მთავარი,სიახლეები

„ბავშვს ფეხი დაუწვეს“ – მშობელი ბათუმის „რესპუბლიკურის“ ექიმებს ადანაშაულებს

23.07.2025 •
„ბავშვს ფეხი დაუწვეს“ – მშობელი ბათუმის „რესპუბლიკურის“ ექიმებს ადანაშაულებს

3 წლის ბავშვის მშობელი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებს.

ჯუმალ თუფჩელი თურქეთის მოქალაქეა და საქართველოში თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

როგორც ჯუმალ თუფჩელი „ბათუმელებს“ უყვება, მისმა არასრულწლოვანმა  შვილმა ერთი წლის წინ კიბეზე ჩასვლისას ფეხი დაიზიანა.

მამის თქმით, შვილი თავდაპირველად ბავშვთა საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც ბავშვს რენტგენი გადაუღეს და სახლში გაუშვეს, თუმცა იმის გამო, რომ ფეხი ისევ სტკიოდა, მეორე დღეს სასწრაფო გამოიძახეს და სასწრაფომ უკვე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეიყვანა. კლინიკაში აღმოჩნდა, რომ ბავშვს ბარძაყის არეში მოტეხილობა ჰქონდა.

ჯუმალ თუფჩელი ჰყვება, რომ ბავშვს თავდაპირველად თაბაშირს არა მოტეხილ, არამედ ჯანსაღ ადგილას ადებდნენ.

„როდესაც ეს დავინახე, ვუთხარი, რომ არასწორად იყო დადებული თაბაშირი, რის შემდეგაც სიტყვიერი შეკამათება მოხდა. ამ დროს სხვა ექიმი მოვიდა, როცა მდგომარეობას გადახედა, თქვა, რომ მართალი ვიყავი.

თაბაშირის დადებამდე მოტეხილობის ადგილას მუხლის ზემოთ მარჯვენა და მარცხენა მხრიდან კანი გაჭრეს და მოტეხილობის გამოსასწორებლად და შეხორცების მიზნით ორი პლასტმასის ჩხირი ჩაუდგეს,“ – გვიყვება ჯუმალ თუფჩელი.

მისი თქმით, შემთხვევიდან 9 თვის შემდეგ, განმეორებით მიიყვანეს ბავშვი კლინიკაში, იმისათვის, რომ ჩატარებოდა ოპერაცია და „შეხორცებისათვის საჭირო პლასტმასის ჩხირები ამოეღოთ“.

ჯუმალ თუფჩელი ამბობს, რომ მის შვილს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია 2025 წლის 11 თებერვალს ჩაუტარდა.

„ექიმმა გვითხრა, რომ ბავშვს ჩაუტარდა ოპერაცია, ოპერაციის შედეგად ამოიღეს ის ორი პლასტმასის ჩხირი, რომელიც სწორად შეხორცებას ეხმარებოდა, თუმცა იქვე პატარა პრობლემის არსებობის შესახებაც გვითხრა.

როცა ვკითხეთ რა პრობლემა იყო, ექიმმა თქვა, რომ „მარჯვენა ფეხზე ძალიან პატარა ჭრილობა ჰქონდა ბავშვს, რაც ექთნების დაუდევრობამ გამოიწვია. ჩვენც ვიფიქრეთ ეს ჭრილობა მართლაც პატარა იყო და არ მოგვითხოვია ჩვენება, რადგან შეხვეული ჰქონდა ბავშვს ფეხი. მეორე დღეს გადახვევისას ჩემმა მეუღლემ პირველად ნახა და სასწრაფოდ დამირეკა – ბავშვის მარჯვენა ფეხი, რომელიც სრულიად ჯანმრთელი იყო, დაუწვიათო,“ – იხსენებს ჯუმალ თუფჩელი.

დაზიანებული ფეხი

თავისი სიტყვების დასადასტურებლად, ჯუმალ თუფჩელმა „ბათუმელებს“ ფოტოებიც აჩვენა, სადაც ჩანს, რომ ბავშვს მარჯვენა ფეხზე კანი ნამდვილად ამომწვარი აქვს.

როგორც ჯუმალ თუფჩელი იხსენებს, რომ მას შემდეგ, რაც ბავშვის მდგომარეობის შესახებ შეიტყო, წავიდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ექიმთან შეხვედრა მოითხოვა. აინტერესებდა, თუ რა დაემართა მის შვილს.

„ერთადერთი განმარტება რაც მოვისმინე, ეს იყო – ექთნების დაუდევრობის გამო მოხდა ასეო. ექიმები მამშვიდებდნენ, პოლიცია არ გამოიძახო, რაც საჭიროა ყველაფერს გავაკეთებთო. მე მაინც წავედი პოლიციაში, საავადმყოფოსგან  მოვითხოვე იმ ხარჯების ანაზღაურება, რაც მქონდა გაწეული, ასევე, იმ პირის პასუხისგებაში მიცემა, ვინც ჩემი შვილი ამ მდგომარეობაში ჩააგდო,“ – ამბობს ჯუმალ თუფჩელი.

მისივე თქმით, მოგვიანებით მას დაუკავშირდა საავადმყოფოს ადვოკატი, რომელმაც ოჯახს ანგარიშის ნომერი მოსთხოვა და ოპერაციისათვის დახარჯული თანხა უკან დაუბრუნა.

„შემდეგ დამირეკა მათმა თარჯიმანმა და მითხრა, რომ პოლიციაში მისვლის და დამატებითი ჩვენების მიცემის უფლება არ მქონდა, ვინაიდან 1460 ლარი ჩამირიცხეს,“ – ამბობს ჯუმალ თუფჩელი.

ჯუმალ თუფჩელმა იჩივლა როგორც პოლიციაში, ისე აჭარის პროკურატურაში, თუმცა საქმე ჯერჯერობით წინ არ წასულა.

„მე საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქე ვარ, არც თქვენი ენა ვიცი, არც კანონები, თუმცა ვფიქრობ, რომ მსოფლიოში ბავშვთა უფლებები იდენტურია.

ჩემი შვილის მსგავს დღეში შეიძლება სხვა ბავშვიც აღმოჩნდეს, მათმა მშობლებმა კი ხმა ვერ ამოიღონ შიშის გამო. როცა საავადმყოფოში დამიბარეს, ხმამაღალი ლაპარაკით ცდილობდნენ ჩემს შეშინებას. მე იმ კატეგორიას მივეკუთვნები, რომელსაც გაჩუმებას ურჩევნია შვილის ჯანმრთელობაზე იზრუნოს,“ – ამბობს ჯუმალ თუფჩელი.

3 წლის ბიჭის მამა ამბობს, რომ სთხოვს აჭარის პროკურორს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარ ინციდენტზე დაიწყოს გამოძიება, შემოწმდეს, როგორც საავადმყოფოში მომუშავე პერსონალის ცოდნის ხარისხი, ასევე მათი კომპეტენტურობა.

ის ითხოვს დადგინდეს ყველა იმ ექთნის თუ ექიმის ვინაობა, ვისაც მის შვილთან შეხება ჰქონდა და ვის გამოც მისი შვილი დაზიანდა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს კომენტარისათვის.

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი ნუკრი ბეჟანიძე ამბობს, რომ  მისთვის ცნობილია აღნიშნული შემთხვევა და კლინიკამ ოჯახს საჭიროების შემთხვევაში პლასტიკური ჩარევაც შესთავაზა.

„კლინიკამ მოიკვლია ეს საკითხი, ესაუბრა მამასაც, ექიმები შეხვდნენ, მეც შევხვდი, ავუხსენით.

ეს იყო სამედიცინო მანიპულაციის პროცესში, წვივის ქვემო მესამედის არეში კანის ზერელე დაზიანება. მოულოდნელი, შემთხვევითი დაზიანება. მანიპულაციის პროცესში, სამუშაო ადგილი ყოველთვის შემოფარგლულია სტერილური დოლბანდით. ოპერაციის პროცესში სხვა ნაწილები არ ჩანს. ამ დროს ელექტროდი შეეხო კანს, არ უნდა შეხებოდა. ამან გამოიწვია ეს დაზიანება. კანის ზერელე დაზიანება იყო რეალურად – 2 -3 სანტიმეტრზე. ექიმმა აღიარა, რომ ეს მოხდა. მოულოდნელი იყო ნამდვილად.

ჩვენ შევთავაზეთ მას [ბავშვის მამას] დახმარება ამ დაზიანებული უბნის მოვლა – შეხვევები იქნებოდა საჭირო თუ სხვა.

ამავე დროს, ამ შეხორცების პროცესში თუ ჩამოყალიბდებოდა რაიმე ნაწიბური, რომელიც ვიზუალურად არ იქნებოდა ნორმალური, არ იქნებოდა ლამაზად, იმ  შემთხვევაში ჩვენ შევთავაზეთ ესთეტიკური ჩარევის განხორციელებაც. პლასტიკურ ჩარევაზეა საუბარი,“ – უთხრა ნუკრი ბეჟანიძემ „ბათუმელებს“.

კითხვაზე, რა პასუხისმგებლობას იღებს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო მომხდარ შემთხვევაზე, საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი პასუხობს.

„ხომ არ დაგვიმალია? იყო შემთხვევა, მოხდა. კონსილიუმი ჩავატარეთ. დავგეგმეთ მოქმედება, რითაც შეგვიძლია და როგორც დაგეხმარებით-თქო. ჩვენ შევთავაზეთ ყველაფერი რაც შეგვეძლო, ვუთხარით, რომ კლინიკა გვერდში დაუდგებოდა. უბრალოდ მერე აღარ გამოჩენილა ეს პიროვნება [ბავშვის მამა]. როგორ შეხორცდა ისიც არ ვიცით, ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ გვინახავს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნუკრი ბეჟანიძემ.

ჯუმალ თუფჩელიმ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ჯერჯერობით არ მიუმართავს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის, რომელიც მსგავს შემთხვევებს სწავლობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: