დღეს, 21 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართა.
სასამართლოზე მოუსმინეს დაცვის მხარის მიერ წარდგენილ ბოლო მოწმეს, შემდეგ კი პროკურორებმა საბოლოო, დასკვნითი სიტყვა თქვეს.
პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა დასკვნით სიტყვაში თქვა, რომ საქმის არსებითი განხილვის პროცესში მზია ამაღლობელს და მის ადვოკატებს ბრალდებისათვის არ შეუთავაზებიათ საპროცესო შეთანხმება.
„ბრალდების მხარე ვაფიქსირებთ, ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, თუ იქნება დაცვის მხარის მხრიდან მსგავსი გამოთქმული, მზად ვართ განვიხილოთ საპროცესო შეთანხმება“, – თქვა თორნიკე გოგეშვილმა.
მეორე პროკურორმა, შოთა ჩხაიძემ კი თავის საბოლოო სიტყვაში თქვა შემდეგი:
„უტყუარად დასტურდება, რომ მზია ამაღლობელმა შურისძიების მიზნით განახორციელა თავდასხმა ირაკლი დგებუაძეზე. სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ მზია ამაღლობელმა ჩაიდინა დანაშაული. შესაბამისად, მას უნდა დაენიშნოს კანონით გათვალისწინებული სასჯელი“.
სახელმწიფო ბრალდების შეთავაზებას სასამართლო პროცესის შემდეგ უპასუხა მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა.
„მე ვფიქრობ რაიმე ახალი და განსაკუთრებული არაფერი უთქვამს ბრალდებას. მთავარი იყო მანამდე რაზე ისაუბრა და ეს საპროცესო ზუსტად იმავე ოპერის ნაწილია, რასაც პირველი დღიდან ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები საჯაროდ სთავაზობდნენ:
აღიარე, რომ გვირაბს თხრიდი აქედან ბომბეიმდე, აღიარე რომ ეს ყველაფერი, რაც დაგაბრალეს, რომ ვითომ პოლიციელებს აყენებდი შეურაცხყოფას, ვითომ ვიღაცების დაკავებაში ხელს უშლიდი, შემდეგ თავდასხმა განახორციელე დავალებით ვიღაცის, ეს ყველაფერი აღიარე და ვიფიქრებთ სასჯელის შემსუბუქებაზეო.
ეს შესთავაზეს იმიტომ, რომ სხვა ხომ არაფერი არ აქვს ბრალდებას.
კი მოუსმინეთ რაზე ისაუბრა ბრალდებამ და ბოლოს შესთავაზა, ყველაფერი დაიბრალე რაც ჩვენ ვერ დავადასტურეთ და მერე ვიფიქრებთ სასჯელის შემსუბუქებაზეო. მეტი ზეწოლა რა უნდა იყოს.
აგერ, დღეს ინკასო დაადეს „ბათუმელებს“. ისიც ამას ეხმიანება, მზიაზე ზეწოლას. ისიც ზუსტად ამიტომ არის გაკეთებული, ეს შეთავაზებაც ეს არის. ანუ მას [მზია ამაღლობელს] ეუბნებიან, აი, ასეთი მართლმსაჯულებაა. არაფრის შანსი არ გაქვს. ერთადერთი შანსი გაქვს, რომ თავი დააღწიო პატიმრობას აღიარე, დაიბრალე ყველაფერი და მერე ვისაუბროთ რამდენს და როგორ შეგიმსუბუქებთ. ეს იყო ბრალდების დღევანდელი პოზიცია, მეტი არაფერია აქ განსაკუთრებული და სასიხარულო“, – თქვა მაია მწარიაშვილმა.
„თუ შეგიძლიათ გვითხრათ რაიმე მონახაზის დონეზე მაინც რა ტიპის საპროცესო შეთანხმებაზეა საუბარი და მზიას პოზიცია რა იყო საპროცესო შეთანხმების შეთავაზებაზე?“ – ჰკითხეს ჟურნალისტებმა მზია ამაღლობელის ადვოკატს.
„არაფერზე არ არის საუბარი. მზიას პოზიცია არის ის, რასაც ამბობდა, რომ მას არც ის ჩაუდენია რასაც აბრალებენ, რომ პოლიციელებს აყენებდა შეურაცხყოფას და მერე წინააღმდეგობას უწევდა. არც თავდასხმა ჩაუდენია სისხლის სამართლის კოდექსის თვალსაზრისით.
მოგეხსენებათ, ქმედება არის ერთი და მისი სამართლებრივი შეფასება სხვადასხვა. ანუ ის, რასაც მას აბრალებენ, მას ეს არ ჩაუდენია.
რასაკვირველია, იმიტომ ზის ამდენი ხანი იქ, რომ არ აპირებს დაიბრალოს ის, რაც მას არ ჩაუდენია.
ამიტომ ეს არის მისი პოზიცია. მისი პრინციპული პოზიცია, თორემ მან იცის, სასჯელს თვალს უსწორებს და სწორედ ამის გააზრებით ზის ის დღეს, სადაც ზის,“ – თქვა მაია მწარიაშვილმა.






