14 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა და მედიამენეჯერმა, მზია ამაღლობელმა მისცა ჩვენება. „ბათუმელები“ გთავაზობთ მზია ამაღლობელის სასამართლოში მიცემული ჩვენების სტენოგრამას, მცირე შემოკლებით.
„ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა მზია ამაღლობელის ჩვენების პირველი ნაწილიც, სადაც მზია ამაღლობელმა სასამართლოს უამბო, რა გარემოებებში დააკავეს პოლიციის შენობასთან სტიკერის გაკვრისთვის 11 იანვარს. გათავისუფლებიდან მოკლე ხანში მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის წესით დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსზე სილის გაწვნისთვის. სწორედ ამ ეპიზოდზე ისაუბრა მზია ამაღლობელმა სასამართლოში და მოსამართლეს მოუყვა იმის შესახებაც, რა ხდებოდა მისი დაკავების შემდეგ – როგორ შეაფურთხა მას პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ.
მზია ამაღლობელი: განაპირას ვიყავი აქციის მონაწილეებისგან… ზოგადად, ჩემი მხედველობის გამო, განაპირას დავდივარ, რომ არ მოვექცე, ასე ვთქვათ, შუა ნაწილში.
ახლობლებთან ვსაუბრობდი, როცა რაღაცნაირი ხმაური ატყდა. „აკავებენ“ – ოღონდ ამას მერე მოვკარი ყური.
არ ვიცი როგორ მოხდა, მაგრამ მარჯვენა განაპირა მხარეს ვიდექი და უცებ, როცა მიმოვიხედე, აღმოჩნდა, რომ მარცხენა მხარეს ვარ, სადღაც ჭიშკართან ახლოს, პოლიციელების და ნიღბიანების გარემოცვაში.
გეფიცებით, ვერაფრით ვერ ვხვდები, რამდენჯერაც არ დავუბრუნდი ამ მომენტს, როგორ აღმოვჩნდი იქ. თქვენ რომ შემომიტანეთ ვიდეოები, მერე აღვიდგინე, რომ როგორც ჩანს, პოლიციური მანევრირება ჰქონდათ ასეთი.
… მანამდე პოლიციის შენობის გარეთ აქციის მონაწილეების გათავისუფლებას ელოდებოდნენ სრულიად მშვიდ გარემოში.
უკვე მოკითხვის პროცესი იყო ერთმანეთის და წასვლას ვაპირებდით.
ძალიან ცუდად ვიყავი. ჩემს ძმისშვილს ვთხოვე, იქნებ გამაყუჩებელი გქონდეს-მეთქი. შიგნით [პოლიციის შენობაში] არ ჰქონდათ გამაყუჩებელი და ფეხზე ძლივს ვიდექი.
- ადვოკატი: გაბაიძეების დაკავება როგორ იწყება, ცოტა უკან მიგაბრუნებთ ისევ, რომ ცხადად დავინახოთ და მერე რა ხდება თქვენ დაკავებამდე…
მზია ამაღლობელი: გაბაიძეების დაკავება არ დამინახავს. გიგი იყო ჩემ გვერდით, ასევე, ჩემი ძმისშვილები, ახლობლები…
ადამიანები, აქციის სხვადასხვა მონაწილეები იყვნენ, მაგრამ ვხედავდი ციალას და მინდოდა, როგორც კი გათავისუფლდებოდა, დავლაპარაკებოდი და წავსულიყავი.
თან ადვოკატს მინდოდა დავლაპარაკებოდი, სხვა დაკავებულების შესახებ მინდოდა გამეგო და წავსულიყავი.
… [ჩოჩქოლის ატეხის შემდეგ] ტელერეპორტაცია რომ მოხდება, ისე, მარჯვენა მხრიდან მარცხენა მხარეს როგორ აღმოვჩნდი არ ვიცი, მაგრამ როცა მიმოვიხედე, მართლა მარტო მე ვიყავი. პოლიციელები იყვნენ ირგვლივ, თან ნიღბიანი პოლიციელები და მესმოდა ხმები: „არ დააკავოთ“ „რატომ დააკავეთ“…

მზია ამაღლობელის სასამართლო. ილუსტრაცია: ია ფრანგიშვილი/„ბათუმელები“
- ადვოკატი: თქვენ აღწერთ სიტუაციას მას შემდეგ, რაც პოლიცია ერთბაშად გამოვარდა?
მზია ამაღლობელი: კი, ზუსტად მაგას ვამბობ. ეს გამოვარდნა იმდენად სწრაფად მოხდა, რომ გამოვარდნა კი ვერ დავინახე, არამედ მათ ალყაში აღმოვჩნდი.
დააკავესო როცა ამბობდნენ, ბუნებრივია, თვალი წამივიდა ჭიშკრისკენ, დავინახე, გიგის [გიორგი გაბაიძის] ყვითელი ქურთუკი როგორ ჩაიკარგა ჭიშკრის მიღმა და მივხვდი, რომ გიგი დააკავეს.
- ადვოკატი: თქვენ აღწერეთ – გარეთ სიმშვიდეა, პოლიციელები არ დგანან. ერთბაშად აღმოჩნდით მათ ალყაში. მინდა დამიზუსტოთ მაინც, ხომ არ გაგიგონიათ ამ დროს, რომ ვინმე იგინებოდა პოლიციის მისამართით და განსაკუთრებით გიგი გაბაიძე თუ იგინებოდა ან რაიმეს თუ გამოხატავდა ვინმე პოლიციელის მისამართით…
მზია ამაღლობელი: ისეთივე მტკიცებით ფორმაში შემიძლია ვთქვა, გიგი რომ არ იგინებოდა, როცა ვამბობ, რომ ვანაძე ცრუობს, როცა ამბობს, რომ მე ვიგინებოდი.
არ გამიგია გიგის გინება. ჩემ გვერდით იყო და რა ვიცი, ჩემთვის უნდა შეეგინებინა მაშინ, ვისთვის უნდა შეეგინებინა, აქციის მონაწილეები იყვნენ მარტო იქ.
- ადვოკატი: განაგრძეთ. მე გაგაწყვეტინეთ, პოლიციელების გარემოცვაში აღმოვჩნდი მოულოდნელადო…
მზია ამაღლობელი: როგორც გითხარით, პოლიციელების და შავნიღბიანი ადამიანების გარემოცვაში აღმოვჩნდი – არ ვიცი, ისინი რამდენად იყვნენ პოლიციელები.
ეს იყო ძალის დემონსტრირება, ჭყლეტა შექმნეს.
წინ და უკან რაღაც მასა მიდიოდა, აწვებოდნენ ხალხს. მეც ტალღისებურად ვმოძრაობდი, ვერ ვიკავებდი თავს. ვცდილობდი ვინმეს ჩავჭიდებოდი, იმიტომ, რომ შეუძლებელი იყო იქ ფეხზე მყარად მდგარიყავი, ისეთი მოცემულობა ჰქონდათ შექმნილი.
ზურგიდან ძლიერი ბიძგი და დარტყმა ვიგრძენი. მარცხენა მხარეს ძლიერი დარტყმის შედეგად ჩავვარდი. დროის გარკვეულ მონაკვეთში მგონი გონება მქონდა დაკარგული, იმიტომ, რომ როცა გონზე მოვედი, ფეხებით გადამთელეს, ასე ვთქვათ.
აი, ტალღა პოლიციის, გადამივლიდა – გადმომივლიდა. ვიღაც შეიძლება ფეხს მარიდებდა. გადამთელეს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მე მგონი ორ მომენტში მოკლე დროით გონება დავკარგე. არ ვიცი ვინ გამომიყვანა იქიდან, ან კიდევ ვინ წამომაყენა ფეხზე. მართლა არ ვიცი.
ერთადერთი ვიცი ის, რომ ეზოს შენობას რაღაც გალავანივით ჰქონდა, გაზონივით ჰქონდა და იქ ვიღაც მეკითხებოდა, როგორ ვარ.
გონზე რომ მოვედი, ჩემი ძმისშვილი მოვიდა, როგორ ხარო და შემდეგ ცოტა მოვფხიზლდი. არ მინდოდა, რომ ასე დავენახე და შევეცადე ძალა მომეკრიბა. კარგად ვარ-მეთქი ვუთხარი, რაღაც დრო მჭირდება, გავიდეთ შორს-მეთქი. წავედი იქეთ და ამ დროს ფეხი რომ გადავადგი, აღმოვაჩინე, რომ ცალ ფეხზე უკვე ფეხსაცმელი არ მეცვა. კედი მეცვა, თასმებით შეკრული. არ ვიცი როდის დამეკარგა. ჩემს ძმისშვილს ვთხოვე, რომ იქნებ ფეხსაცმელი დამიძებნო, მე აქ ვიქნები-მეთქი. თან მინდოდა ჩემგან მოშორებით ყოფილიყო, რომ არ დაენახა, როგორ ცუდად ვიყავი.
იქვე რაღაცას მივეყრდენი და რომ გავიხედე ჭიშკრისკენ, ჩემი მეგობრის, „ბათუმელების“ რედაქტორის, ეთერ თურაძის წითელ ქურთუკს მოვკარი თვალი ჭიშკართან შავი, ნიღბიანი ადამიანების გარემოცვაში თვალი და…

ადვოკატი მაია მწარიაშვილი – მზია ამაღლობელის სასამართლო. ილუსტრაცია: ია ფრანგიშვილი/„ბათუმელები“
- ადვოკატი: თუ შეძლებთ ამ გარემოებებზე საუბარს, თქვენ როგორც სასამართლოს მოუყევით, როდესაც დაგაკავეს ადმინისტრაციული წესით, ცუდად იყავით და ტკივილგამაყუჩებელი გჭირდებოდათ. ანუ ვერ ხართ კარგად ისედაც. გარეთ გამოსვლის შემდეგ ძალიან მოკლე დროში მოყევით საპოლიციო ჭეჭყვაში, დავარდით, გადაგიარეს, ცალი ფეხსაცმელი დაკარგეთ, ძალიან ცუდად ხართ, შეუძლოდ ხართ, ცოტა გონების კარგვა მქონდაო – თქვით. მაინტერესებს, ასეთ მდგომარეობაში მყოფი რატომ დარჩით?
მზია ამაღლობელი: თქვენ რომ ხედავდეთ, რომ მე ცუდად ვარ, სადმე წახვალთ?! ან რომ ხედავდეთ, საფრთხე მელის, წახვალთ?! როგორ ცუდადაც არ უნდა იყოთ…
ეთერი როცა დავინახე პოლიციელების გარემოცვაში და როცა იცი, რომ აკავებენ… როცა ვიცი, რომ მე სტიკერის გამო დამაკავეს, როცა ვიცი, რომ გიორგი გაბაიძე დააკავეს, ვხედავ, რომ ეთერი არის პოლიციელების გარემოცვაში და ვიცი, რომ ეთერის დააკავებენ… აი, სად წავალ?! როგორ ცუდად უნდა ვიყო… ფეხზე კი არა, საერთოდ ტანზე რომ არ მცმოდა, მაინც მივიდოდი.
ჩემს ძმისშვილს ვუთხარი, იქნებ ფეხსაცმელი დამიძებნო-მეთქი. როგორც კი მომშორდა, შევეცადე განაპირა-განაპირა შემომევლო და მივსულიყავი ჭიშკართან. მარჯვენა მხრიდან მივედი ჭიშკართან.
როგორ გავიკვლიე გზა იქამდე, რომ ეთერთან მივსულიყავი, არ ვიცი.
ეთერთან მივედი, მინდოდა, რომ მარტო არ ყოფილიყო და იქიდან გამომეყვანა.
- ადვოკატი: ჩვენ აქ წინა პროცესზე დეტალურად გავიარეთ ზუსტად ის ვიდეოკადრი, ბოლო წუთს რომ ჩანხართ, დგახართ ჭიშკართან და ეთერის გვერდით. ეს პროცესი თუ გახსოვთ? აქ თქვენ ეთერის გვერდით დგახართ იმიტომ, რომ მარტო არ დატოვეთ. ასე გავიგო?
მზია ამაღლობელი: სიმართლე გითხრათ, ეთერმა დამინახა თუ არა… კი, მხედავდა, მაგრამ რაღაცნაირი პროვოკაციული გარემო იყო. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, წარმოიდგინეთ, პოლიციასთან ძალიან ახლოს რომ ხარ…
მე ყოველთვის ვცდილობდი და თანამშრომლებსაც იმავეს ვეუბნებოდი, დისტანცირდით… მხოლოდ ინტერვიუები და სხვა კომუნიკაციაში არასდროს არ შეხვიდეთ.
ამ დროს რამდენიმე წუთით ადრე პოლიციელების გარემოცვაში რომ ვიყავი, რა მომივიდა – გადამიარეს. ოღონდ „გადამიარეს“, ძალიან მსუბუქი ნათქვამია.
როცა მივედი ეთერთან ახლოს, ეთერი ვიღაცას ეკითხებოდა – „რატომ დააკავეთ?“ შევეცადე, მეც ჩავრთულიყავი ამ საუბარში – „რატომ დააკავეთ ჩემი ოჯახის წევრი“…
ვცდილობდი გამეგო, რატომ დააკავეს ეს ადამიანი. მე სხვა ინტერესი არ მქონდა. პასუხი იყო ძალიან აგდებული, ისეთი რა, რომ მოგიგდებენ პასუხს – „ვინ? აი, მთვრალი რომ იყო? რომ იგინებოდა?“
მაშინ როცა ვიცი, შენ რომ დაგაკავეს, იმის გამო მოვიდა იქ [გიორგი გაბაიძე]… თან ეს მინდა ვუთხრა, რომ რა მთვრალი, რას იგინებოდა, ადამიანი მე რომ დამაკავეს, იმის შემდეგ მოვიდა აქ და რა სისულელეს ამბობ…. ეს მინდა ვუთხრა…
მაგრამ ის, ვინც საუბრობდა [დგებუაძე] დაკავებულზე, გიგიზე, მისი მხრიდან იყო ძალიან უპასუხისმგებლო და აგდებული, დამამცირებელი საუბარი.
რაღაცნაირი მოქცევა იყო…. ვიღაც გეუბნება: „მიდი, რა, გაიარე…“ თან ისე, რომ – „ვისაც მინდა, რატომაც მინდა, დავაკავებ…“
ასეთი განცდა დამრჩა და რაღაცნაირად, ბრაზის და უმწეობის ზღვარი მქონდა, როგორც ჩანს.
სიმართლე გითხრათ, ის კადრი, სილის გაწვნის კადრი, საპატიმროში ვიდეო რომ ვნახე, მკაფიოდ მაშინ აღვიდგინე.
შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ თუ გქონიათ ან ამ დარბაზში თუ გქონიათ ვინმეს ისეთი ქცევა, შემდეგ რომ გაოცებულხართ… ჩემთვის ეს სილა იყო.
ოღონდ ძალიან მინდა გთხოვოთ, არ ჩათვალოთ ისე, რომ თითქოს სინანულში ჩავვარდი.
არა, არანაირი სინანული. უბრალოდ რადგანაც ეს მოხდა, ეს ფაქტი მოხდა, ე.ი. გარდაუვალი იყო. სხვანაირად არ შემეძლო მოვქცეულიყავი.
ეს არ იყო დაგეგმილი და გააზრებული ქცევა.
ეს იყო იმპულსური რეაქცია შეურაცხმყოფელ, დამამცირებელ, უპასუხისმგებლო, თავკერძა, ყეყეჩ კომუნიკაციაზე.
- ადვოკატი: ამ საკითხზე ე.წ. დაზარალებულიც საუბრობდა. საერთოდ თუ იცნობდით ბატონ დგებუაძეს, ოდესმე თუ გქონიათ მასთან რაიმე კომუნიკაცია ან თუ გქონიათ, რა კომუნიკაცია შეიძლებოდა ეს ყოფილიყო? იქვე ბესელია გამოდის, თქვენ სადაც დგახართ და შემდეგ გამოდის დგებუაძე. ანუ თქვენთვის იქ ეს ამბავი ცხადი იყო? იცოდით ვინ იყო დგებუაძე? ნანახი გყავდათ? ამ საკითხზე თუ შეგიძლიათ განმარტება მისცეთ სასამართლოს.
მზია ამაღლობელი: არა და არ ვიცი თავად ე.წ. დაზარალებულ დგებუაძეს რაში დასჭირდა, როცა ჩვენებაში ჩაწერა, რომ ჩვენ ვიცნობდით ერთმანეთს და ვსაუბრობდით.
მე არც ბესელიას და არც დგებუაძეს არ ვიცნობდი. არ ვიცი, არ ყოფილან ესენი ისეთი პირები…
ვიცი, პასუხისმგებლობიანი პირები როგორ იქცევიან, როცა ბრიფინგებს აწყობენ რაღაც თემებზე, ქალაქს რა აწუხებს… პირიქით, სულ ყველასგან ის მესმოდა, რომ დასდევდნენ მიკროფონით არამხოლოდ ამათ, ამ პოლიციელებს, რომ კომენტარი მიეღოთ.
- ადვოკატი: იმ დღეს დგებუაძე პირველად როდის ნახეთ? სად ნახეთ?
მზია ამაღლობელი: სილის გარტყმის დროს ვერ აღვიქვი ვინ იყო. დგებუაძეს სახეში რომ შევხედე, ძალიან ცუდი ვითარება იყო. ძალიან ცუდ ვითარებაში შევხედე სახეში.
როგორ გითხრათ, როცა დამაკავეს და სამმართველოს შენობაში როცა შემიყვანეს…
- ადვოკატი: მოდით მივყვეთ თანმიმდევრულად. დაკავების მომენტი თუ გახსოვთ ამ ინციდენტის შემდეგ?
მზია ამაღლობელი: როცა გავიაზრე, რომ დამაკავეს, უკვე ჭიშკრის მიღმა ვიყავი. რამდენიმე ადამიანი მიჭერდა მკლავებზე ხელს და ძალიან სწრაფად მივყავდი.
მესმოდა გინების ხმა და მესმოდა სწრაფი ნაბიჯების ხმა ზურგს უკან. აი, სულ ის განცდა მქონდა ოღონდ, რომ ვიღაც ახლა კეფაში ჩამარტყამს.
არ ვიცი, ამაზე რატომ მეცინება, მაგრამ ვბრაზობ ხოლმე, როცა მახსენდება, როგორ აღმოვჩნდი ამ მოცემულობაში.
სამმართველოს შენობაში რომ შემიყვანეს, პირველივე სართულზე, პირველივე ოთახი რაც იყო, ისე შემაგდეს, რომ კარები ჩემი შეგდებით გაიღო, ასე ვთქვათ.
მითხრეს, რომ დივანი იყო და იქ დავმჯდარიყავი. ფეხზე ვერ ვიდექი და დავჯექი.
მიჭირდა დგომა და ამიტომ დავჯექი.
როცა ცოტა გავიაზრე რა ხდებოდა და მიმოვიხედე, ოთახში დამხვდა ახალგაზრდა ქალი პოლიციელი და ერთი მამაკაცი. ზოგადად, ძალიან ვიწრო ოთახი იყო, ერთი მაგიდა მისადგამი და ამ დივნის წინ იყო რაღაცა პატარა კარადა.
რამდენიმე წუთში, ზუსტ დროს ვერ ვიხსენებ, 5-10 წუთი ალბათ, ვიღაც ახალგაზრდა შემოვარდა ყვირილით, გინებით. აი, ის ხმა იყო, ზურგს უკან რაც მესმოდა.
რაღაცნაირი ტონი ჰქონდა, იმპერატიული, ამით დამამახსოვრდა ხმა.
ეს ახალგაზრდა შემოვარდა ისევ გინებით.
- ადვოკატი: იგინებოდა, თუ თქვენ გაგინებდათ?
მზია ამაღლობელი: მაგინებდა. ზოგადად არ იგინებოდა.
მოიწევდა ჩემკენ დედის გინებით.
მეორე-მესამე შემოსვლაზე უფრო შემოქმედებითად მიუდგა ამ გინებას და რა ვიცი, ძალიან შეურაცხმყოფელია ყოველ ჯერზე როცა ვიხსენებ, განსაკუთრებით გენდერულ ნიშანს უსვამდა ხოლმე ხაზს ამ გინების დროს.
როგორც ქალს, რომ მეგრძნო თავი დამცირებულად, განსაკუთრებით ამას უსვამდა ხაზს გინების დროს.
ეს რომ შემოვარდა, იმდენად ვიწრო ოთახი იყო, განცდა მქონდა, რომ თავზე მადგა.
ვცდილობდი არ შემეხედა. ის მაინც – „როგორ დამარტყი, რატომ“ და უსასრულოდ იგინებოდა.
მოიწევდა ყოველ ჯერზე ჩემკენ.
- ადვოკატი: ჩვენ ბატონი დგებუაძის გინება მოსმენილი გვაქვს, მაგრამ შეგიძლიათ სასამართლომ რომ წარმოიდგინოს.. იმ მომენტში, თქვენ ახლა რაზეც ჰყვებით [გინება იყო გენდერული ნიშნითო] შეგიძლიათ გაიხსენოთ სიტყვები?
მზია ამაღლობელი: ერთადერთი ეს შემიძლია ვუთხრა ბატონ პროკურორებს, წარმოიდგინონ მათი ოჯახის წევრი ქალები, რა შემთხვევაში შეიძლებოდა ყოფილიყვნენ შეურაცხყოფილი დგებუაძეს რომ ეგინებინა, რა სიტყვები უნდა გამოეყენებინა მას.
მოსამართლეს შემიძლია ციხიდან წერილობით გამოვუგზავნო დგებუაძის ყველა ის სიტყვა, რა სიტყვებითაც მაგინებდა.

მზია ამაღლობელის სასამართლო. ილუსტრაცია: ია ფრანგიშვილი/„ბათუმელები
არ მინდა ამ დარბაზში საუბარი და უბრალოდ გახსენებაც, ძალიან მძიმეა ჩემთვის. ასეთ მოცემულობაში პირველად ვიყავი, თან იმდენად გაოგნებული ვიყავი, რომ პირველი გინების შემდეგ როცა გაიყვანეს, ჩემკენ როცა მოიწევდა, იქვე მყოფ მამაკაცს ვუთხარი – ვინ არის ეს კაცი, სულ ამ ლექსიკით საუბრობს-მეთქი.
როგორ, არ იცნობო? ეს ირაკლი დგებუაძეაო. სახელი და გვარი ვიცოდი, რა თქმა უნდა, მაგრამ არ ვიცოდი იქ ბესელია იყო უფროსი რეგიონის თუ ბათუმის. დეტალურად ვერ აღვიქვი, რომელი რომელი იყო.
რა პოზიციაზეა-მეთქი და ბათუმის პოლიციის უფროსიაო.
იქ, ოთახში, როცა დგებუაძე, ე.წ. დაზარალებული, შემოდიოდა და მაგინებდა, სხვებიც შემოდიოდნენ…
შემოყვებოდნენ, რომ გაეყვანათ, იმიტომ, რომ ჩემკენ მოიწევდა.
ისინი არ ვიცი ვინ იყვნენ, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ის ორი პოლიციელი ქალი, ერთი ცირა ჩოგაძე იყო, ერთი ნანა მახარაძე ან ანა მახარაძე.
არ ვიცი… ცირა ჩოგაძე ნამდვილად ვიცი, აქ ჩვენების დროს ვიღაცას [გულისხმობს მოწმე პოლიციელებს] დავაზუსტებინე. მინდოდა მცოდნოდა, ვინ ისმენდა ამ ყველაფერს.
იმიტომ, რომ ჩვენება ამ ხალხს არ მიუცია.
- ადვოკატი: თუ შეგიძლიათ აღიდგინოთ, რა ინტენსივობით იყო, რამდენჯერ შემოვარდა დგებუაძე, ამ დროს სხვა თანამშრომლები რას შვრებოდნენ? ეს გინება იყო, მუქარა იყო ამავდროულად თუ რა იყო?
მზია ამაღლობელი: მუქარის აღქმა არ მქონდა. სიტყვიერი მუქარის აღქმა, რადგანაც ფიზიკურად მოიწევდა და სულ მქონდა განცდა, რომ უნდა დაერტყა. მართლა არ ვიცი, სხვა პოლიციელებს რომ არ შეეჩერებინათ, წიხლებით გადამივლიდა კი არა, გამლახავდა, რასაც ჰქვია.
- ადვოკატი: ფიზიკურად რომ მოიწევდა, ხელს უშლიდნენ სხვა პოლიციელები?
მზია ამაღლობელი: სხვა პოლიციელებს გაჰყავდათ, კი.
მოიწევდა-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ვცდილობდი, როცა მაგინებდა, გონებაში სულ იმას ვამბობდი, რომ ეს ჩემს თავს არ ხდება. მინდოდა, რომ ჩამეკეტა.
ახალ პროვოკაციაზე არ მინდოდა წამოვგებულიყავი. დივანზე რომ ვიჯექი, ისე ახლოს მოვიდა ფეხები, ავხედე. მივხვდი, რომ უნდა დამარტყას და როცა ავხედე, აი, გაჩერდა და სახეში შემაფურთხა.
- ადვოკატი: რა ტიპის ვერბალურ შეურაცხყოფას გაყენებდათ და პირველად მაშინ ახედეთ, როცა შეგაფურთხათ?
მზია ამაღლობელი: შიში არ ვიცი… უფრო განრიდება, არიდება იყო. მინდოდა ამერიდებინა, არ გინდა, რომ ეს შუახნის ადამიანი ვიღაცამ ასე მიზანმიმართულად გაგლახოს… ხომ ხვდებით, არა.
არ ვიცი, როგორ გითხრათ, დღემდე ვერ ვპატიობ ჩემს თავს ზუსტად იმ ჩემს სიჩუმეს.
ვერაფრით ვერ ვხვდები, როგორ არ დავლეწე იქაურობა, ოღონდ მართლა. როგორ არ ვიყვირე, აი, არ ვიცი.
- ადვოკატი: ალბათ შეურაცხყოფისგან და უსუსურობისგან. ახლა რაზეც საუბრობთ, რადგანაც მარტო ხართ პოლიციის შენობაში, სრულიად დაუცველი და ერთადერთი, დგებუაძემ რომ არ გაგლახოთ სხვა პოლიციელები გშველიან. ეს სიჩუმე როგორ შეძელით? მაგრამ ესეც შიშის იყო ალბათ?
მზია ამაღლობელი: არ ვიცი რა იყო. ვერ ვარქმევ ამას სახელს დღემდე და ალბათ ვერასდროს ვერ ვაპატიებ ჩემს თავს ამას.
ბოდიში, მართლა ვბრაზობ ახლა ჩემს თავზე.
- ადვოკატი: უნდა დავუბრუნდე იმ მომენტს, ბატონმა დგებუაძემ რომ შეგაფურთხათ. ბოლო შემოვარდნაზე შეგაფურთხათ ხომ ალბათ?! შემდეგ რა ხდება, როგორ გააკავეს?
მზია ამაღლობელი: როცა შემაფურთხა… იმდენად ცუდად ვიყავი, ერთადერთი, რაც მოვახერხე, იყო ის, რომ წამოვვარდი – წყალი მომიტანეთ და საპირფარეშოში გამიყვანეთ-მეთქი.
მინდოდა, რომ სახე დამებანა… არ ვიცი რა იყო ეს.
ერთ-ერთი ქალი პოლიციელი, ვიწრო ოთახი იყო, ჩემი ცოტა გაწევა მოუწია იქით, რომ კარადამდე მისულიყო და ჭიქა აეღო და ალბათ წყალი მოეტანა.
კარებისკენ მიდიოდა, როცა ხმამ შეაჩერა… „არა, არანაირი წყალი, არც საპირფარეშოში გაიყვანთ. ჩაიფსას“.
დერეფანში მარტო არ იყო.
მე ხომ არ მაყენებდა მარტო შეურაცხყოფას. საკუთარი თანამშრომლების თანდასწრებით, ძალიან ბევრი ადამიანის თანდასწრებით ასე იქცეოდა.
მახსოვს, რომ უბრალოდ დავჯექი და გონება გავთიშე.
რომ არ მეტირა. არ ვიცი. ხომ გითხარით.
იმ დღეს პოლიციის სამმართველოს შენობაში ყველა იყო მომართული იმისთვის, რომ არაადამიანურად მეგრძნო თავი.
განსაკუთრებით მამაკაცები. ქალები სრულიად უხმოდ იდგნენ.
ქალი პოლიციელები სრულიად უხმოდ იყვნენ.
ხელბორკილის დასადებად რომ შემოვიდნენ, ვიღაც მამაკაცი შემოვიდა და „ამას ხელბორკილი რატომ არ ადევსო“.
ეს კაცი მერე „ტვ პირველის“ კადრებიდან აღვიქვი. ნატო გოგელია [ტვ „პირველის ჟურნალისტი] ეუბნებოდა „კასკაო…“ „კასკა არ გქვია შენო“ და როგორც აღმოჩნდა, ათაბეგაშვილი იყო. „ამას ხელბორკილი რატომ არ უკეთიაო“…
ხელბორკილი რომ გამიკეთეს, მეორედ შემოვიდა და „წინ რატომ უკეთია ხელბორკილი, ახლავე უკან შეუკარით ხელებიო“ და ნიშნისმოგებით… ისე რომ შემოგხედავენ, ყოველი შემოხედვისას ფეხქვეშ რომ გაგიგდებს… ესეთი დამოკიდებულება ჰქონდათ.
….მეორედ როცა მოვიდნენ, ნივთმტკიცება, ქურთუკი ამოიღეს და ეს სვიტერი, რომ ეს ფურთხი [დგებუაძის] მოეკვლიათ.
სახალხო დამცველი როცა შემოდის და მეკითხება რა გინდა, სულ იმას ვეუბნები, რომ იქნებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოკითხოთ ეს საქმე.
ყოველ ჯერზე ოფიციალურ პასუხს მიგზავნიან – მოვიკითხეთ, მაგრამ არაფერი არ არის, მოვიკითხეთ, მაგრამ არაფერი არ არის…
- ადვოკატი: იძულებული ვარ.. მზია ეს ჩვენება თქვენ ხომ მიეცით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს? იქ იყო ერთხელ კომუნიკაცია გამომძიებელთან, ხომ?
მზია ამაღლობელი: როცა ამ დეტალებს ვიხსენებდი, იმდენად ახლოს მოვიდა, რაღაც [ნერწყვი] შეიძლება სვიტერზეც მოხვედრილიყო, კი.
სვიტერის [გამოკვლევა] ჩემი ინიციატივა იყო. სადაც ვიდეო არ არის, ე.ი. იქ არაფერი არ ხდება…
ხომ ხვდებით.
____________________
- რა ხდება?
მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის 6 თვე უკანონო პატიმრობაში იმყოფება – სილის გაწვნის გამო მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება.
ავტორიტეტული უფლებადამცველების შეფასებით კი, სილის გაწვნა, რასაც არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.
სილის გაწვნა რომ თავდასხმა არ არის, ამას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.
მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ], პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის [IPI] და რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს [RSF] წარმომადგენლები 13 ივლისს რუსთავში, ქალთა კოლონიასთან მივიდნენ და ასე გამოხატეს სოლიდარობა უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ. ისინი ბათუმის სასამართლოში 14 ივლისს პროცესსაც დაესწრნენ.
მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ, ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
ამავე რეზოლუციით, ევროპარლამენტი „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პატიმრობაში მისი [მზია ამაღლობელის] მხედველობის კრიტიკული გაუარესების გამო და მოუწოდებს სანდო სამედიცინო მომსახურების დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობისკენ“.
მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო ასევე სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს დასრულდება.






