შორენა სურმანიძე ხულოში, სოფელ ძმაგულაში ცხოვრობს. ის თანასოფლელ ქალებთან ერთად ხელსაქმით არის დაკავებული. რამდენიმე თვის წინ მეზობელმა ასწავლა სიმინდის ფუჩეჩისგან კალათების დამზადება და მას შემდეგ თავისუფალ დროს კალათებს ქსოვს.
„სიმინდის ფუჩეჩს ვალბობ წყალში, რათა დარბილდეს და შემდეგ მისგან ვქსოვ კალათებს. ერთი საშუალო კალათის მოქსოვას დაახლოებით 1 დღე სჭირდება. დიასახლისი ვარ, მიყვარს ქსოვა, ქარგვა, რაც შემიძლია და რისი დროც მაქვს, ყველაფერს ვაკეთებ. ნამუშევრები გაგვაქვს გამოფენებზე“.
შორენა სურმანიძე
ზაფხულში მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ ქალებს საშინაო შრომა დიდ დროსა და ენერგიას ართმევს; ყანა, ჭალა, მთის საძოვრები, ზამთრისთვის მზადება მათი დღის უდიდეს ნაწილს მოიცავს, ასე რომ ხელსაქმისთვის მეტი დრო ზამთრის ცივ დღეებში აქვთ ხოლმე.
ნინო ქათამაძე შუახევის სოფელ ცივაძეებიდანაა, მას ზედმიწევნით მოვლილ და მოწესრიგებულ ბაღჩა-ბოსტანთან ერთად ვარდების სათბურიც გაუშენებია, სადაც ძირითადად წითელ, ხავერდოვან ვარდებს ზრდის:
„სათბური შევიძინე „აჭარისწყალი ჯორჯიასა“ და შუახევის მერიის ხელშეწყობითა და დაფინანსებით. თანადაფინანსებით შევიძინე ასევე ვარდების ნერგები. გასულ მარტს დავრგე ვარდები და უკვე ორი მოსავალი მივიღე. ყოველთვის ძალიან მინდოდა ვარდების მოშენება, თუმცა აქამდე ვერ ვაკეთებდი, რადგანაც ეს დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. შუახევის მერიის გამოცხადებულ პროექტში მივიღე მონაწილეობა, გავიმარჯვე და მას შემდეგ შევუდექი ამ საქმიანობას. ძალიან კმაყოფილი ვარ, ვარდებს ძირითადად ბათუმში ვაბარებ. ვაპირებ ვარდების გარე სივრცეში დარგვასაც, ბიზნესის გაფართოებას“.
ნინო ქათამაძე
აღსანიშნავია, რომ შუახევის მუნიციპალიტეტი იყო პირველი, სადაც ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა ამოქმედდა. შუახევის მერის მოადგილე, რუსუდან შავაძე ამბობს, რომ ამ ინიციატივით ძალიან ამაყობს:
„მნიშვნელოვანია, ქალი იყოს ძლიერი. მას მეტი თავისუფლებისთვის, მეტი დამოუკიდებლობისათვის უნდა გააჩნდეს აუცილებლად თავისი შემოსავალი. როდესაც ქალი ძლიერია, იქ ვფიქრობ რომ, არც ბულინგია, არც მსხვერპლია, არც ოჯახური კონფლიქტია და ასე შემდეგ.
ძლიერი და განათლებული ქალი, ფაქტობრივად, ჩემთვის ძლიერი ქვეყნის საწინდარია. ახალმა თაობამ, საბედნიეროდ, კარგად იცის თავისი უფლებები და იცის განათლების როლი და მნიშვნელობა ცხოვრებაში, თუ რაოდენ დიდია.
პროგრამა, რომელიც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას ეხება, შუახევში საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწყო. პირველსავე წელს პროგრამამ ძალიან კარგად იმუშავა, აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. მომდევნო წლისათვის კი გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი.
იდეა თავდაპირველად ჩვენი იყო რითაც ვამაყობდით და დღესაც სიამაყის გრძნობით ვართ ამ პროგრამის მიმართ გამსჭვალული, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ქალს დავეხმარეთ, მცირედით, მაგრამ მათი სურვილებისა და ოცნებების შესრულება შევძელით“.
რუსუდან შავაძე
„ამ პროგრამამ საფუძველი მისცა ქალბატონებს, რომ საწყისი ეტაპი ყოფილიყო ეს მათი ბიზნესის განვითარებისათვის და შემდგომ მათ მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა საგრანტო კონკურსებში და პროგრამებში. ჩვენთან გამარჯვებული ადამიანები შემდგომ წლებში გახდნენ უკვე “აწარმოე საქართველოს” გამარჯვებული ბენეფიციარებიც.
გარდა ამისა, ქალთა ოთახს აქვს გამოცხადებული ტენდერი, სადაც აბსოლუტურად ყველა განაცხადის ავტორს ვასწავლით პროექტების წერას და ამან კიდევ უფრო მეტი წინსვლა და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ ოჯახებთან მიმართებაში.
იმდენად საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ეს პროგრამა, რომ არასამთავრობო, ბიზნეს ორგანიზაციებიც ჩაერთნენ მათ დაფინანსებაში. რამდენიმე წელია აქტიურად არის ამ პროგრამის თანამონაწილე „აჭარისწყალი ჯორჯია“, რომელიც ჩვენი ოდენობის წილით შემოდის დაფინანსების ნაწილში, რამდენსაც ჩვენ ვაფინანსებთ ამდენივე ბენეფიციარს აფინანსებს „აჭარისწყალი ჯორჯიაც“. ფინანსურადაც გავზარდეთ წელს დაახლოებით 10 000 ლარის ფარგლებში იქნება პროგრამის ბიუჯეტი. დარწმუნებული ვარ უფრო მეტი საინტერესო იდეა წამოვა და უფრო მეტი კმაყოფილი ქალბატონი გვეყოლება“ – ამბობს რუსუდან შავაძე.
გასულ წელს ასმათ ტუნაძე იყო ხულოს მუნიციპალიტეტში გამოცხადებული კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული. წარდგენილი 54 განაცხადიდან, სპეციალურმა კომისიამ კონკურსის შედეგად შეარჩია 10 მეწარმე ქალის იდეა, რომლებიც კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ დააფინანსა. ნახეთ ვიდეო:
„აჭარისწყალი ჯორჯია“ დაარსების დღიდან მხარს უჭერს ადგილობრივი ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და ხელს უწყობს მათ ჩართულობას პროცესებში.
კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხელმძღვანელის, ნინო დიასამიძის თქმით, სწორედ ამ ღირებულებების ერთგულია კომპანია დაარსების დღიდან:
„გასულ წელს ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებთან ერთად დავიწყეთ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა. ჩავერთეთ ამ პროგრამაში და ამ დროში უკვე ჯამში 15 პროექტი დავაფინანსეთ. ჩვენი ფინანსური მხარდაჭერა 50000 ლარს მოიცავდა. ვფიქრობ, ძალზე მნიშვნელოვანია ადგილობრივი ქალების წახალისება, მათი ეკონომიკური გაძლიერება, რადგან მათ მნიშვნელოვანი როლი უჭირავთ რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში და შედეგებმაც აჩვენა, თუ როგორი პასუხისმგებლობით ეკიდებიან დაკისრებულ ვალდებულებას“.
ნინო დიასამიძე
„თუმცა ეს ბიზნესები რომ უფრო მეტად წარმატებული იყოს და უფრო დიდ შედეგებზე გავიდეთ რა ამ ქალბატონებს სჭირდებათ სხვა ტიპის დახმარებაც და გვინდა, რომ ეს ჩვენი ფინანსური მხარდაჭერა არ იყოს ერთჯერადი და მათ მოახდინონ მათი ბიზნესების, უფრო სწორად დაგეგმვა, ფინანსური თუ ადამიანური რესურსების სწორი გადანაწილება და ჩვენ ამ თანამშრომლობას გრძელვადიან პერსპექტივაში განვიხილავთ და, ვფიქრობ, სწორედ ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს ამ პროექტების მდგრადობას“ -ამბობს ნინო დიასამიძე.