მთავარი,სიახლეები

როგორ ჩაანაცვლებს სომხეთი საქართველოს სამხრეთ კავკასიაში? – ინტერვიუ

22.07.2025
როგორ ჩაანაცვლებს სომხეთი საქართველოს სამხრეთ კავკასიაში? – ინტერვიუ

„თუ კონსოლიდაცია ვერ მოახერხა ქართველმა ერმა, მაშინ დასავლეთი ამას ვერ შეაჩერებს და, ბუნებრივია, დაიწყებს ალტერნატიული გზების მოძებნას: სომხეთი მართლაც არის საქართველოს შესაძლო ალტერნატივა ამ კონტექსტში,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი, რომელსაც სამხრეთ კავკასიაში გააქტიურებული პროცესების შემდეგ ვკითხეთ: რამდენად შეიძლება დასავლეთმა პარტნიორობა სომხეთთან არჩიოს?

„საქართველოს მყისიერად სომხეთით ჩანაცვლება ძნელი იქნება, თუმცა დასავლეთში ამ საკითხზე უკვე ფიქრობენ – საქართველოზე რომ ვერ დაამყარებენ იმედებს, ისინი ამაში დარწმუნდნენ.

საქართველო რომც გახდეს სრულად ავტორიტარული სახელმწიფო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დასავლეთი უარს იტყვის საქართველოს, როგორც დერეფნის გამოყენებაზე. აზერბაიჯანიც ავტორიტარული სახელმწიფოა, მაგრამ საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც არჩეულ დასავლურ კურსს უღალატა. ამიტომაც, ის დასავლეთის მიერ არ შეიძლება აღქმული იყოს სტაბილურ პარტნიორად,“ – გვიყვება კახა გოგოლაშვილი.

რა იცვლება სამხრეთ კავკასიაში და რამდენად შეიძლება დასავლეთის მოკავშირედ საქართველო სომხეთმა შეცვალოს? – „ბათუმელებმა“ რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორთან, კახა გოგოლაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო კახა, თქვენი აზრით, „ოცნების“ ანტიკონსტიტუციური მთავრობის ანტიდასავლური კურსის გათვალისწინებით, რამდენად რეალურია საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში სომხეთმა ჩაანაცვლოს, როგორც დასავლეთის აქტიური მოკავშირე?  

საქართველოს მყისიერად სომხეთით ჩანაცვლება ძნელი იქნება, თუმცა დასავლეთში ამ საკითხზე უკვე ფიქრობენ – საქართველოზე რომ ვერ დაამყარებენ იმედებს, ისინი ამაში დარწმუნდნენ. მოგეხსენებათ, თურქეთი არის ხიდი დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის, ის უყურებს ამ საკითხს ძალიან სერიოზულად და, შესაბამისად, დასავლეთშიც ამას განიხილავენ.

დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის გადის კომუნიკაციების მთელი სისტემა. ამის ხელახლა აშენებას წლები დასჭირდება. მაგალითად, იგივე ბაქო-თბილისი-ყარსის ალტერნატივა რომ შექმნა, მინიმუმ 10 წელია საჭირო.

  • დასავლეთში ჩათვალეს, რომ საქართველოს იმედი, როგორც დასავლეთის ფორპოსტი სამხრეთ კავკასიაში, აღარ უნდა ჰქონდეთ? 

არ ვიცი, ეს რამდენად ჩათვალეს, მაგრამ მინიმუმ უნდათ, რომ არ დატოვონ უპასუხოდ, რასაც აკეთებს „ოცნების“ დღევანდელი ხელისუფლება.

ბერკეტები და იგივე სანქციები არ არის ისეთი ძლიერი, რომ მან შეაჩეროს „ოცნების“ მიერ განხორციელებული ანტიდასავლური პოლიტიკა: შეიძლება დასაჯონ, პრობლემა შეუქმნან იმისთვის, რომ ღალატობენ დასავლურ ღირებულებებს, დასავლურ კურსს, მაგრამ ყველაზე დიდი ბერკეტი ამ პროცესში არის ქართველი ხალხის ხელში: თუ ხალხი მოინდომებს, რომ გააჩეროს ანტიდასავლური კურსი და ამაში იქნება ერთიანი, ეს მოხდება.

თუ კონსოლიდაცია ვერ მოახერხა ქართველმა ერმა, მაშინ დასავლეთი ამას ვერ შეაჩერებს და, ბუნებრივია, დაიწყებს ალტერნატიული გზების მოძებნას. სომხეთი მართლაც არის საქართველოს შესაძლო ალტერნატივა ამ კონტექსტში.

საქართველო შავი ზღვის ქვეყანაა, პორტები აქვს და მისი ჩანაცვლება სომხეთით ვერ მოხდება, მაგრამ თუ სომხეთს და აზერბაიჯანს შორის საბოლოოდ სამშვიდობო შეთანხმება მიიღწევა და ზანგეზურის დერეფანს გამოიყენებენ, საქართველოს სომხეთმა შესაძლოა დიდი კონკურენცია გაუწიოს.

  • ანუ თურქეთთან მოკავშირეობით შესაძლებელია ამოქმედდეს ახალი დერეფანი უკვე საქართველოს გარეშე? 

ზუსტად ასეა. ამ შემთხვევაში სომხეთს რუსეთისაც აღარ შეეშინდება იმხელა მხარდაჭერა ექნება, როგორც დასავლეთიდან, ისე თურქეთიდან. თურქეთი აღარ მისცემს რუსეთს საშუალებას, სომხეთში სამხედრო ძალით ჩაერიოს, ან იქ გადატრიალება მოაწყოს.

საქართველოს მიმართ კი, დასავლეთის ყურადღება შესუსტდება. ამავდროულად, რუსეთის მხრიდან საქართველოს დამორჩილება კიდევ უფრო მარტივი გახდება.

მნიშვნელოვანია ითქვას ისიც, რომ საქართველო რომც გახდეს სრულად ავტორიტარული სახელმწიფო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დასავლეთი უარს იტყვის საქართველოს, როგორც დერეფნის გამოყენებაზე. აზერბაიჯანიც ავტორიტარული სახელმწიფოა, მაგრამ საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც არჩეულ დასავლურ კურსს უღალატა. ამიტომაც, ის დასავლეთის მიერ არ შეიძლება აღქმული იყოს სტაბილურ პარტნიორად.

  • ეს მორალური საკითხია დასავლეთისთვის? 

არამხოლოდ. ეს შესაძლოა აღიქვან, როგორც რისკის საკითხი: ევროკავშირი განიხილავს საქართველოს, როგორც რუსეთის შესაძლო აგენტს, რუსეთთან მოთამაშე სახელმწიფოდ, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ დროს ზურგი შეაქციოს დასავლეთს და გადავიდეს რუსეთთან, ჩინეთთან სრულ თანხვედრაში.

შესაძლოა, ირანთანაც დაიწყოს მეგობრობა საქართველომ, ანუ ეს არ უკავშირდება მხოლოდ დემოკრატიაზე უარის თქმას.

  • ამავდროულად, ახალი დერეფნის მოწყობა რეგიონში დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. უღირს ეს ევროპას, თქვენი დაკვირვებით? 

ცხადია, საქართველოში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ბევრი დაიხარჯა, ეს იქნებოდა გაზსადენი, რკინიგზა თუ ნავთობსადენი… მაგალითად, ახლა მუშაობენ ენერგოკაბელის გაყვანაზე შავი ზღვის ქვეშ, რომელიც დააკავშირებს საქართველოს უნგრეთს.

ამიტომაც, ერთი ხელის მოსმით არავინ არ გადააგდებს საქართველოს, როგორც დერეფანს, მაგრამ აუცილებლად შექმნიან ალტერნატივას იმისთვის, რომ არ იყვნენ გეოსტრატეგიულად ჩაყენებული წამგებიან პირობებში – რუსეთის შესაძლებლობებზე დამოკიდებული.

ამიტომაც, სულ უფრო ინტენსიურად მიდის საუბარი სომხეთზე. ჩანს, რომ სომხეთს ელოლიავებიან და ემეგობრებიან: გინდა ევროპა, გინდა აშშ. ამით ჩანს დასავლეთის ხედვა, ფიქრობენ: აუცილებელია ალტერნატიული პარტნიორის გაჩენა ამ რეგიონში.

აზერბაიჯანიც პრინციპში დასავლეთის პარტნიორია – ტრანზაქციული ურთიერთობებია და დასავლეთიც შეეგუა, რომ აზერბაიჯანში ავტორიტარიზმია, თუმცა ბოლო ინციდენტმა მკაფიოდ აჩვენა: აზერბაიჯანის და რუსეთის მეგობრობა არ გამოვა გრძელვადიან პერსპექტივაში.

საქართველოს მიმართ კი, ბევრი კითხვაა. მთავარი ისაა, რომ თუ „ქართული ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში, ის შეიძლება გახდეს რუსეთის სატელიტი, რასაც, მაგალითად, აზერბაიჯანი არ დათანხმდება. აზერბაიჯანს საკმაოდ ძლიერი ამბიცია აქვს.

რაც მთავარია, გამოჩნდა, რომ აზერბაიჯანისთვის დასავლეთი უფრო მისაღებია: დასავლეთთან შეიძლება მოლაპარაკება, რუსეთთან კი, მოლაპარაკება შეუძლებელია. რუსეთი ყოველთვის გამოიყენებს მომენტს, როდესაც სუსტი იქნები და წაგართმევს რამეს.

საქართველოს მთავრობა ამ დროს პირიქით ფიქრობს, ჯობია რუსეთთან ურთიერთობა, ვიდრე დასავლეთთან, რომელიც გამუდმებით რაღაცის დაცვას გთხოვს

  • დასავლეთი ითხოვს დემოკრატიას, რაც „ოცნების“ რეჟიმისთვის ძალაუფლების დაკარგვას ნიშნავს? 

დიახ, რა თქმა უნდა, ასეა.

  • როგორია აქ შავი ზღვის ფაქტორი – ამასაც დათმობს დასავლეთი? 

რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში შავი ზღვა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება ის, რომ თურქეთსაც აქვს პორტები შავ ზღვაზე.

საქართველო დიდი ხანი ჩაკეტილი იყო მსოფლიოსთვის, მაგრამ მშვენივრად ეგუებოდა ამას ევროპა. არ არის ისეთი სიტუაცია, როცა გამოუვალ მდგომარეობაში ჩადგება ვინმე. რა თქმა უნდა, ნავთობის სადენები, რომელიც ახლა გადის აზერბაიჯანიდან ევროპაში, მარტივად ვერ ჩაანაცვლებენ, ამას დიდი ინვესტიცია სჭირდება, მაგრამ თანდათან შეეცდებიან, კომუნიკაციის ახალი ხაზები საქართველოზე აღარ გავიდეს, მაგალითად, როცა საუბარია ბაქო-ჯეიჰანის ახალი, დამატებითი ხაზის გაყვანაზე, შესაძლოა, ეს გავიდეს არა საქართველოზე, არამედ სომხეთზე.

  • როგორ აისახება ეს ეკონომიკურად საქართველოზე, არსებობს მიახლოებითი გათვლები? 

ეკონომიკური ზრდა, რაზეც გვესაუბრება „ოცნება“, დიდწილად და პირველ რიგში ამ დერეფნის ექსპლუატაციით არის გამოწვეული. თუ გადაზიდვების მაჩვენებელი, მაგალითად, შემცირდება ორჯერ – შესაბამისად, გაიაფდება კიდეც ეს მომსახურება – დაარტყამს საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალს. შესაბამისად, სიღარიბის მასშტაბიც გაიზრდება, რადგან შემცირდება შემოსავლები ბიუჯეტში, საიდანაც შემდეგ აფინანსებენ სოციალურ პროგრამებს, აცხადებენ ტენდერებს და ადამიანები საქმდებიან.

ეს პირდაპირპროპორციულად აისახება საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რაც აისახება სოციალურ გარემოზე.

  • თქვენი აზრით, რატომ არ ასანქცირებენ უფრო აქტიურად ევროკავშირის ქვეყნები „ოცნების“ რეჟიმის წარმომადგენლებს, რაც შესაძლოა აღმოჩნდეს ამ ქვეყნის გადარჩენის შანსი, მათ შორის, დასავლეთის სანდო მოკავშირის კუთხით?  

არსებობენ ქვეყნები, რომლებიც საქართველოზე ფიქრობენ, როგორც დერეფანზე, შესაძლებლობაზე, რომელიც სჭირდებათ. მათი ნაწილი პრაგმატულად ფიქრობს: მართალია, საქართველოში დემოკრატია დაჩაგრულია, მაგრამ საქართველოსთან ურთიერთობა არ შეიძლება გავწყვიტოთ, რადგან ეს ეწინააღმდეგება ჩემივე ინტერესებს.

არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომ იქნებ როგორმე არ დაკარგონ გავლენა „ქართული ოცნების“ მთავრობაზე: თუ ყველას ერთად დაასანქცირებენ, მაშინ დაკარგავენ გავლენის შესაძლებლობას…

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო სჭირდება ევროპას, ის მნიშვნელოვანი ელემენტია გეოპოლიტიკურად აზია-ევროპის ურთიერთობებში. ევროპაში, ცხადია, არავის უნდა, რომ საქართველოს ხაზი გადაუსვან და მოსპონ მასთან ურთიერთობა. ამ დამოკიდებულებას იყენებს „ოცნება“ თავის სასარგებლოდ.

ამიტომაც, მნიშვნელოვანია სანქციები, მაგრამ ეს არ არის ბერკეტი, რომლითაც შეძლებ დამარცხებას, მთავარია ხალხის ნება – ძალიან ბევრი ავტორიტარული რეჟიმია მსოფლიოში, რომლებიც სანქციების ქვეშ განაგრძობენ ცხოვრებას, პოულობენ გზებს, რომ ფული აკეთონ, გამდიდრდნენ კიდეც და კარგად გრძნობენ თავს.

შესაბამისად, „ოცნებას“ რაც უნდა სანქციები დაადოს დასავლეთმა, დიდია იმის ალბათობა, რომ ამას სხვა ქვეყნები არ შეუერთდებიან, შუა აზიის ქვეყნები იქნება ეს, ჩინეთი, ინდოეთი, არაბეთის ქვეყნები. ამიტომაც, მარტივად ვერ მოახრჩობ რეჟიმს მხოლოდ სანქციებით.

სანქციები არის მექანიზმი, რომელიც მოქმედებს პრესტიჟზე, მატერიალურადაც ასუსტებს ხელისუფლებას, მაგრამ უმთავრესად ეს არის სიგნალი ხალხისთვის, რომელიც ცხოვრობს ამ ქვეყანაში, რომ პოლიტიკურად უფრო აქტიური უნდა გახდნენ. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შანსი, რაღაც მოხდეს. მხოლოდ ის, რომ დასავლეთმა სანქციები დაუწესოს კონკრეტულ პირებს, ეს ვერ გადაწყვეტს საკითხს.

პრესტიჟის შემცირება პირდაპირ აისახება მმართველი ძალის პოზიციებზე ქვეყანაში, თუ ქვეყნის გარეთ. იქ ინვესტორი არ შემოდის, დაბალი დონის სავაჭრო კონტაქტებია და ასე შემდეგ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: