გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღედ 2007 წლის 18 დეკემბერს გამოაცხადა. ინიციატივას საქართველოც შეუერთდა.
აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერება აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე, ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.
ამ დღესთან დაკავშირებით აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები ბათუმის მე-13 საჯარო სკოლაში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მიერ გამართულ ღონისძიებას დაესწრებიან.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციას 180 ათასი ლარით აფინანსებს. ამ დროისთვის პროგრამაში 34 ბავშვია ჩართული.
პროგრამით მოსარგებლეთა საპროგნოზო რაოდენობა 2019 წელს 120 ბავშვია.
ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, აუტიზმი წარმოადგენს განვითარების სპექტრულ აშლილობას. იგი შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა სიმპტომის სახით.
აუტიზმი მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ბავშვის განვითარებაზე და ხელს უშლის მას ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის დამყარებაში, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებში.
აუტიზმის სიმპტომები, ჩვეულებრივ, თავს იჩენს ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში.
აუტიზმი აღენიშნება 2-10 პიროვნებას ყოველ 10000 ადამიანში.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული გიორგი ა. მოსამართლემ მისი დაკავების წესი დარღვეულად მიიჩნია. საქმეში დაზარალებულად ცნობილი ირაკლი შაქარიშვილია, ქობულეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი.
საუბარია 27 მარტს მომხდარ შემთხვევაზე – ქობულეთში პოლიციელებს თავს დაესხნენ. იმავე დღეს პოლიციელებმა ამ საქმეში კიდევ ერთი ბრალდებული ირაკლი ც. დააკავეს და მას წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდეს. მეორე ბრალდებული გიორგი ა. კი, სამართალდამცველებმა შემთხვევიდან სამი დღის შემდეგ, 30 მარტს ბათუმში დააკავეს, როცა გიორგი ერთ-ერთ საადვოკატო ბიუროში ადვოკატთან გასასაუბრებლად მივიდა.
მანამდე მისი დაკავება სცადეს ქობულეთში, მაგრამ ის პოლიციელებს გაექცა.
„მოსამართლემ მიიჩნია, რომ ქობულეთში გიორგი ა.-ს დაკავების პროცედურა იყო დარღვეული… მოსამართლემ დარღვევებიდან გამოყო ის, რომ პოლიციელები და, მათ შორის ირაკლი შაქარიშვილი, დაკავების დროს სამოქალაქო ფორმაში იყვნენ. ასევე დაზარალებულად ცნობილი პოლიციელი – ირაკლი შაქარიშვილი აკავებდა გიორგის. პროკურატურის ვერსიით, გიორგი პოლიციელებს მაინც გაექცა. ლოგიკური წინააღმდეგობა დაინახა სასამართლომ იმაში, რომ თითქოს გიორგი პოლიციელების უბნის ინსპექტორების უფროსს ურტყამდა, ქვა ჩაარტყა და ჟილეტი შემოახია და ამ დროს სხვა პოლიციელებმა იგი არ დააკავეს…“ – ამბობს ბრალდებულის ადვოკატი, პაატა ნაკაიძე.
ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილი ორი პოლიციელია. პოლიციელის თავდასხმაში ბრალდებული გიორგი ა. სასამართლომ 15 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, პირველი აპრილის 21 საათიდან 2 აპრილის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით იწვიმებს, მაღალმთაში კი – მოთოვს.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 8 – 13 გრადუსი
ღამით: 2 – 7 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 0-5 გრადუსი სითბო
ღამით: 2-7 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პირველი აპრილიდან პირველ მაისამდე ის მოქალაქეები, რომლებიც ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობას ფლობენ, უფასოდ მიიღებენ საქართველოს მოქალაქის პასპორტსა და პირადობის ელექტრონულ მოწმობას. საქართველოში ასეთი სულ 401 000 მოქალაქეა.
ამავე წყაროს ცნობით, უფასოდ შეუძლიათ პასპორტისა და პირადობის მოწმობის აღება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებსაც.
„2020 წლისთვის, საარჩევნო სიასთან დაკავშირებით, ოდირის (ODIHR) დადებითი დასკვნის მისაღებად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავემშვიდობოთ ქაღალდის პირადობის მოწმობას.
დღეისათვის ასეთი მდგომარეობაა – 401 000 ადამიანი ფლობს ქაღალდის პირადობის მოწმობას, რომელსაც ზედ აწერია „უვადო“. ეს არის ჩვენი მოქალაქეების ის კატეგორია, რომლებიც ფლობენ ძველი დროის გადმონაშთ დოკუმენტს, რომელსაც აქვს უვადო მოქმედების ვადა და არ ცვლიან მას“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
„სოკარის“ ინფორმაციით, ბათუმში იმ აბონენტებს, რომელთაც გუშინ საღამოდან ამ დრომდე გაზი არ მიეწოდებოდათ, გაზი დღის განმავლობაში, ეტაპობრივად ჩაერთვებათ. როგორც „სოკარში“ გვითხრეს, აბონენტებისათვის გაზის ჩართვა უკვე დაწყებულია.
კომპანიის ინფორმაციით, გაზის გათიშვის მიზეზი მიწისქვეშა მილის დაზიანება გახდა, შედეგად 800-მდე აბონენტს შეუწყდა გაზის მიწოდება.
კომპანია აბონენტებს მოუწოდებს დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
დღეს, პირველ აპრილს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, გუშინ თბილისში დაღუპული მუშების – დათო აბესაძისა და ედვარდ ვარიშოვის პატივსაცემად აქცია გაიმართება.
აქცია სამოქალაქო აქტივისტების მიერ იმართება, რომლის მიზანი დაღუპული მუშების სახელით, შრომის უსაფრთხოების კონტროლის გამკაცრების მოთხოვნაა.
საპროტესტო აქცია 19:00 საათზე გაიმართება.
გუშინ, 31 მარტს, თბილისში სახელმწიფო უნივერსიტეტის II და III კორპუსებს შორის მიწა ჩამოწვა. ჩამოშლილმა მიწამ ორი მუშა მოიყოლა, მათი ცხედრები მაშველებმა იპოვეს.
დღეიდან, პირველი აპრილიდან, საქართველოში ყველა სახის ცელოფნის პარკის გაყიდვა აკრძალულია. აკრძალულია, ასეთი პარკების როგორც გაყიდვა, ასევე, ადგილზე წარმოებაც და იმპორტიც. რეალიზაციაში დასაშვებია მხოლოდ ცელოფნის [პოლიეთილენის] ისეთი პარკები, რომლებიც არის ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი, ისიც, აუცილებლად შესაბამისი წარწერით.
საქართველოს კანონმდებლობით:
მაღაზიის მესაკუთრე ვალდებულია გაფრთხილებიდან 10 დღის განმავლობაში ამოიღოს ქსელიდან აკრძალული პარკები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის 500 ლარით დაჯარიმდება და მოხდება შესაბამისი პროდუქციის კონფისკაცია.
დარღვევის განმეორების შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტი დაჯარიმდება 1 000 ლარის ოდენობით და ასევე, მოხდება შესაბამისი პროდუქციის კონფისკაცია.
პლასტიკის [პოლიეთილენის] პარკი ნავთობპროდუქტებისა და ნარჩენი პლასტიკური ნივთიერებების გადამუშავებით მიღებული პროდუქტია, რომლის ბუნებაში სრულ დაშლას 100 წელზე მეტი სჭირდება.
ბიოდეგრადირებადიდაკომპოსტირებადიპარკი კი მთლიანად ან ნაწილობრივ ბიოლოგიური, განახლებადი ნედლეულის საფუძველზე წარმოებული პარკია. ასეთი პარკის სრულ დაშლას კი დაახლოებით 6 თვე სჭირდება შესაბამის კლიმატურ პირობებში.
სპეციალისტის თქმით, ე.წ. ცელოფნის პარკი შეგიძლია დაამზადო ჩვეულებრივი პოლიეთილენისგან, რომელიც დიდი ხნის მანძილზე არ იშლება და არ ქრება ნიადაგში. ბიოდეგრადირებადი პარკი კი, შეიძლება დამზადდეს ამავე პოლიეთილენზე შესაბამისი ნივთიერებების დამატებით, რაც საბოლოოდ ცელოფნის პარკის ბიოდეგრადირებას, ანუ ბუნებაში გაქრობას იწვევს. ეს ნივთიერებები ამ პროცესს აჩქარებს.
2018 წლის ოქტომბრიდან საქართველოში 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პოლიეთილენის პარკების გაყიდვა აიკრძალა. 2019 წლის პირველი აპრილიდან კი ნებისმიერი სისქის ცელოფნის პარკის გაყიდვაა აკრძალული.
2018 წელს, როგორც ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში განაცხადეს, ქალაქში თითქმის ყველა ობიექტი გააფრთხილეს, მაგრამ „ეს გაფრთხილებები იყო საინფორმაციო ხასიათის“. მერიაში ამბობდნენ, რომ ობიექტების დაჯარიმებას პირველი აპრილიდან დაიწყებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელმაც 30 მარტს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში ცეცხლსასროლი იარაღით კისრისა და თავის არეში დაზიანებები მიაყენა1991 წელს დაბადებულ ნ.ბ.-ს.
„დაჭრილი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, სადაც ის ამჟამადაც განაგრძობს მკურნალობას“.
პოლიციის ინფორმაციით, 1989 წელს დაბადებული მ.ზ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.
დღეს, 31 მარტს, ბათუმში, ბონის დასახლებაში მდებარე რამდენიმე ქუჩას გაზის მიწოდება შეუწყდა. როგორც „სოკარში“ გვითხრეს, ამ დროისათვის ბათუმში დაახლოებით 800 აბონენტია გათიშული.
„სოკარში“ ამბობენ, რომ გაზის გათიშვის მიზეზი მიწისქვეშა მილის დაზიანება გახდა. კომპანიის ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ აბონენტებს ხვალ, პირველ აპრილს, დღის პირველ ნახევარში აღუდგებათ გაზის მიწოდება.
ფეისბუკმომხმარებელი ანა მაცაბერიძე სოციალური ქსელის პირად გვერდზე ბორჯომში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. ფოტოებზე ჩანს სუვენირები, ეგრეთ წოდებული მაცივრის დეკორატიული მაგნიტები, რომლებზეც ვლადიმერ პუტინის ფოტოა გამოსახული წარწერით – „А Я ВТИХАРЯ ПЬЮ БОРЖОМИ“.
ანა მაცაბერიძე წერს: „ეს სუვენირები ვნახე ბორჯომის პარკის შესასვლელში კვირას. როცა გამოველაპარაკე გამყიდველებს და ვკითხე, ასეთ სუვენირებს რატომ ყიდით, სირცხვილი და ქვეყნის უპატივცემულობაა-თქო, იცით რა მიპასუხეს? ასეთ ახალგაზრდა გოგოს ეს საკითხი არ უნდა გაღელვებდეს და არც უნდა ბრაზდებოდეო. რუსი ტურისტები რომ მოდიან, არ უნდა ვასიამოვნოთო? მაშინ საერთოდ რაღას ჩამოდიანო. ერთმა ქალმა მითხრა: შვილო, მე სომეხი ვარ, მაგრამ აზერები ძალიან მიყვარს, ეს მხოლოდ პოლიტიკააო. რუსებზე მეტად საქართველო არავის უყვარსო. როცა ხურვალეთი და ზოგადად, ოკუპაცია ვუხსენე, ერთმანეთს ირონიულად გადახედეს და ჩაილაპარაკეს – „ბიჭო, გაიგე ხურვალეთში რა ამბები ყოფილაო?“ კიდევ მითხრეს, შენნაირი ახალგაზრდა ამ თემაზე არ უნდა ბრაზდებოდე, ეს ხომ მხოლოდ მარკეტინგული გათვლააო“.
ბორჯომის ცენტრალური პარკი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამ საკითხზე sknews.ge-ს განუმარტეს, რომ მსგავსი სუვენირები ცენტრალურ პარკში არ იყიდება და მათზე დატანილი პარკის ფოტოც ადმინისტრაციის საკუთრება არ არის. „ჩვენ არ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ ამ სუვენირების აღება. კერძო პირები არიან და ყიდიან. გარდა მაგისა, თეფშები და სხვა ნივთებიც არის, სადაც დატანილია პარკის ფოტოები, თუმცა მათგან ჩვენი ფოტო არცერთია“, – განმარტეს ბორჯომის ისტორიული პარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
ბორჯომი არ არის პირველი ადგილი საქართველოში, სადაც ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულ ტურისტებს, განწყობის შესაქმნელად, არაერთ „ინოვაციას“ სთავაზობენ. გასულ შემოდგომაზე, მაგალითად, ბათუმის ბულვარში, ერთ-ერთ რესტორანზე გამოფინეს რუსეთის დროშა, მაგრამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დროშა მალევე ჩამოხსნეს. ასევე, ფართო განხილვის თემა იყო, რესტორნების პფლეილისტში რუსული მუსიკის შეტანა. თუმცა აქამდე არ ყოფილა შემთხვევა, თავად ვლადიმერ პუტინის გამოსახულებიანი სუვენირები რომ გაეყიდათ საქართველოში – ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ მედიაში არ ყოფილა ინფორმაცია.
ჭიქები, რომლებიც, მოქალაქის თქმით, ბორჯომის პარკში პუტინის გამოსახულებიან სტიკერებთან ერთად იყიდება
მაჭახელას ხეობაში მცხოვრები მოსახლეობა ხეობაში ჰესის აშენების მოწინააღმდეგეთა ხელმოწერებს მთელი აჭარის მასშტაბით აგროვებს.
ჰესის მოწინააღმდეგეები აპირებენ ხელმოწერები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის სახელზე გაგზავნილ განცხადებას დაურთონ თან იმის საილუსტრაციოდ, რომ მაჭახელას ხეობაში ჰესის აშენებას არა მხოლოდ ხეობის, არამედ მთელი აჭარის მოსახლეობა ეწინააღმდეგება.
აქტივისტები პარასკევს, 5 აპრილს, ბათუმის ცენტრალურ [ყოფილი 6 მაისის] პარკში, კოლონადებთან შეაგროვებენ ჰესის მოწინააღმდეგეთა ხელმოწერებს დღის პირველიდან სამ საათამდე.
„მემორანდუმის თანახმად დაგეგმილია 30 მგვ. ჰესის მშენებლობა გვირაბული ტიპის, 7 კმ. გვირაბის გაყვანა და მდინარე მაჭახელას შენაკადებითურთ მოქცევა გვირაბში, მაშინ, როდესაც ხეობის სიგრძე სულ რაღაც 15 კმ-ა. ასევე სხვადასხვა კომპანიის მიერ იგეგმება მდინარე მაჭახელას შენაკადებზე პატარა ჰესების მშენებლობები.
მიზანშეუწონლად მიგვაჩნია მაჭახლის ხეობის მდგრადი განვითარების, მოსახლეობის ჯანსაღი, უსაფრთხო საცხოვრებელი და სამუშაო გარემოთი უზრუნველყოფის მიზნით აღნიშნული პროექტის განხორციელება მდინარე მაჭახელზე,“ – აღნიშნულია წერილში, რომელიც მაჭახლელებმა პრემიერ-მინისტრთან გასაგზავნად მოამზადეს.
ჰესის აშენებას მაჭახელას ხეობაში მთავრობასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე კომპანია „მაჭახელა ჰესი“ გეგმავს.ამ კომპანიის 100-პროცენტიან წილს „სილქ როუდ ენერჯი“ ფლობს. კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „მიმდინარეობს კონცეპტუალურ პროექტზე მუშაობა, რომელიც საჭიროებს წინასაინჟინრო კვლევების წარმოებას [ტოპოგრაფია, ჰიდროლოგია, გეოლოგია]. „სილქ როუდ ენერჯიში“ ირწმუნებიან, რომ ჰესი დაცული ტერიტორიისგან მოშორებით აშენდება.
მაჭახელას ხეობაში ჰესების აშენების წინააღმდეგ უკვე არაერთი აქცია გაიმართა. 20 თებერვალს ჰესების მშენებლობა გააპროტესტეს ხეობაში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა, უფრო ადრე, 9 თებერვალს, მაჭახელას ხეობაში ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგო მოძრაობა “სიტყვის კაცები” დაფუძნდა, 8 თებერვალს კი მაჭახლის ხეობის მცხოვრებლებს მხარდაჭერა გამოუცხადა ეთნიკურად ქართველმა მომღერალმა ბაიარ შაჰინმა [გუნდარიძე]. მომღერალმა ფეისბუქზე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა და ჰესების საწინააღმდეგო აქციას შეუერთდა.
დღეს, 31 მარტს, ბათუმში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე და ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილე რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა.
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა ისტორიული კადრების ჩვენება და ფოტო და დოკუმენტური მასალის გამოფენა. ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ: აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, მინისტრები, დეპუტატები, ახალგაზრდები და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლები.
ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმშიც, სადაც გამოფენილი იყო მუზეუმში დაცული იმ პერიოდის პოლიტიკური ცხოვრების ამსახველი ექსპონატები, საარჩევნო პლაკატები, გაზეთები და ფოტომასალა, ასევე 1918 წლისა და 1991 წლის დამოუკიდებლობის აქტები.
ზვიად გამსახურდია და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი გაიხსენეს დღეს ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებმაც.
მარტის ბოლოს აჭარის მთიანეთში პერიოდულად ისევ თოვს. ეს ფოტოები ქედაში, სოფელ გობრონეთშია გადაღებული 30 მარტს. სინოპტიკოსების ცნობით, აჭარის მაღალმთიანეთში თოვა მოსალოდნელია უახლოეს დღეებშიც.
ტურიზმი, მასთან დაკავშირებული პრობლემები და გამოწვევებია ტურიზმის ფესტივალ „ტურისტერის“ მთავარი თემა. დარგის სპეციალისტები და დაინტერესებული პირები საქართველოში ტურიზმთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ ბათუმში, კლუბ „გეითში“, სადაც ფესტივალი მიმდინარეობს.
ფესტივალი „ტურისტერი“ ბათუმში დღეს, 31 მარტს გაიხსნა. ფესტივალი „ტურიზმის ინსტიტუტისა“ და მარკეტინგული კომპანია „შინდის“ ერთობლივი პროექტია.
ფესტივალის პირველი ნაწილი ფორუმს დაეთმო, სადაც დარგის სპეციალისტებმა ტურიზმის პოლიტიკა განიხილეს.
პანელური განხილვების დაწყებამდე ტურიზმის სამართლის ექსპერტმა ირინე ურუშაძემ მოკლედ ჩამოთვალა ის პრობლემები, რომლებსაც ფორუმი შეეხო:
„დარგის მართვის ორგანო განსაზღვრულია, თუმცა არ იკვეთება რომელი ორგანო ასრულებს ამ ფუნქციებს სრულად. გარდა ამისა, სერტიფიცირებისა და ლიცენზირების საკითხი კანონმდებლობაში მოცემულია, თუმცა რეალურად პრაქტიკაში არც ტურისტული ობიექტების სერტიფიცირება ხდება, არც შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემა და არც ლიცენზირებას ექვემდებარება გარკვეული ტურისტული ობიექტები. კურორტების რეგულირებას რაც შეეხება, აქაც მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს, გვაქვს კურორტების ჩამონათვალი, რაც არ განახლებულა დიდი ხანია.
ხარისხის რეგულირება არის მეორე მიმართულება, რომელიც უმნიშვნელოვანესია დარგისათვის. ბათუმში, აჭარაში, ძალიან კარგად გვესმის რას ნიშნავს ეს, უსაფრთხოებაზე როდესაც ვსაუბრობთ. სამწუხაროდ არაერთი მოვლენა მოხდა, რომელმაც დაგვანახა ამის მწვავე საჭიროება. დღევანდელი კანონმდებლობა საქართველოში ითვალისწინებს მხოლოდ პროდუქტის ხარისხის რეგულირებას და სერვისი, როგორც ასეთი, რეგულირებული არ არის, მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნორმები არეგულირებს ამ მიმართულებას, თუმცა არის რიგი კანონმდებლობა, რომელიც იგივე უსაფრთხოებაზე საუბრობს, ესაა სახანძრო უსაფრთხოება თუ სურსათის უვნებლობა და საბედნიეროდ ეს კანონმდებლობა უკვე სავალდებულო გახდა დარგის წარმომადგენლებისათვის.
რაც შეეხება საგადასახადო რეგულაციებს, სპეციალური გადასახადი, მოსაკრებელი ტურიზმის მიმართულებით არ გვაქვს, თუმცა არის არაერთი საგადასახადო შეღავათი, რომელიც ახალისებს ტურიზმს. არის საშეღავათო პირობებიც ტურისტული ზონებისათვის, თუმცა რამდენად მუშაობს ეს რეგულირება, ცალკე კვლევის საგანია ალბათ“ – განაცხადა ირინე ურუშაძემ.
მან ასევე ისაუბრა სტატისტიკის წარმოების მნიშვნელობაზე, რაც იძლევა საშუალებას, განისაზღვროს დარგის საჭიროებები. მისივე თქმით, ამ მიმართულებითაც არსებობს ხარვეზები.
ფესტივალ „ტურისტერზე“ ამჟამად კულინარიული პაუზაა, სადაც ლაზური და აჭარის მთის სამზარეულოა წარმოდგენილი. ფესტივალის შემადგენელი ნაწილია ასევე სტარტაპების გამოფენა, სადაც ფესტივალში მონაწილეებს საშუალება აქვთ გაიცნონ ერთმანეთი და კავშირები დაამყარონ ახალ ბიზნესწამოწყებებთან ტურიზმის სფეროში.
30 მარტს ხელვაჩაურში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაჭრილი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, რეანიმაციაში იმყოფება. მას თავის არეში აქვს მიყენებული საფანტის ტყვიით ჭრილობები და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით დაიწყო – განზრახ მკვლელობის მცდელობა.
„იაფი სახლის“ მშენებლობის საწყის ეტაპზე ბათუმის ბიუჯეტს, ოფიციალური მონაცემებით, 1 644 341 ლარის ზიანი მიადგა. ქალაქის მერია ამ თანხის ანაზღაურებას სასამართლოში „ბაზისბანკისგან“ ითხოვს.
„იაფი სახლის“ მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კონვენტ ჯორჯია“ 2016 წელს, მას შემდეგ გაუჩინარდა, როცა მერიას მისთვის ავანსად 1 430 342 ლარი უკვე გადარიცხული ჰქონდა. შესაბამის ტენდერში წარდგენილი საბანკო გარანტია ფორმალურად ავიზირებული იყო სს „ბაზისბანკის“ მიერ. გარანტორი კი ბრიტანული კომპანია POINT BANK Ltd-ი იყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა 2019 წლის 2 აპრილსაა ჩანიშნული, თუმცა ამავე სხდომაზე ბათუმის მერიამ დამატებითი ვადის დაწესება უნდა მოითხოვოს შესაბამისი მტკიცებულებების წარსადგენად. მტკიცებულებების მოსაპოვებლად კი ბათუმის მერიას დამატებით 2 500 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი [დაახლოებით 10 ათასი ლარი] დასჭირდება, შპს „ფლექსიჯობსთან“ შესაბამისი ხელშეკრულების ტენდერის გარეშე გასაფორმებლად.
„ფლექსიჯობსთან“ ამავე თანხაზე [მაშინ – დაახლოებით 10 489 ლარი] იურიდიული მომსახურების მიზნით ხელშეკრულება მერიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, ადრეც, 2017 წელსაც გააფორმა.
ეს ხელშეკრულება ბათუმის მერიის ინფორმაციით: „მიზნად ისახავდა იმის გარკვევას, თუ რამდენად პერსპექტიული იქნებოდა POINT BANK-ის მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების დაწყება დიდ ბრიტანეთში, კერძოდ, მიმწოდებლის მიერ უნდა გადამოწმებულიყო ინფორმაცია რამდენად ასრულებდა აღნიშნული ბანკი თავის ვალდებულებებს, გააჩნდა თუ არა ქონება და საწესდებო კაპიტალი იმისათვის, რომ მომხდარიყო საბანკო გარანტიების ფარგლებში გადასახდელი თანხების ამოღება. „ფლექსიჯობსიდან“ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კი, ჩვენთვის მოულოდნელად დადგინდა, რომ POINT BANK არ წარმოადგენდა ისეთ სუბიექტს, რომელიც უფლებამოსილი იყო გაეცა საბანკო გარანტია [ მეტიც, არ წარმოადგენდა არც საბანკო დაწესებულებას და არც სხვა საფინანსო ინსტიტუტს].“
სწორედ ამის შემდეგ შეიტანა მერიამ სარჩელი სასამართლოში „ბაზისბანკის“ წინააღმდეგ. თუმცა, როგორც ბათუმის მერიის მიერ შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილ ინფორმაციაშია აღნიშნული: „ამ საქმეზე, ჩვენთვის მოულოდნელად, სს „ბაზისბანკმა“ წარმოდგენილი შესაგებლით განმარტა, რომ შპს „ფლექსიჯობსის“ მიერ მერიისთვის მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს მათ სუბიექტურ შეხედულებას და აღნიშნულით არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ POINT BANK-ი არ წარმოადგენდა უფლებამოსილ სუბიექტს, გაეცა საბანკო გარანტიები [ანუ სს „ბაზისბანკისათვის“ არა თუ გარანტიების ავიზირებისას, არამედ დღესაც უცნობია, წარმოადგენდა და წარმოადგენს თუ არა „პოინტ ბანკი“ საბანკო დაწესებულებას ან ისეთ საფინანსო ინსტიტუტს, რომელიც უფლებამოსილი იქნებოდა, გაეცა საბანკო გარანტია“.
მერიის მიერ შესყიდვების სააგენტოში წარდგენილ განაცხადში აღნიშნულია, რომ „ფლექსიჯობსთან“ ამჯერად ხელშეკრულება სწორედ მტკიცებულებების მოსაპოვებლად უნდა გაფორმდეს.
„საქმე ეხება დიდი ბრიტანეთის შესაბამის უწყებებთან კონსულტაციების წარმოებას შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, რომ „პოინტ ბანკი“ არ წარმოადგენს არც საბანკო დაწესებულებას და არც სხვა რაიმე საფინანსო ინსტიტუტს. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტების მოპოვების მიზნით, სათანადო ღონისძიებების განხორციელება აუცილებლად მოითხოვს დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობისა და ენის ცოდნას, ასევე, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო და სასამართლო დაწესებულებებთან ურთიერთობის პრაქტიკულ გამოცდილებას. გარდა აღნიშნულისა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მერიასა და შპს „ფლექსიჯობს“ შორის არსებობს საქმიანი გამოცდილება და ამასთან, აღნიშნული კომპანია უკვე იცნობს საქმეს,“ – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
მტკიცებულებების მოსაპოვებლად კი საჭიროა:
[checklist]
შესაბამისი კონსულტაციების წარმოება დიდი ბრიტანეთის ცენტრალურ ბანკთან და საფინანსო ზედამხედველთან „პოინტ ბანკის“ თაობაზე ოფიციალური მასალების მისაღებად; დიდი ბრიტანეთის საფინანსო ზედამხედველისაგან ოფიციალური ცნობის მოძიება იმის თაობაზე, რომ „პოინტ ბანკი“ არ არის რეგისტრირებული როგორც რაიმე საფინანსო ინსტიტუტი;
დიდი ბრიტანეთის ცენტრალური ბანკიდან ოფიციალური ცნობის მოძიება იმის თაობაზე, რომ „პოინტ ბანკი“ არ არის რეგისტრირებული როგორც ბანკი; დედანი დოკუმენტების [ინგლისურ ენაზე] ქ. ბათუმის მერიაში გადაგზავნა დაზღვეული ფოსტის მეშვეობით;
„აპოსტილის შესახებ“ ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის გათვალისწინებული წესების თანახმად, მოპოვებული დედანი დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში;
ოფიციალური თარგმანისა და დამოწმების გაფორმება მოპოვებულ დოკუმენტებზე.
[/checklist]
ამ ყველაფრისთვის „ფლექსიჯობსთან“ უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება სავარაუდო ღირებულებით – 2500 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი.
ბათუმის მერიის მიერ „იაფი სახლის“ მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის საკითხი სახელმწიფო აუდიტის მასალებშიც მოხვდა.
„მერიის შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირების მხრიდან, გადაწყვეტილებების მიღების დროს, გარემოებათა არაჯეროვანი გამოკვლევისა და მოსალოდნელი რისკების შეუფასებლობის გამო, მუნიციპალიტეტს მიადგა არანაკლებ 1 430 342 ლარის ზიანი“, – აღნიშნული იყო აუდიტის ანგარიშში.
ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ქალაქის მერიამ ე.წ. იაფი სახლის მშენებლობა მეორედ დაიწყო. ორი კორპუსის მშენებლობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მტმ“-ი ასრულებს. მასთან მერიამ ხელშეკრულება 2 349 999 ლარზე გააფორმა.
დამატებით კიდევ ორი „იაფი სახლის“ მშენებლობაზე მერიამ ცალკე ტენდერი 2,4-მილიონი ლარით გამოაცხადა. ამ ტენდერში გამარჯვებულ შპს „ქრიათივ იმფრეშენს კავკასუს“-თან ხელშეკრულება 2 317 747 ლარზე 2019 წლის 22 მარტს გაფორმდა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს“ ადმინისტრაციული გაფრთხილება მისცა საზოგადოებრივი მაუწყებლის [პირველი არხი] პირდაპირ ეთერში გასული საშობაო ლიტურგიის ტრანსლაციის განთავსებისთვის.
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას პირველმა არხმა მიმართა განცხადებით, რომლის თანახმად სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიომ“ 2019 წლის 6 და 7 იანვარს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით, ნებართვის გარეშე საკუთარ ეთერში განათავსა პირველი არხის პირდაპირ ეთერში გასული საშობაო ლიტურგიის ტრანსლაცია და ისე შეცვალა კადრი, რომ დაიკარგა პირველი არხის ლოგო. „ბათუმელების“ ინფორმაციით, გაცხადებას ხელს პირველი არხის გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე აწერს.
ეროვნული კომისიის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის თანახმად, საშობაო ლიტურგიის ტრანსლირებას სჭირდებოდა შესაბამისი ნებართვა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისგან“.
21 თებერვალს გამართულ სხდომაზე, სადაც აღნიშნული საკითხი განიხილებოდა, „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ წარმომადგენელმა, ზვიად ქორიძემ განაცხადა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ მიერ საშობაო ლიტურგიის ტრანსლირებისას არ დარღვეულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი. აჭარის ტელევიზიის მიერ, ტრადიციულად განხორციელდა საშობაო ლიტურგიის ტრანსლირება, რა დროსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გამოყენებული იყო ასევე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სიგნალი.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ წარმომადგენლის განმარტებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ხორციელდება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განთავსებული საშობაო ლიტურგიიდან ჩართვა, თუმცა სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ წინა წლებში აღნიშნულთან დაკავშირებით საწინააღმდეგო მოსაზრება არ ჰქონია.
ზვიად ქორიძემ აღნიშნა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ასევე ახორციელებს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ გადაცემ(ებ)ის გადაცემას საკუთარ ეთერში წინასწარი ნებართვის გარეშე, რაზეც არასდროს ტელევიზიას პრეტენზია არ განუცხადებია, ვინაიდან ორივე არხი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, დაფინანსებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საქმე ეხება საზოგადოებისთვის დიდი მნიშვნელობის მქონე ღონისძიებას, რომლის გადაღება/პირდაპირ ეთერში ტრანსლირება არ წარმოადგენს რომელიმე არხის მიერ მოპოვებულ ექსკლუზიურ უფლებას.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში აღნიშნულია, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი/ანალოგიური სამართალდარღვევისთვის, ამიტომაც მაუწყებელს უნდა დაეკისროს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
საბოლოოდ, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ მიეცა გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის გამო.
„პირველმა არხმა“ საშობაო წირვის უნებართვო ტრანსლირებისათვის „პალიტრა TV“-საც უჩივლა, რომელსაც კომისიამ ასევე გაფრთხილება მისცა.
პირველი აპრილიდან სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.
კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასევე, 3 წლის ვადით სხვადასხვა უფლების, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.
შს სამინისტროს ცნობით, კანონის აღსრულების მიზნით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორებმა უკვე გაიარეს შესაბამისი გადამზადება. ამასთან, დეპარტამენტი სრულად აღჭურვილია პორტატული გერმანული ნარკოტესტერებით, რომელიც ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედებას ნერწყვის საშუალებით ადგენს.
კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, საპატრულო პოლიცია მძღოლს ნარკოტიკულ სიმთვრალეზე ნარკოტესტერით გადაამოწმებს. დადებითი პასუხის შემთხვევაში, პირის შემოწმება დამატებით შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში მოხდება. ნარკოტიკული ნივთიერების კლინიკური ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, პირს დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
31 მარტს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ სამართალდამცავები ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებდნენ. ზარი იმის შესახებ, რომ სასტუმროს კაზინოში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო, 112-ზე შევიდა, რასაც კაზინოში მყოფი ადამიანების ევაკუაცია მოჰყვა.
ასაფეთქებელი ნივთიერება სამართალდამცავებმა ადგილზე ვერ აღმოაჩინეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 331 მუხლით მიმდინარეობს – ცრუ შეტყობინება ტერორიზმის შესახებ.
პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში ლექციის წასაკითხად არ შეუშვეს. დაახლოებით ერთი საათის წინ ფეისბუკ ლაივში ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც უნივერსიტეტის ეზოში ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად იყო, ამბობდა, რომ მას უნივერსიტეტში შესვლის უფლებას არ აძლევენ.
„ბათუმში ვარ ჩამოსული, აუდიტორიას რა გვიღებენ, რომ ლექცია ჩავუტარო ახალგაზრდებს, პოლიტიკოსების შემოსვლა არ შეიძლებაო. სასაცილოა, მაგრამ ჩვეულებრივი საბჭოთა კავშირია. ახალგაზრდები უნდა დაიცვან პოლიტიკისგან თუ რაღაცისგან.
სინამდვილეში პოლიტიკა რა არის, გარეთ რომ გამოდიხარ ხომ უნდა იცხოვრო რეალურ ცხოვრებაში და ეს რეალური ცხოვრება პოლიტიკით წარიმართება. როგორ შეიძლება გამზადებდნენ ამ ცხოვრებისთვის და თან არ გასწავლიდნენ მთავარ რაღაცას, რომ გარეთ რაც ხდება, რომ პოლიტიკა არის ყველაფერი, რაშიც თქვენ ცხოვრობთ“, – ეუბნება ის უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილ ახალგაზრდებს.
„ბათუმელები“ ბსუ-ს რექტორს მერაბ ხალვაშს დაუკავშირდა და ჰკითხა, ნამდვილად არ შეუშვეს თუ არა ზურაბ ჯაფარიძე უნივერსიტეტში ლექციის ჩასატარებლად და რატომ?
მერაბ ხალვაში ამბობს, რომ ზურაბ ჯაფარიძის ლექციასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ინფორმირებული არ ყოფილა.
„დაცვამ დამირეკა, მე გადავამოწმე ინფორმაცია და ჩვენთან არანაირი მოთხოვნა, მომართვა ლექციის ჩატარებასთან დაკავშირებით არ შემოსულა, არც „გირჩის“ მხრიდან და არც ბაჩო ფარტენაძის მხრიდან. არანაირი ღონისძიებების სიაში არ ყოფილან. მათ არ მოუთხოვიათ აუდიტორიის გამოყოფა. როგორც ვიცი, ზურაბ ჯაფარიძე იყო უნივერსიტეტში და შეეძლო რომელიმე აუდიტორიაში შესულიყო.
რამდენიმე აუდიტორია არის ღია, საკონფერენციო და სააქტო დარბაზი იკეტება მხოლოდ, სადაც ტექნიკაა. აუდიტორიები არის ღია და შეუძლიათ იქ ჩაატარონ“, – ამბობს ხალვაში.
მერაბ ხალვაშის თქმით, ზურაბ ჯაფარიძეს ლექციის ჩატარება შესთავაზეს კიდეც აუდიტორიაში, მაგრამ უარი თქვა. „დაცვა მითხრა, არ შევიდა, აქ მირჩევნიაო, ასე უთქვამს“, – ამბობს რექტორი.
ქართული ენის კარგად ცოდნა ეთნიკური უმცირესობებისთვის ინტეგრაციის გზაზე გადადგმული მხოლოდ პირველი ნაბიჯია. როგორ დგამენ ამ ნაბიჯებს ისინი, რა გარემოებებს მიჰყავთ ენის ცოდნის აუცილებლობამდე და როგორია იმ ადამიანების გამოცდილება, ვინც შეძლო და ქართული ენა ზედმიწევნით კარგად ისწავლა.
აინურ ახმედოვა, აიდან იუსუბოვა და ოქტაი ქაზუმოვი საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები არიან. ქართულად კარგად საუბრობენ, თუმცა სამივე მათგანმა ენა ნელ-ნელა ისწავლა – საკუთარ თემში პრაქტიკის კარგი საშუალება არც ერთ მათგანს არ ჰქონდა.
18 წლის აინურ ახმედოვა მარნეულის რაიონის სოფელ ზემო სარალში ცხოვრობს, ქართული ენის კურსებზე სოფლიდან მარნეულში კვირაში სამჯერ დადის. გაკვეთილები ორსაათიანია. სამარშრუტო ტაქსები სოფლიდან მარნეულამდე შუადღის 12 საათის შემდეგ აღარ მოძრაობს, ამიტომ აინურს თავის შვიდ კლასელთან ერთად მარნეულიდან სახლამდე დაბრუნება ტაქსით უწევს, სახლამდე გზას ტაქსით ნახევარი საათი სჭირდება. ქართულს ფილმებით, მოსასმენი საშუალებებით სწავლობს.
აინურ ახმედოვა
„ჩემმა მშობლებმა აზერბაიჯანში სწავლა არჩიეს, ახლა ახალგაზრდები ასე არ ფიქრობენ. განათლება, ვფიქრობ, უმთავრესი რამაა, მე, ჩემი კლასელები, მეგობრები არსად ვაპირებთ წასვლას, დარეგისტრირებული ვართ მისაღებ გამოცდებზე და საქართველოში გავაგრძელებთ სწავლას. ჩვენი თაობის უპირატესობა მეტი გახსნილობა და შესაძლებლობებია. მინდა, ჩვენი შრომით და გონიერებით გავაძლიეროთ საქართველო. განვითარებულ სახელმწიფოს თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები სჭირდება,“ – ამბობს აინურ ახმედოვა.
აინური ფიქრობს, რომ სასურველი იქნებოდა სოფლის სკოლაში ქართულად მოსაუბრე მეტი მასწავლებელი იყოს, რითაც ენის პრაქტიკის უკეთესი შესაძლებლობა ექნებოდა. მის სკოლაში ქართულის, როგორც უცხო ენის, ერთი გაკვეთილი ტარდება დღეში.
აინურს საბოლოოდ მარნეულში ცხოვრება სურს. ამბობს, რომ აქ პროფესიონალი ექიმების დეფიციტია და აპირებს სწავლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში განაგრძოს. საქართველოს ყველა კუთხეშია ნამყოფი და თითქმის ყველა ქალაქი უნახავს, გარდა ბათუმისა.
აიდან იუსობოვა ნათესავებს შორის პირველი იყო, ვინც ქვეყნის დატოვებას ქართულ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება არჩია. ახლა მისი დაც და ბიძაშვილიც საქართველოში აგრძელებენ სწავლას.
აიდანმა სკოლა გარდაბნის რაიონის სოფელ ქესალოში დაამთავრა. როგორც ამბობს, სკოლის დამთავრების შემდეგ ქართული ძალიან ცუდად იცოდა. სკოლის გაკვეთილები ენის სასწავლებლად საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ მან ქართული ენის რეპეტიტორთან დაიწყო სიარული.
აიდან იუსუბოვა
„ენის სწავლა ხანგრძლივი და შრომატევადი საქმე იყო. თუ საქართველოში აპირებ ცხოვრებას და ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ, ენა უნდა იცოდე. ეს არის პირველი ნაბიჯი ინტეგრაციისკენ. ამიტომ ქართული ენის სწავლება სკოლებში უნდა გაძლიერდეს. უმაღლესი სასწავლებლები აზერბაიჯანულ ენაზე საქართველოში არ არის და თუ ეს ასეა, არალოგიკურია, რომ სკოლებში აზერბაიჯანულად ვასწავლიდეთ და ქართულის სწავლებას ეთმობოდეს დღეში მხოლოდ ერთი გაკვეთილი. ვიყავი სკოლასთან დაკავშირებულ გარკვეულ კვლევებში ჩართული და ჩვენს ამ დამოკიდებულებას საქართველოს აზერბაიჯანულ სოფლებში დიდი აგრესია და პროტესტი მოჰყვა.
ჩემი და, მაგალითად, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე სწავლობს და ძალიან უჭირს. ენას უფრო ეუფლება, ვიდრე პროფესიას, უკეთესი იქნებოდა, სკოლაშივე ჰქონოდა ქართული ენის კარგად სწავლის შესაძლებლობა,“ – ამბობს აიდანი. ის ახლა 28 წლისაა, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მაგისტრატურა დაამთავრა და ,,აიფაქტთან“ თანამშრომლობს, ქართულ ენაზე წერს.
აიდანისგან გასხვავებით 33 წლის ოქტაი ქაზუმოვმა ენა სწორედ სკოლაში ისწავლა კარგად. იმდენად კარგად, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უფასო ფაკულტეტზე ჩააბარა. თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლა ათი წლიდან მისი ოცნება იყო.
„ქართულ სკოლაში ვსწავლობდი, ჩემს სოფელში (მცხეთის რაიონის სოფელ ციხისძირში) აზერბაიჯანელებთან ერთად ქართველებიც ცხოვრობენ, ოღონდ მოშორებით. პირველად ენის ცოდნის აუცილებლობა სტადიონზე ვიგრძენი, როცა ოთხი წლისამ აღმოვაჩინე, რომ იქ შეკრებილი ბავშვებისა და უფროსების ენა არ მესმოდა. მქონდა განცდა, რომ ქართულს ვერასდროს ვისწავლიდი. ბაღს ვერ ვიტანდი, იქ ქართულად საუბრობდნენ და მე, ვინც სახლში ყველასთვის სამაგალითო და მოტიკტიკე ბავშვი ვიყავი, ბაღში ვდუმდი. ეს ჩემთვის ტრაგედია იყო. ბაღიდან ორად-ორი სიტყვა ვისწავლე: „არა“ და „არაფერი“.
ოქტაი ქაზუმოვი
დაწყებით კლასებში ქართული ენის სწავლა ოქტაის ძალიან გაუჭირდა, რადგან შინ აზერბაიჯანულად საუბრობდნენ და მისი სააზროვნო ენაც აზერბაიჯანული იყო, თუმცა მისმა მშობლებმა ქართული იცოდნენ და გაკვეთილების მომზადებაშიც ეხმარებოდნენ.
პირველი წიგნი, რაც ქართულად წაიკითხა, „ტომ სოიერი“ იყო. აღმოაჩინა, რომ ბევრად უფრო საინტერესო ტექსტების კითხვა შეეძლო თავად, ვიდრე სკოლაში ასწავლიდნენ.
„რა თქმა უნდა, ყველაფერი არ მესმოდა, მაგრამ რასაც ვერ ვიგებდი, ვინიშნავდი და მამას ვეკითხებოდი, ქართული ნელ-ნელა ჩემს სააზროვნო ენად იქცა, თუმცა აზერბაიჯანული ზედმიწევნით კარგად ვიცი, ეს ჩემი შრომის შედეგია. ვკითხულობ, ვწერ, სინქრონულ თარგმანებს ვაკეთებ და ა.შ.
მეათე კლასიდან სკოლაში ქართული ლიტერატურის ძალიან კარგი მასწავლებელი მყავდა, ხშირად განვიხილავდით ლიტერატურულ ტექსტებს, ვკამათობდით, ვმსჯელობდით. ეს პერიოდი ძალიან დამეხმარა და მომამზადა უნივერსიტეტის წლებისთვის,“ – ამბობს ოქტაი ქაზუმოვი.
ოქტაი ახლა თავად თარგმნის იმ სასწავლო და მეთოდოლოგიურ წიგნებს ქართულიდან აზერბაიჯანულად, რითაც აზერბაიჯანელი ბავშვები სწავლობენ.
გამოცემული აქვს აზერბაიჯანული პოეზიის ქართულენოვანი და ქართული პოეზიის აზერბაიჯანული თარგმანები. მათ შორისაა: ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონის, შოთა ნიშნიანიძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ტერენტი გრანელის, შოთა იათაშვილისა და სხვა ქართველი ავტორების თარგმანები აზერბაიჯანულ ენაზე. არის ავტორი პუბლიცისტური კრებულის „129 გვერდი ლიტერატურაზე“.
„ალიანს ჯგუფი“, ლიდერი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია საქართველოში, ბათუმში ახალ უპრეცედენტო ენერგოეფექტურ პროექტს განავითარებს. პრემიუმკლასის ბრენდული საერთაშორისო სასტუმროებისა და აპარტოტელების შემდეგ, კომპანია აჭარის რეგიონში პირველი საერთაშორისო სტანდარტების სავაჭრო ცენტრს და A კლასის საოფისე ფართობებს ააშენებს.
„ალიანს სიტის“ მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტის განვითარება 20 ათას კვ.მ-ზე იგეგმება, ტერიტორიაზე, სადაც დღეს ე.წ „ლუჟკოვის სახლი“ მდებარეობს, სახლი, რომელიც ორი ათეული წელია მიტოვებულია, ზიანს აყენებს ქალაქის იერსახესა და ეკოლოგიას. 13-სართულიანი უსახური შენობის ნაცვლად „ალიანს ჯგუფი“ 5-სართულიან რეკრეაციულ ინფრასტრუქტურას განავითარებს, რაც ჰაერის ნაკადისთვის 2.5-ჯერ ნაკლებ წინაღობას ნიშნავს. ენერგოეფექტურ კომპლექსში გამოყენებული იქნება ინოვაციური ტექნოლოგიები, რაც მაქსიმალურად შეამცირებს ენერგიის მოხმარებას, შესაბამისად, შემცირდება ნახშირორჟანგის (CO2) გამოყოფა და გარემოში შენარჩუნდება სუფთა ჰაერი. ჯამში, „ალიანს სითი“ დაზოგავს დაახლოებით 60% ენერგიას, რაც წლის განმავლობაში დაახლოებით 6500 ტონით ნაკლები ნახშირორჟანგის გამოყოფის ტოლფასია. ამ რაოდენობის ნახშირორჟანგის კომპენსაციისთვის საჭიროა 32 000 ხე.
„ალიანს ჯგუფის“ მიმდინარე პროექტი ბათუმში
ენერგოეფექტური მშენებლობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ტურისტულად აქტიურ ქალაქებში, სადაც მუდმივად ახალი დასასვენებელი კომპლექსები შენდება და სწორედ ასეთია ბათუმი. გასული საუკუნის ბოლოს აშენებული „ლუჟკოვის სახლი“ კი არ შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომელიც თანამედროვე ბათუმს აქვს, შავიზღვისპირეთის საერთაშორისო კურორტს, ქალაქს, რომლის მოსახლეობაც მხოლოდ 180 ათასია და 2 მილიონამდე ტურისტს მასპინძლობს.
„ე.წ ლუჟკოვის სახლის პროექტი მაშინ დაიგეგმა, როცა ბათუმს არ ჰქონდა განვითარების ის დინამიკა, რაც 21-ე საუკუნეში აქვს. თანამედროვე საზღვაო ქალაქებისა და კურორტების გლობალური ტენდენცია კი არის საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების, სასტუმროების, გასართობი და დასასვენებელი კომპლექსების განლაგება პირველ ზოლში და არა საცხოვრებელი სახლების,” – აღნიშნავს აკაკი სონგულია, „ალიანს ჯგუფის“ გენერალური დირექტორი.
„ალიანს სითი“ ენერგოეფექტური საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქციური კომპლექსის განვითარებაში, რომელიც ბათუმისთვის სრულიად ახალ ინფრასტრუქტურას, მასშტაბურ სავაჭრო ცენტრს და A კლასის საოფისე ფართობებს, ასევე, საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს მოიცავს, დეველოპერი 350 მილიონ ლარს დახარჯავს.
„ალიანს ჯგუფის“ განხორციელებული პროექტი ბათუმში
„ალიანს სითის“ სრულიად შეცვლის და ახალ სტანდარტებს დანერგავს ბათუმის კომერციულ და საოფისე უძრავი ქონების ბაზარზე, ისევე როგორც „ალიანს ჯგუფის“ პრემიუმკლასის აპარტოტელებმა შემოიტანეს თამაშის ახალი წესები ადგილობრივ ბაზარზე და შედეგად ბათუმი ზღვისპირეთის საერთაშორისო კურორტად გარდაიქმნა,” – აცხადებს სონგულია.
“ალიანს სიტი და მასთან დაკავშირებული ე.წ. მინიქალაქის ინფრასტრუქტურა ქალაქის მაცხოვრებლებს და ტურისტებს თანამედროვე სტანდარტების მომსახურებას შესთავაზებს ერთ სივრცეში, იქნება ეს სავაჭრო, საოფისე თუ სასტუმრო მიმართულებით. “ალიანს სიტის” პროექტის მშენებლობის დასრულების შემდეგ, 2023 წლისთვის, თბილისის მსგავსად ბათუმსაც ექნება თავისი საერთაშორისო დონის სავაჭრო ცენტრი ბრენდული მაღაზიებით.
პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე სამუშაოების მიმდინარეობისას 1000-ზე მეტი ადგილობრივი კადრის დასაქმება მოხდება. ასევე აღსანიშნავია „ალიანს სიტის“ თანამედროვე ბიზნეს კლასის ინფრასტრუქტურა, რომელიც ბათუმელებისთვის მუდმივი სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს.
„ალიანს ჯგუფის“ მიმდინარე პროექტი თბილისში
„ალიანს ჯგუფის“ შესახებ
„ალიანს ჯგუფი“ პირველი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა, რომელმაც ბათუმში თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი ააშენა 2005 წელს; პირველია, რომელმაც სასტუმრო-აპარტამენტის კონცეფცია დანერგა 2008-ში; და პირველი, რომელმაც საცხოვრებელი შენობები საერთაშორისო სასტუმრო ბრენდებთან დააკავშირა 2015-ში. აჭარის რეგიონში კომპანიას $200 მილიონზე მეტი აქვს დაბანდებული მსხვილმასშტაბიან, უკვე დასრულებულ პროექტებში. დამატებით $390 მილიონის ინვესტირება ხორციელდება მიმდინარე პროექტებში, რომლებიც მულტიფუნქციურ კომპლექსთა ფრანშიზებს მოიცავს, მათი განვითარება კი, თავის მხრივ, ხდება ისეთ განთქმულ საერთაშორისო სასტუმრო ქსელებთან პარტნიორობით, როგორებიცაა: Marriott International-ი და Wyndham Hotel Group-ი.
ბათუმში, ქუთაისის ქუჩაზე, რესტორანმა „მიუნჰენმა“ ტროტუარი რკინის კონსტრუქციით მთლიანად აითვისა. ბათუმის მერიამ ძველ ბათუმში, მათ შორის ამ ქუჩაზეც, ერთი თვის წინ რეიდი ჩაატარა და კაფე-ბარების მეპატრონეებს სარეკლამო აბრები ჩამოახსნევინა, ასევე, ტროტუარზე გამოტანილი სკამები და მაგიდებიც აალაგებინა.
ერთი თვის წინ, როცა მერიამ ქუთაისის ქუჩაზე არსებულ დაწესებულებების წინ გამოტანილი სკამები აალაგებინა, კაფე-ბარების მფლობელი მეწარმეები აცხადებდნენ, რომ ბათუმის მერია ყველა მეწარმეს თანაბარ მდგომარეობაში არ აყენებდა. მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომელთაც ნებართვა მარტის თვის ბოლომდე ჰქონდათ, მაგრამ მერიამ მაინც აალაგებინა სკამები.
ახლა ქუთაისის ქუჩაზე თუ გაივლით, დაინახვათ, რომ რესტორან „მიუნჰენს“, ობიექტის წინ, ტროტუარზე რკინის კონსტრუქცია აქვს დადგმული. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ მალე სკამებსა და მაგიდებსაც განთავსებენ. შესაბამისად, აქ ფეხით მოსიარულეებისთვის სივრცე შეიზღუდება.
ჰქონდა თუ არა ნებართვა ტროტუარის ათვისებაზე „მიუნჰენს“ და რა ზომების გატარებას აპირებს მერია? ამ საკითხთან დაკავშირებით „ბათუმელები“ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს დაუკავშირდა. სააგენტოს ხელმძღვანელი ჯუმბერ კობალაძე ამბობს, რომ „მიუნჰენმა“ რკინის კონსტრუქციის დადგმაზე ნებართვა გასულ წელს მიიღო მერიისგან.
ქუთაისის ქუჩაზე რესტორანმა „მიუნჰენმა“ ტროტუარი რკინის კონსტრუქციით მთლიანად აითვისა. ფოტო: მანანა ქველიაშვილი
რესტორნის მენეჯერმა ლანა მურვანიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რკინის კონსტრუქციის დადგმაზე ნებართვა მერიისგან როდის მიიღეს არ ახსოვს. „შარშან იყო თუ 2019-ში არ ვიცი, აღარ მახსოვს“-გვეუბნება ის.
„ჩვენ არ ვაპირებთ ტროტუარის მთლიანად გადაკეტვას, ნაწილში დაიდგმება მაგიდები და ფეხით მოსიარულეებისთვისაც უკეთესი იქნება, რადგან წვიმისგან დაიცავს“, – გვითხრა მენეჯერმა.
ამ წუთებში [15:30] ბათუმში, „ვარდების სკვერში“, იმ მოქალაქეების საპროტესტო აქცია იმართება, რომლებიც ბათუმის პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგნი არიან.
ბათუმის მერიისა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლების განმარტებების მიუხედავად, საზოგადოების ნაწილი ქიმიური ტერმინალის ფუნქციონირებაში საფრთხეებს ხედავს. მათი აზრით, ქიმიური ნივთიერებები, რომელთა გადაზიდვაც დახურული წესით უნდა მოხდეს, მაინც გამოიწვევს ჯანრთელობისთვის საშიში გარემოს შექმნას ქალაქის მცხოვრებლებისთვის.
საპროტესტო აქცია ვარდების სკვერში ქიმიური ტერმინალის წინააღმდეგ.
„ჩვენთვის ის განმარტებები, რაც მთავრობამ გააკეთა, საკმარისი არ არის. ჩვენ მათ არ ვენდობით. ამბობენ, რომ კარბამიდს შემოვიტანთ მხოლოდო, მაგრამ ეს არის მულტიმოდალური ტერმინალი და შემდეგ მოხდება სხვა ქიმიური ნივთიერებების შემოტანაც, რაც ჯანმრთელობისთვის მავნეა“, – ამბობს აქციის მონაწილე ელენე სურგულაძე.
კიდევ ერთი მონაწილე ზაალ ლუხუტაშვილი ამბობს, რომ ჯანმრთელობისთვის ნებისმიერი ქიმიური ტერმინალია სახიფათო. „ეგვიპტეში, ჩინეთშიც აფეთქდა მსგავსი ქიმიური ტერმინალები. ის, რომ კარბამიდი საშიში არ არის, ზღაპარია და არ გვჯერა“.
კიდევ ერთი მონაწილე გელა გორგაძე, რომელიც ამბობს, რომ აქციის გამო სოფელ ჭარნალიდან ჩამოვიდა, წინააღმდეგია ქიმიური ტერმინალის მშენებლობის.
ქიმიური ტერმინალის საწინააღმდეგო აქცია ვარდების სკვერში. ფოტო: ლელა დუმბაძის
„ტერმინალი გამოიწვევს ჯათნმრელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს… ელემენტარულ პრობლემებს ვერ აგვარებენ და ეს ტერმინალიც არის საშიშროების შემცველი“,- ამბობს გელა გორგაძე.
ბათუმში ახალი ქიმიური ტერმინალის მშენებელობას აჭარის მთავრობასა და ამერიკულ კორპორაცია Tramm0-სა და Wondernet Exspress Investment Group-ს შორის 14 იანვარს მოეწერა ხელი. ქიმიური ტერმინალის მოწინააღმდეგეთა საპასუხოდ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ვლადიმერ მგალობლიშვილმა, ნივთიერება კარბამიდი, რომელიც უნდა გადაზიდონ ახალი ტერმინალის გავლით, პირდაპირ ეთერში შეჭამა იმის სადემონსტრაციოდ, რომ აღნიშნული ნივთიერება ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიში არ არის.
ქიმიური ტერმინალის საწინააღმდეგო აქცია ვარდების სკვერში. ფოტო: ლელა დუმბაძის
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე არქეოლოგიურ მუზეუმში აჭარის ტერიტორიაზე აღმოჩენილი უნიკალური მასალაა დაცული. აქ ნივთები ბრინჯაოს ხანიდან ახ. წ. შუასაუკუნეების ჩათვლით თარიღდება. ესაა ქართული და უცხოური წარმომავლობის მონეტები, ბრინჯაოს, მინისა და კერამიკის ჭურჭელი, სამკაულები და სხვა. ყველა ნივთს თავისი ისტორია აქვს. არქეოლოგები ამ ნივთებს მიწას აცლიან, ხოლო რესტავრატორები ახალ სიცოცხლეს ანიჭებენ.
26 წლის მერი ყულეჯიშვილი რესტავრატორია. იგი ყვება, რომ ისტორია და ძველი ამბები ბავშვობიდანვე იტაცებდა. სულ ორი წელია, რაც ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში მუშაობს, სამსახურის დაწყების თარიღი ზუსტად ახსოვს – 2016 წლის 15 დეკემბერი.
„სტუდენტი ვიყავი მაშინ, მაგისტრატურაში არქეოლოგიას ვსწავლობდი. პროფესიით რესტავრატორი არ ვარ, მაგრამ მეტ-ნაკლებად ახლოს არის არქეოლოგიასთან. პრაქტიკა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორიაში გავიარე. გარკვეული პრაქტიკა დავაგროვე აქაც, ვმონაწილეობდი ექსპედიციებში და ეს ყველაფერი დამეხმარა ამ მიმართულებით განვითარებაში“, – გვიამბობს მერი.
იგი არქეოლოგიური გათხრების შედეგად მუზეუმში შესული ნივთების რესტავრაციას აკეთებს. ძირითადად ეს არის კერამიკის რესტავრაცია. პერიოდულად სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება უშუალოდ არქეოლოგიური გათხრების დროსაც უწევს.
„ყველაზე საინტერესო სამუშაო იყო ქვევრი, რომელიც მოცულობით დიდია და მისი დამოუკიდებლად რესტავრირება ძალიან გაჭირდებოდა. ეს იყო 2017 წელს ჩაისუბანში, სადაც არქეოლოგიური გათხრების დროს მარანი აღმოაჩინეს. ამოღებული ქვევრები გაირეცხა, შემდეგ მუზეუმში მოვიტანეთ და აქ ვიმუშავეთ,“ – ყვება მერი.
რესტავრაციის დროს ყველა დეტალი მნიშვნელოვანია და დიდ ყურადღებას მოითხოვს, რომ უძველეს ნივთს ახალი სიცოცხლე რაც შეიძლება ზუსტად შესძინო. პროცესი ხანგრძლივია, თუმცა საინტერესო. „როცა იმ პერიოდის მასალას აღადგენ, წარმოიდგენ ხელოსანს, რომელიც ამ ნივთს აკეთებდა, წარმოიდგენ, როგორ მუშაობდა და როცა ნატეხების გაერთიანებით ნივთს აძლევ პირვანდელ სახეს, ამ შეგრძნებას ვერაფერი შეედრება“, – ამბობს მერი.
ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში ოქროს საგანძურის გამოფენაზე წარმოდგენილი ზოგიერთი ნიმუშის მსგავსი და მინანქრით შესრულებული თანამედროვე სამკაულების შეძენაცაა შესაძლებელი. ამ სამკაულებზე ილია ჩაკვეტაძე მუშაობს. ის იუველირია. პროფესიით მხატვარმა ხელსაქმედ ოქრომჭედლობა შეისწავლა და უკვე 7-8 წელია არქეოლოგიური მუზეუმისთვისაც მუშაობს.
„ყველაზე რთული, რა თქმა უნდა, ზუსტი ასლის გაკეთებაა. ზომა, წონა, ფორმა… ყველაფერი დასაცავია. ერთი-ერთში ძალიან რთულია განმეორება, მაგრამ ძალიან ვცდილობ”, – ამბობს ის. – „სულ სხვა ტექნოლოგია იყო მაშინ მუშაობის, ვიდრე დღეს. მაგალითად, შედუღების ტექნოლოგია, რომელიც დაკარგულია, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც იკვლევენ და მუშაობენ ამ თემაზე”.
ყველაზე მნიშვნელოვანი ასლი, რაც ილიას შეუქმნია, ფიჭვნარის არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნი საყურეებია: „სულ პატარ-პატარა ბურთებით არის გაკეთებული, „ცვარი“ ჰქვია, ძველი ტექნოლოგიით დამზადებული საყურეებია. ორიგინალი თბილისშია. მისი მსგავსი გავაკეთე, ძალიან რთული იყო. დაახლოებით ერთი კვირა ვმუშაობდი მასზე”, – ამბობს ის.
ხულოში, სოფელ დიაკონიძეებში მცხოვრები მადონა სოლომონიძე პროკურატურისგან პასუხს ითხოვს. საქმე ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებელს, ვახტანგ ბერიძეს ეხება, რომელიც წინა წლებში ხულოს მუნიციპალიტეტის პოლიციის უფროსი იყო. მოქალაქე ირწმუნება, რომ 2016 წლის 8 მაისს, ხულოში გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავების დროს, ვახტანგ ბერიძე მას ფიზიკურად გაუსწორდა.
„ეს იყო აქცია არა ჰესების წინააღმდეგ, არამედ ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით. ჩემი სახლიც დაიბზარა მაშინ გვირაბის გაყვანის შედეგად“, – გვიყვება მადონა სოლომონიძე. – „საპროტესტო აქციაზე გავედით ხალხი და მე დამაკავეს, ხმაურობდიო. აბა, ხმა თუ არ ამოიღე აქციაზე, იდგები და იქნები, ვინ მოგაქცევს ყურადღებას… მე ვეგონე მაგათ აქციის მომწყობი. სინამდვილეში მე არ ვიყავი. რომ ვყოფილიყავი, არც უარვყოფდი.
დამაკავა ვახტანგ ბერიძემ და კიდევ რამდენიმე პოლიციელი იყო იქ. ვახტანგ ბერიძე მაშინ ხულოს პოლიციის უფროსი იყო. ხელზე და ფეხზე ისე მომკიდეს ხელი, რომ სისხლჩაქცევები მქონდა, ძალით ჩამსვეს მანქანაში. მერე წამიყვანეს და მანქანაში დამტოვეს. იქედან გადმოსვლის უფლება არ მქონდა. ნახევარი საათი ასე ვიჯექი. მერე გენინსპექციაში დავრეკე და წამიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ჩვენების მიცემის შემდეგ ექსპერტიზაც მოვითხოვე და ჩამიტარდა.
ვიცი, რომ ექსპერტიზის პასუხებიც არსებობს, ის პროკურატურაში გამომძიებელ გიორგი კვარაკვახიძეს აქვს და გამოძიებაც დაიწყო, მაგრამ სამი წლის გასვლის მიუხედავად, არაფერი გამოუძიებიათ. აჭარის მთავარ პროკურორ ნათია სონღულაშვილსაც მივწერე, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. პოლიციელის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება და რამის გარკვის ნაცვლად პირიქით, ვახტანგ ბერიძე დააწინაურეს – ხულოს მერის მოვალეობას ახლა ის ასრულებს. ჩემთვის ბოდიშიც არ მოუხდია ვინმეს. ახლა იმიტომ ვსაუბრობ ამ თემაზე, რომ ვახტანგ ბერიძე ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებელი გახდა,“ – გვითხრა მადონა სოლომონიძემ.
რა გაარკვია შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციამ? – ამ უწყების პრესცენტრში ზეპირ განმარტებაზე უარი გვითხრეს და ინფორმაციის წერილობით გამოთხოვა მოგვთხოვეს.
რატომ არ დასრულდა ამ დრომდე გამოძიება ან რა გაირკვა გამოძიების შედეგად? – კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არც პროკურატურისგან მიგვიღია.
რა არის ცნობილი თავად ვახტანგ ბერიძისთვის, რომელიც 2019 წლის მაისის შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატია ხულოს მერობის პოსტზე და ამჟამად მერის მოვალეობას ასრულებს?
„მაგ საკითხზე მე ბევრს არ ვისაუბრებ. მიმართეთ გენინსპექციას და პროკურატურას, მე არ ვარ საქმის კურსში. ვიცი, რომ მოქალაქემ მიმართა ინსპექციას; ვიცი, რომ დაიწყო გამოძიება, მაგრამ დეტალები არ ვიცი… “ – გვითხრა ვახტანგ ბერიძემ. მან არც ის გვითხრა, გამოკითხეს თუ არა ამ საქმეზე.
ვახტანგ ბერიძემ სატელეფონო გასაუბრების დროს ჩვენი ყურადღების გადატანა სცადა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც 2016 წლის საპროტესტო აქციაზე მადონა სოლომიძის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი დადასტურდა. ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებელს შევახსენეთ, რომ მოქალაქის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა არ გამორიცხავდა პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას.
2016 წლის 8 მაისის საპროტესტო აქციაზე მოქალაქის ადმინისტრაციული წესით დაკავების შესახებ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს იმავე წლის 19 მაისს მიუღია გადაწყვეტილება. მოსამართლე ლეილა გურგუჩიანმა სამართალდამრღვევად ცნო მადონა სოლომონიძე, თუმცა იგი პასუხისგებლობისგან გაათავისუფლა.
„ქმედების მცირე მნიშვნელობის გამო იგი გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და მიეცეს სიტყვიერი შენიშვნა,“ – აღნიშნავს მოსამართლე თავის გადაწყვეტილებაში.
მოქალაქის დაკავების დროს გაფორმებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, პოლიცია მადონა სოლომონიძის 500 ლარით დაჯარიმებას ითხოვდა.
„მაბრალებდნენ ვითომ ვიხულიგნე. სინამდვილეში, პროცესზე წარმოვადგინეთ მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ არაფერს ვაშავებ,“ – განმარტავს მადონა სოლომონიძე.
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ პოლიციამ ადეკვატურად ვერ შეაფასა მოქალაქის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის სიმძიმე?
„ჩვენ რას ვითხოვდით ერთია, მთავარია, სასამართლომ დაადგინა სამართალდარღვევა. მეტს ვერ გიპასუხებთ,“ – დაგვემშვიდობა ვახტანგ ბერიძე.
მთავარი ფოტო: ვახტანგ ბერიძე. ფოტო გამოქვეყნებულია ხულოს მუნიციპალიტეტის FB გვერდზე
დღეს, 30 მარტს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, იუნისეფმა ბავშვის ადრეულ განვითარებაზე ზრუნვის ახალი სისტემის პროექტი წარმოადგინა. პროექტი საპილოტეა და ის პირველად აჭარაში ხორციელდება.
გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ პროექტის ფარგლებში უკვე დაიწყო 650 ახალშობილი ბავშვის ზრდა-განვითარებაზე დაკვირვება და გადამზადდა 120 მედპერსონალი, რომელიც პროექტშია ჩართული. ექიმებისთვის შეძენილია 170 პლანშეტი, სადაც ახალი სისტემაა ჩატვირთული.
„ბავშვის ადრეული განვითარების სისტემა აქამდე არ არსებობდა, ეს სისტემა, ფაქტობრივად, ჩამოშლილია, მაშინ როცა ბავშვის განვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ პირველი ხუთი წელია, რადგან ბავშვის ტვინის 80 პროცენტი სწორედ ამ პერიოდში ვითარდება და ეს არის ფუნდამენტი, რომელსაც ბავშვის შემდგომი განვითარება ეფუძნება,“- გვეუბნება მაია ქურციკიძე.
მისი თქმით, თუკი პრობლემა ამ პერიოდში იჩენს თავს და არ მოხდება მისი დროული მოგვარება, შემდეგ წლებში მისი გამოსწორება თითქმის ვერ ხერხდება.
ბავშვის ადრეულ განვითარებაზე ზრუნვის მონიტორინის სისტემის პრეზენტაცია „რედისონში“.
„შეიქმნა ელექტრონული მოდული, როგორც ბავშვის ზრდისა და განვითარების, ასევე, დაბადების რეესტრი, სადაც აღირიცხება ყველა ახალდაბადებული ბავშვის შესახებ ინფორმაცია და ეს ინფორმაცია გადაეცემა ბავშვის ზრდისა და განვითარების მოდულს, რის საფუძველზეც პირველადი ჯანდაცვის რგოლი იწყებს ბავშვის აღრიცხვას და მას განვითარებაზე ზედამხედველობას.
პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმი აღჭურვილია პლანშეტით, სადაც ჩატვირთულია ბავშვის განვითარების მოდულები და როცა ის მიდის ოჯახში, ამონიტორინგებს ზომას, წონას, კვებას, დედის ჯანმრთელობას, კონსულტაციას უწევს დედას და ოჯახს. გარდა ამისა, თუკი რაიმე პრობლემას ან დარღვევას შეამჩნევს ბავშვის განვითარებაში, ხდება დაუყოვნებლივ რეაგირება,“-ამბობს, მაია ქურციკიძე.
თუ ოჯახი სოციალურად შეჭირვებულია, ასევე, მის შესახებ ინფორმაციას გადაამისამართებენ სოციალურ სამსახურში.
სოცმუშაკები ბათუმის „ვარდების სკვერში“ დღეს, 29 მარტს, ისევ შეიკრიბნენ. პარალელურად საპროტესტო აქცია თბილისში, კანცელარიის შენობასთან იმართება. სოცმუშაკები მოთხოვნების სრულად შესრულებას ითხოვენ.
„კატეგორიულად უარს ამბობენ ამ წელიწადში ხელფასის მატებაზე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ჩვენი ანაზღაურება ხელზე 625 ლარია. ასევე, ვითხოვთ წერილობით დადასტურებას იმ დაპირებების, რაც მინისტრმა გააჟღერა,“ – ამბობს ბათუმელი სოცმუშაკი, ხატია მახარაშვილი.
სოცმუშაკების თქმით, ისევ პრობლემაა სერვისები – სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან მათ ისევ „შიშველი ხელებით“ მოუწევთ მისვლა. ამის საილუსტრაციოდ გაფიცულები პლაკატებთან ერთად შიშველ ხელებს აჩვენებენ.
ამ ეტაპზე სოცმუშაკების მოთხოვნებიდან რამდენიმე დაკმაყოფილდა. მათ შორის, ტრანსპორტით უზრუნველყოფა.
„ასევე ჩვენი ვალდებულება აღარ იქნება რამდენიმე პროგრამაში მუშაობა, მაგალითად, შშმ ბავშვების დღის ცენტრებში განთავსება… მოთხოვნებს შორის გვქონდა ისიც, რომ ერთდროულად ძალიან ბევრი მიმართულებით გვიწევდა მუშაობა,“ – გვითხრა სოცმუშაკმა, ნინო ტყეშელაშვილმა.
სოცმუშაკების თქმით, გაფიცვა გაგრძელდება, ვიდრე მოთხოვნებს სრულად არ გაიზიარებს ჯანდაცვის სამინისტრო.
“შემდეგი შეიძლება შენ იყო,” “უსამართლობაზე თვალის დახუჭვა უსამართლობის მხარდაჭერაა,” “ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ სამართალი არ იზეიმებს,” – ეს ტრანსპარანტები ბათუმში 21 მარტს გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა რეფერალური საავადმყოფოს ეზოში გამოფინეს. საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა გამოძიების დროულად დასრულება, ასევე, პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა მოითხოვეს.
„ამ დრომდე გარდაცვლილის ოჯახი დაზარალებულად არ მიუჩნევიათ. ჩვენ ვერ ვიღებთ ინფორმაციას ვის კითხავენ, რა გააკეთეს, რა დადგინდა ექსპერტიზით,” – ამბობს გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ახლობელი, ტარიელ ქათამაძე.
მელანო ფუტკარაძე მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით 21 მარტს ღამით ბათუმის „მედცენტრში“ გარდაიცვალა. ოჯახი ბრალს ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალს სდებს, სადაც მელანო ფუტკარაძე თავდაპირველად მივიდა.
გარდაცვლილის ახლობლებმა აქამდეც გამართეს რამდენიმე საპროტესტო აქცია რეფერალურ საავადმყოფოსთან.
მათ საპასუხოდ აქცია გამართეს ბათუმში მოქმედი სხვადასხვა კლინიკის ექიმებმა და განაცხადეს, რომ მათი უფლებები ირღვევა.
მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის შესაბამისად გრძელდება, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.
ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი მიქელაძე საკრებულოს ტოვებს. საკრებულოს წევრის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მან ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს წერილობით უკვე მიმართა.
თუ რატომ ტოვებს საკრებულოს, ამის შესახებ ირაკლი მიქელაძემ პოსტი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა. საკრებულოს დატოვების მიზეზად ის ოჯახურ მდგომარეობას ასახელებს.
„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ქ. ბათუმის საკრებულო. სამწუხაროდ, მინიმუმ 1 წელი კვლავ ვერ შევძლებ ჩემზე დაკისრებული მოვალეობის ჯეროვან განხორციელებას, ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე.
ჯერ ჩემს ქალიშვილს სჭირდება მამა და მამის დახმარება – სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი. ვფიქრობ, ადვილი იქნება ჩემი გაგება. ბევრი ყოყმანისა და წინააღმდეგობის (გუნდის წევრების/მეგობრების) მიუხედავად, ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე – ზოგადი ინტერესებიდან გამომდინარე.
ზოგადი ინტერესი კი ერთია – ყველა რგოლის ეფექტური მუშაობა, ქვეყნის სწრაფი და ეფექტური განვითარებისათვის. შევეცდები, ეს დრო მაქსიმალურად გამოვიყენო პირადი განვითარებისათვის, განათლებისათვის, გამოცდილებისათვის და რაც შეიძლება სწრაფად დავბრუნდე ჩემს ქალაქში,“ – წერს ირაკლი მიქელაძე ფეისბუქზე.
ირაკლი მიქელაძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ 2016 წლის 29 დეკემბერს აირჩიეს. ამ თანამდებობაზე არჩევის შემდეგ, 2017 წელს იგი საკრებულოს სხდომებს არ ესწრებოდა, თუმცა მის სახელზე პრემია და ხელფასი მაინც იწერებოდა.
დღეს, 29 მარტს, „ბათუმი რივიერას“ დირექტორმა, გიორგი კაპანაძემ, ბრიფინგი გამართა. იგი საინიციატივო ჯგუფ „დაიცავი ბათუმისა“ და საზოგადოება „ბათომის“ მიერ დღეს გავრცელებულ ბრიფინგს გამოეხმაურა. მისი თქმით, „ბათუმი რივიერას“ პროექტთან დაკავშირებით ვრცელდება არასწორი ან არასაკმარისი ინფორმაცია და მან აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ნებისმიერ დაინტერესებულ მედიას ამ თემაზე დისკუსიის გამართვა შესთავაზა.
„ბათუმი რივიერას“ დირექტორის განცხადებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კი „რივიერას“ ტერიტორია ისტორიული დაცვის ზონაში მოექცევა, მათ მიერ წარმოდგენილი პროექტი კანონის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.
„საზოგადოებრივი ორგანიზაციები ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე უნდა გავრცელდეს ისტორიული დაცვის ზონა და ეს პროექტი აღარ აშენდება. რომც ჰქონდეს დღეს ამ ტერიტორიას ისტორიული დაცვის ზონის სტატუსი, პროექტი, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ, არ ეწინააღმდეგება კანონს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.
კანონში წერია, რომ ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში მშენებლობა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საპროექტო ობიექტის კონფიგურაცია, პროპორციები და გეგმარებითი სტრუქტურა შეესაბამება საპროექტო ტერიტორიის ირგვლივ ისტორიულად ჩამოყალიბებულ ტიპს. ისტორიულად არ ნიშნავს პრეისტორიულ, დინოზავრების ხანას. ეს ტერიტორია ყოველთვის იყო განაშენიანებული, აქ იყო გემთსარემონტო ქარხანა და ბარაკები, შემდეგ დაანგრიეს ეს ყველაფერი და ამ ტერიტორიის ირგვლივ აშენდა „პორტა ბათუმი“, ყოფილი უნივერსიტეტის შენობა, სხვა მაღლივი შენობები… განაშენიანების მასშტაბი, რაც აქ გვაქვს, უკვე არის საკმაოდ მაღალი. ჩვენს ტერიტორიაზე არაფერი არ დგას, კანონს ჩვენ არ ვარღვევთ,“ – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
მან ხაზგასმით თქვა, რომ სხვა კომპანიებისგან გასხვავებით, „სილქ როუდ ჯგუფი“ არ ითხოვს K2 კოეფიციენტის მომატებას და ზონის სტატუსის ცვლილებას.
კითხვას, როგორია კომპანიის პოზიცია, უნდა შედიოდეს თუ არა რივიერას ტერიტორია ძველი ბათუმის ისტორიული განაშენიანების ზონაში, გიორგი კაპანაძემ უპასუხა, რომ მას არ მიაჩნია, რომ ეს ტერიტორია უნდა შედიოდეს ამ ზონაში. „მაგრამ თუ სპეციალისტებს სხვაგვარად მიჩნიათ, კი ბატონო. ამ შემთხვევაშიც არ ვარღვევთ ჩვენ კანონს და გვაქვს იმ მშენებლობის განხორციელების უფლება, რომელიც წარმოვადგინეთ,“ – დასძინა მან.
გიორგი კაპანაძემ ასევე განაცხადა, რომ კომპანია არ განიხილავს სხვა, ალტერნატიულ ვარიანტს, ცვლილებებს პროექტში ან პროექტის სხვა ადგილას განხორციელებას.
„ჩვენ რომ ვიყოთ ათი წლის წინანდელ ბათუმში, ეს პროექტი სხვაგვარი იქნებოდა, ამის დასტურია სასტუმრო „რედისონი“. მაშინაც შეგვეძლო აგვეშენებინა „პორტა ბათუმის“ ხელა, რა გვიშლიდა ხელს, მაგრამ მაშინდელი ბათუმი სხვანაირი იყო და ჩვენი ქმედება იყო ადეკვატური. დღეს რეალობა შეცვლილია, თავს ვერ მოვიტყუებთ, რომ დღეს ბათუმი არის დაბალი განაშენიანების ქალაქი,“ – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
„სილქ როუდ ჯგუფს“ ბათუმის მერიაში უკვე წარდგენილი აქვს ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა, თუმცა კომპანიას მერიისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ არ იცის, რა არის ამის მიზეზი.
„ოფიციალურად წერილი არაერთხელ გავგზავნე და პასუხი არ მიმიღია. ვითხოვთ [გრგ] გადაიგზავნოს საკრებულოში, რატომ ჩერდება ეს პროცესი, არ ვიცი. გვინდა მივიღოთ პასუხი, ვინ სად რა თქვა, მე ამაზე ვერ ვილაპარაკებ. მინდა ვიცოდე უწყების ოფიციალური პოზიცია… მე მინდა დისკუსია გაიმართოს, თუ კი ვინმე დასაბუთებულ არგუმენტს გვეტყვის, მაშინ ჩვენ გავითვალისწინებთ,“ – განაცხადა მან.
კითხვას, ვისგან ელის არგუმენტებს, გიორგი კაპანაძემ უპასუხა, რომ პროფესიონალებისგან: „ურბანისტები და არქიტექტორები. მე არ ვამბობ, რომ ჩემ მიერ მოყვანილი ექსპერტები უნდა განიხილავდნენ ამას. აი, არსებობს არქიტექტორთა კავშირი…“
მან ასევე განაცხადა, რომ ტერიტორიის შესასწავლად 2018 წელს “სილქ როუდ ჯგუფმა” აჭარის არქეოლოგიის ინსტიტუტთან ხელშეკრულება გააფორმა და ჩატარდა სამუშაოები, რომლის შედეგადაც ისტორიული შენობის კვალი არ აღმოჩნდა.
„სილქ როუდ ჯგუფის“ საკუთრებაში არსებული ტერიტორია, ე.წ. რივიერა, ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში უნდა მოექცეს – ეს რეკომენდაცია კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ საბჭოს ეკუთვნის, რომელმაც ზონები უნდა დაამტკიცოს. უკვე დამტკიცებულ ზონაში კი დასაშვებია მხოლოდ იმ მასშტაბის მშენებლობები, რომელთა არსებობაც იქ ისტორიულად დადასტურებულია. შესაბამისად, უფრო მასშტაბურ პროექტებზე ზონის საზღვრებში ბათუმის მერია ნებართვას ვეღარ გასცემს.
დღეს საინიციატივო ჯგუფმა „დაიცავი ბათუმი“ და საზოგადოება „ბათომმა“ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს და ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს ღია წერილით მიმართეს. ძველი ბათუმის დამცველები მოითხოვენ ბათუმის მერმა დაუყონებლივ გააგზავნოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონების დამტკიცებასთან დაკავშირებული დოკუმენტები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში.
„დაიცავი ბათუმი“ და საზოგადოება „ბათომი“ თითქმის წელია აქტიურად ვითხოვთ რივიერას ტერიტორია მოექცეს ბათუმის ისტორიული ზონის საზღვრებში, რომელიც სპეციალისტების კვლევითაა დადგენილი. ჯერჯერობით სახეზეა მხოლოდ ზეპირი განცხადებები, რომ „სილქ როუდ ჯგუფის“ დაანონსებული ცათამბჯენები „სავარაუდოდ“ ვერ აშენდება“ – აღნიშნულია ღია წერილში.
ბათუმშიც, ისევე როგორც სხვა ზღვისპირა ქალაქებში, როცა ადგილობრივი გემოების აღმოჩენაზე ფიქრობ, ზღვის პროდუქტები გახსენდება, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ქალაქში თევზის ბევრი რესტორანია, სადაც მხოლოდ ზღვის პროდუქტებისგან დამზადებული კერძების მრავალფეროვნებაა. თუ სტამბოლში ბოსფორის სანაპიროზე გალათას ხიდთან გისეირნიათ, აუცილებლად მოგხვდებოდათ თვალში სანაპიროზე გამწკრივებული უამრავი ღია კაფე, სადაც იქვე წვავენ ახალდაჭერილ თევზს. ასეთი კაფე და რესტორანი სტამბოლში უამრავია, თევზი იქ ბათუმისგან განსხვავებით ერთ-ერთი ყველაზე იაფი პროდუქტია და კვირაში ერთხელ რესტორანში გრილზე შემწვარი ორაგულის მირთმევა საშუალოსტატისტიკური სტამბოლელისთვის ერთგვარი ჩვევაც კია.
უცნაურია, მაგრამ ზღვისპირა ბათუმში ასე არ არის.
თუმცა ზღვის პროდუქტების მოყვარულებმა ბათუმში იციან სადაც უნდა მიაშურონ: „მელკიმორიას“ უბანში, თევზის ბაზრობაზე. აქ ახლა გაზაფხულზე 15-მდე სახეობის თევზი იყიდება – როგორც შავ ზღვაში დაჭერილი, ასევე აუზის თევზები. ყველაზე ძვირად ბათუმის თევზის ბაზრობაზე შავი ზღვის კამბალა ფასობს – კილოგრამის ფასი 60 ლარია, შავ ზუთხს 30 ლარად იყიდით. ყველაზე იაფი ბაზარზე ამჯერად საშუალო ზომის ბარაბულია – 8 ლარი ღირს, მოზრდილები კი 15 ლარი.
[toggle title=”თევზის ფასები ბაზრობაზე (2019 წლის მარტის მონაცემებით)“]
ზუთხი – 30 ლ.
კამბალა – 60 ლ.
პატარა ბარაბული 8 ლ.
დიდი ბარაბული – 15 ლ.
დორადო – 22 ლ.
მოლუსკები – 10 ლ.
ზღვის ორაგული – 22 ლ.
აუზის ორაგული – 15 ლ.
სტავრიდა – 10 ლ .
კალმახი – 12 ლ.
მერლანგი – 8 ლ.
სარგანი – 30 ლ.
კიბორჩხალა – თითო ცალი 1 ლ.
კრევეტები – თითო ცალი 3 ლ.
[/toggle]
შავი ზღვის კამბალა ბათუმის თევზის ბაზრობაზე
ბაზრობა დიდი არ არის, მაგრამ თავისი შემოგარენით პატარა ქალაქს მოგაგონებთ: თევზის გამყიდველებით, თევზის მრეცხავებითა და მწმენდავებით, ბაზრობის უკან, სანაპიროზე განლაგებული მეთევზეების ფარდულებით და ახლომახლო თევზის კაფეებით.
75 წლის ნათელა მარკოიძემ 20 წლის წინ დაიწყო თევზის გაყიდვა. მისი ქმარ-შვილი მეთევზეები არიან. დილით ბადეებს კიდებენ ზღვაში, მეორე დღეს უკან თევზით ბრუნდებიან. ნათელა ამ თევზს რეცხავს და დახლებზე მწყობრ მწკრივებად ალაგებს.
„გარეცხე, გაყიდე, შეალაგე, გამოალაგე, გაავლე – რთულია აქ მუშაობა. მთელი ოჯახი ამ შრომაში ვართ ჩართული“, – ამბობს ნათელა მარკოიძე.
ნათელა მარკოიძე, მოვაჭრე თევზის ბაზრობიდან
ეთერ მაჭუტაძეც თევზით ვაჭრობს, 26 წელია ბაზრობაზე მუშაობს. გვეუბნება, რომ ბათუმელების საყვარელი თევზი სტავრიდაა, რომელიც დიდი ზომით არ გამოირჩევა, მაგრამ ქორჭილასებრთა ჯიშის ეს თევზი უგემრიელესია. როგორც ეთერი გვიხსნის, არსებობს მუდმივი და სეზონური თევზის ჯიშები: „ლიფორი, მაგალითად, მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბრის თევზია, მერე აღარ არის, ახალდაჭერილი სკუმბრია მხოლოდ ნოემბერში, დეკემბერსა და იანვარში გვაქვს. კეფალს, სტავრიდას და ბარაბულს კი ბათუმის თევზის ბაზრობაზე ყოველთვის ნახავთ, მთელი წელი იჭერენ“.
ეთერ მაჭუტაძე
იშვიათად ნახავთ, რომ თევზი ამ ბაზრობიდან მყიდველმა გაუსუფთავებლად წაიღოს. კილო თევზის გაწმენდა 1 ლარი ღირს. ბაზრობას 7 – 10 თევზის გამსუფთავებელი ემსახურება, თევზის გამყიდველებთან ერთად ისინი აქ ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით დილის რვიდან საღამოს 10, 11 საათამდე მუშაობენ.
ნარგიზ ბერიძეც თევზის გამსუფთავებელია, თევზს ზამთარ-ზაფხულ ცივი წყლით რეცხავს და წმენდს, ოდნავ თბილი წყალიც კი თევზის ნაზ ხორცს აზიანებს. ნარგიზ ბერიძე ამბობს, რომ ყველა, ვინც აქ ყიდულობს თევზს, მის ადგილზევე გაწმენდას არჩევს. ასე გროვდება დღის მანძილზე თითო ლარით შეგროვებული მისი შემოსავალი.
ბაზრობაზე ნაყიდ ახალდაჭერილ თევზს ტურისტები და ბათუმელები ხშირად აქვე აწვევინებენ და მიირთმევენ. ბაზრობასთან ახლოს რამდენიმე ასეთი კაფეა, სადაც წელიწადის ნებისმიერ დროს ხალხმრავლობაა.
ნარგიზ ბერიძე
„ისრაელიდან ჩამოსულები, იაპონელები, უკრაინელები, გერმანელები და ჩინელები – ყველა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტები გვსტუმრობენ, მოაქვთ თევზი და ვუწვავთ, როგორც გაუხარდებათ, ან ჩვენ ვთავაზობთ ჩვენსას, რა თქმა უნდა, ყოველთვის ახალ თევზს“, – ამბობს ,,მელკიმორიას“ თევზის ერთ-ერთი რესტორნის შეფ-მზარეული, მზია თავდგირიძე და ძალიან სასარგებლო თევზის წვნიანის, უხას კეთებისას დასაცავ აუცილებელ წესებს გვაცნობს: საუკეთესო უხა დიდი ჯიშის თევზის ასორტისგან გამოდის, ან მხოლოდ ორაგულისგან. თევზი არ უნდა ჩაიშალოს და წვნიანს მწვანილებიდან მხოლოდ ნიახურის რამდენიმე ღერს თუ დავამატებთ. უხასთან ერთად, გემოს გასამრავალფეროვნებლად შეგვიძლია მთლიანი სტაფილო და ცოტა კარტოფილიც მოვხარშოთ.
თევზის პატარა ქალაქში ყველაზე დატვირთული დღე პარასკევია, ამ დროს უამრავი მყიდველი და სტუმარი ირევა თევზის ბაზარში და მის ახლომახლო რესტორნებში.
რა უპირატესობა აქვს აქ ზღვის პროდუქტების დაგემოვნებას? ის, რომ კრევეტებს და შემწვარ თევზს ზღვის პირას მიირთმევთ, მეთევზეების ფარდულებს და ნავებსაც შეავლებთ თვალს და ნახავთ, რომ ბათუმის თევზის ბაზრობა არის ქალაქში – პატარა ქალაქი, რომელიც სულ თევზის სუნითაა გაჟღენთილი, სურნელით, რომელიც ცოტათი მაინც ასდის ხოლმე ყველა ზღვისპირა ქალაქს, სურნელით, რომელიც ზოგს სძულს, ზოგს კი ძალიან უყვარს.
შპს „დრიმლენდ ოაზისი“ ჩაქვში, ზღვის პირას, ბათუმის ქუჩის მიმდებარედ კიდევ ორ ნაკვეთს [ჯამში 12 598 კვ. მ.] ნორმატიულ ფასად ითხოვს. როგორც ქობულეთის მერიის მიზანშეწონილობის კომისიის ოქმშია ნათქვამი, ამ საკითხზე ქობულეთის მერიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, 2019 წლის 19 თებერვალს ოფიციალურად, წერილობით აცნობა და მოთხოვნილი ნაკვეთების აჭარის მთავრობისთვის გადაცემა მოითხოვა სწორედ იმ მიზნით, რომ მომავალში ამ ნაკვეთებს შპს „დრიმლენდ ოაზისს“ გადასცემენ.
ოქმში ნათქვამია ასევე, რომ „დრიმლენდ ოაზისს“ ზემოთ აღნიშნული ნაკვეთები უკვე მიმდინარე საინვესტიციო პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის სჭირდება. ქობულეთში, ბათუმის ქუჩაზე, კომპანიას მოქმედი სასტუმრო აქვს. გარდა ამისა, „დრიმლენდ ოაზისი“ ჩაქვში მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს.
საკითხი დღეს, 29 მარტს, ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე დადებითად გადაწყვიტეს. გარდა ამისა, საკრებულოს წევრები დაეთანხმენ „დრიმლენდ ოაზისის“ წინადადებას, რომლის თანახმადაც კომპანიას მიმდინარე სამშენებლო პროექტის გასწვრივ, 12 ჰექტარი ტერიტორია, ჩაქვის ზღვისპირა პლაჟი გადაეცა.ამ გადაწყვეტილებას ადგილობრივები ეწინააღმდეგებოდნენ, მოსახლეობა მიიჩნევს, რომ პლაჟი იჯარით გაცემის შემდეგ მათთვის და მათი დამსვენებლებისათვის ჩაიკეტება. გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა საკრებულოს ოპოზიციაც, კენჭისყრის შემდეგ მათ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
ბიძინა ივანიშვილის ხეების გადამზიდავი ერთ-ერთი კომპანია – შპს „ჯორჯტრანსი“ ქობულეთში, კლდიაშვილის ქუჩაზე, #2 – ის მიმდებარედ, მიწის ნაკვეთს 15-წლიანი იჯარით ითხოვს. ქობულეთის მერიის მიზანშეწონილობის კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, კომპანია კლდიაშვილის ქუჩაზე არსებულ დაურეგისტრირებელ ფართობს – 23 472 კვადრატულ მეტრს ითხოვს. გარდა ამისა, როგორც საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, მოთხოვნილი ნაკვეთის გვერდით შპს „ჯორჯტრანსი“ საკუთრებაში ფლობს 4 444 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს, სადაც ამ დროისთვის საწარმო აქვს.
კომპანიის დირექტორის, თენგიზ შავიშვილის თქმით, ის ამ ადგილზე სასტუმროს მშენებლობას და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს, სადაც ადგილობრივებს დაასაქმებს, მიმდებარე ტერიტორია კი სასტუმროს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სჭირდება.
ქობულეთის მერიის მიზნობრიობის კომისიის ოქმის მიხედვით, კომისიამ საკითხი განიხილა, თუმცა გადაწყვეტილება ვერ მიიღო, რადგან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან კომისიას არ მიუღია ინფორმაცია „მოთხოვნის მიზნობრიობის“ თაობაზე.
ოქმში ასევე ნათქვამია იმის შესახებ, რომ ქობულეთის გენერალური გეგმის მიხედვით, ტერიტორია მიეკუთვნება საცხოვრებელ „ზონა 3“-ს, რაც მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონაა. ამიტომაც კომისიას დამატებითი ინფორმაცია სჭირდება ამ ტერიტორიაზე ბიზნესმენის გეგმებთან დაკავშირებით.
შპს „ჯორჯტრანსი“ ერთ-ერთი კომპანიაა მათ შორის, რომელმაც ბიძინა ივანიშვილისგან ხეების გატანაზე შეკვეთა რამდენჯერმე მიიღო. გარდა ამისა, კომპანიის 100 პროცენტის მფლობელი ქობულეთის საკრებულოს წევრის, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომრის – ვაჟა შავიშვილის ძმისშვილი, დავით შავიშვილია, ხოლო დირექტორი – თენგიზ შავიშვილი, მისი ძმა.
მთავრობასა და წარმატებულ ბიზნესმენებს შორის კავშირებზე, მაშინ, როცა საქმე უშუალოდ ნათესავებს ეხება, მუდმივად ინტერესდება არასამთავრობო სექტორი. მათივე შეფასებით, ვინ როგორ ახერხებს სასურველ წინადადებაზე დაითანხმოს ხელისუფალი და რამდენად დასაბუთებულია უარი მათთვის, ვინც ამას ვერ ახერხებს, ჯერ კიდევ გაურკვეველია. მიუხედავად ამისა, საკრებულოს წევრს – ვაჟა შავიშვილს ბიზნესმენი ძმის მოთხოვნა – ქობულეთში მიწის ნაკვეთის შპს „ჯორჯტრანსისთვის“ გადაცემაზე, მას, როგორც საკრებულოს თანამდებობის პირს, უხერხულობას არ უქმნის.
„გამოვრიცხავ ჩემს ყოველგვარ გავლენას ამ საქმესთან მიმართებაში. საკრებულო ამ საკითხს არ განიხილავს, გადაწყვეტილებას არ მიიღებენ ჩემი კოლეგები, რადგან ეს საკითხები არ შედის საკრებულოს კომპეტენციაში და არც მერიაა ანგარიშვალდებული იმ ქონებებზე, რომლებიც არ არის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში“, – ამბობს ვაჟა შავიშვილი.
მისივე განმარტებით, ძმის კომპანიის ამ მოთხოვნის შესახებ მან „ბათუმელებისგან“ გაიგო და ის, როგორც საკრებულოს თანამდებობის პირი, პროცესზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს, რადგან გადაწყვეტილებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, ქონების ეროვნულ სააგენტოსთან მოლაპარაკებების გზით იღებენ და არა ქობულეთის მერიაში ან საკრებულოში. ასევე, თენგიზ შავიშვილი ქონებას პირდაპირი წესით ვერ მიიღებს და აუქციონში უნდა მიიღოს მონაწილეობა.
„არის ცენტრალური მთავრობის ქვემდებარე ქონებები, რომელსაც ქონების ეროვნული სააგენტო განკარგავს, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქვემდებარე ქონება და მუნიციპალური ქონება. ადგილობრივი აღმასრულებლისგან მხოლოდ ინფორმაციას ითხოვენ, ხომ არ არის რაიმე შემაფერხებელი გარემოება. თუ ასეთი არ არის და წინადადება ინვესტიციის განხორციელებაზე კონკრეტული ადგილის განვითარებას გულისხმობს, მერია ვალდებულია ამაზე აუცილებლად მისცეს თანხმობა“, – განმარტავს ვაჟა შავიშვილი.
შპს „ჯორჯტრანსის“ დირექტორის, თენგიზ შავიშვილის ინფორმაციით, საინვესტიციო წინადადებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წერილობით ორი წლის წინ მიმართა. მისივე ინფორმაციით, მანამდე ეს ნაკვეთი მთავრობას გასაყიდად აუქციონზე ჰქონდა გატანილი, თუმცა აუქციონი არ შედგა. შემდეგ სამინისტროს აუქციონის პირობები შეუცვლია:
„ამჯერად ისევ მივმართე, იქნებ მიიღოთ რაიმე გადაწყვეტილება-მეთქი. მას შემდეგ რვა თვე გავიდა და არც ვიცოდი, თუ იმსჯელეს ამ საკითხზე – თქვენგან გავიგე. გარწმუნებთ, ჩემი ძმის საკრებულოში ყოფნა არასდროს გამომიყენებია.“
მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, ქობულეთის საკრებულოს „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ ჩაქვის პლაჟი შპს „დრიმლენდ ოაზისს“ ათწლიანი იჯარით გადასცა. საკითხის განხილვას სხდომაზე დღეს მოქალაქეები ესწრებოდნენ. ისინი ითხოვდნენ, საკრებულოს წევრებს გაეთვალისწინებინათ მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის მოთხოვნა და პლაჟი ინვესტორისთვის არ გადაეცათ. მანამდე მათ ამ მოთხოვნით მოსახლეობამ რამდენჯერმე საპროტესტო აქციაც გამართა.
ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარემ დღეს პლაჟის „დრიმლენდ ოაზისისთვის“ გადაცემის აუცილებლობა მისი მოვლა-პატრონობის აუცილებლობით ახსნა. მოსახლეობამ დავით მჭედლიშვილს შესთავაზა, რომ მორიგეობას დააწესებდნენ და თავად მოუვლიდნენ პლაჟს, „ოღონდაც ინვესტორს არ გადასცეთ“.
ამ წუთებში მოსახლეობა საკრებულოს შენობის ეზოშია შეკრებილი: „მაინც მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ამიტომ ჩვენ შევიკრიბეთ და გვაქვს მოლაპარაკება, თუ როგორ მოვიქცეთ ამის შემდეგ.“
„დრიმლენდ ოაზისი“ ჩაქვის პლაჟს, 12 320 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას, ათწლიანი იჯარით ითხოვდა. ამ კომპანიას უკვე ეკუთვნის პლაჟის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს. პლაჟის კომპანიაზე გადაცემას ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება, ისინი მიიჩნევენ, რომ პლაჟის ინვესტორზე გადაცემის შემდეგ მათთვის ზღვაზე გასასვლელი ჩაიკეტება და ისინი ზღვის სეზონზე დამსვენებელს დაკარგავენ.