მთავარი,სიახლეები

საპატრიარქოს პრესცენტრის კრიტიკა ევროკავშირზე პატრიარქთან შეთანხმებულია? – ინტერვიუ

23.07.2025 •
საპატრიარქოს პრესცენტრის კრიტიკა ევროკავშირზე პატრიარქთან შეთანხმებულია? – ინტერვიუ

„პატრიარქს არაერთხელ აქვს ძალიან ღიად გაცხადებული პოზიტიური ხედვა დასავლეთის შესახებ,“ – ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რაც თეოლოგ შოთა კინწურაშვილს აფიქრებინებს, რომ საპატრიარქოს პრესცენტრის სახელით გავრცელებული განცხადება პატრიარქთან შეთანხმებული არ იყო და იგი მხოლოდ ერთი ჯგუფის პოზიციას გამოხატავს.

21 ივლისს საპატრიარქოს პრესცენტრმა თავის ფეისბუქგვერდზე და არა საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე, ევროკავშირის რეკომენდაციები გააკრიტიკა და „ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა გაიმეორა.

კითხვაზე, არის თუ არა ევროკავშირის რეკომენდაციების კრიტიკა კათოლიკოს-პატრიარქის პოზიცია? – საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ „ბათუმელებს“ ასე უპასუხა: „არ იარსებებდა პრესცენტრი, წინააღმდეგობაში რომ იყოს ხელმძღვანელთან. წარმოგიდგენიათ რომელიმე უწყება, სადაც პრესცენტრი, რასაც უნდა, იმას განაცხადებს?“

თეოლოგ შოთა კინწურაშვილის დაკვირვებით „ოცნებამ“, რუსეთის მსგავსად, საპატრიარქო პირდაპირ პარტიაზე დაქვემდებარებული გახადა. თეოლოგის აზრით, მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი საქართველოში ყოველთვის ახერხებდა, მისი პოზიციები მმართველი პარტიის დღის წესრიგზე მიბმული არ ყოფილიყო.

„…ჰქონდა ნიჭი, მისი ტექსტი არ ყოფილიყო სრულიად მოჭრილი იმ პოლიტიკურ დღის წესრიგზე, რაც მმართველ პარტიას ჰქონდა.

2012 წლიდან ჯერ ბიძინა ივანიშვილი პოზიციონირებდა, რომ მისაღებია ეკლესიის კრიტიკა, მათ შორის, პატრიარქის კრიტიკა. მან გარკვეული საკრალურობა მოხსნა ეკლესიას, ან ინსტიტუციას, რაც ერთი შეხედვით ჯანსაღია, მაგრამ შემდგომ გამოჩნდა, რა გათვლაც ჰქონდა მას – ეკლესია, როგორც სუვერენული მოთამაშე პოლიტიკურ, თუ სოციალურ პროცესებში, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს საზოგადოების განწყობაზე – სრულიად უნდა გათიშულიყო, დამორჩილებულიყო მმართველ პოლიტიკურ ძალას,“ – ამბობს შოთა კინწურაშვილი.

„ბათუმელებმა“ ინტერვიუ თეოლოგ შოთა კინწურაშვილთან ჩაწერა. იგი ეკლესიის ისტორიის მკვლევარია და მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანეს უნივერსიტეტის დოქტორანტი.

  • ბატონო შოთა, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ევროკავშირის რეკომენდაციებს აკრიტიკებს და „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის გზავნილებს იმეორებს. რას აჩვენებს ეს ამბავი თქვენთვის იმის გათვალისწინებით, რომ იგივე განცხადება საპატრიარქოს ოფიციალურ ინტერნეტ ან ფეისბუქგვერდებზე არ გავრცელებულა?

მას შემდეგ, როცა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი მოხუცდა და ჯანმრთელობის კუთხით აღარ აქვს შესაძლებლობა, ჩართული იყოს ყველანაირად საეკლესიო მართვა-გამგეობაში, საპატრიარქოს ხელმძღვანელობაში, ძალაუფლების ცენტრი გახდა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის ინსტიტუტი. აქამდე ჩვენ ბევრჯერ მოგვისმენია კრიტიკა უშუალოდ თანამოსაყდრის მისამართით, მათ შორის, მისი თეოლოგიური შეხედულებების გამო, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში საპატრიარქოს შიგნით გაჩნდა ძალაუფლების ორი ცენტრი.

მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ეკლესია ცალკეული ეპისკოპოსების და გავლენიანი სასულიერო პირების კერძო კლუბი კი არ არის, არამედ, სამართლებრივი საეკლესიო პერსპექტივით, ეს არის მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანების საზოგადოება.

როცა საპატრიარქო, ან რომელიმე ეპისკოპოსი პოზიციას გამოხატავს, ეს უნდა ასახავდეს ამ საზოგადოების სურვილებს. ევროინტეგრაციის საკითხი არ არის საეკლესიო დოგმატიკის საკითხი, ეს არის პოლიტიკური საკითხი.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეს, მიუხედავად მის მიმართ არსებული პოზიტიური თუ ნეგატიური განწყობებისა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, ჰქონდა ნიჭი, მისი ტექსტი არ ყოფილიყო სრულიად მოჭრილი იმ პოლიტიკურ დღის წესრიგზე, რაც მმართველ პარტიას ჰქონდა.

  • ამჯერად საპატრიარქოს პრესცენტრის განცხადება ფაქტობრივად იმეორებს „ოცნების“ ანტიდასავლურ გზავნილებს. როგორ მივიდა აქამდე საპატრიარქო? მოგვიყევით ძალაუფლების ორი ცენტრის შესახებ საპატრიარქოში. 

დიახ, საპატრიარქოს პრესცენტრის განცხადება ერთი-ერთში გამეორებაა, „კოპი პეისტია“ იმის, რასაც „ოცნება“ ამბობს. მხოლოდ იქ გვხვდება სახარებისეული დანართი, რომ ამით გაამყარონ ეკლესიის პოზიცია.

აქამდე კათოლიკოს-პატრიარქი მუდმივად ცდილობდა მისი გზავნილში დაპირისპირებულ მხარეებს მისთვის მისაღები გზავნილი წაეკითხათ. ამას ითვალისწინებს კიდეც საეკლესიო დიპლომატიის გამოცდილება, როგორც ჩვენი ეკლესიის, ისე თუნდაც კათოლიკური ეკლესიის.

ეკლესია ყოველთვის ცდილობს, რომ თავისი სახარებისეული გზავნილით იყოს შუამავლის როლში. ასე იყო ტოტალიტარული რეჟიმების ბატონობის დროს და ასეა ახლაც. ლათინურ ამერიკაში დღემდე შემორჩენილია რუსეთთან მყარად დაკავშირებული დიქტატორული რეჟიმები, მაგალითად, ვენესუელას სახით, მაგრამ ვატიკანი, შეიძლება ითქვას, რომ არ წვავს ხიდებს. ეკლესია ხან მკაცრია, ხან – ნაკლებად მკაცრი, მაგრამ ის არის იმედი მორწმუნე საზოგადოებისთვის.

რაც შეეხება საპატრიარქოს საქართველოში – აქ არის ახალი ცენტრი მოსაყდრის, ქორეპისკოპოსი შიოს გარშემო, აქვეა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.

მეორე ცენტრია, ასე ვთქვათ, საპატრიარქოს ძველი სკოლა – უშუალოდ პატრიარქთან დაახლოებული, მათ შორის, პატრიარქის მდივან-რეფერენტი, ქალბატონი შორენა. ამ ორ ცენტრს შორის მოხდა კიდეც გაურკვევლობა, როცა ვიდეო გამოაქვეყნეს და შემდეგ წაშალეს.

ამ ორ ცენტრს შორის არსებობს გარკვეული ინტერესთა კონფლიქტი, მათ შორის, პოლიტიკურ მოცემულობასთან დაკავშირებით.

თუ დავაკვირდებით: 2012 წლიდან ჯერ ბიძინა ივანიშვილი პოზიციონირებდა, რომ მისაღებია ეკლესიის კრიტიკა, მათ შორის, პატრიარქის კრიტიკაო. მან გარკვეული საკრალურობა მოხსნა ეკლესიას, ან ინსტიტუციას, რაც ერთი შეხედვით ჯანსაღია, მაგრამ შემდგომ გამოჩნდა, რა გათვლაც ჰქონდა მას – ეკლესია, როგორც სუვერენული მოთამაშე პოლიტიკურ, თუ სოციალურ პროცესებში, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს საზოგადოების განწყობაზე – სრულიად უნდა გათიშულიყო, დამორჩილებულიყო მმართველ პოლიტიკურ ძალას.

რუსეთშიც იგივე მოხდა – კრემლმა მიიბა ეკლესია, განსაკუთრებით კი, პატრიარქი კირილის შემდეგ. სხვათა შორის, მანამდე ელცინის და პატრიარქ ალექსის ურთიერთობა განსხვავებული იყო, მათ შორის, საქართველოსთან დაკავშირებით, მაგალითად, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებდა, კირილის დროს კი, ისინი ღიად და სრულად გაუყვნენ პუტინის იმპერიულ ამბიციებს.

დღეს ვხედავთ საქართველოში იმას, რომ უკაკუნებენ თავისუფალ მედიას, სტუდენტებს დაუკაკუნეს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კვლევით ცენტრებს, ინტელექტუალებს, მხატვრებს თუ ექიმებს – ამ დროს სასულიერო პირები დიდი გავლენით სარგებლობენ. ეკლესია, როგორც დამოუკიდებელი მოთამაშე, შეიძლება ნებისმიერ დროს წინააღმდეგობაში მოვიდეს ხელისუფლებასთან. ამიტომაც, მისი გაუვნებელყოფა წინასწარ სცადეს და ეს გამოსდით კიდეც.

  • ეს „სუსის ფაილებით“ გამოუვიდა „ოცნებას“? როგორ მოახერხა ივანიშვილმა საპატრიარქოს, როგორც დამოუკიდებელი მოთამაშის დასუსტება? 

ამ დროს [სუსის ფაილების გავრცელების დროს] ეკლესიას შეეძლო ეთქვა მკაცრად, მორალურ საკითხებს ჩვენ გადავწყვეტთ ეკლესიის შიგნით და ამის უფლება აქვს ეკლესიას, ხოლო რაც სცდება საეკლესიო სამართლის ჩარჩოებს და გადადის სისხლის სამართალში, რაც კრიმინალია, მიხედოს სახელმწიფო უწყებამო.

როგორც ჩანს, არ ეყოთ გაბედულება, ერთიანობა, ან ინტელექტი, უნდა გყავდეს ძლიერი მრჩეველი… სექსუალური სკანდალების მიმართ განსაკუთრებული იყო საზოგადოების რეაქცია, საზოგადოების რეაქცია და მმართველი პარტიის აღვირახსნილობის ჩვენება – გაბედეს და ყველას მიუკაკუნეს, ყველას მოუსმინეს.

ეკლესიას უნდა დაეცვა სუვერენიტეტი, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ეს კრიტიკა.

როგორც არ უნდა აკრიტიკებდნენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ ილია II მუდმივად ცდილობდა ეკლესიის გარკვეული ტიპის სუვერენიტეტის დაცვას. ჩვენ ომგამოვლილი საზოგადოება ვართ განსაკუთრებული ტრავმებით, ეკლესია კი, აღმოჩნდა ინსტიტუცია, რომელიც იღებს ადამიანებს ყოველგვარი წინაღობის გარეშე, უსმენს მას. ეკლესიამ ამ წლების განმავლობაში გარკვეული ფსიქოლოგიური, მორალური მხარდაჭერის ფუნქცია აიღო თავის თავზე.

1917 წელს, როცა ქართველი ავტოკეფალისტები იბრძოდნენ რუსეთისგან საეკლესიო სუვერენიტეტის კვლავ მოპოვების გზაზე, საეკლესიო მართვა-გამგეობის დებულებაში ჩაწერეს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის მორწმუნე საზოგადოების ერთობა, ქალის და კაცის, განურჩევლად სქესისა, სოციალური წოდებისა და ასე შემდეგ, რომელიც შემოდის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციის საზღვრებში. აქ ეთნოსიც არ იყო მითითებული, რადგან რუსებს სურდათ, რომ რუსული, ბერძნული და სხვა სამრევლო წაეღოთ და საეკლესიო სეპარატიზმი შეექმნათ ჩვენს ტერიტორიაზე,

მაგრამ ქართველმა ავტოკეფალისტებმა თქვეს: ჩვენი ეკლესია ზენაციონალურია!

დღეს უკვე აღარავინ მალავს, რომ პრობლემებია ეკლესიაში, რომ ეს სოციალური სხეულია და მიწიერი ეკლესიის ყოველდღიურ საქმიანობაში შეიძლება ცდომილება იყოს, მაგრამ ეს ტექსტი [საპატრიარქოს პრესცენტრის განცხადება ევროინტეგრაციის შესახებ] არის სრულ წინააღმდეგობაში იმასთან, რისთვისაც იბრძოლეს ქართველმა ავტოკეფალისტებმა და იბრძვიან ქართველი მართლმადიდებელი, საერო და სასულიერო პირები. ეს არის ჩვენს საეკლესიო ტრადიციებთან დაპირისპირება.

როდესაც ოჯახის დაცვაზე საუბრობს საპატრიარქოს პრესცენტრი – ცხადია, ეკლესიას აქვს უფლება ისაუბროს ქალის და კაცის ერთობაზე და ჰქონდეს სექსუალური, თუ ეკონომიკური იდეოლოგია, მაგრამ ფაქტია, რომ ევროკავშირის ქვეყნებშია სწორედ დაცული ოჯახები სოციალური პაკეტებით, ბავშვის უფლებებით, მარტოხელა დედების უფლებებით და ასე შემდეგ. თუ ეკონომიკური და სოციალური ფუნდამენტი არ ექნება ამ ქალის და კაცის ერთობას, ვერ იარსებებს ძლიერი ოჯახი.

ვხედავთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის ერთი ჯგუფი, ერთი ცენტრი, სულ მცირე მცხეთა-თბილისის ეპარქია, სიმფონიურად თანამშრომლობს დღევანდელ რეჟიმთან, პოლიტიკურ ძალაუფლებასთან. მათი ხედვები სრულად ემთხვევა ერთმანეთს.

  • ოცნება“ კი, თავის მხრივ კრემლის გზავნილებს იმეორებს. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი საქართველოში გავლენის გაძლიერებას ეკლესიის გზითაც ცდილობს? 

როდესაც ვსაუბრობთ გავლენებზე, არაა ასე, რომ ადგება კირილე და გადმორეკავს საქართველოს საპატრიარქოში, ეს უნდა თქვათო, მაგრამ არსებობს ირიბი ინერცია, რომელსაც აქვს იდეოლოგიური დასაყრდენი. ეს ათწლეულების განმავლობაში იქმნებოდა ჩვენთან ნელ-ნელა, პროპაგანდის სახით.

იგივე რელიგიური ლიტერატურა, რომელიც შემოდიოდა – მე თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტი ვიყავი – ძირითადად იყო რუსული შავრაზმული ტექსტები. რუსებს ემიგრაციაში ინტელექტუალი თეოლოგებიც ჰყავდათ დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში, მაგრამ გამიზნულად მატრონა მოსკოველის ლეგენდები შემოდიოდა სტალინის შესახებ, ასევე კირილესთან დაახლოებული სტარეცის ნამუშევრები, ათონელი ბერების, რომლებიც დაპირისპირებული არიან მსოფლიო საპატრიარქოსთან…

მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ საეკლესიო სუვერენიტეტის გაძლიერებაც სწორედ ევროკავშირის ფორმატშია შესაძლებელი და არა იმ კონკორდატით, რაც დღეს არსებობს ფურცელზე: რომელ სოციალურ პროგრამებს ახორციელებენ ეკლესია და სახელმწიფო ერთად? რაღაც მიწის ნაკვეთს გადასცემენ, მერე იმას გამოიყენებენ, ან ვერ გამოიყენებენ…

სასულიერო პირების დიდი ნაწილი დაოჯახებულია, მათ ჰყავთ 4, 5, 6, ზოგს 10 შვილი. მათ სურთ, რომ მათმა შვილებმა უკეთეს საზოგადოებაში იცხოვრონ, დაცულ საზოგადოებაში, სადაც გელათის მსგავსი პრობლემაც ნაკლებად შეიქმნებოდა.

თუ ტრადიციებზე ვსაუბრობთ, ასეთი განცხადებები, რაც საპატრიარქოს პრესცენტრს ჰქონდა, მხოლოდ აძლიერეს რუსულ გავლენას საქართველოში და მას რუსულ, იმპერიულ ჯაჭვში აქცევს, როგორც რელიგიური, ისე საერო პერსპექტივიდან გამომდინარე. ეს არის ზუსტად ჩვენი ქართველი ავტოკეფალისტების მონაგრის და ტრადიციების ღალატი: კირიონი, ლეონიდე თუ ამბროსი ამ ბრძოლისთვის აღმოჩნდნენ ბოლშევიკური რეჟიმის მსხვერპლი.

ეს მხოლოდ სასულიერო პირების ბრძოლა არ იყო. სოციალ-დემოკრატებისთვის, მაგალითად, ეკლესია კულტურული ღირებულება იყო, მათ საკრალური ბმა არ ჰქონდათ, მაგრამ ეს იყო მათი იდენტობის მარკერი. ისინი სემინარიებში იზრდებოდნენ, ოქროპირიძის და ქიქოძის, ცნობილი ეპისკოპოსების მოწაფეები იყვნენ, რომლებიც საფუძველს უყრიდნენ მათ შორის ენობრივ გამორკვევას საქართველოში.

  • ისევ საპატრიარქოს პრესცენტრის განცხადებაზე მინდა გკითხოთ. გამოდის, რომ შესაძლოა ეს განცხადება ევროკავშირის რეკომენდაციაზე პარიართქთან შეთანხმებული არ იყო? საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ გვიპასუხა ეს: „არ იარსებებდა პრესცენტრი, წინააღმდეგობაში რომ იყოს ხელმძღვანელთან. წარმოგიდგენიათ რომელიმე უწყება, სადაც პრესცენტრი, რასაც უნდა, იმას განაცხადებს?“

ვიცით, რომ ილია II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა არაა დამაკმაყოფილებელი და არ შეუძლია დამოუკიდებლად ტექსტი დაწეროს, შესაბამისად, ეს მოცემულობა ბევრ კითხვას აჩენს. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ცენტრს არ აქვს ლეგიტიმაცია ისაუბროს კათოლიკოს-პატრიარქის მაგივრად. პატრიარქის მაგივრად შეუძლია ისაუბროს მხოლოდ მის მდივანს – ამ შემთხვევაში გიორგი ბოტკოველს.

თუ პატრიარქისაა ეს განცხადება, მაშინ ის შესაბამის ბლანკზე უნდა იყოს და ბეჭედი ჰქონდეს.

საპატრიარქო ძალიან მრავალშრიანი ინსტიტუციაა, რომელიც პატრიარქს ეხმარება მართვაში. დარწმუნებული ვარ, ამ ტექსტს საპატრიარქოში წარმოდგენილი ადამიანების ნახევარი არ ეთანხმება, მაგალითად, იგივე მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი, რომელიც ღიად დასავლურ პოზიციებს უჭერს მხარს.

მე, როგორც რიგითი მართლმადიდებელი ქრისტიანი, ვერ ვიღებ ამას, როგორც პატრიარქის პოზიციას, მე ამას ვიღებ, როგორც საპატრიარქოს ერთი ჯგუფის პოზიციას. ამას ვამბობ იმიტომაც, რომ კათოლიკოს-პატრიარქს არაერთხელ აქვს ძალიან ღიად გაცხადებული პოზიტიური ხედვა დასავლეთის შესახებ.

  • თქვენი აზრით, რატომ არჩია ივანიშვილმა ამ ეტაპზე საპატრიარქოს ჩართვა ანტიდასავლურ კამპანიაში? პროსახელისუფლებო მედია საშუალებები მიუთითებდნენ, რომ ეს არის საპატრიარქოს პოზიცია. 

„ქართულმა ოცნებამ“ ყველა შესაძლო ფრონტზე აამოქმედა პროპაგანდა, ეს იქნება მედია, ჯიბის ინტელექტუალები და ასე შემდეგ. შესაბამისად, გამოიყენა საპატრიარქოს ეს ჯგუფიც. მას შესაძლებლობა რომ ჰქონოდა და შესაბამისი გავლენა, 40-ივე ეპისკოპოსს დააწერინებდა იგივეს და იტყოდა, 40 ეპისკოპოსი ამბობს ამასო.

ჩვენ არ გაგვიგია იგივე საპატრირქოს პრესცენტრის ხმა, როცა საპროტესტო აქციებზე ადამიანებს არბევდნენ, მათ შორის, სასულიერო პირები და მათი შვილებიც იდგნენ ამ აქციებზე. სადმე ვნახეთ საპატრიარქოს პრესცენტრის პოზიცია, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის შეწყვეტისკენ იქნებოდა მიმართული?!

ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მართლმადიდებელმა ქრისტიანმა კრიტიკულად შეხედოს ამ ყველაფერს და შესაბამისი დასკვნა გააკეთოს.

  • თქვენ ხაზი გაუსვით იმას, რომ საპატრიარქოს შიგნითვე ბევრი არ დაეთანხმებოდა ჯაღმაიძის ამ განცხადებასო. რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს განსხვავებულ აზრს საპატრიარქოში დღეს?

ეკლესია არის იერარქიულად სტრუქტურირებადი მექანიზმი. გვინდა თუ არა, ამა თუ იმ ეპისკოპოსს აქვს ძალაუფლება სასულიერო პირზე, მღვდელსა და დიაკონზე. შესაბამისად, აქ ნაკლები სივრცეა თავისუფლად პოზიციონირებისთვის.

პირველ რიგში, მართლმადიდებელი ქრისტიანები გაბედულად უნდა საუბრობდნენ იგივე ევროინტეგრაციის საკითხზე, თქვან, რომ არ ეთანხმებიან ამ პოზიციას, რომელსაც საპატრიარქოს ფორმალური ინსტიტუციის ერთ-ერთი განყოფილება აჟღერებს.

რაც უფრო მეტ ხმას გავიგონებთ, მით უფრო გამდიდრდება და გაძლიერდება საეკლესიო სუვერენიტეტი, რომელიც დღეს ძალიან დასუსტებულია. ეპისკოპოსების ნაწილი ღიად პოზიციონირებს, მაგრამ მათი ხმა უფრო მეტად უნდა ისმოდეს და მედიამაც უნდა მიაქციოს ამას ყურადღება.

მთელი რიგი ჯაჭვია, რის გამოც ჩვენ ვირჩევთ დასავლეთს – ევროკავშირის ბიუროკრატიულ აპარატთან დაკავშირებით შეიძლება ყველას გვქონდეს კრიტიკა და ეს არ არის ტრაგედია, მათ შორის, სასულიერო პირების მხრიდან. ეს კრიტიკა შეიძლება მქონდეს მეც – ათი წელიწადი უკვე გავატარე დასავლეთში.

მაგრამ ტრაგედია არის ღირებულებათა ორ ცენტრს შორის რომელს ვირჩევთ: რუსეთს, რომელმაც საეკლესიო სუვერენიტეტიც წაგვართვა? მაშინ საეკლესიო სუვერენიტეტზეც ვამბობთ უარს.

ჩვენს ხმას უნდა მოუსმინონ სასულიერო პირებმა და მიტროპოლიტებმა – ეკლესია არ არის მხოლოდ ეპისკოპოსი და მათ არც იმის უფლება აქვთ, სამრელოსთან შეთანხმების გარეშე წერონ ასეთი ტექსტები. ეს არის დარღვევა იმ ტრადიციის, რომლითაც ააშენეს და საფუძველი ჩაუყარეს საქართველოს დამოუკიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას ქართველმა ავტოკეფალისტებმა, რომელიც მოწამეები არიან და მაგალითის მომცემი ჩვენთვის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: