ბათუმი, 21 ივლისი – თვალი ადევნეთ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს პირდაპირ რეჟიმში სასამართლო დარბაზიდან. ინფორმაცია ქრონოლოგიურად ახლდება პირდაპირ რეჟიმში.
13:00 სთ – ბათუმის სასამართლოსთან მზია ამაღლობელის პროცესის დაწყებამდე პოლიციაა მობილიზებული. ეს პირველი შემთხვევაა, როცა პოლიციამ გადაკეტა ქუჩა სასამართლოსთან ისე, რომ არ აძლევს უფლებას მზია ამაღლობელის კოლეგებსა და მხარდამჭერებს, სასამართლოს იმ შესასვლელთან, ტროტუარზე დადგნენ, საიდანაც პენიტენციური დაწესებულების მანქანას მზია ამაღლობელი შეჰყავს.
13:30 სთ – ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაიწყო მზია ამაღლობელის საქმის განხილვა. დღეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი დაცვის მხარის მოწმეს, ექიმ ნათია ხარატს მოუსმენს. ასევე, დღეს, პროკურორი მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. სხდომის დაწყებამდე სასამართლოსთან მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ კოლეგები და მეგობრები.
13:44 სთ – იკითხება ექსპერტი, ექიმი ნევროლოგი ნათია ხარატი. ექსპერტმა მზია ამაღლობელის სასამართლოზე თავისი დასკვნა წარმოადგინა. ექსპერტმა შეისწავლა მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეში არსებული ვიდეო ფაილები. კერძოდ, ცნობილი სილის გაწვნის ვიდეო, რომელშიც ჩანს, მარცხენა ხელით როგორ აწნის მზია ამაღლობელი ირაკლი დგებუაძეს.
„ვიდეოფირებზე ასახული ინტენსივობის ფიზიკური შეხების შედეგად და წარმოდგენილი სხვა მასალის ანალიზის საფუძველზე დაზარალებულად ცნობილი პირი განიცდიდა თუ არა ტკივილს“ – ეს არის საკითხი, რომელზეც ექიმი-ნევროლოგი თავისი დასკვნას წარადგენს სასამართლოს წინაშე.
13:55 სთ – დაცვის მოწმე, ექსპერტი, ექიმი-ნევროლოგი საუბრობს ირაკლი დგებუაძის მიერ განცდილ ტკივილზე: „ვერცერთ კატეგორიას ვერ ვანიჭებ და ძალიან რთულია რომელიმე კატეგორიის ტკივილთან გათანაბრება.მწვავე ტკივილი ყოველთვის რაღაცით გამოისახება, განსაკუთრებით სახეზე.სახის გრიმასა შეიცვლებოდა [რომ სტკენოდა]. ტკივილი გამოესახებოდა სახეზე“.
14:00 სთ – ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება განხილვა, შეეძლო თუ არა ტკივილის განცდა პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს მზია ამაღლობელის მიერ მარცხენა ხელის სამი თითით გაწნული სილით.
მოწმე, ექიმი-ნევროლოგი: „არცერთი ობიექტური ნიშანი არ გვაქვს დარტყმის პროცესში, რომ მან [ირაკლი დგებუაძემ] განიცადა ტკივილი. მეორე კადრი ვნახე, როდესაც აჩვენებენ ბატონი დგებუაძის სახეს, ორივე მხრიდან, კარგად განათებულია. სილიდან წუთ-ნახევარშია ეს კადრები გადაღებული. როდესაც ძლიერი ტკივილია. ამის შეკავება რთულია. ან გვექნებოდა სახის ასიმეტრია და ჰიპერემია, სიწითლე.ჩანს, რომ არაფერი ცვლილება არაა, ასევე არანაირი ცვლილება არაა სახის გრიმასის. ამასთან, მე მივიღე [სამხარაულის] ექსპერტის დასკვნა, რომ მას არ ჰქონდა ტკივილის ობიექტური ნიშნები“.
14:10 სთ – მოწმე, ექიმი-ნევროლოგი ნათია ხარატი: „მაქვს ორი ექსპერტიზის დასკვნა, რომ სილის გარტყმის მომენტში მზია ამაღლობელს ჰქონდა ჩალურჯებები ხელებზე. მკლავებზე. ანუ როცა მან სილა გააწნა დგებუაძეს, ამ დროს ხელი სტკიოდა და მისი სილა ვერ იქნებოდა ძლიერი, ეს იყო სუსტი დარტყმა. კონცერტზე ან სპექტაკლზე რომ მიდიხარ, ტაშს უკრავ, ხომ?! ტაშის დაკვრაზე უფრო სუსტი იყო ეს სილა“.
14:35 სთ – „ტკივილის მტკიცება უნდა ეფუძნებოდეს როგორც სუბიექტურ შეფასებას, ისე ხილულ, შესწავლილ და დადასტურებულ მონაცემებს. წარმოდგენილი საკვლევი მასალის შესწავლით დავადგინე, რომ ასეთი მონაცემები არ იკვეთება, რის გამოც სამედიცინო ექსპერტული თვალსაზრისით შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ირაკლი დგებუაძემ განიცადა ტკივილი“, – ნათქვამია ექსპერტ ნათია ხარატის დასკვნაში, რომელიც დღეს მან ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე წარადგინა.
ამავე თემაზე: „შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ირაკლი დგებუაძემ განიცადა ტკივილი“ – ექსპერტი
14:45 სთ -ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდა მზია ამაღლობელის საქმის ირგვლივ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი. სასამართლომ შესვენება გამოაცხადა. შესვენების შემდეგ პროკურორი მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნით სიტყვას იტყვის.
15:15 სთ – სასამართლო პროცესი განახლდა. პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა დაიწყო დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა.
პროკურორი დასკვნით სიტყვაში ამბობს, რომ მზია ამაღლობელი თავს დაესხა ირაკლი დგებუაძეს შურისძიების მიზნით
„პირველ რიგში დადგენილია, რომ მზია ამაღლობელმა ჩაიდინა მისთვის წარდგენილი ბრალდება – პოლიციელზე თავდასხმა“ – თქვა თორნიკე გოგეშვილმა.
15:31 სთ – „მზია ამაღლობელთან კონტაქტში შევიდა გრიგოლ ბესელია, მარჯვენა ხელის ზურგზე შეხებით. როდესაც ის პოლიციის ეზოში შეიყვანეს, აღმოჩნდა, რომ ის [მზია ამაღლობელი] ხელს უშლიდა პოლიციელებს, რის შემდეგადაც მოხდა მისი დაკავება” – ასე აღწერა პროკურორმა გოგეშვილმა მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავების ეპიზოდის პროკურატურის ვერსია.
ამრიგად, ბრალდებამ გაიზიარა ცრუ მოწმე პოლიციელის, გოჩა ვანაძის ჩვენება, რომლის მიხედვითაც თითქოს ვანაძემ დააკავა მზია ამაღლობელი, იმის მიუხედავად, რომ ვიდეოკადრებით დადასტურებულია – მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით გრიგოლ ბესელიამ დააკავა.
ასევე, ვიდეო კადრებით დასტურდება, რომ გოჩა ვანაძე პოლიციის შესასვლელ ჭიშკართან დარჩა და ტელეფონში იყურებოდა მაშინ, როცა დაკავებული მზია ამაღლობელი პოლიციის ეზოს სიღრმეში მიჰყავთ, შესაბამისად, ის არ მონაწილეობდა მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავებაში.
16:24 სთ – პროკურორი თორნიკე გოგეშვილი თითქმის მორჩა საბრალდებო დასკვნით სიტყვას. დასკვნით სიტყვაში მან არსებითად გაიზიარა ყველა ცრუ მოწმე პოლიციელის ჩვენება.
17:16 სთ – პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა განაცხადა, რომ დაცვის მხარეს აქამდე არ მიუმართავს საპროცესო შეთანხმებისთვის. „მათი მზადყოფნის შემთხვევაში ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ განვიხილოთ [საპროცესო შეთანხმება]“ – თქვა მან.
17:18 სთ – პროკურორი შოთა ჩხაიძე: „უტყუარად დასტურდება რომ მზია ამაღლობელმა შურისძიების მიზნით განახორციელა თავდასხმა ირაკლი დგებუაძეზე. სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ მზია ამაღლობელმა ჩაიდინა დანაშაული. შესაბამისად, მას უნდა დაენიშნოს კანონით გათვალისწინებული სასჯელი“.
17:29 სთ – მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სასამართლო დარბაზიდან გააძევა ზვიად ქორიძე. მანამდე ზვიად ქორიძემ პროკურორებს მიმართა, ეფიქრათ საკუთარ სასჯელზე. „პროკურორებთან ერთად თქვენც იფიქრეთ თქვენს სასჯელზე“ – უთხრა ზვიად ქორიძე მოსამართლეს დარბაზის დატოვებისას.
17:30 სთ – პროკურორი გოგეშვილი: „მინდა ბრალდებულს ვთხოვო, ყველა ის შეკითხვა, რაც მას აქვს ამ საქმესთან დაკავშირებით დაგვისვას დასკვნით სიტყვაში“.
17:34 სთ – სასამართლო სხდომა დასრულდა. მზია ამაღლობელის შემდეგი სასამართლო სხდომა პარასკევს, პირველ აგვისტოს გაიმართება.
________________________________
„ქართული ოცნების“ ერთპარტიულმა პარლამენტმა დაამტკიცა სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები. ერთ-ერთი ცვლილება მედიას ეხება. კერძოდ, კანონში შესული ცვლილებების თანახმად, „ქართული ოცნება“ სასამართლო სხდომების გადაღებას, ფაქტობრივად, კრძალავს.
შესაბამისად, მედია ვეღარ შეძლებს სასამართლო სხდომების ფოტო, ვიდეო და აუდიომასალით გაშუქებას.






