მთავარი,სიახლეები

“ოცნება“ მის ხელთ არსებულ ფინანსურ ბერკეტს კრიტიკული მედიის შესავიწროებლად იყენებს” – ქარტია

21.07.2025
“ოცნება“ მის ხელთ არსებულ ფინანსურ ბერკეტს კრიტიკული მედიის შესავიწროებლად იყენებს” – ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შემოსავლების სამსახურის მიერ  შპს „გაზეთი ბათუმელების“ ანგარიშებზე ინკასოს დადებას ეხმაურება.

ქარტიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ბათუმელები“ ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე მისი დავალიანება ბიუჯეტის მიმართ ძირი თანხის სახით 47 ათას ლარს, საურავის სახით 126 ათას ლარს, ხოლო ჯარიმის სახით 109 ათას ლარს შეადგენს.

გამოცემას სახელმწიფოს წინაშე დავალიანება აღიარებული ჰქონდა და იხდიდა თანხას მის დასაფარად.

„ბათუმელების“ თხოვნას, ვალის გადასახდელად მისთვის გრაფიკი შეედგინა, ივლისის დასაწყისში შემოსავლების სამსახურმა უარით უპასუხა.

„ბათუმელების” მოლოდინით, შემდეგი ეტაპი ქონების დაყადაღება და აღსრულების დაწყება იქნება, რაც ნიშნავს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო „ბათუმელების“ ქონებას – ოფისსა და ტექნიკურ აღჭურვილობას – გაყიდის.

უკვე წლებია, საქართველოში მედიას უკიდურესად მძიმე პირობებში უწევს მუშაობა, სარეკლამო რესურსების სიმცირის და რეპრესიული კანონმდებლობის გამო. „ბათუმელები“, მზია ამაღლობელის ხელმძღვანელობით, ძალ-ღონეს არ იშურებდა რომ, წინააღმდეგობების მიუხედავად, მკითხველამდე დროულად მიეტანა მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი, სანდო და გადამოწმებული ინფორმაცია.

გამოცემა დაუღალავად ააშკარავებდა კორუფციის ფაქტებს და იცავდა ადამიანების შელახულ უფლებებს. 2025 წლის იანვრიდან მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში იმყოფება, რამაც ორგანიზაციის საქმიანობა მნიშვნელოვნად შეაფერხა და მის ფინანსურ მდგომარეობაზეც აისახა.

ინკასოს დასადებად შერჩეული დრო – როცა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დასასრულს უახლოვდება, ქარტიას აფიქრებინებს, რომ „ქართული ოცნება“ მის ხელთ არსებულ ფინანსურ ბერკეტს კრიტიკული მედიასაშუალების გასაჩუმებლად და შესავიწროებლად იყენებს.

შემოსავლების სამსახურის გააქტიურება მსგავს ეჭვებს აღძრავს იმის გამოც, რომ უკვე წლებია, პროსახელისუფლებო ტელევიზიებს – „იმედსა“ და „რუსთავი2“-ს, მილიონობით ლარი აქვთ საბიუჯეტო დავალიანება, რაც მათ მიმართ სააღსრულებო მოქმედების საფუძველი არ გამხდარა.

სახელმწიფოს ვალდებულებაა, ხელი შეუწყოს დემოკრატიული ინსტიტუციების, მათ შორის, მედიის განვითარებას, რომლის როლი დემოკრატიის გამართულად ფუნქციონირებაში შეუფასებელია.

სახელმწიფო პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს მედიაბიზნესის, რომელიც განსაკუთრებულად მგრძნობიარეა პოლიტიკური და ეკონომიკური რყევების მიმართ, დაცვისა და ხელშეწყობისკენ და არა გადასახადების ამოღების მოტივით მისი დათრგუნვისა და განადგურებისკენ.

ქარტია მოუწოდებს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურს, მოხსნას ინკასო „ბათუმელების“ ანგარიშებს, შეუდგინოს მას გრაფიკი დავალიანების გასასტუმრებლად და გამოცემას ნორმალურად ფუნქციონირების საშუალება მისცეს”.

შემოსავლებმა „ბათუმელებს“ ინკასო დაადო – მორიგი ზეწოლა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: