ჟურნალისტ იური დუდს ბრალად ედება „რუსეთის ფედერაციის სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის სფეროში ინფორმაციის მიზანმიმართული შეგროვება“ – წერს რუსული პროპაგანდისტული მედია TASS-ი სასამართლოდან მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ამავდროულად, მოსკოვის სასამართლოების გაერთიანებული პრესსამსახური იუწყება, რომ დუდს „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის დაცვაზე თავის არიდების გამო დაუსწრებლად შეეფარდა 2 -თვიანი წინასწარი პატიმრობა მისი რუსეთში ექსტრადირების ან ქვეყნის ტერიტორიაზე დაკავების მომენტიდან – ციტირებს სასამართლოს განცხადებას Tass-ი.
იური დუდი ცნობილი რუსი დამოუკიდებელი ჟურნალისტი და იუთუბერია. ის ამჟამად რუსეთში არ იმყოფება. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ დუდი „უცხოელ აგენტად“ 2022 წლის აპრილში გამოაცხადა.
TASS-ი წერს, რომ დუდზე ასევე გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა.
რუსული კრიტიკული მედიაგამოცემა „მედუზა“ აზუსტებს, რომ ჟურნალისტს ბრალი წაუყენეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 330.1 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს, რომ „რეგისტრაციისთვის“ საჭირო დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება არ იყო შესრულებული.
ამავდროულად, ეს არ იყო შესრულებული „პირის მიერ, რომელიც ახორციელებს ინფორმაციის მიზანმიმართულ შეგროვებას“ რუსეთის სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის სფეროში, რომლის გამოყენებაც შეიძლება ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ, თუ მას უცხოური წყაროები მიიღებენ – სააგენტო TASS-ი ცალკე მიუთითებს დუდის ბრალდების ამ პუნქტზე.
მუხლის ამ ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთ წლამდე ვადით.






