მთავარი,სიახლეები

ბათუმის აქციების მედროშე თემურ ქათამაძე და ნინა კაკულია დაქორწინდნენ

22.07.2025
ბათუმის აქციების მედროშე თემურ ქათამაძე და ნინა კაკულია დაქორწინდნენ

თურქეთში დაქორწინდნენ ბათუმის აქციების მედროშე თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] და ნინა კაკულია. ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ ნინა კაკულიამ დაუდასტურა.

წყვილმა ქალაქ ფაცაში იქორწინა. ორდუს პროვინციაში მდებარე ამ პატარა ქალაქში მუჰაჯირი ქართველის ბევრი შთამომავალი ცხოვრობს. ფაცადანაა წარმოშობით თემურ ქათამაძეც.

ნინა კაკულიამ გვითხრა, რომ ქორწინება სიმბოლურად აღნიშნეს ეკლესიასთან.

„ეს ტაძარი მოქმედი არ არის, მაგრამ სიმბოლურად იქ აღვნიშნეთ მაინც ჩვენი ქორწინება, იასონის კონცხზე მდებარეობს. საინტერესო ალუზიაა, მგონი. 1868 წელს აგებული ბერძნული ბაზილიკაა, იასონის ეკლესიადაა ცნობილია აქ, ისე წმ. მარიამის ეკლესია ყოფილა“ – მოგვწერა ნინა კაკულიამ.

ბათუმის აქციების მედროშე თემურ ქათამაძე „ოცნებამ“ საქართველოდან იძულებით გააძევა 11 ივნისს.

თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია და ბოლო 13 წელია ბათუმში ცხოვრობდა. იმის მიუხედავად, რომ თემურ ქათამაძე სრულფასოვნად საუბრობს ქართულ ენაზე, უმაღლეს ქულებზე ჩააბარა კანონით დადგენილი გამოცდები ქართულ ენასა და საქართველოს ისტორიაში, მას არც საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭეს, არც ბინადრობა მისცეს და ლტოლვილის სტატუსზეც უარი უთხრეს.

საქართველოდან გაძევებამდე თემურ ქათამაძე, რომელიც ბათუმის პროტესტის ერთ-ერთი სახე და აქციების მედროშე იყო, 11 იანვარს პოლიციამ დააკავა ბათუმის სამმართველოსთან გამართულ აქციაზე. დაკავების დროს, როგორც ქათამაძე ამბობს, მასზე ფიზიკურად იძალადა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ.

მაშინ თემურ ქათამაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, რამდენიმე წუთში ბათუმის აქციის მედროშე ხელმეორედ დააკავეს და საბოლოოდ ქვეყნიდან გააძევეს საემიგრაციო ციხეში ყოფნის შემდეგ. ციხეში თემურ ქათამაძე 45 დღის განმავლობაში შიმშილობდა პროტესტის ნიშნად.

თემურ ქათამაძე ჯერ კიდევ პატიმრობაში, სასამართლოსგან ითხოვდა რამდენიმე საათით გათავისუფლებას, რათა ნინა კაკულიაზე ექორწინა, თუმცა მას მაშინ უარი უთხრეს.

ამავე თემაზე: 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: