მოხდა კიდეც გაურკვევლობა, როცა ვიდეო გამოაქვეყნეს და შემდეგ წაშალეს.

ამ ორ ცენტრს შორის არსებობს გარკვეული ინტერესთა კონფლიქტი, მათ შორის, პოლიტიკურ მოცემულობასთან დაკავშირებით.

თუ დავაკვირდებით: 2012 წლიდან ჯერ ბიძინა ივანიშვილი პოზიციონირებდა, რომ მისაღებია ეკლესიის კრიტიკა, მათ შორის, პატრიარქის კრიტიკაო. მან გარკვეული საკრალურობა მოხსნა ეკლესიას, ან ინსტიტუციას, რაც ერთი შეხედვით ჯანსაღია, მაგრამ შემდგომ გამოჩნდა, რა გათვლაც ჰქონდა მას – ეკლესია, როგორც სუვერენული მოთამაშე პოლიტიკურ, თუ სოციალურ პროცესებში, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს საზოგადოების განწყობაზე – სრულიად უნდა გათიშულიყო, დამორჩილებულიყო მმართველ პოლიტიკურ ძალას.

რუსეთშიც იგივე მოხდა – კრემლმა მიიბა ეკლესია, განსაკუთრებით კი, პატრიარქი კირილის შემდეგ. სხვათა შორის, მანამდე ელცინის და პატრიარქ ალექსის ურთიერთობა განსხვავებული იყო, მათ შორის, საქართველოსთან დაკავშირებით, მაგალითად, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებდა, კირილის დროს კი, ისინი ღიად და სრულად გაუყვნენ პუტინის იმპერიულ ამბიციებს.

დღეს ვხედავთ საქართველოში იმას, რომ უკაკუნებენ თავისუფალ მედიას, სტუდენტებს დაუკაკუნეს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კვლევით ცენტრებს, ინტელექტუალებს, მხატვრებს თუ ექიმებს – ამ დროს სასულიერო პირები დიდი გავლენით სარგებლობენ. ეკლესია, როგორც დამოუკიდებელი მოთამაშე, შეიძლება ნებისმიერ დროს წინააღმდეგობაში მოვიდეს ხელისუფლებასთან. ამიტომაც, მისი გაუვნებელყოფა წინასწარ სცადეს და ეს გამოსდით კიდეც.

  • ეს „სუსის ფაილებით“ გამოუვიდა „ოცნებას“? როგორ მოახერხა ივანიშვილმა საპატრიარქოს, როგორც დამოუკიდებელი მოთამაშის დასუსტება? 

ამ დროს [სუსის ფაილების გავრცელების დროს] ეკლესიას შეეძლო ეთქვა მკაცრად, მორალურ საკითხებს ჩვენ გადავწყვეტთ ეკლესიის შიგნით და ამის უფლება აქვს ეკლესიას, ხოლო რაც სცდება საეკლესიო სამართლის ჩარჩოებს და გადადის სისხლის სამართალში, რაც კრიმინალია, მიხედოს სახელმწიფო უწყებამო.

როგორც ჩანს, არ ეყოთ გაბედულება, ერთიანობა, ან ინტელექტი, უნდა გყავდეს ძლიერი მრჩეველი… სექსუალური სკანდალების მიმართ განსაკუთრებული იყო საზოგადოების რეაქცია, საზოგადოების რეაქცია და მმართველი პარტიის აღვირახსნილობის ჩვენება – გაბედეს და ყველას მიუკაკუნეს, ყველას მოუსმინეს.

ეკლესიას უნდა დაეცვა სუვერენიტეტი, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ეს კრიტიკა.

როგორც არ უნდა აკრიტიკებდნენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ ილია II მუდმივად ცდილობდა ეკლესიის გარკვეული ტიპის სუვერენიტეტის დაცვას. ჩვენ ომგამოვლილი საზოგადოება ვართ განსაკუთრებული ტრავმებით, ეკლესია კი, აღმოჩნდა ინსტიტუცია, რომელიც იღებს ადამიანებს ყოველგვარი წინაღობის გარეშე, უსმენს მას. ეკლესიამ ამ წლების განმავლობაში გარკვეული ფსიქოლოგიური, მორალური მხარდაჭერის ფუნქცია აიღო თავის თავზე.

1917 წელს, როცა ქართველი ავტოკეფალისტები იბრძოდნენ რუსეთისგან საეკლესიო სუვერენიტეტის კვლავ მოპოვების გზაზე, საეკლესიო მართვა-გამგეობის დებულებაში ჩაწერეს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის მორწმუნე საზოგადოების ერთობა, ქალის და კაცის, განურჩევლად სქესისა, სოციალური წოდებისა და ასე შემდეგ, რომელიც შემოდის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციის საზღვრებში. აქ ეთნოსიც არ იყო მითითებული, რადგან რუსებს სურდათ, რომ რუსული, ბერძნული და სხვა სამრევლო წაეღოთ და საეკლესიო სეპარატიზმი შეექმნათ ჩვენს ტერიტორიაზე,

მაგრამ ქართველმა ავტოკეფალისტებმა თქვეს: ჩვენი ეკლესია ზენაციონალურია!

დღეს უკვე აღარავინ მალავს, რომ პრობლემებია ეკლესიაში, რომ ეს სოციალური სხეულია და მიწიერი ეკლესიის ყოველდღიურ საქმიანობაში შეიძლება ცდომილება იყოს, მაგრამ ეს ტექსტი [საპატრიარქოს პრესცენტრის განცხადება ევროინტეგრაციის შესახებ] არის სრულ წინააღმდეგობაში იმასთან, რისთვისაც იბრძოლეს ქართველმა ავტოკეფალისტებმა და იბრძვიან ქართველი მართლმადიდებელი, საერო და სასულიერო პირები. ეს არის ჩვენს საეკლესიო ტრადიციებთან დაპირისპირება.

როდესაც ოჯახის დაცვაზე საუბრობს საპატრიარქოს პრესცენტრი – ცხადია, ეკლესიას აქვს უფლება ისაუბროს ქალის და კაცის ერთობაზე და ჰქონდეს სექსუალური, თუ ეკონომიკური იდეოლოგია, მაგრამ ფაქტია, რომ ევროკავშირის ქვეყნებშია სწორედ დაცული ოჯახები სოციალური პაკეტებით, ბავშვის უფლებებით, მარტოხელა დედების უფლებებით და ასე შემდეგ. თუ ეკონომიკური და სოციალური ფუნდამენტი არ ექნება ამ ქალის და კაცის ერთობას, ვერ იარსებებს ძლიერი ოჯახი.

ვხედავთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის ერთი ჯგუფი, ერთი ცენტრი, სულ მცირე მცხეთა-თბილისის ეპარქია, სიმფონიურად თანამშრომლობს დღევანდელ რეჟიმთან, პოლიტიკურ ძალაუფლებასთან. მათი ხედვები სრულად ემთხვევა ერთმანეთს.

  • ოცნება“ კი, თავის მხრივ კრემლის გზავნილებს იმეორებს. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი საქართველოში გავლენის გაძლიერებას ეკლესიის გზითაც ცდილობს? 

როდესაც ვსაუბრობთ გავლენებზე, არაა ასე, რომ ადგება კირილე და გადმორეკავს საქართველოს საპატრიარქოში, ეს უნდა თქვათო, მაგრამ არსებობს ირიბი ინერცია, რომელსაც აქვს იდეოლოგიური დასაყრდენი. ეს ათწლეულების განმავლობაში იქმნებოდა ჩვენთან ნელ-ნელა, პროპაგანდის სახით.

იგივე რელიგიური ლიტერატურა, რომელიც შემოდიოდა – მე თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტი ვიყავი – ძირითადად იყო რუსული შავრაზმული ტექსტები. რუსებს ემიგრაციაში ინტელექტუალი თეოლოგებიც ჰყავდათ დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში, მაგრამ გამიზნულად მატრონა მოსკოველის ლეგენდები შემოდიოდა სტალინის შესახებ, ასევე კირილესთან დაახლოებული სტარეცის ნამუშევრები, ათონელი ბერების, რომლებიც დაპირისპირებული არიან მსოფლიო საპატრიარქოსთან…

მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ საეკლესიო სუვერენიტეტის გაძლიერებაც სწორედ ევროკავშირის ფორმატშია შესაძლებელი და არა იმ კონკორდატით, რაც დღეს არსებობს ფურცელზე: რომელ სოციალურ პროგრამებს ახორციელებენ ეკლესია და სახელმწიფო ერთად? რაღაც მიწის ნაკვეთს გადასცემენ, მერე იმას გამოიყენებენ, ან ვერ გამოიყენებენ…

სასულიერო პირების დიდი ნაწილი დაოჯახებულია, მათ ჰყავთ 4, 5, 6, ზოგს 10 შვილი. მათ სურთ, რომ მათმა შვილებმა უკეთეს საზოგადოებაში იცხოვრონ, დაცულ საზოგადოებაში, სადაც გელათის მსგავსი პრობლემაც ნაკლებად შეიქმნებოდა.

თუ ტრადიციებზე ვსაუბრობთ, ასეთი განცხადებები, რაც საპატრიარქოს პრესცენტრს ჰქონდა, მხოლოდ აძლიერეს რუსულ გავლენას საქართველოში და მას რუსულ, იმპერიულ ჯაჭვში აქცევს, როგორც რელიგიური, ისე საერო პერსპექტივიდან გამომდინარე. ეს არის ზუსტად ჩვენი ქართველი ავტოკეფალისტების მონაგრის და ტრადიციების ღალატი: კირიონი, ლეონიდე თუ ამბროსი ამ ბრძოლისთვის აღმოჩნდნენ ბოლშევიკური რეჟიმის მსხვერპლი.

ეს მხოლოდ სასულიერო პირების ბრძოლა არ იყო. სოციალ-დემოკრატებისთვის, მაგალითად, ეკლესია კულტურული ღირებულება იყო, მათ საკრალური ბმა არ ჰქონდათ, მაგრამ ეს იყო მათი იდენტობის მარკერი. ისინი სემინარიებში იზრდებოდნენ, ოქროპირიძის და ქიქოძის, ცნობილი ეპისკოპოსების მოწაფეები იყვნენ, რომლებიც საფუძველს უყრიდნენ მათ შორის ენობრივ გამორკვევას საქართველოში.

  • ისევ საპატრიარქოს პრესცენტრის განცხადებაზე მინდა გკითხოთ. გამოდის, რომ შესაძლოა ეს განცხადება ევროკავშირის რეკომენდაციაზე პარიართქთან შეთანხმებული არ იყო? საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ გვიპასუხა ეს: „არ იარსებებდა პრესცენტრი, წინააღმდეგობაში რომ იყოს ხელმძღვანელთან. წარმოგიდგენიათ რომელიმე უწყება, სადაც პრესცენტრი, რასაც უნდა, იმას განაცხადებს?“

ვიცით, რომ ილია II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა არაა დამაკმაყოფილებელი და არ შეუძლია დამოუკიდებლად ტექსტი დაწეროს, შესაბამისად, ეს მოცემულობა ბევრ კითხვას აჩენს. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ცენტრს არ აქვს ლეგიტიმაცია ისაუბროს კათოლიკოს-პატრიარქის მაგივრად. პატრიარქის მაგივრად შეუძლია ისაუბროს მხოლოდ მის მდივანს – ამ შემთხვევაში გიორგი ბოტკოველს.

თუ პატრიარქისაა ეს განცხადება, მაშინ ის შესაბამის ბლანკზე უნდა იყოს და ბეჭედი ჰქონდეს.

საპატრიარქო ძალიან მრავალშრიანი ინსტიტუციაა, რომელიც პატრიარქს ეხმარება მართვაში. დარწმუნებული ვარ, ამ ტექსტს საპატრიარქოში წარმოდგენილი ადამიანების ნახევარი არ ეთანხმება, მაგალითად, იგივე მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი, რომელიც ღიად დასავლურ პოზიციებს უჭერს მხარს.

მე, როგორც რიგითი მართლმადიდებელი ქრისტიანი, ვერ ვიღებ ამას, როგორც პატრიარქის პოზიციას, მე ამას ვიღებ, როგორც საპატრიარქოს ერთი ჯგუფის პოზიციას. ამას ვამბობ იმიტომაც, რომ კათოლიკოს-პატრიარქს არაერთხელ აქვს ძალიან ღიად გაცხადებული პოზიტიური ხედვა დასავლეთის შესახებ.

  • თქვენი აზრით, რატომ არჩია ივანიშვილმა ამ ეტაპზე საპატრიარქოს ჩართვა ანტიდასავლურ კამპანიაში? პროსახელისუფლებო მედია საშუალებები მიუთითებდნენ, რომ ეს არის საპატრიარქოს პოზიცია. 

„ქართულმა ოცნებამ“ ყველა შესაძლო ფრონტზე აამოქმედა პროპაგანდა, ეს იქნება მედია, ჯიბის ინტელექტუალები და ასე შემდეგ. შესაბამისად, გამოიყენა საპატრიარქოს ეს ჯგუფიც. მას შესაძლებლობა რომ ჰქონოდა და შესაბამისი გავლენა, 40-ივე ეპისკოპოსს დააწერინებდა იგივეს და იტყოდა, 40 ეპისკოპოსი ამბობს ამასო.

ჩვენ არ გაგვიგია იგივე საპატრირქოს პრესცენტრის ხმა, როცა საპროტესტო აქციებზე ადამიანებს არბევდნენ, მათ შორის, სასულიერო პირები და მათი შვილებიც იდგნენ ამ აქციებზე. სადმე ვნახეთ საპატრიარქოს პრესცენტრის პოზიცია, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის შეწყვეტისკენ იქნებოდა მიმართული?!

ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მართლმადიდებელმა ქრისტიანმა კრიტიკულად შეხედოს ამ ყველაფერს და შესაბამისი დასკვნა გააკეთოს.

  • თქვენ ხაზი გაუსვით იმას, რომ საპატრიარქოს შიგნითვე ბევრი არ დაეთანხმებოდა ჯაღმაიძის ამ განცხადებასო. რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს განსხვავებულ აზრს საპატრიარქოში დღეს?

ეკლესია არის იერარქიულად სტრუქტურირებადი მექანიზმი. გვინდა თუ არა, ამა თუ იმ ეპისკოპოსს აქვს ძალაუფლება სასულიერო პირზე, მღვდელსა და დიაკონზე. შესაბამისად, აქ ნაკლები სივრცეა თავისუფლად პოზიციონირებისთვის.

პირველ რიგში, მართლმადიდებელი ქრისტიანები გაბედულად უნდა საუბრობდნენ იგივე ევროინტეგრაციის საკითხზე, თქვან, რომ არ ეთანხმებიან ამ პოზიციას, რომელსაც საპატრიარქოს ფორმალური ინსტიტუციის ერთ-ერთი განყოფილება აჟღერებს.

რაც უფრო მეტ ხმას გავიგონებთ, მით უფრო გამდიდრდება და გაძლიერდება საეკლესიო სუვერენიტეტი, რომელიც დღეს ძალიან დასუსტებულია. ეპისკოპოსების ნაწილი ღიად პოზიციონირებს, მაგრამ მათი ხმა უფრო მეტად უნდა ისმოდეს და მედიამაც უნდა მიაქციოს ამას ყურადღება.

მთელი რიგი ჯაჭვია, რის გამოც ჩვენ ვირჩევთ დასავლეთს – ევროკავშირის ბიუროკრატიულ აპარატთან დაკავშირებით შეიძლება ყველას გვქონდეს კრიტიკა და ეს არ არის ტრაგედია, მათ შორის, სასულიერო პირების მხრიდან. ეს კრიტიკა შეიძლება მქონდეს მეც – ათი წელიწადი უკვე გავატარე დასავლეთში.

მაგრამ ტრაგედია არის ღირებულებათა ორ ცენტრს შორის რომელს ვირჩევთ: რუსეთს, რომელმაც საეკლესიო სუვერენიტეტიც წაგვართვა? მაშინ საეკლესიო სუვერენიტეტზეც ვამბობთ უარს.

ჩვენს ხმას უნდა მოუსმინონ სასულიერო პირებმა და მიტროპოლიტებმა – ეკლესია არ არის მხოლოდ ეპისკოპოსი და მათ არც იმის უფლება აქვთ, სამრელოსთან შეთანხმების გარეშე წერონ ასეთი ტექსტები. ეს არის დარღვევა იმ ტრადიციის, რომლითაც ააშენეს და საფუძველი ჩაუყარეს საქართველოს დამოუკიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას ქართველმა ავტოკეფალისტებმა, რომელიც მოწამეები არიან და მაგალითის მომცემი ჩვენთვის.

რუსეთმა ჟურნალისტ იური დუდს დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა და მასზე ძებნა გამოაცხადა

ჟურნალისტ იური დუდს ბრალად ედება „რუსეთის ფედერაციის სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის სფეროში ინფორმაციის მიზანმიმართული შეგროვება“ – წერს რუსული პროპაგანდისტული მედია TASS-ი სასამართლოდან მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ამავდროულად, მოსკოვის სასამართლოების გაერთიანებული პრესსამსახური იუწყება, რომ დუდს „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის დაცვაზე თავის არიდების გამო დაუსწრებლად შეეფარდა 2 -თვიანი წინასწარი პატიმრობა მისი რუსეთში ექსტრადირების ან ქვეყნის ტერიტორიაზე დაკავების მომენტიდან – ციტირებს სასამართლოს განცხადებას Tass-ი.

იური დუდი ცნობილი რუსი დამოუკიდებელი ჟურნალისტი და იუთუბერია. ის ამჟამად რუსეთში არ იმყოფება. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ დუდი „უცხოელ აგენტად“ 2022 წლის აპრილში გამოაცხადა.

TASS-ი წერს, რომ დუდზე ასევე გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა.

რუსული კრიტიკული მედიაგამოცემა „მედუზა“ აზუსტებს, რომ ჟურნალისტს ბრალი წაუყენეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 330.1 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს, რომ „რეგისტრაციისთვის“ საჭირო დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება არ იყო შესრულებული.

ამავდროულად, ეს არ იყო შესრულებული „პირის მიერ, რომელიც ახორციელებს ინფორმაციის მიზანმიმართულ შეგროვებას“ რუსეთის სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის სფეროში, რომლის გამოყენებაც შეიძლება ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ, თუ მას უცხოური წყაროები მიიღებენ – სააგენტო TASS-ი ცალკე მიუთითებს დუდის ბრალდების ამ პუნქტზე.

მუხლის ამ ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთ წლამდე ვადით.

ხმა არ აქვს ვიდეოს, რომელიც ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ პროკურატურის მთავარი მტკიცებულებაა

ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, რაც 19 წლის ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ პროკურატურას აქვს, არის თავად ცეცხლაძისავე ჩაწერილი ფეისბუქლაივი. პოლიციელებმა მას ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ გვერდზე მიაგნეს, ჩამოწერეს და საქმეს დაურთეს.

დღეს, 23 ივლისის სხდომაზე, როცა ეს ვიდეო უნდა გამოეკვლიათ, აღმოჩნდა, რომ მას ხმა არ აქვს. ვიდეოს ორიგინალი ვერსია „დაფიონის” გვერდიდან თვეებია წაშლილია – როგორც ცეცხლაძის ახლობლები ამბობენ, ის სავარაუდოდ საჩივრების (report) გამო წაიშალა და ამ დრომდე აქვთ კომუნიკაცია META-სთან მისი აღდგენის მიზნით.

თავდაპირველად, ადვოკატებმა თქვეს, რომ მათ პროკურატურამ უხმო ვიდეო მიაწოდა. ეს ტექნიკური ხარვეზით აიხსნა და გადაწყდა, რომ მოისმენდნენ სასამართლოსთვის გადაცემულ ვერსიას, რომელსაც „დედანს“ უწოდებენ.

ამისთვის სხდომაზე შესვენების გამოცხადებაც კი გახდა საჭირო.

შესვენების შემდეგ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დარბაზში შეიტანა ვიდეოს ის ასლი, რომელიც სასამართლოში დალუქულ მდგომარეობაში იყო შენახული. ხმა არც მას არ აღმოაჩნდა.

პროკურორები – ვაჟა თოდუა და ვახტანგ ცალუღელაშვილი აცხადებენ, რომ გამომძიებელმა, რომელმაც ვიდეო „დაათვალიერა“ დეტალურად აღწერა მისი შინაარსი და შეუძლიათ დათვალიერების ოქმით ისარგებლონ.

ზვიად ცეცხლაძის ინფორმაციით, ვიდეოში ის საუბრობს, როგორ უნდა დაიცვან თავი მოქალაქეებმა დარბევისას, როგორ გაუმკლავდნენ მოძალადე პოლიციელებს, სპეცრაზმელებს და ა.შ.

რადგან პროკურატურა ვერ ადასტურებს ზვიად ცეცხლაძის, როგორც „ძალადობის ორგანიზატორისა“ და სხვა ბრალდებულების, როგორც ამ ძალადობრივი ქმედებების მონაწილეებს შორის კავშირს, მათი ლოგიკა ასეთია: მოქალაქეებმა უყურეს ცეცხლაძის ფეისბუქლაივს „დაფიონის“ გვერდზე, იქ მოსმენილი მოწოდებების შემდეგ გავიდნენ აქციაზე და შეუერთდნენ „ძალადობრივ ჯგუფს“.

___

19 წლის სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე ახალგაზრდული მოძრაობა “დაფიონის” ერთ-ერთი ლიდერია. ის აქტიურად იყო ჩართული რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში. 2024 წლის 19 აპრილს, თანამებრძოლებთან ერთად მან დაგეგმა სტუდენტური აქცია, რომელსაც ათასობით მოქალაქე შეუერთდა. მათ მიმართა მოედანზე დადეს ფიცი, რომ დაიცავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას მტრისგან – რუსეთისგან.

2024 წლის 4 დეკემბერს ცეცხლაძე დააკავეს. პროკურატურა მას აქციაზე ჯგუფური ძალადობას ორგანიზებას ედავება. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გამოძიება ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში: 225-ე მუხლის პირველი ნაწილი – ისჯება 6-დან 9 წლამდე ციხით. ხოლო თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გიორგაძეს და ილსამ ალიევს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში სდებს ბრალს – სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილი: ისჯება 4-დან 6 წლამდე პატიმრობით.

„არჩევანი ყველას აქვს, მონებსაც კი“- რეზო კიკნაძის წერილი 38-ე საკნიდან

„ჩვენს შვილთაშვილებს არ შერცხვებათ არქივში ჩახედვის, განსხვავებით მათგან, ვინც დანებდა სახლში დარჩა და განზე დგომა არჩია. არ შერცხვებათ, რადგან მათი წინაპარი ხმა იღებდა, მოქმედებდა, წინააღმდეგობას უწევდა და ებრძოდა მტერს, ტირანს. დავითი იყო და არა გოლიათი“ – წერს სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე წერილში, რომელიც მან ზუგდიდელ აქტივისტებს გამოუგზავნა 38-ე საკნიდან. „ბათუმელები“ წერილს უცვლელად გთავაზობთ.

რეზო კიკნაძის წერილი:

„ბრძოლის მთავარი მონაპოვარი ის კი არ არის, თუ რა შედეგით დასრულდება იგი, არამედ ხალხია, ვისაც ამ ბრძოლაში იძენ, ვისაც ენდობი, ვისთანაც ერთიანდები და ვისთან ერთადაც მზად ხარ, მთები გადადგა.

ასეთები ხართ თქვენ ჩემთვის.

რატომ ვიქნებით და ვართ ჩვენ აუცილებლად გამარჯვებულები იცით? იმიტომ, რომ ჩვენ სიმართლის მხარეს ვდგავართ.

პირველ რიგში საკუთარ თავთან უნდა იყო მართალი და რაც არ უნდა მოხდეს, ისტორია მაინც სწორად შეაფასებს და არაფერს დაივიწყებს.

ყველაზე დიდი მსაჯული სწორედ ისტორიაა, რომელიც თავის ადგილს მიუჩენს ცრუსაც და მართალსაც. ჩვენს შვილთაშვილებს არ შერცხვებათ არქივში ჩახედვის, განსხვავებით მათგან, ვინც დანებდა სახლში დარჩა და განზე დგომა არჩია. არ შერცხვებათ, რადგან მათი წინაპარი ხმა იღებდა, მოქმედებდა, წინააღმდეგობა უწევდა და ებრძოდა მტერს, ტირანს. დავითი იყო და არა გოლიათი.

ზოგიერთი გმირად გვთვლის და საერთოდ არ მინდა ამაზე კამათი მოგივიდეთ ვინმესთან, მე პირადად გმირად არ ვთვლი საკუთარ თავს. ვარ ჩვეულებრივი ადამიანი თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით და გავაკეთე ის, რაც მევალებოდა. რაც ყველა ქართველის ვალი იყო.

ჩემთვის გმირები თქვენ ხართ, ვინც პირველი დღიდან დღემდე დგახართ ბრძოლის ველზე, არ ნებდებით, კვლავ აგრძელებთ ბრძოლას, მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა და იმედს მაძლევთ, რომ ქვეყანა გადარჩება.

ბოლოს სასამართლოდან იმის გამო გამაძევეს, რომ ამბროსი ხელაია ვახსენე, შენს პროცესთან კავშირში არ არისო… ამბროსი იყო კათალიკოსი, რომელმაც მთელი ცხოვრება  ქართული ეკლესიის გარუსების წინააღმდეგ ბრძოლაში გაატარა და როდესაც კომუნისტებმა დაიჭირეს, ბრალდებაში იცით რა ეწერა? ზუსტად შემდეგი სიტყვები: „პროვოკაცია“, „კონტრრევოლუცია,“, მთავრობის გაბიაბრუება“ და „უცხო სახელმწიფოსთან ურთიერთობის დაჭერა“. ხომ არაფერს გაგონებთ?

სასამართლოზეც იმის გამო ვახსენე, რომ მეჩვენებინა, 100 წლის მერეც არაფერი შეცვლილა.

და კვლავ მსგავსი აბსურდული ბრალდებებით გვასამართლებენ რუსები საქართველოში.

ახლა უბრალოდ ტერმინები შეცვალეს და „უცხო სახელმწიფოს“ ნაცვლად „დიფ სთეითს“ ახსენებენ.

„ქართული ოცნების“ ამომრჩეველს ალბათ თოვლის ბაბუისაც სჯერა, მაგრამ არა უშავს. 1944 წელს ფაშისტებიც ფიქრობდნენ, რომ სულ ისინი იქნებოდნენ მწვერვალზე და არაფერი დაემუქრებოდა მათ ძალაუფლებას. უდანაშაულო ებრაელებს, როგორ ბუზებივით ხოცავდნენ, ხვრეტდნენ და წვავდნენ, საყოველთაოდ ცნობილია. მაგრამ ერთი წლის შემდეგ, აქეთ ასამართლებდნენ და ხვრეტდნენ იმავე ფაშისტ გერმანელებს. ძალაუფლება წარმავალია, ჩადენილი დანაშაული კი რჩება სამუდამოდ.

შეიძლება ვიღაც ფიქრობს, ერთ მათეს მიუსაჯეს და რა უჭირსო, ასე მიუსჯიან ერთ ლუკას, ერთ ონისეს, ერთ თორნიკეს და ბოლოს კი მოვიხედავთ და ქვეყანა გვექნება უკვე დაკარგული.

ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ თითოეული ადამიანისთვის, ერთი ადამიანიდან იწყება აღზევება, ისევე როგორც დაღმასვლა. ასე რომ არ ეფიქრა ოსკარ შინდლერს, ამდენ ებრაელს კი ვერ გადაარჩენდა და ისტორიაშიც ვერ შევიდოდა.

სწორედ მისი პრინციპი იყო ის, რაც ყველამ უნდა გავითავისოთ – „ვინც გადაარჩენს ერთ ადამიანს, გადაარჩენს მთელ ქვეყანას“.

თითოეული ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია ისევე, როგორც თითოეულის თავისუფლება.

ზოგჯერ შემომიტევს ხოლმე ნიჰილიზმი და დაწუწუნება მინდება, მაგრამ მაშინვე მერაბ კოსტავა მახსენდება, თუ რა გამოიარა, რამდენ რამეს გაუძლო და დაწუწუნების და ჩივილის უფლებას არ ვაძლევ თავს. სწორედ მერაბის და ანწუხელიძისნაირი პატრიოტები გაძლევენ მოტივაციას და ძალას.

არ შეიძლება, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, რუსებმა გაიმარჯვონ და ვერც გაიმარჯვებენ. ის ალქაჯი კი ამბობს, – „უაზროდ განწირული სიცოცხლეო“. უაზრო მისი ცხოვრებაა. სიცოცხლის შემდეგაც მხოლოდ წყევლით თუ გაიხსენებენ. არც სადღეგრძელოს იტყვის ვინმე მასზე და ყვავილებსაც არავინ მიიტანს მის საფლავზე.

აი, კოსტავა და ანწუხელიძე კი ყოველთვის უკვდავები იქნებიან. კედელზე მაქვს მერაბის შემდეგი სიტყვები გაკრული, რომელსაც ყოველდღე ვუყურებ: „ჩვენ გავიმარჯვებთ! მართალია, ეს ნაბიჯი არის საფრთხით აღსავსე, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ!“

არჩევანი ყველას აქვს, მონებსაც კი. შეიძლება მონობასა და სიკვდილს შორის, მაგრამ ხომ აქვთ? ჩემს გვერდით კი ხართ ადამიანები, ვისაც მონობას სიკვდილი გირჩევნიათ. ამიტომ ვერ დაგვამარცხებენ. მონობას კი არასდროს ერქმევა მშვიდობა.

უსამართლობის და სიბნელის წინააღმდეგ იბრძოლეთ ყველგან, სადაც ხელი მიგიწვდებათ – სამსახურში, ტრანსპორტში, მაღაზიაში. მე სამოქმედო არეალი შემიმცირეს, მაგრამ როგორც და სადაც შემიძლია ვცდილობ ამოვიღო ხმა იმაზე, რაც არასწორია. თუნდაც ამისთვის ბევრს შევძულდე.

აი, მაგალითად, აქაური ქოცის კაბინეტში მთელი საათი გაუჩერებლად ვამცირებდი, დავცინოდი და გაუნათლებელ უვიცებად ვნათლავდი ყველას, ვისაც 16-წლიანი ერთპარტიულობა და დიქტატურა ნორმალურად მიაჩნდა და ოლიგარქი ბიძინა უყვარდა.

ექიმმა იმით დამსაჯა, რომ წამალი არ მომცა. მაგრამ სახეზე რომ შევხედე, დასჯილს ის უფრო ჰგავდა.

საკანში ხელჩართული ჩხუბი მომივიდა ქოცურ არხებზე ინტენსიურად გადართვის და რუსული სიმღერების მოსმენის გამო. რა თქმა უნდა, ორივე ამორალური რაღაც მე ავკრძალე.

დამსაჯეს იმით, რომ მარტოდ დამტოვეს აქაურმა ოფიცრებმა და ორი კვირაა თანამესაკნე აღარ მყავს. რთულია აქ მარტო, მაგრამ გადავიტან. პირიქით, უფრო მაძლიერებენ ყოველი შეზღუდვით. კარცერში ჩამიყვანეს იმისთვის, რომ პასუხს ვთხოვდი საკნიდან უსამართლოდ გატანილ ნივთებზე. მაშინვე ვუთხარი, კარცერში კი არა, კუბოშიც რომ ჩამსვათ, მაინც ვერ იქნებით ჩემზე თავისუფლები მეთქი.

საკუთარი თავი დიდად არ მაღელვებს, ახლა რა დროს პერსონალური ფიქრებია, გთხოვთ, ქვეყანას უშველეთ და გამოიხსენით რუსული რეჟიმის მსახურთა მარწუხებისგან.

მჯერა, რომ ერთად დგომით და ერთიანი შეტევით, ეს შეგვიძლია.

არანაირი კომპრომისი მოღალატეებთან. ჩახერგეთ გზები უკან დასახევი, არ დაემსგავსოთ ლერწამს, რომელიც სუსტია და იქეთ გადაიხრება, საითკენაც ქარი ქრის. იყავით მტკიცენი და ურყევნი.

მიყვარხართ ყველა, ვისაც საქართველოს ბედი გადარდებთ. მადლობა რომ სწორ მხარეს დგახართ. ბოლოს კი ამბროსი ხელაიას სიტყვებით დავასრულებ, რითაც თავისი სასამართლო სიტყვა დაასრულა:

„როგორც ჩვენს წინაპრებს ტკბილად მიაჩნდათ სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის ტანჯვის მიღება, აგრეთვე, ჩვენთვისაც ტკბილი იქნება ის სასჯელი, რომელსაც მომისჯიან ერის თავისუფლების დაცვის მიზნით ხმის ამოღებისთვის.

ჩემგან ეროვნული ინტერესებისა და თავისუფლების დასაცავად ამოღებული ხმა და ის მსჯავრი, რომელსაც მომისჯის სამსჯავრო, მონახავს თავის ადგილს ყოველი ქართველის გულში. იმ ქართველის, რომელსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს სარწმუნოების და სამშობლოს სიყვარული.

ამითაც ბედნიერად ჩავთვლი თავს.

სიმართლისთვის ბოლომდე!

საკანი 38-ე. 17.07.2025

რუსეთმა ზურაბ ქარჩავას უკრაინაში ბრძოლისთვის დაუსწრებლად მიუსაჯა 6 წელი და 6 თვე

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქართველოს მოქალაქეს ზურაბ ქარჩავას დაუსწრებლად მიუსაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და მასზე ძებნა გამოცხადდა – რუსეთი მას ბრალს სდებს უკრაინის ომში მონაწილეობაში რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ.

„მტკიცებულებები… სასამართლომ საკმარისად მიიჩნია საქართველოს მოქალაქისთვის განაჩენის დაუსწრებლად გამოსატანად. ზურაბ ქარჩავა დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (დაქირავებულის სტატუსით მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში)” – ნათქვამია განცხადებაში.

„უცხოელი მებრძოლების“ რუსულ ბაზაში ზურაბ ქარჩავაზე წერია, რომ იგი საქართველოს ეროვნულ ლეგიონს შეუერთდა 2022 წლის მარტის ბოლოს, როგორც ფსიქოლოგი.

რუსეთი ქართველ სამხედროებს საგანგებოდ წარმოაჩენს და ასამართლებს „დაქირავებულების“ სტატუსით, მაშინ, როცა მაგალითად, უცხოელ მოხალისეთა ლეგიონი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური შენაერთია.

„ქარჩავა ამჟამად დაუსწრებლად არის დაკავებული და მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული“ – წერს რუსული პროპაგანდისტული მედია.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსეთმა არაერთი ქართველი მებრძოლი გაასამართლა დაუსწრებლად.

ოქროს ნივთის ქურდობის ბრალდებით დაცვის პოლიციის ინსპექტორი დააკავეს

ქურდობის ბრალდებით დააკავეს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ინსპექტორი.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

გამოძიების თანახმად, 1990 წელს დაბადებული მ.ბ. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ფარულად დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ოქროს ნივთს.

ქურდობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 23 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 23 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 045 220 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +970]
  • ტანკი – 11 041 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 23 037 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 30 722 ერთეული [+42]
  • MLRS – 1 446 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 199 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 421 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 47 552 ერთეული [+115]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 533 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 56 041 ერთეული [+88]
  • სპეცტექნიკა – 3 935 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 22 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 664 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 71 722 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 622 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 297 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 577 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 27 710 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 38 560 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ხომალდებს ახალი სანქციები დაუწესა

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ლევან ხორავას შსს-ს წარმომადგენელი თეა ლაღაძე სასამართლოში უჩივის

„განყოფილებიდან დამიკავშირდნენ, თეა ლაღაძეს მიაყენეთ შეურაცხყოფა სასამართლო სხდომაზეო და მიჩივლა მე,“ – აცხადებს ლევან ხორავა, რომელიც პროევროპული საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა.

თეა ლაღაძე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის იურისტია და აქციაზე დაკავებულების საქმეზე ის წარმოადგენს შსს-ს სასამართლო სხდომებზე. მაგალითად, თეა ლაღაძემ მარიამ კერესელიძესთან ერთად წარმოადგინა სასამართლოში მზია ამაღლობელის გაყალბებული საქმე.

ლევან ხორავა 12 იანვარს საპროტესტო აქციაზეც დააკავეს. შსს-ს ვერსიით, იგი თითქოს პოლიციელებს აყენებდა შეურაცხყოფას, თუმცა არც ამ საქმეზე წარმოუდგენია ნეიტრალური მტკიცებულებები შინაგან საქმეთა სამინისტროს. ლევან ხორავა მაშინ 8 დღით გაუშვეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში.

ლევან ხორავას თქმით, მას ედავებიან იმას, რომ ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე მიაყენა შეურაცხყოფა თეა ლაღაძეს და მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მესამე ნაწილით ედავებიან.

ეს მუხლი გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, ან სამართალდამცავი სხვა უწყების წარმომადგენლის სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღვა-გინებას, შეურაცხმყოფელი გადაკიდებასა ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.

ამ მუხლის მესამე ნაწილი კი, ითვალისწინებს 3 500 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით დაჯარიმებას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 60 დღემდე ვადით იმ პირის მიმართ, რომელსაც სამართალდარღვევის ჩადენის დროს სახდელი აქვს დადებული.

„შეურაცხყოფა კი არ მოგაყენე, მიგანიშნე, რომ ჯოჯოხეთი გელოდება. ჯოჯოხეთი გელოდება არამხოლოდ შენ, არამედ ყველა ცრუ მოწმეს, ქვეყნის ყველა მტერს, ვინც სასამართლო სხდომებზე წირავს ახალგაზრდებს სამშობლოს სიყვარულისთვის, გელოდებათ პირდაპირი მნიშვნელობით ჯოჯოხეთის ცეცხლი, ყველას აბსოლუტურად ვინც ქვეყანას ემტერება და სამშობლოს ყიდის,“ – აღნიშნავს ლევან ხორავა, დღეს, 22 ივლისს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ლევან ხორავას სასამართლოო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 24 ივლისს გაიმართება.

როგორ ჩაანაცვლებს სომხეთი საქართველოს სამხრეთ კავკასიაში? – ინტერვიუ

„თუ კონსოლიდაცია ვერ მოახერხა ქართველმა ერმა, მაშინ დასავლეთი ამას ვერ შეაჩერებს და, ბუნებრივია, დაიწყებს ალტერნატიული გზების მოძებნას: სომხეთი მართლაც არის საქართველოს შესაძლო ალტერნატივა ამ კონტექსტში,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი, რომელსაც სამხრეთ კავკასიაში გააქტიურებული პროცესების შემდეგ ვკითხეთ: რამდენად შეიძლება დასავლეთმა პარტნიორობა სომხეთთან არჩიოს?

„საქართველოს მყისიერად სომხეთით ჩანაცვლება ძნელი იქნება, თუმცა დასავლეთში ამ საკითხზე უკვე ფიქრობენ – საქართველოზე რომ ვერ დაამყარებენ იმედებს, ისინი ამაში დარწმუნდნენ.

საქართველო რომც გახდეს სრულად ავტორიტარული სახელმწიფო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დასავლეთი უარს იტყვის საქართველოს, როგორც დერეფნის გამოყენებაზე. აზერბაიჯანიც ავტორიტარული სახელმწიფოა, მაგრამ საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც არჩეულ დასავლურ კურსს უღალატა. ამიტომაც, ის დასავლეთის მიერ არ შეიძლება აღქმული იყოს სტაბილურ პარტნიორად,“ – გვიყვება კახა გოგოლაშვილი.

რა იცვლება სამხრეთ კავკასიაში და რამდენად შეიძლება დასავლეთის მოკავშირედ საქართველო სომხეთმა შეცვალოს? – „ბათუმელებმა“ რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორთან, კახა გოგოლაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო კახა, თქვენი აზრით, „ოცნების“ ანტიკონსტიტუციური მთავრობის ანტიდასავლური კურსის გათვალისწინებით, რამდენად რეალურია საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში სომხეთმა ჩაანაცვლოს, როგორც დასავლეთის აქტიური მოკავშირე?  

საქართველოს მყისიერად სომხეთით ჩანაცვლება ძნელი იქნება, თუმცა დასავლეთში ამ საკითხზე უკვე ფიქრობენ – საქართველოზე რომ ვერ დაამყარებენ იმედებს, ისინი ამაში დარწმუნდნენ. მოგეხსენებათ, თურქეთი არის ხიდი დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის, ის უყურებს ამ საკითხს ძალიან სერიოზულად და, შესაბამისად, დასავლეთშიც ამას განიხილავენ.

დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის გადის კომუნიკაციების მთელი სისტემა. ამის ხელახლა აშენებას წლები დასჭირდება. მაგალითად, იგივე ბაქო-თბილისი-ყარსის ალტერნატივა რომ შექმნა, მინიმუმ 10 წელია საჭირო.

  • დასავლეთში ჩათვალეს, რომ საქართველოს იმედი, როგორც დასავლეთის ფორპოსტი სამხრეთ კავკასიაში, აღარ უნდა ჰქონდეთ? 

არ ვიცი, ეს რამდენად ჩათვალეს, მაგრამ მინიმუმ უნდათ, რომ არ დატოვონ უპასუხოდ, რასაც აკეთებს „ოცნების“ დღევანდელი ხელისუფლება.

ბერკეტები და იგივე სანქციები არ არის ისეთი ძლიერი, რომ მან შეაჩეროს „ოცნების“ მიერ განხორციელებული ანტიდასავლური პოლიტიკა: შეიძლება დასაჯონ, პრობლემა შეუქმნან იმისთვის, რომ ღალატობენ დასავლურ ღირებულებებს, დასავლურ კურსს, მაგრამ ყველაზე დიდი ბერკეტი ამ პროცესში არის ქართველი ხალხის ხელში: თუ ხალხი მოინდომებს, რომ გააჩეროს ანტიდასავლური კურსი და ამაში იქნება ერთიანი, ეს მოხდება.

თუ კონსოლიდაცია ვერ მოახერხა ქართველმა ერმა, მაშინ დასავლეთი ამას ვერ შეაჩერებს და, ბუნებრივია, დაიწყებს ალტერნატიული გზების მოძებნას. სომხეთი მართლაც არის საქართველოს შესაძლო ალტერნატივა ამ კონტექსტში.

საქართველო შავი ზღვის ქვეყანაა, პორტები აქვს და მისი ჩანაცვლება სომხეთით ვერ მოხდება, მაგრამ თუ სომხეთს და აზერბაიჯანს შორის საბოლოოდ სამშვიდობო შეთანხმება მიიღწევა და ზანგეზურის დერეფანს გამოიყენებენ, საქართველოს სომხეთმა შესაძლოა დიდი კონკურენცია გაუწიოს.

  • ანუ თურქეთთან მოკავშირეობით შესაძლებელია ამოქმედდეს ახალი დერეფანი უკვე საქართველოს გარეშე? 

ზუსტად ასეა. ამ შემთხვევაში სომხეთს რუსეთისაც აღარ შეეშინდება იმხელა მხარდაჭერა ექნება, როგორც დასავლეთიდან, ისე თურქეთიდან. თურქეთი აღარ მისცემს რუსეთს საშუალებას, სომხეთში სამხედრო ძალით ჩაერიოს, ან იქ გადატრიალება მოაწყოს.

საქართველოს მიმართ კი, დასავლეთის ყურადღება შესუსტდება. ამავდროულად, რუსეთის მხრიდან საქართველოს დამორჩილება კიდევ უფრო მარტივი გახდება.

მნიშვნელოვანია ითქვას ისიც, რომ საქართველო რომც გახდეს სრულად ავტორიტარული სახელმწიფო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დასავლეთი უარს იტყვის საქართველოს, როგორც დერეფნის გამოყენებაზე. აზერბაიჯანიც ავტორიტარული სახელმწიფოა, მაგრამ საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც არჩეულ დასავლურ კურსს უღალატა. ამიტომაც, ის დასავლეთის მიერ არ შეიძლება აღქმული იყოს სტაბილურ პარტნიორად.

  • ეს მორალური საკითხია დასავლეთისთვის? 

არამხოლოდ. ეს შესაძლოა აღიქვან, როგორც რისკის საკითხი: ევროკავშირი განიხილავს საქართველოს, როგორც რუსეთის შესაძლო აგენტს, რუსეთთან მოთამაშე სახელმწიფოდ, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ დროს ზურგი შეაქციოს დასავლეთს და გადავიდეს რუსეთთან, ჩინეთთან სრულ თანხვედრაში.

შესაძლოა, ირანთანაც დაიწყოს მეგობრობა საქართველომ, ანუ ეს არ უკავშირდება მხოლოდ დემოკრატიაზე უარის თქმას.

  • ამავდროულად, ახალი დერეფნის მოწყობა რეგიონში დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. უღირს ეს ევროპას, თქვენი დაკვირვებით? 

ცხადია, საქართველოში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ბევრი დაიხარჯა, ეს იქნებოდა გაზსადენი, რკინიგზა თუ ნავთობსადენი… მაგალითად, ახლა მუშაობენ ენერგოკაბელის გაყვანაზე შავი ზღვის ქვეშ, რომელიც დააკავშირებს საქართველოს უნგრეთს.

ამიტომაც, ერთი ხელის მოსმით არავინ არ გადააგდებს საქართველოს, როგორც დერეფანს, მაგრამ აუცილებლად შექმნიან ალტერნატივას იმისთვის, რომ არ იყვნენ გეოსტრატეგიულად ჩაყენებული წამგებიან პირობებში – რუსეთის შესაძლებლობებზე დამოკიდებული.

ამიტომაც, სულ უფრო ინტენსიურად მიდის საუბარი სომხეთზე. ჩანს, რომ სომხეთს ელოლიავებიან და ემეგობრებიან: გინდა ევროპა, გინდა აშშ. ამით ჩანს დასავლეთის ხედვა, ფიქრობენ: აუცილებელია ალტერნატიული პარტნიორის გაჩენა ამ რეგიონში.

აზერბაიჯანიც პრინციპში დასავლეთის პარტნიორია – ტრანზაქციული ურთიერთობებია და დასავლეთიც შეეგუა, რომ აზერბაიჯანში ავტორიტარიზმია, თუმცა ბოლო ინციდენტმა მკაფიოდ აჩვენა: აზერბაიჯანის და რუსეთის მეგობრობა არ გამოვა გრძელვადიან პერსპექტივაში.

საქართველოს მიმართ კი, ბევრი კითხვაა. მთავარი ისაა, რომ თუ „ქართული ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში, ის შეიძლება გახდეს რუსეთის სატელიტი, რასაც, მაგალითად, აზერბაიჯანი არ დათანხმდება. აზერბაიჯანს საკმაოდ ძლიერი ამბიცია აქვს.

რაც მთავარია, გამოჩნდა, რომ აზერბაიჯანისთვის დასავლეთი უფრო მისაღებია: დასავლეთთან შეიძლება მოლაპარაკება, რუსეთთან კი, მოლაპარაკება შეუძლებელია. რუსეთი ყოველთვის გამოიყენებს მომენტს, როდესაც სუსტი იქნები და წაგართმევს რამეს.

საქართველოს მთავრობა ამ დროს პირიქით ფიქრობს, ჯობია რუსეთთან ურთიერთობა, ვიდრე დასავლეთთან, რომელიც გამუდმებით რაღაცის დაცვას გთხოვს

  • დასავლეთი ითხოვს დემოკრატიას, რაც „ოცნების“ რეჟიმისთვის ძალაუფლების დაკარგვას ნიშნავს? 

დიახ, რა თქმა უნდა, ასეა.

  • როგორია აქ შავი ზღვის ფაქტორი – ამასაც დათმობს დასავლეთი? 

რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში შავი ზღვა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება ის, რომ თურქეთსაც აქვს პორტები შავ ზღვაზე.

საქართველო დიდი ხანი ჩაკეტილი იყო მსოფლიოსთვის, მაგრამ მშვენივრად ეგუებოდა ამას ევროპა. არ არის ისეთი სიტუაცია, როცა გამოუვალ მდგომარეობაში ჩადგება ვინმე. რა თქმა უნდა, ნავთობის სადენები, რომელიც ახლა გადის აზერბაიჯანიდან ევროპაში, მარტივად ვერ ჩაანაცვლებენ, ამას დიდი ინვესტიცია სჭირდება, მაგრამ თანდათან შეეცდებიან, კომუნიკაციის ახალი ხაზები საქართველოზე აღარ გავიდეს, მაგალითად, როცა საუბარია ბაქო-ჯეიჰანის ახალი, დამატებითი ხაზის გაყვანაზე, შესაძლოა, ეს გავიდეს არა საქართველოზე, არამედ სომხეთზე.

  • როგორ აისახება ეს ეკონომიკურად საქართველოზე, არსებობს მიახლოებითი გათვლები? 

ეკონომიკური ზრდა, რაზეც გვესაუბრება „ოცნება“, დიდწილად და პირველ რიგში ამ დერეფნის ექსპლუატაციით არის გამოწვეული. თუ გადაზიდვების მაჩვენებელი, მაგალითად, შემცირდება ორჯერ – შესაბამისად, გაიაფდება კიდეც ეს მომსახურება – დაარტყამს საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალს. შესაბამისად, სიღარიბის მასშტაბიც გაიზრდება, რადგან შემცირდება შემოსავლები ბიუჯეტში, საიდანაც შემდეგ აფინანსებენ სოციალურ პროგრამებს, აცხადებენ ტენდერებს და ადამიანები საქმდებიან.

ეს პირდაპირპროპორციულად აისახება საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რაც აისახება სოციალურ გარემოზე.

  • თქვენი აზრით, რატომ არ ასანქცირებენ უფრო აქტიურად ევროკავშირის ქვეყნები „ოცნების“ რეჟიმის წარმომადგენლებს, რაც შესაძლოა აღმოჩნდეს ამ ქვეყნის გადარჩენის შანსი, მათ შორის, დასავლეთის სანდო მოკავშირის კუთხით?  

არსებობენ ქვეყნები, რომლებიც საქართველოზე ფიქრობენ, როგორც დერეფანზე, შესაძლებლობაზე, რომელიც სჭირდებათ. მათი ნაწილი პრაგმატულად ფიქრობს: მართალია, საქართველოში დემოკრატია დაჩაგრულია, მაგრამ საქართველოსთან ურთიერთობა არ შეიძლება გავწყვიტოთ, რადგან ეს ეწინააღმდეგება ჩემივე ინტერესებს.

არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომ იქნებ როგორმე არ დაკარგონ გავლენა „ქართული ოცნების“ მთავრობაზე: თუ ყველას ერთად დაასანქცირებენ, მაშინ დაკარგავენ გავლენის შესაძლებლობას…

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო სჭირდება ევროპას, ის მნიშვნელოვანი ელემენტია გეოპოლიტიკურად აზია-ევროპის ურთიერთობებში. ევროპაში, ცხადია, არავის უნდა, რომ საქართველოს ხაზი გადაუსვან და მოსპონ მასთან ურთიერთობა. ამ დამოკიდებულებას იყენებს „ოცნება“ თავის სასარგებლოდ.

ამიტომაც, მნიშვნელოვანია სანქციები, მაგრამ ეს არ არის ბერკეტი, რომლითაც შეძლებ დამარცხებას, მთავარია ხალხის ნება – ძალიან ბევრი ავტორიტარული რეჟიმია მსოფლიოში, რომლებიც სანქციების ქვეშ განაგრძობენ ცხოვრებას, პოულობენ გზებს, რომ ფული აკეთონ, გამდიდრდნენ კიდეც და კარგად გრძნობენ თავს.

შესაბამისად, „ოცნებას“ რაც უნდა სანქციები დაადოს დასავლეთმა, დიდია იმის ალბათობა, რომ ამას სხვა ქვეყნები არ შეუერთდებიან, შუა აზიის ქვეყნები იქნება ეს, ჩინეთი, ინდოეთი, არაბეთის ქვეყნები. ამიტომაც, მარტივად ვერ მოახრჩობ რეჟიმს მხოლოდ სანქციებით.

სანქციები არის მექანიზმი, რომელიც მოქმედებს პრესტიჟზე, მატერიალურადაც ასუსტებს ხელისუფლებას, მაგრამ უმთავრესად ეს არის სიგნალი ხალხისთვის, რომელიც ცხოვრობს ამ ქვეყანაში, რომ პოლიტიკურად უფრო აქტიური უნდა გახდნენ. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შანსი, რაღაც მოხდეს. მხოლოდ ის, რომ დასავლეთმა სანქციები დაუწესოს კონკრეტულ პირებს, ეს ვერ გადაწყვეტს საკითხს.

პრესტიჟის შემცირება პირდაპირ აისახება მმართველი ძალის პოზიციებზე ქვეყანაში, თუ ქვეყნის გარეთ. იქ ინვესტორი არ შემოდის, დაბალი დონის სავაჭრო კონტაქტებია და ასე შემდეგ.

„მე ფიცი მივეცი ქვეყანას და არა რომელიმე პარტიას“ – ინტერვიუ თავდაცვიდან გათავისუფლებულ პოლკოვნიკთან

„ქართული ოცნება“ თავდაცვის სამინისტროშიც იწყებს წმენდას. დღეს, 22 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ ე.წ. რეორგანიზაციის საფუძველზე თანამდებობიდან გაათავისუფლეს პოლკოვნიკი ლევან კურცხალია, რომელიც 31 წელია სამხედრო სამსახურშია და ნატოსა და ევროინტეგრაციის მიმართულებით მუშაობს.

ლევან კურცხალია თანამდებობიდან დათხოვნას მის პროევროპულ განწყობებს უკავშირებს. ლევან კურცხალიას თქმით, „ოცნების“ ხელისუფლებისთვის ცნობილია მისი ოჯახის წევრების კრიტიკული განწყობებიც. მისი შვილი, სესილი კურცხალია სასაზღვრო პოლიციიდან პროტესტის ნიშნად წამოვიდა, როდესაც ირაკლი კობახიძემ ევროინტეგრაციის შეჩერებაზე განაცხადა.

„ბათუმელები“ ლევან კურცხალიას დაუკავშირდა და ჰკითხა, რამდენად აქვს მოლოდინი, რომ შესაძლოა სხვა პროევროპული განწყობის მქონე სამხედრო პირებიც გაათავისუფლონ თავდაცვიდან.

  • ბატონო ლევან, თქვენ ხართ პირველი სამხედრო, ვინც გაათავისუფლეს თავდაცვის სამინისტროდან, თუ კიდევ უნდა ველოდოთ სხვებსაც?

სამხედრო წოდების მხოლოდ მე გამიშვეს. პირველი წმენდის ტალღა შეეხო სამოქალაქო ბლოკის წარმომადგენლებს და სხვადასხვა თანამდებობის პირს.

სამხედროები ამ წმენდაში მაშინ არ მოყოლილან. მე ვარ პირველი სამხედრო, რომელსაც შემეხო ე.წ. რეორგანიზაცია.

31 წელია სამხედრო სამსახურში ვარ, მოქმედ თავდაცვის მინისტრს მადლობაც აქვს ჩემთვის გამოცხადებული, სხვადასხვა დროს ვმუშაობდი აშშ-შიც ანალიტიკურ მიმართულებაზე, ნატოს მიმართულების სამმართველოს უფროსი ვიყავი შტაბში.

თავდაცვის სამინისტროშიც საერთაშორისო მიმართულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვიყავი, ვარ პოლკოვნიკის წოდებით და რაც მოხდა, ვფიქრობ, არის სამწუხარო ფაქტი.

ბრძანებაში წერია, რომ „გათავისუფლდეს რეორგანიზაციის გამო თანამდებობიდან“. არ ვიცი ეს რა რეორგანიზაციაა. თავდაცვის სამინისტროში რაღაცები შეცვალეს, თუმცა რეორგანიზაციის სახე რამდენად აქვს, ვერ გეტყვით, რადგან არსებითი ცვლილება არ მომხდარა. ამ რეორგანიზაციის შემდეგ მე ვრჩებოდი სამხედრო პირად თავდაცვის ძალებში, თუმცა იქაც არ შემომთავაზეს ჩემი კვალიფიკაციის შესაბამისი თანამდებობა და გუშინ საერთოდ გამათავისუფლეს თანამდებობიდან.

  • როგორც თქვენი საჯარო პოსტებიდანაც ჩანს, თქვენ გაქვთ პროევროპული განწყობები, წერთ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია. ფიქრობთ, რომ ეს გათავისუფლებაც ამას უკავშირდება, ეს არ მოსწონთ „ოცნებაში“?

არა მხოლოდ ეს.

უბრალოდ, სამწუხაროა ეს და სხვაც რომ ყოფილიყო ჩემს ადგილზე, ამხელა გამოცდილების და მაღალი კვალიფიკაციის, ყველა შემთხვევაში სამწუხარო ფაქტი იქნებოდა.

არ ვიცი სხვა სამხედროებსაც გაუშვებენ თუ არა, მაგრამ ჩემი გაშვება რა კრიტერიუმით მოხდა ესეც გაუგებარია. ალბათ იყო პოლიტიკური კონტექსტიც ჩემს გათავისუფლებაში, რადგან ცნობილია, როგორც ჩემი, ისე ჩემი ოჯახის განწყობა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, იმაზე, რაც საქართველოში ხდება. ეს მშვენივრად იციან.

  • თქვენი შვილის ფეისბუქს გადავხედე და როგორც ჩანს, ის აქტიურად მონაწილეობს იმ საპროტესტო აქციებში, რომელიც ქვეყანაში მე-9 თვეა იმართება. თქვენც ხომ არ დადიოდით საპროტესტო აქციებზე?

პროტესტებზე არ დავდიოდი, რადგან ზოგადად, სამხედრო მოსამსახურეებს პოლიტიკური ხასიათის აქტივობებში მონაწილეობა ეკრძალებათ, მაგრამ მე ქვეყანას მივეცი ფიცი და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას და ესეც არ გაითვალისწინეს, რომ სამხედრო მოსამსახურე პირველ რიგში არის ქვეყნის ინტერესების დამცველი.

  • ზოგადად, როცა სამხედროები ხედავენ, რომ „ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკა ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს, აზიანებს და საფრთხეს უქმნის ჩვენს ევროპულ მომავალს, ამაზე რას ფიქრობენ სამხედროები, ფიცის კონტექსტი ამაზე არ ვრცელდება?

ეს არის ინდივიდუალური შეფასების საგანი. მე ის ვიცი, რომ სამხედროების უმეტესობა, 99%-ი არის იმ ადამიანების, რომლებმაც ფიცი მისცეს თავის ქვეყანას და ემსახურებიან. ფიქრობენ, რომ ის, რასაც აკეთებენ, აკეთებენ ქვეყნისთვის.

  • მაგალითად, როცა „ქართული ოცნების“ მხრიდან ისმის განცხადებები -„ჩვენ ვერ მოვიგებთ ომს“, რომ „ლაჩრულად წავაგეთ ომი“ და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაშიც დუმილის ვალდებულება აქვთ მათ?

რა თქმა უნდა. ეს არის რაღაცნაირი პოლიტიკური ინსინუაციები, ზოგი შიდა მოხმარებისთვის, ზოგი – გარე მოხმარებისთვის, ამიტომ ყველა კეთილსინდისიერი სამხედრო აკეთებს თავის საქმეს – წაიყვანოს საქართველოს თავდაცვის ძალები ნატოსკენ, დასავლეთისკენ და გააძლიეროს თავდაცვის შესაძლებლობები. ეს არის ჩვენი პირველი რიგის ამოცანა.

  • და რომ არ მიჰყავს „ოცნებას“ დღეს აქეთკენ?

პოლიტიკოსები ურთიერთგამომრიცხავ რაღაცებს ლაპარაკობენ დღეს. პრემიერი ერთს ლაპარაკობს და უმრავლესობის ლიდერი – მეორეს. სად ვდიოთ ახლა ამას სამხედროებმა, ვიღაცების განცხადებებს.

  • მაგრამ ეს პოლიტიკოსები წყვეტენ იმას, რომ მაგალითად, ნატოს და ევროკავშირთან ინტეგრაციის უწყებები გააუქმეს საგარეოში, თავდაცვაშიც და ისინი კარნახობენ თავდაცვის პოლიტიკასაც.

რა თქმა უნდა, ეს ცუდია. მაგრამ ეს არის ინდივიდუალური შეფასების საგანი. მე არ ვიცი სხვა სამხედრო პირები როგორ შეფასებას აძლევენ მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ მე მივეცი შეფასება, როცა გამოვიდა ირაკლი კობახიძე და განაცხადა ის, რაც განაცხადა. რა თქმა უნდა, არ მომეწონა და სიტყვიერადაც გამოვხატე ეს პროტესტი. მათ შორის ჩემმა ოჯახმაც.

მიტინგების დარბევები როცა იყო, ჩემმა შვილმა დაწერა პატაკი და წამოვიდა პროტესტის ნიშნად შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

  • თქვენი შვილი კრიტიკულია შეფასებებში. ის წერს, რომ ქართველი სამხედროების მიმართ „ოცნების“ ხელისუფლების დამოკიდებულება, წააგავს სამშობლოს ღალატს. რა არის ის, რაც აზიანებს ვთქვათ, თქვენი შეფასებით, საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და როგორია ის პოლიტიკა, რასაც „ოცნება“ ბოლო წლებში ატარებს დასავლეთის მიმართულებით?

უსაფრთხოების და თავდაცვის მიმართულებით რასაც ვხედავ და სადაც ვმუშაობდი ბოლოს, მკვეთრად შეცვლილია მდგომარეობა. ჩვენ ვხედავთ როგორია ჩვენი მოკავშირეების დამოკიდებულება ჩვენს მიმართ და რას ვთავაზობთ ჩვენ. ისმის მხოლოდ კრიტიკა მეგობრების და რაღაცნაირად, ირიბად ხოტბის შესხმა ჩვენი მოწინააღმდეგეების.

ეს რომ გადავთარგმნოთ, საბოლოო ჯამში ჩვენს ქვეყანას და ჩვენი თავდაცვის სტრუქტურას მიიყვანს გამოუვალ სიტუაციაში, ყველა კარი ჩვენთვის დაკეტილი იქნება და კრიზისის შემთხვევაში, როგორი კრიზისიც არ უნდა იყოს ეს, უსაფრთხოების თუ ბუნებრივი კატაკლიზმების, ჩვენ ვიქნებით მარტო.

  • ეს არ ნიშნავს დამარცხებასთან შემგუებლობას, ოკუპანტისთვის თავის დახრას და წინააღმდეგობის შესუსტებას? ამისთვის ამზადებს „ოცნება“ ჯარს, ქვეყანას?

მე დღეს რასაც ვუყურებ, აქეთკენ მიდის ყველაფერი. მაგრამ ჩვენ, სამხედროები ვინც ვართ და რა საქმესაც ვაკეთებდით, ვფიქრობდით, რომ ჩვენი საქმე ემსახურებოდა მეტ ინტეგრაციას ევროსტრუქტურებში, მაგრამ პოლიტიკური მდგენელი, ასე რომ ვთქვათ, არის გაუარესებული და საბოლოო ჯამში ჩიხში მიიყვანს ჩვენს ქვეყანას.

  • სამხედროები ამას გრძნობენ, რომ ჩიხში შეჰყავთ ქვეყანა?

რა თქმა უნდა, ფონი არის საშინელი. ყველა ხედავს, რომ გუშინ რომ ფრანგებთან, ინგლისელებთან ან სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ინტენსიური შეხვედრები იყო, წვრთნები იყო, გაცვლა-გამოცვლა იყო, ეს ყველაფერი ან შემცირებულია, ან განულებული.

ჩამოდიოდნენ აშშ-ს, ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის თავდაცვის მინისტრები და ბოლოს ვინმემ მოისმინა, რომ რომელიმე დასავლური ქვეყნის თავდაცვის მინისტრი იყო ჩამოსული?!

ეს კავშირები დიდწილად არის შეჩერებული.

ერთი რამშტაინის უკრაინის მიმართულებაზე მიდის ხოლმე თავდაცვის მინისტრი, მაგის ამარად ვართ უკვე, რომ იქაც შეიძლება ვიღაცას ხელი ჩამოვართვათ თორემ დანარჩენი ყველაფერი შემცირებულია.

  • თქვენ კი ამბობთ, რომ ეს არ არის სამხედროების შეფასების საგანი, მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ. დავუშვათ შეიყვანა „ოცნებამ“ ეს ქვეყანა ჩიხში. სამხედროებიც მიჰყვებიან ამ ჩიხში „ოცნების“ მთავრობას? ანუ აძლევენ უფლებას სამშობლო რომელსაც შეჰფიცეს ერთგულება, დატოვონ ამ ჩიხში?

ჩვენ ვაკეთებთ იმას, რომ მეტი ინტეგრაცია იყოს ჩვენს დასავლელ კოლეგებთან, მაგრამ თუ ჩვენმა პარტნიორებმა დაინახეს, რომ მათ არავინ უწყობს ხელს, რომ უფრო მეტი აქტივობა გააკეთონ, ისინიც ჩაიქნევენ ხელს და ამბობენ კიდევაც, რომ პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ ამაზე მეტს ვერ გავაკეთებთ ამ ეტაპზე. რაღაც პროგრამები გაუქმდა, ბევრი ფინანსები იყო გამოყოფილი სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ და 2024-2025 წლებში ესეც გაუქმდა.

  • ვთქვათ, ხდება სამშობლოს ღალატი, ვგულისხმობ იმას, რომ შესაძლოა რუსებთან დაიწყოს ურთიერთობების აღდგენა „ოცნებამ“, დასავლეთის ჩამოშორება, ქვეყნის ბრძოლისუნარიანობის დასუსტება… ასეთ შემთხვევაში როგორ იქცევა თავდაცვის სამინისტრო, როგორი უნდა იყოს ამაზე სამხედროების რეაქცია?

თავდაცვის სამინისტროშიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ისინიც შეიძლება გახდნენ პროპაგანდის მსხვერპლი.

მაგრამ, რასაც ხალხი გადაწყვეტს, იმას დაიცავს ჯარიც. მოსახლეობის ნებაა ყველაფერი, ხომ?! რასაც გადაწყვეტს მოსახლეობა ისე იქნება, საბოლოო ჯამში. ვერავინ შეეწინააღმდეგება მოსახლეობის ნებას.

მაგრამ კურსის ასე ღია ცვლილება მოუმზადებლად არ ხდება. ამას უნდა შემზადება, კარგი მუშაობა, პროპაგანდა რამდენიმე წელი და მერე ჩაატარებენ ალბათ პლებისციტს, გვინდა თუ არა ნატოში, ევროკავშირში და არავინ ვიცით ამ პროპაგანდისტული მუშაობის შემდეგ რა შედეგი დადგება.

ეს არის საფრთხე, რა დეზინფორმაციებიც მოდის, რომ „ევროკავშირი არის საბჭოთა კავშირი“ თურმე და ასე შემდეგ, რაც არ არის ნორმალური, ხომ?!

  • ხომ არ ხდება ისე, რომ უკვე აჩვევენ სამხედროებსაც ლოიალურ განწყობებს რუსეთის მიმართ?

მაღალი თანამდებობის პირებს, საშუალო რგოლის მენეჯერებს ყველას ვიცნობ თავდაცვაში და ვიცი მათი დამოკიდებულება. ამიტომ არა მგონია რომელიმე მათგანს ჰქონდეს შემწყნარებლური დამოკიდებულება იმის მიმართ, რაც თქვენ ახსენეთ.

ეს არის გამორიცხული.

მაგრამ თუ შემგუებლობის პროპაგანდა წავიდა, ბოლოს ვინ რა განწყობაზე იქნება, ამაზე პასუხი არ მაქვს. რადგან შესაძლოა ეს პროპაგანდა ხვალ-ზეგ უფრო გაღრმავდეს და ვიღაცებმა მართლა დაიჯერონ, რომ თურმე ჩვენი გმირები, რომლებიც ჯერ 91-ში, შემდეგ კი 2008 წელს ომში დაიღუპნენ და რუსების მიერ იქნენ მოკლული, არ არიან თურმე გმირები.

ყოველ შემთხვევაში დღეს ამაზე ყველას აქვს კრიტიკული განწყობა.

  • თქვენ როგორი მოლოდინი გაქვთ როგორც სამხედრო პირს და რას აპირებთ მომავალში?

მე სამართლებრივი პროცესი დავიწყე და ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

მინდა დავამტკიცო, რომ ჩემი გათავისუფლება იყო უკანონო, რადგან არც რეორგანიზაცია იყო შესაბამისად გაკეთებული და არც ჩემი დათხოვნა მომხდარა სწორად. ამით მინდა დავიცვა სხვა სამხედროებიც, ხვალ და ზეგ ისინიც რომ არ აღმოჩნდნენ ჩემსავით დასჯილები კრიტიკული აზრის თუ სიტყვის თავისუფლების გამო. ისევე, როგორც მე დამსაჯა დღევანდელმა რეჟიმმა, თუ რაც არის.

Revenue Service Issues Statement on Batumelebi & Netgazeti — No Formal Communication Established

The Revenue Service of the Ministry of Finance has expressed its readiness to lift the seizure of Gazeti Batumelebi’s (Batumelebi & Netgazeti) accounts and allow the organization to repay its debt in installments, contingent upon reaching a tax agreement.

However, as of now [July 22, 20:20], no formal communication has been established between the agency and Batumelebi & Netgazeti. The most recent exchange was the Revenue Service’s refusal to provide the requested installment schedule.

According to the Revenue Service, as of July 21, 2025, Batumelebi&Netgazeti had an officially recognized tax debt totaling 282,191.97 GEL.

“We also clarify that the measure to ensure the payment of tax debt (seizure of accounts) is carried out automatically, based on risk assessment indicators integrated into the electronic system,” the Revenue Service stated in its official statement.

The statement notes that the account seizure was carried out automatically, but the agency is willing to allow Batumelebi & Netgazeti to repay the debt according to an agreed schedule.

However, communication between Gazeti Batumelebi (which includes both the Batumelebi and Netgazeti editorial offices) and the Revenue Service took place both before and after the seizure. Despite this, the agency declined a proposed payment plan at either stage.

Initially, Gzeti Batumelebi was contacted by the Revenue Service via phone call and informed that it had a debt which had to be paid within five days. Otherwise, an enforcement order (incasso/seizure) would be applied to its accounts, followed by the seizure of assets and the initiation of enforcement proceedings.

Gazeti Batumelebi had already acknowledged the debt to the state and had been making payments toward it – it has always been recognized debt.

Following the threat of seizure, Batumelebi & Netgazeti formally requested the Revenue Service approve a payment schedule for the debt, as provided for in the Tax Code — but the request was denied three times.

Gazeti Batumelebi made another request for a payment schedule even after the seizure was enforced, but on July 21, it again received a refusal.

On July 22, with the support of its readers, Gazeti Batumelebi transferred 47K GEL to its still-seized account — the full amount of its principal debt to the state budget. What remains to be paid are the accrued charges: 126K GEL in penalty interest and 109K GEL in fines.

__________________

Revenue Service Seizes Bank Account of Batumelebi & Netgazeti Amid Pressure on Mzia Amaglobeli

 

უცხოურ ვალუტაში სესხის აღება სებმა კიდევ უფრო გაამკაცრა მათთვის, ვისაც შემოსავალი ლარში აქვთ

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა [სებ] უცხოურ ვალუტაში სესხის აღების პირობები კიდევ უფრო გაამკაცრა მათთვის, ვისაც შემოსავალი ლარში აქვთ.

2025 წლის 1-ლი აგვისტოდან, სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 750 000 ლარამდე სესხი/საბანკო კრედიტი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით.

შესაბამის ბრძანებას სებ-ის პრეზიდენტმა ნათელა თურნავამ ხელი 2025 წლის 21 ივლისს მოაწერა. ამავე წლის იანვრიდან დღემდე შესაბამისი ქვედა ზღვარი 500 000 ლარი იყო [გასულ, 2024 წელს კი, ეს ზღვარი სებ-მა 300 000-დან 400 000 ლარამდე გაზარდა].

სების პრეზიდენტის ახალ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „ლარით გაცემულ სესხად/საბანკო კრედიტად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი/საბანკო კრედიტი“.

ამავე ბრძანების მიხედვით, 750 000 ლარიანი ზღვარი გარკვეულ შემთხვევებში არ მოქმედებს. მაგალითად:

„თუ სესხის/საბანკო კრედიტის გაცემის შედეგად თითოეული მსესხებლის ჯამური ვალდებულებები ამავე გამსესხებლის მიმართ 750 000 ლარს აღემატება. ჯამური ვალდებულებების დათვლისას არ უნდა იქნეს გათვალისწინებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილი ან/და თავდებობით ნაკისრი ვალდებულებები;

თუ სესხი/საბანკო კრედიტი გაიცემა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე ან/და საქართველოში არარეგისტრირებულ იურიდიულ პირზე;

თუ სესხი/საბანკო კრედიტი სრულად არის უზრუნველყოფილი ფულადი სახსრებით იმავე ვალუტაში და სხვა“.

ამავე თემაზე:

რა უნდა გავითვალისწინოთ საბანკო სესხის აღებისას

სახელმწიფომ 2017 წელს „გალარების პროგრამა“ დაიწყო. მაშინ 100 ათას ლარამდე სესხების პორტფელში მოქალაქეების უმეტესობას, ძირითადად, 10 ან 20 ათასი დოლარის სესხი ჰქონდა. იმ მიზნით, რომ აღარ გაგრძელებულიყო სესხის აღება დოლარში, სახელმწიფომ ხელოვნურად მოახდინა ერთგვარი პრევენცია ლარიზაციის პროგრამით, რომ ყველა სესხი 100 ათას ლარამდე, ბანკებიდან გასულიყო არა უცხოურ ვალუტაში, არამედ ლარში.

ვრცლად „ბათუმელების“ არქივიდან:

ვინ იხეირა გალარების პროგრამით

ახალი კანონი რუსეთში – დააჯარიმებენ პირს, რომელიც აკრძალულ მასალებს მოძებნის ინტერნეტში

დღეს, 22 ივლისს, რუსეთის დუმამ მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი ინტერნეტში აკრძალული, „ექსტრემისტული მასალების“ ძიებისთვის ჯარიმის შესახებ.

ჯარიმის ოდენობა 3-დან 5 ათას რუბლამდე იქნება.

საუბარია ექსტრემისტულად აღიარებულ და რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ სიაში შეტანილ მასალებზე, მათ შორის  მუსიკალური კომპოზიციებზე, ილუსტრაციებზე, ვიდეოებზე, სტატიებზე, წიგნებზე და სხვა ტექსტებზე. სიაშია ათასობით მასალა.

რუსული პროპაგანდისტული მედია Tass-ი, განმარტავს რომ კანონის დარღვევაში ეჭვმიტანილ პირებს შეიძლება მოსთხოვონ თავიანთი მოწყობილობების წარდგენა.

„დიდი ალბათობით, პირი შეიძლება იქნეს ეჭვმიტანილი ექსტრემისტული ინფორმაციის მოძიებაში „როსკომნადზორისა“ და მობილური ოპერატორების მიერ მოწოდებული ინფორმაციის, ოპერატიული ინფორმაციისა და სხვა მოქალაქეების განცხადებების საფუძველზე“ – წერს „ტასი“.

ასევე, „ტასის“ ცნობით, ჟურნალისტებს, მეცნიერებს და სხვა მოქალაქეებს არ შეეძლებათ ინტერნეტში ასეთი მასალების თავისუფლად მოძიება. მათი შესწავლისთვის გათვალისწინებულია სპეციალური პროცედურა, რომელიც დაკავშირებული იქნება ბიბლიოთეკის ფონდებში მუშაობასთან.

გარდა ამისა, არსებულ კანონს დაემატა ცვლილება, რომლითაც VPN სერვისების რეკლამირებისთვის 500 ათას რუბლამდე ჯარიმა დაწესდა.  დუმამ ასევე მიიღო ცვლილება, რომელიც VPN სერვისების გამოყენებით დანაშაულის ჩადენას დამამძიმებელ გარემოებად აღიარებს.

 

„შუახევი ჰესი“ – დამოუკიდებელ საქართველოში აგებული ყველაზე დიდი ენერგოობიექტი 5 წლისაა

187 მგვტ სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აშენებული ყველაზე დიდი ენერგოობიექტია.

ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი ჯამში ქვეყნის გენერაციაში 4-5% შეადგენს. ელექტროენერგიის სტაბილურ და უსაფრთხო გამომუშავებასთან ერთად კომპანიის პრიორიტეტს წარმოადგენს უსაფრთხოება, გარემოს დაცვა და სოციალური საკითხები.

„შუახევის ჰესმა“ ოპერირება 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყო. მას შემდეგ სადგურმა 200 გიგავატი საათში ელექტროენერგია გამოიმუშავა და 2023 წლიდან ყოველწლიურად აჭარბებს საპროექტო მაჩვენებლებს.

შუახევის ჰესების კასკადი მოიცავს 178 მგვტ „შუახევი ჰესს“ და 9 მგვტ სიმძლავრის „სხალთა ჰესს“, შესაბამისი წყალსაცავებით, კაშხლებითა და დამბით მდინარეებზე: აჭარისწყალი, სხალთისწყალი და ჩირუხისწყალი.

 

სატიშ ბჰატი, „აჭარისწყალი ჯორჯიას„ აღმასრულებელი დირექტორი ჰესის როლზე:

„ხუთ წელზე მეტია, რაც შუახევი ჰესი წარმატებით გამოიმუშავებს ელექტროენერგიას. ამ წლების განმავლობაში ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერეთ ჩვენი კომპანიის, როგორც ლიდერის პოზიცია განახლებადი ენერგიის სექტორში, როგორც აქტივების საიმედოობის გაუმჯობესებით, ასევე, საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანით.

ჩვენ მომავალშიც ორიენტირებულნი ვიქნებით უსაფრთხოების გაძლიერებაზე, ინოვაციების დანერგვაზე, მდგრადობის ხელშეწყობაზე, ოპერაციულ გაუმჯობესებაზე და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გაძლიერებაზე“.

სატიშ ბჰატი, აჭარისწყალი ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი
სატიშ ბჰატი, „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი

ენერგოკომპანიამ ჰესების კასკადის მართვის პროცესში თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენება ოპერირების დაწყებისთანავე დაიწყო. შუახევის ჰიდროელექტროსადგურში დაინერგა მონიტორინგის სისტემა, რომელიც დაფუძნებულია რეალურ დროში მონაცემების ზუსტი სენსორული მაჩვენებლებისა და ჰიდრავლიკური კონსტრუქციების, კაშხლების, გვირაბების და აღჭურვილობის ანალიზზე.

ყოვლისმომცველი მონიტორინგის შედეგად მიღებული დასკვნები ხელს უწყობს გრძელვადიანი სტრატეგიების ჩამოყალიბებას, ჰიდრავლიკური კომპონენტების მუშაობაზე დაკვირვება კი საშუალებას იძლევა სტრატეგიულად დაიგეგმოს ტექნიკური სამუშაოები და ოპტიმალური და ეფექტური გახადოს მუშაობის პროცესი.

შუახევის ჰიდროელექტროსადგურში დიგიტალიზაციის პროექტების ინტეგრაციამ მნიშვნელოვანი წინსვლა გამოიწვია შემოდინების პროგნოზირებაში, ისეთი სისტემების გამოყენებაში, როგორიცაა: პაუელის შემოდინების პროგნოზირება და თოვლის საზომი კვლევები. ამ ტექნოლოგიურმა დანერგვამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა შემოდინების გამოთვლების სიზუსტე და უზრუნველყო ქსელში ელექტროენერგიის წარმოების ზუსტი დაგეგმვა.

მნიშვნელოვანი წინსვლაა ჰიდროელექტროსადგურის სამ კრიტიკულ წერტილში მდინარის წყლის სიმღვრივის ონლაინ მონიტორინგის სისტემის დანერგვა შუახევის ჰიდროელექტროსადგურის მართვის პროცესში. უსაფრთხო ექსპლუატაციაზე და ელექტროენერგიის გამომუშავების ეფექტურობის ოპტიმიზაციაზე ფოკუსირებით, ეს სისტემა არა მხოლოდ იცავს მოწყობილობებს, არამედ ხელს უწყობს ელექტროენერგიის მდგრად წარმოებას.

2025 წელს ჰიდროელექტრო სადგურში დაინერგა ახალი ციფრული სისტემა, სადაც QR კოდის საკანერებით ხდება ჰესის ძირითადი და დამხმარე მოწყობილობების, ამვდროულად სათავე ნაგებობების შემოწმება და მონაცემების შენახვა ჰესის ძირითად სერვერზე.

„ჩვენი კომპანიის ოპერირების გუნდი უწყვეტად ახორციელებს ჰესის გამართულ მუშაობას. აგრეგატები ყოველთვის მზადყოფნაშია, რათა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მოთხოვნის შესაბამისად, ნებისმიერ დროს მივაწოდოთ ელექტროენერგია” – ამბობს თამაზ ურეკაძე, ოპერირების გუნდის ხელმძღვანელი.

ჰესებზე დიდი ყურადღება ეთმობა უსაფრთხო ოპერირებას, რისთვისაც გუნდი უწყვეტ მონიტორინგს ახორციელებს

„საქმიანობის პროცესში, მუდმივად ვცდილობთ გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები. გასულ წელს განხორციელდა სხალთა-დიდაჭარის გვირაბის დათვალიერება დისტანციურად მართვადი წყალქვეშა რობოტის საშუალებით. ამ მიდგომამ საშუალება მოგვცა მიგვეღო გვირაბის მაღალი გარჩევადობის 3D პროფილი, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ გვირაბი ტექნიკურად გამართულია” – ამბობს გოგიტა ბოლქვაძე, სამოქალაქო ინჟინერი.

შუახევის ჰესების კასკადი ყოველწლიურად გამოიმუშავებს დაახლოებით 450 მლნ კვტსთ ელექტროენერგიას, რითიც ის ზრდის ქვეყანაში ელექტროენერგიის შიდა წარმოებას, აძლიერებს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას და ხელს უწყობს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ სვლას.

კომპანიამ ქართულ ენერგოსექტორში 550 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. „შუახევი ჰესი“ დღემდე ყველაზე მსხვილ საინვესტიციო პროექტად რჩება. მშენებლობის ეტაპზე კომპანიის მიერ დასაქმებული იყო 1000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე, მათ უმეტესობას ადგილობრივი მოსახლეობა წარმოადგენდა.

„ძლიერი ქალი ძლიერი ქვეყნის საწინდარია“ – ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა

კომპანიის პრიორიტეტს, როგორც მშენებლობის ასევე ოპერირების ეტაპზე, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება წარმოადგენს.

ამავე დროს, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ იყო პირველი კომპანია, რომელმაც დაამკვიდრა კორპორაციული პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტი ქართულ ენერგო სექტორში. მშენებლობის პირველივე ეტაპიდან კომპანიამ დაიწყო სოციალური პროექტების განხორციელება, რომლის მთავარ მიზანს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება და რეგიონის გრძელვადიანი განვითარება წარმოადგენდა.

კომპანია სოციალური პროექტების განხორციელებას ელექტროენერგიის გამომუშავების ეტაპზეც აგრძელებს.

ენერგოკომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მფლობელები/მეწილეები არიან: Clean Energy Invest AS (ნორვეგია) და Tata Power (ინდოეთი).

„შუახევი ჰესის“ პროექტს აფინანსებენ ისეთი ცნობილი და ავტორიტეტული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, როგორიცაა: საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და აზიის განვითარების ბანკი (ADB).

ბათუმის აქციების მედროშე თემურ ქათამაძე და ნინა კაკულია დაქორწინდნენ

თურქეთში დაქორწინდნენ ბათუმის აქციების მედროშე თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] და ნინა კაკულია. ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ ნინა კაკულიამ დაუდასტურა.

წყვილმა ქალაქ ფაცაში იქორწინა. ორდუს პროვინციაში მდებარე ამ პატარა ქალაქში მუჰაჯირი ქართველის ბევრი შთამომავალი ცხოვრობს. ფაცადანაა წარმოშობით თემურ ქათამაძეც.

ნინა კაკულიამ გვითხრა, რომ ქორწინება სიმბოლურად აღნიშნეს ეკლესიასთან.

„ეს ტაძარი მოქმედი არ არის, მაგრამ სიმბოლურად იქ აღვნიშნეთ მაინც ჩვენი ქორწინება, იასონის კონცხზე მდებარეობს. საინტერესო ალუზიაა, მგონი. 1868 წელს აგებული ბერძნული ბაზილიკაა, იასონის ეკლესიადაა ცნობილია აქ, ისე წმ. მარიამის ეკლესია ყოფილა“ – მოგვწერა ნინა კაკულიამ.

ბათუმის აქციების მედროშე თემურ ქათამაძე „ოცნებამ“ საქართველოდან იძულებით გააძევა 11 ივნისს.

თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია და ბოლო 13 წელია ბათუმში ცხოვრობდა. იმის მიუხედავად, რომ თემურ ქათამაძე სრულფასოვნად საუბრობს ქართულ ენაზე, უმაღლეს ქულებზე ჩააბარა კანონით დადგენილი გამოცდები ქართულ ენასა და საქართველოს ისტორიაში, მას არც საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭეს, არც ბინადრობა მისცეს და ლტოლვილის სტატუსზეც უარი უთხრეს.

საქართველოდან გაძევებამდე თემურ ქათამაძე, რომელიც ბათუმის პროტესტის ერთ-ერთი სახე და აქციების მედროშე იყო, 11 იანვარს პოლიციამ დააკავა ბათუმის სამმართველოსთან გამართულ აქციაზე. დაკავების დროს, როგორც ქათამაძე ამბობს, მასზე ფიზიკურად იძალადა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ.

მაშინ თემურ ქათამაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, რამდენიმე წუთში ბათუმის აქციის მედროშე ხელმეორედ დააკავეს და საბოლოოდ ქვეყნიდან გააძევეს საემიგრაციო ციხეში ყოფნის შემდეგ. ციხეში თემურ ქათამაძე 45 დღის განმავლობაში შიმშილობდა პროტესტის ნიშნად.

თემურ ქათამაძე ჯერ კიდევ პატიმრობაში, სასამართლოსგან ითხოვდა რამდენიმე საათით გათავისუფლებას, რათა ნინა კაკულიაზე ექორწინა, თუმცა მას მაშინ უარი უთხრეს.

ამავე თემაზე: 

"თემური არის ნამდვილი რაინდი", - ნინა კაკულია

 

 

შვილის გაუპატიურების ბრალდებით ბათუმში კაცი დააკავეს

ბათუმში დააკავეს პირი, რომელიც შვილის გაუპატიურებაშია ბრალდებული. ინფორმაციას შსს-ს ავრცელებს.

შსს-ს ინფორმაციით, „ბრალდებული მამაკაცი, როგორც თურქეთში, ასევე, საქართველოში ყოფნისას საკუთარ შვილზე სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, სექსუალურად სისტემატურად ძალადობდა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 45 წლის კაცი ბრალდებულის სახით ბათუმში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე და 11 პრიმა 151-ე მუხლებით მიმდინარეობს“.

უწყების ცნობით, დაკავებული თურქეთის მოქალაქეა.

დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მკითხველის მხარდაჭერით „ბათუმელები/ნეტგაზეთმა“ დაფარა დავალიანების ძირი თანხა

დღეს, 22 ივლისს, „ბათუმელებმა“ გადაიხადა 47 ათასი ლარი. სწორედ ამ ოდენობის დავალიანება – ძირი თანხა – ჰქონდა ორგანიზაციას ბიუჯეტის წინაშე.

„ბათუმელებმა“ ამ დავალიანების დაფარვა მოახერხა მკითხველის მხარდაჭერით. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის.

ამ ეტაპზე „ბათუმელებს“ გადასახდელი დარჩა ძირ თანხაზე დარიცხული საურავი და ჯარიმა: საურავი 126 ათასი ლარი და ჯარიმა – 109 ათასი ლარი.

ინკასო, როგორც ინსტრუმენტი ხელისუფლებამ გამოიყენა მზია ამაღლობელის განაჩენის ეტაპზე. შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ ინკასო და უახლეს მომავალში დაგეგმილი ყველა სხვა ოპერაცია მიმართულია მზია ამაღლობელის წინააღმდეგ, პერსპექტივაში კი მის მიერ შექმნილი მედიაორგანიზაციის გასანადგურებლად.

ამის მარტივი დადასტურებაა ერთი მაგალითი: შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 მაისის ოფიციალური ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედის“ დავალიანება ბიუჯეტის წინაშე არის 17 მილიონი ლარი. „რუსთავი 2-ს“ კი 25 მილიონი ლარი აქვს ბიუჯეტისთვის გადასახდელი.

„ბათუმელებს“ სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება აღიარებული ჰქონდა და ყოველთვიურად იხდიდა თანხას მის დასაფარად.

ინკასოს მუქარის შემდეგ, „ბათუმელებმა“ შემოსავლების სამსახურს ოფიციალურად მიმართა და ითხოვა ვალის გადასახდელად ჩვენთვის შემოეთავაზებინათ გრაფიკი. ამას საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს, თუმცა უარი გვითხრეს.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 ივლისის 21 საათიდან 23 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:

  • დღისით: 28 – 33 გრადუსი სითბო
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 24 – 29 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +26 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 24 ივლისს ღამის და დილის საათებში მოსალოდნელია წვიმა, დღისით და მომდევნო 2 დღეს კი უმეტესად უნალექო ამინდი.

ავტოსადგურთან ქუჩის გადაკეტვის გამო ბათუმის ავტობუსების მარშრუტები შეიცვალა

ბათუმის ავტოსადგურთან გზა [სევერიანე აჭარელის, ყოფილი მაიაკოვსკის, ქუჩის დასაწყისი] ავტოტრანსპორტისთვის გადაკეტილია. შესაბამისად, შეიცვალა საქალაქო ავტობუსების მოძრაობის მარშრუტიც, რის გამოც ქალაქის მთავარ აგრარულ ბაზართან არცერთი მუნიციპალური ავტობუსი აღარ გაივლის.

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გზის აღნიშნული მონაკვეთი დაახლოებით 1 თვე, ან თვენახევარი დარჩება გადაკეტილი. „გააჩნია როგორი ამინდი იქნება, ვინაიდან ამაზეა სამუშაოების მიმდინარეობა დამოკიდებული. გზის გადაკეტვა შავშეთის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობას უკავშირდება.“ – გვითხრეს დღეს, 22 ივლისს, მერიის სამმართველოში.

ბათუმში სევერიანე აჭარელის [ყოფილი მაიაკოვსკის] ქუჩის დასაწყისი გადაკეტილია. 22.07.2025.
ბათუმის მერიას და არც მის შესაბამის სამსახურებს [მათ შორის „ბათუმის ავტოტრანსპორტს] გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებიათ.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ცხელ ხაზზე კი, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ თითქმის ყველა ავტობუსის მარშრუტი – რომლებიც ჭავჭავაძის ან/და ბარათაშვილის ქუჩიდან, წერეთლის ქუჩის გავლით, ბაზრის მიმართულებით მიდიოდა – შეიცვალა.

„ეს ავტობუსები ჭავჭავაძის ქუჩით მიდის საბაგირომდე და შემდეგ ბაქოს ქუჩის გავლით გადადიან ბარცხანის ხიდზე. უკუმიმართულებაც იგივეა: ბარცხანის ხიდი-ბაქოს ქუჩა-საბაგირო-ჭავჭავაძის ქუჩა. ჯერ ჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია რამდენი დღით შენარჩუნდება ეს დროებითი მარშრუტი“ – გვითხრეს „ავტოტრანსპორტის“ ცხელ ხაზზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ შავშეთის ქუჩაზე [ბაგრატიონიდან-ბაქოს ქუჩამდე მონაკვეთში] სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა მიმდინარეობს. მერიის სამმართველომ 2023 წელს გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად შპს „გზა“ გამოავლინა. სამუშაოების დასრულების ვადა კი, ხელშეკრულების პირობის მიხედვით, 2026 წლის 28 მარტია.

ნორვეგია მზადაა უკრაინისთვის „პატრიოტის“ სისტემების შეძენის სქემაში ჩაერთოს

ბერლინი და ოსლო უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების ერთობლივად დაფინანსებას გეგმავენ.

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ განაცხადა, რომ ოსლო მზადაა, უკრაინას „პატრიოტის“ სისტემების შესყიდვაში დაეხმაროს.

ნორვეგიის პრემიერმა ეს განცხადება გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

გერმანიის კანცლერის თქმით, გერმანია და ნორვეგია მომავალში უსაფრთხოებისა და შეიარაღების სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავენ.

14 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნები ამერიკულ იარაღს, ძირითადად „პატრიოტის“ საზენიტო-სარაკეტო სისტემებს შეიძენენ და უკრაინას გადასცემენ.

გერმანიამ, დანიამ, შვედეთმა და ნიდერლანდებმა განაცხადეს, რომ მზად არიან ამ სქემაში მონაწილეობისთვის.

ჰელსინკის კომისია მზია ამაღლობელის პატიმრობას ეხმიანება

დღეს, 22 ივლისს, ჰელსინკის კომისია X-ზე „ბათუმელებისა“ და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობას ეხმიანება.

„ქართული ოცნება“ ცდილობს დამალოს კორუფცია და დანაშაულები ქართველი ხალხის წინააღმდეგ თავისუფალი პრესის ჩახშობით. ისინი ცდილობენ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გაჩუმებას, რომელიც იანვრიდან პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფება“, – აცხადებს ჰელსინკის კომისია.

  • რა ხდება?

მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის 6 თვე უკანონო პატიმრობაში იმყოფება – სილის გაწვნის გამო მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

ავტორიტეტული უფლებადამცველების შეფასებით კი, სილის გაწვნა, რასაც არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.

სილის გაწვნა რომ თავდასხმა არ არის, ამას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.

მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ], პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის [IPI] და რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს [RSF] წარმომადგენლები 13 ივლისს რუსთავში, ქალთა კოლონიასთან მივიდნენ და ასე გამოხატეს სოლიდარობა უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ. ისინი ბათუმის სასამართლოში 14 ივლისს პროცესსაც დაესწრნენ.

მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ, ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

ამავე რეზოლუციით, ევროპარლამენტი „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პატიმრობაში მისი [მზია ამაღლობელის] მხედველობის კრიტიკული გაუარესების გამო და მოუწოდებს სანდო სამედიცინო მომსახურების დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობისკენ“.

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო ასევე სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა პირველ აგვისტოს დასრულდება.

როდის აღდგება ბათუმის წყლით მომარაგება სრულად – კომპანიის განცხადება

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ჩაქვის მდინარეზე სიმღვრივის მომატების გამო, სათავიდან წყალმომარაგება შეეზღუდათ:

ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, შესახვევებსა და ჩიხებში, ადლიის მიმართულებით, თამარის დასახლებაში, წინსვლაში, ორთაბათუმსა და ბარცხანაში, ნობელების, მაიაკოვსკის, ჰელიმიშის, ნიჟარაძის, კაჩინსკების, ზღვისპირის, შავშეთის, ლეონიძის, ტაბიძის, აღმაშენებლის ქუჩებსა და აეროპორტის გზატკეცილზე მცხოვრებ აბონენტებს;

ასევე, ქვემოთ აღნიშნული მისამართებზე, რომლებიც კომპანიამ მოგვიანებით დაამატა:

გოგებაშვილის ქუჩა N150, ო. ჭილაძის ქუჩა N117, ე. ნინოშვილის ქუჩა N101, ქუთაისის ქუჩა N152, ზ. გამსახურდიას ქუჩა N153, ხულოს ქუჩა N116, გენ. მაზნიაშვილის ქუჩა N154, კ. გამსახურდიას ქუჩა N155, ს. ჟღენტის ქუჩა N288, ნ. დუმბაძის ქუჩა N156, კ. მარჯანიშვილის ქუჩა N112, ნ. ბარათაშვილის ქუჩა N139, დ. თავდადებულის ქუჩა N163, ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩა N144, ს. ესენინის ქუჩა N147, ზ. ბერიძის ქუჩა N160, იმედაშვილის ქუჩა N1-15; 2-14, ვაჟა ფშაველას ქუჩა N1-5; 2-8, 26 მაისის ქუჩა N1-5; 2-8, რუსთაველის ქუჩა N103, ალ. ახმეტელის ქუჩა N104, მ. აბაშიძის ქუჩა N1-49; 2-46, ა. მელაშვილის ქუჩა N107, გორგილაძის ქუჩა N1-13, 2-8, მ. კოსტავას ქუჩა N108, ი. აბაშიძის ქუჩა N110, ნ. ჟორდანიას ქუჩა N109, ფარნავაზ მეფის ქუჩა N1-69; 2-70, საიათნოვას ქუჩა N117, გორგასალის ქუჩა N1-51; 2-60, ჭავჭავაძის ქუჩა N1-39; 2-34, რ. კომახიძის ქუჩა N123, რ. კომახიძის შესახვევი N1-120, ა. წერეთლის ქუჩა N1-15-სა და ზუბალაშვილის ქუჩა N1-39; 2-34-ში მცხოვრებ აბონენტებს.

„წყალმომარაგება 22 ივლისის 20:00 საათისთვის აღდგება“ – აცხადებს კომპანია.

 

მთავარი ფოტო: ჩაქვის სათავე ნაგებობა / „ბათუმის წყლის“ ფოტო

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 22 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 22 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 044 250 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 090]
  • ტანკი – 11 038 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 23 035 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 30 680 ერთეული [+43]
  • MLRS – 1 445 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 199 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 421 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 47 437 ერთეული [+256]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 533 ერთეული [+18]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 55 953 ერთეული [+94]
  • სპეცტექნიკა – 3 935 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 22 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 664 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 71 722 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 622 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 297 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 577 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 27 710 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 38 560 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ხომალდებს ახალი სანქციები დაუწესა

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

“ოცნება“ მის ხელთ არსებულ ფინანსურ ბერკეტს კრიტიკული მედიის შესავიწროებლად იყენებს” – ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შემოსავლების სამსახურის მიერ  შპს „გაზეთი ბათუმელების“ ანგარიშებზე ინკასოს დადებას ეხმაურება.

ქარტიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ბათუმელები“ ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე მისი დავალიანება ბიუჯეტის მიმართ ძირი თანხის სახით 47 ათას ლარს, საურავის სახით 126 ათას ლარს, ხოლო ჯარიმის სახით 109 ათას ლარს შეადგენს.

გამოცემას სახელმწიფოს წინაშე დავალიანება აღიარებული ჰქონდა და იხდიდა თანხას მის დასაფარად.

„ბათუმელების“ თხოვნას, ვალის გადასახდელად მისთვის გრაფიკი შეედგინა, ივლისის დასაწყისში შემოსავლების სამსახურმა უარით უპასუხა.

„ბათუმელების” მოლოდინით, შემდეგი ეტაპი ქონების დაყადაღება და აღსრულების დაწყება იქნება, რაც ნიშნავს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო „ბათუმელების“ ქონებას – ოფისსა და ტექნიკურ აღჭურვილობას – გაყიდის.

უკვე წლებია, საქართველოში მედიას უკიდურესად მძიმე პირობებში უწევს მუშაობა, სარეკლამო რესურსების სიმცირის და რეპრესიული კანონმდებლობის გამო. „ბათუმელები“, მზია ამაღლობელის ხელმძღვანელობით, ძალ-ღონეს არ იშურებდა რომ, წინააღმდეგობების მიუხედავად, მკითხველამდე დროულად მიეტანა მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი, სანდო და გადამოწმებული ინფორმაცია.

გამოცემა დაუღალავად ააშკარავებდა კორუფციის ფაქტებს და იცავდა ადამიანების შელახულ უფლებებს. 2025 წლის იანვრიდან მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში იმყოფება, რამაც ორგანიზაციის საქმიანობა მნიშვნელოვნად შეაფერხა და მის ფინანსურ მდგომარეობაზეც აისახა.

ინკასოს დასადებად შერჩეული დრო – როცა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დასასრულს უახლოვდება, ქარტიას აფიქრებინებს, რომ „ქართული ოცნება“ მის ხელთ არსებულ ფინანსურ ბერკეტს კრიტიკული მედიასაშუალების გასაჩუმებლად და შესავიწროებლად იყენებს.

შემოსავლების სამსახურის გააქტიურება მსგავს ეჭვებს აღძრავს იმის გამოც, რომ უკვე წლებია, პროსახელისუფლებო ტელევიზიებს – „იმედსა“ და „რუსთავი2“-ს, მილიონობით ლარი აქვთ საბიუჯეტო დავალიანება, რაც მათ მიმართ სააღსრულებო მოქმედების საფუძველი არ გამხდარა.

სახელმწიფოს ვალდებულებაა, ხელი შეუწყოს დემოკრატიული ინსტიტუციების, მათ შორის, მედიის განვითარებას, რომლის როლი დემოკრატიის გამართულად ფუნქციონირებაში შეუფასებელია.

სახელმწიფო პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს მედიაბიზნესის, რომელიც განსაკუთრებულად მგრძნობიარეა პოლიტიკური და ეკონომიკური რყევების მიმართ, დაცვისა და ხელშეწყობისკენ და არა გადასახადების ამოღების მოტივით მისი დათრგუნვისა და განადგურებისკენ.

ქარტია მოუწოდებს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურს, მოხსნას ინკასო „ბათუმელების“ ანგარიშებს, შეუდგინოს მას გრაფიკი დავალიანების გასასტუმრებლად და გამოცემას ნორმალურად ფუნქციონირების საშუალება მისცეს”.

შემოსავლებმა „ბათუმელებს“ ინკასო დაადო – მორიგი ზეწოლა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ

აღიარე, რომ გვირაბს თხრიდი ბომბეიმდე და ვიფიქრებთ საპროცესოზეო – მზია ამაღლობელის ადვოკატი

დღეს, 21 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართა.

სასამართლოზე მოუსმინეს დაცვის მხარის მიერ წარდგენილ ბოლო მოწმეს, შემდეგ კი პროკურორებმა საბოლოო, დასკვნითი სიტყვა თქვეს.

პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა დასკვნით სიტყვაში თქვა, რომ საქმის არსებითი განხილვის პროცესში მზია ამაღლობელს და მის ადვოკატებს ბრალდებისათვის არ შეუთავაზებიათ საპროცესო შეთანხმება.

„ბრალდების მხარე ვაფიქსირებთ, ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, თუ იქნება დაცვის მხარის მხრიდან მსგავსი გამოთქმული, მზად ვართ განვიხილოთ საპროცესო შეთანხმება“, – თქვა თორნიკე გოგეშვილმა.

მეორე პროკურორმა, შოთა ჩხაიძემ კი თავის საბოლოო სიტყვაში თქვა შემდეგი:

„უტყუარად დასტურდება, რომ მზია ამაღლობელმა შურისძიების მიზნით განახორციელა თავდასხმა ირაკლი დგებუაძეზე. სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ მზია ამაღლობელმა ჩაიდინა დანაშაული. შესაბამისად, მას უნდა დაენიშნოს კანონით გათვალისწინებული სასჯელი“.

სახელმწიფო ბრალდების შეთავაზებას სასამართლო პროცესის შემდეგ უპასუხა მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა.

„მე ვფიქრობ რაიმე ახალი და განსაკუთრებული არაფერი უთქვამს ბრალდებას. მთავარი იყო მანამდე რაზე ისაუბრა და ეს საპროცესო ზუსტად იმავე ოპერის ნაწილია, რასაც პირველი დღიდან ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები საჯაროდ სთავაზობდნენ:

აღიარე, რომ გვირაბს თხრიდი აქედან ბომბეიმდე, აღიარე რომ ეს ყველაფერი, რაც დაგაბრალეს, რომ ვითომ პოლიციელებს აყენებდი შეურაცხყოფას, ვითომ ვიღაცების დაკავებაში ხელს უშლიდი, შემდეგ თავდასხმა განახორციელე დავალებით ვიღაცის, ეს ყველაფერი აღიარე და ვიფიქრებთ სასჯელის შემსუბუქებაზეო.

ეს შესთავაზეს იმიტომ, რომ სხვა ხომ არაფერი არ აქვს ბრალდებას.

კი მოუსმინეთ რაზე ისაუბრა ბრალდებამ და ბოლოს შესთავაზა, ყველაფერი დაიბრალე რაც ჩვენ ვერ დავადასტურეთ და მერე ვიფიქრებთ სასჯელის შემსუბუქებაზეო. მეტი ზეწოლა რა უნდა იყოს.

აგერ, დღეს ინკასო დაადეს „ბათუმელებს“. ისიც ამას ეხმიანება, მზიაზე ზეწოლას. ისიც ზუსტად ამიტომ არის გაკეთებული, ეს შეთავაზებაც ეს არის. ანუ მას [მზია ამაღლობელს] ეუბნებიან, აი, ასეთი მართლმსაჯულებაა. არაფრის შანსი არ გაქვს. ერთადერთი შანსი გაქვს, რომ თავი დააღწიო პატიმრობას აღიარე, დაიბრალე ყველაფერი და მერე ვისაუბროთ რამდენს და როგორ შეგიმსუბუქებთ. ეს იყო ბრალდების დღევანდელი პოზიცია, მეტი არაფერია აქ განსაკუთრებული და სასიხარულო“, – თქვა მაია მწარიაშვილმა.

„თუ შეგიძლიათ გვითხრათ რაიმე მონახაზის დონეზე მაინც რა ტიპის საპროცესო შეთანხმებაზეა საუბარი და მზიას პოზიცია რა იყო საპროცესო შეთანხმების შეთავაზებაზე?“ – ჰკითხეს ჟურნალისტებმა მზია ამაღლობელის ადვოკატს.

„არაფერზე არ არის საუბარი. მზიას პოზიცია არის ის, რასაც ამბობდა, რომ მას არც ის ჩაუდენია რასაც აბრალებენ, რომ პოლიციელებს აყენებდა შეურაცხყოფას და მერე წინააღმდეგობას უწევდა. არც თავდასხმა ჩაუდენია სისხლის სამართლის კოდექსის თვალსაზრისით.

მოგეხსენებათ, ქმედება არის ერთი და მისი სამართლებრივი შეფასება სხვადასხვა. ანუ ის, რასაც მას აბრალებენ, მას ეს არ ჩაუდენია.

რასაკვირველია, იმიტომ ზის ამდენი ხანი იქ, რომ არ აპირებს დაიბრალოს ის, რაც მას არ ჩაუდენია.

ამიტომ ეს არის მისი პოზიცია. მისი პრინციპული პოზიცია, თორემ მან იცის, სასჯელს თვალს უსწორებს და სწორედ ამის გააზრებით ზის ის დღეს, სადაც ზის,“ – თქვა მაია მწარიაშვილმა.

"ბრალდებამ შესთავაზა, ყველაფერი დაიბრალე, რაც ჩვენ ვერ დავადასტურეთ და მერე ვიფიქრებთ საპროცესოზეო"

თიბისისა და VELI.store-ის 1-თვიანი პარტნიორობა დაიწყო – არ გამოტოვოთ განსაკუთრებული შეთავაზებები

19 ივლისიდან 17 აგვისტოს ჩათვლით, თიბისის ერთგულ მომხმარებლებს VELI.store-ზე განსაკუთრებული შეთავაზებით შოპინგის შესაძლებლობა აქვთ.

VELI.store-ის აპლიკაციაში ან ვებგვერდზე ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, დახარჯული თანხის 10%, ყოველ შენაძენზე მაქსიმუმ 100 ლარის დაბრუნებას შეძლებთ; თუმცა, თუ თიბისი კონცეპტის მომხმარებელი ხართ და ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადაიხდით, ეს ლიმიტი 150 ლარი გახდება.

ველი და თიბისი, დამატებით, ყოველ კვირას სასიამოვნო მოულოდნელობებს გიმზადებენ – არ გამოტოვოთ ყოველკვირეული შეთავაზებები.

გახსოვდეთ, რომ ეს შეთავაზება მხოლოდ VELI.store-ის აპლიკაციაში და ვებგვერდზე განხორციელებულ გადახდებზე ვრცელდება და არ იმოქმედებს Apple Pay ან Google Pay ტრანზაქციების შემთხვევაში.

თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ ახალი თიბისი ბარათი, შეგიძლიათ მარტივად, რამდენიმე წამში გაიაქტიუროთ ციფრული ბარათი მომენტალურად მობაილბანკიდან ან თიბისის ნებისმიერ ფილიალში შეუკვეთოთ.

დაგეგმეთ საზაფხულო შოპინგი საუკეთესო შეთავაზებით VELI.store-ზე.

„ტკივილის გამომხატველი ნიშანი არ ჩანს” – რა ხდებოდა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე

„შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ირაკლი დგებუაძემ განიცადა ტკივილი,“- ეს ექიმი-ნევროლოგის, ნათია ხარატის დასკვნაა, რომელიც მან დღეს, 21 ივლისს, მოსამართლე ნინო სახელაშვილს გაუზიარა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე.

მოწმის სახით სასამართლოში დაკითხული ექიმის, ნათია ხარატის მტკიცებით, ამ საქმეში არსებული ვიდეო კადრების და სხვა ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით, „ტკივილის გამომხატველი არცერთი ობიექტური ნიშანი არ ჩანს“.

მზია ამაღლობელის საქმეში პროკურატურის მიერ წარმოდგენილი სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ირაკლი დგებუაძეს სილის გაწვნის შედეგად ჯანმრთელობის რაიმე სახის ზიანი არ მიუღია.

განიცადა თუ არა ირაკლი დგებუაძემ ტკივილი? – სამხარაულის ექსპერტმა ამ საქმეში თქვა, რომ ეს მისი კვლევის საგანი არ ყოფილა, პროკურატურის ვერსიით კი, ტკივილის განცდა მხოლოდ სუბიექტურ აღქმაზეა დამოკიდებული.

პროკურატურის ეს მტკიცება გააბათილა დღევანდელ პროცესზე ექიმმა-ნევროლოგმა.

დღეს, 21 ივნისს ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის მზია ამაღლობელის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ბოლო მოწმის დაკითხვის გარდა დღეს პროკურატურამ დასკვნითი სიტყვაც თქვა.

წინა სხდომაზე, 14 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა და მედიამენეჯერმა, მზია ამაღლობელმა მისცა ჩვენება.

მზია ამაღლობელმა სასამართლოს უამბო, როგორ დააკავეს იგი 11 იანვრის აქციაზე იმ დროს, როცა ისარგებლა კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით  და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ღობეს სტიკერი მიაკრა. იმავე საღამოს გათავისუფლებული მზია ამაღლობელი საპოლიციო ჭყლეტაში მოხვდა, სადაც მან ფიზიკური დაზიანებები მიიღო – ეს დასტურდება ექსპერტიზითაც. მზია ამაღლობელმა მოუყვა მოსამართლეს, როგორ გახდა იგი სისხლის სამართლის წესით დაკავების შემდეგ ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მხრიდან ძალადობის და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.

მზია ამაღლობელის პროცესზე მედიას ფოტო, ვიდეო და აუდიოჩაწერა-გადაღების უფლება არ მისცეს. არალეგიტიმური პარლამენტის გადაწყვეტილებით, სასამართლოში გადაღება მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობის შემთხვევაშია შესაძლებელი. „ბათუმელებმა“  წერილობით მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია.

დღეს მოწმემ, ექიმმა ნათია ხარატმა მოსამართლეს უთხრა, რომ „ტკივილის მტკიცება უნდა ეფუძნებოდეს ხილულ, დადასტურებულ შეფასებას“.

რა ჩანს ირაკლი დგებუაძის სახეზე სილის გაწვნის შემდეგ?

„მწვავე ტკივილი ყოველთვის რაღაცით გამოისახება, განსაკუთრებით სახეზე… სახის გრიმასა შეიცვლებოდა, რომ სტკენოდა, ტკივილი გამოესახებოდა სახეზე,“- თქვა ექსპერტმა.

ნათია ხარატმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ირაკლი დგებუაძეს სილის გაწვნიდან დაახლოებით ერთ წუთში ჩნდება„ ბათუმელების“ ლაივ-კადრში და მას სახეზე სიწითლე არ აქვს.

„კარგი განათების პირობებში ჩანს ირაკლი დგებუაძის ორივე ლოყა, იქ არ ჩანს სიწითლე, არც ტკივილის განცდის რომელიმე სხვა ობიექტური ნიშანი,“- აღნიშნა ექიმმა ნათია ხარატმა.

ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა ექიმს ირაკლი დგებუაძის ჩვენება გაახსენა, რომლის მიხედვითაც მას ნახევარი საათის შემდეგაც გაწითლებული ჰქონდა ლოყა.

„ეს ლოგიკაში არ ჯდება“- კატეგორიული აღმოჩნდა ექიმის პოზიცია.

ექიმმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მზია ამაღლობელმა მარცხენა ხელით გააწნა სილა ირაკლი დგებუაძეს, ამ დროს კი, დადასტურებულია, რომ მზიას სხეულის დაზიანებები ჰქონდა.

„ხმა რაც გავიგონე (სილის გაწვნა), იყო სუსტი ტაშის შემოკვრის მსგავსი… ბოლოს როდის იყავით თეატრში, ან სუხიშვილების კონცერტზე, იქ როგორ უკრავენ ტაშს? ყველა ტაშის შემდეგ გავდივართ რეაბილიტაციას?“- პროკურორებს გამოხედა ექიმმა და თავადაც შემოჰკრა ტაში იმის საჩვენებლად, რომ მსგავსი მოქმედებით ტკივილს ვერ განიცდი.

„რა სახით ექსპერტიზა ჩაატარეთ?“- ჰკითხა მოწმეს პროკურორმა შოთა ჩხაიძემ. მან აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ სამედიცინო ექსპერტი მსგავს საკითხს არ სწავლობს.

„დამისვეს კითხვა, ვნახე დოკუმენტები და გავეცი პასუხი,“- უპასუხა პროკურორს ნათია ხარატმა.

„ეს არის ნევროლოგიის სფერო, ამაზე ისაუბრა მოწმემ“- დიალოგში ჩაერთო ადვოკატი მაია მწარიაშვილი, მან განმარტა, რამდენად მნიშვნელოვანია  ექიმის, როგორც სპეციალისტის დასკვნა შემთხვევაზე, როცა პოლიციის უფროსი ამბობს, რომ სილის გაწვნის შედეგად ტკივილი განიცადა.

„კატეგორიულია თქვენი დასკვნა?“- მოწმეს მიუბრუნდა პროკურორი.

„მითითებულია რომელი ლიტერატურიდანაა, რომელ წყაროებს ვეყრდნობი, მითითებული მაქვს ეს ყველაფერი… რაც ჩემი მოსაზრებაა, ესეც მითითებულია,“- უპასუხა პროკურორს ექიმმა.

პროკურორმა ისევ იკითხა, ექიმი საკუთარ ვარაუდებს ეყრდნობა, თუ მტკიცებულებებს.

„დასკვნა არის ცალსახა,“- უპასუხა პროკურორს მოწმემ და იქვე დასკვნის შეჯამება ჩაიკითხა: „შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ირაკლი დგებუაძემ განიცადა ტკივილი“.

დასკვნით სიტყვაში პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა თქვა, რომ მზია ამაღლობელი „შურისძიების მიზნით“ თავს დაესხა  ირაკლი დგებუაძეს.

სანქცირებულმა პროკურორმა ამჯერადაც არჩია სინამდვილეს მანიპულაცია, მაგალითად, პროკურორის თქმით, აქციის მონაწილეებმა 11 იანვრის აქციაზე „გადაკეტეს, დაიკავეს პოლიციის დეპარტამენტის მთავარი შესასვლელი… ბლოკირებული იყო ძირითადი შესასვლელი“,- აღნიშნა თორნიკე გოგეშვილმა იმის მიუხედავად, რომ აქციაზე შეკრებილები სტიკერების საჯარო სივრცეში გაკვრის გამო უკანონოდ დაკავებას აპროტესტებდნენ და პოლიციელის შენობაში შესვლა ან იქიდან გამოსვლა არავის შეუზღუდავს.

თორნიკე გოგეშვილმა ასევე სცადა სიმართლედ გაესაღებინა მზია ამაღლობელის დაკავების გაყალბებული საქმე: მაგალითად, უწყვეტ კადრებში ჩანს, რომ მზია ამაღლობელი დააკავეს შსს-ს შენობის ღობეზე სტიკერის გაკვრის გამო, გამოძიების ვერსიით კი, მზია ამაღლობელი დააკავეს თითქოს იმიტომ, რომ ის შეურაცხყოფას აყენებდა და წინააღმდეგობას უწევდა პოლიციელებს.

„ეს ტყუილია“- რამდენიმემ მოქალაქემ ერთდროულად წამოიძახა სასამართლოს დარბაზში. მოსამართლემ სამ მოქალაქეს დაატოვებინა სხდომის დარბაზი.

„სიყალბეზეა აგებული ეს სასამართლო, ეს სასამართლოს ტირანიაა, სასამართლოს დიქტატურაა“- მიაძახა მოსამართლეს მოქალაქე ზურაბ ირემაძემ, ვიდრე მას მანდატურები მიუახლოვდებოდნენ.

„უხმაუროდ“- საპროტესტო შეძახილებში ჩაიკარგა მოსამართლის მოთხოვნა.

პროკურორი თორნიკე გოგეშვილი იმ მოწმე პოლიციელების ჩვენებებს შეეხო, რომლებიც ადვოკატებმა წინა პროცესებზე სიცრუეში ამხილეს, მაგალითად, ირაკლი დგებუაძის მოადგილე გიორგი ბჟალავამ მოსამართლეს უთხრა, რომ მან დააკავა მზია ამაღლობელი, დაკავების დროს გადაღებული ვიდეო კადრების ანალიზით კი დგინდება, რომ მზია ამაღლობელს სხვა პირი აკავებს. ადვოკატ მაია მწარიაშვილის ვერსიით, რეალური დამკავებელი გადამალეს, რადგან კადრებში ისიც ჩანს, როგორ ცდილობს მზია ამაღლობელის დამკავებელი პირი ირაკლი დგებუაძის შეჩერებას – ის მზია ამაღლობელის  საცემად მიიწევს.

ამ საქმეში წარმოდგენილ მასალებშია კადრი, სადაც თავად ირაკლი დგებუაძე ადასტურებს, რომ მოქალაქეები ნამდვილად ასკ-ის 150-ე მუხლის მიხედვით დააკავეს, ანუ სტიკერების გაკვრის გამო, მიუხედავად იმისა, რომ 150-ე მუხლი  პირის დაკავებას საერთოდ არ ითვალისწინებს.

თორნიკე გოგეშვილმა აქაც კანონის და სამართლის დაცვას სიცრუე ამ ფორმით ამჯობინა:

„ის სამართალდარღვევის შინაარსზე საუბრობს…“- თქვა პროკურორმა პოლიციის მაღალჩინოსნის შესახებ.

„გოჩა ვანაძე ახლაც აქ დგას, სასამართლოსთან“- ხმამაღლა მიმართა მოსამართლეს ჟურნალისტმა ეკა ბერიძემ და დატოვა სხდომა – მან ამ ფორმით დღეს, სასამართლოსთან, საჯარო სივრცეში, ტროტუარზე დაწესებული საპოლიციო ღონისძიება გააპროტესტა: პოლიციელებმა მოქალაქეებს სასამართლოსთან ტროტუარზე გავლის საშუალება არ მისცეს.

რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება პოლიციამ? – ირაკლი დგებუაძის მოადგილემ, გოჩა ვანაძემ მოქალაქეების შეკითხვა უპასუხოდ დატოვა.

დასკვნით სიტყვაში თორნიკე გოგეშვილი შეეხო მზია ამაღლობელის მიერ წინა სხდომაზე გაჟღერებულ მოცემულობას: არცერთ გამომძიებელს მზია ამაღლობელი არ უნახავს, ისე აწარმოეს გამოძიება.

პროკურატურა ვალდებულია მრავალმხრივი და ობიექტური გამოძიება ჩაატაროს.

„პირველივე დღიდან მიზანი იყო მიგვეღო ჩვენება, დეტალური ინფორმაცია, თუმცა პატიმრობის შეფარდებიდან მალევე მან გამოაცხადა შიმშილობა,“- აღნიშნა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა.

პროკურორი შეეხო უზენაესი სასამართლოსაც პრაქტიკასაც, რომლის მიხედვითაც სილის გაწვნა არ შეიძლება შეფასდეს თავდასხმად.

მაგალითად, ბათუმში პოლიციელს თავში ჩაარტყეს მინის ბოთლი, პოლიციელს სისხლჩაქცევები ჰქონდა. ამ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს არ იყო პოლიციელზე თავდასხმად.

„სწორად უნდა წავიკითხოთ ეს გადაწყვეტილებები… საუბარია მოტივზე“- აღნიშნა თორნიკე გოგეშვილმა, თუმცა ვერ ახსნა, რა სამართლებრივი ლოგიკით შეიძლება შეფასდეს სილის გაწვნა პოლიციელზე თავდასხმად მაშინ, როცა პოლიციელისთვის მინის ბოთლის ჩარტყმა არ შეაფასა უზენაესმა სასამართლომ თავდასხმად.

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიუხედავად, პროკურორ თორნიკე გოგეშვილი ამბობს, რომ ქმედების თავდასხმად შეფასებისთვის არაა აუცილებელი „ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჯანმრთელობის ხელყოფისკენ იყოს მიმართული“.

„რამდენად განიცადა ტკივილი (ირაკლი დგებუაძემ), სიწითლე ჰქონდა თუ არა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“- დასძინა პროკურორმა.

დასკვნითი სიტყვის ბოლოს თორნიკე გოგეშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ დაცვის მხარეს საპროცესო შეთანხმება არ მოუთხოვია.

საპროცესო შეთანხმების პირობაა – დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით – ბრალის აღიარება.

„მინდა დავაფიქსირო მზადყოფნა, სურვილის შემთხვევაში ამ საკითხს განვიხილავთ აქტიურად,“- აღნიშნა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა.

შემდეგ სხდომაზე სასამართლო მზია ამაღლობელის ადვოკატების დასკვნით სიტყვას მოისმენს. ამ პროცესის დასრულების შემდეგ მოსამართლეს შეუძლია განაჩენი გამოაცხადოს.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს სილის გაწვნის გამო 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

_________________________

  • რა ხდება?

მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის 6 თვე უკანონო პატიმრობაში იმყოფება – სილის გაწვნის გამო მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

ავტორიტეტული უფლებადამცველების შეფასებით კი, სილის გაწვნა, რასაც არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.

სილის გაწვნა რომ თავდასხმა არ არის, ამას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.

მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ], პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის [IPI] და რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს [RSF] წარმომადგენლები 13 ივლისს რუსთავში, ქალთა კოლონიასთან მივიდნენ და ასე გამოხატეს სოლიდარობა უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ. ისინი ბათუმის სასამართლოში 14 ივლისს პროცესსაც დაესწრნენ.

მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ, ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

ამავე რეზოლუციით, ევროპარლამენტი „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პატიმრობაში მისი [მზია ამაღლობელის] მხედველობის კრიტიკული გაუარესების გამო და მოუწოდებს სანდო სამედიცინო მომსახურების დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობისკენ“.

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო ასევე სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა პირველ აგვისტოს დასრულდება.

ამ თემაზე:

„ავხედე. მივხვდი, რომ უნდა დამარტყას. გაჩერდა და სახეში შემაფურთხა“ – მზია ამაღლობელი დგებუაძეზე

მზია ამაღლობელის საქმე – განახლებადი ინფორმაცია სასამართლო დარბაზიდან

ბათუმი, 21 ივლისი – თვალი ადევნეთ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს პირდაპირ რეჟიმში სასამართლო დარბაზიდან. ინფორმაცია ქრონოლოგიურად ახლდება პირდაპირ რეჟიმში. 

13:00 სთ – ბათუმის სასამართლოსთან მზია ამაღლობელის პროცესის დაწყებამდე პოლიციაა მობილიზებული. ეს პირველი შემთხვევაა, როცა პოლიციამ გადაკეტა ქუჩა სასამართლოსთან ისე, რომ არ აძლევს უფლებას მზია ამაღლობელის კოლეგებსა და მხარდამჭერებს, სასამართლოს იმ შესასვლელთან, ტროტუარზე დადგნენ, საიდანაც პენიტენციური დაწესებულების მანქანას მზია ამაღლობელი შეჰყავს.

13:30 სთ – ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაიწყო მზია ამაღლობელის საქმის განხილვა. დღეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი დაცვის მხარის მოწმეს, ექიმ ნათია ხარატს მოუსმენს. ასევე, დღეს, პროკურორი მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. სხდომის დაწყებამდე სასამართლოსთან მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ კოლეგები და მეგობრები.

13:44 სთ – იკითხება ექსპერტი, ექიმი ნევროლოგი ნათია ხარატი. ექსპერტმა მზია ამაღლობელის სასამართლოზე თავისი დასკვნა წარმოადგინა. ექსპერტმა შეისწავლა მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეში არსებული ვიდეო ფაილები. კერძოდ, ცნობილი სილის გაწვნის ვიდეო, რომელშიც ჩანს, მარცხენა ხელით როგორ აწნის მზია ამაღლობელი ირაკლი დგებუაძეს.

„ვიდეოფირებზე ასახული ინტენსივობის ფიზიკური შეხების შედეგად და წარმოდგენილი სხვა მასალის ანალიზის საფუძველზე დაზარალებულად ცნობილი პირი განიცდიდა თუ არა ტკივილს“ – ეს არის საკითხი, რომელზეც ექიმი-ნევროლოგი თავისი დასკვნას წარადგენს სასამართლოს წინაშე.

13:55 სთ – დაცვის მოწმე, ექსპერტი, ექიმი-ნევროლოგი საუბრობს ირაკლი დგებუაძის მიერ განცდილ ტკივილზე: „ვერცერთ კატეგორიას ვერ ვანიჭებ და ძალიან რთულია რომელიმე კატეგორიის ტკივილთან გათანაბრება.მწვავე ტკივილი ყოველთვის რაღაცით გამოისახება, განსაკუთრებით სახეზე.სახის გრიმასა შეიცვლებოდა [რომ სტკენოდა]. ტკივილი გამოესახებოდა სახეზე“.

14:00 სთბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება განხილვა, შეეძლო თუ არა ტკივილის განცდა პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს მზია ამაღლობელის მიერ მარცხენა ხელის სამი თითით გაწნული სილით.

მოწმე, ექიმი-ნევროლოგი: „არცერთი ობიექტური ნიშანი არ გვაქვს დარტყმის პროცესში, რომ მან [ირაკლი დგებუაძემ] განიცადა ტკივილი. მეორე კადრი ვნახე, როდესაც აჩვენებენ ბატონი დგებუაძის სახეს, ორივე მხრიდან, კარგად განათებულია. სილიდან წუთ-ნახევარშია ეს კადრები გადაღებული. როდესაც ძლიერი ტკივილია. ამის შეკავება რთულია. ან გვექნებოდა სახის ასიმეტრია და ჰიპერემია, სიწითლე.ჩანს, რომ არაფერი ცვლილება არაა, ასევე არანაირი ცვლილება არაა სახის გრიმასის. ამასთან, მე მივიღე [სამხარაულის] ექსპერტის დასკვნა, რომ მას არ ჰქონდა ტკივილის ობიექტური ნიშნები“.

14:10 სთ – მოწმე, ექიმი-ნევროლოგი ნათია ხარატი: „მაქვს ორი ექსპერტიზის დასკვნა, რომ სილის გარტყმის მომენტში მზია ამაღლობელს ჰქონდა ჩალურჯებები ხელებზე. მკლავებზე. ანუ როცა მან სილა გააწნა დგებუაძეს, ამ დროს ხელი სტკიოდა და მისი სილა ვერ იქნებოდა ძლიერი, ეს იყო სუსტი დარტყმა. კონცერტზე ან სპექტაკლზე რომ მიდიხარ, ტაშს უკრავ, ხომ?! ტაშის დაკვრაზე უფრო სუსტი იყო ეს სილა“.

14:35 სთ – „ტკივილის მტკიცება უნდა ეფუძნებოდეს როგორც სუბიექტურ შეფასებას, ისე ხილულ, შესწავლილ და დადასტურებულ მონაცემებს. წარმოდგენილი საკვლევი მასალის შესწავლით დავადგინე, რომ ასეთი მონაცემები არ იკვეთება, რის გამოც სამედიცინო ექსპერტული თვალსაზრისით შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ირაკლი დგებუაძემ განიცადა ტკივილი“, – ნათქვამია ექსპერტ ნათია ხარატის დასკვნაში, რომელიც დღეს მან ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე წარადგინა.

ამავე თემაზე: „შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ირაკლი დგებუაძემ განიცადა ტკივილი“ – ექსპერტი

14:45 სთ -ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდა მზია ამაღლობელის საქმის ირგვლივ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი. სასამართლომ შესვენება გამოაცხადა. შესვენების შემდეგ პროკურორი მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნით სიტყვას იტყვის.

15:15 სთ – სასამართლო პროცესი განახლდა. პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა დაიწყო დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა.

პროკურორი დასკვნით სიტყვაში ამბობს, რომ მზია ამაღლობელი თავს დაესხა ირაკლი დგებუაძეს შურისძიების მიზნით

„პირველ რიგში დადგენილია, რომ მზია ამაღლობელმა ჩაიდინა მისთვის წარდგენილი ბრალდება – პოლიციელზე თავდასხმა“ – თქვა თორნიკე გოგეშვილმა.

15:31 სთ – „მზია ამაღლობელთან კონტაქტში შევიდა გრიგოლ ბესელია, მარჯვენა ხელის ზურგზე შეხებით. როდესაც ის პოლიციის ეზოში შეიყვანეს, აღმოჩნდა, რომ ის [მზია ამაღლობელი] ხელს უშლიდა პოლიციელებს, რის შემდეგადაც მოხდა მისი დაკავება” – ასე აღწერა პროკურორმა გოგეშვილმა მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავების ეპიზოდის პროკურატურის ვერსია.

ამრიგად, ბრალდებამ გაიზიარა ცრუ მოწმე პოლიციელის, გოჩა ვანაძის ჩვენება, რომლის მიხედვითაც თითქოს ვანაძემ დააკავა მზია ამაღლობელი, იმის მიუხედავად, რომ ვიდეოკადრებით დადასტურებულია – მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით გრიგოლ ბესელიამ დააკავა.

ასევე, ვიდეო კადრებით დასტურდება, რომ გოჩა ვანაძე პოლიციის შესასვლელ ჭიშკართან დარჩა და ტელეფონში იყურებოდა მაშინ, როცა დაკავებული მზია ამაღლობელი პოლიციის ეზოს სიღრმეში მიჰყავთ, შესაბამისად, ის არ მონაწილეობდა მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავებაში.

16:24 სთ – პროკურორი თორნიკე გოგეშვილი თითქმის მორჩა საბრალდებო დასკვნით სიტყვას. დასკვნით სიტყვაში მან არსებითად გაიზიარა ყველა ცრუ მოწმე პოლიციელის ჩვენება.

17:16 სთ – პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა განაცხადა, რომ დაცვის მხარეს აქამდე არ მიუმართავს საპროცესო შეთანხმებისთვის. „მათი მზადყოფნის შემთხვევაში ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ განვიხილოთ [საპროცესო შეთანხმება]“ – თქვა მან.

17:18 სთ – პროკურორი შოთა ჩხაიძე: „უტყუარად დასტურდება რომ მზია ამაღლობელმა შურისძიების მიზნით განახორციელა თავდასხმა ირაკლი დგებუაძეზე. სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ მზია ამაღლობელმა ჩაიდინა დანაშაული. შესაბამისად, მას უნდა დაენიშნოს კანონით გათვალისწინებული სასჯელი“.

17:29 სთ – მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სასამართლო დარბაზიდან გააძევა ზვიად ქორიძე. მანამდე ზვიად ქორიძემ პროკურორებს მიმართა, ეფიქრათ საკუთარ სასჯელზე. „პროკურორებთან ერთად თქვენც იფიქრეთ თქვენს სასჯელზე“ – უთხრა ზვიად ქორიძე მოსამართლეს დარბაზის დატოვებისას.

17:30 სთ – პროკურორი გოგეშვილი: „მინდა ბრალდებულს ვთხოვო, ყველა ის შეკითხვა, რაც მას აქვს ამ საქმესთან დაკავშირებით დაგვისვას დასკვნით სიტყვაში“.

17:34 სთ – სასამართლო სხდომა დასრულდა. მზია ამაღლობელის შემდეგი სასამართლო სხდომა პარასკევს, პირველ აგვისტოს გაიმართება.

________________________________

„ქართული ოცნების“ ერთპარტიულმა პარლამენტმა დაამტკიცა სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები. ერთ-ერთი ცვლილება მედიას ეხება. კერძოდ, კანონში შესული ცვლილებების თანახმად, „ქართული ოცნება“ სასამართლო სხდომების გადაღებას, ფაქტობრივად, კრძალავს.

შესაბამისად, მედია ვეღარ შეძლებს სასამართლო სხდომების ფოტო, ვიდეო და აუდიომასალით გაშუქებას.

„შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ირაკლი დგებუაძემ განიცადა ტკივილი“ – ექსპერტი

„მხოლოდ სუბიექტური განცდა, რომელსაც არ ახლავს ქსოვილოვანი დაზიანების ობიექტური ნიშნები, არ წარმოადგენს ტკივილის დასაბუთებულ მტკიცებულებას. ტკივილის მტკიცება უნდა ეფუძნებოდეს როგორც სუბიექტურ შეფასებას, ისე ხილულ, შესწავლილ და დადასტურებულ მონაცემებს.

წარმოდგენილი საკვლევი მასალის შესწავლით დგინდება, რომ ასეთი მონაცემები არ იკვეთება, რის გამოც სამედიცინო-ექსპერტული თვალსაზრისით შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ირაკლი დგებუაძემ განიცადა ტკივილი“, – ნათქვამია ექსპერტ ნათია ხარატის დასკვნაში, რომელიც დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარადგინეს.

დღეს, 21 ივლისს,  მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დაიკითხა ექსპერტი, ექიმი-ნევროლოგი ნათია ხარატი.

ნათია ხარატი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორატია. მისი კვლევის ინტერესის სფეროა ნევროლოგია, ეპილეფსია და საზოგადოებრივი ჯანდაცვა.

ნათია ხარატი ფლობს ნევროლოგის, ადიქტოლოგის და ელექტროფიზიოლოგის  სერტიფიკატებს.

ექსპერტმა შეისწავლა მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეში არსებული ვიდეოფაილები.

კერძოდ, ცნობილი სილის გაწვნის ვიდეო, რომელშიც ჩანს, მარცხენა ხელით როგორ აწნის მზია ამაღლობელი ირაკლი დგებუაძეს სილას, სილის გაწვნიდან არასრულ ერთ წუთში ირაკლი დგებუაძის მიერ ჟურნალისტებისთვის მიცემული ინტერვიუ.

„ვიდეოფირებზე ასახული ინტენსივობის ფიზიკური შეხების შედეგად და წარმოდგენილი სხვა მასალის ანალიზის საფუძველზე დაზარალებულად ცნობილი პირი განიცდიდა თუ არა ტკივილს“ – ეს იყო საკითხი, რომელზეც ექიმმა-ნევროლოგმა თავისი ექსპერტული დასკვნა წარმოადგინა.

„ჩემთვის წარმოდგენილი საკვლევი მასალის შესწავლის და ანალიზის საფუძველზე შემიძლია დავასკვნა, რომ ამ მასალაში მოცემული არც ვიზუალური და არც კლინიკური მტკიცებულებები არ მიუთითებს, რომ დაზარალებულმა პირმა განიცადა რეალური, ნამდვილი ტკივილი ან მიიღო ტკივილის გამომწვევი დაზიანება,“ – ნათქვამია დასკვნაში, რომელიც ექსპერტმა გასცა.

„მაქსიმალური ძალით დამარტყა“ - ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე

Revenue Service Seizes Bank Account of Batumelebi & Netgazeti Amid Pressure on Mzia Amaglobeli

The Revenue Service has seized Batumelebi/Netgazeti’s bank accounts. The official reason is outstanding tax debt. The real motive, however, appears to be an attempt to shut down the media organization. More than that – it is direct pressure on Mzia Amaglobeli to make her give up. In just a few days, Judge Nino Sakhelashvili is expected to deliver a verdict in the case against Mzia Amaglobeli, the founder of Gazeti Batumelebi (Batumelebi&Netgazeti).  

What’s happening?

Recently, the Revenue Service contacted Gazeti Batumelebi and informed the organization that it has an outstanding tax debt that must be paid within five days. Otherwise, they warned, the accounts would be seized (via “incasso”), followed by property seizure and enforcement.

This means the National Bureau of Enforcement could begin selling off Gazeti Batumelebi’s assets – including technical equipment and its office.

As of now, Gazeti Batumelebi’s debt to the state budget consists of a principal amount of 47,000 GEL (down from 136,000 GEL earlier this month, after a partial payment), as well as an additional 126,000 GEL in accrued interest and 109,000 GEL in penalties.

Gazeti Batumelebi’s tax debt was officially acknowledged, and the organization had been paying it — alongside ongoing tax obligations — without any formally imposed payment schedule.

However, after receiving a call from the Revenue Service demanding full and immediate payment, we formally submitted three separate requests to schedule the debt repayment – as allowed under the Tax Code.

  • The first request proposed a three-year repayment period.
  • After it was denied, we submitted a second request for a 2.5-year period.
  • When that was also denied, we submitted a final request for a two-year schedule.

All three requests were rejected by the Revenue Service

Then, last Thursday, the Revenue Service went ahead and placed the seizure order on Gazeti Batumelebi’s accounts.

Today is July 21, and Mzia Amaglobeli’s penultimate court hearing is being held. The seizure – and the other actions planned for the coming days – appear aimed at breaking her personally and, ultimately, destroying the media organization she founded.

There is a telling example that highlights the selectivity of this pressure: according to the Revenue Service’s own official report from May 21, 2025, Georgian Dream propagandist TV company Imedi TV owes 17 million GEL in tax debt. TV Rustavi2 owes 25 million GEL to the state budget. 

An excerpt from the document provided by the Revenue Service to BM.ge

There is a telling example that highlights the selectivity of this pressure: according to the Revenue Service’s own official report from May 21, 2025, Georgian Dream propagandist TV company Imedi TV owes 17 million GEL in tax debt. TV Rustavi2 owes 25 million GEL to the state budget.

The Ministry of Finance should never aim to suffocate or silence the media. Its stated mission should be to support the development of all businesses in order to generate revenue through fair taxation – and contribute to the growth of the state.

Especially when freedom of expression is one of the fundamental pillars of any democratic state – and to eliminate it is, in effect, to dismantle the state itself.

__________________

Help Jailed Journalist Mzia in Her Fight for Press Freedom

შემოსავლებმა „ბათუმელებს“ ინკასო დაადო – მორიგი ზეწოლა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ

შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელების“ ანგარიშებს ინკასო დაადო – ოფიციალური მიზეზი დავალიანებაა, რეალური მიზეზი – სურვილი, რომ მედიაორგანიზაციამ საქმიანობა შეწყვიტოს.

უფრო მეტიც – ეს არის ზეწოლა მზია ამაღლობელზე, რომ ის დანებდეს. რამდენიმე დღეში მოსამართლე ნინო სახელაშვილი შპს „გაზეთ ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს განაჩენს გამოუტანს.

  • რა ხდება?

პირველ ივლისს „ბათუმელებს“ შემოსავლების სამსახურიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ „ბათუმელებს“ ვალი აქვს, რომელიც 5 დღეში უნდა გადაიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ანგარიშებს ინკასოს დაადებენ, შემდეგ კი ქონებას დააყადაღებენ და დაიწყება აღსრულება. ანუ აღსრულების ეროვნული ბიურო „ბათუმელების“ ქონებას გაყიდის. საუბარია რედაქციის ტექნიკურ აღჭურვილობასა და ოფისზე.

ამ ეტაპზე „ბათუმელების“ დავალიანება ბიუჯეტის წინაშე – ძირი თანხა არის 47 ათასი ლარი [თვის დასაწყისში იყო 136 ათასი ლარი და გადავიხადეთ]. ასევე გვერიცხება სხვა თანხაც – საურავი 126 ათასი ლარი და ჯარიმა – 109 ათასი ლარი.

„ბათუმელებს“ სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება აღიარებული ჰქონდა და ყოველთვიურად იხდიდა თანხას მის დასაფარად.

ინკასოს მუქარის შემდეგ, „ბათუმელებმა“ შემოსავლების სამსახურს ოფიციალურად მიმართა და ითხოვა ვალის გადასახდელად ჩვენთვის შემოეთავაზებინათ გრაფიკი. ამას საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს.

უარი გვითხრეს.

17 ივლისს კი, „ბათუმელების“ ანგარიშებს დაადეს ინკასო.

დღეს 21 ივლისია და მზია ამაღლობელის ბოლოს წინა პროცესი იმართება სასამართლოში. შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ ინკასო და უახლოეს ერთ კვირაში დაგეგმილი ყველა სხვა ოპერაცია მიმართულია მზია ამაღლობელის გასატეხად, პერსპექტივაში კი მის მიერ შექმნილი მედიაორგანიზაციის გასანადგურებლად.

ამის მარტივი დადასტურებაა ერთი მაგალითი: შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 მაისის ოფიციალური ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედის“ დავალიანება ბიუჯეტის წინაშე არის 17 მილიონი ლარი. „რუსთავი 2-ს“ კი 25 მილიონი ლარი აქვს ბიუჯეტისთვის გადასახდელი.

 

ამონარიდი შემოსავლების სამსახურის მიერ BM.ge-სთვის მიწოდებული დოკუმენტიდან

 

ფინანსთა სამინისტროს გაცხადებული მიზანი არასდროს არ უნდა იყოს მედიის მოგუდვა, გაჩერება. წესით, მისი მიზანი უნდა იყოს ნებისმიერი ბიზნესის განვითარება, რათა გადასახადების გზით მიიღოს შემოსავლები და იზრუნოს სახელმწიფოს განვითარებაზე.

მით უფრო, რომ სიტყვის თავისუფლება დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა და მისი გაუქმება სახელმწიფოს გაუქმების ტოლფასია.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 21 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 043 160 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 170]
  • ტანკი – 11 037 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 23 028 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 30 637 ერთეული [+54]
  • MLRS – 1 444 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 199 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 421 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 47 181 ერთეული [+199]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 515 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 55 859 ერთეული [+132]
  • სპეცტექნიკა – 3 934 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 664 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 71 463 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 622 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 287 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 577 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 27667 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 38 522 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

21 ივლისს მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომა განახლდება

ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის მზია ამაღლობელის საქმის განხილვა ხვალ, 21  ივლისს, დღის პირველი საათიდან განახლდება ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

მოსამართლე ნინო სახელაშვილი ამჯერადაც დაცვის მხარის მოწმეებს მოუსმენს.

წინა სხდომაზე, 14 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა და მედიამენეჯერმა, მზია ამაღლობელმა მისცა ჩვენება.

მზია ამაღლობელმა სასამართლოს უამბო, რა გარემოებებში დააკავეს ის პოლიციის შენობასთან სტიკერის გაკვრისთვის 11 იანვარს. გათავისუფლებიდან მოკლე ხანში მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის წესით დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსზე სილის გაწვნისთვის. სწორედ ამ ეპიზოდზე ისაუბრა მზია ამაღლობელმა სასამართლოში და მოსამართლეს მოუყვა იმის შესახებაც, რა ხდებოდა მისი დაკავების შემდეგ – როგორ შეაფურთხა მას პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ.

მზია ამაღლობელის პროცესზე მედიას ფოტო, ვიდეო და აუდიოჩაწერა-გადაღების უფლება არ მისცეს. ანტიკონსტიტუციური პარლამენტის გადაწყვეტილებით, სასამართლოში გადაღება მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობის შემთხვევაშია შესაძლებელი.

„ბათუმელებმა“  წერილობით მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია.

მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციებიც.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ], პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის [IPI] და რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს [RSF] წარმომადგენლები 13 ივლისს რუსთავში, ქალთა კოლონიასთან მივიდნენ და ასე გამოხატეს სოლიდარობა უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ. ისინი ბათუმის სასამართლოში 14 ივლისს პროცესსაც დაესწრებიან.

მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ, ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

ამავე რეზოლუციით, ევროპარლამენტი „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პატიმრობაში მისი [მზია ამაღლობელის] მხედველობის კრიტიკული გაუარესების გამო და მოუწოდებს სანდო სამედიცინო მომსახურების დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობისკენ“.

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო ასევე სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს დასრულდება.

  • რას ედავებიან მზია ამაღლობელს? 

მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის 6 თვე უკანონო პატიმრობაში იმყოფება – სილის გაწვნის გამო მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

ავტორიტეტული უფლებადამცველების შეფასებით კი, სილის გაწვნა, რასაც არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.

სილის გაწვნა რომ თავდასხმა არ არის, ამას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.

„მზია ამაღლობელის საქმეზე“ პროკურატურამ უკვე დაასრულა მოწმეების წარმოდგენა. პროკურატურა მზია ამაღლობელის საქმეზე კიდევ 8 მოწმის წარმოდგენას აპირებდა სასამართლოში, თუმცა პროკურორებმა გადაწყვიტეს, რომ სასამართლოს მიერ დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებული პოლიციელების დაკითხვა საჭირო აღარ არის.

პროკურატურის მიერ ჩახსნილ მოწმეებს შორის იყო, მაგალითად, პოლიციელი ვლადიმერ ჩიტაია, რომელმაც გურიის პოლიციის უფროსს უპატაკა, რომ მზია ამაღლობელი „იღებდა ინსტრუქციებს“ და „თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი“. მის დაკითხვაზეც პროკურატურამ უარი თქვა.

მანამდე კი, სასამართლო სხდომებზე მოწმის სახით დაკითხული პოლიციის მაღალჩინოსნები ადვოკატებმა სიცრუეში ამხილეს. მაგალითად, დაზარალებულად ცნობილი ირაკლი დგებუაძის ერთმა მოადგილემ გოჩა ვანაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ მზია ამაღლობელი პოლიციელების შეურაცხყოფის გამო დააკავეს, მეორე მოადგილემ გიორგი ბჟალავამ კი თქვა, რომ მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს.

ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილი ბათუმის პოლიციის უფროსი – ირაკლი დგებუაძე 8 მაისს დაკითხეს. ირაკლი დგებუაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ ტკივილი განიცადა.

მნიშვნელოვანი გარემოება ირაკლი დგებუაძის ჩვენებიდან: დაკითხვის დროს ირაკლი დგებუაძე იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ პოლიციელი, რომელიც მზია ამაღლობელს აგინებს და ემუქრება, თვითონ არის. „სისხლით დავიჭერ… ბო**შვილი ვიყო,“ – ისმის ვიდეოში, რომელიც 12 იანვარს, მზია ამაღლობელის დაკავების მომენტს ასახავს. დაკავებულ ქალს, რომელიც ორ პოლიციელს მიჰყავს, ირაკლი დგებუაძე უკან მისდევს და აგინებს.

ირაკლი დგებუაძის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არაფერი დაუდგენია – ირაკლი დგებუაძეს მზია ამაღლობელი და პროევროპული აქციის მონაწილე სხვა პირები 2025 წლის 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე დაკავების შემდეგ არაადამიანურ მოპყრობასა და ძალადობაში ადანაშაულებენ.

28 აპრილს გამართულ მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე კი, სასამართლომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსის, გრიგოლ ბესელიას ჩვენება მოისმინა. სხვა პოლიციელების მსგავსად, გრიგოლ ბესელიაც ამხილეს სიცრუეში მზია ამაღლობელის ადვოკატებმა.

მაგალითად, გრიგოლ ბესელიამ დაკითხვის დროს თქვა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 150-ე მუხლითაც, მაშინ, როცა ჩვენების მიცემის დროს – 2025 წლის 28 აპრილს მსგავსი ოქმი საერთოდ არ არსებობდა.

გრიგოლ ბესელიას ამ ჩვენებიდან 2 დღის შემდეგ – 2025 წლის 30 აპრილს პოლიციელმა ნოდარ ზენაიშვილმა [მან ცრუ ჩვენება ერთხელ უკვე მისცა მზია ამაღლობელის იმ ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელიც გაყალბებულია] დაწერა პატაკი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.

მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკვე მეორედ გაასამართლა. გაყალბებული ოქმის და საქმის მასალების მიუხედავად, მზია ამაღლობელს ჯერ მოსამართლე სალიხ შაინიძემ შეუფარდა 2 000 ლარი ჯარიმის გადახდა, შემდეგ კი, მოსამართლე მარიანა ფომაევამ დააჯარიმა 1 000 ლარით.

შსს-მ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეში წარმოადგინა ვიდეოჩანაწერი, რომელსაც მოსამართლე სალიხ შაინიძე დაეყრდნო. ამ ვიდეოჩანაწერში არსად ჩანს მზია ამაღლობელის მიერ სამართალდარღვევის ჩადენა, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ კვალიფიციური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ეს ვიდეო მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგაა გადაღებული.

„რუსეთი ოკუპანტია“ – ბათუმის ბულვარში აქცია-პერფორმანსი გამართეს

„რუსეთი ოკუპანტია“ , „ეს ჩვენი მიწაა“ – ამ ტრანსპარანტებით დღეს, 20 ივლისს ბათუმელი აქტივისტები ბულვარში გავიდნენ:  „ჩვენს მიწაზე ოკუპანტები ერთობიან და ხალისობენ. ამიტომაც ჩვენ პროტესტის ნიშნად გამოვედით, ეს ქვეყანა მათ არ ეკუთვნით“, „უნდა იცოდნენ, რომ აქ არ არიან სასურველი სტუმრები“ – განაცხადეს მათ მედიასთან საუბრისას.

„რუსეთი ოკუპანტია“, „იცოდნენ, რომ არ არიან სასურველი სტუმრები“ - აქცია-პერფორმანსი ბათუმის ბულვარში

 

Exit mobile version