მთავარი,სიახლეები

„მე ფიცი მივეცი ქვეყანას და არა რომელიმე პარტიას“ – ინტერვიუ თავდაცვიდან გათავისუფლებულ პოლკოვნიკთან

22.07.2025 •
„მე ფიცი მივეცი ქვეყანას და არა რომელიმე პარტიას“ – ინტერვიუ თავდაცვიდან გათავისუფლებულ პოლკოვნიკთან

„ქართული ოცნება“ თავდაცვის სამინისტროშიც იწყებს წმენდას. დღეს, 22 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ ე.წ. რეორგანიზაციის საფუძველზე თანამდებობიდან გაათავისუფლეს პოლკოვნიკი ლევან კურცხალია, რომელიც 31 წელია სამხედრო სამსახურშია და ნატოსა და ევროინტეგრაციის მიმართულებით მუშაობს.

ლევან კურცხალია თანამდებობიდან დათხოვნას მის პროევროპულ განწყობებს უკავშირებს. ლევან კურცხალიას თქმით, „ოცნების“ ხელისუფლებისთვის ცნობილია მისი ოჯახის წევრების კრიტიკული განწყობებიც. მისი შვილი, სესილი კურცხალია სასაზღვრო პოლიციიდან პროტესტის ნიშნად წამოვიდა, როდესაც ირაკლი კობახიძემ ევროინტეგრაციის შეჩერებაზე განაცხადა.

„ბათუმელები“ ლევან კურცხალიას დაუკავშირდა და ჰკითხა, რამდენად აქვს მოლოდინი, რომ შესაძლოა სხვა პროევროპული განწყობის მქონე სამხედრო პირებიც გაათავისუფლონ თავდაცვიდან.

  • ბატონო ლევან, თქვენ ხართ პირველი სამხედრო, ვინც გაათავისუფლეს თავდაცვის სამინისტროდან, თუ კიდევ უნდა ველოდოთ სხვებსაც?

სამხედრო წოდების მხოლოდ მე გამიშვეს. პირველი წმენდის ტალღა შეეხო სამოქალაქო ბლოკის წარმომადგენლებს და სხვადასხვა თანამდებობის პირს.

სამხედროები ამ წმენდაში მაშინ არ მოყოლილან. მე ვარ პირველი სამხედრო, რომელსაც შემეხო ე.წ. რეორგანიზაცია.

31 წელია სამხედრო სამსახურში ვარ, მოქმედ თავდაცვის მინისტრს მადლობაც აქვს ჩემთვის გამოცხადებული, სხვადასხვა დროს ვმუშაობდი აშშ-შიც ანალიტიკურ მიმართულებაზე, ნატოს მიმართულების სამმართველოს უფროსი ვიყავი შტაბში.

თავდაცვის სამინისტროშიც საერთაშორისო მიმართულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვიყავი, ვარ პოლკოვნიკის წოდებით და რაც მოხდა, ვფიქრობ, არის სამწუხარო ფაქტი.

ბრძანებაში წერია, რომ „გათავისუფლდეს რეორგანიზაციის გამო თანამდებობიდან“. არ ვიცი ეს რა რეორგანიზაციაა. თავდაცვის სამინისტროში რაღაცები შეცვალეს, თუმცა რეორგანიზაციის სახე რამდენად აქვს, ვერ გეტყვით, რადგან არსებითი ცვლილება არ მომხდარა. ამ რეორგანიზაციის შემდეგ მე ვრჩებოდი სამხედრო პირად თავდაცვის ძალებში, თუმცა იქაც არ შემომთავაზეს ჩემი კვალიფიკაციის შესაბამისი თანამდებობა და გუშინ საერთოდ გამათავისუფლეს თანამდებობიდან.

  • როგორც თქვენი საჯარო პოსტებიდანაც ჩანს, თქვენ გაქვთ პროევროპული განწყობები, წერთ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია. ფიქრობთ, რომ ეს გათავისუფლებაც ამას უკავშირდება, ეს არ მოსწონთ „ოცნებაში“?

არა მხოლოდ ეს.

უბრალოდ, სამწუხაროა ეს და სხვაც რომ ყოფილიყო ჩემს ადგილზე, ამხელა გამოცდილების და მაღალი კვალიფიკაციის, ყველა შემთხვევაში სამწუხარო ფაქტი იქნებოდა.

არ ვიცი სხვა სამხედროებსაც გაუშვებენ თუ არა, მაგრამ ჩემი გაშვება რა კრიტერიუმით მოხდა ესეც გაუგებარია. ალბათ იყო პოლიტიკური კონტექსტიც ჩემს გათავისუფლებაში, რადგან ცნობილია, როგორც ჩემი, ისე ჩემი ოჯახის განწყობა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, იმაზე, რაც საქართველოში ხდება. ეს მშვენივრად იციან.

  • თქვენი შვილის ფეისბუქს გადავხედე და როგორც ჩანს, ის აქტიურად მონაწილეობს იმ საპროტესტო აქციებში, რომელიც ქვეყანაში მე-9 თვეა იმართება. თქვენც ხომ არ დადიოდით საპროტესტო აქციებზე?

პროტესტებზე არ დავდიოდი, რადგან ზოგადად, სამხედრო მოსამსახურეებს პოლიტიკური ხასიათის აქტივობებში მონაწილეობა ეკრძალებათ, მაგრამ მე ქვეყანას მივეცი ფიცი და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას და ესეც არ გაითვალისწინეს, რომ სამხედრო მოსამსახურე პირველ რიგში არის ქვეყნის ინტერესების დამცველი.

  • ზოგადად, როცა სამხედროები ხედავენ, რომ „ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკა ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს, აზიანებს და საფრთხეს უქმნის ჩვენს ევროპულ მომავალს, ამაზე რას ფიქრობენ სამხედროები, ფიცის კონტექსტი ამაზე არ ვრცელდება?

ეს არის ინდივიდუალური შეფასების საგანი. მე ის ვიცი, რომ სამხედროების უმეტესობა, 99%-ი არის იმ ადამიანების, რომლებმაც ფიცი მისცეს თავის ქვეყანას და ემსახურებიან. ფიქრობენ, რომ ის, რასაც აკეთებენ, აკეთებენ ქვეყნისთვის.

  • მაგალითად, როცა „ქართული ოცნების“ მხრიდან ისმის განცხადებები -„ჩვენ ვერ მოვიგებთ ომს“, რომ „ლაჩრულად წავაგეთ ომი“ და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაშიც დუმილის ვალდებულება აქვთ მათ?

რა თქმა უნდა. ეს არის რაღაცნაირი პოლიტიკური ინსინუაციები, ზოგი შიდა მოხმარებისთვის, ზოგი – გარე მოხმარებისთვის, ამიტომ ყველა კეთილსინდისიერი სამხედრო აკეთებს თავის საქმეს – წაიყვანოს საქართველოს თავდაცვის ძალები ნატოსკენ, დასავლეთისკენ და გააძლიეროს თავდაცვის შესაძლებლობები. ეს არის ჩვენი პირველი რიგის ამოცანა.

  • და რომ არ მიჰყავს „ოცნებას“ დღეს აქეთკენ?

პოლიტიკოსები ურთიერთგამომრიცხავ რაღაცებს ლაპარაკობენ დღეს. პრემიერი ერთს ლაპარაკობს და უმრავლესობის ლიდერი – მეორეს. სად ვდიოთ ახლა ამას სამხედროებმა, ვიღაცების განცხადებებს.

  • მაგრამ ეს პოლიტიკოსები წყვეტენ იმას, რომ მაგალითად, ნატოს და ევროკავშირთან ინტეგრაციის უწყებები გააუქმეს საგარეოში, თავდაცვაშიც და ისინი კარნახობენ თავდაცვის პოლიტიკასაც.

რა თქმა უნდა, ეს ცუდია. მაგრამ ეს არის ინდივიდუალური შეფასების საგანი. მე არ ვიცი სხვა სამხედრო პირები როგორ შეფასებას აძლევენ მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ მე მივეცი შეფასება, როცა გამოვიდა ირაკლი კობახიძე და განაცხადა ის, რაც განაცხადა. რა თქმა უნდა, არ მომეწონა და სიტყვიერადაც გამოვხატე ეს პროტესტი. მათ შორის ჩემმა ოჯახმაც.

მიტინგების დარბევები როცა იყო, ჩემმა შვილმა დაწერა პატაკი და წამოვიდა პროტესტის ნიშნად შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

  • თქვენი შვილი კრიტიკულია შეფასებებში. ის წერს, რომ ქართველი სამხედროების მიმართ „ოცნების“ ხელისუფლების დამოკიდებულება, წააგავს სამშობლოს ღალატს. რა არის ის, რაც აზიანებს ვთქვათ, თქვენი შეფასებით, საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და როგორია ის პოლიტიკა, რასაც „ოცნება“ ბოლო წლებში ატარებს დასავლეთის მიმართულებით?

უსაფრთხოების და თავდაცვის მიმართულებით რასაც ვხედავ და სადაც ვმუშაობდი ბოლოს, მკვეთრად შეცვლილია მდგომარეობა. ჩვენ ვხედავთ როგორია ჩვენი მოკავშირეების დამოკიდებულება ჩვენს მიმართ და რას ვთავაზობთ ჩვენ. ისმის მხოლოდ კრიტიკა მეგობრების და რაღაცნაირად, ირიბად ხოტბის შესხმა ჩვენი მოწინააღმდეგეების.

ეს რომ გადავთარგმნოთ, საბოლოო ჯამში ჩვენს ქვეყანას და ჩვენი თავდაცვის სტრუქტურას მიიყვანს გამოუვალ სიტუაციაში, ყველა კარი ჩვენთვის დაკეტილი იქნება და კრიზისის შემთხვევაში, როგორი კრიზისიც არ უნდა იყოს ეს, უსაფრთხოების თუ ბუნებრივი კატაკლიზმების, ჩვენ ვიქნებით მარტო.

  • ეს არ ნიშნავს დამარცხებასთან შემგუებლობას, ოკუპანტისთვის თავის დახრას და წინააღმდეგობის შესუსტებას? ამისთვის ამზადებს „ოცნება“ ჯარს, ქვეყანას?

მე დღეს რასაც ვუყურებ, აქეთკენ მიდის ყველაფერი. მაგრამ ჩვენ, სამხედროები ვინც ვართ და რა საქმესაც ვაკეთებდით, ვფიქრობდით, რომ ჩვენი საქმე ემსახურებოდა მეტ ინტეგრაციას ევროსტრუქტურებში, მაგრამ პოლიტიკური მდგენელი, ასე რომ ვთქვათ, არის გაუარესებული და საბოლოო ჯამში ჩიხში მიიყვანს ჩვენს ქვეყანას.

  • სამხედროები ამას გრძნობენ, რომ ჩიხში შეჰყავთ ქვეყანა?

რა თქმა უნდა, ფონი არის საშინელი. ყველა ხედავს, რომ გუშინ რომ ფრანგებთან, ინგლისელებთან ან სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ინტენსიური შეხვედრები იყო, წვრთნები იყო, გაცვლა-გამოცვლა იყო, ეს ყველაფერი ან შემცირებულია, ან განულებული.

ჩამოდიოდნენ აშშ-ს, ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის თავდაცვის მინისტრები და ბოლოს ვინმემ მოისმინა, რომ რომელიმე დასავლური ქვეყნის თავდაცვის მინისტრი იყო ჩამოსული?!

ეს კავშირები დიდწილად არის შეჩერებული.

ერთი რამშტაინის უკრაინის მიმართულებაზე მიდის ხოლმე თავდაცვის მინისტრი, მაგის ამარად ვართ უკვე, რომ იქაც შეიძლება ვიღაცას ხელი ჩამოვართვათ თორემ დანარჩენი ყველაფერი შემცირებულია.

  • თქვენ კი ამბობთ, რომ ეს არ არის სამხედროების შეფასების საგანი, მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ. დავუშვათ შეიყვანა „ოცნებამ“ ეს ქვეყანა ჩიხში. სამხედროებიც მიჰყვებიან ამ ჩიხში „ოცნების“ მთავრობას? ანუ აძლევენ უფლებას სამშობლო რომელსაც შეჰფიცეს ერთგულება, დატოვონ ამ ჩიხში?

ჩვენ ვაკეთებთ იმას, რომ მეტი ინტეგრაცია იყოს ჩვენს დასავლელ კოლეგებთან, მაგრამ თუ ჩვენმა პარტნიორებმა დაინახეს, რომ მათ არავინ უწყობს ხელს, რომ უფრო მეტი აქტივობა გააკეთონ, ისინიც ჩაიქნევენ ხელს და ამბობენ კიდევაც, რომ პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ ამაზე მეტს ვერ გავაკეთებთ ამ ეტაპზე. რაღაც პროგრამები გაუქმდა, ბევრი ფინანსები იყო გამოყოფილი სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ და 2024-2025 წლებში ესეც გაუქმდა.

  • ვთქვათ, ხდება სამშობლოს ღალატი, ვგულისხმობ იმას, რომ შესაძლოა რუსებთან დაიწყოს ურთიერთობების აღდგენა „ოცნებამ“, დასავლეთის ჩამოშორება, ქვეყნის ბრძოლისუნარიანობის დასუსტება… ასეთ შემთხვევაში როგორ იქცევა თავდაცვის სამინისტრო, როგორი უნდა იყოს ამაზე სამხედროების რეაქცია?

თავდაცვის სამინისტროშიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ისინიც შეიძლება გახდნენ პროპაგანდის მსხვერპლი.

მაგრამ, რასაც ხალხი გადაწყვეტს, იმას დაიცავს ჯარიც. მოსახლეობის ნებაა ყველაფერი, ხომ?! რასაც გადაწყვეტს მოსახლეობა ისე იქნება, საბოლოო ჯამში. ვერავინ შეეწინააღმდეგება მოსახლეობის ნებას.

მაგრამ კურსის ასე ღია ცვლილება მოუმზადებლად არ ხდება. ამას უნდა შემზადება, კარგი მუშაობა, პროპაგანდა რამდენიმე წელი და მერე ჩაატარებენ ალბათ პლებისციტს, გვინდა თუ არა ნატოში, ევროკავშირში და არავინ ვიცით ამ პროპაგანდისტული მუშაობის შემდეგ რა შედეგი დადგება.

ეს არის საფრთხე, რა დეზინფორმაციებიც მოდის, რომ „ევროკავშირი არის საბჭოთა კავშირი“ თურმე და ასე შემდეგ, რაც არ არის ნორმალური, ხომ?!

  • ხომ არ ხდება ისე, რომ უკვე აჩვევენ სამხედროებსაც ლოიალურ განწყობებს რუსეთის მიმართ?

მაღალი თანამდებობის პირებს, საშუალო რგოლის მენეჯერებს ყველას ვიცნობ თავდაცვაში და ვიცი მათი დამოკიდებულება. ამიტომ არა მგონია რომელიმე მათგანს ჰქონდეს შემწყნარებლური დამოკიდებულება იმის მიმართ, რაც თქვენ ახსენეთ.

ეს არის გამორიცხული.

მაგრამ თუ შემგუებლობის პროპაგანდა წავიდა, ბოლოს ვინ რა განწყობაზე იქნება, ამაზე პასუხი არ მაქვს. რადგან შესაძლოა ეს პროპაგანდა ხვალ-ზეგ უფრო გაღრმავდეს და ვიღაცებმა მართლა დაიჯერონ, რომ თურმე ჩვენი გმირები, რომლებიც ჯერ 91-ში, შემდეგ კი 2008 წელს ომში დაიღუპნენ და რუსების მიერ იქნენ მოკლული, არ არიან თურმე გმირები.

ყოველ შემთხვევაში დღეს ამაზე ყველას აქვს კრიტიკული განწყობა.

  • თქვენ როგორი მოლოდინი გაქვთ როგორც სამხედრო პირს და რას აპირებთ მომავალში?

მე სამართლებრივი პროცესი დავიწყე და ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

მინდა დავამტკიცო, რომ ჩემი გათავისუფლება იყო უკანონო, რადგან არც რეორგანიზაცია იყო შესაბამისად გაკეთებული და არც ჩემი დათხოვნა მომხდარა სწორად. ამით მინდა დავიცვა სხვა სამხედროებიც, ხვალ და ზეგ ისინიც რომ არ აღმოჩნდნენ ჩემსავით დასჯილები კრიტიკული აზრის თუ სიტყვის თავისუფლების გამო. ისევე, როგორც მე დამსაჯა დღევანდელმა რეჟიმმა, თუ რაც არის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: