მთავარი,სიახლეები

ხმა არ აქვს ვიდეოს, რომელიც ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ პროკურატურის მთავარი მტკიცებულებაა

23.07.2025
ხმა არ აქვს ვიდეოს, რომელიც ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ პროკურატურის მთავარი მტკიცებულებაა

ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, რაც 19 წლის ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ პროკურატურას აქვს, არის თავად ცეცხლაძისავე ჩაწერილი ფეისბუქლაივი. პოლიციელებმა მას ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ გვერდზე მიაგნეს, ჩამოწერეს და საქმეს დაურთეს.

დღეს, 23 ივლისის სხდომაზე, როცა ეს ვიდეო უნდა გამოეკვლიათ, აღმოჩნდა, რომ მას ხმა არ აქვს. ვიდეოს ორიგინალი ვერსია „დაფიონის” გვერდიდან თვეებია წაშლილია – როგორც ცეცხლაძის ახლობლები ამბობენ, ის სავარაუდოდ საჩივრების (report) გამო წაიშალა და ამ დრომდე აქვთ კომუნიკაცია META-სთან მისი აღდგენის მიზნით.

თავდაპირველად, ადვოკატებმა თქვეს, რომ მათ პროკურატურამ უხმო ვიდეო მიაწოდა. ეს ტექნიკური ხარვეზით აიხსნა და გადაწყდა, რომ მოისმენდნენ სასამართლოსთვის გადაცემულ ვერსიას, რომელსაც „დედანს“ უწოდებენ.

ამისთვის სხდომაზე შესვენების გამოცხადებაც კი გახდა საჭირო.

შესვენების შემდეგ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დარბაზში შეიტანა ვიდეოს ის ასლი, რომელიც სასამართლოში დალუქულ მდგომარეობაში იყო შენახული. ხმა არც მას არ აღმოაჩნდა.

პროკურორები – ვაჟა თოდუა და ვახტანგ ცალუღელაშვილი აცხადებენ, რომ გამომძიებელმა, რომელმაც ვიდეო „დაათვალიერა“ დეტალურად აღწერა მისი შინაარსი და შეუძლიათ დათვალიერების ოქმით ისარგებლონ.

ზვიად ცეცხლაძის ინფორმაციით, ვიდეოში ის საუბრობს, როგორ უნდა დაიცვან თავი მოქალაქეებმა დარბევისას, როგორ გაუმკლავდნენ მოძალადე პოლიციელებს, სპეცრაზმელებს და ა.შ.

რადგან პროკურატურა ვერ ადასტურებს ზვიად ცეცხლაძის, როგორც „ძალადობის ორგანიზატორისა“ და სხვა ბრალდებულების, როგორც ამ ძალადობრივი ქმედებების მონაწილეებს შორის კავშირს, მათი ლოგიკა ასეთია: მოქალაქეებმა უყურეს ცეცხლაძის ფეისბუქლაივს „დაფიონის“ გვერდზე, იქ მოსმენილი მოწოდებების შემდეგ გავიდნენ აქციაზე და შეუერთდნენ „ძალადობრივ ჯგუფს“.

___

19 წლის სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე ახალგაზრდული მოძრაობა “დაფიონის” ერთ-ერთი ლიდერია. ის აქტიურად იყო ჩართული რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში. 2024 წლის 19 აპრილს, თანამებრძოლებთან ერთად მან დაგეგმა სტუდენტური აქცია, რომელსაც ათასობით მოქალაქე შეუერთდა. მათ მიმართა მოედანზე დადეს ფიცი, რომ დაიცავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას მტრისგან – რუსეთისგან.

2024 წლის 4 დეკემბერს ცეცხლაძე დააკავეს. პროკურატურა მას აქციაზე ჯგუფური ძალადობას ორგანიზებას ედავება. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გამოძიება ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში: 225-ე მუხლის პირველი ნაწილი – ისჯება 6-დან 9 წლამდე ციხით. ხოლო თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გიორგაძეს და ილსამ ალიევს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში სდებს ბრალს – სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილი: ისჯება 4-დან 6 წლამდე პატიმრობით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: