ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ავტოსადგურთან ქუჩის გადაკეტვის გამო ბათუმის ავტობუსების მარშრუტები შეიცვალა

22.07.2025
ავტოსადგურთან ქუჩის გადაკეტვის გამო ბათუმის ავტობუსების მარშრუტები შეიცვალა

ბათუმის ავტოსადგურთან გზა [სევერიანე აჭარელის, ყოფილი მაიაკოვსკის, ქუჩის დასაწყისი] ავტოტრანსპორტისთვის გადაკეტილია. შესაბამისად, შეიცვალა საქალაქო ავტობუსების მოძრაობის მარშრუტიც, რის გამოც ქალაქის მთავარ აგრარულ ბაზართან არცერთი მუნიციპალური ავტობუსი აღარ გაივლის.

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გზის აღნიშნული მონაკვეთი დაახლოებით 1 თვე, ან თვენახევარი დარჩება გადაკეტილი. „გააჩნია როგორი ამინდი იქნება, ვინაიდან ამაზეა სამუშაოების მიმდინარეობა დამოკიდებული. გზის გადაკეტვა შავშეთის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობას უკავშირდება.“ – გვითხრეს დღეს, 22 ივლისს, მერიის სამმართველოში.

ბათუმში სევერიანე აჭარელის [ყოფილი მაიაკოვსკის] ქუჩის დასაწყისი გადაკეტილია. 22.07.2025.

ბათუმის მერიას და არც მის შესაბამის სამსახურებს [მათ შორის „ბათუმის ავტოტრანსპორტს] გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებიათ.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ცხელ ხაზზე კი, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ თითქმის ყველა ავტობუსის მარშრუტი – რომლებიც ჭავჭავაძის ან/და ბარათაშვილის ქუჩიდან, წერეთლის ქუჩის გავლით, ბაზრის მიმართულებით მიდიოდა – შეიცვალა.

„ეს ავტობუსები ჭავჭავაძის ქუჩით მიდის საბაგირომდე და შემდეგ ბაქოს ქუჩის გავლით გადადიან ბარცხანის ხიდზე. უკუმიმართულებაც იგივეა: ბარცხანის ხიდი-ბაქოს ქუჩა-საბაგირო-ჭავჭავაძის ქუჩა. ჯერ ჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია რამდენი დღით შენარჩუნდება ეს დროებითი მარშრუტი“ – გვითხრეს „ავტოტრანსპორტის“ ცხელ ხაზზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ შავშეთის ქუჩაზე [ბაგრატიონიდან-ბაქოს ქუჩამდე მონაკვეთში] სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა მიმდინარეობს. მერიის სამმართველომ 2023 წელს გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად შპს „გზა“ გამოავლინა. სამუშაოების დასრულების ვადა კი, ხელშეკრულების პირობის მიხედვით, 2026 წლის 28 მარტია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: