მთავარი,სიახლეები

ფეხით მოსიარულეთათვის ტროტუარები გაფართოვდება – მერია ახალ რეგულაციაზე მუშაობს 

22.02.2019 • 2156
ფეხით მოსიარულეთათვის ტროტუარები გაფართოვდება – მერია ახალ რეგულაციაზე მუშაობს 

ძველ ბათუმში კაფე-ბარების მეპატრონეებს ბათუმის მერიამ სარეკლამო აბრები ჩამოახსნევინა, ტროტუარზე გამოტანილი სკამები და მაგიდები კი – აალაგებინა. ცვლილება, ძირითადად, შეეხო ზვიად გამსახურდიასა და ქუთაისის ქუჩაზე მდებარე რესტორნებს. რესტორნების მეპატრონეთა ნაწილი შერჩევით დამოკიდებულებაზე საუბრობს. მათ მიაჩნიათ, რომ ბათუმის მერია ყველა მეწარმეს თანაბარ მდგომარეობაში არ აყენებს. ამბობენ იმასაც, რომ თუკი მერია კაფეს გარეთ მაგიდების დადგმის ნებას არ დართავს, მათი კლიენტების რიცხვი განახევრდება, რაღაც პერიოდის შემდეგ კი საერთოდაც მოუწევთ თავიანთი ბიზნესი დახურონ, რადგან დახურულ სივრცეში მოწევა აკრძალულია და აღარ ექნებათ საშუალება, მწეველ კლიენტებს მოემსახურონ.

ძველ ბათუმში მდებარე კაფეების მეპატრონეებმა გაფრთხილება 20 თებერვალს მიიღეს. მუნიციპალური სერვისების სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა ორ ქუჩაზე განლაგებულ ყველა კაფეში ჩამოიარა და მეწარმეები გააფრთხილა.

„გამოვავლინეთ უკანონო გარევაჭრობის, გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევისა და საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვის ფაქტები,“ – ასეთია სააგენტოს პოზიცია.

უდგება თუ არა მერია მეწარმეებს შერჩევით, გააფრთხილებენ თუ არა ყველა იმ კაფე-ბარის მეპატრონეს, რომლებსაც წესების დარღვევით აქვთ ტროტუარი ათვისებული – „ბათუმელები“ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, ჯუმბერ კობალაძეს ესაუბრა.

ბატონო ჯუმბერ, რა ტიპის მონიტორინგს ახორციელებს ამჟამად ქალაქში თქვენი სამსახური და ქალაქის რა ნაწილს მოიცავს ის?

მონიტორინგი ხორციელდება მთელს ქალაქში. იცით, რომ გარევაჭრობის ნებართვას ჰქონდა ვადები, ყველას ვადა ამოწურული და გაუქმებულია.

ჩვენ არქიტექტურის სამსახურთან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ერთად დავდივართ და ყველას ვაფრთხილებთ, რომ მივიდნენ შესაბამის ორგანიზაციებში და აიღონ სათანადო ნებართვები.

გარევაჭრობის ნებართვებზე უნდა მიაკითხონ ქონების მართვის სამმართველოსთან არსებულ ვაჭრობის განყოფილებას, სადაც განიხილავენ  გაუგრძელონ თუ არა ვადა, რომ ტროტუარზე იყოს მაგიდები. თუმცა, რამდენადაც მე ვიცი, მერია ტროტუარზე მაგიდებს არ დაადგმევინებს, თუ იქ სათანადო ფართობი არაა. ანუ თუ ტროტუარი არაა ფართო, არ მისცემს ნებართვას. ტროტუარზე ერთი მეტრი უნდა იყოს ქვეითად მოსიარულეთათვის დარჩენილი ადგილი. ამ შემთხვევაში შეიძლება მისი [ნებართვის] განხილვა.

დაიწყეთ ძველი ბათუმიდან, თუმცა ყველა ქუჩაზე მდებარე კაფეს არ მიუღია ეს გაფრთხილება.

გასაგებია, ყველამ ვერ მიიღო. ზოგიერთი კაფე დაკეტილი დაგვხვდა. მფლობელები არ იმყოფებოდნენ, რომ გადაგვეცა. ახლა შეეხო ძველი ბათუმის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მდებარე კაფეებს, შემდეგ გაგრძელდება რუსთაველის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე, ხიმშიაშვილზე და ა.შ.  ყველა ერთ დღეში ვერ მოესწრება, მაგრამ ერთი თვის შუალედში მთელ ქალაქს მოვიცავთ.

კაფეების მეპატრონეთა ნაწილს გაუჩნდა განცდა, რომ შერჩევით აუკრძალეს მათ მაგიდების ტროტუარზე განთავსების უფლება.

არავითარ შემთხვევაში. აბსოლუტურად ყველას მოეთხოვება ნებართვის გაგრძელება და ნებართვის  აღება. ამას მერიის სამსახურები გადაწყვეტენ, არქიტექტორებთან ერთად. კულტურული მემკვიდრეობის ბევრი ძეგლია ძველ ბათუმში და ასევე ბევრია რუსთაველის ადმინისტრაციულში. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებში განთავსებულ ობიექტებზე რეკლამის, გარევაჭრობის განთავსების ნებართვებს იძლევა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო. ამიტომ ასეთი კაფეების მფლობელებს დასჭირდებათ ჯერ ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან, შემდგომ კი არქიტექტურა და გარევაჭრობის განყოფილება გასცემს შესაბამის ნებართვას.

ქალაქის ცენტრში რამდენიმე კაფეა, მაგალითად, “BK” მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ხელოვნების მუზეუმის კაფე მარჯანიშვილის ქუჩაზე, რომლებსაც რკინის კონსტრუქციებით აქვთ ათვისებული ტროტუარი ისე, რომ ფეხით მოსიარულეთათვის მცირე ადგილია დარჩენილი. ასევე ვაჟა-ფშაველასა და რუსთაველის კვეთაში მდებარე კაფეს სრულად აქვს ათვისებული ტროტუარი და ამ ჩამონათვალის გაგრძელება შეიძლება. სწორედ მსგავსი მაგალითების გამო ფიქრობენ სხვა კაფეების მეპატრონეები, რომ მერიას შერჩევითი დამოკიდებულება აქვს ბიზნესთან მიმართებაში.

ჯერჯერობით მანდ ვერ მივედით. ახლა დავიწყეთ გოგებაშვილის ქუჩით, ქუთაისის ქუჩა გავაფრთხილეთ, გადმოვალთ გამსახურდიაზე და პარალელურ ქუჩებსაც მოვიცავთ. როცა გადმოვალთ გამსახურდიასა და ბარათაშვილზე, აი, ამ მონაკვეთში რა კაფეებიც იქნება, მაგათაც მივადგებით. ამ დღეებში, ალბათ ორ-სამ დღეში.

ერთი მეტრი უნდა იყოს ტროტუარზე თავისუფალი გასავლელი ადგილი, თუ გადაწყვეტს მერია, რომ შეუნარჩუნდეს ეს ნებართვა.

აქამდე 75 სმ იყო გათვალისწინებული, შეიცვალა რეგულაცია?

75 სმ ძალიან ვიწროა. ვფიქრობ, ამ მონაკვეთში მოქალაქეები ვერ აუვლიან გვერდს. ერთი მეტრი უკეთესია. თვითმმართველობამ გადაწყვიტა, რომ მინიმუმ 1 მეტრი იყოს თავისუფალი ადგილი. სწორედ ამიტომ, ახალ ნებართვებს ჯერ არ ვიძლევით. მალე იქნება საკრებულოს დადგენილება და ეს არის ჩვენი მონახაზი და გადაწყვეტილება, რომ ასე უნდა ვიმოქმედოთ შემდეგში. ჯერჯერობით სარეკლამო ნებართვებზეა საუბარი. რაც შეეხება მაგიდებს და განთავსებას, გარევაჭრობას – საკრებულოს დადგენილების შემდეგ ვიმოქმედებთ. ვთხოვთ საკრებულოს და ქვეითების სასარგებლოდ მივიღებთ გადაწყვეტილებას.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: